ურცხვი და მორცხვი ქოცები

არაერთხელ და არაერთის მიერ ითქვა, რომ სარალიძე ამ ხელისუფლების გირგვლიანია. ეს შეფასება არცთუ ისე უსაფუძვლოა, თუმცა, მე თუ მკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ გირგვლიანის თემა, აგერ უკვე, 12 წელია, ტრიალებს და ზაზა სარალიძის იმ განცხადებიდან კი, სადაც მან პარტიებს თანადგომის თხოვნით მიმართა, ჯერ 12 დღეც არ გასულა, ამ საქმემ ბევრად დიდი მასშტაბი შეიძინა და ბევრად უფრო მრავალგანზომილებიანი აღმოჩნდა.

როდესაც „ბევრად დიდი მასშტაბის შეძენას“ ვამბობ, ცხადია, სულაც არ ვგულისხმობ არც რეზონანსს, არც მიღწეულ შედეგს და ვგულისხმობ სრულიად სხვა ასპექტებს. ვგულისხმობ იმას, რომ ზაზა სარალიძის ამბავმა სრული ლუსტრაცია ჩაუტარა როგორც ხელისუფლებას, ისე მთლიანად ჩვენს დღევანდელობას, ჩვენს საზოგადოებას, არაერთ უკეთურობას ახადა ფარდა და არაერთი სიმახინჯე გამოააშკარავა.
ვგულისხმობ იმას, რომ ზაზა სარალიძის ბრძოლამ წარმოუდგენელი ეფექტი იქონია. დომინოს თეორიის თანახმად ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია და ერთის დაცემა იწვევს მთელი სისტემის დამხობას. ზაზა სარალიძემ ამოიღო ხმა მკვლელების მფარველი ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მოყვა ის, რომ სამიოდე დღეში აქციებზე საზოგადოების წინაშე გამოვიდა ათეულობით შვილმოკლული დედა, რომელმაც ასევე ვერ ნახა სამართალი ამ ქვეყანაში! მათი შვილების მკვლელებიც ისევე დაუსჯელები დაპარპაშებენ, როგორც პარპაშებენ დათუნა სარალიძის მკვლელები! ამ მშობლებს ზაზა სარალიძის ბრძოლამ მისცა სტიმული, ძალა, გაუჩინა იმედი, რომ მათი შვილების მკვლელებიც დაისჯებიან, მაგრამ თუ ამ ხელისუფლებასთან, ამ სისტემასთან ბრძოლაში ზაზა სარალიძე დამარცხდა, ეს გამოიწვევს იმას, რომ როგორც გაჩნდა ეს იმედი, ისევე ჩაკვდება… ზაზა სარალიძის დაცემა გამოიწვევს ყველას დაცემას. სისტემა კი არ დაემხობა, დაემხობა იმედი _ ამ ქვეყანაში სამართლის პოვნის.
ამ დღეებში ათეულობით საზარელი ფაქტი გამოვიდა სააშკარაოზე. არც ერთი ამ ფაქტის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით. ესეც ნიშანდობლივია. ჩნდება კითხვა, _ აქამდე რატომ არ იღებდნენ საჯაროდ ხმას? რატომ არ მიაწვდინეს თუნდაც „რუსთავი 2“-ს ხმა? ხომ ნათელია, რომ ასეთ ფაქტებს, სხვა ტელეარხებისგან განსხვავებით, ნამდვილად არ დატოვებდა უყურადღებოდ „რუსთავი 2“? საქმეც ეგ არის, რომ ეს ხალხი იმდენად უიმედოდ იყო, ამბის გახმაურებაშიც კი ვეღარ ხედავდა აზრს, სანამ სარალიძის ბრძოლა არ დაინახა და ის, რომ საზოგადოება გულგრილი არ იყო შვილმკვდარი მშობლების ტკივილის, უსამართლობის მიმართ! ვთქვათ სიმართლე, ეს ეფექტი ნამდვილად არ გამოუწვევია გირგვლიანის თემას. ძნელი სათქმელია, რა იყო ამის მიზეზი, _ ის, რომ მაშინ არ იყო, არ ხდებოდა ამდენი მკვლელობა, თუ ის, რომ დაუსჯელი არავინ რჩებოდა და მკვლელები არ დადიოდნენ გარეთ? თუ მკვლელობებიც იყო, მკვლელებიც დათარეშობდნენ გარეთ და, უბრალოდ, არც ირინა ენუქიძეს, არც რობაქიძისა და არც ვაზაგაშვილის მშობლებს არ აღმოაჩნდათ ეს გადამდებლობა, რაც აღმოაჩნდა ზაზა სარალიძეს?..
