„გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით და ის მომეყოლა, რაც ვიცი“

„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ უფლებდამცველ მერაბ ბლადაძესთან, რომელიც ახალახან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა _ მან დეპუტატის მანდატი მას შემდეგ მიიღო, რაც ზაზა ოქუაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა.
აღნიშნულ ინტერვიუში მერაბ ბლადაძე, სხვა მრავალ საინტერესო თემასთან ერთად, იმის შესახებაც საუბრობდა, რომ აჭარაში მუსლიმური რელიგიური სასწავლებლები უკონტროლოდ იხსნება.
ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იმაზეც ამახვილებდა ყურადღებას, რომ ისინი, ვინც თურქეთსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში იღებენ რელიგიურ განათლებას, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უმაღლეს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არ უნდა ინიშნებოდნენ. ამის მიზეზად მერაბ ბლადაძე იმას ასახელებდა, რომ ეს ადამიანები შესაძლოა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენების ქვეშ იყვნენ და შესაბამისად, მათ ინტერესებს ატარებდნენ.

გაზეთის გამოსვლის შემდეგ რედაქციას აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მერაბ ბლადაძის მიერ წინა პლანზე წამოწეული საფრთხეები რეალურია და ამ თემით, მედიასთან ერთად, ხელისუფლებაც უნდა დაინტერესდეს.
ამასთან ერთად, ამ ადამიანმა გვითხრა, რომ ბოლო დროს აჭარიდან მუსლიმურ სასწავლებლებში ძალიან ბევრი ადამიანი გაჭირვების გამო იწყებს სწავლას, მაგრამ ამ თემით ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური არ ინტერესდება.
ასევე მუსლიმური საწავლებლები საქართველოს განათლების სამინისტროს კონტროლიდანაც არის გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ იცის, რა გეგმით ხდება ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღება.
„ქრონიკა+“-მა ადამიანს, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, შესთავაზა, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერდა. თანამოსაუბრე ამ შეთავაზებაზე მისი ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვით დაგვთანხმდა.
აი, რა გვითხრა რესპონდენტმა:

_ რელიგიური აღმსარებლობის თემა იმდენად საფრთხილოა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსი და უფლებადამცველი, პოლიტიკური ქულების დაკარგვის შიშით, გვერდს უვლის, მაგრამ პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით და ის მომეყოლა, რაც ვიცი და ხალხმა განსაჯოს, ჩემი მონაყოლი რამდენად სამართლიანი და ობიექტურია.
ზოგადად, საქართველო მრავალკონფესიური ქვეყანაა _ ოდითგანვე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, გრიგორიანელები, მუსლიმები, იუდეველები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები, თუმცა რელიგიური ნიშნით მათ შორის დაპირისპირება არასოდეს მომხდარა. დღეს კი რა გვემართება?
_ რა გვემართება? ვერ ვიტყვით, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთს რელიგიურ ნიადაგზე უპირისპირდება.
_ დიახ, ვერ ვიტყვით, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მომისმინოთ!
„მეხუთე კოლონები“ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელებით რეგისტრირდებიან და ოღონდ ფული იშოვონ, არც აინტერესებთ, ვისგან დაფინანსდებიან.
_ ეს რა შუაშია?
_ ალბათ, გახსოვთ, 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში, ქალაქ ქობულეთში, ლერმონტოვის 13-ში მდებარე სახლში, მცდელობა იყო, რომ მუსლიმთა მედრესე გახსნილიყო, რასაც უშუალოდ ამავე ქუჩაზე მცხოვრებნი წინ აღუდგნენ _ ქუჩის მხრიდან სახლის შესასვლელის პიკეტირება მოაწყვეს და საშუალება არ მისცეს, რომ მედრესეს ფუნქციონირება დაეწყო. ამ ხალხის მოთხოვნა შემდეგი იყო: „ჩვენი უბანი ოდითგანვე ქრისტიანულია, მჭიდროდ დასახლებული და არ გვინდა, ჩვენი შვილები მუსლიმური პროპაგანდისა და იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოექცნენ, თან აქვე ახლოს, რუსთაველის ქუჩაზე წლებია, მედრესე ფუნქციონირებს და შეგიძლიათ, საქმიანობა იქ გააგრძელოთ“…
_ ეს მოთხოვნა სამართლიანი იყო?
