რას აკეთებდა ქართული ეკლესია XIII საუკუნეში მონღოლთა ბატონობის დროს?

რაც თავი მახსოვს, მესმის, რომ საქართველო დღემდე ქრისტიანობამ მოიტანა და რომ ჩვენ გადარჩენაში ლომის წვლილი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.
არადა, მთელ ამ დოქტრინას ეჭვქვეშ აყენებს ერთი უბრალო, კრავივით უწყინარი კითხვა: რამ მოიტანა საქართველო IV საუკუნემდე _ ქრისტიანობის შემოსვლამდე?

დასკვნა ფრიად მარტივია, საქართველო დღემდე მოიტანა პატრიოტიზმმა, მამულისთვის თავდადებამ, ერის უდრეკმა ხასიათმა და მტერთან შეურიგებელმა ბრძოლამ. მამულისთვის დაღვრილმა სისხლმა და გმირობამ მოგვიყვანა მეოთხე საუკუნემდეც და დღემდეც.
ვუყურებთ რა დღევანდელი ეკლესიის მესვეურებსა და მათ სიხარბეს, ეჭვი გვიჩნდება, რომ ამ ინსტიტუციას ლომის წილი მიუძღოდეს ჩვენს გადარჩენაში. თუმცა თავს ხშირად ვიმშვიდებთ და ვამბობთ, რომ ეს დღესაა ასე, თორემ მთელი ისტორიის მანძილზე ეკლესია ყოველთვის ქვეყნისა და ხალხისთვის იღვწოდა და არა დღევანდელივით _ საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის.
ეს ჩვენ გვგონია ასე, ისტორიული წყაროები კი სხვას გვამცნობს…
დღეს ჩვენ იმაზედ მოგახსენებთ, რა როლი ითამაშა ქართულმა ეკლესიამ მე-13 საუკუნეში დავით ულუს (ლაშა-გიორგის ძე) მეფობისას, როდესაც ქვეყანაში საშინელი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა.
როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ, ლაშა-გიორგის დროიდან, მე-13 საუკუნის მეორე ათეულში დაწყებულა. ფასების მატებასთან ერთად ცხოვრებაც საგრძნობლად გაძვირებულა და ეს პროცესი ყველგან, მთელ იმდროინდელ საქართველოში, ერთი და იმავე სიმძაფრით აფეთქებულა. და რაც მთავარია, როგორც კი გაჭირვება დაწყებულა, ეკლესიასაც არ დაუყოვნებია და თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება გაჭირვებული ხალხის ხარჯზე უცდია _ როგორც 1218 წლით დათარიღებულ ეტიფანე კათალიკოზის განჩინებიდან ირკვევა, ანისის მართლმადიდებელ, ქალკიდონიან სამღვდელოებას საეკლესიო წესების (ჯვრისწერა, მიცვალებულის წესის აგება და სხვ.) ასრულებისთვის დაწესებული ფულადი და სულადი მისაცემელი ძალზე გაუდიდებია მრევლისთვის. კერძოდ, მღვდლებს თითოეული წესის საფასურად 100 ტფილური დრამა (თბილისში მოჭრილი ქართული ფული), სულადად კარგი პურისჭამა (ქორწილში კარგი გამასპინძლება, მიცვალებულისთვის კარგი ქელეხი) და სხვა მისაცემელი (მაგალითად, ძროხის მთლიანი ტყავი) მოუთხოვიათ. მანამდე ეს ყველაფერი ბევრად იაფი ღირებულა და აღშფოთებულ მოსახლეობას ასეთი დიდი გასამრჯელოს გადახდაზე ერთსულოვნად უთქვამს უარი. თავის მხრივ, მღვდლებიც გაჯიუტებულან და თავისი რომ გაეტანათ, ნაკლებ ფასად წესების შესრულებაზე უარს ამბობდნენ. ეკლესიის მსახურების ასეთ ქცევას მრევლი კიდევ უფრო გაუბოროტებია და სამღვდელოებასა და მრევლს შორის ისეთი მტრობა ჩამოვარდნილა, რომ ხალხს მღვდლებისთვის სხვა გადასახადების მიცემაც შეუწყვიტავს და მეტიც, ეკლესიაში სიარულისთვისაც კი თავი მიუნებებია. ეს დაპირისპირება 1218 წლისთვის იმდენად გამწვავებულა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევაც კი აუცილებელი გამხდარა. როგორც მისი განჩინებიდან ირკვევა, ეტიფანე კათალიკოზმა სამღვდელოების მიერ მრევლისადმი წაყენებული მოთხოვნა „ყოველად უწესოდ“ სცნო, მათი ქცევა საჯაროდ დაგმო, მათ მადას საზღვარი დაუდო და მათ მიერ უსამართლოდ დაწესებული გასამრჯელო სამჯერ შეამცირა.
