რატომ სთავაზობდა დიმიტრი დარბაისელი გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს ფულს?!

mt1

„ჩემი ძმის, პატიმარ გიგა ფარტენაძის სიკვდილი ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მძიმე ცოდვაა!“ _ ასე დაიწყო „ქრონიკა+“-თან საუბარი გარდაცვლილის ძმამ, კობა ფარტენაძემ, რომელიც აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მისი ძმა მე-18 მოკლული პატიმარია, ახლა კი ეს რიცხვი 20-მდე გაიზარდა. რა აძლევს ამის თქმის უფლებას, რაში ადანაშაულებს უმოქმედო ხელისუფლებას და რატომ არ დასჯილან მისი ძმის მკვლელები ამ დრომდე?

კობა ფარტენაძე – გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ძმა:

_ გიგა უკანონი პატიმარი იყო. 2011 წელს თურქი ეროვნების მოქალაქის ცემისთვის მიუსაჯეს 16 წელი. ეს შემთხვევა მოხდა ბათუმში. ჩემი ძმა ევროპის ჩემპიონი იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. უცხოეთიდან ჩამოსული ძმაკაცის მოსანახულებლად მასთან სახლში წავიდა, მაგრამ სახლი თურქებზე გაქირავებული დახვდა და სახლის კართან მოუხდა კონფლიქტი. იმ პერიოდში პროკურორი ვინც იყო, ისიც ძიუდოისტი გახლდათ და მასაც პირადი შუღლი ამოძრავებდა ჩემი ძმის მიმართ, ამიტომაც მიუსაჯა 16 წელი. ამ კონფლიქტში თურქს თითქმის არაფერი დამართია და ეს სასჯელიც შეუსაბამო იყო.

ახალი მთავრობა რომ მოვიდა, მივედით პარლამენტში, ეკა ბესელიას კომიტეტში და მოვითხოვეთ საქმის ხელახალი შესწავლა, მაგრამ გვითხრეს, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია შედგებოდა და ასეთ საქმეებს ის გადახედავდა. ეს პასუხიც დაგვიანებით მივიღეთ, რადგან ამ დროს ჩემი ძმა უკვე მკვდარი იყო. ციხეში ჩემი ძმა 2014 წლის 4 მარტს მოკლეს. ის გეგუთში იხდიდა სასჯელს და როგორც თავად გვეუბნებოდა, არაჩვეულებრივად ექცეოდნენ. ადმინისტრაციასთან და პატიმრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სანამ მოკლავდნენ, ორი დღით ადრე მის საკანში მყოფი ყველა პატიმარი გადაიყვანეს „კრიტში“ და მარტო დატოვეს. ამის შემდეგ გიორგი დარბაისელმა მასთან საკანში კანონდარღვევით გადაიყვანა ლევან მოისწრაფიშვილი, გიორგი სეხნიაშვილი და შოთა შანიძე. ისინი არიან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პატიმრები და რაც მთავარია, მრავალი ადამიანი ჰყავთ მოკლული. სამივე იჯდა რუსთავის ციხეში ცალკე საკანში და მათ პატიმრებს არ აკარებდნენ. სწორედ ეს ხალხი შეუგზავნეს ჩემს ძმას მოსაკლავად.

_ თქვენთვის ცნობილია, რატომ გადაწყვიტეს თქვენი ძმის მოკვლა?!

_ 5-კაციანი საკანი იყო. ჩემმა ძმამ ისღა მოახერხა, რომ მეხუთე კაცად თავისი ძმაკაცი, გიორგი კაჭარავა შეაყვანინა საკუთარი მოთხოვნით. დიმიტრი დარბაისელმა რუსთავიდან გადაყვანილ სამ ადამიანს გეგუთში გადააყოლა ციხის ის „მაყურებელიც“, რომელთანაც ჩემს ძმას კონფლიქტი ჰქონდა. მერე როცა გიგა მოკლეს, აღმოჩნდა, რომ ამ საკანში მყოფ ყველა პატიმარს დალეული ჰქონდა სასმელი „ბრაგა“ და ჩემი ძმის სისხლში ნახეს ფსიქოტროპული მედიკამენტებიც. სავარაუდოდ, ამ „ბრაგაში“ იყო ჩაყრილი ფსიქოტროპული მედიკამენტები, რადგან რუსთავიდან გადმოყვანილი პატიმრები ღებულობდნენ ამ წამლებს ოფიციალურად და ხობის ფსიქიატრიულშიც მკურნალობდნენ. ჩემს ძმას ეს მედიკამენტები იმიტომ შეაპარეს, რომ მისი მოკვლა იყო დაგეგმილი.

