ალავიძემ დანამატის სახით მილიონზე მეტი ლარი გასცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებული ფინანსური შედეგების შესახებ. ეს ანგარიში უკავშირდება ზურაბ ალავიძის მინისტრობის პერიოდს, რომელმაც სკანდალურად დატოვა მინისტრის სკამი. მის სახელთანაა კავშირში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება და გაფლანგვა.

ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პროკურატურაში დაკითხვებზეც იმყოფებოდა. როგორც პროკურატურაში აცხადებდნენ, გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.
ალავიძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა, მის ნაცვლად კი ყოფილი პრემიერისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება აუდიტის ანგარიშს, როგორც მოსალოდნელი იყო კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით თანხების ნაშთები არასწორად არის მითითებული:
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივად არის ასახული შპს „თეთნულდისა“ და შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ კაპიტალში განხორციელებული შენატანები ჯამური თანხით _ 83,577,619 ლარი (შესაბამისად, 73,495,258 ლარი და 10,082,361 ლარი). 2016 წელს ზემოთ მითითებული კომპანიების მიმართ სამინისტროს შეუწყდა კონტროლის უფლება და აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისად, ხარჯებში უნდა ჩამოეწერა აღნიშნული ნაშთი ამავე წელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში „გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების“ და „აქტივების წმინდა ღირებულების“ ნაშთები არასწორად არის გაზრდილი 83,577,619 ლარით. სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში „ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლების“ პროექტთან დაკავშირებით „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ მუხლში 2015 წლიდან ასახულია 5,366,518 ლარის მოთხოვნა-ავანსი, რომელიც გადაერიცხა ფრანგულ კომპანია POMA-ს. ავანსის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის მოწოდება. 2016 წლიდან პროექტის განხორციელების უფლებამოსილება გადაეცა ფონდს, რომელმაც სამინისტროს აპარატის მსგავსად, კომპანია POMA-ს 2016-2017 წლებში 25,751,715 ლარის ავანსი გადაურიცხა და 2017 წელს მიღება-ჩაბარების საფუძველზე 27,369,167 ლარის ავანსი ჩამოწერა. შესაბამისად, სხვაობა გადახდილ ავანსსა და ჩამოწერილ ავანსს შორის 1,617,167 ლარი _ ფონდს აღიარებული აქვს ფორმა #1-ში „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების“ მუხლში. ვინაიდან პროექტის განხორციელების უფლებამოსილება 2016 წლიდან სამინისტროს აპარატს აღარ გააჩნდა და პროექტის სრულ ადმინისტრირებას ფონდი ახორციელებდა, აღნიშნული მოთხოვნა სამინისტროს აპარატს უნდა გადაეცა ფონდისთვის, რომელიც პროექტის ფარგლებში გადახდილ და ჩამოწერილ თანხებს ერთიან ჭრილში განიხილავდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ 5,366,518 ლარის მოთხოვნის უფლებაზე და ასევე „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების“ მუხლის 1,617,167 ლარის სიზუსტეზე“, _ აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშიდან ვარკვევთ, რომ ალავიძის მინისტრობის პერიოდში, 2017 წლის განმავლობაში, სამინისტროს ყველა თანამშრომელს დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური დანამატი. ჯამში კი დანამატის სახით 1,502,235 ლარი გაიცა:
„სამინისტროს აპარატისა და საგზაო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური დანამატი (შესაბამისად, მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით). სამინისტროს აპარატში თანამშრომლებზე სულ 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 2,838,130 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 774,739 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 27%-ს შეადგენს. დეპარტამენტში თანამშრომლებზე სულ 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 4,692,341 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 1,502,235 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 32%-ს შეადგენს. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისთვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ მიიჩნევა. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“.

როგორც ირკვევა დაუმთავრებელ აქტივებში, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია. მსგავსი ფაქტია ასახული „თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ხიდის მშენებლობასთან“ დაკავშირებით, უფრო ვრცლად კი:
„დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი“ ასახულია 1,851,696,947 ლარის ოდენობით. დეპარტამენტს „დაუმთავრებელი აქტივი“ „დასრულებული აქტივის“ მუხლში გადააქვს მიღება-ჩაბარების აქტისა და ექსპლუატაციაში მიღების ბრძანების საფუძველზე. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 3 ლოტად განხორციელებული პროექტი _ „თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ხიდის მშენებლობა“ დასრულებულია 2014 წელს და სრული დატვირთვით გამოიყენება, მაგრამ ჯერ ბრძანებით ექსპლუატაციაში არ არის შესული. მიუხედავად ამისა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია და ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული ხარისხის უზრუნველყოფის ვადებიც გასულია. აქტივის ღირებულება შეადგენს 279,217,889 ლარს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, მოხდეს რეკლასიფიკაცია დაუმთავრებელი ძირითადი აქტივიდან _ ხიდებისა და გზების მუხლებში და დაერიცხოს შესაბამისი ცვეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის #439 ბრძანების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშგების ფორმა #2-ში „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მუხლი შემცირებულია. გზებისა და ხიდების ცვეთისთვის ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე გამოიყენება განსხვავებული პროცენტები. გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში გზებისა და ხიდების ღირებულება არ არის გამიჯნული, შეუძლებელია ცვეთის ხარჯის ეფექტის ზუსტი გაანგარიშება. ზემოაღნიშნული ორი საპროცენტო განაკვეთიდან მინიმალურის გამოყენებით დეპარტამენტს 2015-2017 სრულ წლებზე ცვეთის ხარჯი უნდა დაერიცხა, მინიმუმ, 8,376,536 ლარის ოდენობით ამასთან, აუდიტის პერიოდში დეპარტამენტმა და ფონდმა ვერ მოგვაწოდა 2017 წლის ინვენტარიზაციის აქტები, რადგან აუდიტორული პროცედურების დასრულების თარიღისათვის ინვენტარიზაციის აქტი დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული არ იყო. აღნიშნული აქტი დამტკიცდა 2018 წლის 14 ივნისს. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში ასახულ ძირითადი აქტივების სისრულზე. დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი კაპიტალის მოხმარების ხარჯი შეადგენს 82,269,690 ლარს. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტს არ აქვს შემუშავებული შიდა პოლიტიკა“.

ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ აქვს აღრიცხული გზებზე არსებული ხიდები და გვირაბები სრულად და ის კლასიფიცირდება, როგორც გზები, რაც მნიშვნელოვან სხვაობებს იწვევს ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილ აქტივების ნაშთებსა და კაპიტალის მოხმარების ანგარიშზე:
„გზების, ხიდებისა და გვირაბების ცვეთასთან დაკავშირებით და არც საქართველოს ფინანსთა მინისტრის #439 ბრძანებით ხელმძღვანელობს. მათი განმარტებით, გზები დაყოფილი აქვთ საერთაშორისო მნიშვნელობისა და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებად და ცვეთის ნორმებიც ამ მიდგომის შესაბამისად აქვთ განსაზღვრული, კერძოდ: საერთაშორისო მნიშვნელობის გზას ერიცხება 2%, ხოლო შიდა სახელმწიფოებივი მნიშვნელობის გზას _ 3.2%, თუმცა დეპარტამენტი მის მიერვე გაცხადებულ ცვეთის დარიცხვის მეთოდსაც არ იცავს, მაგალითად: 2016 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, რომელსაც ერიცხებოდა ცვეთა 2%, დაიყო 3 ნაწილად, სადაც ერთი ნაწილი დარჩა საერთაშორისო მნიშვნელობის გზად, ხოლო ორი ნაწილი _ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზად. დეპარტამენტის მიდგომის შესაბამისად, გზების კლასიფიკაციის ცვლილებას უნდა გამოეწვია ცვეთის ნორმების ცვლილება, ანუ საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უნდა დარჩენილიყო 2% ცვეთის ნორმა, ხოლო შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე გაზრდილიყო 3.2%-მდე. აღსანიშნავია, რომ კლასფიკაციის ცვლილების შესაბამისად, ცვეთის ნორმა არ შეცვლილა და სამივე ნაწილს ისევ 2% ერიცხება. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ დეპარტამენტს არ აქვს აღრიცხული გზებზე არსებული ხიდები და გვირაბები სრულად და ისინი კლასიფიცირდებიან, როგორც გზები. ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნებისთვის ზემოაღნიშნული იწვევს მნიშვნელოვან სხვაობებს ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილ აქტივების ნაშთებსა და კაპიტალის მოხმარების ანგარიშზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს #672 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულ აქტივებს უნდა მიენიჭოს თავისი შესაბამისი კლასიფიკაცია, რომელზედაც ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2002 წლის 31 დეკემბრის #439 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულია ცვეთის ნორმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფორმა #1-ში „ძირითადი აქტივების“ ნაშთი და ფორმა #2-ში „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მოცულობა არ შეესაბამება ინსტრუქციის მოთხოვნებს“.

დიდი ოდენობით ფინანსური სხვაობა ფიქსირდება ჩამოწერილ ხარჯსა და აქტივის რეალურ ღირებულებას შორის, კონკრეტულად კი:
„2017 წლის სამინისტროს აპარატს „გრანტების“ მუხლით სსიპ _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემული აქვს 5,966,860 ლარის არაფინანსური აქტივი. გადაცემის დოკუმენტებით აღნიშნული აქტივის ღირებულებამ შეადგინა 6,728,604 ლარი, რაც მოიცავს ანგარიშფაქტურებში ასახული საქონლის ღირებულებას. სხვაობა ფინანსურ ანგარიშგებაში ჩამოწერილ ხარჯსა და აქტივის რეალურ ღირებულებას შორის 761,744 ლარის ტოლია. შესაბამისად, ფორმა #2-ში „გრანტების“ მუხლით გატარებული ხარჯები 761,744 ლარით ნაკლებად არის წარდგენილი. ფონდის 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში „გრანტის“ მუხლით გასულია ორი სატრანსპორტო საშუალება, საერთო ღირებულებით _ 319,421 ლარი. გადაცემის დოკუმენტებში აღნიშული აქტივების ღირებულება შეადგენს 478,462 ლარს. სხვაობა ფინანსურ ანგარიშგებაში ჩამოწერილ ხარჯსა და აქტივის რეალურ ღირებულებას შორის 159,041 ლარის ტოლია“.

აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ გზების დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებს მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე გადასცემდა ძირითად აქტივებს, რაც მუნიციპალიტეტს გადმოცემულ აქტივზე მოვლა-პატრონობის განხორციელების ვალდებულებას უხსნიდა:
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესრულებული სამუშაოების საფუძველზე შექმნილ ძირითად აქტივებს (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები) „გრანტების“ მუხლით გადასცემს შესაბამის მუნიციპალიტეტებს. გადაცემის დროს დეპარტამენტსა და მუნიციპალიტეტებს შორის არ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები და გადაცემა ხდება წერილისა და თანდართული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, არ აკისრებს მუნიციპალიტეტს ვალდებულებას, გადმოცემულ აქტივზე განახორციელოს მოვლა-პატრონობა“.

ნენე ინჯგია