გოგი წულაია: „ჩვენი ხვითო ბიძინა ქუჩის აქციების გარეშე არაფერს დათმობს!“

რამდენიმე დღის წინ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

„ბანკებს მოქალაქეები კაბალურ პირობებში ჰყავთ და ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებენ. ამიტომ ფიზიკურ პირსა და ნებისმიერ საკრედიტო ორგანიზაციას შორის არსებული სასესხო ურთიერთობის დროს ფინანსური დაწესებულება ვალდებული უნდა იყოს, რომ მოვალის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში, მოაკლდეს ძირს და მოხდეს გადაანგარიშება. გარდა ამისა, სასესხო ურთიერთობებში, სადაც თავდებს წარმოადგენს ფიზიკური პირი, მისი პასუხისმგებლობა არ შეიძლება, მისი ყოველთვიური შემოსავლის ორმაგ ოდენობაზე მეტი იყოს“, _ ამბობს წულაია და საკუთარი ინიციატივის პარლამენტში წარდგენის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, თუმცა სანამ ხელმოწერებს შეაგროვებს, გოგი წულაიამ „ქრონიკა+“-ს ინტერვიუ მისცა და საბანკო რეგულაციების გარდა, ისეთ საჭირბოროტო თემაზეც ესაუბრა, როგორიც, მაგალითად, საზოგადოებრივი საპირფარეშოებია.
ამასთან, წულაიამ გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა რაღაცას გეგმავს. მართალია, წულაიას, ჩაკითხვის მიუხედავად, არ დაუკონკრეტებია, რას გეგმავს ხაინდრავა, მაგრამ ეს „რაღაც“ შესაძლოა, პარტია იყოს, რომელსაც ივანიშვილთან დაახლოებული ხაინდრავა ივანიშვილისვე დავალებით შექმნის.

_ ბატონო გოგი, ბოლო დროს მაინცდამაინც აღარ აქტიურობთ. დროშა „დაკიდენ“ და საქმე აღარ გაქვთ?
_ რატომ არ ვაქტიურობ? გეთანხმებით, ისეთი აქტიური არ ვარ, მაგრამ აგერ, ბრიფინგი ტყესა და ტუალეტებთან დაკავშირებით მქონდა. მოკლედ, მთლად მკვდარიაო, ვერ იტყვით.
_ ტუალეტებთან დაკავშირებით რა ბრიფინგი გქონდათ?
_ მიშას დროს ქუთაისში ოთხი ტუალეტი აშენდა: ორი ქალაქის ცენტრში, ორიც _ გარეუბნებში. სხვათა შორის, ეს ტუალეტები არც მაშინ გახსნილა. აშენდა და „ვსიო“. არადა, ძალიან ბევრი ტურისტი შემხვედრია, რომელიც კითხულობს, ტუალეტი, ტუალეტიო. ზოგადად, ეს მხოლოდ ქუთაისის კი არა, თბილისის პრობლემაც არის.
_ მეტსაც გეტყვით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები მთელი ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი „ტკივილია“…
_ დიახ, ეს პრობლემა კომუნისტების დროსაც იყო და არც მის მომდევნო მთავრობებს გადაუწყვეტიათ.
ქუთაისის წინა მერის, მურღულიას დროს ამ თემაზე ბრიფინგი სამჯერ მაინც გავმართე. ერთხელ, თუ არ ვცდები, ინგა გრიგოლიას გადაცემაშიც ვიყავი და ეს პრობლემა ვახსენე. ამის მერე მურღულიამ ერთი ტუალეტი, რომელიც ქალაქის ცენტრში იყო, როგორც იქნა, გახსნა.
_ თქვენი აქტიურობის შედეგად ექსმერმა მურღულიამ საპირფარეშო საზეიმო ვითარებაში გახსნა?
_ არა, საზეიმოდ არ გაუხსნია, თუმცა ასე თუ ისე, რაღაც დონეზე გააკეთა, მაგრამ ახლა ეს ტუალეტიც „გაჩერდა“.
_ ანუ დაიკეტა?
