„დაიკარგა თუ არა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან საქართველო?!“

12

ცოტაც და ნატო უელსის სამიტს ჩაატარებს, რომელზეც დიდი ხნის ნანატრ მაპს არ მოგვცემენ – ეს უკვე ცნობილია. თუმცა სანუგეშო ის არის, რომ ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის ხარისხი გაიზრდება. თავისთავად, ესეც ძალიან კარგია – ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით დასავლეთთან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღეს მსოფლიო  პოლიტიკაში შექმნილი სიტუაციის გამო მეტი დივიდენდების მიღებაც კი არის შესაძლებელი. თუმცა ამ შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელთან – ირაკლი ცქიტიშვილთან:

_ ოფიციალურად გაცხადებულია, რომ ეს იქნება გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი. მართალია, ეს არ ნიშნავს მაპს, სამაგიეროდ იქნება ნატოსთან დაახლოების კიდევ ერთი ეტაპი. აქ საგანგაშო არაფერია და არც ნატოს უწერია წესდებაში, რომ აუცილებლად მაპი უნდა მიანიჭონ ნატოში შემსვლელ რომელიმე ქვეყანას. მოკლედ, ყოველ შემთხვევაში, წელს ნატო არ არის მზად გაფართოებისთვის, არც სამიტი გულისხმობდა თავიდანვე გაფართოების თემას, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა იქნება უფრო მეტი ინტეგრაციის პაკეტი.

_ გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რით შეიძლება გამოიხატებოდეს უფრო მეტი თანამშრომლობა და ინტეგრაცია?

_ მე როგორც გავიგე, ნატოს წარმომადგენლობა გაიზრდება საქართველოში; ასევე დასრულდება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები ნატოსთან დაახლოების კუთხით.  იგულისხმება ჩვენი ჯარის სტანდარტიზაციის მეტი დაახლოება ნატოს სტანდარტებთან.  ფაქტობრივად, ეს არის ბოლო ეტაპი, რომელმაც ჩვენი თავდაცვის სისტემა ნატოს მოთხოვნებს სრულიად უნდა გაუთანაბროს  და ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

_ მოდით, ვისაუბროთ, რას ნიშნავს ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება? თუ გულისხმობთ ანტიტერორისტულ მომზადებას, ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა; სამაგიეროდ, სპეციალისტთა აზრით, ჩვენს ჯარს არ შეუძლია შეასრულოს ის მთავარი ფუნქცია, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია.

_ ჯერ განვსაზღვროთ, როცა ვამბობთ: „არ შეუძლია თავის დაცვა!“ ვისგან არ შეუძლია? თუ მე არ ვიცი, რომელი სპეციალისტები ამბობენ ამას, რაც თქვენ მკითხეთ, შიდა სამხედრო კონიუნქტურა მათთვის, ალბათ, უფრო ცნობილია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ერთადერთი პატარა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს არის ისრაელი. სხვა ასეთი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენი მტერი კი გაცილებით დიდია თავისი სიმძლავრით, ვიდრე ისრაელის ყველა მტერი ერთად აღებული! მაგრამ, ამის მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ნატოს არც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული, თუნდაც იგივე გერმანია და საფრანგეთი, არ არიან მზად, მარტო გაუმკლავდნენ ისეთ მტერს, როგორიც არის რუსეთი. მხოლოდ აშშ შეგვიძლია გამოვაკლოთ ამ რიცხვს.

ახლა რაც შეეხება ჩვენი ჯარის მომზადებას: დიახ, ქართული ჯარი მოამზადეს ამერიკელებმა და დღესაც მზადდება კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად და არა საყოველთაო თავდაცვისთვის. ვფიქრობ, რომ ამაზე, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს არა ნატომ და ამერიკულმა მხარემ, არამედ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ხელისუფლებამ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გვინდა, ჩვენ გვინდა მხოლოდ იმისთვის შევესაბამებოდეთ ნატოს სტანდარტებს, რომ ნატოში შევიდეთ; ანუ რა ამოცანას და მიზანსაც ემსახურება ამ შემთხვევაში ხელისუფლება, იმ მიზნისკენ მივდივართ.  შესაბამისად, ხელისუფლების მიზანი დღეს არ არის საყოველთაო თავდაცვისუნარიანობა და თავდაცვითი ჯარის შექმნა მთელი თავისი ინფრასტრუქტურით.

