არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ის სფეროა, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და გააზრებული პოლიტიკა ვაწარმოოთ. უმნიშვნელოვანესია არასრუწლოვნებთან (14-18 წლამდე) სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა პირების კონტაქტი, მიდგომის ხერხები და თავისებურებები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ აქტიურად მუშაობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. მათვე ჩაატარეს კვლევა „არასრუწლოვან ბრალდებულთა უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“ (2017წ.), _ გამოვლინდა ის ძირითადი მიგნებები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია სისტემის გამართულად მუშაობისთვის.
სამწუხაროა, რომ ასეთი აქტუალური თემის გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე ნაკლებად მუშაობენ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში და ხშირად ადამიანებს ინფორმაციაც არ გააჩნიათ განრიდების თუ მედიაციის მნიშვნელობაზე, არ იციან, სად და რომელ ასპექტში დაირღვა არასრულწლოვნის უფლებები კონკრეტულ უწყებასთან კონტაქტისას, იკვეთება მთელი რიგი ხარვეზებისა, რომელსაც ერთობლივი მუშაობა სჭირდება, თუმცა, აქვე, სასიხარულოა, რომ სახელმწიფომ ცოტა ხნის წინათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდესი მიიღო.

„ქრონიკა+“ ესაუბრება ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ თავმჯდომარის მოადგილეს _ ნატალია ცაგარელს:
_ რა მდგომარეობა გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით და რა ეტაპზე ვართ ახლა?
_ დავიწყებ იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც ამ კუთხით გადაიდგა, იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, სრულად ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მოხდებოდა ამ კოდექსის იმპლემენტაცია. ჩვენმა ორგანიზაციამ („ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით თვისებრივი კვლევა ჩაატარა „არასრუწლოვან ბრალდებულთა უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“. ამ კვლევის გარდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით თბილისსა და რეგიონებში მულტიუწყებრივი შეხვედრებიც გაიმართა, რომელიც, ფაქტობრივად, იგივე საკითხებს ეხებოდა. ჩვენც და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ორგანიზებულმა მულტიუწყებრივმა ჯგუფებმაც, მცირე განსხვავებების გარდა, ძირითადად, მსგავსი პრობლემები დავაიდენტიფიცირეთ. რამდენიმე ძირითად მიგნებას შევეხები:
I _ სამართალდამცველ ორგანოთა პირველი კონტაქტის ეტაპი.
როცა ადვოკატები გამოვკითხეთ, ისინი ძალიან ხშიარდ ახსენებდნენ, რომ ბავშვის დაკავება ოფიციალურად გვიან ფორმდებოდა და მანამდე იყო რაღაც არაფორმალური კომუნიკაციები: სამართალდამცველებს ბავშვები მანქანით დაჰყავდათ და ესაუბრებოდნენ, გვიან რთავდნენ საპროცესო წარმომადგენელს ან მშობელს, ადვოკატს და ა. შ. ასევე, საუბარი იყო შემთხვევებზე, როდესაც თავდაპირველად ბავშვებს მოწმედ იბარებდნენ, როდესაც ისინი სავალდებულო დაცვის უფლებით ვერ სარგებლობდნენ (მოწმეს მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში აქვს უფასო იურიდიული დახმარების მიღების უფლება), ბავშვები სამართალდამცველებს დაცვის გარეშე ისეთ ინფორმაციას აძლევდნენ, რომ შემდეგ სტატუსი ეცვლებოდათ და ბრალდებულები ხდებოდნენ, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ არასრულწლოვან მოწმეს (როცა პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეულია 14-დან 18 წლამდე) ჰქონოდა სავალდებულო დაცვის უფლება, რაც იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეიტანა კოდექსში ცვლილებების კანონპროექტში, რომელიც, როგორც ვიცი, უკვე პარლამენტში გაიგზავნა და, ამასთან ერთად, სხვა ცვლილებებსაც გულისხმობს. თავდაპირველ ეტაპზე საუბარია მოწმის სავალდებულო დაცვის უფლებაზე სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ თავებთან მიმართებით, თუმცა ეს უკვე დადებითი ნაბიჯია.
II. მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესებში ფსიქოლოგის ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხი.
