რუსული ტერაქტები და მათი ათწლიანი ანატომია

ტერაქტები, რომელთაც ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირებოდა, რუსეთში 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. პირველი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი, რომელიც მოსკოვში მოხდა და რომლის დროსაც საცხოვრებელი კორპუსები დაინგრა, ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა. სწორედ მაშინ ტერორისტების მისამართით გაკეთებულმა მკაცრმა განცხადებებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი პუტინის გაპრეზიდენტებაში.

დღეს უკვე რუსეთში ღიად ამბობენ, რომ მაშინდელი აფეთქებები ფსბ-ს დაკვეთით ხდებოდა, შემდეგ კი პუტინმა კარგად გამოიყენა. პარალელები ბოლოს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებითაც გაჩნდა – ბევრს აეჭვებს ის გარემოება, რომ ასეთი მასშტაბური ტერაქტი ისევ დაემთხვა პუტინის სავარუდო წინასაარჩევნო კამპანიას.
ამჯერად, „პრესა.ჯი“, ყოველგვარი ინტერპრეტაციის, პოლიტიკოსთა, ანალიტიკოსთა და ექსპერტთა კომენტარების გარეშე, გთავაზობთ 1991 წლიდან რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტების, ადამიანთა გატაცების, მძევლად აყვანის ანატომიას და მონაცემებს მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.

90-იანი წლები:

1991 წლის 9 ნოემბერი – სამი ტერორისტისგან (შამილ ბასაევი, საიდ-ალი სატუევი, ლომ-ალი ჩაჩაევი) შემდგარმა ჯგუფმა მინვოდის აეროპორტში მძევლად აიყვანა „ტუ-154-ის“ ბორტზე მყოფი 178 მოქალაქე. აქცია ჯგუფმა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებისადმი პროტესტის ნიშნად მოაწყო. ლაინერი თურქეთში გაიტაცეს, რის შემდეგაც ჯგუფმა მძევლები გაათავისუფლა და საგანგებო პრესკონფერენციაზე მსოფლიოს მოუწოდა, არ დაეშვათ რუსეთის ჯარის შეყვანა ჩეჩნეთში. ამის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მოძალადეებს საშუალება მისცა, ჩეჩნეთში დაბრუნებულიყვნენ.

1993 წლის 28 სექტემბერი – ომსკის საბავშვო ბაღში უცნობი პირი შევიდა, რომელმაც მძევლად აიყვანა 6 პიროვნება, მათ შორის, 4 ბავშვი. ტერორისტმა მოითხოვა დიდი ოდენობის თანხა, ავტომატი და თვითმფრინავი საზღვარგარეთ გადასაფრენად. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი თვითნაკეთი ბომბის გააქტიურებით და მძევლების აფეთქებით იმუქრებოდა. შენობის შტურმის დროს მოხდა ტერორისტის ლიკვიდაცია და ბომბის გაუვნებელყოფა. მძევალთაგან არავინ დაზარალებულა.

1994 წლის 28 ივლისი – ოთხმა ტერორისტმა მძევლებად გამოაცხადა პიატიგორსკი-კრასნოგვარდეისკოეს რეისის ავტობუსში მყოფი 41 მგზავრი. ტერორისტები ხელისუფლებისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. ორი მძევალი მოკლეს, სამი დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძევლების განთავისუფლების ოპერაციის დროს ერთი ტერორისტი მოკლეს, ოთხი კი დაიჭრა. ჭრილობები მიიღო სპეცრაზმის ხუთმა წევრმაც.

1995 წლის 14-20 ივნისი – 195 წევრისგან შემდგარმა ტერორისტთა ჯგუფმა შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით, ბუდიონოვსკის (სტავროპოლის მხარე) საავადმყოფოში 1600 მძევალი აიყვანა მოთხოვნით, შეჩერებულიყო საომარი მოქმედებები ჩეჩნეთში და დაწყებულიყო მოლაპარაკება დუდაევის ხელისუფლებასთან. ტერაქტის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 415 კი დაიჭრა.

1995 წლის 14 ოქტომბერი – მოსკოვში, ვასილევსკის დაღმართზე ტერორისტმა ვ. სუგრაიმ მძევლად აიყვანა 26 სამხრეთკორეელი ტურისტი, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ. ტერორისტი 1 მილიონ დოლარსა და ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვდა. შტურმის დროს მოხდა ტერორისტის ლიკვიდაცია, მძევლები არ დაზარალებულან.

