არმაზ ახვლედიანი: „დემოკრატიული რეფორმების ნაცვლად ივანიშვილმა დანაშაულებრივი ქმედებები გააასმაგა“

მმართველ გუნდში კრიზისი შეუიარაღებელი თვალითაც მკაფიოდ ჩანს. სამართლიანობას ამოფარებულმა ეკა ბესელიამ ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობა დატოვა, რასაც მისი თანამოაზრეების მხრიდან ანალოგიური ქმედება მოყვა. საბოლოოდ კი უმრავლესობა დატოვეს: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა. ამ პროცესების ფონზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ივანიშვილი თავისი სცენარით მოქმედებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარ ოპოზიციას ქმნის.

დაიწყო თუ არა „ოცნებაში“ რეალური რღვევა?
რა შანსები აქვს ოპოზიციას?
რჩება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებისთვის“ ხელსაყრელ ოპოზიციურ ძალად?
შეძლებს თუ არა ივანიშვილი მის მიერ დაპირებულ ერთ წელიწადში რეალური ცვლილებების განხორციელებას?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა:

_ მმართველ გუნდში არსებული კრიზისი რეალური რღვევაა თუ ივანიშვილი საკუთარი ოპოზიციის შექმნას ცდილობს?
_ რაც დღეს „ოცნებაში“ ხდება, ეს არ არის წინააღმდეგობა მთავარ, პრინციპულ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე, რადგან „ოცნებაში“ ეს დისკურსი 2013 წელს დაიწყო, _ მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ვიყავი და იმის მცდელობა მქონდა, რომ „ოცნებაში“ დემოკრატიული რეფორმები დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ეს გეგმა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო. „ოცნების“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩემს მოსაზრებას ზურგი აქცია. ალბათ, არ იყო რთული მისახვედრი, ამ პირობებში რა შედეგებამდე მივიდოდა პარტია და მთელი პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, რაც დღეს ხდება, ეს მნიშვნელოვნად იმ მახინჯი, არადემოკრატიული განვითარების შედეგია. მეორე მხრივ, ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში“ „ახლებს“ და „ძველებს“. ფუნდამენტურ საკითხებზე იქ ჩემთვის არ არიან „ახლები“ და „ძველები“, არამედ არიან ბიძინა ივანიშვილის ბრმად ერთგულები და უფრო ერთგულები. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც ახლა დაფიქრდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მათი ადგილი ივანიშვილის გუნდში აღარ გამოიძებნოს და ბევრმა ამიტომაც წამოიწყო საკუთარი თამაში, თუმცა იგი რამდენად არის დამოუკიდებელი ან რამდენადაა ივანიშვილის „დიდი პოლიტიკური თამაშის“ ნაწილი, ჯერ კიდევ გასარკვევია.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა თქვენ მიერ შეთავაზებული დემოკრატიული ხედვები არ მიიღო. რამ განაპირობა ეს, სათანადოდ ვერ გაიაზრეს?