ეს ბრძოლა მრევლის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო. რაც მთავარია, მოგვიანებით, მონღოლების ბატონობისას, როდესაც უკიდურესად გაუჭირდა ხალხს, ზუსტად იგივე განმეორდა მთელ საქართველოში _ ხალხი შიმშილისგან სულს ღაფავდა და ეკლესიამ თავისი ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ თავისი გასამრჯელოს გაძვირებით დაიწყო. მეტიც, როგორც ირკვევა, უფრო შორსაც წასულა, მაგალითად, დმანისში წყვილებს, რომელთა შორის არანაირი ნათესაობა არ იყო და დაუბრკოლებლივ დაქორწინების უფლება ჰქონდათ, მღვდლები ჯავრს მაინც არ წერდნენ, ვიდრე ისინი ფულს არ გადაუხდიდნენ. აქ თვით ჯვრისწერის გასამრჯელო კი არ იგულისხმება, არამედ დამატებითი თანხა _ ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებებს, რომ შემდეგ ჯვრისწერის ნებართვის მიცემაში ფული კიდევ გამოეძალათ. ანუ გაზრდილ გასამრჯელოსაც არ სჯერდებოდნენ და დამატებით იღებდნენ ფულს.
ეს მონღოლების ბატონობისას ხდებოდა, დავით-ულუს მეფობისას, მანამდე კი, რუსუდანის მეფობისას, საქართველოს ჯალალედინი შემოესია. გარნისისა და დვინის შემდეგ, 1226 წელს, თბილისი აიღო და მთლიანად გააძარცვინა იგი. ჯალალედინის მდივან-მწიგნობარნი თბილისში ხელში ჩაგდებული სიმდიდრის აღნუსხვას ვერ აუდიოდნენ. თბილისის ხელში ჩაგდების შემდეგ ჯალალედინი საქართველოს სხვა ნაწილების რბევას შეუდგა და ჯალალედინის 7-წლიანმა თარეშმა ქვეყანა ააოხრა _ მიწის წესიერად დამუშავება შეუძლებელი გახდა, შესაბამისად, პური ძალზე გაძვირდა და ისედაც განაწამებ ხალხს შიმშილობა დაატყდა თავს. ხვარაზმელთა შემდეგ საქართველოს უკვე მონღოლები შემოესივნენ და ქვეყნის აოხრებისთვის იმდენი ბრძოლა სულაც არ იყო საჭირო, ქვეყნის ამოსაგდებად მარტო მათი ცხენები და აქლემებიც კმაროდა _ საუკეთესო საძოვრები მათი საქონლისთვის იყო გამოყოფილი, ამ საძოვრებზე მეტი სახნავი მიწები კი მათივე საქონლის ფეხით იყო გათელილ-გავერანებული.
1254 წელს მონღოლებმა, სხვა დაპყრობილ და ყმადნაფიც ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც განახორციელეს ხალხისა და ქონების აღწერა. მონღოლებს აინტერესებდათ მოზრდილ მამაკაცთა რაოდენობა, რომ დაედგინათ, რამდენი მხედრის წაყვანა შეეძლოთ ყოველწლიურად ქვეყნიდან და ქონების აღწერა _ ბეგარისა და გადასახადების ამოსაღებად.
როგორც ისტორია გვაუწყებს, მონღოლებმა „იწყეს აღწერად კაცით პირუტყვამდე, ყანით ვენახთამდე, წალკოტით ბოსტნამდე“.
ხალხის აღწერა საომრად წასაყვანი პირების რაოდენობის გასარკვევად სჭირდებოდათ და შესაბამისად, თავის „დავთრებში“ მხოლოდ 15-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები შეჰყავდათ და ამ დავთარში შეყვანილ თითოეულ პირს 60 თეთრსაც ახდევინებდნენ ყოველწლიურად.