_ მინები ჩამსხვრეულია და საქმის მოთავება გარეთ ხდება, მერიის ფანჯრებიდან, ჰა-ჰა, ყველაზე დიდი, 150 მეტრში. ქუთაისის ცენტრალური პარკის გვერდით ფეკალიებია. ეს ტრაგედიაა და ბრიფინგიც ამ თემაზე მქონდა!
_ ე. ი., ხელისუფლებას სთხოვთ, რომ ტუალეტების გახსნა-შერემონტებაში ბიუჯეტის ფული დახარჯოს?
_ ბიუჯეტის ფულს თუ არ დახარჯავს, მაშინ გაასხვისოს, ტენდერი ჩაატაროს ან, სულაც, გააჩუქოს. ასეთ დროს ტუალეტი ფასიანი კი გახდება, მაგრამ ამ ქვეყანაზე უფასო არაფერია, თუმცა ტუალეტი ხომ უნდა იყოს? _ ტურისტი იქნება, ქუთაისელი თუ დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმარი, ტუალეტში რომ მოუნდეს, სად უნდა წავიდეს? იყოს, რა! არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მერიამ შეარემონტოს, მაგრამ გაასხვისოს და, საერთოდ, ამ თემას მიხედოს, რა!
_ აშკარად საჭირბოროტო საკითხზე საუბრობთ, ბატონო გოგი, მაგრამ პოლიტიკოსი ტუალეტებს ბრიფინგებს რომ უძღვნის, დავიჯერო, ამ ქვეყანაში, მათ შორის, ქუთაისში, სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები არ არის?
_ როგორ არ არის, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, თან ყველაფერი მნიშვნელოვანი წვრილმანებისგან შედგება. ამას გარდა, არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც ძალიან წვრილმანია. არ ვიცი, თქვენ ამას ყურადღებას აქცევთ თუ არა, მაგრამ ადამიანს ქუჩაში ყოფნა დიდხანს უწევს და, ალბათ, თქვენც არაერთხელ გადაყრიხართ ტურისტს, რომელიც ტუალეტის ძებნაში სიმწრის თვალებით იყურება!
სხვათა შორის, წაკითხული მაქვს, უფრო სწორად, მითხრეს და ნამდვილად ვიცი, რომ ერთ-ერთ ფრანგ ტურისტს სოციალურ ქსელში სტატუსად ეწერა, _ თუკი ქუთაისში წახვალთ, პამპერსები წაიღეთო!
ეს ქვეყნის სირცხვილია და მეტი არაფერი!
_ ბატონო გოგი, ხელისუფლება, რომელიც ტუალეტის პრობლემას ვერ აგვარებს, სხვა უფრო რთული პრობლემების მოგვარებს შეძლებს?
_ ვერა! მეც ზუსტად მაგას ვამბობ. აგერ, ახლა ქუთაისში 10-მილიონიან პროექტს იწყებენ, მაგრამ ათი მილიონი კი არა, 2-ათასლარიანი პროექტი ვერ გააკეთეს, ამას ვერ მოუარეს და რა 10-მილიონიანს ეთამაშებიან?
ტუალეტები რომ არ არის, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის სირცხვილია!
_ თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, კიდევ რისი გრცხვენიათ?
_ საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი რომ გვაზის თავზე, ეგია სირცხვილი! მოკლედ, სირცხვილის მეტი რა არის!
რაც შეეხება ჩემს აქტიურობას, რითიც საუბარი დაიწყეთ, სტალინგრადი 1943 წელს გაათავისუფლეს თუ 1944-ში, აღარ მახსოვს და აი, ამ წუთას ქუთაისის ქუჩები ზუსტად იმდროინდელ სტალინგრადს ჰგავს _ გაუვალია, გაუბედურებული. ამაზეც მქონდა აქტიურობა და პერფორმანსი.
სხვათა შორის, ამ დღეებში აქცია ბანკებზეც ჩავატარე.
_ ანუ, ივანიშვილის მსგავსად, თქვენც ბანკების წინააღმდეგ ილაშქრებთ?
_ არა, ბანკების წინააღმდეგ არა.