_ ეს თქვენი ვარაუდებია?!

_ ფაქტი ის არის, რომ როცა ჩემმა ძმამ დაიძინა, მას თავისივე „გირა“ ჩაარტყეს თავში და შემდგომ აწამეს. გიგას იქ „გირა“ ჰქონდა, რომლითაც ვარჯიშობდა. ამ სამი პატიმრის მხრებზეა გახმაურებული ცნობილი მკვლელობები, რომლებიც დამტკიცებულია, რომ მათ ჩაიდინეს, ამიტომ მათ ციხეშიც ებრძვიან. ადმინისტრაციას ციხიდან ციხეში დაჰყავს და, პარალელურად, საკუთარი მიზნებისთვისაც იყენებს. ჩემს ძმას ადმინისტრაციასთან არ ჰქონია პრობლემა, მას მხოლოდ „მაყურებელთან“ ჰქონდა კონფლიქტი და, როგორც ჩანს, ამიტომ მოექცნენ ასე. გიგა იყო სიმართლის მოყვარული და, ამავდროულად, ძლიერი. ის იქ ვიღაცას არ აწყობდა. ღამის 3 საათზე აწამეს პატიმარი, ეს გაიგო ყველამ, მაგრამ საკანი მაინც არავინ გააღო. გიგა ერთი საათის ნაწამები იყო, ბადრაგი რომ შევიდა. ამის შემდეგ ნახევარი საათი კიდევ იცოცხლა, სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს. ეტყობა, ბადრაგმა აცადა „საქმის“ დასრულება. პატიმრებსაც ესმოდათ, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო. რატომ?! ვინ გააჩერა ეს ხალხი?! ამის დადგენა გვინდა უკვე კარგა ხანია, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ.

_ როგორც მითხარით, ამ საკანში თქვენი ძმის მეგობარიც იჯდა და არც ის ამბობს, რა მოხდა იმ ღამეს?