როგორც ირკვევა, საქართველოს ყოველწლიურად 90 ათასი მეომარი უნდა გაეყვანა მონღოლთა ლაშქრობაში. ადვილი წარმოსადგენია, რა მძიმეც იქნებოდა ქვეყნისთვის ამდენი ზრდასრული მამაკაცის თავისი კერიდან და საქმიანობიდან მოწყვეტა.
მონღოლებს დაუბეგრავი არ დაუტოვებიათ არც მიწათმოქმედება, არც მებოსტნეობა, არც მეხილეობა, მევენახეობა და არც მესაქონლეობა. სოფლის მეურნეობაზე დადებულ გადასახადს „მალი“ ეწოდებოდა, მის გარდა არსებობდა „ყაფჩარი“, რომელიც ქართულ „საბალახეს“ უდრიდა, ას საქონელზე პატრონს ერთი სული უნდა გამოეყვანა და მიეცა მონღოლებისთვის. შემდეგ ეს საბალახე ფულად გადასახადად აქციეს. მონღოლებმა შემოიღეს სავაჭრო გადასახადიც _ „ტამღა“ _ ყოველი 100 თეთრის ნასყიდობაზე 3 თეთრი, ანუ 3% უნდა გადაეხადათ ყაენისთვის. ამის გარდა იყო „ულუფად“ წოდებული გადასახადი _ მონღოლთა ათასეულის უფროსისთვის ყოველ სოფელს ერთი კრავი და ერთი დრაჰკანი უნდა მიეცა, ხოლო ათი ათასის უფროსისათვის _ 1 ცხვარი და 2 დრაჰკანი.
დასასრულ, ორი ბეგრის მოხდაც იყო საჭირო, ერთ მათგანს მონღოლურად ყალანი ეწოდებოდა, ქართულად _ სალაშქრო, რომელიც თავიდან სამხედრო ბეგარას წარმოადგენდა, შემდეგ ესეც ფულად გადასახადად იქცა. მეორე ბეგარას „საიამე“ ერქვა, მონღოლებმა მთავარ გზებზე სადგურები ააგეს, სადაც მოსახლეობას ყაენის ელჩებისთვის, მოციქულებისა და მოხელეებისთვის, ცხენები და კვება უნდა დაეხვედრებინათ. ამ ყველა სადგურის შესანახად საჭირო სახსრებიც ხალხს უნდა გაეღო და ცხენებიც მათ უნდა შეენახათ.
კირაკოზ განძაკელის ცნობით, ჰულაგუ ყაენის დროს სხვა გადასახადებთან ერთად შემოუღიათ თაღარ-ად წოდებული გადასახადი, რომელიც 7 სხვადასხვა გამოსაღებლისგან შედგებოდა, თითოეულ ადამიანს ყაენის ხაზინისთვის უნდა მიეცა 100 ლიტრა პური, 50 ლიტრა ღვინო, 2 ლიტრა ბრინჯი, 3 თოფრაკი, 2 საბელი, 1 ისარი, 1 ნალი და 1 თეთრი, ამის გარდა, 20 პირუტყვზე ერთი პირუტყვი უნდა მიეცა.
მთელ ამ უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ ამ ბეგარა-გადასახადებსაც არ სჯერდებოდნენ, მეტს ითხოვდნენ და თუ ნებით ვერ იღებდნენ, ძალით მიჰქონდათ.
მრავალნაირმა ბეგარამ, ტვირთის სიმძიმემ ქართველი ხალხი მოთმინებიდან გამოიყვანა და ააჯანყა _ 1259 წელს დავით-ნარინის მეთაურობით აჯანყდნენ, შემდეგ დავით-ულუს მეთაურობით.