_ წინა ხელისუფლების დროს იყო ეს მიზანი?

_ როგორ გითხრა… ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ხელისუფლება არ ხედავს რუსეთში განსაკუთრებულ მტერს. თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ, – წინა ხელისუფლება თუ ხედავდა ამას, მერე რა ხეირიო? მოდით, განვმარტოთ, თუ საიდან დაიწყო წინა ხელისუფლებამ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ დაიწყო ნულიდან – როდესაც ჯარისკაცს თავისი ჩექმა და ტანსაცმელი არ ჰქონდა… ამიტომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჯარზე და ჯარის ფორმირებასა თუ მთლიანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ეს არ გაკეთდება ორ, ან, თუნდაც, ოთხ წელიწადში, მაგრამ კურსი უნდა იყოს აქეთკენ აღებული. ვფიქრობ, რომ აგვისტოს ომმა დააჩქარა ეს პროცესი, მაშინ როდესაც დაიწყო თბილისის ირგვლივ თავდაცვის ზღუდეების აგება, თუმცა ამ წუთას რა მდგომარეობაა, ჩემთვის რთული სათქმელია…

_ ჩვენ უკვე დავწერეთ ამ თემაზე, ზღუდეების მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ რაც გაკეთდა, იმაში დიდი ფულია გადაყრილი.

_ დიდი ფული სჭირდება ამის გაკეთებას. თვითონ საკითხია დიდი და მნიშვნელოვანი, ამიტომ ფულის გადაყრაზე ლაპარაკი უმართებულოდ მიმაჩნია. ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა. ვგულისხმობ ფინანსებს, თუ რა დაიხარჯა;  მეორე მხრივ, არც არავინ არ დაიწყებს იმის აფიშირებას, თუ რა და როგორ გაკეთდა.

_ ირაკლი, ინფორმაციის საიდუმლო ხასიათს არ ვგულისხმობ. საუბარია იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი ტიპის თავდაცვის ზღუდეების კეთება უაზრობაა და მას სამხედრო ფორპოსტის დანიშნულება აღარ აქვს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მასზე გახარჯულია მილიარდი ლარი და აქედან მხოლოდ 200 მილიონი არის ათვისებული… მაგრამ, მოდით, უფრო აქტუალურ თემას შევეხოთ: უკრაინის სიტუაცია აუცილებლად აისახება საქართველოზე და იქნება ცვლილებები.

_ უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავის სამხედრო სპეციალისტებს და ინსტრუქტორებს აგზავნის იქ კონკრეტული მიზნებითა და ამოცანებით, როგორც ასეთი – სრულმასშტაბიანი შეჭრა – რუსეთმა არ განახორციელა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რუსეთს სრულმასშტაბიანი ომი აქვს უკრაინასთან, არ შეიძლება. თუმცა საინტერესო ის არის, რომ პუტინმა მორევში შეტოპა, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. დღეს უარიც რომ თქვას სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე, პუტინი ამით დაკარგავს გავლენას რუსეთში და შეიძლება საკუთარი ხალხი მოუტრიალდეს. მეორე მხრივ, თუ პუტინმა გააგრძელა ეგ სიტუაცია, იგი საბოლოოდ დაკარგავს ნდობას უკვე მსოფლიო მასშტაბით და ეს პროცესი,  პრინციპში, უკვე მიმდინარეობს კიდეც. მოკლედ, ორივე შემთხვევაში რუსეთის მოსახლეობა დაზარალდება და, შესაბამისად, მისი ნდობა პუტინისადმი საგრძნობლად დაეცემა. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია,  გარდა ერთისა, როდესაც შეიძლება რუსეთმა ფორსირებულად მოახდინოს მთელი უკრაინის დაპყრობა და ევროპის ფაქტის წინაშე დაყენება, რაც, ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფერო უფროა, – ყველა ვარიანტში წაგებულია პუტინის ხელისუფლება.

