იური ნოზაძე უსამართლობის მხარეს დადგა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ ერთი სკანდალი. ამჯერად კომპანია „მექანიზატორში“ მომხდარი ფაქტები. მთავარი მოქმედი პირი ისევ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და უჩა მამაცაშვილის სიძე იური ნოზაძეა, რომელსაც კანონის დაცვა ევალებოდა და კანონდამრღვევის მხარე დაიჭირა.

„ქრონიკა+“-ს „მექანიზატორის“ მექანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსი, იგორ ტყებუჩავა ესაუბრება, რომელიც მესამე წელია, სასამართლოში სამართალს ეძებს:

_ ბატონო იგორ, როდის დაიწყეთ მუშაობა „მექანიზატორში“?
_ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამუშაოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ჩემთვის კარგად ნაცნობ სტრუქტურას _ „მექანიზატორს“ დავუბრუნდი და მექანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად დავინიშნე. დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე ტექნიკურ საკითხებს განვაგებდი და შესყიდვებში ჩემი სამსახური არ მონაწილეობდა, შესყიდვებსა და იურიდიულ სამსახურს პაატა შეყელაძე ხელმძღვანელობდა. მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა მხრიდან დაუდევრობით გამოწვეული დაზიანებისას, მაკომპლექტებელი მარაგების ღირებულებასთან წვდომა სწორედ პაატა შეყელაძეს ჰქონდა და ზიანის დაკისრების ბრძანებების გამოცემაზეც პირადად იყო პასუხისმგებელი. ჩემს დაქვემდებარებულ სამსახურში თანამშრომლები ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები იყვნენ და სამსახურებრივად მნიშვნელოვან ურთულეს ამოცანებს წარმატებით ვასრულებდით.
თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის თავზე ახალი ფუნქცია დამაკისრეს, _ ოპერაციების მართვის სამსახურის უფროსად გადამიყვანეს, ორი თვის მერე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სერვისცენტრის მმართველი გავხდი, რომლის ოფისიც აბაშაში მდებარეობდა და აბაშის სერვისცენტრის სახელით იყო ცნობილი. დაწინაურდა პაატა შეყელაძეც და ის შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
_ რა მოხდა შემდგომ?
_ 2015 წლის დეკემბერში პაატა შეყელაძემ აბაშის სერვისცენტრში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ინვენტარიზაციის ჩასატარებლად მივლინებულ ჯგუფს დაავალა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა აღერიცხათ მხოლოდ რაოდენობრივად, ხოლო კონკრეტულ ტექნიკაზე არსებული განკომპლექტებული დანაკლისები არ დაეფიქსირებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება ინვენტარიზაციის დროულ და ხარისხიანად განხორციელებაში, ხელშეწყობის გარდა, არაფერს მავალდებულებდა, საბოლოო აქტზე ხელმოწერა დამავალეს, როგორც ქონებაზე პასუხისმგებელ პირს. პაატა შეყელაძეს ამით საკუთარი შეცდომების გამოსწორება სურდა, რადგან 2014 წელს აბაშაში, მის მიერ მომზადებულ ბრძანებაში, გამორჩენილი იყო ტექნიკის გადმობარების პუნქტი და შრომითი ხელშეკრულების მუხლი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით კომპანიის ქონების გადმოცემას ითვალისწინებდა, რაც უგულებელყოფილი იყო. ბუნებრივია, აქტს ხელი მოვაწერე და კომენტარებში დანაკლისებიც აღვწერე. ეს მანამდეც არაერთხელ დამიფიქსირებია, თუმცა უშედეგოდ. სახელმწიფო შპს-ებში სირთულეები ყველგან არსებობს და ამ მხრივ არც შპს „მექანიზატორი“ იყო გამონაკლისი, რომელიც საქართველოს რკინიგზის მერე მოცულობით ყველაზე დიდი, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე შპს იყო. ეს პრობლემები კი ხელოვნური გაქრობით არ გამოსწორდებოდა.