ქართველ გლეხობას უწევდა როგორც მონღოლთა ბეგარის, ხარკის ხდა, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთვის გადასახადების ხდაც. ამ ყველაფრის გამოისობით, მე-13 საუკუნის სამოციანი წლებისთვის ქვეყანაში დიდი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. ხალხი გადასახადებს ძლივსღა ისტუმრებდა და ამის გამო მიწას ფასი დაეკარგა. მონღოლების ამდენი ბეგრითა და გადასახადებით ქვეყნის მოსახლეობაცა და უძრავ-მოძრავი ქონებაც იმდენად იყო დატვირთული, რომ უძრავი ქონების პატრონობა ლამის აღარც კი იყო ხელსაყრელი. ბევრს გადასახადების შეტანისგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად უძრავი ქონების თავიდან მოშორება მიაჩნდა, მაგრამ მამაპაპეული მიწის ასე დაკარგვა ქართველი კაცისთვის იოლი შესაგუებელი მაინც არ იყო და ამიტომ, მდგომარეობის გამოსწორების იმედით, შემოსავლების შესავსებად და გადასახადების დასაფარად მამულების დაგირავება დაიწყეს, მაგრამ ბევრი ვალს ვეღარ აბრუნებდა და მიწას კარგავდა. ამ პროცესმა მრავალი დატოვა უმიწაწყლოდ და უარეს გაჭირვებაში ჩააგდო. თავს დამტყდარი გაჭირვება საშინელი და მასშტაბური იყო _ შემოსავლების უკიდურესად შემცირების გამო დიდ განსაცდელში ჩავარდა სახელმწიფო საჭურჭლე და სალაროც. საქართველოში არსებული ფულის უდიდესი ნაწილი მონღოლთა საყაენოებში მიდიოდა გადასახადებისთვის. ფულის მარაგის ძალზე შემცირებამ მისი ღირებულება გაადიდა და ამ გარემოებამ მიწას ფასი უფრო მეტად დაუკარგა.
სულს ღაფავდა ქვეყანა, სულს ღაფავდა ხალხი. მთავრობაც და ხალხიც გამოსავლს ეძებდნენ და ასეთ დროს შეუძლებელია, მათი ყურადღება უნებლიეთ არ მიეპყრო ეკლესიას, რომელსაც, ხალხისა და სახელმწიფოსგან განსხვავებით, ბევრად უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა!
მონღოლური წესის წყალობით, განურჩევლად ყველა სარწმუნოებას შეუვალობა და ყოველგვარი შეღავათები ჰქონდა მინიჭებული. ეკლესია და მისი ყმები მონღოლთა ბატონობის ხანაში განთავისუფლებულები იყვნენ ყველაზე მძიმე მოვალეობის _ ყალნის მოხდისგანაც. ამის გარდა, საქართველოს ეკლესიას შეუვალობა და სხვა უპირატესობები ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სამეფოდანაც. ამდენად, მონღოლების ბატონობის ხანაში ეკლესია ყველაზე შეღავათიან, სასათბურე პირობებში იყო. ცხადია, ქვეყნის თავს დამტყდარი გაჭირვება ეკლესიის ქონებრივ მდგომარეობაზეც ახდენდა გავლენას, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც სანატრელი იყო დანარჩენი მოსახლეობისთვის.
ივანე ჯავახიშვილი პირდაპირ და დაურიდებლად წერს, რომ გაჭირვებული ხალხი შურით შეჰყურებდა ეკლესიის ამ შედარებით კეთილდღეობას და ბუნებრივად უჩნდებოდა უთანასწორობისა და უსამართლობის განცდა. მით უფრო, რომ ეკლესიის ასეთი კეთილდღეობის საფუძველს სწორედ ამ ხალხის წინაპრებისგან ეკლესიისთვის შეწირული მიწები წარმოადგენდა. წინაპრებისთვის ეს მიწები მაშინ ზედმეტი იყო, ახლა კი მათ გაღატაკებულ, დამშეულ შთამომავლებს ლუკმა-პური სანატრელი ჰქონდათ.
გაჭირვებაში ჩავარდნილი მოსახლეობა, უმიწაწყლოდ დარჩენილი გლეხობა მეფეს სთხოვდა, რომ მათთვის მიწა ეწყალობებინა.
მთავრობა გამოსავალს ეძებდა.
და ეს გამოსავალი იპოვა მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიანმა პირმა _ მწიგნობართუხუცესმა ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელმა. მისი აზრით, მეფეს გაჭირვებული ხალხისთვის მიწების დასარიგებლად, უპირველესად, ის მიწები უნდა გამოეყენებინა, რომელიც ეკლესიას საუკუნეთა განმავლობაში შეწირულობის სახით ჰქონდა მიღებული წინა მეფეებისგან.
საქმე ის არის, რომ ქართული სამართლის ძალით, ეს შეწირულობა შემწირველის შთამომავლობის ყოველ ახალ თაობას უნდა დაემტკიცებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეწირულება გაცუდებულად ითვლებოდა და მემკვიდრეებს უფლება ჰქონდათ, შენაწირავი უკან დაებრუნებინათ.
