რომან გოცირიძე: „მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოში ჩამოვა, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?!“

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით გამოწვეული საპროტესტო მუხტით ოპოზიციამ, რეალურად, ვერც ვერაფერი შეცვალა. ზოგიერთის აზრით გაერთიანებულმა ოპოზიციამ შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა. რევოლუციური სცენარი წარმატებით ვერ დასრულდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტების შემოკრება გადაწყვიტა და თავად ემიგრაციაში მყოფთა დახმარებით დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს გეგმავს.

რა დასკვნები გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? ფიქრობენ თუ არა, რომ საზოგადოების დაკვეთა ვერ შეასრულეს? გააანალიზეს თუ არა შეცდომები? რისთვის ემზადება გაერთიანებული ოპოზიცია და რამდენად რეალურად მიაჩნიათ მიხეილ სააკაშვილის გეგმები?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს განცდა ჰქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა და, მინიმუმ, ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნებოდა, ახლა საზოგადოების ამ ნაწილის უმრავლესობა იმედგაცრუებულია. რატომ ვერ შეასრულეთ საზოგადოების დაკვეთა?
_ არჩევნების შემდეგ განაწყენებული ამომრჩეველი, რომელიც ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად გამოვიდა, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ამოცანას უსახავდა, რომ, სულ მცირე, რიგგარეშე არჩევნებისთვის მაინც მიეღწია. მაგრამ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იმ პირობებში, რა პირობებშიც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, თუ ის საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება, როგორიც დღეს არის _ პროპორციული და მაჟორიტარული, ანუ შერეული სისტემა, სადაც კვლავ მაჟორიტარები ფეოდალებივით მოასხდებიან თავიანთ საარჩევნო ოლქებს და კიდევ უფრო მეტი ფორმით მოხდება როგორც ფულით მოსყიდვა, ასევე სანათესავოს სამსახურებიდან დათხოვნის ზეწოლა, რაც რეგიონებში კიდევ უფრო კარგად ჩანს, ბუნებრივია, ამ პირობებში შედეგი შესაძლებელია, იგივე ყოფილიყო. უსამართლოდ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა ისე, რომ საარჩევნო სისტემა არ შეცვლილიყო, ფაქტობრივად, მარცხისთვის იქნებოდა განწირული. არჩევნების დასრულების შემდეგ ვითარება ანალიზდება, თანაც საარჩევნო პერიოდი იყო და ამ დროს აქტივობები, ობიექტური მიზეზებით, ყოველთვის მცირდება, ეს დრო კი ოპოზიციისთვის საკმარისი იყო იმისთვის, რომ მომავლის გეგმები დაესახა.
_ მაშინ ასე გკითხავთ: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე თქვენი მოთხოვნები არასწორად გააჟღერეთ? თქვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გუნდის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა იყო.
_ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რიგგარეშე არჩევნები ამავე საარჩევნო კანონით უნდა ჩატარებულიყო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მათ შორის, ფილარმონიაში შეკრებაზე განვაცხადეთ, რომ ორეტაპიანი გეგმა გვქონდა. პირველი ეტაპი: ცვლილებები საარჩევნო კანონში, მათ შორის, ყველა ტექნიკური ხვრელის ამოვსება, რომელიც არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენება; მეორე ეტაპი: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. დღეს უკვე გაერთიანებული ოპოზიციის სახით დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ამ იდეის რეალიზება. იდეა გახლავთ შემდეგი: ხელისუფლება ვაიძულოთ, გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები. ამის მისაღწევად ახლახან კონფერენცია ჩატარდა, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, ორი სახელისუფლებო პარტიის გამოკლებით, ერთი „ქართული ოცნება“ და მეორე „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც „ქართული ოცნების“ სატელიტი ორგანიზაცია. საქართველოში ყველა პრობლემის სათავე ის არის, რომ ხელისუფლება დემოკრატიული მეთოდებით არ იცვლება, რომ არჩევნები ყოველთვის მანიპულაციის საგანი და არასტაბილურობის წყაროც ხდება. თუ არსებობს განცდა, რომ ადამიანებს არჩევანი მოპარე, ის აუცილებლად დაიცავს მის ხმას, რაც შესაძლებელია გადაიზარდოს სერიოზულ დესტაბილიზაციასა და რევოლუციებში. მაგალითად, „ვარდების რევოლუცია“. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნების გაყალბების რისკი მუდამ არსებობდა. ხალხი მთავრობებს გაუყალბებლად, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების გზით უნდა ირჩევდეს. ჩვენ, ყველა პარტიამ, უკვე დავიწყეთ ხელმოწერების მობილიზება. ეს არის ხელისუფლებაზე ზეწოლის დასაწყისი, რათა ჯანსაღი საარჩევნო კანონი შეიქმნას.
