მაისი ჩვენი მღელვარებისა და შეხვედრის უცვლელი ადგილი _ რუსთაველის გამზირი

საოცრად რთული და მებრძოლი კვირა, რომელმაც ქართული საზოგადოება მოიცვა, ჯერ, რასაკვირველია, არ დასრულებულა! ზოგი ამბობს, რომ ის 31 მაისს დაიწყო, მაგრამ, რეალურად, ყველაფერი 6 დღის კი არა, 6 თვის წინ დაიწყო, როდესაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს!

მთელი 6 თვის მანძილზე სამართალს ეძებდნენ და თან ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, აშინებდნენ მოწმეებს, საბოლოო ჯამში, მივიღეთ პარადოქსული შედეგი _ გარდაცვლილი დავით სარალიძე არავის მოუკლავს!
ამ გადაწყვეტილებით და უსამართლობით შეძრწუნებულმა მამამ უკვე მთელ საქართველოს მიმართა თხოვნით:
„მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს!“
მისი განცხადებიდან რამდენიმე საათში „ქუდზე კაცი“ გამოცხადდა და უკვე მთავარი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო ხალხით! მოდიოდნენ ახალგაზრდები და მშობლები შვილებთან ერთად, მოდიოდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა მედია!
19:00 საათზე დაანონსებული შეკრება ცოტა ხანში აქციად იქცა და ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ გზები სრულიად გადაიკეტა!
პროკურატურასთან შეკრების დროს ზაზა სარალიძეს გვერდით ედგა მთელი საქართველო პირველი ლედის ჩათვლით, რომელმაც მოსვლისთანავე საუბარი დაიწყო სიტყვებით: „მე აქ მოვედი, როგორც დედა!“
აქაური შეხვედრა მართლაც შოთაძის გადადგომით დაგვირგვინდა, რასაც იქ შეკრებილი საზოგადოების ერთობლივი ყიჟინა, ტაშის და სიხარული მოყვა. შოთაძის გადადგომიდან რამდენიმე წუთში აქციამ პარლამენტის შენობისკენ აიღო გეზი! პარლამენტისკენ დაიძრა ზღვა ხალხი, რომელსაც ახალგაზრდობა უძღვებოდა წინ!
საღამოს უკვე პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების რიცხვი ათი ათასს მაინც აღწევდა და ცალსახად იგრძნობოდა ის მუხტი, რასაც ერთად დგომა და საერთო ძალებით ბრძოლა ჰქვია!
პარლამენტის კიბეებთან სცენა მოეწყო, სადაც ყველა მსურველს შეეძლო სიტყვით გამოსვლა და საზოგადოებისთვის მიმართვა!
აქციაზე #ნუმომკლავ ითხოვდნენ ყველა იმ პირის დასჯას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდა. რაც უფრო ღამდებოდა, ხალხის რაოდენობა მატულობდა! აქ იდგნენ შვილმკვდარი დედები, მამები, ახლობლებდაკარგულები, აქ იდგნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსამართლობას აპროტესტებდნენ.
იდგნენ ფერადები და იდგნენ უკვე ნახევრად სიცოცხლე წართმეულები; იდგნენ ახალგაზრდა მშობლები, რომელთაც თავიანთი მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ წამოყვანილი, განსაკუთრებით პატარები კი მამებს კისერზე შემოესვათ და ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით #ნუმომკლავ!