1996 წლის 9-15 იანვარი – „ბოევიკთა“ ჯგუფმა სალმან რადუევის ხელმძღვანელობით დაღესტანში, ქალაქ ყიზლარის სამშობიარო სახლში მძევლად აიყვანა დაახლოებით 2000 ადამიანი. მოლაპარაკებების შემდეგ მძევალთა უმრავლესობა გაათავისუფლეს. მძევლების ნაწილთან ერთად ტერორისტებმა ჩეჩნეთის მიმართულებით გადაადგილება დაიწყეს, თუმცა პერვომაისკოეს რაიონში ისინი რუსულმა შენაერთებმა ალყაში მოაქციეს, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. დაღამების შემდეგ ტერორისტებმა სიბნელით ისარგებლეს და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაიჭრნენ. შეტაკების დროს 37 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაიჭრა.

1996 წლის 11 ივნისი – მოსკოვის მეტროს სადგურ „ტულსკაიაში“ თვითნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა, რამაც 4 ადამიანი იმსხვერპლა, 12 კი დაიჭრა.

1996 წლის 26 ივნისი – ნალჩიკის ავტოსადგურში აფეთქდა „იკარუსის“ მარკის ავტობუსი, რომელიც ასრულებდა რეისს: მინვოდი-ნალჩიკი-ვლადიკავკაზი. 6 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაიჭრა. სამართალდამცველთა ვერსიით, ტერაქტის ორგანიზატორი ჩეჩენი საველე მეთაური, რუსლან ხაიხაროევი იყო.

1996 წლის 11 ივლისი – მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ტროლეიბუსი აფეთქდა. დაიჭრა 8 ადამიანი.

1996 წლის 12 ივლისი – მოსკოვში, მშვიდობის გამზირზე ტროლეიბუსი აფეთქდა. 26 ადამიანი დაიჭრა.

1996 წლის 16 სექტემბერი – მახაჩყალას აეროპორტში ტერორისტმა ავტობუსში მყოფი 27 მგზავრი მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნის შესრულების შემდეგ (60 მილიონი დოლარის გადაცემა და ჩეჩნეთში გადასვლა) მან ყველა მძევალი გაათავისუფლა.

1996 წლის 16 ნოემბერი – ქალაქ კასპიისკში (დაღესტანი) ტერორისტებმა ოფიცერთა ოჯახებით დასახლებული ცხრასართულიანი კორპუსი ააფეთქეს. სახლის ცენტრალური ნაწილი ჩამოიშალა. აფეთქების შედეგად 69 ადამიანი, მათ შორის, 21 ბავშვი დაიღუპა.

1997 წლის 23 აპრილი – არმავირის (კრასნოდარის მხარე) რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა.

1997 წლის 28 აპრილი – აფეთქებას ქალაქ პიატიგორსკის რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში ორი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაიჭრა. ტერაქტი ორმა ჩეჩენმა ტერორისტმა ქალმა სალმან რადუევის დაკვეთით მოაწყო.

1997 წლის 27 ივნისი – აფეთქება მოსკოვი-პეტერბურგის ჩქარ მატარებელში. 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა.

1999 წლის 19 მარტი – აფეთქება ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარში. 52 ადამიანი დაიღუპა, 168 დაიჭრა.

1999 წლის 31 აგვისტო – მოსკოვში, მანეჟის მოედანთან მომხდარ აფეთქებას ერთი ქალი ემსხვერპლა, 40 ადამიანი კი დაზარალდა.

1999 წლის 4 სექტემბერი – ქალაქ ბუინაკსკში (დაღესტანი) ხუთსართულიანი სახლის აფეთქების შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, 146 კი დაიჭრა.

1999 წლის 9 სექტემბერი – მოსკოვში გურიანოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.

1999 წლის 13 სექტემბერი – მოსკოვში კაშირის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად 124 ადამიანი დაიღუპა.
1999 წლის 16 სექტემბერი – ვოლგოდონსკში (როსტოვის ოლქი) ცხრასართულიანი სახლის აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 1054-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

საერთო ჯამში, 90-იან წლებში რუსეთში მომხდარი ტერაქტების შედეგად 620 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მათ შორის, 1999 წლის სექტემბერში საცხოვრებელ სახლებზე მთელი რუსეთის მასშტაბით მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგად 307 ადამიანი დაიღუპა, 1300-ზე მეტი კი დაშავდა.