_ ზეწოლის სხვა ფორმების გამოყენებას თუ გეგმავთ?
_ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელმოწერებით შემოვიფარგლებით _ ზეწოლის სხვა ფორმებსაც გამოვიყენებთ, არც ერთ ფორმას არ გამოვრიცხავთ, ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ საელჩოებთან ურთიერთობა, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ ქუჩის აქციებსაც. ამ მიზნის მიღწევის ყველა კანონიერ რესურსს გამოვიყენებთ იმის მიხედვით, თუ რომელი მიდგომა იქნება შესაბამის ეტაპზე უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი.
_ ბრძანეთ, _ თუ არსებობს განცდა, რომ ადამიანს მოპარეს არჩევანი, ის აუცილებლად დაიცავს მის ხმას. ეს ხალხი ქუჩაში თავისი ხმების დასაცავად გამოვიდა. ოპოზიციამ ეს თუ მაშინ ვერ გამოიყენეთ, მით უმეტეს, საპროტესტო მუხტი ძალიან ძლიერი იყო, ახლა ამის გამოყენებას როგორ აპირებთ?
_ პროტესტის ყველა ფორმა გამოვიყენეთ, მათ შორის, ათასობით ვიდეოფირი და დოკუმენტი , რომელიც გაყალბების ფაქტებზე მიუთითებდა. არჩევნების შეფასებაში საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა მეტად არასახარბიელო იყო და ესეც მუშაობის ერთ-ერთი ფორმაა. მხოლოდ შიდა პროტესტით შედეგს ვერ მიაღწევ, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არ დაარწმუნე, რომ საქართველოში, ფაქტობირვად, ძალაუფლების უზურპაცია ხდება და ხელისუფლება არჩევნების გზით არ იცვლება. ძალიან დიდი გულუბრყვილობაა, ოპოზიციის ლიდერებს უსაყვედურო, რატომ არ ჩატარდა მასობრივი აქციები. პროტესტს ხალხის განწყობილება ქმნის და არა პოლიტიკური ლიდერების მოწოდებები. რამდენიც არ უნდა მოუწოდო ხალხს, თუ უკუპასუხი არ არის, ბუნებრივია, არაფერი მოხდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ აქციების მასშტაბურობას შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდისტულმა დეზინფორმაციამ შეუშალა ხელი. შეგნებული პროპაგანდა შემდეგი სახით მიმდინარეობდა: „ხომ ხედავთ, რევოლუციას აწყობენ, საბურავებს ამზადებენ“ და ა. შ. შეიძლება, მოსახლეობამ იფიქრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არსებითად არ წყვეტდა ხელისუფლების ცვლილების ბედს. დღეს ოპოზიციის გაერთიანების სულ სხვა ხარისხი იკვეთება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფერენციაში მონაწილე ყველა პარტია გაერთიანდება, მაგრამ მიზანი ერთია, _ არჩევნები ჩატარდეს სხვა სისტემით. ამ მიზნის გარშემო არ არსებობს ორი აზრი და არც ერთმანეთთან ურთიერთობის დისკომფორტი. ოპოზიცია ქვეყნის მომავლისთვის საფრთხედ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, ეს საკმაოდ სერიოზული შედეგია. როდესაც მთელი ოპოზიციის კოლექტიური ნება არსებობს, რომელიც ხალხის მიერ ხელმოწერებით განმტკიცდება, ამას აუცილებლად ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობაზე საერთაშორისო ზეწოლაც გაძლიერდება.
_ NDI-ის კვლევაზე მინდა გკითხოთ, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 12% აქვს. ეს იმ ფონზე, როცა 800 000-მა ამომრჩეველმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა ხმა. ამ შემთხვევაში თქვენი არგუმენტი ის არის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში სხვა პარტიებიც შედიან, შესაბამისად, ეს არ არის ასახული კვლევაში, ამიტომაც არის 12%. თუმცა შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ლოკომოტივს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდით. რით ახსნით კვლევაში ასეთ დაბალ მაჩვენებელს?
_ თუ „ქართულ ოცნებას“ 27% უჭერს მხარს, მაშინ გამოვაკლოთ 100%-ს 27%, ე. ი. 73% არ უჭერს მხარს.