_ აბა, ბანკებზე აქცია რას ნიშნავს?
_ აი, ერთ რაღაცას მოგიყვებით ჩემს თავზე: „ნეოკაპიტალში“ კრედიტი მქონდა, ასევე _ „მოგოში“. ერთხელ ზედმეტი 100 დოლარი გამიჩნდა, პროცენტი შევიტანე და ვეუბნები, _ აგერ, ძმაო, ასი დოლარი, ეს თანხა „თავნის“ მოაკელი და გადამიანგარიშე ხელახლა-მეთქი.
_ რა გითხრეს?
_ ხომ არ გადაირიე, კაცო, ასე არ შეიძლება, რაც გაქვს გამოტანილი, იმის 10% მოიტანე და ხელახლა მერე გადაგიანგარიშებთო.
ქუთაისში პედაგოგი თუ გყავთ მეგობარი, ნათესავი ან დედმამიშვილი, ჰკითხეთ.
_ რა ვკითხო?
_ ქუთაისში პედაგოგები ხელფასს „ვითიბი ბანკში“ იღებენ. პედაგოგს კრედიტი ჰქონდა, რომ მივიდა, თავნისთვის მოეკლო, არა, არ შეიძლებაო. აი, ამას ვაპროტესტებ! ე. ი., ბანკი რას გეუბნება, _ ხელში ჩაგიგდე და ბოლომდე უნდა მოგწველო, სუნთქვის საშუალებას არ მოგცემო!
აი, სწორედ ეს პოლიტიკა არის შესაცვლელი.
_ ბანკები მეანაბრეებს ყელში რომ უჭერენ, ამის შესახებ ბევრჯერ თქმულა, მაგრამ, ბატონო გოგი, თქვენ ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურა ხართ და იმ დროს, როცა „თიბისიზე“ მიმდინარეობს შეტევა, თქვენ მიერ ბანკების წინააღმდეგ გალაშქრება შესაძლოა, სხვანაირად აღიქვან.
_ ამას ვგმობ!
_ რას ამას?
_ ერთი მომხვეჭელი, თუ გნებავთ, სიტყვა „ღორს“ გამოვიყენებ, ერთი მომხვეჭელი ოლიგარქი მეორეს ეჭიდავება, რადგან ქონება წაართვას! როცა ბიზნესების ასე ახევა ხდება, ეს ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დამღუპველია, მაგრამ ვიდრე ჩვენ იმას მივჩერებივართ ერთი მეორეს ქონებას როგორ ართმევს, ამასობაში, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება გამოსახლებული ადამიანების რაოდენობა, ასევე გამოსასახლებელთა და ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობაც!
აი, ეს არის ტრაგედია, თორემ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბანკი რომ გამატყავებს, ის თანხა ვის ჯიბეში წავა? მთავარია, იმ სისტემას ვებრძოლოთ, რომელიც ბანკებს ადამიანების გატყავების საშუალებას აძლევს!
იმას არ ვამბობ, რომ ბანკს მოგება არ ჰქონდეს _ თუ ბანკია, რა თქმა უნდა, მოგებაც უნდა ნახოს, მაგრამ რაღაც სასწაულ მოგებაზე არ უნდა გავიდეს!
_ ბანკებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია გასაგებია. ახლა, მოდით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოვიხილოთ და ამ კონტექსტში ასეთი არჩევანის წინაშე გაყენებთ: არსებობს „ოცნება“, რომელიც იშლება და არსებობს „ნაცმოძრაობის“ ორბიტა. ჰოდა, თქვენ, გოგი წულაიას, გული უფრო „ოცნებისკენ“ მიგიწევთ თუ „ნაცმოძრაობისკენ“?
_ არც ერთ მხარეს არ წავალ. არ ვამბობ, რომ ჩვენ მესამე ძალა ვართ, მაგრამ ჩვენი მცდელობაა, რომ რამენაირად ჩვენი თავი დავაფიქსიროთ და იმას მივაღწიოთ, რომ მესამე ძალა სხვებთან ერთად შევქმნათ!
