პროგრესული დაბეგვრა – ახალი ინიციატივა განხილვას ელის

ქვეყნის საგადასახადო სისტემა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტია, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს სხვადასხვა ფაქტორსა და, ამავდროულად, დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების, ასევე მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკასა და მის განვითარებაზე.

სწორედ ამ საგადასახადო სისტემაში შემავალ კონკრეტულ უწყებებსა თუ სამინისტროებს აქვს კომპეტენცია, კონტროლი გაუწიოს გადასახადების მიღება-გაცემის პროცესს და მის გამართულობას. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები თუ საგადასახადო კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული არ აქვთ სხვა ორგანოებს.
საქართველოს საგადასახადო ორგანოების ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა შედგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, ტერიტორიული ორგანოებისა და განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (ასეთი ქვედანაყოფების შექმნის შემთხვევაში).
საქართველოს საგადასახადო ორგანოების ძირითადი ფუნქციაა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, გადამხდელს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია კანონმდებლობის შეცვლასთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით და განახორციელოს გადასახადების ადმინისტრირება.
საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილებები მრავალფეროვანია. ის განისაზღვრება როგორც კონკრეტული საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმებით, ასევე საწარმოებისა და ორგანიზაციების კონტროლით და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებით.
სწორედ ასე განსაზღვრავს საგადასახადო სისტემასა და მის ფუნქცია-მოვალეობებს, ასევე მისი საქმიანობის მნიშვნელობას „მეწარმეთა შესახებ კანონი“ და „სამოქალაქო კოდექსის“ 30-ე მუხლი.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ეს გადასახადის კონკრეტული ფორმაა, რომელიც გულისხმობს კონკრეტული პირების შემოსავლების დაბეგვრასა და მათი ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია: რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია რეზიდენტი ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის გათვალისწინებულ გამოქვითვებს დაქვემდებარებულ ხარჯებს შორის.
საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ასევე განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებულ წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის გათვალისწინებულ გამოქვითვებს დაქვემდებარებულ ხარჯებს შორის.
რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი არის მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლების ჯამი, ხოლო არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი _ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავალი.
ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; სხვა შემოსავლები, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას (გარდა დაქირავებით მუშაობისა), გამოქვითვებს აწარმოებს კოდექსით დადგენილი წესით.
ფიზიკური პირის ამხანაგობებსა და სხვა ანალოგიურ წარმონაქმნებში მონაწილეობის შემთხვევაში ფიზიკური პირის ერთობლივ შემოსავალში უნდა ჩაირთოს მისი წილის პროპორციული შემოსავალი ამხანაგობის დასაბეგრ მოგებაში (შემოსავალი).
ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 12 პროცენტით.
ეკონომიკურ განმარტებებს თავი რომ დავანებოთ, საშემოსავლო გადასახადი ანუ შემოსავლის დაბეგვრა ეს არის ყველა მოქალაქის ერთგვარი ვალდებულება საკუთარი სახელმწიფოს წინაზე, რომ გამომუშავებული თანხა, ნებისმიერი ფორმით მიღებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი, სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს.
დაბეგვრის სისტემები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ისევე როგორც ადამიანების შემოსავალი და მათი ქონებრივი მდგომარეობა.
შესაბამისად, მსჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს დაბეგვრა მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის და ვინ და რამდენს უნდა იხდიდეს ქვეყნის საერთო ყულაბაში, დღემდე აქტუალურია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად განიხილება ე. წ. პროგრესული დაბეგვრის ფორმის შემოღება და ამოქმედება ჩვენს ქვეყანაში.