_ იმ 73%-ში ხომ არიან ადამიანები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუჭერენ მხარს…
_ გასაგებია, მაგრამ სხვა პოლიტიკური ძალა ხომ უნდათ? ამიტომ განსხვავდება საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებისგან. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი არჩევანის წინაშე იდგა ამომრჩეველი, საპარლამენტოს შემთხვევაში კი მეტი არჩევანი ექნება, თან 3%-იანი ბარიერია და ბევრი პარტია გადალახავს. ეს არ იქნება ისეთი პარლამენტი, როგორიც დღეს გვაქვს, სადაც მხოლოდ 3 პარტიაა. „ენდიაის“ უნდობლობას არასდროს ვუცხადებთ, ეს გამოკითხვა იმ მომენტში არსებულ განწყობილებას გამოხატავს და შესაძლებელია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობაში იმედგაცრუება ყოფილიყო. ერთი რამ ფაქტია, რომ დარჩენილ ორ წელიწადში შეუძლებელია, ხელისუფლებისადმი სიმპათია გაიზარდოს იმიტომ, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ხელისუფლების სასარგებლოდ იმოქმედოს. სიღარიბე და კორუფციის მაჩვენებელი იზრდება, დღე არ გავა, რომ ბანკი არ დააყაჩაღონ, ფაქტობრივად, საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს, მოსამართლეები, რომლებიც გამოჩნდნენ და ინტერვიუებს აძლევენ ტელევიზიებს, საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებენ, როგორც ინტელექტუალური , ასევე ხელისუფლების წინაშე აშკარა მორჩილების თვალსაზრისით ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, მომავალ არჩევნებზე აისახება. ოპოზიციის მთავარი მიზანიც ესაა, რომ თუ არ აღმოიფხვრება, მაქსიმალურად შემცირდეს არჩევნებში ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. „შავ ფულს“ ყოველთვის გამოიყენებენ და ყოველთვის ექნებათ სასტარტო უპირატესობა. ეს ჩვენნაირ არადემოკრატიულ სახელმწიფოებშია სახელისუფლებო პარტიის უპირატესობა. ამას ემატება ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მისი რესურსები. მაგრამ მეორე ტიპის უპირატესობა, როგორიც არის საარჩევნო და მაჟორიტარული სისტემა, ამის აღმოფხვრის პირობებში ძალიან დიდი შანსი არსებობს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე პირველად მოვიდეს კოალიციური ხელისუფლება.
_ რამდენად რეალურია, რომ „ქართული ოცნება“, რომელსაც, სავარაუდოდ, კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მდგომარეობა, საარჩევნო სისტემის შეცვლას დათანხმდეს?
_ რა თქმა უნდა, ხელისუფლება არასდროს მოგართმევს ლანგრით იმას, რაც ჰგონია, რომ მას ეკუთვნის. დღეს ხელისუფლებას ჰგონია, რომ კანონის შექმნაზე მონოპოლია აქვს და ეს ასეც არის. მას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა (როგორიც უნდა, ისეთ კანონებს მიიღებს). მას იმაზე უარესი კანონის მიღება შეუძლია, ვიდრე დღეს არის, მაგრამ რადგან ვერ ღებულობს, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბარიერი არსებობს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრი.
რაც მიღებული აქვთ, ესეც ხომ საკმარისია!..
