იღელვე, ჯონ!

10637970_10203938990290530_1036662605_n

მიხეილ სააკაშვილმა ერთი უბრალო სვლით თავზარი დასცა მოქმედ ხელისუფლებას და 8-მილიონიანი ბრალდება გაუნიორწყლა. არადა, დიდად არ გარჯილა, დაწერა მხოლოდ 4 სიტყვა ბიძინა ივანიშვილის სახელზე: „გიგზავნით თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის“. თან დაურთო 7 კოსტიუმი, ერთი პალტო და კანცელარიაში გაუგზავნა.

ამ ფაქტმა ჯერ დაცვის ნუკრი გააზვიგენა და შემდეგ ეკა ბესელია გამოიყვანა მწყობრიდან. ეკა ბესელია მარია კნებელად მოგვევლინა და რეჟისურა დაუწუნა მიხეილს, – რაც დღეს დადგა, იაფფასიანი შოუა, აი, ასეთი მდაბიო სანახაობებით მართავდა ქვეყანასო. ქალბატონ ეკას არ დაუკონკრეტებია, უფრო სწორად, არ წამოუძახებია ჩვენთვის, მაინც, რომელი ძვირადღირებული შოუ გვანახა ხელისუფლებამ, რომლის სახესაც თავად წარმოადგენს? არადა, კარგი იყო, წამოეძახებინა. იქნებ, იყო და დაგვავიწყდა? ან იქნებ, ეს ჩვენ გვეჩვენება, რომ სწორედ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას მხოლოდ სანახაობით, დიახ, მხოლოდ სანახაობით – ლუკმა-პურის გარეშე? მხოლოდ ეს რომ ეთქვა, იქნებ, არც ღირდა გამოდავება, მით უფრო, რომ სანახაობების მოწყობა მართლაც იყო მიხეილის სტიქია და, როგორც ჩანს, არც ახლა აქვს ჩამოყრილი ყურები მის ფანტაზიას, მაგრამ გამწარებულ ბესელიას სხვაც დასცდა: „თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააბრუნოს ის ტერიტორიები, რომელიც დაკარგულია მისი პრეზიდენტობის პერიოდში“.

ქალბატონმა ეკამ, როგორც ჩანს, არ იცის, იქით კვირას რომ ტაო-კლარჯეთს უგზავნის მიხეილი ხონჩით. ტაო-კლარჯეთს რატომ? დაკარგული არაა, თუ? მერე რა, რომ ტაო-კლარჯეთი მიშას დროს უკვე დაკარგული იყო? მასე, მიშას დროს ცხინვალის რეგიონიც დაკარგული იყო და აფხაზეთიც. ეს ამ ხელისუფლებას სურს ისე წარმოჩენა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო სწორედ მათმა დაუძინებელმა მტერმა (უფრო სწორად, თავად არ აძინებთ მიშას მტრობა), სააკაშვილმა დაკარგა და არა მათმა დალაი ლამა – ედუარდ შევარდნაძემ. დიახ, აგვისტოს ომის მერეც დაიკარგა ტერიტორიები – კერძოდ, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა, რომელიც ასევე დაკარგული იყო შევარდნაძის დროს – არ ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია, საქართველოს დაუბრუნდა მიშას დროს და დაიკარგა ასევე მიშას დროს.

ქალბატონ ბესელიას ავიწყდება, რომ ძებნილი პრეზიდენტი ვერ დააბრუნებს ვერც თავის დაკარგულ კოდორს და ახალგორს და ვერც წინამორბედ შევარდნაძის დროს დაკარგულ ცხინვალის რეიგონს და აფხაზეთს. ამისთვის რა არის, აბა, საჭირო? – მიხეილის ხელისუფლებაში დაბრუნება. ესაა თქვენი ოცნება, ქალბატონო ეკა? ნამდვილად არ მეგონა… ბიძინამ არ გაგიგოთ…. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი, თუ დაბრუნებაზეა საქმე, ჯერ, იქნებ, თვითონ ამ ხელისუფლებამ დააბრუნოს ის მიწები, რაც დაიკარგა მავთულხლართებით? მცოცავი ოკუპაციით?