ვიდრე სხვა ასპექტებზე გადავალ, რითაც სარალიძის ამბავი აღმოჩნდა გირგვლიანის თემაზე ბევრად უფრო მასშტაბური, უნდა ვთქვათ, რომ სარალიძის გირგვლიანთან შედარება დედაქალაქის მერ კალაძისგანაც წამოვიდა. დიახ, იმ პოსტიდან, რომლითაც იგი გამოეხმაურა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად 27 მაისს გამართულ პირველ დემონსტრაციას. როგორც ჩანს, აქციაზე მისული ხალხის რაოდენობამ კონტროლი დააკარგინა კალაძეს და როგორც სჩვევია, ავტოგოლიც გაიტანა _ პრაქტიკულად აღირა, რომ სარალიძე მათი ხელისუფლების გირგვლიანია.
ზაზა სარალიძის აქციამ, რატომღაც, „გამწარებული ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე გამოსული მხოლოდ ათიოდე მოქალაქე“ გაახსენა… სხვათა შორის, სწორედ კალაძის ამ და მომდევნო პოსტში გამოიკვეთა შემდგომში სუსის მიერ ტირაჟირებული ნარატივის კონტურები. ჯერ გირგვლიანისა და სარალიძის ოჯახებისადმი „ნაცმოძრაობის“ წევრების ცინიკურ დამოკიდებულებაზე ალაპარაკდა, რაც მომდევნო განცხადებებში ჩაშალ-გაშალა, _ რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ უტიფარი წევრები ცდილობენ, ამ ოჯახის ტრაგედია თავისი ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ, რომ თურმე არჩევნები ახლოვდება და ამ თემის გამოყენებას ცდილობენ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს მორალური უფლება, ასეთ სენსიტიურ თემებზე ისაუბროს… პრაქტიკულად, სუსის ნარატივის პირველი გამხმოვანებელი და ტონის მიმცემი სწორედ კახი კალაძე იყო. ვიდრე ამ ნარატივს დეტალურად შევეხებით, მანამ იმ მორიგ ნარატივს მინდა შევეხო, რომელიც ამ ხელისუფლებამ მალევე გამოუშვა სოცქსელებში. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სწორედაც რომ შეაშფოთა სარალიძის გირგვლიანთან გაიგივებამ და სასწრაფოდ „გვამცნო“ განსხვავება, რომ თურმე გირგვლიანი სისტემას მოუკლავს, ხორავას ქუჩაზე კი ბავშვებს ჩაუხოცავთ ერთმანეთი! როცა ხელისუფლება ამ ნარატივს ტირაჟირებს, რატომღაც ავიწყდება, რომ მაჩალიკაშვილი სუსმა ჩაკლა ლოგინში და არა რომელიმე თანატოლმა! და არც დათუნა სარალიძე მოუკლავს უბრალოდ თანატოლებს. დათუნა სარალიძეც სისტემამ მოკლა! დიახ, ამ ხელისუფლებამ მოკლა თავისი პოლიტიკით! ბავშვებმა დანა დასცხეს, მაგრამ მოკვლით სწორედაც რომ ხელისუფლებამ მოკლა! სწორედ ამ ხელისუფლებამ დააბრუნა მოზარდებში ეგ მენტალიტეტი! ამ ხელისუფლებამ აუშვა კრიმინალი! ამ ხელისუფლებამ გამოყარა გარეთ ათასი ჯურის კრიმინალი: მკვლელი, ჯაშუში და პედოფილი, ამ ხელისუფლებამ შექმნა ეს კრიმიოგენური ვითარება და ამ ვითარებამ შვა ის ჩხუბი და სისხლიანი გარჩევა, რომელსაც შეეწირა დათუნა სარალიძე! და ის, რომ მოზარდები ჩვენებას არ იძლევიან და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ესეც ამ ხელისუფლების კისერზეა! ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ქადაგებდნენ, რომ პოლიციისთვის ჩვენების მიცემა ბოზობაა. თურმე, მოვიდნენ და ეს დანერგეს და დღეს დგანან და თავს იმართლებენ, რა ვქნათ, ჩვენებას არ გვაძლევენო!