_ ისიც დუმს და პროკურორებიც არაფერს აკეთებენ ამ ადამიანის ასალაპარაკებლად. არა მგონია, მხოლოდ ეშინოდეს ვინმესი, უბრალოდ, ჩემი ძმის მკვლელების გაცემა არ უნდა, მაგრამ როცა მოწმე სიმართლეს არ ამბობს, მისთვის ხომ არსებობს სასჯელი?! დანაშაულის დაფარვისთვის რატომ არ უნდა დაისაჯოს? პროკურატურას არ უნდა ამ საქმის გახსნა, ეს იმითაც ჩანს, რომ პროკურორმა გვითხრა, – ძველი დრო ხომ არ გგონიათ, თვალებს ვერ დავთხრით, არ უნდა და არ ამბობსო. ცხადია, გულუბრყვილოდ იმასაც ვერ დავიჯერებთ, რომ ყველაფერი მხოლოდ `მაყურებელმა~ მოაწყო და ციხის ადმინისტრაციიდან არავინ დაეხმარა. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს ციხის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. მაგალითად, რატომ გადაიყვანეს მასთან სამი მკვლელი?! რუსთავში ცალკე საკანში თუ ისხდნენ, აქ რა მოხდა, ჩემს ძმასთან რატომ მოათავსეს?! აქაც ხომ ცალკე საკანი უნდა მიეჩინათ მათთვის და ამას ხელი ვინ შეუშალა?! მათ გეგუთის ციხეში გადმოყვანას და ჩემი ძმის საკანში შეყვანას ორი ადამიანი აწერს ხელს – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, დიმიტრი დარბაისელი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჯაბა მაღლაფერიძე. ეს ადამიანები წყვეტდნენ, ვინ სად უნდა გადაეყვანათ, ამავდროულად, მათ უნდა შეესწავლათ, რამდენად თავსებადები იყვნენ ეს პატიმრები? მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათ არ გაუკეთებიათ და რა მიზნით მოიქცნენ ასე, ესეც დასადგენია. სხვათა შორის, როცა ისინი საკანში შეიყვანეს, სანამ ჩემს ძმას სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, მანამდეც მოუხდათ კონფლიქტი, მაგრამ ადმინისტრაციას არ გაუშველებია, არანაირი ზომები არ მიუღია ამის გამო და ამ საკანში ახლად შეყვანილი ადამიანები სხვაგან არ გადაუყვანია. პროკურორი ამ შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამოსილი პირია, ანუ ჩვენ ყველაფერს უნდა გვაცნობდეს, ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ ინტერესებს კი არა, პროკურატურა ჩვენთან არ თანამშრომლობს. არადა, საქმეს ჰყავს სამი ზედამხედველი პროკურორი. არ გვაძლევენ ექსპერტიზის პასუხს, არც ერთი დოკუმენტი და საქმის მასალა არ გაგვაცნეს. `საიამ~ და სახალხო დამცველის აპარატმაც მოითხოვეს ამ საქმის მასალები, მაგრამ არც მათ მისცეს. კანონიც მათ მხარეს არის, რადგან პროკურორი დაზარალებულის დამცველია და მას თუ უნდა, მესამე პირს გააცნობს საქმის მასალებს და თუ უნდა – არ გააცნობს. ხმას არ ამოვიღებდით, პროკურატურა მართლაც რომ იცავდეს ჩემი ძმის ინტერესებს. ისინი ამას არ აკეთებენ და ჩვენც არ გვაქვს საშუალება, რამე მოვიმოქმედოთ. დანაშაულის კვალი გადის დიმიტრი დარბაისელზე, რადგან მან გადმოიყვანა ეს ადამიანები რუსთავის ციხიდან და ჩემს ძმას უკანონოდ შეუყვანა საკანში, მაგრამ რადგან ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარია, იმუნიტეტი იცავს. ბათუმში ერთად არინ ხოლმე და ხელს ვინ ახლებს? მოწმის სტატუსითაც კი არ დაკითხეს. სხვათა შორის, ჩემი ძმის გარდაცვალების მეორე დღეს დარბაისელი მოვიდა ჩვენთან და კონვერტით მოგვიტანა ფული, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ავიღეთ. მან ასევე შემოგვთავაზა, რომ ბათუმში ჩვენი ბინის დიდ ეზოში ინვესტორს მოიყვნდა და სახლს ააშენებინებდა. ახლობლებიც ჩარია ამ საქმეში, რომ ჟურნალისტებთან რეალური კომენტარი არ გაგვეკეთებინა. მათ არ უნდოდათ გვეთქვა, რომ ჩემი ძმის სიკვდილი ადმინისტრაციის უკანონო ქმედების გამო მოხდა.

_ ეს თქვენს რომელ ახლობელს უთხრა დარბაისელმა?

_ ახლა მის გვარს არ დავასახელებ. მან დაგვირეკა და ისიც გვითხრა, თავად დარბაისელი გამოუშვებს თბილისიდან ჟურნალისტებს, მაგრამ მასზე მხოლოდ კარგი უნდა ილაპარაკოთ და მოითხოვოთ იმ სამი პატიმრის დასჯა, ვინც ეს ჩაიდინაო. ამაზე უარი ვუთხარით და ჟურნალისტებიც აღარ ჩამოსულან. ჩემს ძმას საქართველოში ყველა იცნობდა, ჩემპიონი იყო და ვინ დაიჯერებდა, რომ რიგითმა პატიმრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს? დარბაისელს სულ არ ედარდებოდა იმ პატიმრების დასჯაც, მთავარი იყო, თავად არაფერი შეხებოდა. საქმე უფრო რთულად რომ არის, ამაში ისიც გვარწმუნებს, რომ პროკურატურა და პროკურორები ხელს არ ანძრევენ, საქმეს რეალური მსვლელობა რომ მიეცეს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმის მეგობარმა სიმართლე რომ თქვას, გაირკვევა, რატომ მოხდა ჩხუბი და ვინ იყო შესული საკანში იქ პატიმრების გარდა?