და ახლა ბევრად არსებითზე – თავად ტერმინზე „დაკარგული ტერიტორიები“ და ვაი-ვიშზე „აფხაზეთი დავკარგეთ“, „სამაჩაბლო დაიკარგა“ და ა. შ.

ალბათ, ახალს დიდს არაფერს ვიტყვი, რომ თუ რამ უკეთურება გვჭირს, ყველაფერი აირეკლა ჩვენმა სამეტყველო ენამ. იქნებ, ვინმემ ამიხსნას, საერთოდ რას ნიშნავს დაკარგული ტერიტორია? გასაღებია, რომელიც სად გაგძვრა, ვერ გაიგე და დაკარგე? ბავშვია, რომელიც ხალხში შეერია, ან ქუჩაში წატლაკუნდა, გზა ვეღარ გაიკვლია და დაიკარგა? რატომ ამოვეფარეთ ამ სიტყვებს? „დაიკარგა“, „დაკარგული“, თუნდაც „დავკარგეთ“? თუ დავაკვირდებით, უფრო ხშირად იხმარება „დაიკარგა“ და „დაკარგული“, ვიდრე „დავკარგეთ“. „დავკარგეთ“ მინიმალურად მაინც გულისხმობს ჩვენს პასუხისმგებლობას – ბოლო-ბოლო, ჩვენ დავკარგეთ! აი, „დაიკარგა“ „დაკარგული“ უფრო სარფიანია, საერთოდაც არ შეიცავს ჩვენი ბრალეულობის ნიშანწყალს. და რაც მთავარია, არც ერთ ამ სიტყვაში არ იგულისხმება მტრის – რუსეთის ბრალეულობა! ესაა მთავარი! ამიტომაც წაახალისა ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობამ ამ სიტყვის ფართოდ დამკვიდრება ხმარებაში – აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. ამიტომაცაა, რომ ეს სიტყვები უფრო მოსწონს დღევანდელ ხელისუფლებას, ვიდრე მიშას დროს დამკვიდრებული ოკუპირებული ტერიტორიები. იმიტომ, რომ ოკუპირებული იმთავითვე გულისხმობს ოკუპანტს, იმ რუსეთს, რომელთანაც ესენი სუფთა ფურცლიდან ცდილობენ ურთიერთობის აწყობას!

არა, ბატონებო „დაკარგული ტერიტორიები“ არ არსებობს! აბდაუბდაა! ტერიტორია ქინძისთავი არაა, დაკარგო. ტერიტორიები ან გააჩუქე, ან დათმე, ან წაგართვეს! მაგრამ თქვენ რომ წართმეული ტერიტორია ახსენოთ, ამით ხომ პუტინს გაანაწყენებთ – რადგან რუსეთია ამ ტერიტორიების წამრთმევი! ჩვენი ხელისუფლება ამ წართმევას არ აპროტესტებს და მაკკეინს კიდევ ის უკვირს, რომ ამ მთავრობას არ დაუგმია პუტინის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. „მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს. მთავრობას არ დაუგმია ვლადიმირ პუტინის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს მიუღებელია“, – ამბობს სენატორი. და რასა იქმს ამ დროს ღარიბაშვილი? დგას და ამაყობს პროდუქციის ექსპორტით რუსეთში, იმასაც გვამცნობს რიხით, რუსეთმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო გაუქმება გაახმოვანა, მაგრამ ეს ემბარგოს არ ნიშნავს და პირიქით – შეიძლება კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზეო. მაშინ როცა რუსეთს ზურგი აქცია ყველამ და თვითონ რუსეთმა ემბარგო დაუწესა ცივილიზებულ სამყაროს, საქართველოს პრემიერი ამაყობს რუსეთის მიმართულებით გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე და ამას ეძახის პრაგმატულს, სწორს და გონივრულს, მეტიც – ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლიტიკას. იღელვეთ, ჯონ! თქვენ მაინც იღელვეთ, თქვენ ხომ მაინც გულით გიყვართ ეს ქვეყანა!