აქ საინტერესოა ის გარემოებანი, რომლებიც აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაზე. პირველ რიგში: ჩვენ უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ანუ ჩვენ კი გვაქვს ეს მიმართულებები ნატოსკენ, მაგრამ ბოლო დროს საქართველო დაიკარგა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. სამწუხაროდ, საქართველოს ხმა არსად არ ისმის. ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი აქტიურობით უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას და შესაბამისად – დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ. უნდა ვიყოთ ცოტა მეტად აგრესიულები რუსეთის მიმართ, ასევე ცოტა მეტად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც  დღეს გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა გარკვეული ქვეყნების საქონელზე და ჩვენ შეგვიძლია, გარკვეულწილად, ჩავანაცვლოთ ჩვენი პროდუქციით. მოკლედ, არ უნდა დავიკარგოთ მსოფლიო რუკაზე, ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს და უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა იმისთვის, რომ  გავამახვილებინოთ დანარჩენ მსოფლიოს ყურადღება ჩვენს დევნილებსა და დაკარგულ ტერიტორიებზე. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კარგად ხედავს რუსეთის სახეს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ უნდა შევახსენოთ, რომ ეს არ არის პირველი ოკუპაცია და რუსეთის პირველი შეჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე! რომ საქართველოს საკითხი დღესაც მოუგვარებელია! სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, როდესაც ლაპარაკობენ უკრაინის გამო რუსეთის მიმართ მსოფლიო სანქციებზე, საქართველო არსად არ იგულისხმება და ჩვენზე არავინ საუბრობს.

_ გეთანხმები, ირაკლი და ჩვენმა გაზეთმაც აკადემიურად არაერთხელ ისაუბრა ამ საკითხზე, მაგრამ მეორეცაა: გეოპოლიტიკური ჭიდილი მიმდინარეობს და ჩვენ საკმაოდ სუსტები ვართ, რომ მასში მონაწილეობა მივიღოთ, ბოლო ოცი წლის მანძილზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ. იქნება და აქტიურობა არც არის საჭირო?

_ ჩვენ რაღაც პროცესები უნდა გავააქტიუროთ, არ უნდა გავჩერდეთ. აქ არ არის საუბარი რაღაც სამხედრო ოპერაციებში ჩვენს მონაწილეობაზე. საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველგან ისმოდეს ჩვენი პრობლემატიკა. საუბარია იმაზე, რომ სადაც ახსენებენ უკრაინას, იქვე აუცილებლად უნდა ახსენონ საქართველოც. ამას ვგულისხმობ. არ უნდა ვიყოთ ჩუმად და ყოველ წუთს უნდა შევახსენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოა რუსეთის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი და რაც დღეს მიმდინარეობს უკრაინაში, ეს საქართველოში დაწყებულის გაგრძელებაა.

_ ირაკლი, „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მათი ლიდერის წინააღმდეგ გამოცხადებული ძებნა და სააკაშვილის ციხეში ჩასმის სურვილი ძალიან უშლის ხელს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებულობას.

_ ჯერ ერთი, სააკაშვილი თავისით თუ არ ჩამოვა და თავს არ შემოყოფს აქ, მას ისე არავინ ხელს არ მოკიდებს. მეორეც, დავუშვათ და ეს მაინც მოხდა. ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს მართლა იქნება ძალიან დიდი პრობლემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის.

_ რატომ იქნება დიდი პრობლემა?

_ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მსოფლიოში არავის აქვს ჩვენი სასამართლოს ნდობა, მეორეც – მსოფლიომ ვერ დაინახა, რომ  ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ობიექტურად გამოიძიოს და არა პოლიტიკურად დევნოს წინა ხელისუფლება.

_ ირაკლი, რომელ მსოფლიოზე საუბრობ, კარლ ბილდი მსოფლიოს აზრს გამოხატავს?  თანაც, სასამართლოს ნდობას რომ  ამბობ, ეს სასამართლო სააკაშვილმა არ შექმნა?

_ როცა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური სტრუქტურები ხმამაღლა არ ამბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ აძლევენ შანსს ჩვენებს, ძალიან ღრმად არ შეტოპონ. რამდენადაც ვიცი, ამერიკის მხარემ არაერთხელ მოუწოდა, – თუ რამეს აპირებენ, ისე უნდა განახორციელონ, რომ მის სამართლიანობაში ეჭვი არავინ შეიტანოს. ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. თუმცა ობიექტურობისთვის ისიც მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, იმავე მსოფლიოში არის გარკვეული ძალები, რომლებიც ამ ახალ ხელისუფლებას უჭერენ მხარს. ასეთი ლობი ნამდვილად არის, მაგრამ კარლ ბილდი ხელწამოსაკრავი კაცი არ არის და არც სხვა. როდესაც ოფიციალური ტრიბუნიდან ისმის, რომ ის ვიღაცის მოსყიდულია, ან ვინმეს ინტერესებს იცავს, ასე საუბარი არასერიოზულია და ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ.