_ ამის გარკვევა იურისტებს მივანდოთ…
დაძაბულობამ 11 სექტემბერს, დილით მაშინ მიაღწია პიკს, როცა მოპიკეტეებმა პანსიონის კარზე ჩამოკიდებული ღორის თავი დაინახეს.
_ მახსოვს, „ღორის თავის სკანდალს“ დიდი აჟიოტაჟი მოყვა.
_ დიახ, ასე იყო. ისიც გემახსოვრებათ, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ეს საქმე პირად კონტროლზე კი აიყვანა და რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კიდეც, თუმცა დაპატიმრებულებს ამ პროვოკაციაში მონაწილეობა არ დაუმტკიცდათ, ანუ დადგინდა, რომ ღორის თავის მიჭედებაში არც ერთ მოპიკეტეს მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული და ყველაფერი „მესამე ძალის“ მიერ იყო ინსპირირებული.
დიახ, რაც მაშინ მოხდა, სუფთა პროვოკაცია იყო.
_ ამ პროვოკაციას რა მიზანი ჰქონდა და, საერთოდ, „მესამე ძალაში“ ვის ვგულისხმობთ?
_ მესამე ძალაში მათ ვგულისხმობ, ვინც თურქი რელიგიური ფუნდამენტალისტებისგან იმართება.
მათი მიზანი, რელიგიური არეულობის გზით, აჭარის დედასამშობლოსგან მოწყვეტის მცდელობა და თურქულ რელიგიურ ექსპანსიასთან ლოიალობა იყო და ალბათ, დღესაც ეს მიზანი აქვთ.
საერთოდ, აჭარაში გამორიცხულია, რომ ქრისტიანმა მუსლიმი შეურაცხყოს ან _ პირიქით. თქვენ წარმოიდგინეთ, აჭარაში უამრავი შემთხვევაა, როცა ერთი ძმა მაჰმადიანია, მეორე _ ქრისტიანი, მამა მუსლიმია, შვილი კი _ ქრისტიანი და ა. შ. მათი უახლოესი წინაპრები მაჰმადიანები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ვინ უნდა იკადროს იმის თქმა, რომ აჭარაში მუსლიმებს ავიწროებენო? _ რა თქმა უნდა, პროვოკატორმა და წამქეზებელმა…
_ კონკრეტიკისგან თავს იკავებთ და არ ამბობთ, ვინ არის ეს პროვოკატორი?
_ ჯობია, დეტალები თქვენ მოიძიოთ, თუმცა ერთ მინიშნებას გეტყვით:
2012 წლის ნოემბერში ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა, რომლის წესდებაშიც პირდაპირ წერია, რომ მისი მისია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და რელიგიური უმცირესობების დაცვაა.
_ ამაში ცუდი რა არის?
_ ცუდი არაფერია და, პირიქით, მეც ძალიან მომწონს, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ ქვეყანაში ვინმე ზრუნავს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ „ენჯეოს“ მთავარი მიზანი ქვეყნის სახელის გატეხა იქნებოდა.
_ ქვეყნის სახელის გატეხა რა შუაშია?
_ საქმე ის არის, რომ ე. წ. ღორის თავის ინციდენტზე სამოქალაქო დავა დაიწყო და მოპასუხედ საქართველოს შს სამინისტრო და ქალაქ ქობულეთის ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები დასახელდნენ. როგორც მახსოვს, მოსარჩელეები ითხოვდნენ, რომ არასათანადო რეაგირების გამო მიყენებული ზიანისთვის შსს-ს ერთლარიანი ჯარიმის გადახდა დაკისრებოდა, ასევე აღედგინა მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონი, ანუ მედრესე.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მოსარჩელე მხარე ითხოვდა, რომ თითოეული მათგანისთვის, რელიგიური შეუწყნარებლობის, აშკარა სიძულვილისა და დისკრიმინაციის გამოვლენის გამო, მორალური ზიანის მიყენების შედეგად, სასამართლოს ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრებინა.
_ თუ ადამიანმა ვინმეს მორალური ზიანი მიაყენა, ეს, ბუნებრივია, უნდა აანაზღაუროს. ასე რომ, ამ სარჩელში გასაკვირი არაფერია.
