რატომ მიაჩნიათ პედაგოგებს კლასის დამრიგებლობა სასჯელად?!

sh4

განათლების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა. სასწავლო წლის ხანგრძლივობა 35 კვირამდე გაიზრდება, სადამრიგებლო საათი და მისი შინაარსი კი შესაბამისობაში მოვა განათლების ეროვნულ მიზნებთან. 2014-2015 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კლასის დამრიგებელმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. დამრიგებელს ევალება  იმუშაოს მოსწავლის პიროვნულ და მორალურ განვითარებაზე, მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლებაზე, თვალსაწიერის გაფართოებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე და ა. შ.  დაწყებით კლასებში უნდა ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ მოქმედ პედაგოგს, 55-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს თამარ რამიშვილს:

_ ეროვნულ სასწავლო გეგმაში სადამრიგებლო საათთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებები ფორმალობად მიმაჩნია. დავიწყებ იმით, რომ არსად, არც ერთი სიტყვით არ არის გათვალისწინებული ის უამრავი პრობლემა, რომელიც დამრიგებელს აქვს. პრობლემაა, რომ სკოლებში ვერაფრით დავამთავრეთ ქაღალდომანია. დამრიგებელი გამუდმებით სიებს ავსებს და ვერ გაუგია, რა აუცილებელია, სემესტრში სამჯერ მშობლების ერთი და იგივე მონაცემების გადაწერა? კლასში თუ ცვლილება და მოძრაობაა, კი ბატონო, მაგრამ თუ ყველა მონაცემი იგივეა, რა აუცილებელია, გამუდმებით ამის გადაწერა? აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დამრიგებელს გადატვირთულ კლასში უწევს შესვლა, სადაც 30 და 40 მოსწავლეა. დამრიგებლობა მარტო ის ხომ არაა, კლასში შეხვიდე და მოსწავლეს გაუბრაზდე, ან დაუყვავო? დამრიგებლობაში შედის მშობელთან ურთიერთობა, მოსწავლეების ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება და ათასი სხვა რამ. გაითვალისწინეთ, რომ სკოლაში ინკლუზიური ბავშვებიც არსებობენ და მათ განსხვავებული მიხედვა სჭირდებათ. დამრიგებელს, რომელსაც ისედაც უამრავი პასუხისმგებლობა აკისრია, კიდევ რომ ამდენ ვალდებულებას დაუმატებ, სახელფასო დანამატი არ უნდა გაუზარდო? 19-ლარიანი დანამატი დამრიგებლის დაცინვაა და სხვა არაფერი. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მასწავლებლების უმეტესობა დამრიგებლობით დატვირთვას კერძო მოსწავლის აყვანას არჩევს, რადგან შრომა შედარებით ნაკლებია და ანაზღაურება – გაცილებით მეტი.

_ ყველაფრის მიუხედავად, კლასის დამრიგებლობა მასწავლებლის ცოდნასა და პრესტიჟზე მეტყველებს.

_ ადრე მართლაც ასე იყო. პარმენ მარგველაშვილის დირექტორობის დროს მასწავლებლები დამრიგებლობისთვის რიგში იდგნენ. ცამეტი წლის წინათ, როცა ქვეყანაში მასობრივი გაჭირვება იყო, ბატონი პარმენი იმდენს ახერხებდა, რომ დამრიგებლისთვის 80-ლარიანი დანამატი მიეცა. ეს ადამიანი სკოლისთვის იყო დაბადებული და მისი დირექტორობის დროს წესრიგის დასამყარებლად არც მანდატური გვჭირდებოდა და არც – პოლიცია. სკოლას ისე მართავდა, რომ ხმას არ აუწევდა და ტონს არ შეიცვლიდა, მაგრამ თითოეული მოსწავლე თუ მასწავლებელი პასუხისმგებლობას გრძნობდა. დღეს, როცა კლასის დამრიგებლობა სასჯელად იქცა, სრულიად განსხვავებული ვითარებაა. არც ერთ მასწავლებელს დამრიგებლობა არ უნდა და ზოგჯერ დირექტორს ხვეწნა-მუდარა და ძალის დატანება უწევს, რომ ნორმალური მასწავლებელი დამრიგებლობაზე დაითანხმოს. ხომ შეიძლება, ამ ნორმატიულ აქტებზე ისეთმა ადამიანებმა იმუშაონ, რომელთაც სკოლაში უმუშავიათ, ან მასწავლებლებს ჰკითხონ რაღაც და ისე შეიტანონ კანონში ცვლილებები?! დამრიგებელი ისედაც დიდ დროს ატარებს კლასთან და ამას არც კანონში ჩადება სჭირდება და არც სპეციალურად გამოყოფილი საათი. როცა საჭიროება მოითხოვს, შეიძლება სკოლაში მთელი დღე დარჩე. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა კლასის დამრიგებლობის დროს ბავშვებს, ან მშობლებს შორის წარმოქმნილ გაუგებრობას საღამომდე ვაგვარებდი. ვისხედით, ვსაუბრობდით, გამოსავლის გზებს ვეძებდით. საათს კი არა, მთელ დღეს ვატარებდი სკოლაში.

_ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სადამრიგებლო საათზე უნდა მოხდეს წაკითხულის გააზრება, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ანალიზური წერა, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოება და ა. შ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, დამრიგებელი, რომელიც ფიზიკას, ან მათემატიკას ასწავლის, მოსწავლეს წაკითხულის გააზრებაში, ან ანალიტიკურ წერაში როგორ უნდა დაეხმაროს? თუ კლასის დამრიგებლობა მარტო ქართულის მასწავლებლების ხვედრია?

_ ჩვენთან 20 ქართულის მასწავლებელია. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, აქედან რამდენს უნდა დამრიგებლობა. რაც შეეხება წაკითხულის გააზრებას და ანალიტიკურ წერას, შარშან სადამრიგებლო საათი ტარდებოდა კატასტროფის თავიდან აცილებაზე და წელს წაკითხულის გააზრება იქნება. მე ქართულის მასწავლებელი ვარ და ამას ყოველ გაკვეთილზე ვაკეთებ, მაგრამ სხვა საგნის მასწავლებელი როგორ მოახერხებს, არ ვიცი? ამიტომ ვამბობ, რომ ცვლილებები ფორმალური იქნება და რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს. ჟურნალის წარმოებაზე დამრიგებლის დავალდებულება დაახლოებით იგივეა, რომ კანონში ჩაწერონ, დამრიგებელმა წერა-კითხვა უნდა იცოდესო. ყველა დამრიგებელს აქვს თავისი ჟურნალი თუ უბის წიგნაკი, სადაც საჭირო ინფორმაციას ინახავს. ამის კანონში ჩაწერა მასწავლებლის შეურაცხყოფაა და სხვა არაფერი. სირცხვილია და ცოდოები ვართ, ბოლოს და ბოლოს! რაც შეეხება  ზამთრის არდადეგების შემცირებას, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნათლისღების დღეებში მოსწავლეები სკოლაში არ მოვლენ. ამ დროს ვაკის სკოლების მოსწავლეთა უმეტესობა გუდაურშია. ყველამ იცის, რომ ის ორი კვირა მასწავლებლებმა ტყუილად უნდა იარონ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. ეს ფორმალობა არ არის?! სრულიად უსარგებლო ცვლილებების მიღების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის 25-მდე შემცირებისთვის ეზრუნათ. ამის გარდა, დამრიგებლობა რომ კონკურენტული და სასურველი გახდეს, აუცილებელია გაიზარდოს სახელფასო დანამატის ოდენობა. საუკეთესოზე საუკეთესო უნდა იყო, რომ დამრიგებლობა მოგცენ. კარგი იქნება, თუ ის ფული, რაც არაფრისმომცემ ტრენინგებზე იხარჯება, მასწავლებლისთვის ხელფასის გაზრდაზე დაიხარჯოს.

დღეს მასწავლებელს იმდენად მცირე ხელფასი აქვს, რომ ბევრი მშობელი პრეტენზიების გამოთქმისგან თავს იკავებს. საბაზო ხელფასი რომ მინიმუმ 500 ლარი გახდეს, უხარისხო სწავლებას არც ერთი მშობელი აღარ მოითმენს _ დირექტორთან მივა და ეტყვის: ის მასწავლებელი არ მინდა, იმიტომ, რომ კარგად არ ასწავლისო. აი, ასეთი რეალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა ზრუნავდეს განათლების სამინისტრო და მაშინ გახდება დამრიგებლობაც და მასწავლებლობაც პრესტიჟული. სამწუხაროდ, ამის ნიშნებს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ!

სადამრიგებლო საათს სიყალბედ და ფორმალობად  მიიჩნევს განათლების ექსპერტიც, მანანა ნიკოლაიშვილი:

_ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების გაცნობის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ხალხი, რომელიც ასეთ დოკუმენტებზე მუშაობს, ძალიან შორს არის სკოლიდან. სადამრიგებლო საათი რომ სიყალბე და ფორმალობა იყო, თავის დროზე იმიტომ გაუქმდა, თორემ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს არსებობდა. საინტერესოა, ეს ცვლილება ფინანსურად გამყარებულია, თუ დამრიგებლებმა ყველაფერი 19 ლარად უნდა აკეთონ?! დამრიგებელს ასეთ დავალებას თუ მისცემ, მისი სახელფასო დანამატი 120-150 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ქვეყანაში, რომელშიც სექსუალური რევოლუცია სრული სვლით მიმდინარეობს, დამრიგებლის საათი მაშინ იქნებოდა ეფექტური, ქვეყანას რომ იდეოლოგია და აღზრდის კონცეფცია ჰქონდეს. საინტერესოა, დაწყებით კლასებში რომელი წიგნიერების განვითარებაზე საუბრობენ, როცა ქართულში კვირეული 12 და 14-საათიანი დატვირთვა 4 და 5 საათამდე ჩამოიყვანეს?