_ თქვენი აზრით, მკვლელობისა და წამების დროს იქ კიდევ ვინმე იმყოფებოდა?

_ დიახ! ციხის ე. წ. მაყურებლის ორგანიზმშიც იმ დღეს აღმოჩნდა იგივე „ბრაგა“ და ფსიქოტროპული მედიკამენტები, რაც ჩემი ძმისა და იმ პატიმრების სისხლში იყო, რომლებიც ამ საკანში ოფიციალურად იყვნენ. ცხადია, ჩნდება ეჭვი, რომ ამ დროს საკანში შესული იყო „მაყურებელიც“ და შეიძლება ეს ყველაფერი მან ჩაიდინა. ეს ეჭვი, თავის დროზე, გამოძიებასაც რომ არ გასჩენოდა, მას ექსპერტიზასაც არ ჩაუტარებდნენ და არ აღმოაჩენდნენ, რა დალია და როდის? ე. ი. იმ ღამეს ისინი ერთად იყვნენ და ეს  პროკურატურამაც იცის, ამიტომ ჩაუტარეს ექსპერტიზა „მაყურებელსაც“. ჩვენ ისიც ვიცით სხვა წყაროებით, რომ სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, საკანში შესული იყო ბადრაგიც, რომელმაც დაათვალიერა იქაურობა და „ბრაგა“ ვერ აღმოაჩინა. „ბრაგა“ კეთდება დაძველებული პურით, რასაც აქვს საშინლად მყრალი სუნი. ეს სასმელი მათ იქ რომ დაემზადებინათ, ერთი საათის წინ შესული ბადრაგი სუნით მაინც მიხვდებოდა ამას. ანუ „ბრაგა“ საკანში ვიღაცამ გარედან შეიტანა და ვინ იყო ის, ეს არ უნდა გაარკვიონ?! შეიძლება იციან კიდეც, მაგრამ მალავენ და ჩვენ არ გვეუბნებიან, იმ ადამიანის დასჯა რომ არ მოვითხოვოთ. ეს არის სიმართლე. ძალიან ადვილი გამოსაკვლევია ეს ყველაფერი, თუმცა არ იკვლევენ. ვიღაცამ ჩემი ძმის მიმართ მკვლელობის ოპერაცია ჩაატარა და პროკურატურა დუმს! მითხარით, ამაზე როგორ გავჩუმდეთ?! საშინლად იყო ჩემი ძმა ნაწამები, შემზარავი ფოტოები დაგვრჩა და ესენი ისე იქცევიან, ვითომ არაფერი მომხდარა. სოზარ სუბარსაც არ დაუმალავს მაშინ, რომ გიგა ციხეში მოკლეს.  ტელევიზიით განაცხადა, ჩაიდანი ჩაარტყესო. ექსპერტიზა ჩაუტარეს ჩემს ძმას, მაგრამ ექსპერტიზის შედეგებიც არ ვიცით. იმ ტანსაცმელს კი, რომელიც მას იქ ჰქონდა, ოჯახს არ უბრუნებენ, დედას რომ ჰქონდეს. პროკურატურამაც პირველ დღეს თქვა, ასფიქსიით, ტვინის შეშუპებითა და ჩარტყმით გარდაიცვალაო. აქამდე დამნაშავეებს არც პასუხი უგიათ და არც არავინ დაკითხულა.