ეს ხელისუფლება დათუნა სარალიძის მკვლელებს მფარველობს, მაგრამ ეს არაა უბრალოდ რამდენიმე მკვლელი მოზარდის მფარველობა. ამ მფარველობით ეს ხელისუფლება საბედისწერო სიგნალს აძლევს ყველა გავლენიანი ოჯახის შვილს. თუ სარალიძის მკვლელები დაუსჯელი დარჩნენ, ყველა გავლენიანი ოჯახის შვილს ეცოდინება, რომ მასაც არ დაიჭერენ და თავისთავად ცხადია, დაუსჯელობით გათავხედებულები წარბშეუხრელად დახოცავენ მათთან შეკამათებულ თანატოლებს. დათუნა სარალიძის მკვლელების დაუსჯელად დატოვებით ეს ხელისუფლება ყველა გავლენიანი ოჯახის შვილს უთქმელად ეუბნება, _ მიდით, ხოცეთ, არც თქვენ გაგწირავთ და არ გაგიშვებთ ციხეში!
დათუნა სარალიძე მსხვერპლია ამ ხელისუფლების, ივანიშვილის „გაგებით მოკიდების“ პოლიტიკის.
რით უპასუხა ხელისუფლებამ შვილმოკლულ მამის სამართლიან პროტესტს? _ ცინიზმით, უტიფრობითა და აღვირახსნილი, ბინძური კამპანიით. მეტი რა ცინიზმი გინდა, ქმნიან კომისიას, რომელსაც რეალურად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ძიება დააბრუნეს შსს-ში. გეგონება, მანამდე სოფლის მეურნეობის სამინისტრო იძიებდა… არათუ არ დასაჯეს, დღის წესრიგშიც არ დამდგარა, არც განხილულა მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი. მხოლოდ შოთაძე გაიღეს ხარკად _ გენპროკურორი გადადგა. მაგრამ ვინმემ კი არ დასაჯა ან ის, ან სხვა, ვინც სარალიძის საქმე გააყალბა, არამედ გენპროკურორი შეაქეს, ჯერ ივანიშვილმა, შემდეგ წულუკიანმა. ივანიშვილმა საზოგადოებას ცინიკურად ამცნო, რომ შოთაძეს ყველაფერი გაუკეთებია, რათა ყველა დამნაშავეს ეგო პახუხი, უბრალოდ, გამოძიების სანდოობა დამდგარა ეჭვქვეშ დაზარალებულისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან და ამიტომ გადამდგარა მყისიერად. მეტიც: თურმე ეს ყოფილა „უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი. ირაკლი შოთაძის გადადგომა არის ის სრულიად ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო „ქართული ოცნების“ თაოსნობით განხორციელებული 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი“.
როგორც ჩანს, უფასო ფულის ავტორს ტყუილი იმ ჩვეულებად აქვს, რომელიც რჯულზე უმტკიცესია. გვიმტკიცებს შოთაძე, მყისიერად გადადგა, როგორც კი გამოძიების სანდოობა ეჭვქეშ დადგაო. არადა, გამოძიების სანდოობა ზაზა სარალიძემ ბევრად ადრე დააყენა ეჭვქეშ და საზოგადოებამაც _ ამას მოწმობდა ის მრავალათასიანი აქცია, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გაიმართა 27 ივნისს. შოთაძე კი გადადგა რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხალხის მღელვარებამ პიკს მიაღწია. ან მეტი ცინიზმი რა გინდა, როდესაც საზოგადოება უსამართლობის განცდითაა სავსე და ქუჩაში გამოვარდნილი ბატონი ივანიშვილი გველაპარაკება რაღაც ჯერარნახულ და ჯერარგაგონილ სტანდარტზე და სახალხო რევოლუციაზე, რომელიც თურმე 2012 წელს მომხდარა. როგორც ჩანს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისეთ აგონიაშია, რომ უკვე რევოლუციებიც ელანდება უკანა რიცხვით. ავიწყდება, რომ 2012 წელს არანაირი რევოლუცია არ მომხდარა და გაუყალბებელი არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში.
