ქონებრივი დეკლარაცია „ხარვეზებით“

მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ის საჯარო პირები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ისინი თავად ირჩევენ, პასუხისმგებლები ხდებიან ამავე მოქალაქეების წინაშე. გარდა იმისა, რომ ის მას სიცრუეს არ პატიობს, არც ისეთი ფაქტები რჩება მისი თვალთახედვის არიდან, როცა გარკვეული ტიპის ინფორმაცია საზოგადოებას არასწორად მიეწოდება, ანუ, თუ სხვაგვარად ვიტყვით, როცა საჯარო პირები და პოლიტიკოსები რაღაცას მალავენ.

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებისა და საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის 18 წევრის (მინისტრებისა და მათ მოადგილეების) ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ისინი წილებს ფლობენ ან დირექტორის თანამდებობებს იკავებენ 47 სხვადასხვა კომპანიაში. ამ ტიპის ფაქტები საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში არაზუსტად აქვთ მითითებული.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს – მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს; ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას; ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს თავიანთ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს.

საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ესაუბრება ამ კვლევის ერთ-ერთ ავტორს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ უფროს ანალიტიკოს ლაშა სენაშვილს:
_ ზოგადად, რა მიზანს ისახავს ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი და, ამ ეტაპზე, რამ განაპირობა ამის საჭიროება?
_ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“, გარკვეული პერიოდულობით, სწავლობს ხოლმე მაღალი თანამდებობის პირების (ამ შემთხვევაში, იგულისხმება მინისტრები და მათი მოადგილეები) მიერ შევსებული დეკლარაციების სიზუსტეს _ რამდენად სრულყოფილად არის ასახული ის მონაცემები დეკლარაციაში, რაც, რეალურად, არსებობს. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ საიტს, რომელზედაც თავმოყრილია ეს დეკლარაციები. მეორე მხრივ კი საჯარო რეესტრის მონაცემებს ვიყენებთ _ ბიზნესის რეესტრში ვნახულობთ მათ სახელზე რეგისტრირებულ (და, ცხადია, მათი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებულ) ბიზნესებს, კომპანიებს.
_ რა პერიოდი მოიცავით ამ კვლევის დროს და რა იკვლიეთ?
_ ამ კვლევისთვის დავაკვირდით მოქმედ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, გადავამოწმეთ ინფორმაციები მათ შესახებ. ბუნებრივია, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევებში კონკრეტულ პირს აღარ ეკავა კონკრეტული თანამდებობა და, ბუნებრივია, ის ამოვარდა საკვლევი სეგმენტიდან სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ის აღარ არის მოქმედი მინისტრი ან, შესაბამისად, მინისტრის მოადგილე.
_ რა ძირითადი აქცენტები გამოიკვეთა კვლევის პერიოდში?
_ ამ შემთხვევაში, შეიძლება, რომ გამოვყოთ სამი ძირითადი საკითხი. პირველია ის, რომ როდესაც თანამდებობის პირი სამეწარმეო საქმიანობაში კონკრეტულ ბიზნესს/კომპანიას ფლობდა და რამდენიმე შემთხვევაში ეს მონაცემები არ ეწერა დეკლარაციაში ან ეწერა, მაგრამ არასწორად იყო შესაბამისი ინფორმაცია მითითებული. მაგალითად, კომპანიაში არსებული წილები სხვა პირზე არ ჰქონდათ გადაცემული.
მეორე დეტალი არის შემდეგი: გარკვეული მონაცემი, რაც იყო მითითებული დეკლარაციაში და თვითონ ბიზნესის რეესტრის საიტზეც შეიძლებოდა მისი ნახვა, გახლდათ ის, რომ ეს წილები სხვებზე არ ჰქონდათ გადაფორმებული, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევაა. ეს არის მეორე პრობლემა.
იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც საქმე გვაქვს „საჯარო სამსახურისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ კანონთან. ეს კანონი აწესებს შეზღუდვას, რომ მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს (ასევე მათ ოჯახის წევრებს), ეკრძალებათ იმ კომპანიაში ბიზნესის ფლობა, რომლის სფეროს კონტროლი და რეგულირება შედის ამ მინისტრის ან მისი მოადგილის კომპეტენციის, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, სოფლის მეურნეობის მინისტრს (ან მის ოჯახის წევრს) რომ ჰქონდეს ბიზნესი სოფლის მეურნეობის სფეროში. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მას პირდაპირ არ აქვს ამ საქმიანობის განხორციელების უფლება.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება: ძალიან საინტერესოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის შემთხვევა. ხანიშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ფლობდა წილებს გარკვეულ კომპანიაში. თუმცა როდესაც რეესტრში გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ, რეალურად, მფლობელი იყო თავად მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და არა _ მისი შვილი ასევე გიორგი ხანიშვილი. ეს, თავისთავად ცხადია, გახლავთ კანონის მოთხოვნების დარღვევა. ერთი, რომ მას არანაირად აქვს კომპანიაში წილის ფლობის უფლება ისეთ შემთხვევაში, როდესაც წილის მართვა სხვაზე არ გადაუცია _ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ. მეორე: დეკლარაციაში ინფორმაცია მითითებული იყო არასწორად. მესამე: თავისთავად, კომპანია შპს „ჰელსი ფუდი“, ექცევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის კონტროლის ქვეშ _ შესაბამისი სფერო ამ სამინისტროს მიერ რეგულირებადია. ამ კონკრეტული პიროვნების შემთხვევაში ასეთი ფაქტი რამდენიმე იყო. ოთხ კომპანიაში იმ ტიპის დარღვევები გახლდათ, რის შესახებაც ახლა ვისაუბრე.