ანუ წინაპარმა კი აჩუქა მიწა ეკლესიას, მაგრამ მისი შთამომავლობის ყოველ თაობას ეს ჩუქება თავიდან უნდა ეცნო და დაემტკიცებინა, ან არ დაემტკიცებინა და უკან დაიბრუნებდა. კანონის სწორედ ამ ნორმას დაეყრდნო ბასილ უჯარმელი და მეფეს ურჩია, სწორედ ასეთი მიწები დაერიგებინა გაღატაკებული ხალხისთვის.
როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს, ეს იმ დროისთვის მეტად გაბედული და საშიში გეგმა და საშუალება იყო, რადგან ეკლესიისთვის შეწირულის უკან წაღება, მორწმუნე ხალხის აზრით, დიდი ცოდვა იყო, მაგრამ დავით-ულუს მწიგნობართუხუცესის ეს რჩევა მოსწონებია და მის განხორციელებას შესდგომია კიდეც.
ანუ დავით-ულუ ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა _ გაღატაკებული ხალხისა და ქვეყნის გადასარჩენად. მეფის ამ ნაბიჯმა ეკლესიის მესვეურთა უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. განრისხებული მღვდელმთავრები ჯერ დარბაზის კარზე ცდილობდნენ საქმის მოგვარებას, რომ მეფის მიერ გაცემული ბრძანება გაუქმებულიყო. ეს ეკლესიის პირველი იერიში იყო, ყველაზე მსუბუქი, მაგრამ მათი ცდა ამაო გამოდგა. დავით-ულუმ უკან არ დაიხია და ბრძანება არ გააუქმა.
ეკლესიის მეორე იერიში _ როდესაც ეკლესიის მესვეურები მიხვდნენ, რომ ასე ვერაფერს გახდებოდნენ, მაშინ უკვე თავიანთ იარაღს _ საეკლესიო სასჯელს მიმართეს. საეკლესიო სასჯელებში ყველაზე ძლიერი შეჩვენება იყო. ვისაც კი ეს სასჯელი თავს დაატყდებოდა, მას არც აზიარებდნენ, არც ჯვარს წერდნენ, მეტიც, თუ გარდაიცვლებოდა, ქრისტიანულად მისი არც წესის აგება შეიძლებოდა, არც _ დაკრძალვა. მაგრამ იმდროინდელი კანონით, მას შემდეგ, რაც ეკლესია ამა თუ იმ პირს შეაჩვენებდა, სასჯელი სახელმწიფოსაც უნდა დაედო და შეჩვენებული უნდა შეერისხათ კიდეც. შერისხვა კი მამულების ჩამორთმევას, სამშობლოდან განდევნას, პრაქტიკულად, ადამიანის სამოქალაქო სიკვდილსაც უდრიდა და თავისთავად ცხადია, ამაზე მძიმე სასჯელის გამოძებნა ეკლესიის მესვეურთ არ შეეძლოთ.
ეკლესიის მესვეურები ფიქრობდნენ, რომ თუკი მას, ვინც მეფისგან ეკლესიისთვის შეწირულ მამულს მიიღებდა, შეაჩვენებდნენ და შემდეგ სახელმწიფო მათ მიერ შეჩვენებულებს შერისხავდა, ამით, ამ უბედურებით, სხვებს ეკლესიისთვის შეწირული მიწების მიღების ყოველგვარ ხალისს დაუკარგავდნენ.
ეკლესიამ ამ სასჯელის _ შეჩვენების იარაღად ხმარება დაიწყო, თუმცა ფრთხილობდა. მთავრობა რომ არ მიმხვდარიყო, ხალხს მიწების მიღების გამო შეჩვენებით სჯიდნენ, შეჩვენების მიზეზად ყოველთვის სხვა მიზეზს ასახელებდნენ _ ამ პირების მიერ ვითომცდა ჩადენილ რაიმე ცოდვას, დანაშაულს.
მაგრამ არც ეს გაუვიდა ეკლესიას…
ეკლესია კი მალავდა შეჩვენების მიზეზს, მაგრამ შეჩვენებულებს გადასარევად ესმოდათ, რისთვისაც ადებდნენ მათ ამ მძიმე სასჯელს. ხვდებოდნენ და არც ურიგდებოდნენ ამ სასჯელს, მიდიოდნენ და ეკლესიის განაჩენს მთავრობაში ასაჩივრებდნენ. საჩივრებში ღიად უთითებდნენ ეკლესიის მრისხანების ნამდვილ მიზეზს და უკანონოდ დადებული სასჯელის გაუქმებას სთხოვდნენ მეფეს. მათაც რომ არ მიეთითებინათ საჩივრებში შეჩვენების რეალური მიზეზი, მთავრობამ ეს ისედაც იცოდა და ამ შეჩვენებებს აუქმებდა კიდეც.