_ ხელწამოსაკრავი არის თუ არა, ესეც სადავოა, მაგრამ გამორიცხავ, რომ მართლა მოსყიდულები არიან „ნაციონალების“ მიერ?

_ მე არაფერს არ გამოვრიცხავ,  უბრალოდ, ვამბობ, რომ ასე საუბარი ევროპის წამყვან ლიდერებზე ბევრს არაფერს მოგვცემს…

_ კარლ ბილდი არ არის ევროპის წამყვანი ლიდერი. თვითონაც აღიარებენ „ნაცები“, რომ ლობში იხდიდნენ მილიონებს. სხვათა შორის, ამავე ნომერში ვწერ, რომ სააკაშვილის ალაპარაკებაც არ აწყობთ და ამიტომ ებღაუჭებიან, რომ დაჭერილმა არაფერი თქვას.

_ ეგ შეიძლება, უბრალოდ, ვარაუდის დონეზე იყოს, როგორც ერთ-ერთი ვერსია, იმიტომ რომ ასეთ სიტუაციაში ვერსიები შეიძლება ძალიან ბევრი გაჩნდეს. ალბათ, ყველა ვერსია, ამავდროულად, ლოგიკური იქნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ შენ რა გინდა დაინახო და როგორი მიმართულება მისცე ამა თუ იმ ვერსიას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც სათქმელია, ჩვენ რამდენად გვაწყობს ეს ყველაფერი? მეორე კითხვასაც დავსვამ, – რატომ არავინ საუბრობს იმაზე, რაც სააკაშვილამდე იყო? ამაზე არავინ არაფერს ამბობს და რატომ არის მხოლოდ მიშა აქტუალური? იმიტომ, რომ სწორედ მიშაზე ანგარიშსწორებაზეა საუბარი და არა სამართლიანობის აღდგენაზე. სამართალი თუ გვინდა, მაშინ სულ თავიდან უნდა დავიწყოთ და აღვადგინოთ.

უბრალოდ, იმას ვამბობ, რასაც ვხედავ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთელი ხელისუფლება იმაზეა მიმართული, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლების საქმეების გამოძიება მოხდეს. ამის მეტი ქვეყანაში არაფერი კეთდება. ფაქტია, რომ  არ გაკეთებულა ამ ორი წლის განმავლობაში. ძალიან ცუდი სიტუაციაა. აქ არ არის საუბარი სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების დაცვაზე. კი ბატონო, ქვეყანაში მაშინ იყო ფსიქოზური სიტუაცია, მაგრამ დღესაც იგივე სიტუაციაა. ხომ  მოხვედი? მაშინ უკეთესი გააკეთე, მაგრამ, სამწუხაროდ, უკეთესის ნიშნები არ არსებობს.

_ ირაკლი, უკეთესის ნიშნები ნამდვილად არსებობს, თუმცა ამას ახლა არ ჩამოვთვლი. იმაში კი დაგეთანხმები, რომ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი.

_ მე და შენ ასეთ საკითხში ვერ ვრიგდებით ხოლმე (იცინის), მაგრამ ფაქტია, რომ თუ მაშინ ხალხი დედას აგინებდა  ხელისუფლებას, დღესაც ისევ ისე აგინებს. რომელ უკეთესობაზე ვსაუბრობთ? მოკლედ, ნუ გავაგრძელებთ ამ ეტაპზე ამ თემას და უფრო ამომწურავი საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, ახლა კი ძირითად თემას დავუბრუნდეთ: რეზიუმე რომ გავუკეთოთ ჩვენს საუბარს, – უახლოეს მომავალში პოლიტიკურად არაფერს არ ველოდები. ხელისუფლება ისევ ისე გააგრძელებს თავის კურსს და იქნება წყნარად, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი. როგორც ბიძინამ დაგვიბარა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ რეგიონული მოთამაშე გეოპოლიტიკურ სივრცეში, წყნარად შევეცდებით მოვაგვაროთ ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში, ახალს ამ ხელისუფლებისგან არაფერს ველოდები, არადა, ეს აუცილებელია, რადგან ახლა პასიურ სიტუაციაში ყოფნამ ჩვენზე შეიძლება სამომავლოდ ძალზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

დავით დევიძე