პუტინის „სტაბილური მმართველობის წლების“ ტერაქტები

2000 წლის 6 ივნისი – სოფელ ალხან-იურტში (ჩეჩნეთი) ორმა ტერორისტმა თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე სატვირთო ავტომანქანა მილიციის შენობას დააჯახა და ამ გზით ააფეთქა. 2 მილიციელი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

2000 წლის 2 ივლისი – ჩეჩნეთში ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე სატვირთო ავტომანქანების აფეთქების შედეგად განხორციელებული ტერაქტების სერიის დროს 30 მილიციელი და სამხედრო პირი დაიღუპა.

2000 წლის 9 ივლისი – აფეთქება ვლადიკავკაზის ბაზარში. 6 ადამიანი დაიღუპა, 18 დაიჭრა.

2000 წლის 8 აგვისტო – აფეთქება მოსკოვში პუშკინის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, რომლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 61 დაიჭრა.

2000 წლის 6 ოქტომბერი – პიატიგორსკსა და ნევინნომისკში ერთდროულად მომხდარ ოთხ აფეთქებას 4 ადამიანი შეეწირა, 20 კი დაიჭრა.

2000 წლის 8 დეკემბერი – პიატიგორსკის ბაზარში ერთდროულად ორი ავტომობილი აფეთქდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 45.

2001 წლის 15-16 მარტი – სტამბულში სამმა ჩეჩენმა ტერორისტმა „ტუ 154-ში“ მყოფი 174 ადამიანი მძევლად აიყვანა. თვითმფრინავი რეისს მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა, მაგრამ ტერორისტთა მოთხოვნით საუდის არაბეთში დაეშვა, სადაც თვითმფრინავზე ადგილობრივმა სპეცრაზმმა იერიში მიიტანა. შტურმის დროს სტიუარდესა და ერთი ტერორისტი დაიღუპნენ.

2001 წლის 5 თებერვალი – აფეთქება მოსკოვში მეტროსადგურ „ბელორუსიულთან“. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი.

2001 წლის 24 მარტი – მინვოდის ბაზრის ცენტრალური შესასვლელი. დაახლოებით 50 კგ. ტროტილი, რომელიც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში იდო, დილის საათებში აფეთქდა. დაიღუპა 21 ადამიანი, ასზე მეტი კი დაიჭრა. იმავე დღეს აფეთქება მოხდა ესენტუკის ერთ-ერთ შენობასთან, რის შედეგადაც 22 მოქალაქე დაიჭრა.

იმავე დღეს ჩეჩნეთის ერთ-ერთ სოფელში ავტომობილის დათვალიერებისას მილიციელებმა აღმოაჩინეს 40 კგ. ტროტილისგან დამზადებული თვითნაკეთი ბომბი. მანქანა ტყეში გადაიტანეს, რათა ბომბის გაუვნებელყოფა უკაცრიელ ადგილას მომხდარიყო, მაგრამ განაღმვის მცდელობის დროს მოწყობილობა მოულოდნელად გააქტიურდა და შსს-ს ორი მესანგრე დაიღუპა.

2001 წლის 31 ივლისი – ჩეჩნეთის სოფელში ტერორისტმა სულთან-საიდ იდიევმა მძევლად აიყვანა ავტობუსში მყოფი 40 ადამიანი. იდიევი ავტომატითა და ყუმბარით იყო შეიარაღებული და 1994 წელს მახაჩყალაში თვითმფრინავის გატაცებისთვის დაკავებული „ბოევიკების“ განთავისუფლებას ითხოვდა. ავტობუსზე განხორციელებული შტურმის დროს ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა, ხოლო ერთ-ერთი მძევალი დაიჭრა.

2001 წლის 29 ნოემბერი – ჩეჩნეთში, ურუს-მარტანის ცენტრალურ მოედანზე თვითმკვლელმა ქალმა, რომელიც ერთ-ერთი დაღუპული ჩეჩენი მებრძოლის ქვრივი იყო, თავი მაშინ აიფეთქა, როცა მოედანზე რაიონის კომენდანტი, გენერალ-მაიორი ჰეიდარ გაჯიევი იმყოფებოდა. გაჯიევი დაიღუპა, მასთან ერთად მყოფი სამი პირი კი დაიჭრა.

2002 წლის 28 აპრილი – მორიგი აფეთქება ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან. 9 ადამიანი დაიღუპა, 46 დაიჭრა.