ნახევარწლიანი უშედეგო დავალებების შემდგომ დირექტორმა თბილისში ჩამოსვლა მთხოვა, მისთვის მისაღები აქტი დამახვედრა და მითხრა, ხელმოწერა უკომენტაროდ გამეკეთებინა. პოზიცია არ შევიცვალე და აქტს მივაწერე, რომ სარემონტოდ დაფიქსირებული აგრეგატები იყო განკომპლექტებული და ჯართი. დირექტორისადმი ჩემი გზავნილი გახლდათ სიგნალი, შეაჩერებდა ტექნიკის რღვევას თუ პირიქით, დაასრულებდა „მექანიზატორს“? ჩემი გზავნილი ასევე იყო ტესტი, მოახდენდა რეაგირებას დარღვევებზე თუ წაახალისებდა პასუხისმგებელ პირებს? დირექტორმა ცეცხლის ჩაქრობას ხანძარი არჩია და ორივე შემთხვევაში არჩევანი პირიქით გააკეთა.
პრობლემატიკის სააშაკარაოზე გამოტანა სისტემისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არასდროს, მაშინაც კი, როცა პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების უფროსად ვმუშაობდი და სამინისტროში მექანიზაციის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი, თავში არ მომსვლია ადამიანებისთვის მეკადრებინა, სხვისი დანაშაულებრივი ქმედებები გადმოეწერათ. მექანიზაციის სფეროში მოპატიჟებულმა იურისტმა უღალატა სამართალს, ვერ გააცნობიერა რეალობა და გაიბუტა, არ გადმომცა ინვენტარიზაციის აქტის ერთი პირი და დაქვემდებარებული ტექნიკის ჩამონათვალი, დამალა თბილისში ჩემი ყოფნის ფაქტი და სამივლინები ხარჯი არ ამინაზღაურა.
_ დირექტორისთვის სასურველ აქტზე ხელმოწერაზე უარის თქმით თქვენ, ფაქტობრივად, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეთ…
_ აქტის ხელმოწერაზე უარის პასუხად დირექტორმა მასზე დაქვემდებარებული ორი დაქირავებული სპეციალისტის, გიორგი ხმელიძისა და დავით კუტიბაშვილის, გამოყენებით ჩემი განთავისუფლების თაღლითური გეგმა განახორციელა.
თბილისის მივლინებიდან სამეგრელოში დაბრუნებისთანავე კომპანიის დირექტორმა აბაშის სერვისცენტრში მივლინებულ დაქირავებულ მუშაკებს ბრძანებით დაავალა, ოპერატორებზე რიცხული დავალიანების მდგომარეობა შეესწავლათ. დავალება იყო ფარსი და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, რადგან ისინი ამ მიზნით არც ერთ ოპერატორთან არ მისულან. ხმელიძესა და კუტიბაშვილს თავიანთ მოხსენებით ბარათში დირექტორმა ჩააწერინა ერთი წლის წინ დავალიანებების მქონე ერთ-ერთი ოპერატორისა და ბრიგადის მენეჯერის მიერ დაწერილი მოკვლევა, დამთავრებული ახსნა-განმარტება, რომელიც მანამდეც შინაგანაწესის შესაბამისად პირადად მის მიერ რეაგირებული უნდა ყოფილიყო, რადგან ბრძანების დაწერის უფლებამოსილება რეგიონულ სერვისცენტრებს არ გააჩნდათ. ბრძანების მოთხოვნის უგულებელყოფის შემდეგ, დირექტორის თაღლითური გეგმის შესაბამისად, მივლინებულ პირებს სიტყვიერად დაავალა, აბაშის მუნიციპალიტეტის ანჟელის მასივში მდებარე იმ ორგანიზაციის საქმიან ეზოში შესულიყვნენ, რომელთანაც აგროოპერაციების შესასრულებლად პაატა შეყელაძეს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და შეემოწმებინათ აქ განლაგებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პირობები.
