კოოპერატივი სიმარტივეს განსაზღვრავს

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები ბევრ მიმართულებას, დიდ ძალისხმევასა და მოთმინების უნარს მოითხოვს. ეს ის სფეროა, რომლის ხელშეწყობა პირდაპირ კავშირშია რეგიონულ თუ მსოფლიო დონეზე წინსვლასთან. შესაბამისად, რაც მეტად გამარტივდება მასთან დაკავშირებული პროცესები, მით მეტი დადებითი მოცემულობის მომსწრე გახდება ნებისმიერი ქვეყანა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე _ გიორგი მიშელაძე:
_ რა შემოსავალი აქვს კოოპერატივებს ჩვენს ქვეყანაში და როგორ ფინანსდება ის?
_ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემოსავლები შედგება მეპაიეების ეკონომიური საქმიანობისგან, რომლიც მოიცავს პირველადი პროდუქციის წარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, რეალიზაციას მიღებული ფინანსური ან/და მატერიალური სარგებელისგან. 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა სსპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება და ხელშეწყობა. ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით.
_ ეფექტიანია საქართველოში კოოპერატივები?
_ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შექმნილია რძის გადამამუშავებელი 17 კოოპერაციული საწარმო.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით მეფუტკრეობის დარგის 203 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანებულ 2100 მეტ მეფუტკრეს მიეცა საშუალება, მოეხდინა აღჭურვილობის (სკები, ციბრუტების ავზები) გაახლება, მათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით მიღებული აქვთ 18,000 მეტზე სკა. ახლა უკვე გორში აშენდება თაფლის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო, რომელსაც ექნება რესურსი, გადაამუშაოს თაფლი და ერთიანი ბრენდის ქვეშ მოახდინოს რეალიზება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
კახეთში გასულ წელს სამი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა, რომელშიც წარმოებული ღვინო უკვე იყიდება ბაზარზე.
უმნიშვნელოვანესია მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ მიზნით მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და ტექნიკა საქონლის საკვების წარმოებისთვის.
აგრარულ დარგში კოოპერაციის მხარდაჭერის პროგრამები მიმართულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. კოოპერაციის ეფექტიანობა რამდენიმე წელიწადში მეტად ხელშესახები იქნება.
_ კოოპერატივებს რაიმე უარყოფითი თუ ახასიათებს?
_ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არის ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და საერთო ეკონომიკური ინტერესი აკმაყოფილებთ. იმის მიუხედავად, რომ დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 1200-ზე მეტი კოოპერატივი და მასში გაერთიანებულ მეპაიეთა რიცხვი 10 ათასს აჭარბებს, მთავარ გამოწვევად, მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, მაინც, კოლმეურნეობასთან ასოცირება რჩება, რაც, თავის მხრივ, გაერთიანების შიშს იწვევს.
_ რა პროცესებს ამარტივებს კოოპერატივების არსებობა?
_ კოოპერაციის შემთხვევაში ხდება სასოფლო-სამეურნეო პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და საქმიანობის სფეროების მეპაიეთა შორის გადანაწილება, ასევე წარმოებული პროდუქციის რაოდენობისა და სახეობის ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ტვირთი გადანაწილებულია მეპაიეებზე. ამას გარდა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, კოოპერატივის წარმოებული პროდუქციის რელიზაცია მოახდინონ როგორც საერთაშორისო, ასევე _ ადგილობრივ ბაზარზე.
_ როგორ ხდება კოოპერატივში გაწევრიანების პროცესი?
_ კოოპერატივის გამგეობას წევრობის მსურველი პირი მიმართავს განცხადებით კოოპერატივში გაწევრიანების თაობაზე, რომლის საფუძველზეც გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას პირის წევრად მიღების ან არმიღების თაობაზე. გამგეობის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს კოოპერატივის საერთო კრება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციისთვის მაღალმთიან რეგიონში, მინიმუმ, 3, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მინიმუმ, 5 ადამიანის საერთო იდეის გარშემო გაერთიანებაა საჭირო, რომელიც დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში კოოპერატივის ორგანიზაციული ფორმით. უკვე რეგისტრირებულმა კოოპერატივმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად განცხადებით უნდა მოგვმართოს „სასოფლო-სასოფლო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“.