2002 წლის 9 მაისი – დაღესტანში კასპიისკში ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამუშავდა, როცა მის სიახლოვეს სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილე საჯარისო ნაწილმა ჩაიარა. დაიღუპა 45, ხოლო დაიჭრა 170 ადამიანი. დაღუპულთა შორის 12 ბავშვი იყო.

2002 წლის 10 ოქტომბერი – გროზნოში აფეთქდა შსს-ს ადგილობრივი სამმართველოს შენობა. 25 ადამიანი დაიღუპა.

2002 წლის 19 ოქტომბერი – მოსკოვში პოკრიშკინის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსის“ შენობასთან ავტომანქანა „ტავრია“ აფეთქდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.

2002 წლის 23-26 ოქტომბერი – მოსკოვში დუბროვკაზე მდებარე თეატრალურ ცენტრ „ნორდ ოსტში“ ჩეჩენმა „ბოევიკებმა“, მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით, მძევლად აიყვანეს 900-ზე მეტი ადამიანი. შენობის შტურმის დროს ყველა ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, მაგრამ მათთან ერთად დაიღუპა 120 მოქალაქე. მსხვერპლის დიდი რაოდენობა გამოწვეული იყო მომწამვლელი აირით, რომელიც სპეცრაზმმა შენობაში შესვლის დროს გამოიყენა.

2002 წლის 27 დეკემბერი – გროზნოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობა ააფეთქეს. შენობის ეზოში „კამაზისა“ და „უაზის“ მარკის ავტომანქანები შეიჭრა, რომლებიც ასაფეთქებელი მასალით იყო დატვირთული. მანქანებში მამაკაცი და მისი ორი არასრულწლოვანი ქალ-ვაჟი იმყოფებოდნენ. 72 ადამიანი დაიღუპა, 210 დაიჭრა.

2003 წლის 14 მაისი – ჩეჩნეთის ერთ-ერთ სოფელში, გუდერმესის რაიონში, დაუდგენელმა პირმა რელიგიური რიტუალის დროს თვითნაკეთი ბომბი ააფეთქა. 30 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაიჭრა.

2003 წლის 5 ივნისი – ოსეთში, მოზდოკში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ავტობუსი ააფეთქა, რომელშიც სამხედრო ნაწილის საავიაციო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 19 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაიჭრა.

2003 წლის 5 ივლისი – მოსკოვში, ტუშინოს აეროდრომზე, როკ-ფესტივალის მსვლელობის დროს ორმა ჩეჩენმა ტერორისტმა თავი აფეთქა. 16 ადამიანი დაიღუპა, 50 დაიჭრა.

2003 წლის 9 ივლისი – მოსკოვში დააკავეს ჩეჩენი ეროვნების ტერორისტი ქალი ზარემა მუჟახოევა, რომელიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. მის სხეულზე დამონტაჟებული ბომბის განაღმვის დროს ერთი მესანგრე დაიღუპა.

2003 წლის პირველი აგვისტო – ჩრდილოეთ ოსეთში მოზდოკის ჰოსპიტალი ააფეთქეს. 50 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაიჭრა.

2003 წლის 3 სექტემბერი – დაუდგენელმა პირებმა კისლოვოდსკი-მინვოდის ელექტრომატარებელი ააფეთქეს. აფეთქების სიმძლავრე 15 კგ. ტროტილის ეკვივალენტური იყო. ტერაქტს 7 ადამიანი შეეწირა, 80-ზე მეტი კი დაიჭრა.

2003 წლის 5 დეკემბერი – ესენტუკის სიახლოვეს ტერორისტებმა კისლოვოდსკი-მინვოდის ელექტრომატარებლის ვაგონი ააფეთქეს. დაიღუპა 44 ადამიანი, 156 დაიჭრა.

2003 წლის 9 დეკემბერი – მოსკოვში სასტუმრო „ნასიონალთან“ ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 6, ხოლო დაიჭრა 14 ადამიანი.

2004 წლის 6 თებერვალი – აფეთქება მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურში, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 დაიჭრა.

2004 წლის 9 მაისი – გროზნოს სტადიონზე სადღესასწაულო კოლონის მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმატ კადიროვი და ჩეჩნეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ჰუსეინ ისაევი დაიღუპნენ.

2004 წლის 24 აგვისტო – ტულისა და როსტოვის თავზე ორი: „ტუ 154“ და „ტუ 134“ ტიპის ტვითმფრინავები თვითმკვლელმა ტერორისტებმა ააფეთქეს. დაიღუპა 90 ადამიანი. შამილ ბასაევმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

2004 წლის 31 აგვისტო – აფეთქება მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელსაც 10 ადამიანი შეეწირა, 50-მა კი ჭრილობები მიიღო. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობაც შამილ ბასაევმა საკუთარ თავზე აიღო.