დღეს, ფაქტობრივად, ყველაფერი ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში _ ეს სახელმწიფოს ფუნქციების მითვისებაა. მან მიითვისა პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, პროკურატურა, მედიის დიდი ნაწილი და ფინანსურ სექტორშიც ზეწოლას ახდენს „თიბისი ბანკსა“ და სხვაზეც. სახიფათო ზღვარს გადასცდა ერთი ადამიანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების პროცესი. ბუნებრივია, რომ მითვისებულს არავინ დათმობს. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ხალხთან მუშაობა. როცა ვამბობთ, ხალხი რატომ არ გამოვიდაო, როგორც ჩანს, ამომრჩეველმა სათანადოდ ვერ გაიაზრა ის სიმახინჯე, რაც არჩევნების პროცესში გამოვლინდა და ოპოზიციამაც ვერ დავანახეთ. შეიძლება, ეს ოპოზიციის ბრალიც არის, შეიძლება, ხელისუფლებამ აჯობა მის ხელში არსებული ბერკეტით: სოციალური ქსელის კონტროლით, ფეიკნიუსებით, დაფინანსებული მედიით და ა. შ. „ენდიაის“ ბოლო გამოკითხვის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებაში მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება არ ჩანდა. ეს ძალიან სამწუხაროა. ოპოზიციამაც დავაკელით და ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ მთელი ის სიმახინჯე, რაც ამ არჩევნების პროცესში ხდებოდა. ამომრჩეველმა არ მიიჩნია, რომ არჩევნები იმ დოზით გაყალბდა, რომ მას უფრო მკვეთრი პროტესტი გამოეთქვა. შესაძლოა, ამ ადამიანებმა საპრეზიდენტო არჩევნები არ მიიჩნიეს ამ დონის სარეაგიროდ; შესაძლებელია, ჩვენი და ხელისუფლების ბრალიც იყო, როდესაც ვამბობდით, რომ არ არის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ეს არის უფლებდაცლილი პრეზიდენტი, რომ ეს არის ინგლისის დედოფალივით უუფლებო. მათ შორის, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც შეუწყო ხელი ამ აზრის გაღვივებას. ის ამბობდა, რომ ყველაფერი ჩამოართვეს და უუფლებო პრეზიდენტია. ასე ნამდვილად არ არის, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო და ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, მიუხედავად უფლებების მნიშვნელოვანი შეკვეცისა. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება შესაძლებელია, მოსახლეობაში ნიჰილიზმის გაჩენის მიზეზი ყოფილიყო.
_ მიხეილ სააკაშვილზე მინდა გკითხოთ: თქვენთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის, რამდენად რეალურია მიშას გეგმები, რომელიც ემიგრანტებს უკავშირდება?
_ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა ჩვენი ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელიც დღეს უცხოეთში ცხოვრობს (და ეს არის მილიონამდე ადამიანი, ფაქტობრივად, მეორე საქართველო), აბსოლუტურად ლოგიკური და პოლიტიკურად გამართლებულია, ვინაიდან ეს ადამიანები დღეს საქართველოს ეკონომიკის ღერძს წარმოადგენენ. საქართველოში 2018 წელს მხოლოდ ერთადერთი სწრაფი ფულადი გზავნილებით გადმოირიცხა 1.5 მილიარდი დოლარი, ამას თუ დავუმატებთ საბანკო არხებით, ჯიბით და ბინის საყიდლად გადმოგზავნილ ფულს, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს 2 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს არის, დაახლოებით, იმდენი, რამდენიც ტურიზმიდან შემოსავალია. ეს უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს სოფლის მეურნეობის ბაზარზე მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი. სწორედ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულზე დგას ლარის სიმყარე. საქართველოდან გასული მილიონი ადამიანი ნიშნავს იმას, რომ ამდენივე ადამიანთან ამყარებს მიხეილ სააკაშვილი კავშირს, მათ შორის, _ ფინანსურს. ეს კავშირი არ არის მხოლოდ ფინანსური ბმა, ეს არის ემოციური, პოლიტიკურ აზრთა გაცვლის კავშირი. ამიტომ ემიგრანტებთან შეხვედრები არის შიდაპოლიტიკური, მიძინებული ცხოვრების გაცოცხლება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც სამშობლოს დატოვება მოუწიათ. ძალიან ბევრს უკიდურესად მძიმე პირობებში, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის გარეშე უწევს ცხოვრება. აბსოლუტური უმრავლესობა არალეგალურად მუშაობს, მათ საარჩევნო ხმის უფლებაც არ გააჩნიათ. არჩევნებზე წასული ადამიანებიდან უცხოეთის საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 5000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ახალი შემადგენელი ნაწილი. ეს არის, ფაქტობრივად, სიახლე. დიასპორა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახდენდა გავლენას არჩევნებზე, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ორგანიზებული. ამას ახლა ორგანიზებული, სტრუქტურიზებული ფორმა ეძლევა, იქმნება უამრავი ორგანიზაცია დასავლეთის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში. რუსეთში ამის უფლებას არ მისცემენ, რეპრესიების ქვეშ მოჰყვებიან, მაგრამ რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის პატრიოტია _ განსაკუთრებით გამძაფრებული აქვთ სამშობლოს სიყვარული. იმასაც ხედავენ, საქართველოს დღევანდელ უბედურებაში რა როლი აკისრია რუსეთს.
_ როგორ უნდა დაბანდდეს 10 მილიარდის ინვესტიცია? საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებს.