რას გულისხმობს კონკრეტულად დაბეგვრის ეს სისტემა და როგორია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები?
ადამიანთა ნაწილს მიაჩნია, რომ მაღალშემოსავლიანი ვალდებულია, მეტი შეიტანოს ქვეყნის ბიუჯეტში და ამ გზით თავისი შემოსავალი დაბალშემოსავლიანებს გადაუნაწილოს, იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე. ადამიანთა მეორე ნაწილი დაბეგვრის ასეთ სისტემასა და მთავრობის მიერ შემოსავლების გადანაწილებაში სოციალურ სამართლიანობას კი არა, სოციალურ უსამართლობას ხედავს.
ეს აზრთა სხვადასხვაობა უკვე წლებია მძვინვარებს, საბოლოო პასუხი და ჭეშმარიტება, თუ რომელი ფორმაა უფრო მომგებიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მისი განვითარებისთვის, დღემდე უცნობია.
სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობა და იდეოლოგია განსხვავებულად განიხილავს სახელმწიფოს როლს შემოსავლების დაბეგვრის პროცესში და ასევე მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების შემოსავლების დაქვითვის პრინციპსაც.
მაღალი გადასახადებისადმი მხარდაჭერა (მით უმეტეს, თუ მაღალშემოსავლიანმა ადამიანმა შემოსავლის უფრო დიდი წილი უნდა გადაიხადოს ქვეყნის ბიუჯეტში) მემარცხენე პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ხოლო დაბალი გადასახადებისადმი მხარდაჭერა – მემარჯვენე პოლიტიკური ძალებისა.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, ქართულ პოლიტიკაში ამ კუთხით არ გვაქვს ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია. ის მუდმივად ცვალებადია და თავად საგადასახადო სისტემასა და მისი მახასიათებლების ჩამოუყალიბებლობაშიც აისახება.
პროგრესული დაბეგვრა გულისხმობს იმას, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტი პროცენტით უნდა იბეგრებოდნენ, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი. აქ „მაღალი“ და „დაბალი“ პირობითია. პროგრესული დაბეგვრის შემთხვევაში მაღალ და დაბალ შემოსავალს კანონი განსაზღვრავს. შესაძლოა, ადამიანი, რომელიც არ მიიჩნევს, რომ მაღალი შემოსავალი აქვს, კანონის მიხედვით მაღალშემოსავლიანად ჩაითვალოს და სხვასთან შედარებით მეტის გადახდა მოუწიოს. თავის მხრივ, დაბალი და მაღალი შემოსავლის ზღვრების დადგენა მნიშვნელოვანწილად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზეა დამოკიდებული.
ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება კონკრეტული რიცხვი განეკუთვნებოდეს მაღალ შემოსავალს, ხოლო იგივე თანხა სხვა ბევრად განვითარებულ სახელმწიფოში დაბალი შემოსავლის მაჩვენებელი იყოს.
მსოფლიო ეკონომიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ დაბალი გადასახადები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს და რაც მეტია საგადასახადო ტვირთი, სხვა თანაბარ პირობებში უფრო რთულდება ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის მიღწევა.
გავრცელებული აზრის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ღარიბი და მდიდარი თავიანთი ქონებისა და შემოსავლის მიხედვით იბეგრება და შესაბამისად ეს დაბეგვრის მაჩვენებელიც განსხვავებულია. ეს მცდარია, იმდენად, რამდენადაც საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ყველასთვის 20%-ია, ყველასთვის განურჩევლად ყველაფრისა, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობისა და შემოსავლების მოცულობისა.
ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ფრაქცია სოციალ- დემოკრატები ახალი ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის მიხედვითაც 2500 ლარის ზემოთ შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს.
2500 ლარამდე შემოსავალი საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა (ვინც ხელფასს იღებს) 91%-ს აქვს, 5%-ს _ 4-5 ათას ლარამდე, ხოლო ამაზე მაღალი შემოსავალი ასევე 5%-ს აქვს. ამასთან, 1.3%-ს 8 ათას ლარზე მეტი; 0.4%-ს ანუ, დაახლოებით, 3600 ადამიანს კი თვეში 16 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.
რეფორმის ინიციატორები ამ ახალი სისტემის სარგებლიანობასა და ეფექტიანობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სამომავლო პერსპექტივაზე საუბრობენ, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და ასევე ხელფასების ზრდასაც გამოიწვევს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა დღევანდელ საქართველოში.

