მთავარი ბლოგი ქოცმუცელები

ქოცმუცელები

948
0
გაზიარება

ქვეყანაში სრული ქაოსია. ისეთი, 90-იანებშიც რომ არ დაგვსიზმრებია. დიახ, იმ 90-იანებში, როცა ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ავტობუსში არავის არავინ დაუჭრია, არავის არავისთვის უსვრია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხაინდრავამ მეტეხთან მთელ ავტობუსს გაუხსნა ცეცხლი, როგორც ეს შემდეგ ჯაბა იოსელიანმა დაწერა.

დიახ, ავტობუსში მაინც არავინ არავის ჭრიდა და არავინ არავის ესროდა და იქ მაინც შეგეძლო ყოფილიყავი უსაფრთხოდ. ახლა კი, აგერ, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, #140-ე ავტობუსში ერთმა არასრულწლოვანმა მეორე დანით მუცელში დაჭრა. რა გინდა, რომ ქნა, როცა ავტობუსში ასვლა აღარცაა უსაფრთხო ან ვინმე დანას დაგიტრიალებს გულმუცელში და თუ ამას გადაურჩი, გარედან სხვა ავტობუსი შემოგასკდება, როგორც ეს 13 ივლისს კახეთის გზატკეცილზე მოხდა ე. წ. სამხედრო დასახლებასთან _ ერთი მუნიციპალური ავტობუსი (ყვითელი) მეორე ავტობუსს (ლურჯი) შეახტა.
ეს ყველაფერი მაინც ლირიკაა იმ ყველაფერთან, რაც უახლოეს დღეებში მოხდა, ვგულისხმობ, ერთი მხრივ, ხადას ხეობაში ამოწყვეტილი ოჯახის ტრაგედიას და, მეორე მხრივ, ურდოების თარეშს.
15 ნაძირალა 22 წლის გევორქ სარქისიანს საკუთარ სახლთან დაესხა თავს და გამვლელების თვალწინ აჩეხა _ 22 ჭრილობა მიაყენა დანით. ბიჭი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მანამდე მესტიაში, ზედ პოლიციასთან რამდენიმე მეტრში, ლუკა ფალიანი მოკლეს, ასევე ურდომ _ 25 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობაში 6 პირი მონაწილეობდა. მანამდე დანებით, გადამტვრეული ბოთლებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ათამდე პირი ნაფეტვრების საცურაო აუზზე შეიჭრა და თავს დაესხა 21 წლის ბიჭს _ გიორგი უგრეხელიძეს და 60-მდე თვითმხილველის წინ სცემა და დაჭრა…
რა გინდა, რომ ქნა? არ წახვალ აუზზე, არ გახვალ ღამით, მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც აგერ სახლთან აჩეხეს 22 წლის გევორქ სარქისიანი, გასულ კვირას, ოზურგეთში სახლის წინ გაჩერებულ მანქანაში შეუგდეს ადამიანს ყუმბარა და მანქანა აუფეთქეს, მეტიც, უკვე სახლშიც უვარდებიან _ 20 წლის კობა კობალაძეს შინ შეუცვივდნენ და სცემეს.
ყველგან ხოცვა-ჟლეტა მიდის, დღე არ გავა, რომ საზარელმა მკვლელობამ არ დაგზაფროს და შოკში ჩაგაგდოს. ამას ემატება ის, რომ ლუკმა-პურისთვის ხალხი ისევ იხოცება შახტებში. ტყიბულში ისევ ტრაგედიაა, მინდელის შახტში ისევ დაიღუპა 4 მეშახტე და დაშავდა 6…
და ამ დროს რას აკეთებს ხელისუფლება?
მუცელს იხეთქს. სკდება და ვერ ძღება თქვლეფით. და თან გამსკდარი არც ჩხუბსა და აყალმაყალს ერიდება.
