გენერალი გოგი თათუხაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს!

შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი, გენერალი გოგი თათუხაშვილი, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მსგავსად, შვილმოკლული მამაა _ ბატონი გოგიც შვილის მკვლელების დასჯას წლებია, ამაოდ ითხოვს, თუმცა გენერალს იმედი აქვს, რომ ყველა შვილმოკლული მშობელი, ადრე თუ გვიან, სიმართლეს აუცილებლად იპოვის!

„ქრონიკა+“ ემიგრაციაში მყოფ გენერალ გოგი თათუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გოგი, თქვენც შვილმოკლული მამა ხართ, თუმცა, თავის დროზე, შალვა თათუხაშვილის მკვლელობას საზოგადოების მასობრივი პროტესტი არ მოჰყოლია. რატომ?
_ ძალიან ძნელია, როდესაც შვილს გიკლავენ და მკვლელად სახელმწიფო გევლინება მთელი თავისი სტრუქტურებით, განუსაზღვრელი სახელისუფლებო რესურსით _ პრესა, ტელევიზია თუ მოსყიდული ჟურნალისტები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, ფაქტობრივად, რამდენიმე ჟურნალისტს აღმოაჩნდა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ადამიანური სინდისი, კაცთმოყვარეობა, მადლობა მათ! ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯერ სიმართლის დადგენა, შემდეგ კი ბრძოლა გიწევს სახელმწიფო მანქანასთან. ასეთ დროს გადამწყვეტი, ცხადია, საინფორმაციო ომია.
2014 წლის 24 თებერვალს პროკურატურაში შალვას დაბარებასა და მოტაცებამდე, სპეცრაზმელებმა 22 დღით მოიტაცეს სერგო უბილავა და ალექსანდრე დანელია. 2012 წლის 12 ნოემბერს დაკითხვიდან მოიტაცეს და მხოლოდ 22 დღის შემდეგ განაცხადეს ოფიციალურად, რომ ეს ადამიანები 5 დეკემბერს იყვნენ დაკავებულნი. ინფორმაცია მათი გატაცების შესახებ მხოლოდ ორ საიტზე გაჟღერდა… სხვათა შორის, ჩემი შვილის პროკურატურაში დაბარება-გატაცების შესახებ განცხადება გავაკეთე: „გუშინ, 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, შალვა თათუხაშვილი. დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით. ჩემ მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს. ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს თავიანთი ადვოკატები. შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისთვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს. ამჟამად გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი. აწამებენ და წამლების ზემოქმედებით აწერინებენ სასურველ ჩვენებას. მოვითხოვ, ცნობილი გახდეს მისი ადგილსამყოფელი, შეწყდეს წამება. ჩემი ადვოკატის თანდასწრებით გაუკეთდეს სისხლის ანალიზი და დადგინდეს, რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება“.
ჩემი განცხადების საწინააღმდეგოდ, პროკურატურამ უარყო 11-საათიანი დაკითხვა, სამი ჯიპით გაიტაცება და პრესა-ტელევიზიაში განაცხადა: „…გოგი თათუხაშვილის საჯარო განცხადების თანახმად, მისი შვილი მოტაცებულია. ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით მოწმის მამის ამ განცხადებით. ოჯახის წევრებს დავუკავშირდებით და შევეცდებით, დავეხმაროთ მათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ ეს შეგვიძლია, თუ თვითონ არ მიმართავენ ძალოვან სტრუქტურებს. დღეს უკვე გვიანია, სამსახური დამთავრებულია და ხვალ, ალბათ, დავაზუსტებთ, თუ დაკარგულია და ვერ პოულობენ, მამას დავუკავშირდებით და ვაპოვნინებთ“.
მაშინ ეს განცხადება აქტუალური იყო, რათა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. მოკლე დროის შემდეგ კი საერთოდ გააქრეს ინტერნეტიდან. შემორჩა მხოლოდ რამდენიმე ინტერნეტგამოცემას.