_ დიახ, ასეა, მაგრამ მაშინ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, თუ რატომ ამოარჩია არასამთავრობო ორგანიზაციამ მოპასუხე მხარედ მხოლოდ ოთხი ფიზიკური პირი მაშინ, როდესაც მედრესეს გახსნის წინააღმდეგი ლერმონტოვის ქუჩის 100-მდე მცხოვრები გამოდიოდა?!
სხვათა შორის, როგორც მე ვიცი, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების დღიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო უწყება _ ისლამის გავრცელებისა და პროპაგანდის სამინისტრო, რომლის ყოველწლიური ბიუჯეტიც ასეულ მილიონობით დოლარია და ეს ფული არ იხარჯება მხოლოდ თურქეთში.
ამ ფულით მხარდაჭერილია ისლამის გავრცელება ბალკანეთში, ცენტრალურ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ჩვენს „მცირე აჭარაშიც“. ეს უდიდესი მანქანა მუშაობდა, მუშაობს და არც მომავალში იტყვის უარს მისი მიზნების მიღწევაზე. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქართველოში ზემოაღნიშნული პროპაგანდის მანქანის შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, არა უსასყიდლოდ, საქართველოში რაიმე წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, „გასამრჯელო ერთგულებისთვის“ სამმაგდება და ხუთმაგდება.
დღეის მდგომარეობით, ისლამური სამყაროს ყველაზე რადიკალური ფრთის წარმომადგენელსაც კი შეუძლია, აჭარაში, რელიგიური ექსპანსიის გავრცელების მიზნით, მედრესე გახსნას. არადა, არ შეიძლება, რომ ყველა, ვისაც მოესურვება, მედრესეს ხსნიდეს; ასევე არ შეიძლება, განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე რაიმე რელიგიური სასწავლო ცენტრი იხსნებოდეს. საჭიროა, სახელმწიფომ კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი ისევე, როგორც ევროპაშია მიღებული და აპრობირებული და თუ ვინმეს _ არაბს, თურქს თუ სხვა ეროვნების მუსლიმს, სურს, ქართველ მუსლიმებს ხელი შეუწყოს, კეთილი ინებოს და საქართველოს სამუფთო სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხოს შემოწირულობა და სამუფთო თვითონ გადაწყვეტს, სად, რამდენი მედრესე და სალოცავი ააშენოს.
ბევრი ღირსეული ქართველი მუსლიმი გვყავს, ბევრიც _ ქართველი ვაჰაბისტი! ისე, ვაჰაბიზმის სამშობლოდ, როგორც იცით, სპარსეთი მიიჩნევა და დღეისთვის ირანსა და კიდევ ხუთ მუსლიმურ სახელმწიფოში ვაჰაბიზმი კანონით იკრძალება. საქართველოში კი არ დაადგა ამ კანონის მიღებას საშველი, რაც, ჩემი აზრით, პარადოქსია!
კიდევ ერთხელ გეუბნებით: მუსლიმთა სკოლა-პანსიონები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამუფთოს გადაწყვეტილებით უნდა იხსნებოდეს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ლიცენზიით!
აქვე, იმასაც გეტყვით, რომ დღეს საქართველოში 36 მუსლიმური სასწავლებელი _ მედრესე მოქმედებს, აქედან, 24 აჭარაში ფუნქციონირებს და ლიცენზია ერთსაც არ აქვს, ანუ უკანონოა!
სხვათა შორის, ქობულეთში, ლერმონტოვის ქ. #13-ში მდებარე შენობის მეპატრონე შპს M & B-ის დამფუძნებელი მუსტაფა ბუიუქი იყო, რომელმაც აღნიშნული მეწარმე სუბიექტი მის სახელზე დაარეგისტრირა მხოლოდ იმ მიზნით, რომ იქ მედრესე გახსნილიყო. აღნიშნული შენობა არ გახლდათ დარეგისტრირებული, როგორც ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების მომხმარებელი. მიუხედავად ამისა, 2014 წლის პირველ აგვისტოს მან შენობა 1000 ლარად ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ერთობას“ მიაქირავა.
ხმამაღლა ვაცხადებ: პატივს ვცემ მუსლიმებს, სუნიტებსაც და შიიტებსაც, მაგრამ ვერ შევეგუები ვაჰაბისტებს და პანისლამურ იდეოლოგიას! მე მუსლიმი ბებიის გაზრდილი ვარ, ჩემი ღრმა რწმენით, ის ყველაზე დიდი ქართველი იმიტომ იყო, რომ ჭეშმარიტად უყვარდა დედა საქართველო!