მოკლედ, არც „ქოცი“, არც „ნაცი“! „ოცნება“ შეიძლება, ისე გაქრეს, როგორც „მოქკავშირი“ გაქრა, მაგრამ „ნაცებს“ ვერ გავაქრობთ.
_ რატომ?
_ აი, ასეთი რეალობა გვაქვს და რა ვქნათ, ის ამომრჩეველი, ვინც „ნაცმოძრაობას“ აძლევს ხმას, დავხოცოთ? დიახ, ასეთი რეალობაა _ ამ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნა, ასევე შეინარჩუნა ამომრჩეველი და უნდა შევეგუოთ, რომ ეს პოლიტიკური პარტია ქართულ პოლიტიკაში არსებობს! „ქართული ოცნება“ კი ისე დაიშლება, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ დაიშალა!
ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, მესამე ძალა აუცილებელია, რომელიც „ნაცების“ აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლას ხელს შეუშლის!
_ ბატონო გოგი, ივანიშვილმა რომ დაგიძახოთ და გითხრათ, გოგი, პარტიის გადასარჩენად მჭირდები და შენი ჭირიმე, ჩემ გვერდით დადექითო, რას იზამთ ან იგივე მიხეილ სააკაშვილმა რომ გთხოვოთ, როგორ მოიქცევით?
_ არც ერთის მხარეს არ წავალ!
_ რატომ?
_ არ მითხოვია არავისთვის არაფერი და ის ვარ, რაც ვარ _ კარგი ვარ თუ გლახა ვარ, ეს ვარ! მე ჩემს საჭიდაოს ვიჭიდავებ და ჩემს სათქმელს ვიტყვი!
_ კეთილი და პატიოსანი, მაგრამ „ოცნებიდან“ წამოსულებმა, კერძოდ, ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა თქვენ და კახა კუკავას გაერთიანება რომ შემოგთავაზონ, ამაზეც უარს იტყვით?
_ ამ საკითხზე არც ვფიქრობთ! მაგათ ჯერ უნდა დაამტკიცონ, რას აპირებენ, ეს პროცესი მართულია თუ არა. გოგა ხაინდრავა და კიდევ ვიღაცები რაღაცას აპირებენ.
_ ხაინდრავა რას აპირებს?
_ ხაინდრავა, გაჩეჩილაძე, გუნცაძე, ჯაბა ჯიშკარიანი რაღაცას აპირებენ.
_ ამის შესახებ პირველად მესმის. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
_ ყოველ შემთხვევაში, დღეს ამნაირი ინფორმაცია მომცეს. ჰოდა, ამგენმა ჯერ დაამტკიცონ, რა უნდათ, როგორ უნდათ, ბიძინას ებრძვიან, არ ებრძვიან თუ მარტო კობახიძეს ებრძვიან. ჯერჯერობით მაგათგან არ გამიგია, ბიძინას დედაო. ახლა, საქმე შეიძლება, დედის გინებაში არ არის, მაგრამ მაგათი მკაცრი გამონათქვამი ბიძინაზე არ გამიგია. ჰოდა, ერთი ვნახოთ, რა უნდათ. ასე რომ, ეს პროცესია და ამ პროცესში შევხედავთ, ვინ სად როგორ წავა.
_ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ უჭერდით.
_ დიახ, არ ვუჭერდი.
_ ე. ი., გინდოდათ, რომ სალომე ზურაბიშვილს გაემარჯვა. ჩვენი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მოგწონთ?
_ არა.
_ თუ სალომე ზურაბიშვილიც არ მოგწონთ, აბა, ვაშაძეს რატომ არ დაუჭირეთ მხარი?
_ არც ვაშაძე მომწონდა და რატომ უნდა დამეჭირა მხარი?
_ მხარი იმიტომ უნდა დაგეჭირათ, რომ. მინიმუმ, თქვენი ხმა არ გაყალბებულიყო.
_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მივედი და ორივე წავშალე! პირველ ტურში კი კახა კუკავაც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ხმა მას მივეცი!
_ სულ დამავიწყდა, რომ თქვენი პარტიული ბოსიც გეგმავდა გაპრეზიდენტებას.