ცხადია, „ფეისბუქით“ პასუხი გავეცი, რომელიც ისევ რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა: „ცინიზმითაა სავსე პროკურატურის პრესსამსახურის განცხადება, _ თუ რაიმე პრობლემაა, დავეხმარებით, პროკურატურა დაინტერესდებაო. პროკურატურა და მთელი სახელმწიფო მანქანა უკვე „დაინტერესდა“ ჩემი ოჯახით. ახლა მე მაინტერესებს, დრო ნუ გაჰყავთ, სადაა შალვა ორი დღის განმავლობაში და ჩემი ადვოკატის თანდასწრებით ჩაუტარდეს სისხლის ანალიზი. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, თქვენმა წამლებმა შეიძლება, ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს“. საერთოდ, შალვას მკვლელობამდე კიდევ სამი განცხადება გავაკეთე „ფეისბუქზე“, რომელიც ასევე რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა. ტელევიზია კი კვლავ დუმდა.
18 მარტიდან, გარდაცვალებამდე, შალვას აიძულებდნენ, ყოველდღე მისულიყო პროკურატურაში. ხან ურეკავდნენ, ხანაც არეკინებდნენ. შეხვედრები ჰქონდა პროკურატურაში, ხან სხვა ადგილზე, რომელიც შალვამ წინასწარ არ იცოდა. აღნიშნულს ნაწილობრივ ადასტურებს პროკურატურა _ ალბათ, არაპროფესიონალიზმით შეეშალათ…
23 მარტს, საღამოს 20:00 საათისთვის, პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ, როდესაც შალვა სახლში მივიდა, ოჯახის წევრების გარდა იყო კიდევ რამდენიმე თანასოფლელი. როგორც მითხრეს, განსაკუთრებით ცუდად გამოიყურებოდა. იქ მყოფებს უთხრა, სასწრაფოდ ეშოვათ კარგი ვიდეოკამერა, რათა ხარისხიანად ჩაეწერა ყველაფერი, რაც პირველი დაკითხვიდან მოყოლებული იმ დღემდე ხდებოდა. ჩვენების ჩაწერა უნდოდა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ფონზე, რათა თითოეული ჩვენგანის სიტყვას შემდეგ მტკიცების ძალა ჰქონოდა. კამერის მოტანამდე ცოტას დავისვენებ, აუცილებლად დღეს უნდა მოვასწრო ამ ჩანაწერის გაკეთებაო, ასე უთქვამს და იქვე, სადაც ყველა იყო, წამოწოლილა. 22:00 საათისთვის მოსულა გიორგი ასლამაზიშვილი, კამერა მოაქვთო და შალვას გაღვიძებას შეეცადა. შალვას მარცხენა მხარზე სძინებია, როდესაც გიორგიმ შემოატრიალა, ყველამ ნახა, რომ ტუჩები გალურჯებული ჰქონდა. ყოფილა ოფლიანი, თბილი. იფიქრეს, რომ შეუძლოდ იყო. მაშინვე დაურეკავთ სასწრაფოში. სასწრაფო არ ჩანდა. საბოლოოდ, ექიმები და პოლიცია ერთად მოვიდნენ. ექიმებმა დასვეს დიაგნოზი, რომ შალვა ცოცხალი აღარ იყო. ვიმეორებ: ოთახში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და სხვა პირები, რომელთაც შფოთვა და ის, რაც დამახასიათებელია სუნთქვის უკმარისობისთვის, არ შეუნიშნავთ. ასე რომ, ექსპერტიზაში გარდაცვალების მიზეზად მითითებული „ალკოჰოლური სასმელით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა“ წმინდა წყლის ტყუილია.
