სამოსელი პირველისა, ანუ აქა ამბავი მიშას პიჯაკებისა, რომელიც პატრონსაც უკვე მაგრად კიდია…

21

მიშას პიჯაკებს თვალები რომ ჰქონოდათ და გაოცების უნარი, მათი პატრონის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ორჯერ გაოცდებოდნენ: ერთხელ, როცა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გარდერობში დაკიდეს და მეორედ, როცა კანცელარიაში, მისაღებში მიიტანეს და იქ გადაკიდეს.

იმ დღეებში არავის გასჩენია შეკითხვა: რა უნდოდა მიშას პიჯაკებს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში? თუ ისინი არ იყო პირადი საკუთრება, მაშინ მიშას უნდა დაეტოვებინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და თუ პირადი იყო, სახლში უნდა წაეღო, ან იქ, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, დროებითაა და იმისთვის წავიდა, რომ ჩვენ მისგან დავიღალეთ…

ისე, თუ გახსოვთ, ბოლოს, აი, ის, კუბოკრული პიჯაკი უყვარდა განსაკუთრებულად, ეკრანებზე რომ გაიელვა – სულ ის ეცვა და როცა 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს საარჩევნო უბანში მივიდა, მაშინაც მასში იყო გამოწკეპილი – რაღაც მაგია ჰქონდა, ეტყობა, მაგ პიჯაკს…

ყველაფერი ყველაფერი და მიშაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, ცალ-ცალი კალოშით მოვიდა პოლიტიკაში და ქიშმირის პალტოთი წავიდაო, მაგრამ ფაქტია, ის შვიდი პიჯაკი მას სწორედ იმან გახადა, ვისთვისაც ეგონა, რომ ეცვა – ანუ ქართველმა ხალხმა. ახლა მიშა აშშ-დან გვსაყვედურობს, – რა იყო, თქვე კაი ხალხო, შვიდ პიჯაკსა და ერთ პალტოს მაყვედრითო? ფაქტია, რომ ვაყვედრით, აბა, რას ვშვრებით? – ამასაც ქართველი ხალხის სახელით ვაკეთებთ.

მაგრამ, ეტყობა, ჩვენ ის ხალხი ვართ, ჩხუბის მერე რომ გვჩვევია მუშტების ქნევა. ხომ ყველა ვხედავდით, რომ მიშას ეს პიჯაკები ეცვა ხოლმე და არც ერთხელ არ გვიკითხავს, – ბიძიკო, რომ გამოჭიმულხარ მაგ პიჯაკში, სად შეუკვეთე და რამდენი გადაიხადეო? ჩვენ მერე გვიყვარს შეკითხვების დასმა, კაცი რომ თანამდებობას დატოვებს.

ამიტომ, ალბათ, ამ ხელისუფლებასაც მერე ვკითხავთ, როცა ხელისუფლებაში არ იქნება, – კაცო, კი გავიგე, რომ მიშამ პიჯაკები ბიუჯეტის ფულით იყიდა, მაგრამ ერთი მითხარი, თუ კაცი ხარ, მაგ პიჯაკებსა და პალტოში დახარჯული თანხა უფრო მეტია, თუ 48 მილიონი, რომელიც პრემიის სახით გამოიწერეთ ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის თავზეო? და იმასაც ვკითხავთ, ალბათ, მაგ 48 მილიონს რა უქნეს – ქველმოქმედებაში დახარჯეს, პიჯაკები და კაბები შეიძინეს, თუ სულაც, ქარს გაატანეს? მე შენ გეტყვი და, გაუჭირდებოდათ ძვირადღირებული ნივთებისა და აქსესუარების შერჩევა – უშიშროების საბჭოს მდივანი არ იყო, ლეპტოპის ჩანთაში რომ უთუსბირი გადაიხადა?

მოკლედ, პიჯაკებს დავუბრუნდეთ. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მიმდევრობის ქართველი მომხრე მხოლოდ ერთ რამეზე არ დაობს – მიშა გენიალური „პიარშიკი“ იყო. იყო, რა – ახლაც არის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მიშამ „პიჯაკების რაუნდი“ ხელისუფლებას აშკარად მოუგო. თანაც, ეს „პიჯაკების სპექტაკლი“ გვიან მოიფიქრეს, თორემ ცოტა ხნით ადრე, როცა „რუსთავი 2“-ში ჩაერთო, მიშა იტყოდა, მაგ პიჯაკებს მალე დაგიბრუნებთო. მერე დასხდნენ და მოიფიქრეს, – მოდი, ახლა ვნახოთ, რა შეგვიძლია, ამ ბრალდებიდან ჩვენს სასარგებლოდ გამოვადნოთო და ეს მოიფიქრეს.

საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა და ახლა კიდევ ერთი პარადოქსი ისაა, რომ მიშას პიჯაკებმა დაკარგული ნივთების ბიუროში დაიდო ბინა. არადა, პიჯაკები ისევეა დაკარგული ნივთი, როგორც ახლა მიშას ეძებენ შესაბამისი ორგანოები, შიდა ძებნის ფარგლებში, საქართველოში. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ეს პიჯაკები სუვენირივით გახდებოდა და შესაძლოა, აუქციონზეც გაყიდულიყო. ვინ დაგიჯერებს, თორემ ახლაც რომ გაიტანო აუქციონზე, შეიძლება კი ამოიღოს ის თანხა, რაც მათ შეკერვა-შეძენაშია დახარჯული, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მიშა ისევ მიშაა. ალბათ, ამის დროც მოვა – როცა დავლაგდებით. ბოლოს და ბოლოს, დიქტატორების პიჯაკები და სხვა ნივთებიც ხომ იყიდებოდა?

კაცმა რომ თქვას, რამდენადაც ძლიერია მიშა პიარში, იმდენად სუსტია მოქმედი ხელისუფლება ამ საკითხში. რა უნდოდა ახლა ამ „პიჯაკების რაუნდის“ მოგებას, ან ღირსეულად მაინც დასრულებას? მანქანაში კი არ შევუგდებდი და კი არ წამოვეჭიმებოდი იმ კაფანდარა გოგოს, გამოვიყვანდი ვინმე დაბალი რანგის მოხელეს ტელევიზიით, რომელიც იტყოდა, რომ პიჯაკებს სახელმწიფო გადასცემს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

სანამ იტყოდეთ, – სოფლის მეურნეობის სამინისტრო რა შუაშიაო? მე მოგახსენებთ, – პიჯაკები საფრთხობელების დასამზადებლად გამოდგებოდა. აბა, წარმოიდგინეთ ასეთი სიუჟეტი: სოფლის მეურნეობის მუშაკები რომელიმე სოფელში ჩადიან, მოსახლეობას ხვდებიან და ბოლოს ეუბნებიან, – აი, ჩვენ ერთ პიჯაკს გადმოგცემთ, რათა ყანაში საფრთხობელა გააკეთოთ… რითაა ცუდი იდეა? ჯერ ერთი, მიშას შიშით ცაში და ყანაში ფრინველი ვერ გაიჭაჭანებდა და მეორეც, პრეზიდენტყოფილიც დაფასდებოდა – მისი სამოსი მთელ საქართველოში იქნებოდა გადანაწილებული… არა, არა, არ უქნია ეს მთავრობა ღმერთს პიარში, რა…

ისე, ძალიან საინტერესოა, ეს მიშა ამ პიჯაკებსა და პალტოს რომ ყიდულობდა, ჰალსტუხებსა და ფეხსაცმელსაც ხომ მოაყოლებდა ხოლმე (კაი, შარვალს თავი გავანებოთ)? რატომ არ იცის ერმა, რამდენი იხარჯებოდა მიშას ფეხსაცმელში, რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა და რამდენი ჰალსტუხი? თანაც, ზოგი ჰალსტუხი ხომ პიჯაკზე ძვირიც ღირს? სიმბოლურიც იქნებოდა, პროკურატურა მიშას ჰალსტუხებს შესდავებოდა: მაგალითად, იპოვიდნენ ქვითარს 32 ჰალსტუხზე, ჩაატარებდნენ აღწერას, დათვლიდნენ რეზიდენციაში დატოვებულ ჰალსტუხს და თუ აღმოჩნდებოდა, რომ იქ 32 კი არა, ვთქვათ, 24 ჰალსტუხი იყო დატოვებული, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი იმ ბრძენი კაცის დარად იხუმრებდა: „ჰალსტუხებში დანაკლისი აღმოჩნდა, ეტყობა, ბატონი პრეზიდენტი ძველ ჩვევას არ იშლიდა და ჰალსტუხებს მიირთმევდა“, _ ყველაზე ხმამაღლა კალაძე გაიცინებდა, მერე კი ამ ხუმრობას მედია აიტაცებდა და… არა, ხომ ვთქვი ადრეც, პიარი არ უვარგათ-მეთქი…

ახლა კი, რა… კიდია მიშას პიჯაკები სადღაც, დაკარგული ნივთების ბიუროში, მტვრიან გარდერობში. „დგანან და ელიან“, იმისა არ იყოს, კიდია და ელიან… ელიან, როდის შესძახებს ვინმე: „გამოიღეთ სამოსელი პირველი(სა) და შეჰმოსეთ მას“… მაგრამ ეს პიჯაკები, სინამდვილეში, მგონი, პატრონსაც უკვე მაგრად კიდია…