_ როგორც კი შევარდნაძე წავიდა, საქართველოში უზარმაზარი ინვესტიციები შემოვიდა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს. ერთი ოცნება იყო, რომ ფული არ შემოსულიყო. რაც უფრო შემოდიოდა ფული, მით უფრო მყარდებოდა ლარი. 1 დოლარი ღირდა 2 ლარი და ჩამოვიდა 1, 44-მდე. ამას ჰქვია ჰოლანდიური სინდრომი, როდესაც რაღაც მიზეზით უცხოური ვალუტა გაჩნდება, ამ ვალუტის სწრაფი და ჭარბი შემოდინება იწვევს ადგილობრივი ვალუტის გამყარებას, რაც შემდგომ პრობლემას უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. მაშინ პრობლემა იყო არათუ ლარის გაუფასურება, არამედ ლარის ზედმეტი გამყარება. როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება მოდის, რომელიც კორუფციას ებრძვის და ბიზნესს თავისუფლებას აძლევს, ბუნებრივია, ინვესტიციები მოდის. როცა ვამბობთ, რომ შეიძლება, 10 მილიარდის ინვესტიცია სწრაფად შემოვიდეს, რატომაც არა?! ე. ი. მიხეილ სააკაშვილს რაღაც ინფორმაციები და კონტაქტები აქვს. დღეს საქართველოში საიდან გაჩნდა არაბული ინვესტიციები? საიდან გაჩნდა სასტუმროების ქსელი, სხვადასხვა საწარმო? საქართველოს მრავალი საუკუნის განმავლობაში არავითარი შეხება არაბულ სამყაროსთან არ ჰქონია. არათუ ინვესტიციები, დუბაიში პირველად რომ გაიხსნა სავაჭრო ხაზი, მაშინ გაფრინდა ქართველი არაბეთის ქვეყანაში. დღეს ეს ჩვენი სამეზობლოა, თანაც ძალიან ახლოსაა, სულ რაღაც, 1000-1500 კმ-ია. აზიური ინვესტიციები, ფაქტობრივად, იმ ხელისუფლების პერიოდშია საფუძველჩაყრილი. მან იმატა, თუმცა არა იმ ზომით… ხელისუფლების ცვლილებებს თავისთავად მოჰყვება კერძო ინვესტიციები.
_ კონკრეტულად გვითხარით, 10 მილიარდი საიდან უნდა მობილიზდეს?
_ ეს 10 მილიარდი არ არის არც მსოფლიო ბანკის, არც სავალუტო ფონდის ფული, არც ევროკავშირის ფულია, რომელიც საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე ისედაც მოდის. ამ შემთხვევაში საუბარია კერძო კაპიტალის შემოსვლაზე მსხვილი დასავლური კაპიტალების მხრიდან.
_ პერიოდულად აქტიურდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა. „ერთად სახლში“ მოძრაობის დაწყების შემდეგ ამაზე ისევ საუბრობენ და რაღაც ნაწილი გაზაფხულზე ელოდება. რას გვეტყვით ამის შესახებ? რამდენად რეალური მოლოდინი აქვთ თქვენს მხარდამჭერებს?
_ მიშას და არც სხვას არასდროს უთქვამს, რომ ამა და ამ რიცხვში ჩამოდის. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი ნების გარეშე საქართველოდან განდევნილია, ეს ფაქტია. მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოში ჩამოვა, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?!
_ ოდესმე, ცხადია, ჩამოვა, მე გაზაფხულზე გესაუბრებით…
_ ამ ხელისუფლების პირობებში მისი ჩამოსვლა უზარმაზარი რისკია, ამიტომ ეს დაბრუნება გარკვეულ გარემოებებზე იქნება დაკავშირებული. ხელისუფლების შეცვლის პირობებში სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, ვინაიდან ერთი კაცის მმართველობა აღარ იქნება, რომელიც ყველა ადამიანის ბედს წყვეტს, არც _ დევანდელი სასამართლო.
_ ხელისუფლების ცვლილებამდე ან ხალხთან ერთად ჩამოსვლის ვარიანტზე რას გვეტყვით, ესეც ხომ განიხილება?
_ რაც შეეხება არჩევნებამდე და ხალხთან ერთად მის ჩამოსვლას, ამას დრო გვაჩვენებს, ესეც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, თავად ხალხი იქნება თუ არა ადგილზე აქტიური. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ისე ჩამოვიდეს, რომ აქ ამის პირობები არ იყოს, ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ის მორიგი ძალადობის მსხვერპლი გახდება, ისევე როგორც მაშინდელი ხელისუფლების თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი.

ნენე ინჯგია