საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხს ევროპული ასოციაციის წევრები შეამოწმებენ

2014 წლის ივნისში საქართველო და ევროკავშირი ასოცირების დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც ადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პრიორიტეტებს.

სწორედ ამ წლიდან მოყოლებული ასოცირების ხელშეკრულებით განისაზღვრება ის ვალდებულებები, რომელიც ეტაპობრივად უნდა განახორციელოს (ზოგიერთი მათგანი უკვე განხორციელებულიც უნდა იყოს) ჩვენმა სახელმწიფომ.
ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტად განისაზღვრა განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და მისი მდგრადობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
ხელშეკრულების მე-16 თავი შეეხება განათლების სფეროსა და ტრენინგის საკითხებში თანამშრომლობას და მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მიახლოებას. ეს თანამშრომლობა მიმართულია შემდეგი სფეროების განვითარებისკენ: სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რომელიც წარმოადგენს კარიერული ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის უმთავრეს ასპექტს და საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში; განათლებისა და ტრენინგის სისტემების მოდერნიზებას; ხარისხის გაუმჯობესებას; განათლების ყველა საფეხურზე შესაბამისობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და თანხვედრას ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგთან“, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: უმაღლესი განათლების სწავლის დასრულების მაჩვენებლის გაზრდას უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, უმაღლესი განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას, მობილობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, უმაღლეს განათლებას, კვლევასა და ბიზნესს შორის ურთიერთპარტნიორობის ხელშეწყობას (კერძოდ, უნივერსიტეტების მიერ კვლევის შედეგებისა და ინოვაციების გამოყენება სამეწარმეო, ინოვაციური უნარების განვითარების მიზნით) და მმართველობისა და დაფინანსების გაუმჯობესებას.
ასოცირების შეთანხმება მოიაზრებს ისეთ სფეროებში სტანდარტების ამაღლებასა და განვითარებას, როგორიც არის არაფორმალური განათლება, დასაქმების ხელშეყობა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხის უზრუნველყოფა.
ამ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელობასა და მისი შესრულების აუცილებლობაზე არავინ დაობს, საკითხავი ისაა, რამდენად სწორი კურსი აქვს ამ კუთხით აღებული ჩვენს სახელმწიფოს და რა ეტაპზეა განათლების ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის საქმე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების საქმეში.
განათლების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში უკვე წლებია, აქტიურადაა ჩართული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცოტა ხნის წინ ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობისთვის ემზადება. განცხადებაში განმარტებულია, რომ მოსამზადებელი ეტაპი გულისხმობს უმაღლესი განათლების ხარისხის გაზრდისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანას.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მისია არის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება, რასაც ორგანიზაცია ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო წარმომადგენლობის მეშვეობით. ხელს უწყობს მათ განვითარებას ეროვნულ დონეზე, სთავაზობს შესაბამის სერვისებს და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატს. ამ კუთხით ENQA ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა ევროპაში.
როგორც ცენტრი განმარტავს, ევროპულ ასოციაციაში (ENQA) საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოს გაწევრიანება, თავის მხრივ, ნიშნავს ევროპულ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან ეროვნული შეფასების სისტემის თავსებადობას, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების შეფასების სისტემის სანდოობის მაღალ დონეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მუდმივ განვითარებას და მისი, როგორც განმახორციელებლის კონტროლის მექანიზმის არსებობას.
განათლების სფეროს ექსპერტები მიესალმებიან და დადებითად აფასებენ ევროპულ ასოციაციაში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების ფაქტს, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში დგას.

კონკრეტულად, რა ნაბიჯები გადაიდგა ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად და რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა უმთავრესი საგანმანათლებლო გაერთიანების წევრობისთვის?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი _ გიორგი ვაშაკიძე:

_ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობისთვის ემზადებით, როგორც ეს თქვენს განცხადებაშია ნათქვამი. კონკრეტულად, რას გულისხმობს მოსამზადებელი ეტაპი?
_ 2013 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) აფილირებულ ორგანიზაციას. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) სრული წევრის სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრმა საჭირო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.
კერძოდ, 2015-2017 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან მიმართებით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რაც მიმართული იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ევროპულთან მაქსიმალურ დაახლოებაზე. შედეგად, რომელიც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, ჩამოყალიბდა შედეგების შეფასებასა და განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას შეეწყო ხელი.
ამ მიზნით აღნიშნულ პერიოდში შეიცვალა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას.
ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში ავტორიზაციის ექსპერტთა თითოეული ჯგუფის მუშაობაში თავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც უმაღლესი სასწავლებლების ინსტიტუციური შეფასების პროცესში მდიდარი გამოცდილება აქვთ. ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსში პირველად შევიდნენ სტუდენტები და დამსაქმებლები, რომლებიც ასევე სავალდებულო წესით იღებენ შეფასების პროცესებში მონაწილეობას.
შესაბამისად, მიმდინარე წლის თებერვალში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად განაცხადა ENQA-ში გაწევრიანების სურვილი და დაიწყო გაწევრიანებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (EშG – 2015) შესაბამისობის დადგენის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თვითშეფასების ანგარიშის მომზადება. ხანგრძლივი სამუშაო შეხვედრების შედეგად მომზადდა თვითშეფასების ანგარიში, რომელიც არის საჯარო და განთავსებულია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, მიმდინარე წლის აგვისტოში კი ENQA-ში წარდგა.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ცვლილება, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელდა და ამჟამად ხორციელდება, შესაბამისობაშია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (EშG _ 2015) და უზრუნველყოფს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებას.
_ ENQA-ს შემფასებელთა მისია საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვა და თქვენს საქმიანობას შეაფასებს. რა კონკრეტული კრიტერიუმები შეფასდებით, რაზე გამახვილდება ყურადღება და რა მოლოდინები გაქვთ?
_ კრიტერიუმები, რომლითაც ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტები იხელმძღვანელებენ, მოცემულია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (EშG – 2015) მესამე ნაწილში.
მაგალითად, ერთ-ერთი სტანდარტია: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგულარულად უნდა განახორციელოს განათლების ხარისხის გარე უზრუნველყოფის აქტივობები იმ სტანდარტებისა და პრინციპების დაცვით, რაც მოცემულია EშG – 2015-ის მეორე ნაწილში.
ასევე ცენტრს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი მიზნები და ამოცანები, რომელიც უნდა აისახოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ცენტრმა თავის საქმიანობასა და მართვაში უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.
შესაბამისად, სტანდარტებით, ერთი მხრივ, მოწმდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რამდენად დანერგილია და თანმიმდევრულად ხორციელდება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, ცენტრი რეგულარულად ახორციელებს თუ არა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებს (ავტორიზაცია და აკრედიტაცია) და რამდენად ეყრდნობა ის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის შედეგებსა და ანალიზს. შესაბამისად, შეფასების დროს დეტალურად იქნება გაანალიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასდება თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მისია, მიზნები, ამოცანები, სამოქმედო და სტრატეგიული გეგმები, საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსები.
ვიზიტის ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტები შეხვდებიან ცენტრის ხელმძღვანელობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს, თვითშეფასების ანგარიშზე მომუშავე თვითშეფასების ჯგუფს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს, ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, კერძოდ: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებსა და წარმომადგენლებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოს წევრებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, დამსაქმებლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში, სტუდენტებსა და ცენტრის პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ვფიქრობთ, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოში არსებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტები დადებითად შეაფასებენ.
_ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განთლების სისტემისა და მისი განვითარებისთვის ამ ასოციაციის წევრობას და რა სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება ეს სამომავლოდ?
_ ENQA-ში გაერთიანებულია ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის 90-მდე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო თუ საჯარო სტრუქტურა. ENQA წევრ ორგანიზაციებს უზიარებს ინფორმაციას, გამოცდილებასა და საუკეთესო მაგალითებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
ასოციაციის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერება. იგი ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მნიშვნელოვანი განმახორციელებელი ძალაა ევროპაში. შესაბამისად, ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის შენარჩუნებისა და ამაღლების პროცესში და ვრცელდება ბოლონიის პროცესის ხელმომწერი ქვეყნების მასშტაბით.
რაც შეეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებას, თავის მხრივ, ეს ნიშნავს საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებას, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების შეფასების სისტემის სანდოობის მაღალ დონეს, საქართველოში მიღებული კვალიფიკაციებისა და დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარების საშუალებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება-გამყარებას და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მუდმივ განვითარებას.
_ როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემასა და მის ხარისხს და რამდენად მზადაა ის მაღალი სტანდარტების მქონე ევროპული ასოციაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?
_ განახლებული სტანდარტებით უკვე 20-მა დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია, ხოლო აკრედიტაცია მიიღო 150-მდე პროგრამამ. ამავდროულად ცენტრი აქტიურად მუშაობს აკრედიტაციის სახელმძღვანელოზე, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ექსპერტებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს პროგრამების განვითარებასა და შეფასებას.
ასევე მუშავდება ექსპერტთა მომზადებისა და გადამზადების საბაზო და დარგობრივი მოდულები. მთელი რიგი დარგებისთვის ასევე მზადდება დარგობრივი მახასიათებლები. ეს ყველაფერი დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა წარმატებით დააკმაყოფილონ ENQA-ს სტანდარტები, ხოლო ექსპერტებს მნიშვნელოვად გაუმარტივებს შეფასების პროცესს.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წარმომადგენლები ცოტა ხანში ესტუმრებიან საქართველოს და განათლების სისტემაში გადადგმულ ნაბიჯებსა და რეფორმებს შეაფასებენ. მოლოდინი და პროგნოზები ოპტიმისტურია, ფაქტის მნიშვნელობა ყველასთვის გასაგები და მისაღებია, საკითხავი ის რჩება, რამდენად დააკმაყოფილებს ქართული განათლების სისტემის ხარისხი ევროპის უმაღლეს სტანდარტებსა და მოთხოვნებს?..

ანა ურუშაძე