რა პირობები წაუყენა ბათუმის მერს სოფო ხალვაშმა?!

მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს, ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა.

სოფო ხალვაში ბოლო წლებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მომღერალი ტელეეთერიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. მან ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.
თუ ქართული საარჩევნო კამპანიის ისტორიას გადავხედავთ, აშკარაა, რომ არც ერთი არჩევნები არ ტარდება შოუბიზნესის სახეების გარეშე. უმეტესად ესტრადაზე გამორჩეული სახეები აქტიურ მხარდაჭერას აფიქსირებენ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ და ამომრჩევლებსაც მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისთვის. მართალია, მომღერალი სოფო ხალვაში ახალ თანამდებობაზე დანიშვნას წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირებს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. სოციალურ ქსელში ხუმრობითაც ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფო ხალვაშმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ უმღერა, მაშინვე თანამდებობაზე დანიშნესო.
როგორც მომღერალმა „ქრონიკა+“-თან საუბარისას განაცხადა, მას ახალ თანამდებობაზე დიდი გეგმები აქვს, თუმცა წინასწარ არაფერზე საუბრობს.

აპირებს თუ არა სოფო ხალვაში პოლიტიკაში წასვლას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ სოფო, როგორ მოხვდით ბათუმის მერიაში და აღნიშნულ თანამდებობაზე?
_ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ შემომთავაზა.
_ როგორც ვიცი, თქვენ ეს შემოთავაზება ადრეც გქონდათ და არ დათანხმდით. რატომ?
_ დიახ, რადგან წინასაარჩევნოდ გაკეთდა, ცოტა ბევრი კითხვა დაგროვდა ამასთან დაკავშირებით. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია, შემოთავაზება არის, მაგრამ, რატომღაც, გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მივიღე და დღეს გადავწყვიტე.
_ რას უკავშირდება თქვენი ეს ნაბიჯი?
_ არაფერს, უბრალოდ, ახლა მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, შემიძლია ბევრი რაღაც გავაკეთო ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის.
_ რა მიმართულებით?
_ ჩემს სფეროში, კულტურის განხრით ვიმუშავებ. ადრეც მქონდა ბევრი იდეა და დღეს ამ იდეების განხორციელების საშუალება მომეცა. ძალიან კარგ გუნდთან ერთად მომიწევს მუშაობა, რომელიც ყველაფერში დამეხმარება. მადლობა ნდობისთვის.
_ თანამდებობაზე თქვენი დანიშვნა არჩევნების პერიოდს დაემთხვა. შესაბამისად, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა.
_ არ ვიცი, უბრალოდ, ტელევიზიიდან ჩემი გამოშვება იმდენად გახმაურდა, რომ ყველაფერმა ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ გაჩნდა უამრავი შეკითხვა.
_ თქვენ ასევე გამოხვედით სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე. იყო ასეთი მოსაზრება, რომ უმღერა სალომეს და თანამდებობაზეც დაინიშნაო. თქვენ რას იტყვით?
_ საერთოდ, ვისაც რა უნდა, ის თქვას, ენას ძვალი არ აქვს. ყველას გვაქვს ჩევენი აზრის გამოთქმისა და არჩევანის გაკეთების უფლება. შესაბამისად, ყველას აზრს პატივს ვცემ. მათ მინდა ვუთხრა, რომ ასეც უნდა მოიქცნენ, რადგან არ შეიძლება, განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო. ყველას მინდა თავის საქმიანობასა და პროფესიაში წარმატებები ვუსურვო.
_ სიმღერას თავი დაანებეთ?
_ რა თქმა უნდა, არა.
_ სასიმღეროდ დრო დაგრჩებათ?
_ როდესაც ამ თანამდებობას დავთანხმდი, ჩემი პირველი პირობა იყო, რომ ჩემი საქმიანობიდან ვერ გადავუხვევდი და ისევ ვიმღერებდი. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტს ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობდი და ამიტომ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მითხრეს, რომ სამსახური არაფერში შემიშლიდა ხელს. მით უმეტეს, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაო მერიაში. ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი.
_ როგორ ხედავთ და წარმოგიდგენიათ ამ თანამდებობაზე საკუთარ თავი. რას გააკეთებთ?
_ არ ვიცი, ჯერ რამდენიმე დღეა, რაც მუშაობა დავიწყე. მაქვს რაღაცებზე ნაფიქრი, თუმცა ამაზე წინასწარ საუბარი ცოტა არასერიოზული იქნება. ყველაფერს რომ დავალაგებ, მერე ვისაუბრებ გეგმების შესახებ.
_ თქვენი კოელეგები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
_ ძალიან კარგად. ბევრი უცნობი ადამიანი მწერდა და მილოცავდა. ჩემთვის ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან სრულიად უცხო ადამიანებმა გულწრფელად გამოხატეს სიმპათია და სიხარული. დიდი მდლობა ყველას.
_ პოლიტიკოსის გარდა დღეს ყველა პარლამენტშია. თქვენც ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში წასვლას?
_ არა, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პოლიტიკაში.
_ და მერის მოადგილის თანამდებობაზე წარმოგედგინათ საკუთარი თავი?
_ აქაც არ წარმომედგინა, მაგრამ ამაში დამარწმუნეს.
_ რაში?
_ რომ ბევრის გაკეთება შემიძლია ჩემი ქალაქისთვის და სწორედ ამან გადამადგემევინა ეს ნაბიჯი.
_ აჭარის ტელევიზიაზე მინდა გკითხოთ. ნაწყენი ხართ?
_ ყველაფერი სხვა ფორმით უნდა გაეკეთებინათ. 2017 წელსაც მქონდა ერთთვიანი საარჩევნო კამპანია, თუმცა მაშინ ეს ყველაფერი არავის აღუქვამს რთულად ან უცნაურად. დღეს, რატომღაც, ყველამ სხვანაირად მიიღო ჩემი ეს ნაბიჯი. საქმის კურსში რომ ჩავეყენებინე ტელევიზიის ხელმძღვანელობას და ყველაფერი მცოდნოდა, განცხადებას დავწერდი წამოსვლასთან დაკავშირებით და ამით მორჩებოდა ყველაფერი. ასეთი ფორმით ნამდვილად არ გავაკეთებდი.

გიორგი საკარული