მათ „მექანიზატორის“ ოპერატორი შალვა სიგუა ნახეს, რომელსაც კერძო ტრაქტორზე „გასპარდოს“ მოდელის უნომრო კულტივატორი ჰქონდა აბმული. სიგუას ახსნა-განმარტება დააწერინეს, რომ ის ყოფილი თანამშრომელი იყო, უკანონოდ ფლობდა კომპანიის ტექნიკას, მათ შორის, ზემოაღნიშნულ კულტივატორს და ზიანს აყენებდა კომპანიას. ამ პიროვნების სახელისა და გვარის გამჟღავნების შემდეგ ხმელიძისა და კუტიბაშვილისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ის უცხო პიროვნება კი არა, მოქმედი ოპერატორი იყო, რადგან მას 2292 ლარი დავალიანება, ჯერ კიდევ, აბაშაში ჩემ დანიშვნამდე ჰქონდა, მაგრამ მივლინებულებს შეკითხვაც კი არ გასჩენიათ. წესით, ეს ფაქტი პაატა შეყელაძესაც უნდა გახსენებოდა, რადგან მან აღნიშნული შემოწმებიდან ხუთი თვის შემდეგ ეს „უცხო“ პიროვნება დებიტორული დავალიანებისთვის სამუშაოდან გაათავისუფლა, მაგრამ ამ სამეულს მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ ფაქტის დაფიქსირება უნდოდა.
_ ბატონო იგორ, რა გაგრძელება მოჰყვა ამ „ფაქტის“ აღმოჩენას?
_ ანჟელის მასივიდან გამოსვლის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო, ხმელიძე-კუტიბაშვილის დუეტი სერვისცენტრში შედის, აბაშის სატრაქტორო ბრიგადის მენეჯერებს იბარებს და ახსნა-განმარტების დაწერას ითხოვს მოქალაქე სიგუას სარგებლობაში მყოფი კულტივატორის ფაქტთან დაკავშირებით. მენეჯერები ვეფხია ცომაია და მამუკა ქვილითაია მივლინებულებს უხსნიან, რომ სიგუა უცხო პიროვნება არ არის. მისი განცხადების მიუხედავად, კულტივატორის საკუთრების დადგენის გარეშე შეუძლებელია განმარტების გაკეთება. ასეთ ვითარებაში, დაცვის გადამოწმების მიზნით, ცენტრში მისვლისას სრულიად შემთხვევით ოფისში ორი უცხო პიროვნება ვნახე. ბრიგადის მენეჯერებიდან ინფორმაციის მიღების შემდგომ მათ ვთხოვე, წარმოედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამივლინებო მოწმობასთან ერთად, რომელიც არ წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ მივლინების ბრძანება დაიწერა დილით, წინასწარ არ იცოდნენ, იჩქარეს და დოკუმენტებს გადმოუგზავნიდნენ. რადგან კომპანიას ინტერნეტის ხაზი ჩემს სამუშაო კაბინეტში შემოყვანილი არ ჰქონდა, და შესაბამისად, ელექტრონული ვერსიით გადმოგზავნილ მივლინების ბრძანებასთან არ გამაჩნდა წვდომა, უცხო პირებს ვურჩიე, შეეწყვიტათ ღამე მუშაობა, ისიც ვუთხარი, რომ დოკუმენტების გარეშე ცენტრში ღამით ყოფნის კანონიერებას დირექტორთან გავარკვევდი, თან არასამუშაო პერიოდში დავალებების შესრულება ეწინააღმდეგებოდა კომპანიის შინაგანაწესს. ფორსმაჟორული სიტუაცია არ იყო, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამთავრებული მქონდა ხვნის სამუშაოები და ტრაქტორები დასახმარებლად მეზობელ რეგიონში იყო გადასული. სამწუხაროდ, ჩემი კანონიერი მოთხოვნა პირიქით წარმოაჩინეს და მივლინებულებისთვის დაბრკოლების შექმნა დამაბრალეს.