რას გულისხმობს დაბეგვრის ეს ფორმა და ვისთვის იქნება სარგებლის მომტანი ეს ახალი ინიციატივა, „ქრონიკა+“-ის ამ და სხვა კითხვებს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში უპასუხეს:

_ რას გულისხმობს კონკრეტულად თქვენ მიერ ინიცირებული პროგრესული დაბეგვრის პრინციპი?
_ ჯერჯერობით საბოლოოდ არ გვაქვს გადაწყვეტილი, თუ როგორ განაკვეთებს მოვითხოვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება 2500 ლარის ზემოთ შემოსავლის 30%-იანი დაბეგვრა.
მნიშვნელოვანი დეტალია: არ უნდა გვეგონოს, რომ მთლიანი თანხა იბეგრება. მაგალითის მიხედვით მარტივად მიხვდებით, სიტყვაზე, ადამიანს აქვს 3 ათასი ლარი ხელფასი. მისი ხელფასიდან 2500 ლარი დაიბეგრება 20%-ით, ხოლო დარჩენილი 500 ლარი _ 30%-ით. საბოლოო ჯამში, მას 50 ლარით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს იქნებოდა მთლიანად 3 ათასი ლარის 20%-იანი დაბეგვრის შემთხვევაში.
აქტიურად ვმუშაობთ და შეიძლება შევცვალოთ რაიმე განაკვეთებში, თუმცა ჩვენი პარტიისთვის (სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის) პროგრესული გადასახადების პრინციპი უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად ამა თუ იმ ფორმით მოვითხოვთ მის დანერგვას.
რეალურად ასეთი გაზრდილი განაკვეთი საერთოდ არ შეეხება დასაქმებულთა 90%-ს, მსუბუქად შეეხება დასაქმებულთა 5-6%-ს, ხოლო შედარებით მეტად შეეხება დარჩენილ 5-4-%-ს, რომელთა ხელშიცაა შემოსავლების 35% კონცენტრირებული . დასაქმებულთა მხოლოდ 0.4% იღებს მთლიანი შემოსავლების 20%-ს.
_ რამდენად სასარგებლო იქნება ეს ცვლილება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბიუჯეტს რა სარგებელს მოუტანს დაბეგვრის მსგავსი ფორმა?
_ ჩვენი ამჟამინდელი დათვლებით ზემო აღნიშნული განაკვეთების შემოღება მოიტანს, დაახლოებით, 450-500 მილიონ ლარს ბიუჯეტისთვის. ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ ბიუჯეტის დამტკიცებისას საბიუჯეტო კანონში (შემოდგომაზე რაც შემოვა პარლამენტში) გაიწეროს დამტკიცებისას ის, თუ რაში დაიხარჯება ეს თანხები.
პირველი: მიღებული თანხის ერთი მეხუთედი მიემართოს პედაგოგთა ხელფასების (ბაღის, სკოლისა და პროფესიული სასწავლებლების) ზრდაზე, ყოველწლიურად გაიზარდოს, სანამ ის არ დაუახლოვდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. პირველ წელს ზრდა იქნება, დაახლოებით, 100 ლარი (პედაგოგდა საბაზო ხელფასზე ანუ ყველა პედაგოგისთვის);
მეორე: დანარჩენი 400 მილიონი კი მიემართოს რეგიონებში მრეწველობის განვითარებაში (აქ იგულისხმება როგორც კვლევები და გეგმის აგება, ისე უშუალოდ საწარმოების მშენებლობა). ჩვენი მტკიცე რწმენით, ეს ქვეყანაში დიდ ეფექტს მოიტანს სიღარიბისა და ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების საქმეში და რეალურად დაიწყებს უმუშევრობის შემცირებას.
_ ერთ-ერთ განცხადებაში განმარტეთ, რომ ამ დაბეგვრის შემდეგ უფრო მეტ შეღავათს მსხვილი კომპანიებისა და ბანკების ხელმძღვანელები იგრძნობენ. როგორ აისახება ეს ცვლილებები საშუალო ფენაზე და უბრალო მოქალაქეებზე?
_ სინამდვილეში მხოლოდ მდიდარ უმცირესობას შეეხება გადასახადის ზრდა მნიშვნელოვნად. ჩვენი შეხედულებით ამ ადამიანებს სახელმწიფომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს საერთო განვითარებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის საქმეში.
_ დაბეგვრის მსგავსი სისტემა ბევრ განვითარებულ სახელმწიფოშია წარმატებული. რამდენად იქნება გათვალისწინებული ჩვენს ქვეყანაში ეს უცხოური პრაქტიკა და, თქვენი აზრით, იქნება თუ არა ის ისეთივე წარმატებული საქართველოში, როგორიც საზღვარგარეთაა?
_ მსოფლიო სავალუტო ფონდის მიხედვით ჩვენი საგადასახადო სისტემის ტექნიკური გამართულობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო აპარატს შეუძლია თავი გაართვას ამ პროცესის ადმინისტრირებას.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი ეცდება, თავი აარიდოს პასუხიმგებლობასა და შემოსავლების დამალვის სხვადასხვა ფორმას მიმართოს, თუმცა ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ არსებობს საგადასახადო ინსპექცია, რომ ეს პროცესი აკონტროლოს.
სხვა მხრივ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სისტემა იმუშავებს და მისაღები იქნება ქვეყნის უმრავლესობისთვის, თუ ამას მედია სწორად და იდეოლოგიზებული ინტერპრეტაციის გარეშე მიაწვდის საზოგადოებას. ამასთან ერთად აუცილებელია ამ თანხების განკარგვა ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პრიორიტეტების მიხედვით, რომ ხალხმა რეფორმის სიკეთე იგრძოს.

მანამ, სანამ ინიციატორები რეფორმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ, პოლიტიკური და სამოქალაქო წრეები აქტიურად განიხილავენ ამ ინიციატივას და მის ავკარგიანობაზე მსჯელობენ.
პროგრესული დაბეგვრის ფორმას ბევრი მოწინააღმდეგე და მომხრეც ჰყავს.
ამ უკანასკნელთა შორისაა ეკონომისტი გია ხუხაშვილი, რომელიც რეფორმის საჭიროებებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ნაბიჯები ამ კუთხით აუცილებლად აქვს გადასადგმელი.

დაბეგვრის ფორმის სირთულეებსა და სარგებელზე, რაც სიახლეს მოუტანს ქართულ სახელმწიფოს, „ქრონიკა+“-ს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა:
_ ეს თემა ფართო დისკუსიის საგანია და ბუნებრივიცაა, რადგან უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. ეს თავად ამ თემის მნიშვნელობითაცაა განპირობებული.
რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ინიციატივა, მინიმუმ, განხილვას იმსახურებს, თუმცა ვეჭვობ, რომ 2500 ლარი არ არის სწორი ზღვარი დღევანდელ პირობებში. რა თამასაა სამართლიანი და სწორი, ამაზე პასუხი კვლევამ უნდა აჩვენოს. შესაძლებელია, ეს რეფორმა რამდენიმე საფეხურადაც გაკეთდეს.

ანა ურუშაძე