აგერ ჭიათურაში დაძღნენ, ვერ მოინელეს და ერთმანეთს დაერივნენ _ ხელჩართული ჩხუბის ერთ-ერთი მოქმედი პირი ჭიათურის მერი ბრძანდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამძღარ ჩინოვნიკებს სხვა სუფრის წევრებთან ჩხუბი „მუზიკაზედ“ მოუვიდათ. ჩხუბში გამოუყენებიათ რაც ხელთ მოხვედრიათ, მათ შორის, ბოთლები. დაზარალებულისთვის ჯერ მერს უთხლეშია ხელი, მერე ვიღაც ქალს ბოთლი დაუყოლებია.
აი, ეს ხელისუფლება გვყავს! ხელისუფლება, რომელმაც ის არ იკმარა, რომ იღებს ხელფასებს, დანამატებს, პრემიებს და კიდევ ბიუჯეტის ხარჯზე შლიან და იხეთქავენ მუცლებს. აბა, რა, იმ ხელფას-პრემიებს ჭამაში ხომ არ დახარჯავენ? ამ 6 თვეში უკვე 4 მილიონი ლარის პურ-მარილი ცეცხლეს და მოინელეს. 6 თვეში 4 მილიონი ეგებ ბევრად არც მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ 4 მილიონიდან 2 მილიონი მარტო ბოლო ერთ თვეში უჭამიათ.
რესტორნებში შეჭმული 4 მილიონის დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციამ“ შეისწავლა. წულუკიანს ათკაციანი სუფრა გაუშლია 888 ლარად. კაცმა 88 ლარის ჭამა! ასეთი სუფრები კი ამ 6 თვეში 2657-ჯერ გაშლილა.
ცენტრს არც რეგიონის ბობოლები ჩამორჩებიან: აგერ გურჯაანის მუნიციპალიტეტს რესტორანში 4867 ლარი შეუსანსლავს; „მუზიკანტებიც“ დაუქირავებიათ _ 200 ლარად. რას იზამ, ისე ლუკმა არ გადასდით ყელში. რეკორდსმენი საგარეო უწყებაა: მილიონზე მეტი დახარჯეს ჩვენმა საელჩოებმა უცხოეთში _ 600-ჯერ გაუშლიათ სუფრა.
ისე არ იფიქროთ, რომ ეს ჩვენი ჩინოვნიკები მარტო თვითონ იხეთქავენ მუცლებს, არა, კაცო, თვითონაც ჭამენ და თავის ახლობლებსაც აჭმევენ _ შინაურებში ქეიფობენ და იმათ უხდიან ამ ფულს. მაგალითად, თურმე, თბილისში ბენო ქაშაკაშვილის შპს არის პრივილეგირებული.
ამ 4-მილიონიანი თქვლეფის გახმაურებამდე გივი კუბლაშვილმა თბილისის მერს 20-ათასლარიანი სუფრის დოკუმენტი აუფრიალა, საიდანაც ირკვეოდა, რომ ბატონ კალაძეს ერთ თეფშ თევზის ასორტიში 200 ლარი ჰქონდა გადახდილი…
თვითონ 4 მილიონს ჭამენ და აგერ ზვიად კუპრავას სხვისი თეფშიდან ჭამას ედავებიან.
მოდი და მართლა ნუ გაგიჟდები, ამ ქვეყანაში მთელი ინტელიგენცია ბიძინა ივანიშვილის გობიდან ჭამს და კუპრავას იჭერეენ _ სხვისი თეფშიდან ჭამის გამო.
4 მილიონს უთავმოყვარეოდ იყრის მუცელში ის ხელისუფლება, რომელიც იუშენკოს ნახმარ საპონს დასდევდა უტიფრად.
ახლა 4 მილიონი გახმაურდა და ამაზე ვლაპარაკობთ, თორემ ბიუჯეტის ხარჯზე თქვლეფა ადრევე დაიწყეს. „ჭამე ნოდარი“ ხადური ახლა მხოლოდ ფოლკლორის ბინადარიღაა, მაგრამ დრო იყო, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ბრძანდებოდა და არსენასაებრ „ქეიფი იმას უყვარდა, გზებზე სუფრის გადაფენა“.
ოღონდ არსენასაებრ მდიდრებს კი არ ართმევდა, ჩვენ გვღლეტდა და ბიუჯეტის ხარჯზე ძღებოდა.
ჯერ იყო და 4-ათასლარიანი სუფრა გაუსკანდალდა, შემდეგ ყვარელში 7246 ლარად გაშლილი პურ-მარილი, სადაც მუცლის დიდი პატივისცემა: 50 პორცია ღორის მწვადი, 23 ტაბაკა წიწილა, 300-ლარიანი ციკანი თონეში, ბლომად ტოლმა ვაზის ფოთოლში, გებჟალია, კალმახი ბროწეულის სოუსში, ჭაჭა, ოთხნაირი ღვინო და შვიდნაირი ჩაი-ყავა და რა აღარ!
