„ჭიკაიძეს თალიბანის ძებნას, ურჩევნია მოძალადე პოლიციელები დასაჯოს!“

carel

„შინაგან საქმეთა მინისტრს რატომ არ აინტერესებს რა ხდება იმერეთის რეგიონში?!“ – ამ კითხვას სვამს ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე ადვოკატი ლედი ტუკვაძე, რომლის „ალტერნატიული გამოძიების ბიურო“ უკვე ჩართულია სამტრედიის რაიონში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული დავით თავაძის საქმეში.

ადვოკატის განცხადებით, თავაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს და პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ: „ – ეს არ არის პირველი შემთხვევა იმერეთში. მე არ ვიცი, რას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ან თუნდაც მხარის პოლიციის უფროსი, უკვე სერიოზული ფაქტებია დაკავებული პირების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის. აღნიშნული დაკავებაც ერთ-ერთი დადასტურებაა, თუ როგორ აიძულებდნენ დავით თავაძეს ეღიარებინა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მისცემდნენ თავის დაცვის საშუალებას. ამ დაკავებამდე სამტრედიის პოლიციის უფროსი უთვლიდა თავაძეს, დაეტოვებინა რაიონი, თორემ პრობლემები შეექმნებოდა, რომ მის ტერიტორიაზე მხოლოდ მისი სამართალი ჭრის და დაიჭერს ყველას. დამუქრება აასრულა კიდეც, გუშინ ჩაატარეს თითქოს სპეცოპერაციის მსგავსი რამ, დაკავებულს ჩაუდეს ნარკოტიკი, რომელიც იძულებული გახდა, რომ გადაეყლაპა, თუმცა სამართალდამცავებმა კიდევ დამატებით ჩაუდეს ნარკოტიკი. დაკავებული ცუდად გახდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში, არც კი გაატარეს მისაღების ჟურნალში. დავით თავაძე ითხოვდა შველას, იყო სასტიკად ნაცემი, ჩვენი ბიურო მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და გაყვება ამ საქმეს. როგორც ადვოკატი ვაცხადებ, რომ თავაძის მიმართ იყო გამოყენებული სისასტიკის მაქსიმალური ზომა, დაუზოგავად გაუსწორდნენ პოლიციის რაიონულ განყოფილებაში, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტებმაც ვერ დამალეს დაზიანებები, რის შემდეგაც გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ოჯახი ითხოვს ალტერნატიულ ექსპერტიზას და უახლოეს დღეებში ჩატარდება კიდეც, ჩვენ გამოვიძიებთ ყველაფერს.“ – აცხადებს „ქრონიკა+“-თან „ალტერნატიული გამოძიების ბიუროს“ ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე.

მისივე განცხადებით – „ეს არ არის პირველი შემთხვევა, იმერეთის რეგიონში გახშირებულია დაკავებულებისადმი ფიზიკური ძალადობა და სისასტიკე, ვანის რაიონშიც დაფიქსირდა შემთხვევა, სამტრედიის რაიონი ამ კუთხით განსაკუთრებული ე.წ. „სტატისტიკით“ გამოირჩევა, სადაც მოქმედი პირები – სამტრედიის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე არიან, რომელთა კონკრეტული საქმეები უნდა გამოიძიონ. ჩემი ინფორმაციით, უკვე დაზარალებულებიც არიან საქმეში ჩართულნი და უახლოეს მომავალში მათ წინააღმდეგ ჩვენებებსაც მისცემენ და დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყება რეაგირების გარეშე არ დატოვებს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ სისასტიკეს. მე მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა მინისტრს, თალიბანის ძებნას ურჩევნია მოძალადე პოლიციელები დასაჯოს, უფრო რეალური დამნაშავეები არიან!“ – აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უკავშირდებოდა, თუმცა არც სატელეფონო ზარზე და არც ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხი არ მიგვიღია.