მოკლედ, ეკლესიის მესვეურები ფიქრობდნენ, რომ შეჩვენებით ხალხს დააფრთხობდნენ და მიწებს შეინარჩუნებდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. პირიქით _ ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმწვავდათ მთავრობასთანაც და ხალხთანაც. ხალხმა ასეთი რეაქცია ეკლესიის ანგარებისა და გულქვაობის ნიშნად მიიჩნია, რომ სამწყსოს გაჭირვებაზე მზრუნველობისა და კაცთმოყვარეობის მაგიერ, ეკლესიის მესვეურებს ერთადერთ მიზნად და საზრუნავად მხოლოდ პირადი და ეკლესიის ქონებრივი კეთილდღეობა ჰქონდათ დასახული. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ამის გამო ხალხი მათ დაუნდობლად ჰგმობდა და გესლით აღსავსე დაცინვითაც კი ცდილობდა მათ გაწბილებას“.
ეკლესიის მესამე იერიში _ წესით, ასეთ გამწვავებულ მდგომარეობას ეკლესია უნდა გამოეფხიზლებინა, მაგრამ ამის მაგიერ საქართველოს ეკლესიის მაშინდელმა საჭეთმპყრობელმა 1263 წელს საეკლესიო კრება მოიწვია. ამ კრებაზე მიიღეს და შემდეგ მეფეს წარუდგინეს მიმართვა, სადაც ყველაფერი ჰქონდათ გამოყენებული _ თხოვნა-ვედრებაც, ჩაგონებაც და დარიგებაც, იურიდიული და ეკონომიკური არგუმენტებიც და ბოლოს მუქარაც კი _ რომ თუკი ეკლესიისთვის შეწირული მამულების გაცემა არ შეჩერდებოდა და ჩამორთმეულიც ეკლესიას უკან არ დაუბრუნდებოდა, ეკლესიებს დაკეტავდნენ და ყველა საეკლესიო წესის აღსრულებას შეაჩერებდნენ.
ამ მუქარამ ვერც მეფე შეაშინა და ვერც _ მწიგნობართუხუცესი ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელი. მღვდელმთავრების ეს ცდაც სრულიად უშედეგო გამოდგა. საქმე წაგებული იყო და ამან ეკლესიას შველის მაგიერ, უფრო ზიანი მოუტანა, რადგან, როგორც ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, ეკლესიამ თავისი მუქარის განხორციელება ვერ გაბედა და „ამით უკვე მისი სრული უძლურებაც გამომჟღავნდა და მუქარა-ბაქიობადღა იქცა“.
ეკლესიის მეოთხე იერიში _ ეკლესიამ მუქარა ვერ აღასრულა, დამარცხდა, მაგრამ მღვდლები ვერც ამან მოიყვანა გონს. წესით, ფარ-ხმალი უნდა დაეყარათ და მიმხვდარიყვნენ, რომ ასეთი გაჭირვების დროს მათაც უნდა გაეღოთ მსხვერპლი და ეზრუნათ ხალხზე, მაგრამ….
მღვდელმთავრები თავს დამტყდარ უბედურებასა და დამარცხებაში მწიგნობართუხუცესს ადანაშაულებდნენ. მეფისთვის წარდგენილ მოხსენება-მუქარაში სწორედ მას აკისრებდნენ მთელ პასუხისმგებლობას. ჯერ ერთი, რომ მეფისთვის ბრალის მოხვევას მაინც ვერ ბედავდნენ და ისედაც ყველამ იცოდა, რომ მეფის მთავარი მრჩეველი და განუსაზღვრელი ნდობით აღჭურვილი პირი სწორედ ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელი იყო. ამიტომ მღვდლებისთვის ყველაზე საძულველ პიროვნებად სწორედ ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელი, იმ დროს ყოვლისშემძლე მწიგნობართუხუცესი იქცა.
