გამხმარი ვაზი, მშიერი პირუტყვი… რა იცოდა პრემიერ-მინისტრმა და არ გააკეთა?!

guyj

ხელისუფლებისგან კახელები ქიზიყის ორი რაიონის უბედურების ზონად გამოცხადებას ითხოვენ. „ქრონიკა+“ თავად იყო ჩასული ერთ-ერთ ამ რეგიონში და საკუთარი თვალით ნახა გადამხმარი ვენახები, სავარგულები და საძოვრები. ხალხი ტირის და თავს დატეხილ სტიქიურ უბედურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ირინე ფხოველიშვილი – საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი:

_ საქართველოს გაუდაბნოება დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან იწყება, რადგან განსაკუთრებით კრიზისული და საგანგაშო მდგომარეობა კახეთის ამ ორ რეგიონშია. გვალვა აქ ერთი თვის წინ არ დაწყებულა და იმის იმედიც არ გვაქვს, რომ ერთ თვეში ყველაფერი გამოსწორდება. 2013 წლის გაზაფხულზე ნალექების მცირე რაოდენობა მოვიდა, შემოდგომაც გვალვიანი იყო და როცა მარცვლოვანი კულტურები დაითესა, ტენიანობის ნაკლებობის გამო მარცვლის უმცირესი ნაწილი აღმოცენდა, თუმცა ისიც გააფუჭა ძლიერმა ქარმა და ყინვამ. თოვლიც არ მოვიდა იმ რაოდენობის, რომ მცენარეს დაბორჯვა მოესწრო. 2014 წლის 20 იანვარს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირმა გავაკეთეთ ანალიზი, რამდენი მილიმეტრი ნალექი მოვიდა და საგანგაშო დასკვნა დავდეთ! შემდეგ მივწერეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ვუთხარით, რომ მოსალოდნელი იყო მძიმე გაზაფხული, უფრო რთული ზაფხული და დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინასწარ ვიცოდით, რომ ქიზიყელი გლეხები და ფერმერები მოსავლის გარეშე დარჩებოდნენ და ამიტომ 7 ივნისს ჩავატარეთ საგანგებო კონფერენცია, რომ კახეთის რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებულიყო. მოვიწვიეთ სამთავრობო, საპარლამენტო წარმომადგენლობა, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამომადგენლები და ფერმერები. ყველა შევთანხმდით, რომ ვიდექით საშიშროების წინაშე და ამ გვალვის გამო გვექნებოდა ნულოვანი მოსავლიანობა. ნაკვეთებში ვიარეთ და ყველამ საკუთარი თვალით ნახა, რა მდგომარეობაც იყო. ქერისა და ხორბლის ყანებს, რომელთაც, ერთი შეხედვით, თავთავი ეტყობოდა და თავთავში, სულ მცირე, 36-ზე მეტი მარცვალი უნდა ყოფილიყო, 2-3 მარცვალი ჰქონდა. მარცვლოვანი კულტურების დაღუპვასთან ერთად მიდიოდა საზაფხულო კულტურების, – მზესუმზირის, სიმინდის ხმობა. ყანების გაჭრის დროს უარესი რეალობის წინაშე დავდექით, რადგან ნაკვეთების დიდ ნაწილში კომბაინის შეყვანას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან იქიდან მიღებული მოსავალი კომბაინის ხარჯსაც ვერ დაფარავდა.

_ პრემიერ-მინისტრს როცა მიმართეთ და კონფერენცია ჩაატარეთ, ჯერ კიდევ იყო შანსი, რომ მოსავალი გადაგერჩინათ?! ხელისუფლებას შესაბამისი ზომები რომ მიეღო, გლეხი და ფერმერი ასე არ დაზარალდებოდა?