გვამის დათვალიერებისა და გაკვეთისას პირდაპირი სატელეფონო კავშირი მქონდა როგორც ადვოკატთან, ასევე გაკვეთაზე დამსწრე სხვა პირებთან. მეუბნებოდნენ, ფილტვები ნორმალურია, სუფთაა და ეს არ შეიძლებოდა სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. ღვიძლი, თირკმლებიც ნორმალური და სუფთაა, ვერც ეს მდგომარეობა გამოიწვევდა სიკვდილსო. თავის გაკვეთის შემდეგ მითხრეს, ტვინი ნორმალურია. არც აქაა სიკვდილის მიზეზიო. გულის მდგომარეობაც სუფთა იყო. სიკვდილის მიზეზის დასადგენად პატარა კონსილიუმი ჩატარდა და, საბოლოოდ, ორგანოების ხელმეორე და განსაკუთრებული ყურადღებით დათვალიერების შემდეგ გულის უკანა მხარეს აღმოჩნდა ძალიან პატარა ზომის, თითქმის შეუმჩნეველი გამსკდარი კაპილარი. ბოლოს მითხრეს, რომ სიკვდილის მიზეზი ეს გამსკდარი კაპილარიაო. გავაკეთე განცხადება, რომ შალვას გული გაუჩერდა და პასუხისმგებლობა დავაკისრე მთავრობას… ჩემთვის ნათელი იყო, რომ სპეცწამლებით მომიკლეს შვილი და კონკრეტულად რომელ ორგანოზე იმოქმედა, საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა უცხო ნივთიერებით გამოწვეული ტოქსიკური მოწამვლა თუ ციროზი. სერგო უბილავასავით თუ გაუჩერდა ფილტვები, ვიტყოდი, რომ გაუჩერდა ფილტვები, როგორც შალვას საქმის ერთ მოწმეს. გიო ჯმუხაძეს. რომ ყოფილიყო ანევრიზმა, როგორც დაემართა შალვას საქმის კიდევ ერთ მოწმე რომან ყაზეიშვილს, ასევე შალვას საქმის მოწმე, „კოდორი-2007“-ის მონაწილე, ჩემი გაზრდილი მებრძოლის გოგიტა წიკლაურის შემთხვევაში იყო, ვიტყოდი, ანევრიზმაა-მეთქი.
ჩემი განცხადების საპასუხოდ პროკურატურის მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნავთლუღის საქმის“ მთავარმა მოწმემ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შალვა თათუხაშვილმა, საკუთარ სახლში თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. ეს განცხადებაც ინტერნეტსივრციდან გამქრალია.
2012 წლიდან საქართველოში სისტემადაა ჩამოყალიბებული, რომ ყველა გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, სადაც თვითონ პროკურატურაა ჩართული, მომენტალურად დებენ დასკვნას და შემდეგ ამ ტყუილი დასკვნის გამაგრება-გამართლებას აკეთებენ, რაშიც ივანიშვილის მიერ ოფიციალურად თუ არაოფიციალურად დაფინანსებული ექსპერტები ეხმარებიან. ავიღოთ კიწმარიშვილის, ლაგვილავას, მაჩალიკაშვილისა და ა. შ. საქმეები. რასაკვირველია, ყოველთვიური დანამატების გარდა თანხა მატულობს შესრულებული დავალებების შესაბამისად.
საქართველოს პროკურატურას შალვა თათუხაშვილის საქმეზე გაკეთებული აქვს შვიდი განცხადება, აქედან ორი საერთოდ გამქრალია, დანარჩენი ხუთი განცხადება, რომელიც განთავსებულია პროკურატურის საიტზე, მრავალჯერ არის გადაკეთებული და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრჯერ გადააკეთებენ, რადგანაც იმ მასალაში კიდევაა ლაფსუსები დარჩენილი.
შალვა თათუხაშვილის მკვლელობისადმი მიმართული პროკურატურის ყველა განცხადების თითოეული სიტყვა არის სიცრუე და გაყალბებული. მათ მიერ დაწერილ ნებისმიერ წინადადებაზე ათობით და მეტი კონტრარგუმენტი მაქვს, სადაც წერენ, რომ არ იყვნენ ვალდებულნი, გამოექვეყნებიათ მასალები. საკუთარი თავის გადასარჩენად და ბიძინა ივანიშვილის დასაცავად, თავიანთი ვერსიის გასამყარებლად ხომ გამოაქვეყნეს? პროკურატურა შალვას მკვლელობის საქმეს კი არ იძიებდა, პირიქით, ყველა საშუალებით _ მედია, ექსპერტიზის ფალსიფიკაცია, მოწმეთა დაშინება, _ ცდილობდა, გაეყალბებინა და საერთოდ გაექრო ნივთმტკიცებანი, მოწმეები და ა. შ. იმდენად ეჩქარებოდათ თავიანთი ნამოქმედარის „გაპრავება“, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნიდან ოცდახუთი ფურცლიდან შვიდი გამოაქვეყნეს. დანარჩენი იმ დროისთვის საერთოდ არ იყო მზად! პროკურატურამ შალვას მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის არაღძვრა მთლიანად გადააბრალა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს.