_ რა ქონებას ფლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?
_ კოოპერატივის ქონების ძირითად წყაროს შეადგენს საპაიო ფონდში მეპაიეთა სავალდებულო და დამატებითი საპაიო შენატანები და ასოცირებულ წევრთა შენატანები როგორც ქონების, ასევე ფულის სახით; ასევე სახელმწიფო პროგრამებიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები.
_ წევრების უფლებებსა და მოვალეობებზე რას გვეტყვით?
_ კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კოოპერატივის მართვაში, ისარგებლოს კოოპერატივის მომსახურებით, მიიღოს მოგება და დივიდენდი კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით, გაეცნოს მეპაიეთა რეესტრის მონაცემებს, გავიდეს კოოპერატივიდან, დაიბრუნოს კუთვნილი პაი.
კოოპერატივის წევრის ვალდებულებებია: დაიცვას წესდება, შეავსოს საპაიო შენატანები კოოპერატივის საერთო კრების მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მიიღოს მონაწილეობა კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
კოოპერატივსა და მის წევრებს შორის დამატებითი ურთიერთვალდებულებები აისახება მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
_ სახელმწიფოს როლი კოოპერატივის ეფექტიანობაში როგორია?
_ კოოპერატივების მხარდაჭერა ხდება მიზნობრივი პროგრამების საშუალებით, რაც ხორციელდება როგორც კაპიტალური ინვესტირების, ასევე ტექნიკური დახმარების ფორმით.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გათავისუფლებულები არიან მთელი რიგი გადასახადისგან, რასაც მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მოაქვს;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიძლება იყოს გრანტის მიმღები, სხვა მეწარმე სუბიექტებისგან განსხვავებით.
_ მიმდინარე პროექტები რა არის?
_ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მიმართულებით, ახორციელებს კოოპერატივების მხარდამჭერ პროგრამებს:
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც უნდა განთავსდეს კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.
პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საშუალება ეძლევათ, სტანდარტების დაცვით მოახდინონ რძის მიღება _ ერთი მხრივ, ნედლეული ერთობლივად მიაწოდონ საწარმოებს, მეორე მხრივ, მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და რძის პროდუქტები აწარმოონ, რაც ხელს უწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, თავად კი საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება უნდა უზრუნველყოს.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ, სარგებელი, ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაგეგმილია პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატის ჩართვა, რომელთაც 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები და საკვების წარმოებისთვის საჭირო შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: ტრაქტორი, გუთანი, როტაციული და სეგმენტური სათიბელები, უნივერსალური ფოცხი, მოთიბული მასის ამკრეფ-დამწნეხი და მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.
სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ახალქალაქის, წალკის, დმანისისა და დუშეთის მუნიციპალიტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენებასა და აღჭურვას. აღნიშნული საწარმოების კოოპერატივებისთვის გადაცემა განხორციელდება პროგრამით დადგენილი წესით.
ახალქალაქის, წალკის, დმანისის მუნიციპალიტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოს სიმძლავრე შეადგენს დღიურად 10 ტონის გადამუშავებას, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში დღიურად 1,5 ტონას.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ოთხივე საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს.
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივში გაერთიანდება არანაკლებ 35 კოოპერატივი, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ჯამურად არანაკლებ 7000 სკა (თითოეულს არანაკლებ 200 სკა).
მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად შესაძლებლობა მიეცემათ, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ თაფლი და ერთიანი ბრენდის ქვეშ მოახდინონ რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს, შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.
_ რა მიმართულებით არის დღევანდელი კოოპერატივები მეტად განსავითარებელი?
_ დღეისთვის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დიდი ნაწილი წარმოდგენილია მეფუტკრეობის, მევენახეობისა და მეცხოველეობის დარგებში. მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები მიმართულია გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების ხელშეწყობისთვის. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, სულ რეგისტრირებულია 1294 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი.
გაერთიანებული მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს 12 138 მეპაიეს.

მარიამ ტიელიძე