ბატონო გოგი, პოლიტიკურმა ღმერთებმა რომ გაგიღიმონ და ქვეყნის მართვის სადავეები გიბოძონ, ტუალეტების პრობლემის მოგვარების გარდა კიდევ რას გააკეთებთ?
_ ამ საკითხს ასე აგდებულად რატომ უყურებთ?
_ ალბათ, მოგეჩვენათ, თორემ ქუჩაში ტუალეტი მეც ხშირად მიძებნია და მაშინ ხუმრობის განწყობაზე სულაც არ ვყოფილვარ!
_ მოდით, რა, ერთ რამეზე შევთანხმდეთ.
_ წინააღმდეგი არ ვარ, შევთანხმდეთ, მაგრამ რაზე?
_ ცუდად არ გამიგოთ და ქვეყნის მართვა ძალიან ადვილია, მთავარია, ეს ქვეყანა ფულზე მეტად გიყვარდეს!
_ ქვეყნის სამართავად მარტო სიყვარული არ კმარა, მგონი, ჭკუაც საჭიროა.
_ გასაგებია, მაგრამ ქვეყანა უნდა გიყვარდეს და მერე ისე მართო, როგორც ქვეყანას აწყობს!
_ ჰოდა, მითხარით, მმართველი რომ იყოთ, ამ ქვეყნისთვის რას გააკეთებდით?
_ გეტყვით, პირველი, რაც გასაკეთებელია: ქვეყნის მართვის ადმინისტრირება იმდენად ძვირია, რომ ეკონომიკური განვითარება არ ხდება, ანუ ბიუჯეტის ძალიან დიდი პროცენტი ქვეყნის მართვაზე მიდის. ეს უნდა შემცირდეს _ ქვეყანას ადმინისტრირება ძვირი არ უნდა უჯდებოდეს! რომ გითხრათ, ყველაფერი ეს ციფრებად მაქვს ჩამოწერილი-თქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ადამიანებმა ქვეყნის მართვა უნდა დაიწყონ და არა _ ფულის შოვნა!
სხვათა შორის, როგორც კი ქვეყნის მართვას დაიწყებ და არა _ ფულის შოვნას, ფული მაინც გექნება. მთავარია, ღორი არ იყო და ბევრის შოვნა არ გინდოდეს!
_ იმის თქმა გინდათ, რომ დღეს ხელისუფლებაში ღორები არიან?
_ ღორები არიან, აბა, რა არიან?! აბა, ღორობა არ არის, თეთრ ხიდს რომ გააკეთებ, 400 ათასს დახარჯავ და რაღაც სისულელეში ფულს მოტეხავ?! ახლა კი, ტენდერის ხელმეორედ გამოცხადება უწევთ, რომ ის ხიდი გაკეთდეს. მერიის სამსახური ამბობს, ბოვშებმა იხტუნავეს და ხიდზე შუშა ამიტომ გაიბზარაო. ამნაირ სისულელეს ხელისუფალი რომ გეტყვის, რაზეა საუბარი? ეს ღორობაა და მეტი არაფერი!
მმართველი რომ ვიყო, ყველაზე დიდ ყურადღებას თვითმმართველობებს მივაქცევდი.
_ როგორ?
_ ტრაგედიად მიმაჩნია, როცა ქუთაისს, თელავს, წალენჯიხას და, ზოგადად, ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელს მიწა საკუთრებაში რომ არ ექნება, ეკონომიკის საკუთრება რომ იქნება და ეკონომიკის ვიღაც ლაწირაკ „შპინგალეტს“, რომელსაც სოფელი საერთოდ არ უნახავს, უფლება აქვს, მიწა გაყიდოს! ასეთი ქვეყანა ვერასოდეს განვითარდება!
როგორ შეიძლება, ქუთაისში ტროტუარი ვიღაც თბილისელმა ლაწირაკმა გამიყიდოს? თბილისელზე ვუტრირებ, თორემ ეს ლაწირაკი თბილისელი შეიძლება, სულაც არ არის!