პროკურატურას, თავისი ჭკუით, ეს საქმე გამოძიებული აქვს და სასამართლოში გადაგზავნილი, მაგრამ 6 თვე გავიდა და სასამართლოს არც ერთი მოწმე არ დაუკითხავს. არც პროკურატურის გამოძიებით ვართ კმაყოფილი, რადგან ისინი ყველაფერს მხოლოდ ამ სამ პატიმარს აბრალებენ და იქიდანაც ერთ-ერთი, მოისწრაფიშვილი ამბობს, მე ჩავარტყი, რაღაც კონფლიქტი მოგვივიდა და ამიტომ გავაკეთეო. ეს არის და ეს. ამ ადამიანებს სააკაშვილის დროს იმიტომ ჰყავდათ დახოცილი და მოკლული არაერთი პიროვნება, რომ მათ ხელისუფლებიდან „კრიშავდნენ“ და ხშირად ათავისუფლებდნენ ციხიდან. გამოიყვანდნენ, მოკლავდნენ ვინმეს, შეაბრუნებდნენ და ა. შ. დღესაც უნარჩუნდებათ ეს იმუნიტეტი მათ, რადგან ახლაც საუკეთესო ადვოკატები ჰყავთ. ერთ-ერთი პატიმარი, შანიძე, იგივე „კვერცხა“, აკაკი შანიძის შვილიშვილია. მას ბევრი ადამიანი ჰყავს გაუბედურებული. ახლა მისი ადვოკატები ათქმევინებენ მათ, რომ გიგა იყო ვაჟკაცი პიროვნება, ჩვენ არ მოგვიკლავს და ბადრაგმა მოკლაო. ანუ ვერსია შეთხზეს ასეთი: ჩემი ძმა უკვე ნაცემი იყო, როცა ბადრაგი მივიდა, მაგრამ ცხვირის ძვლები ჩატეხილი ჰქონდა და სასწრაფოს გამოძახება ბადრაგმა დააგვიანა. ამან გამოიწვია ასფიქსია და გარდაცვალებაო. უნდათ, ბადრაგს გადააბრალონ მთელი ეს დანაშაული.

_ ბადრაგი ვინ არის?

_ ამასაც საიდუმლოდ ინახავენ და მასზეც სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. როგორც ვიცი, ის სამსახურიდან გაუშვეს, მაგრამ აქ ადამიანის სიკვდილზეა საუბარი და მხოლოდ სამსახურიდან გადაყენება არ ჰყოფნის სამართლიანობის აღდგენას! მივმართეთ ყველა უწყებას, პრემიერსაც მივწერეთ, რომ დიმიტრი დარბაისელი არის მთავარი დამნაშავე და გთხოვთ, აიყვანოთ საქმე პირად კონტროლზე-მეთქი, მაგრამ ამის გამო მასხრად აგვიგდეს. პრემიერმა მომწერა წერილი ფოსტით: დიმიტრი დარბაისელს გადავუგზავნეთ ეს საქმე გამოსაძიებლადო. მაშინ დარბაისელი ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო. დაცინვაა, აბა, რა არის?! ფაქტია, რომ მას პასუხს არავინ სთხოვს, დარბაისელმაც მიპასუხა წერილით, – შენს ძმასთან ეს ადამიანები გადაიყვანეს პატიმრის კოდექისის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილითო. ეს ნიშნავს, რომ გადაყვანას ექვემდებარება პატიმარი, როცა მას იმ ციხეში საფრთხე ექმნება. ამ სამ ადამიანს ვითომ რუსთავში საფრთხე შეექმნა და ამიტომ გადაიყვანეს გეგუთში, მაგრამ იმას არ წერს, ჩემი ძმის საკანში რატომ მოათავსეს? რუსთავში ხომ მარტო იყვნენ და აქაც მარტო რატომ არ ჩასვეს?!

ეს ძალიან საპასუხმგებლო საკითხებია, ამათ კი ზედაპირულად გადაწყვიტეს. ნორმალურ ქვეყანაში დარბაისელი და ჯაბა მაღლაფერიძე უკვე ციხეში ისხდებოდნენ, მაგრამ მოწმის სტატუსითაც არ არიან დაკითხულნი, რადგან მათ მფარველობენ. არ ვაპირებ გაჩერებას და მდგომარეობის შეგუებას. აქ თუ ვერ ვიპოვი სამართალს, სხვა ქვეყანას მივმართავ დასახმარებლად.