მაგრამ ვინ ჩივის, მხოლოდ ეს ცინიზმი და უტრიფრობა რომ ყოფილიყო და არა ის აღვირახსნილი კამპანია, რაც წამოიწყო სოცქსელებში თუ ტელეეკრანებზე ხელისუფლებამ, მათმა ღია თუ ფარულმა მოკავშირეებმა, ტროლებმა, ბოტებმა დ ასე შემდეგ…
წამოვიდა ლაფის ნიაღვარი, რომ სარალიძეს მართავენ, იყენებენ „ნაციონალები“, რომ „ნაციონალებს“ თავისი მიზნები აქვთ და ვინც სარალიძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდება, ამით „ნაცების“ გვერდით დგება, მონაწილეობს მათ რევოლუციაში, და იბრძვის „ნაცების“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ა. შ. ამ ნარატივისგან წარმოებულმა მესიჯებმა შეაღწია თვით აქციებზეც, _ რომ არ უნდათ პოლიტიკა, პოლიტიკოსები, მეტიც, ამ მესიჯმა შემდგომში ვაკის „აპოლიტიკური“ კონტრაქციაც შვა.
დაიწყეს ზაზა სარალიძის დამუნათება, მხოლოდ იმიტომ რომ თურმე პარტიები უდგანან გვერდით. მთელი ეს ფრონტი ისე გაშალეს, ისეთი გავეშებით, ისეთი გულისამრევი ფორმით და ისეთი მასშტაბებით, რომ ამ პროცესში არაერთმა ადამიანმა დაკარგა სახე, უფრო სწორად, ნამდვილი სახე გვიჩვენა _ ვინც ბრძანდებოდა და რაც ბრძანდებოდა. შედეგი მართლაც შემზარავი და გულისამრევია _ ჩვენ გვერდით დადის ათეულ ათასობით ადამიანი, რომელიც გამორჩენის მიზნით მზადაა და კლავს კიდეც სიტყვით ადამიანს, მით უფრო ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფს _ შვილმკვდარ, გამწარებულ მამას, რომელსაც სამართალი ვერ უპოვია.
მთელი ეს კაკაფონია, მთელი ეს ისტერიკა ემსახურებოდა და ემსახურება ერთადერთ მიზანს _ დაეკომპლექსებინათ ზაზა სარალიძე და საერთოდ დააკომპლექსონ ყველა, რომ გასაჭირში ყოფნისას არათუ მიმართონ ოპოზიციას დასახმარებლად, არც კი გაიფიქრონ მსგავსი რამ. შეგახსენებთ, რომ სარალიძემდე ამას გადასარევად ახერხებდა კიდეც ხელისუფლება, არაერთი ბაზრობა დამწვარა, მაგრამ ყველა დამწვარი ბაზრობის დაზარალებულები უარს ამბობდნენ არათუ ოპოზიციის თანადგომაზე, ტელევიზიებთან კონტაქტზეც კი. იგივე ბასიანის სპეცოპერაციის შემდეგ ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდობამაც არ გაიკარა პოლიტიკოსები. სარალიძემ გაბედა ეს და ძვირად დაუსვეს!
ამ ხელისუფლებასა და მის მომხრეებს უნდათ, ისე გასრისონ მოქალაქე, მოუკლან შვილი, არ აღირსონ სამართალი, რომ ამ მოქალაქემ არც კი მიმართოს ოპოზიციას. რომ ოპოზიციას არ ჰქონდეს ჩარევის საშუალება. რომ ოპოზიცია არ აღმოჩნდეს დაზარალებულის მოკავშირე.
მთავარი: თავად ხელისუფლებაში მოვიდნენ სწორედ გირგვლიანის, რაფალიანცის თემებით სპეკულირებით და ჰგონიათ, რომ სხვაც იგივეს აკეთებს.
მათ არ სჯერათ გულწრფელი თანადგომის, რომ შეიძლება პარტია ან არხი, ან საერთოდ ადამიანი მოქალაქეს გვერდით დაუდგეს მხოლოდ იმიტომ, რომ შეძრულია იმ უსამართლობით, რომელშიცაა შვილმოკლული მამა.