რეალური თვითმმართველობა საბიუჯეტო თანხებით უნდა იყოს განმტკიცებული, ანუ მთელი თანხა რეგიონიდან თბილისში არ უნდა მიდიოდეს და ადგილზე რჩებოდეს. ამასთან, ქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობა ქალაქის ბალანსზე უნდა იყოს და არა _ ეკონომიკის სამინისტროს, შესაბამისად, ამ ქონებას ქალაქი უნდა განკარგავდეს და გაყიდვაც შეეძლოს, გაჩუქებაც და დანგრევაც!
_ აქვე, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებასაც შევეხოთ _ ორ თვეზე მეტია, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თქვენს ქალაქში აღარ ფუნქციონირებს. ამით ქუთაისმა და თქვენც, ბატონო გოგი, როგორც ქუთათურმა, რა დაკარგეთ?
_ პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისმა ძალიან ბევრი რამე დაკარგა!
_ კერძოდ?
_ ამის ვრცლად ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით:
ქუთაისმა პარლამენტის თბილისში გადატანით ძალიან ბევრი რამ დაკარგა და ეს შედეგებს მალე მოიტანს.
მე, როგორც ქუთათურს, მწყინს, რომ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი აღარ არის და ყველანაირად ვიბრძოლებ, ჩემს ქალაქს ეს სტატუსი დაუბრუნდეს!
სხვათა შორის, ამ თემასთნ დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს და ახლავე გეტყვით: საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება ორპალატიანი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შემდეგ.
_ დიახ, წერია, მაგრამ ამას ქუთაისის საპარლამენტო სტატუსთან რა კავშირი აქვს?
_ თუ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნება გვიწერია, არ შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტი ახლაც ერთპალატიანი იყოს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა შემოვიდეს ფედერაციის, კონფედერაციის ან რაღაც სხვა, უფრო ამაღლებული სტატუსით, ვიდრე მაგალითად, აჭარაა. ამიტომ ჩვენი ქვეყნის პარლამენტი ორპალატიანი უნდა იყოს.
_ კონსტიტუციაშიც სწორედ ეს წერია.
_ დიახ და თუ პარლამენტი ორპალატიანი მაინც უნდა გახდეს, მოდით, მოვლენებს დავასწროთ და ახლავე გავაკეთოთ ორი პალატა, მით უმეტეს, ახლა დაგნარი მიდის მაჟორიტარობაზე და ეს ორპალატიანობა ამ პრობლემასაც გადაწყვეტს.
_ ამიხსენით, როგორ გადაწყვეტს?
_ ორპალატიანობით პარლამენტის ხარჯები არ იზრდება. ისიც ტექნიკური საკითხია, პარლამენტი 150-კაციანი იქნება თუ 140-იანი, ანუ ერთი პალატა 40-კაციანი იქნება, მეორე _ 100-კაციანი.
_ ბატონო გოგი, ვერ გავიგე, რისი თქმა გინდათ?
_ იმის თქმა მინდა, რომ პარლამენტის მეორე პალატა ქუთაისში იყოს, რომლის თავმჯდომარედაც აფხაზს გამოვაცხადებთ, ანუ პარლამენტის მეორე პალატის თავმჯდომარე აუცილებლად აფხაზეთში არჩეული აფხაზი უნდა იყოს! ამით აფხაზებს ინტერესს გავუჩენთ.
თუ ამბობ, რომ პოლიტიკოსი ხარ, მაშინ ხელისუფლებაში მოსვლაც უნდა გინდოდეს. ეს თუ არ გინდა, აბა, რანაირი პოლიტიკოსი ხარ? აფხაზეთშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდათ, ანუ იქაც არიან ისეთები, რომელთა ამბიციაც არ დაკმაყოფილდა. ჰოდა, ჩვენ უნდა ვუთხრათ, აი, აგერ დაკმაყოფილდება შენი ამბიცია და ქვეყანაში მეორე პირი იქნებიო.
_ ეს გეგმა რომ რეალობად იქცეს, ჯერ აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ!
