პეტრე კოლხი: “ჩვენ ჯანსაღი კრიტიკის გარდა ყველაფერი გვეხერხება…”

მამა პეტრე კოლხი მუდმივად ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარს პოეზია და თავადაც წერს ლექსებს, თუმცა საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ და როგორც თვითონ ამბობს, შეურაცხყოფასაც აყენებენ. გული სტკივა, იმდენად სტკივა, რომ ერთი წლის წინათ საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდა…

„ეს არ იყო მხოლოდ გულის ტკივილი, არამედ წლების მანძილზე დაგროვილი ამდენი აგრესიის, ბოღმის, შურის, ღვარძლის, სიძულვილის, შეურაცხყოფის, ცილისწამების შედეგი იყო ის, რაც მოხდა. ქვეცნობიერში ყველთვის ვცდილობდი და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ადვილად გადამელახა“, _ გვითხრა პეტრე კოლხმა.

პეტრე კოლხი

ყოველთვის ვცდილობდი, რომ სიყვარული, პატივისცემა, მზრუნველობა და მოწიწება გამომეხატა ადამიანების მიმართ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება იმდენად არის ცუდისკენ ორიენტირებული, რომ ძალიან გვიჭირს კარგშიც კარგის დანახვა. სულ ჩასაფრებულის პოზიციაში ვდგავართ და ვცდილობთ, რომ ბოლომდე გავანადგუროთ ადამიანი, რადგან ჩვენ არ გვიყვარს ის, ვინც მყარად დგას ფეხზე, ვინც ძლიერია, ვისაც შეუძლია, საკუთარი ცხოვრება მაინც წარმართოს, თუ სხვისი არა და მით უმეტეს, თუ სხვასაც ეხიდება საკუთარი ცხოვრების წარმართვაში, ასეთი ადამიანი ყოველთვის არის განსჯის ობიექტი და ასეთი ადამიანი ყოველთვის იმსახურებს მწვავე კრიტიკას. თუმცა კრიტიკა არ არის ცუდი, ძალიან კარგია, თუ ის ობიექტურია, ჯანსაღია და თუ ეს ოპონირებისთვის არის გამიზნული.
ჩვენ ჯანსაღი კრიტიკის გარდა ყველაფერი გვეხერხება. ამ ყველაფერმა თავისებური კვალი დაამჩნია ჩემს ჯანმრთელობას, სულიერ მდგომარეობას, ძალიან მიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება და ამ ყველაფრის გარშემო ცხოვრება. ისედაც ბუნებით ძალიან ემოციური ვარ, მტკივნეულად განვიცდი ყველა დეტალს და მოვლენას, მით უმეტეს იმას, რაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად ხდება შენს თავს და შენი ოჯახის წევრების გარშემო. მწვავე შეტევით მოვხვდი საავადმყოფოში და საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გულის ოპერაცია გადავიტანე, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ როცა გული გტკივა, ოპერაციაც არ გშველის. როცა გული ისე გტკივა, რომ ამას არც ერთი აბი არ მკურნალობს და ყველა კლინიკა უძლურია, რადგან ჩვენ, ზოგადად, ადამიანები, გარედან ვერ და არ ვიმჩნევთ, ხშირად ისე გვტკივა გული. ასეთი იყო ეს შემოტევაც, რომელმაც კვალი დატოვა. იმდენად მტკივნეულია, რომ ყოველთვის პარტიზანულად იჩენს თავს. ვფიქრობ, რომ დროა, ვისწავლოთ ჩვენი ცხოვრებით ცხოვრება.