_ ეს ხომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა?

_ სააკაშვილი ხალხს სიმაღლით კი არ დაუწუნია, ასეთი რეფორმების გამო დაიწუნა. ყოფილ პრეზიდენტს ინტელიგენციამ „ცეცხლი გაუხსნა“ იმის გამო, რომ განათლების ყველა საფეხურზე, ბაგა-ბაღებიდან დაწყებული, სკოლებით და მეცნიერებით დამთავრებული, გამანადგურებელი რეფორმები ტარდებოდა და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი შეინარჩუნა. არაფრისმომცემი დამრიგებლის საათის აღდგენას სჯობდა, მეოთხედებით სწავლება აღედგინათ, იმიტომ, რომ დიდი სემესტრები გადამღლელია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.

საუბრის ბოლოს, აუცილებლად უნდა შევეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის ფაქტს: იმ 400 000 ლარის ანატომიასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან შიდა აუდიტის დასკვნას არ ვიცნობ, მაგრამ მე მაინტერესებს, რატომ უნდა მოიხსნას მარტო ცენტრის დირექტორი? მხოლოდ ერთი კაცი მუშაობდა ცუდად?

_ ამ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამბობენ, რომ ძიების დასრულების შემდეგ შესაძლოა, თანამდებობიდან განთავისუფლებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

_ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ – შეეცვალა მხოლოდ ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ადგილზე დაეტოვებინა, – მოიტანა არსებული შედეგი, ანუ საბოტაჟი და მთავრობის არაეფექტური მუშაობა, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის კატასტროფული ვარდნა. მასწავლებელთა სახლის დირექტორი გია მამულაშვილი არის პროფესიონალი მასწავლებელი, რომელმაც გაიარა განათლების სისტემის ყველა საფეხური და თუ ვინმეს სკოლა ესმის, ეს მამულაშვილია. თუ ამ ადამიანმა კარგად ვერ იმუშავა და შედეგზე ვერ გავიდა, იმას ნიშნავს, რომ მას არაპროფესიონალი თანამშრომლები ჰყავდა. თქვენთვის მშვენივრად არის ცნობილი, რომ „ნაციონალების“ დროს ყველა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი პარტიული დიქტატით ინიშნებოდა. აი, ვის უნდა მოჰკითხონ ცუდი მუშაობის გამო! როცა ერთი ადამიანის ცუდ მუშაობაზე აკეთებენ აქცენტს, ისიც გაარკვიონ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე რომ მუშაობდა, ის ხალხი არაფერშია გარეული?!

_ რას გულისხმობთ?

_ იმას ვგულისხმობ, რომ უნდა ამოწიონ ამ ხალხის დოსიეები და ნახონ, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ და რას აკეთებდნენ ისინი?! ეს სწორედ ის ხალხია, რომელიც რაღაც ტრენინგებით და ჯანდაბებით უფულო მასწავლებლის ჯიბეებიდან მილიონებს ქაჩავდა და დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის კოორდინატორებად და მთავარ პერსონებად მოგვევლინა. დაითვალონ, ერთი, რამდენი ცენტრია და რამდენი კორუმპირებული რესურს-ცენტრის დირექტორია დარჩენილი სისტემაში, რომლებსაც მარადიული თანამდებობა უბოძეს? ვინ ლობირებს ამ „ალისტრახოებს“, რომლებმაც, თურმე, დღეს შეხედულება შეიცვალეს და სახელმწიფოებრივად აზროვნებენ? არ გვინდა, ბატონო! მაშინაც და ახლაც, სახელმწიფოებრივად რომ აზროვნებენ, ისეთი ხალხის მეტი რა არის, ამათ რომ ასაქმებენ? აი, ამიტომ გვაქვს ასეთ „მაღალპროფესიულ“ დონეზე დაწერილი ცვლილებები და ამიტომ გვაქვს ასეთი „სახარბიელო შედეგები“.

ბუნებრივია, დავინტერესდით, მიიღებს თუ არა კლასის დამრიგებელი დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოსთვის, რომელიც 2014-2015 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განესაზღვრა? განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ კლასის დამრიგებელი დამატებით ანაზღაურებას ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ საათობრივი დატვირთვა არ დამატებია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გაწერილ მოვალეობებს კი ის ცვლილებების შეტანამდეც ასრულებდა და მომავალშიც შეასრულებს.

ნელი თორდია