ჩვენ არც მაჰმადიანები გვძულს და არც _ მუსლიმური საკულტო ნაგებობები! ან როგორ უნდა მძულდეს, როცა ბავშვობაში, ყოველ საღამოს, „ბისმილას ლოცვით“ ვიძინებდი, მაგრამ ჩემი პოზიცია მარტივია: საქართველოში უნდა აშენდეს მეჩეთი, დაიდგას მინარეთი, გაიხსნას მედრესეები, მაგრამ მედრესეებში საგნები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ლიცენზიით უნდა ისწავლებოდეს. ამასთან ერთად, ყველაფერი ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული ფულით უნდა მოხდეს!
ჩემს ნათქვამში რა არის ანტიმუსლიმური ან „მაჰმადიანებისადმი სიძულვილს“ ხედავთ? ასეთ დამოკიდებულებას საქართველოს მოძულეთა გარდა ვერავინ დაინახავს იმიტომ, რომ სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა _ საარჩევნო ხმების ცილისწამებით შეგროვება!
ისე, ინდივიდუალურ საუბარში, გამონაკლისების გარდა, ყველა მუსლიმი მეთანხმება, რომ მართალს ვამბობ, მაგრამ როგორც გავარკვიე, „შიდა სამზარეულოში“, როგორც იტყვიან, სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა.
_ რას გულისხმობთ?
_ ახლავე აგიხსნით: ამ დაპირისპირებას თურქეთის ნეოოსმალური ძალები აღრმავებენ და აღვივებენ.
_ როგორ?
_ როგორ და, ადგილობრივი, ე. წ. მუსლიმის მანტიას ამოფარებული არასამთავრობოების დახმარებით, რომლებსაც საკმაო ფინანსები აქვთ საიმისოდ, რომ სიტუაცია უფრო დაძაბონ.
ყველაფერ ამის საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ ნეოოსმალურმა ძალებმა მუფტებს შორის ურთიერთობა დაძაბონ და შედეგად, „საქართველოს სამუფტო სამმართველოზე“ კონტროლი დაამყარონ.
ერთ-ერთი „გამოჩენილი“ პროთურქი, რომლის გვარსაც ახლა არ დაგისახელებთ, პირდაპირ ფინანსდება თურქეთის ნეოოსმალური ძალებისგან. სწორედ ეს ძალაა იმაზე პასუხისმგებელი, რომ აჭარაში ფეხი მოიკიდა ვაჰაბიზმმა. ეს არასამთავრობო გაჭირვებული ოჯახების შვილებს თურქეთში რელიგიურ სასწავლებლებში აგზავნის, საიდანაც უმეტესობა „ტვინგადაბრუნებული“ ბრუნდება და სწორედ ამის გამო გვჭირს ის, რაც გვჭირს!
ისე, როგორც ვითარებამ გვაჩვენა, ასლან აბაშიძე მართალი ყოფილა, როცა აჭარას ე. წ. თურქეთის ემისრებს ახლოს არ აკარებდა.
სამაგიეროდ, 2003 წლის შემდეგ ფართოდ გაუღეს კარი პროთურქულ ძალებს. ახლანდელი ხელისუფლება კი თითს თითზე არ აკარებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
_ ის ინფორმაციები, რაზეც ახლა ლაპარაკობთ, საიდან გაქვთ?
_ მყავს თურქი მეგობარი, რომელიც წარმოშობით ქართველია და თავის ისტორიულ სამშობლოზე უზომოდაა შეყვარებული. ცხადია, მის გვარსაც ვერ დავასახელებ…
სწორედ მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ნეოოსმალური ძალები ფინანსურად ეხმარებიან ადგილობრივ პროისლამურ ჯგუფებს.
ეს თურქეთის ქართველებში იმდენად გახმაურებული თემაა, რომ ცოტა არ იყოს, გაოცებული ვარ ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობით _ დავიჯერო, ამის შესახებ მათ არაფერი სმენიათ?!. მინდა, დავიჯერო, რომ არათუ სმენიათ, არამედ ამ კუთხით მუშაობენ კიდეც.