შეიძლება ჩემი ცხოვრება არ მქონდეს, მაგრამ ის არქონაც უნდა იყოს ღირებული, დასაფასებელი და ძალიან ძვირფასი. არ უნდა მქონდეს იმის დრო, რომ სხვისი ცხოვრება განვსაჯო და მათი ცხოვრებით ვიცხოვრო. არ არის ჩემი საქმე და მორჩა. ყველა ჩვენგანი უფლის წინაშე საკუთარი ცოდვებით და მადლით ვაგებთ პასუხს. ჩვენ არ მოგვეკითხება, ვინ როგორ ცხოვრობს, ეს არ არის ჩვენი განსასჯელი. ამას ყველაზე მწვავედ „განიცდიან“ ის ე. წ. ეკლესიური ადამიანები, რომლებიც ტაძარში დადიან, მარხულობენ, ლოცულობენ, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, რომლებიც გარეგნულად მისაბაძი ქრისტიანები ჩანან, თუმცა სწორედ მათგან მოდის ყველაზე დიდი აგრესია, დაუმსახურებელი კრიტიკა, ცილისწამება, ჭორაობა, განკითხვა და სიძულვილი.
ფსევდომართლმადიდებლებს,
იმიტომ რომ ფსევდომართლმადიდებლები არიან, არ აქვთ გააზრებული, რა არის სულიერი ცხოვრება, იმიტომ რომ ყველას ცოდვაზე ბჭობენ და განიკითხავენ, საკუთარის გარდა. ცრუდ ლოცულობენ და ფსევდოდ ესმით ეფრემ ასურის სიტყვები: „მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა“. დღეს ჩვენ, საზოგადოება, ვამძიმებთ ერთმანეთს და შეიძლება ითქვას, რომ თითქოს არც არსებობს საზოგადოება. არსებობს ხალხი, არსებობს ბრბო და სწორედ ეს ბრბო ყოველთვის არის ხელშემართული ქვით ვიღაცის ჩასაქოლად. მას არ აინტერესებს, ვინ არის მართალი ან დამნაშავე, მთავარია, ქვები ისროლოს ბრმად, უმისამართოდ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქვა მართალს მოხვდება თუ დამნაშავეს. ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, არც მართალი და არც დამნაშავე არ არის იმის ღირსი, რომ ვიღაცის ქვა მოხვდეს თავში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიღაცა გამოვასწოროთ, ვილოცოთ, _ ეს არის მინიმუმიც, მაქსიმუმიც, მორალიც და ზნეობაც. იმის იქით ჩვენ რაც არ უნდა ვაიძულოთ ადამიანი, რომ ის გამოვასწოროთ ან მივუთითოთ სწორი ცხოვრებისკენ, თუ იმ ადამიანის ტვინამდე არ დავიდა ის, რომ მას გამოსასწორებელი რამ სჭირს, მაშინ ძალის მეთოდებით ვერ ვაიძულებთ, რომ სხვა გზით დაიწყოს სიარული. ჩვენ ცხოვრების წესით უნდა დავანახვოთ ეს ყველაფერი და მით უმეტეს, როგორც ქრისტე ამბობს სახარებაში: პირველი ქვა მან ისროლოს, ვინც იმ დაცემულ, ცოდვილ, მრუშ დედაკაცზე უკეთესიაო. ვაღიაროთ, რომ არავინ არავისზე უკეთესები არ ვართ. ჩვენ საკუთარი მხრებით ჩვენს წილ ცოდვასა თუ ნაგავს ვეზიდებით. ღირსეულად ვზიდოთ და თუ ამის ზიდვა გვიჭირს, მაშინ ჩამოვიხსნათ და სწორი ცხოვრება დავიწყოთ. საკუთარ თავში ჩაიხედოს ყველამ და დაინახოს, ვინ რა ნაგავს ატარებს სინამდვილეში.