ზაზა სარალიძემ შეკრებილებს მიმართა:
„აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს, _ არა პარტიულობას. ეს პირადად ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის. გთხოვთ, ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ. ძალიან გთხოვთ. ჩვენს რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიები, მე მათ ვუყურებ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მე არ ვიცი, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. ძალიან მიმძიმს ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ მე დღეს იძულებული გამხადა სისტემამ და სისტემის მფარველებმა“.
მისი თქმით, მას და ყველა შვილმოკლულ მშობელს დღეს კიდევ ერთხელ ჩააფურთხეს სულში, რადგან სისტემის მფარველებმა მასთან მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ადამიანი გამოუგზავნეს.
როცა ნახა, რა ხდებოდა აქციაზე, საქმეში აქტიურად ჩაერთო სუსი!
მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა დამნაშავეების დასჯის გარდა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მთავრობის გადადგომა იყო, სუსის “შვილები” განსაკუთრებით გააქტიურდნენ და როგორც კი ხალხის მხრიდან ძალა დაინახეს, გადაწყვიტეს, მას როგორც ცოცხალი ძალით, ისე სოციალური ქსელებითაც შებრძოლებოდნენ.
უკვე დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ზაზა სარალიძესთან და ხალხთან შესახვედრად პრემიერი მივიდა, თუმცა კვირიკაშვილმა ხალისთვის მიმართვა ვეღარ შეძლო, რადგან მას ბოთლები დაუშინეს და გაისმა შეძახილები: წადი!!!
უკვე საღამოს კი დაანონსდა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დაუსრულებელ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნებოდა.
აქციას შეუერთდა არაერთი სამოქალაქო აქტივისტი! უკვე შუაღამით დემონსტრაცია მომდევნო დღეს შეკრების პირობით დროებით დაიშალა!
დღე #2 _ პირველი ივნისი _ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. აქცია პარლამენტთან.
კიდევ ერთი პარადოქსი _ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 14 წლის მოზარდის მკვლელობის გამო იდგა საზოგადოება ქუჩაში! ბავშვებს ეჭირათ ბანერები და ბავშვები იდგნენ თავიანთ მამებთან და დედებთან ერთად აქციაზე. #ნუმომკლავ აერთიანებდა უამრავს!
16:00 საათამდე, სანამ აქცია განახლდებოდა, პარლამენტის წინ განლაგებულ კარვებში მყოფ ზაზა სარალიძესთან დილის საათებში საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
აქცია 16:00 საათზე განახლდა.
პარალელურად, აქცია იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში.
ერთად დგომის მუხტი და ძალა ყველას უცვლელად აერთიანებდა და უკან კვლავ არავინ იხევდა! ეს მუხტი განსაკუთრებით გაძლიერდა მაშინ, როდესაც აქციას პანკისის ხეობიდან სპეციალურად ჩამოსული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შემოუერთდა! მან ხალხს ერთობისა და არდაშლისკენ მოუწოდა!
მიუხედავად იმისა, რომ ამინდი დროდადრო უარესდებოდა, აქციაზე საწვიმრებითა და ქოლგებით „შეიარაღებული“ ადამიანები ზურგს უმაგრებდნენ ერთმანეთს და ყველა ერთად _ ზაზა სარალიძეს, ზაზასთან ერთად კი სისტემის მსხვერპლ ყველა ბავშვსა და შვილმოკლულ მშობელს.
აქცია ამ დღესაც გვიან დასრულდა და მომდევნო დღეს შეხვედრის პირობით დაიშალა.
უკვე 2 ივნისს 18:00 საათზე კვლავ განახლდა საპროტესტო მუხტი.
ემოციური იყო ახალგაზრდების გამოსვლა! არანაკლებ რთულად საყურებელი გახლდათ 7 წლის ქუთაისელი ბიჭის ვიდეო, სადაც ის აქციაზე იდგა და ცხარე ცრემლების ფონზე კითხულობდა:
”ეს არის დღეს საქართველო?! ეს არის დემოკრატია?!”
რიგითი ადამიანების გამოსვლამ გულგრილი არ დატოვა არავინ და ეს მხოლოდ ერთი რამის გამო, მათ მართლა სტკიოდათ დღევანდელი საქართველო! მათ სტკიოდათ უსამართლობა!
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქმეში აქტიურად ჩაერთო სუსი!
საინტერესო იყო ისიც, რომ დაიგეგმა კონტრაქცია მმკ-სა და ქართული მარშის მხრიდან, რომელთა მცდელობაც იმასთან დაკავშირებით, რომ აქცია ჩაეშალათ, კრახით დასრულდა!!!
უკვე 2 ივნისს გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაში პოლიტიკოსებიც ერთვებიან.
3 ივნისს დღის 15:00 საათზე საპროტესტო მუხტმა ვაკის პარკში გადაინაცვლა, თუმცა აქ მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც თითქოს პოლიტიკას ემიჯნებოდნენ და ისე აპროტესტებდნენ უსამართლობას. საქმე კი ის გახლდათ, რომ მათ რიგებში აუცილებლად დაინახავდით მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და სუსის თანამშრომლებსაც კი. მიუხედავად ამისა, ზაზა სარალიძე მაინც მივიდა მათთან, მადლობა გადაუხადა იქ შეკრებილებს სოლიდარობისთვის, სიტყვითაც მიმართა და თქვა, რომ ის ყველა აქციაზე მივა, რომელიც სამართლიანობის აღგდენისთვის იბრძვის:
„ჩემი შვილის მეგობრები სადაც იქნებიან, იქ მივალ მეც“, _ თქვა სარალიძემ.
ამავე აქციაზე მისული იყო საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. სწორედ მასთან ერთად დატოვა სარალიძემ ვაკის პარკის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს სახალხო დამცველს და არა მარტო მას _ ლაშა ამირეჯიბმა ხელიც კი ჰკრა ზაზა სარალიძეს…
საბოლოოდ, ზაზა სარალიძე ვაკის პარკიდან სახლში წავიდა, იქიდან კი რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა.
4 ივნისს მოვლენები უკვე კანცელარიასთან განვითარდა. ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ოჯახის ადვოკატი და სახალხო დამცველი, შს მინისტრის თანდასწრებით, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს 10 ივნისამდე აქვს ვადა, დასაჯოს დამნაშავეები. იგივე განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმაც, ოღონდ ვადის დაკონკრეტების გარეშე _ მისი თქმით, პრემიერმა მოუსმინა და დაჰპირდა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა.
წამმზომი ჩართულია, ხოლო ოპოზიცია 10 ივნისს, პრემიერთან ორშაბათის შეხვედრის შედეგის მიუხედავად, მასშტაბურ აქციას მაინც აანონსებს…

ნინო ტაბაღუა