ეკლესიის მტრობას ისიც აორმაგებდა, რომ მწიგნობართუხუცესი იმავდროულად ჭყონდიდელ ეპისკოპოსადაც ითვლებოდა და მღვდლებს მიაჩნდათ, რომ მას თუნდაც ამის გამო ეკლესიისთვის უნდა დაეჭირა მხარი. ამის მაგიერ კი სწორედ მან გამოიგონა ეკლესიის ქონებრივი ძლიერების შემრყეველი საშუალება და მღვდლების აზრით, უჯარმელ-ჭყონდიდელი „შინათგამცემელი მოღალატე“ იყო.
ეკლესიის მესვეურებმა ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელს სხვა მხრივ რომ ვერაფერი დააკლეს, ფარულ ბრძოლაზე გადავიდნენ _ ჭორების ქსელში გააბეს _ დაიწყეს ერთი მეორეზე უფრო მძიმე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება.
როდესაც მონღოლებთან აჯანყებული დავით-ულუ იმერეთში იყო შეხიზნული, მეფის მამულები სწორედ ბასილს ექვემდებარებოდა, ახლა კი ეკლესიის მესვეურებმა დაიწყეს ხმების გავრცელება, თითქოს ბასილი იმ მამულებს, როგორც თავის საკუთრებას, ისე იყენებდა და ამგვარად ზიანსაც აყენებდა. ეს, სხვათა შორის, ჟამთააღმწერელსაც კი უწერია, მაგრამ ეს ცნობა ივანე ჯავახიშვილს სარწმუნოდ არ მიაჩნია და მისი აზრით, მხოლოდ განზრახ შეთხზულ, შემდეგდროინდელ ჭორს წარმოადგენს, რადგან იმერეთიდან თბილისში დაბრუნებულ დავით-ულუს ბასილ უჯარმელისთვის არათუ არაფერი არ უსაყვედურია, წინანდელზე მეტად დაუწინაურებია და მეტი ნდობითაც კი აღუჭურვავს.
ვაზირთა უპირველესს იმასაც სდებდნენ ბრალად, თითქოს, სახელმწიფო საქმეებს იმდენად თვითნებურად აწარმოებდა, რომ მეფეს აღარაფერს ეკითხებოდა, _ მთავრობა მიიტაცაო.
ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელმა სამღვდელმთავრო სამოსელი, რომელიც მას, როგორც ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოზს ეცვა, გაიხადა და საერო ტანისამოსი ჩაიცვა, _ იმდენად გაკადნიერდა, რომ „ჩოხანიცა აღიხადა“.
როგორც ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, ეს „ჩოხის აღხდის“, ანუ გახდის ბრალდება ნამდვილი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ შესაძლებელია, მისი ეს ნაბიჯი იმ დაუსრულებელი საყვედურის შედეგიც იყო, რომლითაც ბასილ უჯარმელს ეკლესიის მესვეურები ავსებდნენ _ სამღვდელო პირია, მაგრამ ეკლესიას მაინც არ დაუჭირა მხარი და უღალატაო.
ივანე ჯავახიშვილის თქმით, მწიგნობართუხუცესს პირველად დავით აღმაშენებელმა მისცა ჭყონდიდელობა. ამ ნაბიჯით დიდმა პოლიტიკოსმა ეკლესია სახელმწიფოს დაუქვემდებარა და სხვა მიზანი ამ ღონისძიებას არ ჰქონია. ისტორიკოსისავე თქმით, მწიგნობართუხუცესსა და ვაზირთა უპირველესს ეპისკოპოსის მოვალეობის შესასრულებლად არც არასდროს ეცალა და მისთვის მღვდელმსახურის „ჩოხა“ მხოლოდ გარეგნულ სამოსელს წარმოადგენდა. ის სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელსაც მთელი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქონდა დაკისრებული და როდესაც ეკლესიის მესვეურები მას საყვედურებით სიცოცხლეს უმწარებდნენ, თავმობეზრებულს შეეძლო ეთქვა, რომ იგი სახელმწიფოს სათავეში მდგომი ხელისუფალი იყო და არა ეკლესიის მონა-მორჩილი მსახური და რაკიღა სამღვდელო სამოსელი გარეგნულ სამოსელსღა წარმოადგენდა, შეიძლებოდა მართლაც გაეხადა.
ბასილი უჯარმელის მტრებს კარგად ესმოდათ, რომ მარტო ამ ბრალდებებით (მამულების თავის საკუთრებასავით მართვა, „მთავრობის მიტაცება“, „ჩოხის გახდა“) მას ბოლოს ვერ მოუღებდნენ, ხალხს რომც დაეჯერებინა, მეფემ ხომ შესანიშნავად იცოდა, მიადგა თუ არა ზიანი მის მამულებს, ანდა მიიტაცა თუ არა მთავრობა უჯარმელმა.