„ოცნებას“ რომ გულწრფელი თანადგომის არ სჯერა და თემით სპეკულირებაზე საუბრობს, ზუსტად ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ იყვნენ გულწრფელები, როდესაც გირგვლიანის თემას ატრიალებდნენ, თორემ თუ თავად გულწრფელები იყვნენ, მაშინ რატომ არ შეიძლება ახლა სხვა იყოს გულწრფელი თანადგომისას და პროტესტისას?
სპეკულიანტს ყველა სპეკულიანტი ჰგონია! შექსპირი „ჭირვეულის მორჯულებაში“ ამბობს: „თავბრუდახვეულს ჰგონია რომ სამყარო სწრაფად ბრუნავს, ბზიალებს“, ანუ „ყველას თავის გასაჭირი ალაპარაკებს, თავისი ტანჯვით, გასაჭირით სჯის და ზომავს“. ეს ხელისუფლებაც და მისი დამქაშებიც თავისი „გასაჭირით“ ზომავენ ყველაფერს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვიღაც მათსავით არ სპეკულიანტობს და გულწრფელადაა შეძრული შვილმკვდარი მამის გასაჭირით.
ირინა ენუქიძის, რობაქიძის მშობლების, ვაზაგაშვილის გვერდით ყველა ოპოზიციური პარტია იდგა და რატომღაც მაშინ არავის შეუცხადებია ეს და არც არავის გაუპროტესტებია. არავის დაუძრახავს ირინა ენუქიძე იმის გამო, რომ პარტიები იდგნენ მის გვერდით. არადა, რა ჯურის პარტიები აღარ იდგნენ მის გვერდით! რატომღაც, არც ჯაბა იოსელიანის მიერ მეტეხთან ხალხის ჩახოცვაში მხილებული გოგა ხაინდრავას თანადგომა გაუპროტესტებია ვინმეს და არ დაუძრახავს სანდრო გირგვლიანის დედა ამის გამო. ახლა კი ყველა ამუნათებდა ზაზა სარალიძეს ამის გამო _ ტროლებიც ამას წერდნენ უშვერი ფორმებით, ივანიშვილისგან ნაკვები „წითელი ღორებიც“ ამას ღრუტუნებდნენ, _ ვინ დგას მის გვერდითო და ბევრი სხვაც _ ელისაშვილი ღიად იწევდა სარალიძისკენ, ნაცების ტყვეობიდან უნდა დავიხსნაო, იქით დემონსტრაციების „უდრეკი“ „კლასიკოსი“ ბექა წიქარიშვილი უკითხავდა ლექციებს, იქით გვანცა ყუფარაძე და ია მეტრეველი…
ზაზა სარალიძეს აკრიტიკებდნენ, ლანძღავდნენ, თათხავდნენ იმის გამო, რომ „ნაციონალები“ უჭერდნენ მხარს, უყენებდნენ ულტიმატუმს _ თავიდან მოეშორებინა ისინი. თავიდან მოეშორებინა ზვიად კუპრავა, რომელიც პირველი დღეებიდანვე იდგა მის გვერდით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის იყო მიუღებელი. უბინძურესი მეთოდებით ეწეოდნენ კუპარავას დისკრედიტაციას, ფინაჩური ფოტომონტაჟებით „გააზონდერეს“ და რა სიბინძურე აღარ მიაწერეს…
ამიხსენით, სად წერია, ადამიანს, რომელიც ყველასგან შველას ითხოვს, რომ როგორმე სამართალი იპოვოს, ეცე და უკიჟინო, რატომ უჭერს ვიღაც სხვა მხარს და ულტიმატუმები უყენო, თუ იმ მხარდამჭერს არ მოიშორებს, არ დაუჭერ მხარს? მეტიც, ეჯიკავო, გინდა თუ არა, ის მოიშორე და მე დაგიჭერ მხარსო? ვითომ მის მხარდასაჭერად აქცია მოაწყო, როცა მოვა ნოტაციები უკითხო და შეურაცხყოფაზეც გადახვიდე? რობაქიძის მშობლები თან იმას გაიძახიან, კიდევ ვერ ვიპოვეთ სამართალიო და თან სარალიძეს აძლევენ გარანტიას, რომ დათუნას მკვლელები დაისჯებიან, თუკი „ნაცებს“ ჩამოშორდება…
ზაზა სარალიძის შვილის მკვლელებს ქოცხელისუფლება აფარებს ხელს, არ სჯის და ისინი, ვინც პროფესიად იქცია „ნაცების“ მტრობა, სარალიძეს სთხოვენ, „ოცნება“ კი არ აკრიტიკოს, დადგეს და „ნაციონალური“ მოძრაობა ლანძღოს! თანადგომას კი არ სთავაზობენ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, აქეთ მისგან ითხოვენ, რომ მათი ამფსონი გახდეს „ნაცების“ წინააღმდეგ ომში!