მსგავსი პროცედურები გამოიარა პროკურატურის მიერ ატვირთულმა, სათავისოდ დამონტაჟებულმა ვიდეო მასალამაც… ამდენი წელი გავიდა და პროკურატურა დღემდე დაბნეულია. შალვა დაბარებული იყო და თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში 18 მარტს, თუ დააკავეს და ისე მიიყვანეს? ასე რომ, პროკურატურის განცხადებები კიდევაა გასასუფთავებელი ლაფსუსებისგან… პროკურატურა აშკარად თვითონვე იხლართება საკუთარ ტყუილებში: ერთგან ამბობს, რომ შალვა „გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა!“ მეორეგან კი ამბობს: „გაიქცა და ტყეში იმალებოდა“; მესამეგან: „გაიქცა და სახლში იმალებოდა!“ ხანაც: შალვა კი არ გაქცეულა, „თვითონ მოითხოვა დაცვის მოხსნა“: „თავად მოწმე შალვა თათუხაშვილმა უარი განაცხადა დაცვის სპეციალურ პროგრამაზე… მალევე, მისივე თხოვნით, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას მოეხსნა დანიშნული დაცვა“.
შალვას გვამის პირველადი დათვალიერების შემდეგ პროკურატურიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ექსპერტიზა ყალბდება, ვიდეო და ფოტომასალა იქნება ცუდი ხარისხის და შემდეგ საერთოდ გაქრებაო. სასწრაფოდ დავუკავშირდი ოჯახს და ადვოკატს, რათა დათვალიერების ოქმი ფოტო-ვიდეო მასალით გამოეგზავნათ. ადვოკატმა დამიდასტურა, რომ ოჯახს მხოლოდ დათვალიერების ოქმი გადასცეს სურათების გარეშე. ორი დღე ვჩხუბობდი შვილებთან, რომ შალვასთვის გაეხადათ და შესაბამისი წესების დაცვით სურათები გადაეღოთ. მე შორს ვიყავი, იქვე მყოფი აგენტები კი შვილებს უნერგავდნენ, რომ შალვა ისედაც ნაწამებია და კიდევ წვალება არ ღირს, დავასვენოთო… მხოლოდ 27 მარტს, საღამოს, ადვოკატის, მოწმეთა თანდასწრებით გადაღებულ იქნა ის ფოტოები, რომელიც შემდეგ, 28 მარტს, დილიდან გავრცელდა, ანუ სურათები გადაღებულია გარდაცვალებიდან მესამე დღეს და არა _ როგორც პროკურატურა აცხადებს, მეხუთე და მეექვსე დღეს.
როდესაც ოჯახში ამხელა ტრაგედია ხდება, სუს-ის თანამშრომლები აგზავნიან ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტრაგედიის გამო შოკში მყოფ ოჯახს თავს მოახვიონ ნაირ-ნაირი აზრები. მაგალითად, არ გაიკაროთ პარტიები, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები და სხვ.; ითანამშრომლეთ მხოლოდ ომბუდსმენდთან. ინტერვიუ მიეცით მხოლოდ ტვ „იმედს“ და არა _ „რუსთავი 2-ს“ და ა. შ.
ჩემი პოზიცია მაშინაც ღიად დავაფიქსირე: 2012 წელს პრორუსულმა მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველ რიგში, ჩემს ოჯახზე მიიტანა იერიში. გასაგებია, რატომაც. მთელი საქართველოს თვალწინ მოიტაცეს და აწამეს ჩემი შვილი. მაშინ განცხადება გავაკეთე, _ თქვენც გყავთ შვილები-მეთქი. ეს ეხებოდა ყველა კატეგორიას, მტერ-მოყვარეს!
ჩემთვის იმ უმძიმეს წუთებში ყველა და ყველაფერი მახსოვს, ვინ რა ფორმით დამიდგა გვერდით. კარგად მახსოვს ყველა პოლიტიკოსის გამონათქვამი, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ! როგორ არ აღვნიშნო ლეიბორისტული პარტია _ შალვა ნათელაშვილი, ირინა სარიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ _ მიხეილ სააკაშვილი, „ახალი მემარჯვენეები“ _ მამუკა კაციტაძე, „ვეტერანები და პატრიოტები“ _ ვაჟა რუსია (თუ რომელიმე პარტია, ლიდერი გამომრჩა, მაპატიეთ და გთხოვთ, პირადში გამომიგზავნეთ შესაბამისი მასალა.) იმ ჩემი ოჯახისთვის უმძიმეს დღეებში ყველა პარტიას ველოდებოდი. ჩემს შვილებზე მუშაობდნენ, სიმართლის დასადგენად პოლიტიკოსები არ ამოიყენოთო.