_ როცა ბატონმა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნობა შემომთავაზა, ჩემი თანხმობა მხოლოდ ერთი მიზეზით იყო განპირობებული: მტკიცედ მსურდა, რომ ეს მმართველი ძალა დემოკრატიული გამხდარიყო და საქართველოს ახალ ისტორიაში, ერთხელ მაინც, მმართველი პოლიტიკური ძალა სხვა პოლიტიკური ძალებისთვის სამაგალითო ყოფილიყო. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბატონი ივანიშვილი მხურვალედ უჭერდა მხარს ჩემს გეგმას პარტიაში გასატარებელი რეფორმების თაობაზე, მაგრამ სულ მალე, როცა სხვა ხელმძღვანელებმა, ბატონებმა ვოლსკიმ, საგანელიძემ და სხვებმა აუხსნეს, რომ თუ ამ გეგმას გაჰყვებოდა, ის დიდ საფრთხეს შეუქმნიდა მის სტაბილურობასა და „ქართული ოცნების“ „უღრუბლო“ მომავალს. როგორც ჩანს, ბატონმა ივანიშვილმა აზრი შეიცვალა და საბოლოოდ ზურგი აქცია ჩემს გეგმას. გადაწყვიტა, რომ კვლავ იმ გზით ევლო, რომლითაც წინა მმართველებს უვლიათ: როცა მოდიან ხელისუფლებაში და ცდილობენ, ნებისმიერი გზით, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ მმართველობა _ როცა საკუთარი ინტერესების მიღმა ვერავის და ვერაფერს ხედავენ! ეს დაემართა „ოცნებას“. მას გაცილებით რთულად შეეყარა ეს სენი. ამას დაერთო რამდენიმე მძიმე გარემოებაც: თავად ივანიშვილის ფაქტორი და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ქვეყანაში უპრეცედენტოდ ანომალიური მმართველობაა, რომლის შემოქმედი, თავიდან ბოლომდე, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია.
_ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონაში ყოფნას „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი უხანგრძლივებს? რამდენად მუშაობს „ნაციონალების“ 9-წლიანი მმართველობის შეხსენება?
_ ეს ნაწილობრივ ასეა. „ქართულმა ოცნებამ“, რაღაც დოზით და რაღაც დრომდე, საკმარისად ოსტატურად გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ „ოცნება“ შეცდა. მაშინ ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ივანიშვილს წითელი ბარათი უჩვენა და უთხრა, რომ აღარ აპატიებდა ასეთ ანომალიურ მმართველობას! მჯერა, ხალხის ეს მოთხოვნა არათუ შესუსტდება, გაძლიერდება და საპარლამენტო არჩევნებზე საპროტესტო ელექტორატის რაოდენობა იმდენად გაიზრდება, რომ „ოცნება“ პარლამენტში, დიდი ალბათობით, უმრავლესობას დაკარგავს.
_ შესაძლოა, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაანალიზებამ დააფიქრა ივანიშვილი საკუთარი ოპოზიციის შექმნაზე. რა შანსები შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, რომლის სათავეშიც ბესელია იქნება?
_ ადრეც და ახლაც ივანიშვილს მანიპულირების გზით სურს პოლიტიკურ ველზე სათადარიგო მოთამაშეების შემოყვანა. ყველანაირად ცდილობს, რომ ოპოზიციაშიც იპოვოს მხარდამჭერები, საკუთარ გუნდშიც ისეთი ბალანსი ჰქონდეს, რომ საჭირო დროს იმას დაეყრდნოს, ვისაც უფრო სანდოდ მიიჩნევს. მაგრამ ივანიშვილი მთავარში ცდება: მის ამ უთავბოლო მანიპულაციებს მხოლოდ რაღაც დრომდე და რაღაც დოზით აიტანს საზოგადოება. ჩვენი ხალხი მას ბოლოს კატეგორიულ უარს ეტყვის სახელმწიფო ინტერესებით ასეთ მანიპულირებაზე. ივანიშვილმა ვერა და ვერ ისწავლა პოლიტიკურად ჭკუა და ვერ გაიაზრა, რომ გასული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიღებული, მისთვის დრამატული შედეგის შემდეგ მაინც უნდა დაეწყო, მეტ-ნაკლებად, ჯანსაღი, დემოკრატიული რეფორმები! ამის ნაცვლად მან დანაშაულებრივი მეთოდები გააასმაგა. დღეს ვხედავთ ღრმა, ჩიხიდან გამოუვალ კრიზისში მყოფ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ვეღარც ივანიშვილი უშველის და ვერც _ ვერავინ. „ოცნების“ მომავალი ერთია _ მისი ეტაპობრივი დაშლა და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სივრციდან გასვლა.
_ ივანიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მოსახლეობას ერთი წელი სთხოვა. „ოცნების“ რიგებიდან დეპუტატების წასვლა ხომ არ მიგვანიშნებს, რომ ივანიშვილმა გუნდის შიგნით წმენდა დაიწყო?
_ საქართველოში თუ ვინმეს კიდევ სჯერა ივანიშვილის დაპირებების ან ძალიან გულუბრყვილოა, ან ანგარებითი კავშირები აქვს მასთან. სხვა ახსნას ვერ ვხედავ. როდესაც პოლიტიკურად გამწარებული და შეშინებული ივანიშვილის განცხადება მოვისმინე, მივხვდი, რომ ის არ გულისხმობდა ქვეყნისთვის ჯანსაღი რეფორმების დაწყებას. პირიქით, პირველ ტურში, მისთვის მწარე შედეგიდან გამომდინარე, ყველაფერს მაქსიმალურად მოუჭერდა ხელს, რაც აქამდე, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ დაიქვემდებარა. ვგულისხმობ მისი გუნდის იმ წევრებსაც, რომლებმაც შეიძლება, რაღაც წამს, საკმაოდ მეორეხარისხოვან საკითხებზე განსხვავებული აზრი გამოთქვეს. ივანიშვილისთვის ასეთ დროს განსხვავებული აზრი, მეათეხარისხოვან საკითხებზეც კი, მიუღებელია. ის აღარ უშვებს განსხვავებული აზრის არსებობას არც გუნდში და არც _ სხვაგან. მისთვის კომფორტულია კობახიძის მსგავსი მმართველები: ცივსისხლიანები, „კომკავშირლები“, რომლებიც კერპისადმი თაყვანისცემის ნიშნად მზად არიან, ყველაფერზე მოაწერონ ხელი. ჩემთვის კობახიძე და მისი მსგავსნი სწორედ ასეთები არიან და აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას არ ახსოვს კობახიძისნაირი ანომალიური თავმჯდომარე. ივანიშვილმა თავის ამ დაპირებაში ისიც იგულისხმა, რომ ის ბოლომდე აიღებდა ხელში სუს-ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას. თუკი აქამდე ის ისედაც აკონტროლებდა ამ უწყებებს, დღეს უკვე სრულად აკონტროლებს და ასე ცდილობს ამ დაპირების შესრულებას. ვხედავთ თითქმის ტოტალურ კონტროლს პოლიტიკასა და სახელმწიფოში. ივანიშვილს სურს ყველაფერი გააკონტროლოს, რასაც შეიძლება გადასწვდეს და მოერიოს. მათ შორისაა ბიზნესი, მედია, სამოქალაქო სექტორი და თქვენ წარმოიდგინეთ, ის პოლიტიკურად ისე გათამამდა, რომ საეკლესიო სივრცეშიც კი აფათურებს ხელს! ანუ ყველგან, სადაც გაუვა და სადაც შეძლებს! და რასაც დღეს ვერ შეძლებს, იმას ხვალ შეუტევს თავისივე მზაკვრული გეგმით! სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ. ხალხი უნდა განუდგეს ივანიშვილის აღვირახსნილ, ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო პოლიტიკურ თამაშს! საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგზე გაცილებით მძლავრად უნდა ვუთხრათ მას „არა“ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე და სწორედ ამ უარით გავამწესოთ სამარცხვინო გუნდთან ერთად პოლიტიკურ პენსიაზე.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ ივანიშვილის აღვირახსნილობას საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს, თუმცა რაც არ უნდა იყოს საზოგადოების საპროტესტო მუხტი, თუ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, „ქართული ოცნება“ ისევ ხელისუფლებაში დარჩება. რამდენად რეალურია, რომ „ოცნება“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებას დასთანხმდება?
_ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ რეფორმებზე და დათმობებზე საკუთარი ნებით არ წავა, გამორიცხულია! მაგრამ თუ დაინახა, რომ საპროტესტო ტალღა მძლავრობს, მაშინ იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. სწორედ ეს ვიგულისხმე, როცა ვთქვი, _ საზოგადოებამ ივანიშვილს უნდა აჩვენოს, რომ მისთვის სულერთი არ არის, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი და გაგრძელდება თუ არა ივანიშვილის უკონტროლო მმართველობა. იმასაც კარგად ვხვდები, რომ ჩვენ ახლა მოჯადოებულ წრეში ვართ, როდესაც, ერთი მხრივ, მანკიერი საარჩევნო სისტემა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი არჩევანი იყოს ლაღი, თავისუფალი და შედეგიანი; მეორე მხრივ, ეს მახინჯი სისტემა ივანიშვილისნაირ მმართველს იმისთვის სჭირდება, რომ მმართველობა შეინარჩუნოს და, იმავდროულად, საზოგადოებაში უიმედობა დაამკვიდროს. დანერგოს იმის განცდა, რომ საზოგადოებისა და პარტიების მცდელობის მიუხედავად, სასიკეთოდ მაინც არაფერი შეიცვლება და ყველა შემთხვევაში მივიღებთ იმ სურათს, რაც ბატონს სურს. ასეთი მარტივი გათვლა აქვთ ხოლმე ივანიშვილის მსგავს ავტორიტარ მმართველებს. ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა მხოლოდ რადიკალური გზითაა შესაძლებელი. აქ ვგულისხმობ საზოგადოების მძლავრ პროტესტს, რომელიც მას და მის მმართველობას გონზე მოსვლას აიძულებს.
_ გასაგებია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტით შესაძლებელია პოლიტიკური მოცემულობის შეცვლა, თუმცა იგივე საზოგადოება ორ უკიდურესობას _ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ _ შორის არის მოქცეული. ამ კუთხით რომ შევხედოთ, რამდენად რეალურია მომავალში საზოგადოების მძლავრი პროტესტი?
_ სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. ივანიშვილის მზაკვრობა ისაა, რომ თავიდანვე გადაწყვიტა ჩამოეშორებინა პოლიტიკური სივრციდან ნებისმიერი ჯანსაღი ძალა, რომელიც აქა-იქ წამოყოფდა თავს. მას სურდა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩენილიყო, რომელსაც შედეგიანად გამოიყენებდა საფრთხობელად და ის კვლავ იტივტივებდა პოლიტიკურ წყალში. ეს არის ივანიშვილის მზაკვრობა, მისი ჩანაფიქრი. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი აცნობიერებს ამას. სწორედ ამიტომ საკუთარ თავში უნდა გადავლახოთ ყოველგვარი პოლიტიკური კომპლექსი და გავაცნობიეროთ, რომ დღეს უმთავრესი ამოცანაა „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება! ცხადია, მთავარია, რა ძალა მოვა შემდეგ. ეს პრინციპული საკითხია! ღმერთმა ნუ ქნას, „ქართული ოცნების“ მსგავსი კორუმპირებული, უნიათო რეჟიმი მივიღოთ ან „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი, რომელიც ზოგჯერ კი ატარებდა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სახელმწიფოებრივ რეფორმებს, მაგრამ, იმავდროულად, უხეშად და უსამართლოდ იყენებდა რეპრესიულ სახელმწიფო მექანიზმს. არც ერთმა და არც მეორემ არ გაამართლა! ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ისეთია, როგორიც წლების წინათ იყო. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთმა გადააფასა საკუთარი წარსული და შეცდომები, მაგრამ ჯერაც არ დამდგარა იმის დრო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მას ნდობა გამოუცხადოს. „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, შანსიც კი აღარ აქვს, რომ ოდესმე ვინმემ დაუჭიროს მხარი ისე, რომ მისი მმართველობაში დაბრუნების პერსპექტივა გაჩნდეს. ერთადერთი სწორი გზაა, საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ემიჯნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიულ ეპოქას, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის გახრწნილ სისტემას. ეს ძალები ახლა სუსტად ჩანან, თუმცა ხვალ და ზეგ გამოჩნდებიან. ამომრჩეველი დღეს უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას. როგორც ჩანს, მას მოუწევს გარკვეული რისკის გაღება. ერთი რამ ცხადია: „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე დადებითი