2004 წლის 1-3 სექტემბერი – ოსეთის ქალაქ ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში ტერორისტთა ჯგუფმა 1300 მძევალი აიყვანა. მძევლების უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. ტერაქტის შედეგად 350 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ნახევარი – ბავშვები იყვნენ. 500 ადამიანზე მეტი დაიჭრა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე შამილ ბასაევმა აიღო.

2005 წლის 21 აგვისტო – აფეთქება მოსკოვის ჩერქეზულ ბაზარში. 14 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაიჭრა.

2007 წლის 4 თებერვალი – სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთ მეტროსადგურთან მომხდარ აფეთქებას, რომლის სიმძლავრე 50გ. ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა, სამი ადამიანი დაიჭრა.

2007 წლის 18 თებერვალი – აფეთქება სანკტ-პეტერბურგში, „მაკდონალდსის“ შენობაში. ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ორი ბავშვი. აფეთქების ორგანიზატორები და შემსრულებლები სხვადასხვა ნაციონალისტური დაჯგუფების წევრი ადგილობრივი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ.

2007 წლის 22 ნოემბერი – აფეთქება „იკარუსის“ მარკის ავტობუსში, რომელიც პიატიგორსკი-ვლადიკავკაზის რეისს ასრულებდა. 5 ადამიანი დაიღუპა, 13 დაიჭრა.

2007 წლის 9 დეკემბერი – ავტობუსის აფეთქება ჩეჩნეთის ქალაქ ნევინნომისკში. ორი მგზავრი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

2008 წლის 7 აგვისტო – აფეთქება სოჭში, ლაზარევსკის რაიონის პლაჟზე. ორი დაღუპული და 20-ზე მეტი დაჭრილი.

2008 წლის 6 ნოემბერი – ვლადიკავკაზში ტერორისტმა ქალმა სამარშრუტო ტაქსიში აიფეთქა თავი. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

2009 წლის 17 აგვისტო – ტერაქტი ნაზრანში. 25 ადამიანი დაიღუპა და 136 დაიჭრა.

2009 წლის 27 ნოემბერი – აფეთქება მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის ჩქაროსნულ მატარებელში, რომელსაც 28 ადამიანი ემსხვერპლა, 90 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის სახელმწიფო სამსახურის რამდენიმე ჩინოვნიკი, ცნობილი ბიზნესმენები და ორი ორსული ქალი იყო.

2010 წლის 19 მარტი – მოსკოვის მეტროს ორ სადგურში, „ლუბიანკასა“ და „კულტურის პარკში“, ორი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის მიერ მოწყობილ ტერაქტს 38 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

2010 წლის 9 სექტემბერი – ტერაქტი ვლადიკავკაზის ბაზარში. აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 138 დაშავდა.

2011 წლის 24 იანვარი – აფეთქება მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში, რომლის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაიჭრა.

საერთო ჯამში, პუტინის მმართველობის წლებში მხოლოდ 2011 წლამდე რუსეთში მომხდარი ტერაქტების შედეგად 1180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2700-ზე მეტი კი დაიჭრა. დაღუპული ადამიანების რაოდენობა პუტინის „სტაბილური მმართველობის“ წლებში, ანუ პირველი 10 წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ მეტი იყო, ვიდრე საყოველთაო არეულობის დროს, 1990-2000 წლებში…
მოგვიანებით, ამ მონაცემებსა და სტატისტიკას კიდევ უამრავი ადამიანის მსხვერპლი დაემატა _ მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტები, ბორის ნემცოვის მკვლელობა, დაქირავებული მკვლელების მიერ შესრულებული სხვა მკვლელობები და უამრავი პატიოსანი მოქალაქე, რომელიც ტერაქტს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ რუსეთი დროზე დატოვა, თუმცა ერთ ასეთს _ სკრიპალს, შორეულ დიდი ბრიტანეთშიც მისწვდა მსახვრალი ხელი და კინაღამ იმქვეყნად გაისტუმრა….
ამ სტატისტიკიდან გონიერ ადამიანს დასკვნების გამოტანა არ გაუჭირდება და არც იმის წარმოდგენა, რატომ და როგორ კლავს რუსეთი…

დოროთე გითოლენდია