_ დიახ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა საგაზაფხულო კულტურების გადარჩენა, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო სარწყავი სისტემების მოწესრიგება. საგაზაფხულო კულტურების დაღუპვას დაერთო ვაზისა და მრავალწლიანი კულტურების ხმობა. ვენახები რომ გამხმარია, თქვენი თვალით ნახეთ.  ფერმერი იბრძვის არა ყურძნის შენარჩუნებისთვის, არამედ ვაზის გადარჩენისთვის. მეორე წელს თუ არა, მესამეში მაინც რომ მიიღოს მოსავალი, რადგან გვალვისგან ვაზის რქა არის დაკნინებული.

_ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ წელს ყურძნის უხვ მოსავალს ელოდებიან, თქვენ  საპირისპიროს აცხადებთ. გადამწვარი ვენახები მართლაც საკუთარი თვალით ვნახე, ხალხსაც შევხვდი. ყურძნისა და მარცვლოვანი კულტურების ბეღელი ივრისპირეთია და საინტერესოა, საიდან ელოდება სამინისტრო უხვ მოსავალს, როცა აქ ასეთი მდგომარეობაა?

_ სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, ბატონმა დანელიამ, ეს როცა განაცხადა, შეიძლება რეალური სურათი არ იცოდა, ან სხვა რამის იმედი აქვს. ფერმერი თუ გლეხი, რომელიც ელოდებოდა, რომ საკუთარ ნაკვეთში უნდა მიეღო 10 ტონა ყურძენი, ახლა იმას ნატრობს, ერთი ტონა მაინც აიღოს. როგორ უნდა ვილაპარაკოთ დიდ მოსავალზე, როცა გასულ წელთან შედარებით, ყურძნის მოსავლის 10-29 პროცენტიც არ გვაქვს?! ყურძენი შერჩენილია მხოლოდ სარწყავ ადგილებში, ურწყავში კი მხოლოდ ვაზის გადარჩენაზე მიდის მუშაობა. ზოგ ფერმერს 10 ჰექტარზე აქვს ვენახი და დაქირავებული ცისტერნებით მოტანილი წყლით რწყავს. ამ ადგილებში, ე. წ. ხირხატებში, კომუნისტების დროს სარწყავი სისტემა მოწყობილი იყო და ალაზნის არხიდან აქაჩული წყლით ირწყვებოდა ვაზი, მაგრამ სარწყავი სისტემის მილები გაძარცვეს და ჯართში ჩააბარეს. ცისტერნის წყლით ვენახის მორწყვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თუმცა იმის გამო, რომ სამომავლოდ მაინც გადაარჩინონ ვაზი, ამას მაინც აკეთებენ.

_ წყლით მომარაგების, ანუ მელიორაციის საკითხები რომ ყოფილიყო მოწესრიგებული, ასეთი ზარალი არ იქნებოდა?! მინისტრმა სამინისტროს დანაშაული ხომ არ დაფარა და ამიტომ თქვა, ყურძნის უხვი მოსავალი გვექნებაო?