კომპანიაში მოვლინებულ მუშაკთა თაღლითობა ამით არ ამოწურულა. სერვისცენტრიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ დაბრკოლება გადაულახავთ და ბრიგადის მენეჯერებთან ერთად ბრძანების გარეშე კიდევ ერთი საკითხი შეუსწავლიათ, გადაუღებელ წვიმაში ქოლგებითა და ფარნებით ხელში შეუმოწმებიათ ბუღალტრული ნაშთები, ერთ-ერთი აგრეგატი დანაკლისად დაუფიქსირებიათ და მატერიალური პასუხისმგებლობაც ჩემზე მიუწერიათ. სინამდვილეში კი სერვისცენტრში განლაგებულ აგრეგატებზე მატერიალური პასუხისმგებელი პირი იყო ტექნიკური სამსახურის უფროსი, რომელსაც შეყელაძის ბრძანებით გამოვლენილი დანაკლისების გამო გაფრთხილება ჰქონდა გამოცხადებული.
ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, მოხდა 29 ივნისს. 1 ივლისს დაწერილ მოხსენებით ბარათს მოვლინებული პირები კანცელარიის გარეშე აბარებენ დირექტორს, დირექტორი რეზოლუციას ადებს და გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლებისა და სასჯელდადებული პირის ტექნიკური სამსახურის უფროსის დაწინაურების შესახებ. „მექანიზატორის“ თანამშრომელმა ბრძანება სამეგრელოში კვირას ჩამოიტანა. განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ხმელიძისა და კუტიბაშვილის მოხსენებითი ბარათი, თუმცა ის გადამალული ჰქონდათ და არ წარმოადგინეს, ასევე მავალებდნენ სამსახურებრივი სარგებლობით გადმოცემული ავტომანქანის ავარიის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ ავტოავარია მოახდინა კომპანიის თანამშრომელმა, მართვის უფლების მქონე ოპერატორმა, რომელსაც ავარია მოუვიდა სამსახურებრივი დავალების შესრულებისას, კომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაცვის უზრუნველსაყოფად მგზავრობისას. კომპანიის დირექტორი დაუდევრად მოექცა აგრეგატებს, რომელიც ჩემი განთავისუფლების შემდეგ ორი წელი არ გაიტანა იმ კერძო საწარმოდან, რომლისგანაც ტექნიკის შესანახად მხოლოდ ფართი ჰქონდა დაქირავებული დაცვის უზრუნველყოფის გარეშე.
_ ბატონო იგორ, როგორ ფიქრობთ, პაატა შეყელაძე მარტო მოქმედებდა თუ მას მფარველებიც ჰყავდა?
_ მე როგორც ვფიქრობ, აბსურდული ბრძანების დაწერას შეყელაძე ზურგის გარეშე ვერ გაბედავდა. სავარაუდოდ, ასეთი ფარი მისთვის იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. რადგან შეყელაძე მათი ბრძანებით დაწინაურდა, ისინი მეც მიცნობდნენ, იცოდნენ წინა ხელისუფლების დროს ჩემ მიმართ ჩადენილი უდიდესი უსამართლობის შესახებ, იცოდნენ თბილისიდან აბაშაში ჩემი გადასვლის მიზანი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ვმონაწილეობდი. შეყელაძემ დამირეკა და თბილისში ჩამოსვლა მთხოვა, _ ან არჩევნები, ან სამსახურიო, _ გამომიცხადა და მეორე დღესვე საარჩევნო კომისიას ვაცნობე, რომ ვწყვეტდი არჩევნებში მონაწილეობას.
თანამშრომლის მიერ ჩამოტანილი ბრძანების გაცნობისთანავე იური ნოზაძეს დავურეკე და სათქმელი ვუთხარი. იური ნოზაძე უჩა მამაცაშვილის სიძე და „მექანიზატორის“ კურატორი იყო, რომელიც აქ მიმდინარე პროცესების მართვაზე იყო პასუხისმგებელი. მეგონა, ობიექტური იქნებოდა, მაგრამ პაატა შეყელაძის მიმართ სრული მხარაჭერა გამოხატა და სასამართლოსკენ მიმითითა, ხელები დაიბანა ოთარ დანელიამაც, _ თქვენი განთავისუფლება ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა და ვწუხვარო.
_ სასამართლოს მიმართეთ?
