ზაქარია ქინქლაძე ბრალს არ აღიარებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი, ზაქარია ქინქლაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 7 თებერვალს თელავში სამმართველოს შენობაში დააკავეს. ქინქლაძე ქრთამის აღებას არ აღიარებს.

ზაქარია ქინქლაძე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრია. წინა მოწვევის საკრებულოში ქინქლაძე ჯერ ახმეტის საკრებულოს წევრად, შემდეგ კი თავმჯდომარედ მუშაობდა. 2017 წლის ნოემბერში, როცა გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა, „რესპუბლიკელმა“ გიგლა აგულაშვილმა კი მინისტრის თანამდებობა დატოვა, უწყებაში დასაქმებული მისი კადრები გაათავისუფლეს. დაითხოვეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსი და ა. შ. რამდენიმე თვე კახეთის სამმართველოს უფროსის მოვალეობას ზაქარია ქინქლაძე ასრულებდა. 2017 წლის მარტში სამმართველოს უფროსად ბესო შუბითიძე დაინიშნა, რის შემდეგაც სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს ზაქარია ქინქლაძესაც. როგორც ცნობილია, ქინქლაძე მოთხოვნას არ დაემორჩილა და სამსახურიდან წასვლის შესახებ, საბოლოო ჯამში, განცხადება არ დაწერა.

ქინქლაძის დაკავებას მისი ადვოკატი, ავთო ზუბაშვილი „ქრონიკა+“-თან ასე აფასებს:
_ ქინქლაძე არ აღიარებს დანაშაულს. მას თითქმის ერთი წელიწადია, რაც თავისმა ხელმძღვანელობამ ადმინისტრაციული წარმოება მესამედ გაუხსენა. ერთხელ საყვედური მისცეს, მეორედ _ გაფრთხილება. თუმცა ასე ზუსტად არ ვიცი, რადგან შესაბამისი დოკუმენტები, სამწუხაროდ, ჩემთვის დღემდე არ გადმოუციათ. პრაქტიკულად, ქინქლაძეს სამსახურში სდევნიდნენ. უნდოდა, რომ წასულიყო. იყო შემთხვევა, როცა მან განცხადებაც დაწერა, ხელმძღვანელობას მიმართა, მაგრამ ბოლოს თავისი დაწერილი განცხადებაც უკან გამითხოვა, ანუ უარი თქვა და აღარ წავიდა. ეს იყო ერთი არგუმენტი, რის გამოც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი წარმოიშვა.
_ რა შუაშია საქმეში შუბითიძე?
_ შუბითიძემ, ვინც მისი უშუალო უფროსი იყო, სუსთან თანამშროლობა დაიწყო და, პრაქტიკულად, ქინქლაძეს დანაშაულის პროვოცირება მოუწო.
_ კერძოდ?
_ შუბითიძე რამაზ ლეფსვერიძეს აიძულებს, რომ შენ ზაქროს უნდა შემახვედრო და ჩემი თანდასწრებით გადასცე თანხაო. ამ შეხვედრის დროს ეუბნება: მიეცი ფული, მიეცი ფული. ის ადამინი კი პასუხობს, რომ ჩვენ ახლობლები ვართ და მასთან ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, რომ ფული მივცე, დანარჩენს თავად მივხედავთ ერთმანეთის საქმესო. ის ისე გადაეკიდა, _ თუ არ მისცემ ფულს, მაშინ ჩვენ შორის არაფერი აღარ იქნება, დავშორდეთ და წავიდეთო. ეს ყველაფერი ვიდეოზე ჩაწერილია.
_ რისი მიღწევა უნდა შუბითიძეს?
_ თითქოს ვიღაცები ზემოდან, უშიშროების დავალებით, ეუბნებიან, სიტუაცია ისე უნდა შექმნან რამაზ ლეფსვერიძესთან ურთიერთობის დალაგებით, ქინქლაძეც უნდა შემოიყვანონ ურთიერთობაში, რომ შემდეგ ახმეტის სატყეოში ის ხალხი დაიჭირონ, ვინც ხე-ტყეზე უკანონო მოპოვებას აწარმოებს. დაახლოებით ასეთი კონტექსტით არწმუნებს შუბითიძე ლეფსვერიძეს. ასე შედის ის კონტაქტში ბრალდებულთან. ანუ სანამ დაიწყება სამძებრო სამუშაოები, მანამდე თავად ახორციელებს ფარულ მოსმენებს. არა მარტო ქინქლაძე, არამედ სამი ადამიანია დაკავებული, რამაზ ლეფსვერიძე კი ამათ ყველას ფარულად წერს.
_ აიღო თუ არა ფული ქინქლაძემ?
_ ჩანაწერში კარგად ისმის, რომ ქინქლაძე ეუბნება: ნამყენთან დაკაშირებით ჩვენი ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა ეს ფული. ლეფსვერიძეს ქინქლაძე ფულს უბრუნებს და ეს საქმიდანაც ჩანს.
პროკურატურამ ზაქარია ქინქლაძეს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, სუსმა ზაქარია ქინქლაძის გარდა რამაზ ლეფსვერიძეც დააკავა. მას ბრალად ქრთამის მიცემა ედება. ქრთამის მიცემის ბრალდებით ასევე დაკავებულები არიან შპს „გრემის“ დამფუძნებლები გოჩა ფშავლიშვილი, გიორგი არჩუაშვილი და მოქალაქე ვაჟა ფშავლიშვილი.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლეფსვერიძემ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლეფსვერიძემ მაღალი თანამდებობის პირს, მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი, 8000 ლარი გადასცა.
_ რა შეგიძლიათ თქვათ ქინქლაძესთან ერთად დაკავებულ პირებზე?
_ ქინქლაძის გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირები, ვინც ახლა ბრალდებულები არიან, 2016-2017 და ასევე 2018 წლებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. მათი მუშაობის შედეგად იღებდა პარტია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან ხმებს. ე. ი. დაკავებულები სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული პირები იყვნენ.
სასამართლო პროცესზე ცხადი გახდა, რომ ლეფსვერიძეს ქრთამი პირველად არ გადაუხდია, მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ შუბითიძეს ის სისტემატურად აძლევდა თანხას და მისგანაც იღებდა სარგებელს. თუმცა გამოძიებასა და სასამართლოს ეს სადავოდ არ გაუხდია. პირიქით, მისი ეს განცხადება უგულებელყვეს. ე. ი. ქინქლაძეს დაკავება სუსის უშუალო მოთხოვნა იყო, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი შუბითიძის კაპრიზი არ უწყობდა ხელს. პირიქით, ქინქლაძის მოშორება სამინისტროს ინტერესში შედიოდა.

რატომ გახდა აუცილებელი ქინქლაძის დაკავება და მისთვის დანაშაულის პროვოცირება? როგორც „ქორნიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, ქინქლაძე არაა მარტივად დასამორჩილებელი ბრალდებული, ის წინა ხელისუფლების დროსაც იყო ბრალდებულის სკამზე და არც მაშინ უღიარებია დანაშაული.
ასევე არსებობს მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ქინქლაძე არ მფარველობს, მაგალითად, ხე-ტყის უკანონო გაჩეხვას, უკანონო თევზჭერას, ნადირობას, პირიქით ასეთ დარღვევებში შემჩნეულ მაღალი თანამდებობის პირებს ამხელს და აჯარიმებს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი უწყებიდან ქინქლაძის მოშორებისა. ქინქლაძის იქ ყოფნა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ზედმეტი თავის ტკივილი ხდებოდა, რაც უწყებამ მისი ამ ფორმით მოშორებით გადაწყვიტა.

მაკა მოსიაშვილი