რეალურად კი ხელისუფლებისგან ორკესტრირებული მთელი ამ ისტერიის მიზანი ერთია _ აიძულონ ზაზა სარალიძე, გაემიჯნოს პოლიტიკურ ძალებს, რომ სარალიძე კვლავ მარტო დარჩეს მათ წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში.
ამ ისტერიის მიზანი იყო და არის, სურვილი გაუქრონ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს ამ აქციებში მონაწილეობისა, იმ ჯგუფებს, ვისაც არ სურს რომელიმე პარტიასთან აფელირება. ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, მათ შორის ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში.
როლები გაყოფილი იყო, ნაწილი „ნაცების“ მხარდაჭერის გამო ღიად და უშვერი პირით ლანძღავდა, მეორე ნაწილი უკიჟინებდა, „ნაცები მოიშორეთ და თქვენთან ვართო“… არადა, ეს ვითომ „გულშემატკივრები“ არანაირი ზაზა სარალიძის გულშემატკივრები არ იყვნენ და არ არიან. არც ერთი „ნაცი“ რომ არ გაკარებოდა სარალიძეს, მაინც არ მივიდოდნენ და არ დაუდგებოდნენ გვერდით! სარალიძემ მთელ საზოგადოებას სთხოვა მხარდაჭერა, რატომ ვერ დაასწრეს „ნაცებს“ ან საერთოდ ოპოზიციას? რას ელოდებოდნენ? სუსის დირექტივას?
რატომ შეშფოთდნენ ასე? რა აღელვებთ? ის ხომ არა, ამ საპროტესტო ტალღით რომ წყალი შეუდგა იმ ხელისუფლებას, რომელიც მათ აწყობთ და სწორედ ამან გააცოფა, გააგიჟა და ისტერიკაში ჩაყარა ამდენი ერთად?
ფაქტია, თუ ადამიანს ადამიანზე გული შესტკივა და ადამიანის თანადგომა უნდა, იმას არ უყურებს, სხვა ვინ თანაუგრძნობს მას! ფაქტია, მათ ზაზა სარალიძის მხარდამჭეტ აქციაზე მისვლა არ უნდოდათ და არც ერთი „ნაცი“ მიკროფონთან რომ არ ჭაჭანებდა, მაშინაც არ მიდიოდნენ და „ნაცებს“ აბრალებდნენ ამას. მართლაც გაუგებარია, რა იყო მათი ამოცანა, სარალიძეს ხელისუფლება კი არა, მათსავით „ნაცები“ ელანძღა? თავისი შვილის მკვლელების მფარველებს კი არ ებრძოლოს, მათ ფხანოს გული „ნაცების“ ლანძღვით?
ხომ სრულიად ნათელია და გასაგებიცაა, რა იყო მათი ამოცანა და მათზე დაკისრებული დავალება? – სარალიძე გამიჯვნოდა „ნაცებს“, საერთოდ ოპოზიციას და მერე თვითონაც დათესილიყვნენ და მარტო შეეტოვებინათ ეს კაცი ამ უტიფარი ხელისუფლებისთვის.
ამ ისტერიამ ცხადყო: გვყავს ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლება და ასევე ყველეფერზე წამსვლელი, თუმანს დახარბებული კიკუების მრავალათასიანი არმია, რომელიც მზადაა, წარბშეუხრელად მოკლას და გაანადგუროს შვილმოკლული მშობელი.