_ სენაკის რაიონულ სასამართლოში ჩემი სარჩელი მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიასთან მოხვდა. მან შრომითი დავა ორი წელიწადი გააჭიანურა, მერე პროცესზე ხმა არ ამოუღია, არც ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა არ დაუსვამს. მოსამართლემ შეყელაძესაც კი გადაუჯოკრა სიცრუეში და უფრო გრანდიოზული ტყუილი მოიფიქრა, გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ბრძანებით მოვლინებული პირები აბაშის სერვისცენტრში ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პირობებისა და განკარგვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით იმყოფებოდნენო, როცა ბრძანებაში ნათლად წერია, რომ შემმოწმებლები ოპერატორებზე რიცხული დავალიანების შესასწავლად გაგზავნეს. იურიდიულ მჭევრმეტყველებასთან ერთად მოსამართლემ ცოდნა მექანიზაციაშიც გამოავლინა და ზაფხულში, კულტივირების აქტიურ პერიოდში, აგრეგატების სადგომზე დაყენება მოითხოვა, თან დაცვის სტანდარტების დარღვევა გამოიგონა, მაშინ როცა არსებობდა ტექნიკის შენახვის სტანდარტი და არა დაცვის.
რევოლუციური გაყალბების მიზნით შეყელაძის ფანტაზიებს მოსამართლე საკუთარსაც აშველებდა. მარტივი საქმე, რომელსაც ელემენტარული იურუდიული განათლების მქონე სპეციალისტი განსჯიდა, დარეჯან კვარაცხელიამ სამართლიანად ვერ განიხილა. არ ვიცი, რის ფასად, მაგრამ საქართველოს სახელით უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო.
_ სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეთ?
_ დიახ, სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ. პროცესზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა კალანდაძემ განაცხადა, საქმეს გავეცანით და დავრწმუნდით, რომ სერიოზული არგუმენტები არსებობს აპელანტის სასარგებლოდო. თუნდაც ის ფაქტი, რომ აბაშის სერვისცენტრის მენეჯერს განთავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, ერთი წლით უგრძელებენ შრომით ხელშეკრულებას, რას ნიშნავს? დარღვევები ჰქონოდა და გაუგრძელებდნენ? ან მივლინებული პირების ღამით შემოწმება რას ნიშნავს? შეზღუდული ხომ არ იყვნენ დროში, წინ კიდევ ორი სამივლინებო დღე ხომ ჰქონდათ?
ქალბატონი ნანას შემდეგ საუბარში მეორე მოსამართლე, ლაურა მიქავა ჩაერთო. „ჩვენ გულდასმით გავეცანით 93-ე გვერდზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, სერიოზული დარღვევებია, სერიოზული!“ _ ბრძანა ქალბატონმა ლაურამ. მესამე მოსამართლე თამარ სვანაძემაც არ დაახანა: მიღება-ჩაბარების აქტის დაწერას რაღა უნდოდა, გაგეფორმებინათ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტიო, _ დატუქსა მოპასუხე. შემდეგ საუბარი ისევ ნანა კალანდაძემ განაგრძო და მე მომმართა, _ თქვენ თანამდებობაზე რომ აღგადგინოთ, ისევ დაპირისპირებულ მხარესთან მოგიწევთ მუშაობა, გაწყობთ? ხომ არ გირჩევნიათ, საქმე მორიგებით დავასრულოთ, კერძოდ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და „მექანიზატორს“ მთლიანად დავაკისრებთ განაცდურის ანაზღაურებას. ამასთან, არ მოგიწევთ ავტომანქანის ზიანის ხარჯების გადახდაცო. დავფიქრდი, ჩემთვის სახელფასო სარგოზე უფრო მთავარი ღირსების საკითხი იყო, მაგრამ მოსამართლის შემოთავაზებული წინადადება პასუხს ითხოვდა და მოვახსენე: საინტერესოა, რას ფიქრობს მოპასუხე მხარე-მეთქი? „მექანიზატორის“ იურისტებმა განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს გადაწყვეტდნენ. მაშინ მოსამართლემ უთხრა, _ დაურეკეთ დირექტორს და ჩვენი აზრი გააცანითო. სატელეფონო საუბრის შემდეგ იურისტებმა სასამართლო კოლეგიას მოახსენეს, დირექტორი კონტაქტზე არ გამოდისო. ნანა კალანდაძემ გაუმეორა, _ პასუხი მჭირდება და დაგელოდებით, გადით დარბაზიდან და ისე დაელაპარაკეთ, თან გადაეცით, _ მე ის მოსამართლე ვარ, ამას წინათ პაატა შეყელაძის მიერ უკანონოდ განთავისუფლებული იმერეთის ცენტრის მენეჯერი კოტე ნაცვლიშვილი რომ აღვადგინეო. კომპანიის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ, მაგრამ დაბრუნებულებმა კოლეგიას იგივე განუცხადეს, _ დირექტორი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობსო.