_ მელიორაციის მოწესრიგებას წლები რომ სჭირდება, კარგად გვესმის, მაგრამ იმის თქმა, რომ წელს ყურძნის დიდ მოსავალს მივიღებთ, არის საკითხის არცოდნა, არაკომპეტენტურობა. საქმე ის გახლავთ, რომ საძოვრებიც განადგურებულია. თქვენ გაქვთ ფოტოსურათები, როგორ არის გადამწვარი საძოვარიც, რაც თავისთავად  მეცხოველეობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ბალახი აღარ არსებობს და საქონელი დადის ცარიელ მიწაზე. წესით და რიგით, საძოვრებიც უნდა ირწყვებოდეს, მაგრამ სახნავ-სათესს, ვენახებს ვერ ვრწყავთ და საძოვრების მორწყვაზე როგორ ვილაპარაკებ?! საძოვრების უბედურება დაიწყო 2009-10 წლებში, როცა კახეთში ე. წ. პარაშუტის თაგვები სპეციალურად გადმოსხეს. მარცვლოვან კულტურებთან ერთად, ბალახიც მოსპეს თაგვებმა. გასულ წელს საძოვრებზე მხოლოდ მწვანედ ნარი ჩანდა, ახლა აღარც ის არის და ეკლის გარდა, სხვა მცენარე არ ამოდის. აქა-იქ შემორჩენილია ძირტკბილა, რომელზეც მისი ფესვის მომპოვებელთა ბრიგადები ნადირობენ და ნიადაგის ფენებს აზიანებენ. გვალვის გამო ნიადაგია დამწვარი და მისი სტრუქტურა დაზიანებული. საკმაოდ შავმიწიან ნიადაგს უკვე ნახშირის ფუნქცია აქვს და როცა ცისტერნებით რწყავენ ვენახებს, ნიადაგში წყალი აღარ ჩადის. შირაქის ველის მოსანახულებლად ვიყავით და იმდენად მაღალი იყო ტემპერატურა, ჩემს თანმხლებს ფეხსაცმლის ლანჩი გაძვრა. ნელ-ნელა შავმიწანიადაგიანიდან გადავდივართ ქვიშიან ნიადაგზე. მიწა ხელზე უდაბნოს ქვიშასავით იბნევა, რაც არის კატასტროფა. ამის გამოსწორება ერთ დღეში უკვე შეუძლებელია და მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროც ვერ მოაბამს თავს. ამ საქმეში ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც უნდა ჩაერთოს, რადგან ამ რაიონებში არის გლობალური დათბობის მკვეთრად გამოხატულ ფორმა და აქედან იწყება კახეთის გაუდაბნოება. თანაც პროცესი წინ მიიწევს.

ახლახან ახმეტაში ვიყავით და იქაც განგაშია ატეხილი – სამი კვირის განმავლობაში ციდან წვეთი არ ჩამოვარდნილა და მძიმე პროცესები იწყება. რამდენიმე დღეში თუ არ მოვიდა ნალექი, საგაზაფხულო კულტურებს იქაც საფრთხე დაემუქრება. გვალვისგან გამოწვეულ ზარალს საგარეჯოს რაიონშიც ელოდებიან.

_ გასაგებია, რომ რთულია მელიორაციის საკითხების მოგვარება, მაგრამ პროცესი თუ არ დაიწყო, ყოველთვის ასეთი მძიმე მდგომარეობა არ იქნება?!

_ არსებული მდგომარეობა რეალურად უნდა შეფასდეს. არავის უნდა შეეშინდეს სიმართლის თქმის, რომ დედოფლისწყარო და სიღნაღი – კახეთის ეს ორი რაიონი, არის უბედურების ზონა, რადგან მთლიანად დაიღუპა საშემოდგომო, საგაზაფხულო კულტურები, ხმება მრავალწლიანი ნარგავები და, ავტომატურად, მეცხოველეობასაც საფრთხე ემუქრება. ძროხები უკვე ისე არიან დამშეული, უმეტესობა ზამთარს ვერ გადაიტანს. გვყავს ფერმერი ქალბატონი, რომელსაც შიმშილით 7 ძროხა უკვე დაუვარდა და მოუკვდა. მაღალი ტემპერატურისა და გამხმარი საძოვრების გამო იძულებული გახდა, საქონელი თიანეთში გადაეყვანა, რაც დამატებითი ხარჯებია და თან ძალა ადგება მთის საძოვრებს. ფუტკარიც ზოგი გაწყდა, ზოგმაც დატოვა სკა და ველურ პირობებში გადავიდა. ხელოვნური ტბორები ისე გაცხელდა, თევზი იხოცება. მსგავსი გვალვა უხუცესებსაც არ ახსოვთ.