და რაც მთავარია: ზაზა სარალიძის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ზედმიწევნით გამოავლინა _ ვის უნდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მარიონეტი ხელიუფლების ამ ქვეყნიდან გადაშენება და ვის აწყობს დღევანდელი ხელისუფლება და არანაირად არ აწყობს არსებული სიტუაციის შეცვლა. დიახ, სწორედ ზაზა სარალიძემ საბოლოოდ დაასრულა შუაშისტობა, აშკარა გახადა, რომ არანაირი შუაშიზმი არ არსებობს და არანაირი შუაშისტი არ არსებობს. საკითხი დგას მარტივად: ან გინდა ბიძინას მოშორება, ან _ არა. უბრალოდ, ზოგს, ვისაც არ უნდა ბიძინას მოშორება, არ რცხვენია ამის აღიარების და ურცხვი ქოცია! ეამაყება ბიძინა და არ უნდა, ეს ქვეყანა მის გარეშე. ვიღაცებს კი, ვისაც აწყობს ბიძინა და არ უნდა მისი მოშორება, უბრალოდ, რცხვენია ამის აღიარება და არიან, ასე ვთქვათ, „მორცხვი ქოცები“. „მორცხვი ქოცები“, რომელთაც, უბრალოდ, უტყდებათ ბიძინა და რცხვენიათ იმის აღიარება, რომ არ უნდათ მისი მოშორება.
ამ ამბებამდე ზოგისთვის რომ გეთქვა, ქოცი ხარო, კალაძე როა ჯეელობისდროინდელ რეკლამებში, ისე გაიხდიდა, _ რას ლაპარაკობო?! რომ გეკითხა, არც ქოცი იყო და არც ეს მთავრობა მოსწონდა! პირიქით, ხშირად ნაცზედ უფრო სწყევლიდა და კრულავდა, ქირქილებდა და დასცინოდა ენძელებსა და გუგულებს…
საქმე საქმეზე მიდგა და რა გაირკვა? თურმე, ობერქოცზე უფრო ქოცი ყოფილა _ გამოვარდა შეშფოთებული, _ გენპროკურორი ხო გადადგა, მთავრობა რა შუაშია, რატომ უნდა გადადგეს, მით უმეტეს, რა ვადამდელი არჩევნებიო, ეგ საერთოდ რა შუაშიაო?
როგორც გაირკვა, ძალიანაც მოსწონთ და ძალიანაც აწყობთ ეს ქაოსი, რომელიც მოიტანა „ოცნებამ“. როგორც გაირკვა, ჰყვარებიათ და არ ეთმობათ ბიძინა და მისი პოლიტიკური ჰარამხანა _ გუგულა ძალო და ენძელა, წულუკიანი და ვოლსკი, „სპიკერი“ და „პრემიერი“, მთელი ეს შანტრაბა. თურმე მოსწონთ და აწყობთ ეს ყველაფერი და, უბრალოდ, გულს გარეთ ღლიცინებდნენ…
და ასევე გულს გარეთ იყვნენ შეძრული სარალიძის მდგომარეობით და სოლიდარობასაც სთავაზობდნენ. რაში მდგომარეობდა მათი სოლიდარობა? როგორც გაირკვა, იმაში კი არა, რომ ეს კაცი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა, უბრალოდ, იმაში, რომ შვილი მოუკლეს…
არადა, ზაზა სარალიძე ქუჩაში უსამართლობამ გამოიყვანა და არა შვილის სიკვდილმა!!! საზოგადოებასაც მაშინ სთხოვა თანადგომა, როცა სამართალი ვერ იპოვა და არა მაშინ, როცა შვილი მოუკლეს! დათუნა 6 თვის წინ მოკლეს და ვისაც მხოლოდ მისამძიმრება სურდა და არა უსამართლობისა და განუკითხაობის გაპროტესტება, მაშინ უნდა მისულიყო პანაშვიდებზე! ახლა რა მოხდა? ძალიან ბევრი სწორედ ამ ფორმატს ამოეფარა! მათი სოლიდარობა პანაშვიდური ფორმატის იყო და ამიტომაც გაჰკიოდნენ, _ პოლიტიკის გარეშეო. პანაშვიდს არ სჭირდება პოლიტიკა და პანაშვიდი არ წარმოშობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. ეს სამართლიანობისთვის ბრძოლა იწვევს ამგვარ მოთხოვნებს, თანაც უპირობოდ!
რამ წარმოშვა ამ პროცესში პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენების აუცილებლობა?