ეკლესიის ბოლო, გადამწყვეტი იერიში _ ამ ბრალდებებით რომ ვერაფერი გააწყვეს, მაინც გამონახეს საშუალება ყოვლისშემძლე ბასილ მწიგნობართუხუცესის გასანადგურებლად…
ეკლესიის მესვეურები ადგნენ და უჯარმელს, არც მეტი-არც ნაკლები, დედოფლის გაბახება, დედოფალთან ინტიმური ურთიერთობა დააბრალეს… დაიწყეს მითქმა-მოთქმა, ვითომც თავხედმა უჯარმელ ჭყონდიდელმა ისეთი კადნიერებაც კი გამოიჩინა, რომ „არა ჰრიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა“ და „თანა ეყო ბასილი ესუქნი დედოფალს“, _ სქესობრივი კავშირი ჰქონდაო.
ცნობისთვის: დავით-ულუს პირველ ცოლად ჰყავდა მონღოლი ჯიგდა ხათუნი, რომელიც უშვილო იყო. შვილის ყოლის მიზნით ოსი ქალიშვილი, ალთუნი მოიყვანა, რომელიც, ქალ-ვაჟის შეძენის შემდეგ, დადებული პირობის თანხმად, გაუშვია. ჯიგდა ხათუნის სიკვდილის შემდეგ დავით-ულუმ ავაგ ათაბაგის ქვრივი, რაჭის ერისთავის, კახაბერიძის ასული, გვანცა შეირთო, რომელთანაც შეეძინა დემეტრე, შემდეგში თავდადებულად წოდებული. დავით-ულუს აჯანყების გამო მონღოლებმა გვანცა დედოფალი შეიპყრეს და 1262 წელს მოაკვლევინეს. 1263 წელს დავით-ულუმ მონღოლი უფლისწული, ჭორმაღონ და სირმონ ნოინების და _ ესუქნი შეირთო ცოლად. სწორედ ამ ესუქნისთან სქესობრივი კავშირი დასდეს ბრალად ბასილ უჯარმელს.
ეს ჭორი, რასაკვირველია, მეფეს ჩააწვეთეს და ამ საშუალებამ ბასილ უჯარმელს ბოლო მოუღო. დავით-ულუმ მწიგნობართუხუცესი აჩქარებით, გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დაასჯევინა _ „ბრძანა ძელსა (ე.ი. ხეზე) დამოკიდება“. ბრძანა და დაუყოვნებლივ „დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა“, _ დასძენს ჟამთააღმწერელი.
მწიგნობართუხუცესი რომ პოლიტიკური მტრების, უპირველესად, ეკლესიის მესვეურთა მიერ გავრცელებულ უსაფუძვლო ჭორებს ემსხვერპლა, ივანე ჯავახიშვილის აზრით, კარგად ჩანს თავად ჟამთააღმწერლის იმ სიტყვებიდანაც, რომელიც ზედ აქვს დართული ბასილი უჯარმელის ტრაგიკული დასასრულის მოთხრობისთვის: დასჯილ იქნა, „რამეთუ იყო მეფე მალემრწმენი და ლიტონიცა“.
თავის დროზე სწორედ მეფის ამ თვისებაზე, „მალემრწმენობაზე“ დაყრდნობით, მოუღეს ბოლო მესტუმრე ჯიქურს, რომელიც დედოფალ ჯიგდა ხათუნთან ერთად მართავდა ქვეყანას, მეფის საქართველოში არყოფნისას. მესტუმრე ჯიქური სუმბატ ორბელმა მეფესთან დაასმინა, ორგულობა დასწამა. ეს ცრუდასმენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფემ მესტუმრე ჯიქური სასწრაფოდ მიაყვანინა, ზედაც არ შეხედა, არც დაელაპარაკა და ისე გადააგდებინა მტკვარში…
მეფის სწორედ ამ თვისებით ისარგებლა ამჯერად ეკლესიამ და გზიდან ჩამოიშორა ბასილ უჯარმელი, _ მწიგნობართუხუცესი, რომელმაც ეკლესიის ფუფუნებაზე წინ ქვეყნისა და გაღატაკებული ხალხის ინტერესები დააყენა.

რეზო შატაკიშვილი