სასამართლოს მორიგ სხდომაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, „მექანიზატორის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი შეფი მორიგების წინააღმდეგი იყო. ნანა კალანდაძემ უარი გვითხრა და მიზანმიმართულად არ მიიღო ახალი ფაქტობრივი გარემოებების სახით წარმოდგენილი მორიგი დოკუმენტი, რომელიც პაატა შეყელაძის თაღლითობას ააშკარავებდა. მოსამართლეები აღარ იყვნენ სიცოცხლისუნარიანი და მოვალეობის მოხდის მიზით ისმენდნენ ჩვენს არგუმენტებს.
ნანა კალანდაძემ სარჩელზე უარის შემდეგ კომენტარები გააკეთა, _ ძალიან გვინდოდა შეგვეცვალა სენაკის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ საქმეში დამატებით გაგვარკვიეს და აზრი შევიცვალეთო. ე. ი. სასამართლო პროცესი ფარსი იყო და ზურგს უკან არალეგალურ შეხვედრებზე ინტრიგებს ხლართავდნენ? გვინდოდა, გაგვეხარებინე, მაგრამ არ გამოგვივიდაო. ანუ შენ თუ გაგახარებდით, ჩვენ გაგვამწარებდნენო.
სასამართლო კოლეგია იქამდეც მივიდა, რომ აბაშის სერვისცენტრში ჩემი დანიშვნის ზუსტი თარიღისა და აბაშამდე ყოფილი სამსახურის სტატუსის დადგენაც კი ვერ შეძლეს. მოსამართლეები ასევე დაიბნენ და ვერ გაერკვნენ საწარმოს შინაგანაწესსა და დირექტორის მოვალეობებში, მე კი მენეჯერული მუშაობაც დამიწუნეს და არაფრად ჩააგდეს ჩემ მიერ შესრულებული მილიონობით ლარის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, აგროვადებში განხორციელებული სახელმწიფო პროექტები, ინიციატივები და წინადადებები.
იური ნოზაძის გავლენა სასამართლოსაც გასცდა. საიდან დაესიზმრა გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ პროკურორს ჩემი სახელი და გვარი, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს საცხოვრებელ მისამართზე მისგან გაგზავნილ კონვერტში სხვა ადრესატზე გასაგზავნი წერილი იყო მოთავსებული. ასევე არ ვიცი, რომელმა ანონიმურმა ავტორმა მისწერა ჩემი სახელისა და გვარის გამოყენებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჩივარი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კონვერტი, რატომღაც, ჩემს მისამართზე მოვიდა.
ახლა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული.
დარწმუნებული ვარ, მოსამართლეებს დავალება აქვთ, ტყუილი მოიფიქრონ და გადაწყვეტილება რქებით გაიტანონ, ისინი გავლენიან დამკვეთებს უკვდავად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ წინააღმდეგობა არსად შეხვდებათ. სახეზეა კანონმორჩილი ადამიანის დასჯა ქვეყნის წინაშე მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისთვის. მოსამართლეობის სანდოობის იმედი არც ბოლო ინსტანციაში მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქნებ ვიხილო ღირსებისა და ღირებულების მქონე ადამიანები, რომლებიც კანონს მოემსახურებიან.

ელისო კილაძე