რა სისულელეა! პირიქით, როდესაც მკვლელი სახელმწიფო სისტემა და ხელისუფლებაა, სწორედ პოლიტიკოსებმა უნდა აიმაღლონ ხმა!
საინფორმაციო ომის წარმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალიან ძნელია, უზარმაზარ ცოცხალ და მატერიალურ რესურსს მოითხოვს. როდესაც ბიძინა ივანიშვილის მართული პრორუსული სახელმწიფო ძალები გიპირისპირდებიან, კეთდება სპეციალური სიუჟეტები და გადაცემები, რომელიც ჩემსა და ჩემი ოჯახის განადგურებას ემსახურება, გადაცემის დაწყებამდე ჩემს დაბნეულ და განადგურებულ შვილებს ეუბნებიან, რომ მამათქვენი გმირია და დიდ პატივს მცემენ, შემდეგ მთელი გადაცემის პროცესში ჩემი შვილები განსასჯელებივით სხედან, არც მათ, არც ადვოკატს, არც სხვა მომხრეებს არ აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებასაც კი, საერთოდ, რომელ სამართლიანობაზე, ჰუმანიზმზე, პროფესიონალიზმზეა საუბარი?! ეს ჟურნალისტები აშკარად და გასაგებად ასრულებენ პრორუსული მთავრობის შეკვეთას.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო სუს-ის იმ აგენტების მუშაობა, რომელთაც საერთოდ მიიყვანეს ჩემი შვილები ამ ტიპის გადაცემებში მონაწილეობის მისაღებად. მე რომ მცოდნოდა, ჩემი შვილები მოტყუებით მიჰყავთ პრორუსულ ტელევიზიაში, „იმედში“, ამას არ დავუშვებდი…
მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე აქცია თბილისში, პროკურატურის წინ მაინც ჩატარდა. პირველ აქციაში მხოლოდ ნათესავებმა და თანასოფლელებმა მიიღეს მონაწილეობა. მეორე აქციის დროს მათ დაემატა ახლობლები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. იქ იყვნენ მეგი გოცირიძე, კობა ხაბაზი და „თავისუფალი ზონის“ წევრები, თუმცა აქციები მასშტაბური არ იყო, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „კეთილისმსურველთა“ გავლენას ჩემი შვილები ვერ გაექცნენ. ხალხის მცირერიცხოვნება იმანაც გამოიწვია, რომ შალვას გასვენებაში ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რომელთაც შემდეგ სუს-ის შენობაში მოუწიათ ახსნა-განმარტებების მიცემა. მთავრობა ასევე პირდაპირ შეტევაზე გადავიდა არა მარტო ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, არამედ საპარლამენტო იმუნიტეტის მქონე ნუგზარ წიკლაურსაც კი ჩემი ოჯახის თანადგომისთვის სასტიკად გაუსწორდნენ. ასევე გავიხსენებ შს მინისტრ ჭიკაიძის სულელურ გამონათქვამებს ამ თემაზე და ხალხის გაფრთხილებას, არ ჩაერიოთ ამ საქმეშიო და ა. შ.
ექვსი წლის წინათ მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდებოდა. ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე მქონდა ინფორმაცია, რომ რაც რუსეთმა ვერ მოახერხა 2008 წელს ომით, 2012 წელს ფულით, „გაზპრომის“ მილიარდებით მიაღწევდა. ამუშავდებოდა მთელი აგენტურული ქსელი, წითელი ინტელიგენცია, კრიმინალური სამყარო და სხვ.
ასევე ვიცოდი, რომ საქართველოში პრორუსული მთავრობის გამარჯვების შემთხვევაში რუსი დივერსანტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია „კოდორი 2007-ის“ მონაწილე ქართველ ოფიცრებს სამაგალითოდ დასჯიდნენ. პირადად გავაფრთხილე თითოეული მონაწილე, რომ გარიდებოდნენ, დაეტოვებინათ საქართველო. ვინც დამიჯერა და გავიდა, დღესაც ცოცხალია და კარგად არს, ვინც _ არა, სამწუხაროდ, ან ცოცხალი აღარ არის: დანელია, უბილავა, ივანიძე, ლაგვილავა, მამაგეიშვილი… ჩემი შვილის, შალვა თათუხაშვილის ჩათვლით, ან რომა შამათავას მეთაურობით, შეთითხნილი ბრალდებებით, ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული.