აღნიშნულ თემაზე მუშაობისას „ქრონიკა+“-მა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა, თუმცა მეორე რესპონდენტიც საუბარზე მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მის ვინაობას არ გავასაჯაროებდით:
_ საქართველოში ირანელების შემოსვლა 2000 წლიდან დაიწყო. ცნობილია, რომ ირანს კარგი ურთერთობა აქვს რუსეთთან, თუმცა არ ვიცი, ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახური საქართველოში შეთანხმებულად მოქმედებდა თუ არა, სამაგიეროდ, ნათელია, რომ ირანს საქართველოში თავისი ინტერესი აქვს _ გარდა იმისა, რომ ძველი გავლენის აღდგენას ცდილობს, საქართველო ოფიციალური თეირანისთვის ევროპისკენ უმოკლესი გზაა.
ეს ინტერესი გაზსადენსაც უკავშირდება _ მართალია, გაზისმწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ ირანი თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი, ანუ თავის გაზს ვერ ყიდის. ამიტომ ირანისთვის საქართველოში ფეხის მოკიდება ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, როგორც კი საქართველოში ირანული ბიზნესის შემოსვლა და რელიგიურ სექტორში მოღვაწეობა დაიწყო, ამერიკელები შეშფოთდნენ, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერ ამის უკან, შეიძლება, ირანული სპეცსამსახური იდგეს.
ზოგადად, იცით, ირანელებმა რა მოინდომეს?
_ რა?
_ უნდოდათ, ინვესტიციები ენერგეტიკაში ჩაედოთ, რაზეც ამერიკელებმა ერთი ამბავი ატეხეს და აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილა, რომ ამ თამაშისთვის თავი დაენებებინა.
ირანს თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთი ახალი მოთამაშე გაჩნდა _ ისრაელი, რომელიც პირდაპირ ირანზეა მიბმული.
_ ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ?
_ ისრაელის სპეცსამსახურებისთვის საქართველო სამუშაო ველია, ანუ საქართველოს თავისუფალი მიმოსვლა მხოლოდ ირანთან კი არა, ისრაელთანაც აქვს. ირანელი ბიზნესმენები ირანიდან, რომელიც ჩაკეტილი სივრცეა, საქართველოში იყრიან თავს.
მოკლედ, ისრაელის სპეცსამსახურები ირანელებთან ოპერატიულ კონტაქტებს ამყარებენ.
_ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ ბოლო დროს ებრაელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნება.…
_ დიახ, სასტუმროები ისრაელის მოქალაქეებითაა გადაჭედილი, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის კარგია, მაგრამ ჩვენმა სპეცსამსახურებმა ყურადღება უნდა დააწესონ, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ირანისა და ისრაელის სპეცსამსახურების ჭიდილი მიმდინარეობს.
ირანელები საქართველოში შემოვიდნენ თუ არა, კულტურულ-საგანმანათლებლო კერების გახსნა დაიწყეს. მაგალითად, თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე, კავკასიურ-ირანული ინსტიტუტი გახსნეს, რომელსაც ის პიროვნება ხელმძღვანელობდა, რომელმაც, მოგვიანებით, ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირი გახდა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირანის საელჩოს თანამშრომელ ჩაჰაბორდთან, რომელიც ჩვენი სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში არაერთხელ მოხვდა.
_ ოპერატიული თვალთვალი ქართველ მაღალჩინოსანზეც მიმდინარეობდა?
_ მას პირდაპირ ვერ დავადებ ხელს, რომ ირანულ ინტერესებს ატარებდა, თუმცა არსებობდა ინფორმაცია, რომ ოპერატიულად საინტერესო კონტაქტები ჰქონდა.
სხვათა შორის, მსმენია, რომ თავის დროზე საქართველოს კონტრდაზვერვა საიდუმლო საქმეზე მუშაობდა, რომლის კოდური სახელიც „შაკალი“ იყო…
ისიც მსმენია, რომ ირანელები ქვემო ქართლში, მაჰმადიანებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში, ისეთ ახალგაზრდებს არჩევდნენ, რომლებიც ძალიან გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და ირანში, ქალაქ ყუმში მიჰყავდათ, სადაც ისლამური ფუნდამენტალიზმის მთავარი სასწავლებელია და სადაც სასულიერო ლიდერებს ამზადებენ.