_ ე, ბიჭო, ამით დავიწყოთ ვაჭრობა _ როგორც ქართველი პოლიტიკოსები იყიდებიან, ის აფხაზიც ისე გაიყიდება! აფხაზი, რა, სხვა ადამიანია, ორი ყური არ აქვს თუ რა?!
_ თქვენი მოსაზრებები კანონპროექტად ჩამოაყალიბეთ და პარლამენტს წარუდგინეთ. ეგებ, ჯანი გავარდეს და პარლამენტმა განიხილოს?
_ მეტი არ არის ჩემი მტერი!
_ ასე პესიმისტურად რატომ ხართ განწყობილი?
_ მაგენთან ნასაუბრევი ვართ _ სუსტი ბიჭი რომ არის, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, აი, მაგას ჰკითხეთ, წულაიას ეს პროექტი თუ აქვს შემოტანილიო, მაგრამ არაფერი, _ უარი მითხრეს!
აფხაზეთს ომით ვერ დავიბრუნებთ _ ერთი შეცდომა დავუშვით და კიდევ რამდენი შეცდომა უნდა დავუშვათ? ამიტომ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ. საქართველო უნდა გახდეს მომხიბვლელი ქვეყანა, სადაც მოსვლა აფხაზსაც ენდომება და _ ოსსაც. ამ ქვეყანაში ეკონომიკაც უნდა იყოს, დემოკრატიაც და თვითმმართველობებიც უნდა ყვაოდეს. აფხაზი იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, რომ უყურებს, ხომ იტყვის, შენს ქუთაისს უკლავ პატრონს და მე რა ჩემს ფეხებს მიზამო.
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, თქვენი პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნას მხარს უჭერს თუ არა?
_ რა თქმა უნდა, ვუჭერთ!
_ ანუ იმ მილიონი ხელმოწერიდან, რომლის შეგროვებასაც გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს, ერთი თქვენიც იქნება, არა?
_ დიახ, დიახ. ჩვენ იმ 20 პარტიაში ვართ, რომელიც ითხოვს, რომ არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
_ ბოლოს, უტრირებულად რომ მითხრათ, დროშას დავკიდებთ თუ ვერა?
_ დროშას აუცილებლად დავკიდებთ!
_ დროშის დაკიდება „ოცნების“ მმართველობის დროს მოგვიწევს?
_ არ მგონია. „ოცნების“ ხელში დროშა როგორც დაიკიდა, ქე ვიცით!
_ აბა, როდის დავკიდებთ?
_ სხვა მთავრობის ხელში, მრავალპარტიულ პარლამენტში, როცა ძალაუფლება ერთ პარტიას არ ექნება და ყველა საკითხზე დიალოგი გაიმართება.
თავის დროზე მაია ნადირაძემ თქვა, ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და რაფერაც გვინდა, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, მერე თქვენ იქნებით და რაფერაც გინდათ, ისე გააკეთეთო. ამგენმა დეიჯერეს და აკეთებენ, რაფერაც უნდათ!
აი, ესაა ტრაგედია, როცა რომელიმე პარტია გამოაცხადებს, მე ვარ და, „ვსიო“, ჩემი ნაბადი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებო.
_ ისე, მშვიდობიან რევოლუციას ხომ არ ელოდებით?
_ ივანიშვილი ქუჩის გამოსვლების გარეშე არაფრის დამთმობია! მაგი მაგის ხვითო არ არის, რომ რამე დათმოს. ამიტომ ქუჩის გამოსვლებს ნამდვილად ველოდები, მაგრამ ის, რაც ერთხელ მოხდა ქვეყანაში, არ განმეორდება _ ხალხმა ნახა, ავტომატით გადატრიალება რა ტრაგედიის მომტანია. სხვათა შორის, მაშინ დაწყებულ პრობლემებს ახლაც ვიმკით.
ამიტომ არ ველი, რომ ეს მთავრობა თოფით, ავტომატით და ზარბაზნით გადატრიალდება. ეს არც მინდა, მაგრამ ქუჩის აქციების გარეშე რომ ჩვენი ხვითო ბიძინა არაფრის დამთმობი არაა, ამაში დარწმუნებული ვარ!

გიორგი აბაშიძე