არჩევნების შემდეგ მე და შალვა ჯერ აზერბაიჯანში გავედით, შემდეგ, რაღაც პერიოდი, სომხეთში ვიყავით, თუმცა არ გამიჩერდა. შემდეგ კი ლიტვაში საერთოდ აღარ გამომყვა. ვერ წარმოედგინა ის, რაც შემდეგ მოხდა…
2012 წლის 14 დეკემბერს გენპროკურატურიდან ინფორმაცია მივიღე, რომ დილაადრიან იგეგმებოდა ჩემი სახლის გაჩხრეკა, ნარკოტიკისა და იარაღის ჩადება, აყვანა და უკვე შეკერილია მასალა, რითაც გამასამართლებენ. მირჩიეს, სასწრაფოდ დამეტოვებინა საქართველო. ცხადია, ასეც მოვიქეცი, რადგანაც იმ ბოლო გაფრთხილებამდეც ვიცოდი, რომ ჩემი აყვანა იგეგმებოდა.
2012 წლის თებერვალში საფრანგეთში პირველივე გასაუბრებაზე პოლიციასა და სხვა სპეცსამსახურებში განვაცხადე, რომ რუსეთმა საქართველო იყიდა; რომ საქართველოს მართავს პრორუსული მარიონეტი მთავრობა; რომ პუტინმა საქართველო ჯიბეში ჩაიდო და შემდეგი იქნება უკრაინა. ასევე მოვყევი ჩემი ოჯახის პრობლემები და განსაკუთრებული სიმძაფრით შალვას შესახებ, რომ რუსეთის დავალებით უნდა მომიკლან ანტიდივერსანტული სპეცოპერაცია „კოდორი 2007-ის“ მონაწილე ჩემი შვილი; რომ იმ სპეცოპერაციაში ქართველმა სპეცრაზმელებმა მოკლეს ორი რუსი პოლკოვნიკი და ა. შ. წარვადგინე კიდეც მასალები.
იმ დღეებში აქციისთვის ნებართვის ასაღებად საფრანგეთის სპეცსამსახურებში მისვლა მომიწია, სადაც ჩვენი პირველი შეხვედრა და ჩემი პროგნოზები შევახსენე. მათ, ცხადია, მომენტალურად გამიხსენეს, დამიდასტურეს და მაშინდელი ჩანაწერები და ოქმებიც კი წამოწიეს. გაოცებული დარჩნენ, ყველაფერი ისეთი ქრონოლოგიური სიზუსტით მქონდა აღწერილი… შალვას მკვლელობაზე გულწრფელად შეწუხდნენ…
აღნიშნული გაიხსენეს სხვა სტრუქტურებშიც. ცხადია, ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ თარჯიმნებიც. ზემოთ აღნიშნულს ყველა ოფიციალურად მიდასტურებს, რაც აუცილებლად, სხვა მასალებთან ერთად, დაიდება საქართველოსა და ევროსასამართლოებში.