ამერიკა რომ ნამდვილად ღელავს საქართველოზე, ეს კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ გასულ კვირასაც გამოჩნდა – სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იყო მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ ლიდერებმა ერთმანეთს აღუთქვეს მჭიდრო კავშირი უკრაინისა და რეგიონში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების თაობაზე.

ამ ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებს უკრაინის ბედი… ის ცხელი ზაფხულის რეჟისურითაა გართული. ზაფხული კი მართლაც ცხელია, ისე ცხელი, რომ ლამის ვაკელი აქლემიც ყინულოვან გამოწვევას ელის. რაკი ეს ყინულიანი გამოწვევა ვახსენე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ აქციამ რელიეფურად გამოკვეთა ბევრი რამ, თურმე რა იოლი ყოფილა დიდი სიკეთის კეთება! ამ ხალისიანმა აქციამ გააერთიანა ლამის მსოფლიო – პრეზიდენტებიდან, მეგასთარებიდან დაწყებული, რიგითი ადამიანებით დამთავრებული. ყინულებიანი წყალი და ის მინიმალური თანხა, რომლის გადარიცხვაც საჭიროა, ყველასთვის ხელმისაწვდომია. მართლაც, რამ უნდა შეგიშალოს ხელი, თავზე წყალი რომ ვერ დაისხა და ათი დოლარი ვერ გადარიცხო? თურმე, მაინც არის რაღაც ხელის შემშლელი, თურმე ყოფილა! ან უფრო სწორად, როგორც „ურიელ აკოსტაში“ რაბინები გაიძახიან: „ყოფილა!“ „ყოფილა!“ აგერ, ბატონო, რა ბრძანა ჩვენმა ახლმა მერმა ნარმანიამ: „ჯერ კიდევ მინისტრობის დროს ხშირად მიხდებოდა გარეთ სიარული და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არ მომაკლდება. ამდენად, ზედმეტად და დამატებით თავზე წყლის დასხმას არ ვაპირებ. ბუნებრივია, ვიღებ გამოწვევას და თანხას გადავრიცხავ იმ ფონდში, რომელიც ამიოტროფიული სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა“.

ვერაფერს იტყვი, ისეთი კომენტარია, წუთიერი დუმილით უნდა შეეგებო. რა შუაშია გარეთ სიარული თავზე წყლის გადასხმასთან? თან, ზედმეტად და დამატებით? რომ დადიოდა, თავზე წყალს ასხამდა ვინმე, ყორღანებიდან პინგვინი აფრინდა თუ გზად ყარაჩოღელი კენგურუ შემოეყარა ყივჩაღივით? არა, ბატონებო, მან დაიჯერა, რომ აირჩიეს. რჩეულია! ოჰ, ქალღმერთო ჰერა, რამდენი იჯერებს, რომ შენ შობე…. აი, ობამამ ვერ დაიჯერა და ამიტომაც გადაისხა ყინულიანი წყალი არავარდნილ თავზე. არადა, ყინულიანი წყალი სწორედ მათ უფრო სჭირდებათ, ვისაც ავარდნილი აქვს – ეგებ, გამოფხიზლდნენ და ამ აქციას ეს სიკეთეც ჰქონდეს – დამატებით, რა თქმა უნდა. ისე, ამ ხელისუფლებას არ აწყენდა, ერთი ჯგუფურად გადაესხა წყალი, როგორც ეს ვაშინგტონის ბალეტმა გააკეთა. არა, არ იფიქროთ, რომ საბალეტო ნახტომებს ვითხოვ ნოდარ ხადურისგან, ან მანანა კობახიძისგან, უბრალოდ, იქნებ, ამ ყინულიანი წყლის ერთად გადასხმამ მაინც არგოს ამ ხელისუფლებას და მიახვედროს, რომ ცხელი ზაფხული ჩასაქრობია, რომ არ შეიძლება ასეთ რეჟიმში აცხოვრო ქვეყანა – დაუსრულებელ კომპრომატებში. ხან ყურით მოთრეულში და ხანაც – კონვერტიდან ამოძრობილში! ცხადია, ხელისუფლება ხელს მედიისკენ გაიშვერს, მაგრამ იმ მედიაშიც რომ სწორედ მათი ღიად მხარდამჭერი ჟურნალისტები აგიზგიზებენ კომპრომატებს? არც ვახსენებ და არც გავიმეორებ, რომელი პოლიტიკოსის ოჯახის წევრის „გათხოვებაზე“ აგორდა სკანდალი. ამ შემთხვევაში არც ისაა არსებითი, ეს კვამლი ცეცხლითაა თუ უცეცხლოდ, აქ არსებითი ერთია მხოლოდ – არსებობს ზღვარი! არ უნდა შევარდე არავის საძინებელში! არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება იქ!