ახლა გეტყვით, რა შეიძლება გაკეთებულიყო, საქმე ამ მდგომარეობამდე რომ არ მისულიყო: მსგავსი სიტუაციები სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ იქ სახელმწიფო მასობრივად იწყებს შეძენას გლეხებისა თუ  ფერმერებისთვის მინიწყალსაქაჩების, ანუ პომპების, პლასტმასის მილებით ინტენსიური რწყვები რომ ჩაატარონ, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან შეხვედრაზე ჩამოსული იყო კონსტანტინე ხიცაიძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს მელიორაციის საკითხებს. ხალხსაც შეხვდა და მათაც მოსთხოვეს, მოგვეხმარეთ ასეთი მინისარწყავი სისტემებით, ვაზი რომ გადავარჩინოთ, ეს არის სამომავლო საქმეო. – წელს ვერაფერს გავაკეთებთ და მომავალი წლიდან მელიორაციის საკითხებზე უკეთესად ვიმუშავებთო, – უპასუხეს.

_ ალაზნის სარწყავი არხიც ხომ არსებობს და იქიდან რატომ არ შეიძლებოდა ნაკვეთების მორწყვა?

_ ეს სარწყავი არხი სათავეს იღებს ახმეტის რაიონში და დედოფლისწყაროს რაონში ჩაედინება. ის გახლავთ თამარ მეფის დროინდელი, რომელსაც ალაზნის ზედა ნაკვეთები უნდა მოემარაგებინა წყლით. ივრის ზეგანზე გადის მეორე სარწყავი სისტემა, რომელიც იმ ტერიტორიებს ამარაგებს. ეს არხი ყოველ წელს ინტენსიურად იწმინდება, მაგრამ, სამწუხაროდ, გამშვები არხები სრულად არ მუშავდება და არ იწმინდება. ცენტრალურ არხში რომ მიედინება წყალი, მას საშუალება უნდა მიეცეს, სპეციალურ გამშვებ არხში ჩაიაროს, მერე კი გლეხები გადაიყვანენ ნაკვეთებში. ამ არხის ბოლომდე მოუწესრიგებლობის გამო წყალს ვერ იღებენ. მისი მოწესრიგებაც ხომ არ იყო ძნელი?! თუ აქედან მიღებულ წყალში გლეხს ჰექტარზე 75 ლარს ახდევინებენ და თუ ვერ გადაიხადა, ჯარიმას უწერენ, რატომ არავინ არ აგებს პასუხს, გადახდილი რომ აქვთ ფული, წყალი მათ ნაკვეთებთან არ მიდის და მოსავალი უფუჭდებათ?! გლეხებთან მათ მიერ დადებულ ხელშეკრულებაში წყლის მომხმარებლის ინტერესი გათვალისწინებული საერთოდ არ არის და მხოლოდ მიმწოდებლის ინტერესია დაცული. ეს კომპანიები არის სახელმწიფოსთან არსებული ააიპ-ები და სიპ-ები. როცა სახელმწიფოს არ უნდა კონკრეტულ საკითხში ჩარევა, ამბობს, რომ ისინი არის კომერციული სტრუქტურები, სინამდვილეში კი სახელმწიფოსთან არსებული სტრუქტურებია. ბენდუქიძე ხომ აღარ გვყავს, ხომ შეიცვალა იდეოლოგიაც და, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ითქვას, ქვეყნისთვის რა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რა – არა?! განაცხადონ, სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა არ არის სტრატეგიული დარგები, ასე რომ ექცევიან?!

_ ზარალის გამო სახელმწიფოს კომპენსაციას თხოვთ?