ბოლოს, შალვა თებერვლის დასაწყისში გავაფრთხილე, რომ მას უკვე დაიბარებენ და ჩემი ადვოკატის გარეშე არ მისულიყო. არ დაიჯერა…
დაკითხვამდე რამდენიმე დღით ადრე, მის დაბადების დღეს, ჩემმა ერთგულმა ადამიანებმა, უკვე პროკურატურიდან, პირადად გააფრთხილეს, რომ კოდორის გამო იბარებენ და ჯობია, დატოვოს საქართველოო. არც ეს დაიჯერა…
2014 წლის 25 თებერვალს, როდესაც შალვა პირველად დაიბარეს პროკურატურაში, პირველი განცხადება გავაკეთე: „ძირითადი თქვენი მამოძრავებელი არის რუსეთთან მოვალეობის მოხდა, რისთვისაც თქვენ მზად ხართ, 2007 წლის კოდორის ოპერაციის ნებისმიერ მონაწილეს შეუთითხნოთ ბრალდებები. რუსეთთან ხელშეკრულებაში თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ „გააპრავოთ“ მათი ქმედება საქართველოში და გაამტყუნოთ ქართული მხარე, რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გააკეთეთ. აღიარეთ, რომ რუსეთის ჯარს 2008 წელს არ ჩაუდენია სამხედრო დანაშაული საქართველოში და დამნაშავეებს ეძებთ ქართველ მებრძოლთა შორის. მეორე პუნქტი თქვენი ხელშეკრულებისა 2007 წლის სექტემბრის ოპერაციის მონაწილეების დასჯაა, სადაც ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა და შვიდი ტყვედ წამოიყვანეს. იმ ოპერაციის სამი მონაწილე დაპატიმრებული გყავთ 2013-დან, ექვსმა გაასწრო საქართველოდან, დანარჩენს „ამუშავებთ“. შალვას დაღუპვის შემდეგ, მიუხედავად ჩემი შოკური მდგომარეობისა, როდესაც ჟურალისტები მიკავშირდებოდნენ და ზოგი ირიბად, ზოგიც პირდაპირ ახალაიების კვალზე მიმითითებდა, ყველას ვეუბნებოდი, რომ ახალაიები არაფერ შუაში არიან, მე მანამდეც ვიცოდი, რომ პრორუსული მთავრობის მოსვლისთანავე შალვას დასჯიდნენ კოდორში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო-მეთქი.
_ ბატონო გოგი, იმ შემთხვევაში, თუ სარალიძე და მაჩალიკაშვილი სიმართლეს იპოვიან, ეს ხომ არ გახდება წინაპირობა, რომ თქვენი შვილის მკვლელობასაც მოეფინება ნათელი?
_ მე, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ვმეგობრობთ და ერთად ვიბრძვით, ვიბრძოლებთ ბოლომდე სამართლიანობის აღსადგენად. რაც შეეხება შეკითხვას, სამივე შემთხვევაში სიმართლე ნაპოვნია, სამივე საქმე, ფაქტობრივად, გახსნილია. გვაქვს საკმარისი მასალები და მოწმეების ჩვენებები. მთავრობის შეცვლისთანავე სამივე საქმე და კიდევ მრავალი, რაზედაც მუშაობას ვაგრძელებ, გასაჯაროვდება და სასამართლოში დაიდება. მანამდე მაქსიმალურად შევეცდებით, სამივე საქმე ევროსასამართლოში შევიტანოთ.
_ საქართველოში რომ იყოთ, შვილმოკლული მამების აქციას შეუერთდებოდით?
_ პირველივე დღეებიდანვე შვილმოკლულ მამებს სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადე. სტრასბურგში მყოფმა ქართველებმა არაერთი მხარდამჭერი აქცია ჩავატარეთ. დემოკრატიულ ქვეყნებში, ევროპაში, კერძოდ სტრასბურგში, ჩვეულებრივი რეალობაა მხარდამჭერი, საპროტესტო აქციების ჩატარება ნებისმიერი ვადით და ნებისმიერი ფორმით. ეს იმდენად ნორმალურია, რომ ამ ექვსი წლის მანძილზე, რაც აქ ვარ, ევროსასამართლოსთან, ევროპარლამენტთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან მუდამ გაშლილია კარვები, მათ შორის, წლების მანძილზე. მათ არავინ ზღუდავს და აწიოკებს. ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ნებართვას ველოდებით კიდევ ერთი მხარდასაჭერი აქციის ჩასატარებლად, კარვების დადგმის უფლებითა და მოთხოვნით, რომ ევროსასამართლომ განხილვაში მიიღოს საქართველოში მომხდარი ყველა გახმაურებული და მთავრობისგან მიჩუმათებული მკვლელობა!
ფიზიკურად რუსთაველის გამზირზე არ ვდგავარ, მაგრამ ჩემი ერთგული ხალხი იქ არის და მეც, ჩემი აქტივობით პრესასა თუ სოციალურ ქსელებში გამოვხატავ მხარდაჭერას ან სხვაგვარად როგორ უნდა იყოს?!
რაც რუსთაველზე ხდება, ყველაფერი დეტალურად ვიცი. ფიზიკურად არც პროკურატურაში, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, არც სუს-სა და სხვა ადმინისტაციულ ორგანოებში ვარ, მაგრამ ყველაფერი ვიცი, რაც შიგნით ხდება. მე ყველგან ვარ! თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი შოთაძის სიზმრებშიც კი და… არცთუ უსაფუძვლოდ!
ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ჩემ წინააღმდეგ გამოყენებული ილეთები გაიმეორა ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა შვილმოკლული მამების წინააღმდეგ. მოკლული შვილების დისკრედიტაცია: თემირლან მაჩალიკაშვილი _ ტერორისტი; დათო სარალიძე _ სკოლის „მაყურებელი“, რომელიც ყველას სცემდა და სძალავდა ფულს.; შალვა თათუხაშვილი _ მკვლელი, ნარკომანი, ლოთი, ჭუჭყიანი, რომელიც ლილოს ღამის ბარში დაეხეტებოდა და ა. შ.
აქ მოყვანილ სამივე მაგალითში აქტიურად იყო ჩართული სუს-ის აგენტურა, რომელიც გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე პოლიციის ის რიგითი, რომელიც ღიად უპირისპირდება, ართმევს კარავს, ლეიბს და სხვ. ზემოთ აღვწერე, თუ როგორ მუშაობდნენ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, რათა მცდარი გზით წაეყვანათ. იგივე იქნა გამოყენებული სარალიძე-მაჩალიკაშვილის შემთხვევაშიც. მთელი ენერგია, მუშაობა, ხალხის ამხელა მხარდაჭერა ისე წავიდა, როგორც ივანიშვილმა და სუს-მა დაგეგმა. ბიძინას გეგმაში ისეც ჰქონდა უკვე საკმაოდ დისკრედიტებული და გამდიდრებული გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან ჩაჩოჩება. ერთდროულად ორი საქმე გაკეთდა!
იმ დღეებში შვილმოკლულ მამებსა და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას მივმართე:
„ხალხნო! დებო და ძმებო! რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, იუსტიციის მინისტრი წრუწუნა იქნება თუ თაგვი? პროკურორი _ შიმპანზე თუ გორილა? პრეზიდენტი _ ზებრა თუ პინგვინი? ფაქტია, რომ ყველა ფუნქციონერი ივანიშვილის ყურმოჭრილი ყმაა! ხელისუფლების სათავეში დანაშაულებში თანამონაწილე კრიმინალები არიან და მათი ადგილი ციხეშია! არ ღირს ენერგიის დახარჯვა მათი შეცვლის მისაღწევად. ჩვენი მთავარი სამიზნე სწორედ პუტინის „ნამესტნიკი“ ბიძინა ივანიშვილია!“
შემდგომი ტალღის გასანეიტრალებლად „გადმოაგდეს“ დაპირებები, რომ შეიქმნება საპარლამენტო კომისია და ა. შ. მაშინაც მივმართე შვილმოკლულ მამებსა და საზოგადოებას: „2014-2016 წლებში პარლამენტში შალვა თათუხაშვილის, რაფალიანცისა და კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საკითხი 2-3-ჯერ დადგა. ივანიშვილმა, რომელიც სიტუაციას პარლამენტში ჯერაც სრულად ვერ ფლობდა, კატეგორიულად უბრძანა საპარლამენტო უმრავლესობას, არ დაემტკიცებინა საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი.
ამჟამად სიტუაციას პარლამენტში სრულად ფლობს და კომისიის შექმნაზე გასცა განკარგულება. მას უკვე კომისიის წევრები არჩეული ჰყავს და კომისიის დასკვნაც გამზადებულია. ყველაფერი ეს მორიგი ბლეფია და უნიჭო სპექტაკლი.
არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას! არა საქართველოს პარლამენტს!~
მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, ძალადობისა, ტერორისა, ჩვენ ვიბრძოლებთ დამნაშავეების დასასჯელად. დამნაშავე კი პრორუსული მთავრობა და სისტემაა! ამიტომაც, გვინდა ჩვენ თუ არა, პოლიტიკური ელფერი ჩვენს საქმეებს სულ ექნება, რადგანაც ჩვენ სახელმწიფო გვებრძვის, გვებრძვის უკანონო, არაადამიანური მეთოდებით. ჩვენც ვიბრძოლებთ, მე ძალიან მალე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს! ჩვენი შეურიგებლობით და გამარჯვებით საქართველოს დანარჩენ შვილებსა და შვილიშვილებს გადავარჩენთ!

გიორგი აბაშიძე