ამ ხელისუფლებამ მოგვატყუა, ჩემი უკანონოდ დაპატიმრებული ძმა ციხიდან არ გამოუშვა და იქ მოკლა. ახლა მასხრად გვიგდებენ და არ იძიებენ. ისინი საქმეების გადახედვის დაპირებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომ გადაეხედათ თავის დროზე, გიგა პატიმარი არ იქნებოდა. ხარვეზების დამდგენი კომისია ვერ შექმნეს და ამასობაში სული ამოხადეს ციხეში. დღევანდელი პროკურატურა და სასამართლო იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წინათ იყო. სასამართლო პროცესებს ისე დებენ, წინასწარ არც გვეუბნებიან. ლანჩხუთში ჩამოსულებს გვირეკავენ, – მიბრუნდით, აღარ ტარდებაო და ა. შ. არ უნდათ, ნორმალური გამოძიება ჩატარდეს და  დადგინდეს, რა მოხდა რეალურად, რომ მთავრობიდან რომელიმე მაღალჩინოსანი არ დაისაჯოს. კვალი აუცილებლათ მივა მათთან.

ციხეში „მაყურებლები“ ყოველთვის იყვნენ, მაგრამ „ნაციონალების“ დროს მათ უფლებები წართმეული ჰქონდათ, ახლა კი ოფიციალურად მოქმედებენ და ეს მთელმა სისტემამ იცის. ხელმძღვანელობა მათ იყენებს კიდეც, რადგან რუსთავიდან გადაყვანილ 3 პატიმარს გეგუთში „მაყურებელიც“ გადააყოლეს. ის, რომ ჩემი ძმა ერთმა ადამიანმა მოკლა, აბსურდი და დაუჯერებელია. როგორ შეიძლებოდა, ევროპის ჩემპიონი, რომელიც ათ კაცს ერთად ისე გალახავდა, ადამიანები ახლოს ვერ მიეკარებოდნენ, ერთმა მოკლა?! ამიტომაც არ გვჯერა ამათი სიმართლის და ვითხოვთ ნორმალურ გამოძიებას.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პირადად ჩამოვიდა ოჯახში, დახმარება აღგვითქვა, მაგრამ არანაირ დოკუმენტსა და საბუთს არც მას აძლევენ. სახალხო დამცველს დაჰპირდნენ, რომ ტანსაცმელს დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ არც ეს გააკეთეს, ანუ ფეხებზე გვიკიდებენ და ამას არ ვაპატიებთ!

რამაზ ჩინჩალაძე – პატიმარ შოთა შანიძის ადვოკატი:

_ სამწუხაროდ, პატიმართა 70-80 პროცენტი იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტს. შოთა შანიძეს აქვს ქრონიკული დაავადებები და მას ოფიციალურად, ექიმის მიერ დაენიშნა რამდენიმე ასეთი პრეპარატი, მაგრამ ამ სისხლის სამართლის საქმეში არაერთ პიროვნებას, მათ შორის, ცხონებულ ფარტენაძესაც აღმოაჩნდა არა მხოლოდ ფსიქოტროპული, არამედ ალკოჰოლური ნივთიერებაც. ის გარემოება, რომ შოთა შანიძე ფსიქოტროპულ მედიკამენტს იღებს თუ არა, სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში არ არის.

_ მოკლულის ძმა ამბობს, რომ გიგას დაალევინეს „ბრაგა“, რომელშიც იყო ფსიქოტროპული წამალიც და ასე მოხვდა ის ჩემი ძმის ორგანიზმშიო. ფსიქოტროპულს კი ის ადამიანები იღებდნენ, რომლებიც მასთან იმ დღეს შეიყვანესო. ალბათ, ხვდებით, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

_ შესაძლებელია, კანონიერად ეს მედიკამენტი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მას თავად მიიღებდა. როგორც აღმოჩნდა ასეთი მედიკამენტი ფარტენაძისა და სხვა პატიმრების სისხლში, ეს ციხის ყოფილი ადმინისტრაციის წინაშე დასასმელი კითხვაა.

_ რუსთავის ციხეში თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი განცალკევებულ საკანში იმყოფებოდა?

_ ეს 3 ადამიანი არა მგონია, რუსთავში ერთ საკანში ყოფილიყო, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საცალკეო საკანში არასდროს მჯდარა და მასთან ყოველთვის იყვნენ სხვებიც.