საქმე გაყალბდა. მოსპეს მტკიცებულებები. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები მფარველობდნენ მკვლელებს და ფაქტია, რომ ცოცხალი თავით დღემდე არ თმობენ იმ რამდენიმე მკვლელ მოზარდს! ფაქტია, რომ ხელისუფლება ამხელა პროტესტის მიუხედავად ამხელა რისკზე მიდის და არ თმობს მათ. ფაქტია, რომ მხოლოდ შოთაძე და მისი ხელქვეითი პროკურორები ამას ვერ იზამდნენ და ეს რომ ასე ყოფილიყო, აქამდე ყველას გაწირავდნენ და თავებს დააყრევინებდნენ, მაგრამ არც მათ ეხება ვინმე, არც მირზა სუბელიანს და ცხადი ხდება, რომ ამ საქმის გაყალბებაში გარეულია ყველა! და უკვე დღესავით ნათელია, რომ ეს არანაირად არ მოხდებოდა ივანიშვილის თანხმობის გარეშე და, უკაცრავად, როგორღა გამოიძიებს ეს ხელისუფლება ამ საქმეს? თვითონაა ეს ხელისუფლება ამ დანაშაულის _ საქმის გაყალბების, მკვლელობის დაფარვის აქტიური თანამონაწილე და საკუთარ თავს დაიჭერს? ივანიშვილს გამოიყვანენ ბორკილდადებულს შუშის სასახლიდან?
ამ ვითარებაში რა აზრი აქვს გენპროკურორის გადადგომას? ვის რა ობოლ პინგვინად უნდა შოთაძე ან რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაანაცვლებს მას ამ დანაშაულებრივ სისტემაში, როცა საერთოდ სისტემაა შესაცვლელი?
შექმნილ სიტუაციაში არათუ გენპროკურორის გადადგომას, მთავრობის გადადგომასაც კი არ აქვს აზრი და არ ცვლის სიტუაციას! ივანიშვილი ამათ გაუშვებს და ახლა თავის „საპოჟნიკს“ ან „პედიკურშას“ დაგვისვამს პრემიერად! ამიტომაა შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი _ ვადამდელი არჩევნები. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ამ ხელისუფლებისა და შესაბამისად, ამ საზარელი სიტუაციის შეცვლა _ წაართვა საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის აბუჩად აგდების შესაძლებლობა ოლიგარქს.
ამ აუცილებლობამ შვა ეს მოთხოვნები და ამ შუაშია „მთავრობის გადადგომა და საერთოდ ხელისუფლების შეცვლა“, როცა „გულუბრყვილოდ“ კითხულობენ: „მთავრობა რა შუაშია?“
ვადამდელი არჩევნების გარდა ამ სიტუაციაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, თან „ნაპორით“.
სწორედ ეს ვადამდელი არჩევნები არ უნდათ და საფრთხობელად რევოლუციასა და „ნაცების“ დაბრუნებას იყენებენ, ხალხს აბოლებენ, რომ ამ აქციებში მონაწილეობით ისინი უპირობოდ ნაცების მხარეს დგებიან, მათ მოწყობილ რევოლუციაში მონაწილეობენ და მათი დაბრუნებისთვის იბრძვიან. არადა, თავადაც გადასარევად იციან, რომ „ნაცები“ ვერც ასე მობრუნდებიან ხელისუფლებაში და ვერც ვადამდელი არჩევნების შემდეგ მოვლენ უმრავლესობაში. ვადამდელი არჩევნები შეცვლის ბალანსს და „ქართულ ოცნებას“ დააკარგვინებს უმრავლესობას. ამ აქციებში მონაწილეობა რანაირად ნიშნავს „ნაცების“ უპირობო მხარდაჭერას, როდესაც იმ ვადამდელ არჩევნებში ადამიანი მივა და იმას მისცემს ხმას, ვინც მისთვის მიასაღებია _ „ნაცმოძრაობა“ იქნება ეს, ლეიბორისტული პარტია თუ დემოკრატიული მოძრაობა.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის ბრძოლა, მისმა განწირულმა სულისკვეთებამ უკვე შეცვალა ამ საზოგადოებაში ბევრი რამ!
მისმა შემართებამ ბრძოლისკენ უბიძგა არაერთ ადამიანს!
მისმა ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ ხელისუფლების რეალური სახე!
მისმა ბრძოლამ მოახდინა მთელი საზოგადოების ლუსტრაცია!
მისმა ბრძოლამ დაძრა პროცესები, რაც ვეღარანაირად ჩაივლის უკვალოდ.

რეზო შატაკიშვილი