ძალიან დიდი, მწვავე კრიტიკის მიუხედავად, უდიდეს სიყვარულს, სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობ, მაგრამ უმეტესად მაკრიტიკებს ის, ვისაც პრეტენზია აქვს სულიერ ცხოვრებაზე, ეკლესიურობაზე, მართლმადიდებლობაზე და მე როგორც ვცხოვრობ, ეს იცის ქრისტემ და არ მაინტერესებს, ვიღაცის თვალში ქულები ჩავიწერო და მოშვებული წვერით დაძონძილმა და დაკონკილმა ვითამაშო ფსევდომართლმადიდებლობა. ჩემთვის არც წვერის სიგრძეს აქვს სიბრძნის და არც ჭაღარას _ გონიერების ნიშანი. შეიძლება, წვერი საერთოდ არ მოვუშვა, მაგრამ შინაგანად უფლის ხსოვნა მარადიულად მქონდეს გულში. უფალი კიდევ იმდენად ინტიმურია და სულიერი ცხოვრება იმდენად მისტიკურია, დაფარულია და საიდუმლოა, რომ ამას ვერავინ ხედავს და ნურც ნურავინ იტყვის, რომ ჩვენ ერთმანეთს ბოლომდე ვიცნობთ ხუთი თითივით. ერთმანეთის ცნობა კი არა, საკუთარი თავის ცნობა არ შეგვიძლია. ჩვენ არ ვიცით, რას ვატარებთ ბუნებით, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი _ არა. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: ვინც თავს შეიცნობს, ის სამყაროს შეიცნობს. ჯობს, საკუთარი თავი მაინც შევიცნოთ.
ის, რომ არ ვარ სტანდარტული, არ ვარ კლიშეებში ჩაკეტილი და დაფეთებული სასულიერო პირი, რომ არიქადა მე ჯოჯოხეთში მივდივარ, ეგ არ არის ჩემთვის მართლმადიდებლობა და საერთოდ, ჯოჯოხეთის შიშით მე არ უნდა გამოვეკიდო ქრისტეს, რადგან ეს უკვე ანგარებაა. ქრისტესთან ურთიერთობა უნდა მინდოდეს მხოლოდ ერთადერთი მიზეზით და ეს არის სიყვარული. ქრისტე უნდა მიყვარდეს და მე თუ ქრისტეს შიში მაქვს იმის გამო, რომ ვაიმე, ჯოჯოხეთში არ წავიდე, მაშინ ქვეცნობიერში ქრისტე გძულს. როცა რაღაცას იძულებით ან შიშის სინდრომით აკეთებ, აქედან გამომდინარე შენ სიყვარული არ გაგაჩნია. შენ ხარ სიძულვილის, შიშისა და გაურკვევლობის მონა და ტყვე. როგორც წესი, ამ ტიპის ადამიანები მესვრიან ტალახს, მაგრამ როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს: „ეს ქვა და ტალახი გამოვიყენე იმ ტაძრის ასაშენებლად, რომლის საძირკველი არასდროს დაკარებია მიწას“. იდგნენ და ისროლონ ქვები, ეს ქვები ისევ მათ მიუბრუნდებათ ბუმერანგივით. მე ამას საკუთარი თავის მაგალითზე არ ვამბობ მარტო, ზოგადად ვამბობ. ჩვენ გვჩვევია ადამიანების ჩაქოლვა და ამიტომ ეკლესიაში იმის შიშით ნუ ივლიან, რომ ღმერთი ჯოჯოხეთში გამიშვებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი არავის უშვებს ჯოჯოხეთში, ჩვენი ქმედება გვიშვებს ჯოჯოხეთში და, პირველ რიგში, ფსევდომართლმადიდებლების ქმედება. კარგი ფილოსოფოსი ამბობს, რომ სამყაროში ნაკლები ბოროტება იქნებოდა, სიკეთის სახელით უამრავი ბოროტება რომ არ კეთდებოდეს. სწორედ ასეთი მართლმადიდებლები სიკეთის სახელით ბოროტებას თესენ და ნერგავენ, ისინი გამოდიან შეკრებებზე, მოედნებზე, ქუჩებში, ტაძრის ეზოში და იმას განიკითხავენ და მსჯელობენ, თუ ვინ რა დააშავა, _ ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ და ის ჩავქოლოთ. ცოტა სასაცილო და გულისამრევია ეს ყველაფერი. ადამიანის მოკვლით და განადგურებით ჩვენ მართლმადიდებლობას ვერ დავიცავთ. ნებისმიერში რაღაც დოზით ქრისტე არსებობს. ჩვენ სანამ პირში სული გვიდგას, მანამდე ცოდვის შვილები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ცოდვა აქვს და ვის რა ვნება აწუხებს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ნებისმიერი ადამიანი ცოდვას ატარებს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მარტო ნარკომანობაა ცოდვა ან მრუშობა, მაშინ ასეთი ადამიანის გასაგონად ვიტყვი, რომ ასეთი ადამიანის სულიერად მოკვლა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ფიზიკურად ადამიანის მოკვლა, რადგან პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი და ღმერთი იყო სიტყვა. სიტყვით კი დღეს უამრავ ადამიანს ვკლავთ და თან ამ ყველაფერს ვაქცევთ მართლმადიდებლობის ჩარჩოში და ვუძებნით ახსნას. ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა.