საინტერესო შემთხვევა იყო ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მოცემულობა. საუბარია ზაზა ბოხუაზე _ ის არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველი მოადგილე. მისი მეუღლე 50%-იან წილს ფლობს შპს „მედსფეისში“. ასევე თუკი რეესტრში ჩვენ გადავხედავთ ამ კომპანიის საქმიანობის სფეროს, ის მოიცავს სამედიცინო პროდუქტების რეალიზებას. ეს კომპანია ექცევა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ საქმიანობის სფეროში. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაშიც არის მაღალი რისკი _ აქ უკვე საუბარი ნამდვილად უნდა გვქონდეს მაღალ რისკზე, რომ, ამ შემთხვევაში, „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის“ მოთხოვნები არის დარღვეული.
_ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზები, რის გამოც საჯარო პირი თავს არიდებს ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას?
_ ამის ბევრნაირი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს. თუმცა, ჩემი აზრით, პირველ ყოვლისა, საინტერესო, მნიშვნელოვანი და პრობლემური არის ის ფაქტი და მოცემულობა, რომ დეკლარაცია შევსებულია არასწორად, რამაც, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს დაინტერესებული პირები და, უბრალოდ, მოქალაქეები. დეკლარაციის მიზანი სწორედ ის არის, რომ, კონკრეტულად იმ მომენტში, როდესაც თანამდებობის პირი ასრულებს საჯარო საქმიანობას, სწორედ ხალხისთვის იყოს ცნობილი (სწორად და მართებულად), რა ქონებას ფლობს, რას საქმიანობს, ეწევა თუ არა სამეწარმეო საქმიანობას. როდესაც ეს ინფორმაცია არასწორად არის მითითებული, ცხადია, ფაქტი უკვე კანონის მოთხოვნების დარღვევაა და ზუსტად ამაზეა საუბარი „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში.
_ ტენდენცია როგორია, წლების მანძილზე იზრდება ასეთი შემთხვევების რაოდენობა თუ კლებულობს?
_ პირველ ყოვლისა, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ვერ ვისაუბრებთ „დანაშაულზე“, რადგან ეს შესაბამისი უწყებების (მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს, პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს) შესწავლის საგანი შეიძლება, გახდეს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ, არის თუ არა კონკრეტული შემთხვევა „დანაშაული“. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, შესაძლოა, ასეთი ფაქტები არღვევდეს კანონის მოთხოვნებს და სწორედაც რომ არღვევს _ ზუსტად ასეთი შემთხვევები არის გამოსაძიებელი.
რაც შეეხება ტენდენციას. მეტ-ნაკლებად, ამ ტიპის შემთხვევები ადრეც იყო. გამიჭირდება იმის შეფასება, ეს ტენდენცია მზარდია, თუ _ კლებადი.
თავისთავად, როდესაც კანონი ისეთ შეზღუდვებს აწესებს, რომელთა მიზანიც არის კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია, მისი დარღვევის ფაქტები უკვე უნდა იყოს აღმოსაფხვრელი. ზუსტად ამიტომ ვხვდებით კანონში ჩანაწერებს, როდესაც თანამდებობის პირებს ეკრძალებათ გარკვეულ სფეროებში სამეწარმეო საქმიანობა ან _ წილების ფლობა. ისინი ვალდებულები არიან ხალხის წინაშე, რომ დეკლარაცია შეავსონ კეთილსინდისიერად და სწორად.
გარდა ზემოხსენებული შემთხვევებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“, საქართველოს მთავრობის წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, შემდეგი ფაქტები გამოავლინა:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევაში, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძის დეკლარაციის მიხედვით, შალვა გოგოლაძე და მისი მეუღლე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულნი არიან. თუმცა, დეკლარაციის თანახმად, კომპანიები, სადაც შალვა გოგოლაძე წილებს ფლობს ან დირექტორის პოსტი უკავია, „ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს და რეგისტრირებულ მონაცემებში ვერ ხერხდება ცვლილებების შეტანა“. ასეთი კომპანიებია: სპს „შალვა გოგოლაძე და პარტნიორები“, შპს „დ&ვ“, შპს „ეიემდიემ ჯგუფი“, შპს „კაულინი ჯორჯია“, შპს „რაიმონდი“ და შპს „შარმი“. ამ კომპანიებზე საჯარო რეესტრში წილის მართვის უფლების გადაცემა რეგისტრირებული არ არის.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის შემთხვევაში, კაკაურიძე შპს „მეგობრობა“ საქართველოს 20%-იანი წილის მფლობელია, თუმცა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საწარმოდან შემოსავალი არ მიუღია. მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს, რაც კანონდარღვევაა. ასევე საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია, სავარაუდოდ, გიორგი კაკაურიძის სამსახურებრივი ელფოსტა: [email protected], რაც კითხვებს წარმოშობს სამეწარმეო საქმიანობაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროთა თითქმის სრული უმრავლესობის წარმომადგენლებს აქვთ ხარვეზები ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას. თუმცა რამდენად მიიჩნევა ეს ფაქტი „დანაშაულად“, საკამათოა. ცხადია, უკვე დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც საჯარო პირისა თუ – პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქეების სწორი ინფორმირება და ის ამ პასუხისმგებლობას ამახინჯებს ან თავს არიდებს, ანუ ამ ნაბიჯს დგამს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მას ენდნენ…

მარიამ ტიელიძე