ხო, და კიდევ არც წერილები უნდა გახსნას ხელისუფლებამ. დიახ, ბატონებო, ბევრს რომ გოდებდით, გვისმენენ, გვისმენენო, ახლა ირკვევა, რომ წერილებსაც ხსნიან! აბა, სხვა რანაირად მოხვდა სოციალურ ქსელში ის საბანკო დოკუმენტები, რომელიც დავით ბაქრაძის ანგარიშებს შეეხებოდა? „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კერძო კლიენტის ბანკთან მიმოწერა ფოსტიდან ამოიღო, გახსნა და ხელქვეითებს მიაწოდა. პროკურატურა საეჭვოდ დუმს ამ საკითხზე და არც ცდილობს გამოიკვლიოს, რა გზით იქნება მოპოვებული ეს ინფორმაცია. პროკურატურას მხოლოდ ის აინტერესებს, რატომ არ იყო ეს თანხა დეკლარაციაში შეტანილი. რა ქნან, დიდი, მსუქანი სკანდალი უნდოდათ და ეს მჭლეღა შერჩათ. უნდოდათ ატეხილიყო გნიასი, – აი, ბაქრაძემ ქვეყანა გადაჭამა, საიდან ჰქონდა 276 849 გირვანქა სტრილინგი, HშBჩ ბანკში რომ ინახავდა? და რა აღმოჩნდა? ბაქრაძის სიმამრს 2002 წელს სახლი მიუყიდია შვეიცარიის საელჩოსთვის და ის ფული ყოფილა… გნიასი ვერ შედგა – მაკა მეტრეველის მზითვისთვის მიუგნიათ, ეგაა და ეგ.

კონვერტების ხსნა _ კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი საბჭოთა კავშირისკენ. ცხადია, „შავი კაბინეტები“, სადაც წერილების გახსნითა და კითხვით იყვნენ დაკავებული, რუსეთამდე საფრანგეთში შეიქმნა, მაგრამ ეს საქმე – პრელუსტრირება – სწორედ რუსეთში აყვავდა, საბჭოთა კავშირის დროს „კაგებეში“ სპეციალური განყოფილებაც იყო „პეკა“ და ახლაც მიუბრუნდნენ ამ გამოცდილებას – სპეცსამსახურებს უფლება მიეცათ, აკონტროლონ მოსახლეობის მიმოწერა და გზავნილები – ხსნან და იკითხონ…

მე კი გეკითხებით თქვენ: ახლა თავისუფლად გიქშიტინებთ ფილტვებში? თუ გახსნილი კონვერტებით ინიავებთ?

რეზო შატაკიშვილი