_ გარდაცვლილის ძმა ამბობს, ამ პატიმრებს მათი ადვოკატები ათქმევინებენ, რომ გიგა იყო ვაჟკაცი ბიჭი, ჩვენ არ მოგვიკლავს და ბადრაგმა მოკლაო. ეს სიმართლეა?

_ უცნაურია, საიდან გაუჩნდათ ეს მოსაზრება? რისთვის სჭირდება ადვოკატს ამის თქმა, როცა ყველამ იცის, რომ გიგა მართლაც იყო ვაჟკაცი პიროვნება? ის ბადრაგმა მოკლა თუ სხვამ ეს ადვოკატმა არ იცის. ბრალდებულებმა უკეთესად იციან, რა მოხდა საკანში, ვიდრე მათმა ადვოკატებმა. შესაბამისად, ჩვენ არც ბადრაგისკენ ვიშვერთ ხელს და არც კიდევ სხვა პიროვნებისკენ. საქმეში არსებობს ბადრაგის პასუხისმგებლობის საფუძველი, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს პირდაპირ მკვლელობაში თანამონაწილეობა. ბადრაგის პასუხისმგებლობის საფუძველი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე არის ის, რომ ჩვენებაში წერენ, ღამის ორ საათზე მოვუწოდეთ, დამშვიდებულიყვნენო. როგორ შეიძლება, ღამის 2 საათზე პატიმრები ჩხუბობდნენ, ეს იცოდეს ბადრაგმა და მხოლოდ მოწოდებით შემოიფარგლოს?! ახლა ამბობენ, თურმე საშიშ პიროვნებებთან ერთად იმყოფებოდა გიგაო. თუ ესეც იცოდნენ, ნახეს რომ ჩხუბი იყო, ამას მოწოდება უშველიდა? ორი ბარდაგი იყო ამ დროს და ორივე ერთსა და იმავე ჩვენებას აძლევს. გადაწერილი აქვს გამომძიებელს ეს ჩვენებები. ამ ჩვენებებთან დაკავშირებით ჩავატარეთ ლინგვისტური ექპერტიზები და ექსპერტმა პირდაპირ გვითხრა, ამ ორი პირის მიერ მიცემული ჩვენება არის ერთი პიროვნების ნააზრევიო. მე არ ვიცი, ასეთი ჩვენება ვის სჭირდებოდა? არ ვარ ის პიროვნება, წარმოვიდგინო, ვინ იდგა ამ ჩვენების დროს იქ. ხომ ვერ ვიმკითხავებ, არა? ფაქტია, რომ ძიებაში ორი ჩვენება ერთი და იგივე პირის ნააზრევია. ვის აწყობდა და ვისი ნააზრევია, ეს გამომძიებელმა უნდა დაადგინოს. სწორედ გამომძიებელია ის პიროვნება, რომელიც ჩვენების მიცემას ესწრება, ან წერს მას.

_ საუბარია „მაყურებელზეც“. მის სისხლშიც იგივე ნივთიერებები აღმოჩნდაო და ამაზე რას იტყვით?

_ მე არ ვიცი ის პიროვნება, „მაყურებელია“ თუ ვინ არის? ერთ-ერთი პატიმრის სისხლში აღმოჩნდა ეთილის სპიტრი და აგრეთვე ცხონებული ფარტენაძის სისხლშიც აღმოჩნდა იგივე სპირტი. საკანში მყოფი დანარჩენი პიროვნებების სისხლში მსგავსი ნივთიერებები არ აღმოჩენილა. საინტერესოა, თუ არ იმყოფებოდა ეს პიროვნება საკანში და არანაირი კავშირი არ აქვს საკანში მომხდარ ფაქტთან, რატომ ჩაუტარეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა?! გეგუთის ციხეზე ბევრი პატიმარია და რატომ მაინცდამაინც მას ჩაუტარეს?! არის საფუძველი და ეჭვი იმისა, რომ საქმე სრულყოფილად არ გამოუძიებიათ. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ლოგიკური კითხვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ და პროკურატურამ ერთობლივად დააფარეს ხელი კიდევ ვიღაც პიროვნებას, რომელსაც გიგა ფარტენაძის გარდაცვალების გამოძიების ობიექტურად წარმართვა არ აწყობდა.