ამ ახალგაზრდებიდან ბევრი მარნეულსა და ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონში, როგორც სასულიერო ლიდერი, დღესაც მოღვაწეობს.
_ ამაში ცუდი რა არის?
_ როგორ გგონიათ, 16-17 წლის ბავშვს ირანში რომ წაიყვან და ტვინს გამოურეცხავ, საქართველოში დაბრუნებული რას იქადაგებს? ბუნებრივია, _ შიიზმს და ეს მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანების აბსოლუტური უმეტესობა სუნიტია.
იცით, შიიზმის ქადაგება რას გამოიწვევს?
_ რას?
_ აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფოს გაღიზიანებას.
სხვათა შორის, აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმური ქვეყანაა, ისეთი მიმდევრობის ლიდერებს, როგორიც, მაგალითად, ვაჰაბიზმი და შიიზმია, სასულიერო მოღვაწეობა კანონით ეკრძალებათ.
ქვემო ქართლიდან მოსახლეობის მიგრაცია აზერბაიჯანში, ცხადია, ხდება. ქვემო ქართლი კი ირანული სპეცსამსახურების პლაცდარმია.
საერთოდ, ირანის სპეცსამსახური ძალიან ძლიერია და მისი ერთ-ერთი მიმართულება რელიგიის საფარქვეშ სადაზვერვო საქმიანობაა.
_ ვატყობ, კარგად ხართ ინფორმირებული და ისიც გეცოდინებათ, ვაჰაბიზმმა საქართველოში ირანული სპეცსამსახურების ხელშეწყობით მოიკიდა ფეხი?
– არა. საქართველოში ვაჰაბიტები პირველად ე. წ. პირველი ჩეჩნური ომის დაწყების დროს, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდნენ. მაშინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში, ანუ მწერალთა სახლში, „აზიის მუსლიმანთა კომიტეტი“ ფუნქციონირებდა, რომლის სათავო ოფისიც ქუვეითშია. საუდის არაბეთი ვაჰაბიტური მიმდინარეობის, ასე ვთქვათ, მექად ითვლება. ისიც ცნობილია, რომ საუდის არაბეთი აშშ-ის მოკავშირეა.
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ აშშ-ის სპეცსამსახურები საუდის არაბეთის სასულიერო მოღვაწეებს შესაძლოა, იმისთვის იყენებდნენ, რომ ჩეჩნეთში შეეღწიათ.
2004 წლის ზაფხულში საქართველოში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შესახებაც არ გახმაურებულა, მაგრამ ვიცი, რომ ამ სპეცოპერაციის დროს დიდი რაოდენობით ვაჰაბიტური ლიტერატურა ამოიღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში ვაჰაბიტური მოძრაობის მომძლავრება სახიფათოა.
_ „აზიის მუსლიმთა კომიტეტი“ რა მუშაობას ეწეოდა?
_ კომიტეტში სუნიტური მიმდინარეობის სულიერი მოღვაწეებიც დადიოდნენ… საერთოდ, ვაჰაბიზმი ფუნდამენტალისტური მიმდინარეობაა, რომლის წიაღშიც, თავის დროზე, ბინ ლადენი გაჩნდა.
საზღვრების გახსნა კარგია, მაგრამ ამ პროცესს ყოველთვის სპეცსამსახურები მოჰყვებიან.
_ ანუ?
_ საქართველოს უვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყანასთან აქვს და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენს ტერიტორიაზე რამდენი სპეცსამსახურის თანამშრომელია, რომლის მთავარი სამიზნეც, მაგალითად, ირანია.
ამიტომ, რა გარანტია გვაქვს, რომ ირანისა და თუნდაც ისრაელის სპეცსამსახურები საქართველიში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ დაიწყებენ? _ ისრაელის მიზანი ხომ ირანში შეღწევაა.
_ ამით საქართველო რას დაკარგავს?
_ არაფერს, უბრალოდ, ზედმეტ თავის ტკივილს გავიჩენთ. მაგალითად, ისრაელის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულმა ირანელებმა შეიძლება, ირანში ტერაქტი მოაწყონ. მიჰყვებიან გამოძიებას და აღმოაჩენენ, რომ ირანელები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ მომზადებულნი. ეს კი საქართველოს დიდ დარტყმას მიაყენებს.

გიორგი აბაშიძე