შედეგი სწორედ ისაა, რომ ხალხი „ოცნების“ დანაშაულებრივი მმართველობიდან გამომდინარე, მსგავს ძალას აღარასოდეს დაუჭერს მხარს, ისევე როგორც, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს ანომალიურ რეპრესიულ მმართველობას არ დაუჭერს მხარს არასოდეს. ამის მჯერა. ჩვენს საზოგადოებას ეს ექსპერიმენტი ძალიან ძვირი დაუჯდა, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს იმად, რომ სამომავლოდ აღარ დავუშვათ მსგავსი შეცდომები და მხარი დავუჭიროთ არა კერპებს და თავკერძა მმართველებს, არამედ მათ, ვისაც უანგაროდ, პატიოსნად, საკუთარი პოლიტიკური და თუნდაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ შეეწირონ საქართველოში ჯანსაღი, ნორმალური, დემოკრატიული, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გაკეთებულ არჩევანს! ასეთი ადამიანები ამ ქვეყანაში „ოცნებაშიც“ და „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ამ ბატონებსა და ქალბატონებს შესაძლოა, რაღაც ადგილი ჰქონდეთ მომავალ პარლამენტში, მაგრამ მათ უმრავლესობაში ყოფნას გამოვრიცხავ.
_ როგორც წესი, თქვენ ვისზეც საუბრობთ, ასეთ პოლიტიკურ ძალებს ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. შესაბამისად, უჭირთ წარმატების მიღწევა. თუ შეგიძლიათ, დაგვისახელეთ, ვის გულისხმობთ კონკრეტულად და რამდენად აქვთ განვითარების რესურსი ამ პარტიებს?
_ კარგად ვხვდები, რომ მინიმალური ლეგალური დაფინანსების გარეშე შეუძლებელია პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში ჩართვა, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ „ქართული ოცნების“ ოლიგარქიულმა მმართველობამ საზოგადოებას დაანახა, რომ ფული არ არის გადამწყვეტი. მტკიცედ მწამს, რომ მომავალი ნორმალური მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება ფულით გამარჯვების საფრთხისგან. მწამს, რომ ის გუნდი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ჩაიბაროს მმართველობა განსაზღვრული დროით, მოახერხებს და საზოგადოებისგან ღიად, გამჭვირვალედ მიიღებს კანონიერ დაფინანსებას. ბიზნესმენებმა კი არ უნდა დააფინანსონ დღეს საქართველოში პოლიტიკა და მერე სათავისოდ გამოიყენონ ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკურ მძევლად აქციონ მთელი პოლიტიკური პროცესი, არამედ საზოგადოებამ უნდა შეიმუშაოს მექანიზმი, როცა პოლიტიკური პარტია დაფინანსდება სწორედ ასე, სამართლიანად და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ საზოგადოებასთან და კანონთან. დღეს „ქართული ოცნება“ ანგარიშვალდებულია ივანიშვილთან, ის არის მისი მთავარი წყარო. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან და ორ-სამ ბობოლა მილიონერთან იყო ვალდებული, რომელიც პარტიას არალეგალურად აფინანსებდა. უნდა დავამსხვრიოთ და წარსულს ჩავაბაროთ ეს მახინჯი სისტემა. თქვენ თუ მოხვალთ პოლიტიკაში, იცოდეთ, რომ ანგარიშვალდებული ხართ მოქალაქეებთან და როგორც კი ეს დაგავიწყდებათ, პოლიტიკიდან „მგლის ბილეთით“ წასვლა მოგიწევთ. დღეს ამ ვალდებულების მექანიზმი მოშლილია. ვისაც როგორ უნდა, ისე ჭრის და კერავს. ამ მავნე ტრადიციას აგრძელებს „ოცნება“ და სულ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალშიც ეს ტრადიცია გაგრძელდეს, თუ საზოგადოება გონს არ მოეგო, თუ ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ მმართველობის სადავეები ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში და ეს, მერწმუნეთ, სულაც არ არის რიტორიკა. ეს არის აპრობირებული, ხანგრძლივი ტრადიცია და პრაქტიკა თანამედროვე, ნორმალურ, დასავლურ სამყაროში. სწორედ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, მივცემთ თუ არა ივანიშვილს უფლებას, პოლიტიკურად კვლავ იპარპაშოს, თუ დავასრულებთ ამ მახინჯ მმართველობას და მართვის სადავეებს ხალხის მიერ ლეგიტიმურად, განსაზღვრული დროით და შეკვეთით არჩეულ ძალას გადავცემთ, რომელიც შემდეგ გამჭვირვალედ, მხოლოდ ხელფასზე მყოფი, კულტურულად წავა ხელისუფლებიდან. წავა ისე, რომ მოსულს დაუტოვებს წარმატებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ მემკვიდრეობას.