_ არა. გასულ წლებში, როცა სეტყვის გამო გურჯაანში მოსავალი განადგურდა, სახელმწიფომ კი არა, ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა დაარიგა იქ ფულადი დახმარება. ჩვენ სხვა მოთხოვნები გვაქვს სახელმწიფოს მიმართ: ვითხოვთ, დაზარალებული გლეხები და ფერმერები მიწის გადასახადისგან განთავისუფლდნენ. სხვა სალაპარაკო თემაა, 2011 წლიდან მიწის გადასახადი კაბალურად რომ არის გაზრდილი. „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს თავსმოხვეული ეს კაბალური გადასახადი კი ახალმა ხელისუფლებამ დააკანონა და აღნიშნული პროცესი დღესაც გრძელდება. ამ კაბალური გადასახადების გამო წარმოქმნილი დავალიანების ჩამოწერაზეც გვაქვს საუბარი, ანუ ფინანსურ ამნისტიაზე. მაშინ პოლიტიკაც ისეთი იყო, რომ მაქსიმალურად ხდებოდა ქართული სოფლის მეურნეობის დაკნინება, ფერმერისა თუ გლეხის განადგურება, წელში გატეხა, რაც შეიძლება მეტი მიწის გადაცემა უცხოელებისთვის. უცხოელებს დიდი ოდენობით ქართული მიწები ჩაუვარდათ ხელში. ახლა ეს პროცესი უნდა შეიცვალოს და მიწისა და საძოვრების გადასახადი ძველ ნიშნულზე უნდა დავიდეს. საძოვრების მაღალი გადასახადები ძველი ხელისუფლების დროს კი დაკანონდა, მაგრამ მეოცნებე ხელისუფლებამ ის ძალაში დატოვა, რაც სამარცხვინოა. დიდი დანაშაული განახორციელა სასოფლო-სამეურნეო კორპორაციამ 2010-11 წლებში, როცა ჯაგერისა და პიონერის ჯიშის ხორბალი და სიმინდი შემოიტანა საქართველოში და ფერმერები საშინლად აზარალა. დღევანდელი ხელისუფლება ფრთხილობს სათესლე მასალის შემოტანაზე, მაგრამ რამის შიშით მეორე საქმე ხომ არ უნდა გავაფუჭოთ?! იქნებ, სახელმწიფომ მისცეს საშუალება დონორებს, მიეხმაროს განადგურებულ გლეხობას და სათესლე მასალა მოაწოდონ, რადგან მათ ეს მასალაც აღარ აქვთ.

_ კიდევ იგივე რომ განმეორდეს, რატომ არ გეშინიათ?

_ შემოტანილი სათესლე მასალა ვარგისიანი რომ არ იყო, ეს სასამართლომაც დაამტკიცა, ამიტომ რაც შემოვა, უნდა იყოს ადაპტირებული ჩვენს პირობებთან, ვარგისიანი, გამოცდილი და მიღებული ჩვენი მდგომარეობისთვის. ყველაზე მთავარი კი მაინც არის ის, რომ გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემა ფერმერებზე, ახლა კი მისი დაბრუნების დრო დადგა. მაშინაც ვამბობდით და ახლაც ამ აზრზე ვართ, რომ კრედიტის გაცემის დროს უნდა ყოფილიყო 3-5 წლის საშეღავათო პერიოდი, მაგრამ არ დაგვიჯერეს. ფერმერს საშეღავათო პერიოდი რომ ჰქონოდა კრედიტზე, დღეს არ დადგებოდა მოთხოვნა, თუნდაც ერთი წლით კრედიტის გადავადებისა. თანაც ასეთი კრედიტები გაიცემა აგროდაზღვევის გარეშე. დღეს მუშაობა მიდის სახელმწიფო აგროდაზღვევაზე, ანუ როგორც ეს ჯანდაცვაში მოხდა, სადაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რეგიონის პირობები. ახლაც კი სადაზღვევო კომპანიები ფერმერებს კურიოზულ პირობებს სთავაზობდნენ. წყალდიდობის შემთხვევაში კახეთის რეგიონს დაეხმარებოდა სადაზღვევო და აჭარა-რაჭა-ლეჩხუმს – გვალვის დროს. კახეთში წყალდიდობა არ ხდება, გვალვაა ჩვენი მტერი და რა გამოდის, ახლა თქვენ მიხვდით. სადაზღვევო კომპანიები ამით ამბობენ, ჩვენ გვაქვს აგროდაზღვევის ასეთი პროდუქტი, თუ გინდათ, გამოიყენეთო, მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ?! ბანკები და სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ, ამიტომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სტრუქტურა, რომელიც კონკურენციას გაუწევს კომერციულ სტრუქტურებს და აიძულებს მათ, ისინიც მათ რელსებზე გადავიდნენ. თუ საშუალებას გამონახავს სახელმწიფო და შექმნის აგრობანკს, რომელიც მიმართული იქნება აგროსექტორის დაფინანსებაზე, მერე კომერციული ბანკებიც დაწევენ პროცენტებს და სუფსიდირება სახელმწიფოს აღარ დასჭირდება. კარგი და მონდომებული მენეჯერია ამ ყველაფრის მოსაგვარებლად საჭირო.