ფანატიკოსი მრევლი, შური და აგრესია
სასულიერო პირებისგან არა მხოლოდ აგრესიას, არამედ სიძულვილსაც ვგრძნობ და განკითხვას. ყველას ჰგონია, რომ პეტრე არის წაქცეული, დაქცეული, გაუბედურებული. დაე, ეგონოთ, პირიქით, სწორედ ასეთი ადამიანების არასწორმა, სუბიექტურმა, გაბოროტებულმა კრიტიკამ მაქცია იმად, ვინც ვარ და ეს არ არის ჯერ ბოლო, ეპილოგი. ეს არის პროცესი და ეს პროცესი არასდროს შენელდება. მე არაფერი დამკლებია, ამ წლების მანძილზე უამრავი წიგნი გამოვეცი, უამრავი სიმღერა დავწერე, უამრავი ნიჭიერი შემსრულებელი ასრულებს ჩემს ტექსტებს, ორი დისერტაცია დავიცავი, სექტემბერში მოთხრობების კრებული გამოვა, უამრავ ადამიანს ვეხმარები და მხარში ვუდგები. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, ილაპარაკონ. ჩემ კრიტიკასა და მწვავე დებატებს სჯობს, სიკეთე აკეთონ და ჩემ განკითხვას ურჩევნიათ, საკუთარი მანკიერი მხარეები აღმოაჩინონ და ბევრს იპოვიან. თუ ჩემ მიმართ ქვასა და ტალახს ისვრიან, მე მდუმარედ ვდგავარ.
შური ამოძრავებთ და, ზოგადად, ადამიანს როცა შურს, მიზეზს აღარ აქვს მნიშვნელობა. მათ ჰგონიათ, რომ თანამდებობებით, პატივით, დიდებით ადგილსა და სახელს დაიმკვიდრებენ საზოგადოებაში, მაგრამ შეიძლება თითო-ოროლა ადამიანი მოატყუონ, ჯანსაღ მხარეს კი ვერასდროს მოატყუებენ, რადგან ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ უანგარო, მართალი, გულწრფელი და ღვთაებრივი სიყვარული და ერთადერთი რაც გამაჩნია, რომლითაც არასდროს დავიღლები, ეს არის ადამიანების უანგარო სიყვარული, სწორედ ადამიანებში სიყვარულით მაცხოვროს უფალმა იესო ქრისტემ წუთისოფლის მანძილზე.