_ „ქართული ოცნების“ მმართველობის მეშვიდე წელს, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა?
_ რაღაც თვალსაზრისით, ალბათ, კი, თუმცა უფრო არა, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ამუშავებული იყო უკანონო, რეპრესიული მანქანა, ყოვლად დაუშვებელი და ყოვლად საზიზღარი! დღეს კი, საუბედუროდ, ქაოსი და განუკითხაობაა. შესაბამისად, ისეთი ანომალიური მმართველობა და კორუფციის ისეთი ხარისხია, რომ „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრედ არ მიმაჩნია. ეს არის ახალი, უპრეცედენტოდ ანომალიური მმართველობა. როგორც ივანიშვილია უპრეცედენტო შემთხვევა პოლიტიკაში, მის მიერ შემოთავაზებული მმათველობაც ასეთივე ანომალიურია. ახლა ჩვენ ემოციის გარეშე, საღი აზრით, ქვეყნის სიყვარულით, რომელიც ასე აკლია გუშინდელ და დღევანდელ მმართველობას, უნდა შევძლოთ საქართველოს გადარჩენა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ პოლიტიკოსების უმრავლესობას ქვეყანა არ უყვარს ან უყვარს თავისებურად! ასე ხომ ბოროტიც თავისებურად მორწმუნეა!.. ქვეყნის სიყვარული იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია, პირადი განზე გადადო საქვეყნო საქმისთვის და ეს აკეთო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ბიზნეს თუ პარტიული ინტერესებით. ღვთის შიშით და სიყვარულით, ქვეყნისა და ხალხის კეთილი ტრადიციების გათვალისწინებით, ხალხის სიყვარულით უნდა აკეთო პოლიტიკა! ვერავინ დამარწმუნებს, რომ ასეთი ადამიანები ქვეყანაში არ მოიძებნებიან. თქვენს წინა შეკითხვაზე: „სად არის ასეთი პარტია“? _ გულახდილად გეუბნებით, _ ასეთ პარტიას საქართველოში დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ის არ შეიქმნება. თუკი მოხერხდება სინდისთან არამწყრალად მყოფი, განათლებული ადამიანების გაერთიანება, ვფიქრობ, ამ გაერთიანებას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს. ეს ძალა ორი ვადით არ უნდა მართავდეს ქვეყანას. მე რომ ასეთ გაერთიანებაში ვიყო, ვიტყოდი: მხოლოდ ერთი ვადით, ბატონებო! რადგან ასე თავს გადადებ და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ შენს ხალხს ამ ერთ ვადაში აჩვენო რეალური სასიკეთო შედეგი და არ მოიქცე ისე ხარბად და უმსგავსოდ, როგორც აქამდე მოქცეულან.

ნენე ინჯგია