_ კახელ ფერმერთა 80-90%-ს მოსავალი რომ გაუნადგურდა, სად არის სამინისტროს პოლიტიკა?

_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვის უფლება, არადა, უნდა ჰქონდეს და ეს არ უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს ფუნქცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს უფლება, წამოაყენოს ინიციატივა სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის ცვლილებაზე, არადა, ამის უფლება სწორედ მას უნდა ჰქონდეს. პოლიტიკა უნდა შექმნა ქონებით და გადასახადით. ეს თუ არ გაქვს, ვის როგორ უნდა დაეხმარო? მხოლოდ ნომინალური ბარათების დარიგება საქმეს უშველის? წელს არსებული პლასტიკური, 50-ქულიანი ბარათები მხოლოდ ოჯახურ-გლეხურ მეურნეობებს დაეხმარა და არა ფერმერებს. ძალიან ბევრმა ფერმერმა ხელიც არ ახლო ამ ბარათს, არადა, დიდი თანხაა ამაში გახარჯული. აგროსერვისების მაღაზიებში მიდიოდნენ ამ ბარათით და სასუქი, რომელიც ღირდა 45 ლარი, ბარათით 53 ლარად უნდა გამოეტანათ. ბარათით 52 კგ. სასუქი უნდა მიეღო ნაცვლად 54 კილოგრამისა. სახელმწიფომ ლავირების საშუალება მისცა ასეთ მაღაზიებს, მაგრამ საკითხავია, რის ხარჯზე გააკეთა ეს?! უამრავი თანხა წავიდა ვიღაცის ჯიბეში. რატომ? ხომ შეიძლებოდა, ეს ფული ისევ გლეხს მოხმარებოდა? პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წამოიწყო, ჯერ იმ მასშტაბებით არ ხორციელდება, როგორც უნდა კეთდებოდეს. ვისაც უნდა ეწყინოს, სიმართლეს მაინც ვიტყვი: მილიონები და მილიარდებია მელიორაციაში უკვე დახარჯული. ამ ფულით არხები ბათუმამდე და თურქეთამდე უნდა იყოს გაყვანილი და ამხელა ტერიტორია უკვე უნდა იყოს გასარწყავიანებული, მაგრამ გითხარით, რაც ხდება! XXI საუკუნეში ფერმები არ უნდა იყოს ელექტროფიცირებული?! რეალობა ის არის, რომ დენი არც ერთ ფერმაში არ გვაქვს. რაში გვჭირდება 800 000 ლარად შეფასებული ტექნიკა, როცა ისეთი გზებია, ტექნიკას ნაკვეთებამდე მისვლა არ შეუძლია. საჩვენებელი ტექნიკა ტრასის პირას უდგათ და ისინი მინდვრებში გზების არქონის გამო ვერ ჩადიან. ჩვენც ორხიდიანი მანქანებით ძლივს ვახერხებთ იქ მისვლას. ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ჩემთვის კიდევ სამინისტროც და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც სახელმწიფო სტრუქტურებია და ვინ გააკეთებს საქმეს, ჩვენი საწუხარი არ უნდა იყოს. გლეხთან და ფერმერთან მათი გაკეთებული საქმე უნდა მიდიოდეს. სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს ფერმერისა და გლეხის გაძლიერება, სხვანაირად ქვეყანას ვერ ავაშენებთ. რით უნდა გავაკვირვოთ ევროპა, ევროკავშირი, თუ საქართველო კვლავ მხოლოდ გასაღების ბაზარი იქნება?! დღეს რა ზარალიც მიიღო კახეთმა, ამაში დიდი წილი ეკუთვნის სახელმწიფოს. ფერმერებისთვის გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვით რომ მიეცა ტექნიკა, გაეკეთებინა სარწყავი სისტემა, მოეწესრიგებინა ელექტროენერგია, გზები, არ ვართ ზარმაცი ხალხი და ბევრ რამეს გავაკეთებდით.