ნებისმიერი სასულიერო პირი ხელოვანი უნდა იყოს, რადგან ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ორივე ერთმანეთს ავსებს. ჩვენ უდიდესი პრაქტიკა გვაქვს მართლმადიდებლურ სამყაროში. რა თქმა უნდა, წმინდა მამებს არც ვედრები და არც პარალელებს ვავლებ მათთან, მაგრამ საოცარ ლექსებს წერდნენ, ეს იყო თეოლოგიური პოეზია. თუკი შენი ლექსი, შენი აქტივობა, შენი საზოგადოებრივი მოღვაწეობა ხალხს ტაძრამდე მოიყვანს და ეს იქნება ერთგვარი ბილიკი საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის, რატომაც არა. ნებისმიერი ხერხი, ფორმა და ხელოვნება გამართლებულია იმდენად, რამდენადაც თუ ის უფალს ემსახურება და უფლის დიდებაშია. ჩემთან არასდროს მოვა ფანატიკოსი მრევლი აღსარებაზე, მე არ ვცხოვრობ ილუზიაში, ზუსტი ფოკუსირებით ვუყურებ მოვლენებს, ჩემთან არასდროს, მოვა მრევლი აღსარებაზე იმის სათქმელად, რომ ოთხშაბათს კვერცხი ჭამა და პარასკევს ყველი შემოეჭამა, ჩემთან აღსარებაზე პოეტები და მწერლები, ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც სითბოს, სიყვარულს, თავშესაფარს, ნავსაყუდელს ეძებენ, რომელთათვითაც ქრისტე არ არის მრისხანე მსაჯული, არამედ მოსიყვარულე მამაა. რომლებსაც უნდათ ეკლესიაში მოსვლა, მაგრამ სცენაზე დგომაც და ლექსების კითხვაც მათი ცხოვრებაა, რადგან ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს წმინდანად შერაცხული, ვინც პოეზიას ქმნიდა და ლექსებს წერდა. ასეთია ილია ჭავჭავაძე, ამიტომ ლექსის წერა და წიგნების გამოცემა საერთოდ არ ეწინააღმდეგება ღმერთსა და ქრისტეს, პირიქით, ბიბლია თავიდან ბოლომდე ერთი უდიდესი პოეზიაა, უბრალოდ, ამას დანახვა უნდა. ლექსს დავწერ კიდეც, წავიკითხავ, ქუჩაში დავდგები და ისე წავიკითხავ, თუ ეს ადამიანისთვის ნუგეში იქნება, თუ ამ ლექსს შეეძლება, ადამიანი ტაძრამდე მოიყვანოს და ჯანსაღი აღმსარებელი გახდეს და არა ფანატიკოსი და ფუნდამენტალისტი, რომლის აზროვნებაც მიმართულია სხვა ადამიანის ჩაქოლვისკენ, მოკვლისკენ და განადგურებისკენ. მე ასეთი მართლმადიდებლობა არ მინდა. თუკი მართლმადიდებლობა იქნება აგებული აგრესიაზე, ძალადობაზე, შურისძიებაზე, სიკვდილსა და სიძულვილზე, მე მაშინ მართლმადიდებლობაზე უარს ვიტყვი, რადგან ჩემი ქრისტე ძალიან კეთილია და ის მართლმადიდებლობა, რომელიც მესმის, არის ზეჰუმანური რელიგია, რომელიც ყველა აგრესიასა და სიძულვილზე მაღლა დგას და რომელიც სულ მასწავლის, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს მტერი შენი. მე ახალ აღთქმაში ვცხოვრობ და საზოგადოების სხვა ნაწილი თუ ძველ აღთქმაში ცხვრობს, ბუნებრივია, ჩვენი გადაკვეთის წერტილი არასდროს იქნება თანხვედრაში.

სოციალური ქსელი და მამა პეტრე კოლხი

სოციალურ ქსელში არასდროს ვარ ზედმეტი, არასდროს ვარ გამომწვევი და არასდროს ვთამაშობ ადამიანების ნერვებზე. ყოველთვის ვწერ იმ წერილებს, მოთხრობებს, ჩანახატებსა და სტატუსებს, რა პრობლემებიც არის საზოგადოებაში დაგროვილი. ეს არის სარკე და ამ სარკეში ვისაც სურს ჩაიხედოს, ჩაიხედავს, ვისაც სურს, მანკიერ მხარეებს დაინახავს და ვისაც კრიტიკა უნდა, ქვების სროლას ისედაც დაიწყებს და ამას შეგუებული ვარ, თუმცა მწავავე რეაქცია მაქვს და ეს გმოიხატება იმით, რომ უფრო მეტი გულწრფელობა და სიმართლე დავწერო ჩემს წერილებში და რა თქმა უნდა, ეს ერს არასდროს მოაკლდება. „კაცია ადამიანი“ რატომ დაიწერა? ილია მართალმა თქვა, ეს სარკეა, პირთან მიიტანეთ და ჩაიხედეთო. ამიტომ თუ ვინმემ ჩემს წერილებში საკუთარი თავი ამოიცნო, მე ნუ მესვრის ქვებს, საკუთარ თავში ჩაიხედოს და გამოსწორება დაიწყოს.