_ ანუ თქვენს ინტერესებშიც შედის ამ გამოძიების სრულფასოვნად ჩატარება?

_ ფარტენაძე ისეთი აღნაგობის პიროვნება ჩანს, პატიმრები, რომელთაც ბრალი დასდეს მის მკვლელობაში, ვერაფერს უზამდნენ. ანდაც რატომ უნდა ეწამებინათ ის ამ პატიმრებს? რა მიზეზით? თქვენ რომ ნახოთ ბრალდებულები, სამი კი არა, ასეთი ათიც კი ვერაფერს უზამდა ფარტენაძეს. აქ უფრო ძლიერი პიროვნებაა ჩარეული, ჩემი აზრით.

_ ე. წ. მაყურებელი იყო აღნაგობით ისეთი, რომელიც მას მოერეოდა?

_ როგორც მითხრეს, იყო. მინდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალ შემადგენლობას მოვუწოდო, გამოიკვლიონ თავისი წინამორბედი ხალხის ქმედებები, ვგულისხმობ დარბაისელს, ციხის უფროს კახაბერ გეგიას, რომელიც იმყოფებოდა იქ იმ დროის. რატომ მოხდა მსგავსი რამ? ღამის 2 საათზე რომ ხმაურობდნენ პატიმრები, რატომ არ აქცევდა არავინ ყურადღებას, თუკი ვინმე არ იყო დაინტერესებული, რამე მომხდარიყო?! სასჯელაღსრულების ახალმა დეპარტამენტმა არ უნდა განაგრძოს ასეთი განუკითხაობა და ძველი, ჩადენილი გულგრილობები, თანამდებობის ბოროტად გამოყენებები და გადაცდომებიც არავის არ უნდა აპატიოს. ყველას წინაშე დააყენოს სამართალი და მაშინ იქნება დეპარტამენტის თავმჯდომარე ობიექტური და კარგი ჩინოვნიკი. უნდა გამოიძიონ და გაარკვიონ, თუ ობიექტურობა უნდათ, რა მოხდა 2014 წლის 4 მარტს გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში? რას აკეთებდნენ მისი წინამორბედი, ან მისი ქვემდგომი პირები ამ დროს?!

„ქრონიკა+“ დეტალების გასარკვევად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თეა პერტაიას ესაუბრა:

_ ჩვენმა საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ ორ დღეში საქმე წაიღო დასავლეთის საოლქო პროკურატურამ. ჩვენ როგორც ვიცით, საქმეზე ბრალდებული არის სამი პიროვნება. ეს ადამიანები წინათაც პატიმრები იყვნენ. მე მხოლოდ მათ ინიციალებს ჩაგაწერინებთ: შ.შ; ლ.მ.; გ.ც. შ.შ. იხდიდა და იხდის სასჯელს მკვლელობისთვის, ლ.მ. – მკვლელობის მცდელობისთვის, გ.ც. კი – ქურდობისთვის. სამივე ამ საქმეზეც არის ბრალდებული. საქმე უკვე გამოძიებულია, ანუ დაასრულა დასავლეთის საოლქო პროკურატურამ და გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 2 სექტემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა.

_ სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიმართ არანაირი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ეს ხომ ციხის საკანში მოხდა?! თან მოკლულის ოჯახი მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

_ სამი ბრალდებულია მხოლოდ ამ საქმეში და მათი ბრალდება მოიცავს 117-ე მუხლის სამ ნაწილს: სანიძისა და მოისწრაფიშვილის შემთხვევაში 117-ე მუხლის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნაწილებს, მესამე ბრალდებულის მიმართ კი 117-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებს.

_ ანუ სასჯელაღსრულებიდან არავინ დასჯილა ხომ?

_ საქმეს იძიებს პროკურატურა და შესაბამისი ინფორმაცია იციან მათ. მეტი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია.

ნელი ვარდიაშვილი

11

12

13