_ ნარმანია ინფრასტრუქტურის მინისტრი რომ იყო, ბიძინა ივანიშვილი მას ყველაზე დიდ მეურნე კაცად გვისახელებდა. როგორც ჩანს, გასაკეთებელი საქმეების საკმაო წილი ინფრასტრუქტურის სამინისტროზეც მოდის და ორ წელიწადში მისი მოგვარება ნამდვილ მეურნეს არ უნდა გასჭირვებოდა. ასე არ არის?!

_ ამჟამად წნორი-სამთაწყაროს გზა არის ძალიან პრიორიტეტული, რადგან აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტამდე მიდის. ეს გზა რომ აღდგენილიყო, ალაზნის სასაზღვრო ზოლი უფრო მეტად გამაგრდებოდა და გამყარდებოდა, ფერმერიც ადვილად და დროის დანაკარგების გარეშე მივიდოდა სამუშაო ადგილამდე, მოწეულ პროდუქციას ადგილამდე დაუჟეჟავად მიიტანდა და მოგებასაც მეტს ნახავდა, მაგრამ გზა არ გაკეთებულა. ორი დღის წინ კი დედოფლისწყაროში ქარსაცავი ზოლები ვნახეთ. არაჩვეულებრივი საქმე დაიწყეს, მაგრამ დაუმთავრებელი დატოვეს. საკმაოდ დიდ ფართობზე სამრიგიანი ქარსაცავი ზოლის გაშენების პროცესი იყო დაწყებული, მაგრამ არავინ იფიქრა ის, რომ მხოლოდ ნერგის ჩარგვით ხე არ გაიზრდება, თუ მას არ მოუვლი. არც ერთი ნერგი გახარებული არ არის და იცით, რამდენი მილიონია ამაში დახარჯული?! აქედანაც ჩანს, მხოლოდ პოპულიზმზე რომ ვართ გადასულები და აი, შედეგიც – მილიონი ჩამარხეს მიწაში!

_ ერთი წლის წინ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ აზერბაიჯანის საზღვართან, მდინარე ალაზანზე, ჯებირების არარსებობამ ჩვენი მიწები წაიღო, მერე ეს ადგილები აზერბაიჯანელებმა ამოავსეს და თავისად გამოაცხადეს, უსისხლო ანექსია მხოლოდ გორთან კი არა, აქაც მიმდინარეობსო და ამასთან დაკავშირებით რა ხდება?