შეიძლება საზოგადოების გარკვეული ფენისთვის ეს გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ სწორედ ჩემმა ლექსებმა, ჩანახატებმა თუ პიროვნებამ ამ ადამიანებს გაუმარტივა ეკლესიამდე მოსასვლელი გზა. შოუბიზნესის წარმომადგენლები არა მხოლოდ მეგობრები, არამედ ზოგი უკვე ჩემი მრევლია და ძალიან ეკლესიურები არიან. მე მათ შეგნებულად არ დავასახელებ. ისინი სწორად მარხულობენ და ლოცულობენ, ფანატიზმში არ არიან. ისინი აცნობიერებენ და აანალიზებენ თავიანთ მდგომარეობას და ეს არის ყველაზე ჯანსაღი პროცესი, საკუთარი თავის შეცნობა. ნებისმიერ ჩვენგანს დავუტოვოთ უფლება, რომ მივიდეს ქრისტემდე. ყველა ერთი და იგივე გზით ვერ ივლის, არ იქნება სამყარო საინტერესო. დაკვირვებების შედეგად ხდება ადამიანი უფრო საინტერესო და როდესაც გააზრებულად ამბობ ცოდვაზე უარს, ეს არის ჯანსაღი გამარჯვება. ჩვენი ნებით უნდა ვთქვათ ცოდვაზე უარი და არა ხელკეტებით, ჭინჭრითა და ცემით. ნებისმიერი ადამიანი, თუ მასში ღვთის მარცვალია, აუცილებლად ცხონდება და ის თავისი ნებით იტყვის ცოდვებზე უარს. არც ერთ შემთხვევაში ცოდვა არ უნდა გავამართლოთ, თუმცა ცოდვის წინააღმდეგ აგრესიით, სიძულვილითა და ბოროტებით კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ ქრისტეს სიყვარულით უნდა დავამარცხოთ ყველა მანკიერება, რომელიც ღმერთთან გვაშორებს.
ძალიან ბედნიერი ვარ ეკლესიის მსახურებით იმ პერიოდში, როცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანდება. მას რომ დავუჯეროთ, მოვუსმინოთ და მივყვეთ, ამდენი პრობლემა აღარ იქნებოდა. ის არა როგორც ერის სულიერი მესაჭე და მწყემსმთავარია, არამედ ძალიან განათლებული, ინტელექტუალური და გემოვნებიანია. მას ძალიან კარგად ესმის კარგისა და ცუდის ფასი, ასევე პოეზიის, მუსიკის… მოგეხსენებათ, რომ თვითონაც წერს, ქმნის და დიდი შემოქმედია. ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, ვინც ოპონირებას მიწევს და შემოქმედებით პროცესს მიწუნებს, ე. ი. პატრიარქის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ იმდენად ლაჩრები და უსუსურები არიან, ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, თუმცა კოკას ეუბნებოდნენო და ქვევრო შენ გესმოდესო. დგანან და კიდევ ამტკიცებენ, რომ პატრიარქის ერთგულები ვართო. რანაირად გამოდიხარ პატრიარქის ერთგული, თუ ხელოვნებას, ნიჭიერებას, ინტელექტს, მხატვრობას, პოეზიას გმობ და მიწასთან ასწორებ? ე. ი. პატრიარქის იდეაც არ მოგწონს და ამის ხმამაღლა თქმის გეშინია, რადგან რეგალიებს დაკარგავ. ასეთი ადამიანები ხომ თავისუფლებას ვერასოდეს მიაღწევენ, რადგან თავისუფლება სულის მდგომარეობაა და მათი სული დამონებულია.

გიორგი საკარული