გასკდა ეს ამბავი და რა თქვა ივანიშვილმა? _ ერთ ვახშამს ნუ გადააყოლებთ ხადურსო. მწვანე აუნთო ბიუჯეტის ხარჯზე მუცლის ხეთქვას! და ყველაზე ამაზრზენი ის იყო, რომ ეს ყველაფერი მას მერე ხდებოდა, რაც სააკაშვილი თავად გადააყოლეს უკრაინის პრეზიდენტის გამასპინძლებას. მაშინ სააკაშვილს თვითონ ხადურმაც გაუტოლა თავი _ არც „მასაჟისტკა“ ჩამომიყვანია სახელმწიფო ხარჯით, არც მაიმუნის ტვინის დელიკატესები მიმირთმევია და არც კლუბ „დივაში“ წამიყვანია ვინმეო. მოკლედ, პენსიასთან მისტიკურ კავშირში მყოფი კარტოფილი ააგდო და მიშასთვის გატოლებული თავი შეუშვირა. ბოსმა მწვანე აუნთო და ისიც დაგვემუქრა მაშინ, _ ეგ რა არის, ახლა 80 ქვეყნის საბაჟოების უფროსებს ველოდები, მერე 30 ქვეყნიდან სტუმრებს აზიის განვითარების ბანკის შეხვედრაზე, 2015-ში კი 1500 სტუმარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დროს და პურ-მარილები მერე ნახეთო. დააანონსა და შეასრულა კიდეც, მორიგი 200-კაციანი ბანკეტი 13 500 ლარი დაუსვა ბიუჯეტს, ციკანს ბატკანი ჩაენაცვლა, ცალი ბარკლით, მაგრამ ფასს არ იკითხავთ? „ბატკნის ბარკალი ქონდარში დამარინადებული _ 1452 ლარი“… „თევზის ასორტი _ 1716 ლარი“…
ეგენი ჭამენ, სკდებიან. გაგებით უნდა მოვეკიდიოთ.
ხალხს ყოველდღე ხოცავენ, ჟლეტენ _ ამასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ…
ესენი რომ ამ მუცლის ხეთქვის გარდა რამეს აკეთებდნენ და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში არ იყოს ჩაფლული, ამ თანხებს, ალბათ, არც არავინ გამოეკიდებოდა და ლუკმებს არც არავინ დაუთვლიდა.
ამ ყველაფერს ჩაროზად ემატება ისიც, რომ თვითონ სკდებიან და ჩვენ აქეთ დაგვციანიან კიდეც!
ნანული შევარდნაძემ ერთხელ თქვა, _ მომჭირნე დიასახლისი 7 თუ 8 ლარად ოჯახს შეინახავსო და კინაღამ „ნანულე“ დაიყვანეს… და გუგულა მაღრაძემ რამდენჯერ თქვა უარესი სისულელე? ხან გვმოძღვრავდა, ზეთი გვეყიდა ბუნებაში არარსებულ ფასად. ჯერ იყო და ათ კაპიკად ნაყიდი სალათის ფურცლებით გვირჩევდა დანაყრებას ანდა საღამოს ბაზარზე წამოკრეფილი ლარტყა-ლურტყა ხორცის ნაჭრებით; მერე სიგარეტის გაძვირება რომ უნდოდათ, საერთოდ ხილზე და „შიკოლადზე“ გადასვა პენსიონერები. დიახაც, სიგარეტის გაძვირება სასარგებლოა, თუ პენსიონერი ხარ და თუ ასაკში ხარ, რაღას ეწევი, წადი, სვი, ჭამე, სიგარეტის მაგივრად შოკოლადი, ხილი იყიდე და ჭამეო, უფრო სასარგებლოაო. გააძვირეს სიგარეტი და მერე ტკბილს ეცა, _ ტკიბილი მავნებელია, შაქარი და ტკბილეული უნდა გავაძვიროთო…
აი, ასეა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდები დათარეშობენ, თვითონ რესტორნებში დაეთრევიან, სკდებიან, ჩვენ ან შიმშილით უნდა დავიხოცოთ, ან ერთმანეთის ხელით და როგორც უკვე ვთქვი, ზემოდან დაგვცინიან კიდეც და როგორც ადრე ვთქვი, იმ ბრძენ კაცს, _ ზებრა უბია ვირადა, არცა ვუღირვართ ჩირადა…

რეზო შატაკიშვილი

 

დატოვეთ კომენტარი