_ მხოლოდ ერთ პატარა ყურეზე გაკეთდა ჯებირი, 25-10-ჰექტრიანი ყურეები იგივე მდგომარეობაშია. ერისიმედიდან სამთაწყარომდე ამჟამად ალაზანი კოჭს სწვდება. თავისუფლად შეიძლება მასზე გადასვლა-გადმოსვლა, მაგრამ როგორც კი დაიწყება წვიმები და წყლის დონე აიწევს, ავტომატურად განახლდება ტერიტორიების ჩამოგლეჯისა და მისაკურების პროცესი აზერბაიჯანელების მხრიდან, მაგრამ ამაზე ჩვენს ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს. რუსების ქმედებას ქვემო ქართლში ვაპროტესტებთ, მაგრამ აქ რაც ხდება, ყურადღებას არ ვაქცევთ. აქაც ანექსიაა, ხალხო და, ბოლოს და ბოლოს, თუ არ გჯერათ, ჩამოდით და ნახეთ! სოფლის მეურნეობაში არ გვაქვს ათვლის წერტილი და თვითდინებით, ინერციით მივდივართ. ჩვენი ფერმერები, ფაქტობრივად, შუა საუკუნეების დროინდელი იარაღით მუშაობენ და თურმე შევდივართ ევროკავშირში. კიდევ ერთ პარადოქსს გეტყვით: ქვეყანას მიწის კოდექსი არ აქვს და ამიტომაც ადვილად ხდება ჩვენს მიწებზე სხვა ეროვნების ხალხის პარპაში. კანონი ნოემბერში უნდა მიიღონ, მაგრამ არ არის ცნობილი, მასზე მუშაობა მიდის თუ არა? აგერ ნოემბერი და აგერ ჩვენ! ვნახავთ, ამას მაინც თუ გააკეთებენ.

 „ქრონიკა+“-თან ზემოაღნიშნულ საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო რაიონული სამსახურის სპეციალისტები, სტიქიის შემთხვევაში, ოპერატიულად ერთვებიან ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობაში და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზარალის ხარისხის დადგენაში მონაწილეობენ. ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, დედოფლისწყაროში დაიგვალვა 13 ათას ჰა-მდე ფართობი, სიღნაღში – 5 ათასი ჰა. ზარალის ანაზღაურება სოფლის მეურნობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

მოგეხსენებათ, ათწლეულებია, სარწყავი არხების რეაბილიტაცია არ ხდებოდა. გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში უკვე წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰა სავარგული. გაიწმინდა და მოწესრიგდა საირიგაციო არხები. 2012 წელს ირწყვებოდა 20 ათასი ჰა, 2014 წლის ბოლოსთვის გასარწყავიანდება 88 ათასი ჰა. მომავალი წლის გაზაფხულისთვის გასარწყავიანდება 100 ათასი ჰა. ჩატარებული სამელიორაციო სამუშაოების შედეგად კახეთში – 94 კმ., მათ შორის – 26.5 კმ. მაგისტრალური არხი და 67.5 კმ. გამანაწილებელი არხია რეაბილიტირებული; რაც შეეხება შირაქს, იგი არასოდეს ირწყვებოდა და, შესაბამისად, არ აქვთ სამელიორაციო ინფრასტრუქტურა. ალაზნის არხი გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას  გაწმენდილი აქვს და წყალიც არის. არხის ქვევით ყველაფერი ირწყვება სიღნაღში. პრობლემაა არხის ზედა მიწები, რომელიც არხიდან, ზოგ შემთხვევაში, 2 კილომეტრამდეა დაშორებული და სიმაღლეთა სხვაობა 120-140 მეტრს აღწევს. ანუ წყალი ასაქაჩია და არ არის სატუმბი სადგურები. სატუმბი სადგურის მომსახურება (ელენერგია) ძალიან ძვირი ჯდება. ვაქირში მოსახლეობასთან შეხვედრისას შევპირდით, რომ მილები ჩაიყრება და სპეციალური სისტემების გამოყენებით მოხდება წყლის აქაჩვა, რაც რწყვის პრობლემას 2015 წლისათვის მოხსნის.

ეს არის ჩვენი ოპერატიული მონაცემები. სტატისტიკის მიხედვით, ყურძნის ფართობი კახეთში შეადგენს დაახლოებით 30 ათას ჰა-ს. საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, მოსავალი 7 ტონა ჰა-ზე გამოდის 210 ათასი ტონა. დედოფლისწყაროში ვენახი დაახლოებით 1500 ჰექტარია და სიღნაღში 3000 ჰა, სულ 4500 ჰა. წელს ჩვენ ვპროგნოზირებთ დაახლოებით 126 ათას ტონა ყურძენს კახეთის რეგიონში.

ნელი ვარდიაშვილი

v1

v2

v3