რატომღაც, კოდექსში კარგად არ იყო ჩამოყალიბებული, თუ რა როლი აქვს ფსიქოლოგს (სამწუხაროდ, არ არსებობს იმ ფსიქოლოგების ერთიანი ბაზა, რომლებიც შეიძლება მოიწვიონ საჭიროების შემთხვევაში). ეს პრაქტიკაში ძალიან ბევრ ხარვეზს იწვევდა. მაგალითად, ძირითადად, იკვეთებოდა შემთხვევები, როცა ბავშვთან ურთიერთობაში მონაწილეობდნენ შსს-ს სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგები, რითაც, ცხადია, გარკვეული უხერხულობაც იქმნებოდა (ერთი და იგივე უწყების წარმომადგენლები იყვნენ ფსიქოლოგიც და გამომძიებელიც). სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ფსიქოლოგების ერთიანი ბაზა და რასაკვირველია, ამ პროცესში ჩართული ადამიანები უნდა ფლობდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების ელემენტარულ ცოდნას. პროცესის სხვა მონაწილეებსაც ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ იმაზე, თუ რას უნდა მოელოდნენ ფიქოლოგისგან (და არა ისე, როგორც ადრე იყო: სამართალდამცველები ფსიქოლოგს ეკითხებოდნენ, _ აბა, ბავშვმა მართალი მითხრა, თუ მომატყუა?). ეს უკანასკნელი იქ იმისთვის არის, რომ ბავშვს დაეხმაროს, რათა მასზე მეორადი ვიქტიმიზაცია, ან ფსიქოლოგიურ ზეწოლა არ განხორციელდეს.
III. კვლევამ, ასევე, ცხადყო, რომ იყო შემთხვევები, როდესაც განრიდების პროცედურას ბავშვს პოლიცია სთავაზობდა, არადა, ეს მათ უფლებამოსილებაში არ შედის. მას კანონმდებლობით პროკურატურა სთავაზობს ბავშვს, მაგრამ პოლიციელები ეუბნებოდნენ: „აღიარე და განგარიდებ, ციხეში არ მოხვდები“, _ მიზანი იყო ის, რომ დანაშაული გაეხსნათ.
IV. მართლმსაჯულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს საპროცესო წარმომადგენლობას, რასაც ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სოციალური მუშაკი ან იურისტი. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც გამოიკვეთა, ეს ხალხი არ იყო მზად ამ პროცესში ჩასართავად, რადგან კარგად არ ესმოდა, რა ფუნქციები აქვთ საპროცესო წარმომადგენლებს, რაც ხშირად იწვევდა ბავშვის უფლებების დარღვევას _ ვერ აიდენტიფიცირებდნენ ან თუ აიდენტიფიცირებდნენ, შესაბამისი რეაგირება არ ხორციელდებოდა.
_ როგორ დაუკავშირდით იუსტიციის სამინისტროს ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
_ იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო, სადაც, ფაქტობრივად, ყველა ის მხარეა წარმოდგენილი, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესშია ჩართული, ამიტომ, როცა ჩვენ და გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევისა და მულტიუწყებრივი ჯგუფების შეკრების შდეგები შევაჯერეთ, შემდეგ მისი ადვოკატირება ერთობლივად დავიწყეთ, ჩვენი მოსაზრებები საბჭოზე გავიტანეთ. აღნიშნულ საკითხებზე ყველა უწყებამ საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. საბოლოო ჯამში, შევთანხმდით ყველაზე მისაღებზე, რაც, ამავდროულად, ბავშვის საუკეთესო ინტერესს პასუხობდა. ამ ყველაფერს უკვე პროექტის სახე მიეცა და პარლამენტშიც მიდის. თუ მიიღეს, ძალიან კარგი იქნება, _ ამ უწყებების საქმიანობებს გაამარტივებს და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
_ უშუალოდ სკოლიდან წამოსული კრიმინალური შემთხვევები თუ ყოფილა თქვენი კვლევის საგანი?
_ ეს საკითხი ცალკე არ გვიკვლევია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საკმაოდ ტრაგიკული ფაქტებიც კი ხდება სკოლასთან მიმართებით. წლების მანძილზე სახელმწიფო ძალიან აქტიური იყო მართლმსაჯულების რეფორმების კუთხით და ვთქვით, რომ რაღაც დიდი პროდუქტიც შეიქმნა კოდექსის სახით, რასაც ვერ ვიტყვით პრევენციის მიმართულებაზე. მთელი ეს წლები ამას დიდი ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ უკვე სკოლის ამ ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ, როცა ბოლომდე უსაფრთხო ადგილად სკოლაც კი არ აღიქმებოდა, იმაზე მსჯელობა დაიწყეს, თუ რა უნდა გაკეთდეს, თუმცა ეს წამოწყებები, ხშირად, არ ემყარება კვლევებსა და მტკიცებულებებს, უფრო სპონტანური რეაქციაა. ხოლო იმისთვის, რომ ძირეული რეფორმა გატარდეს, საჭიროა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რაც, საერთოდ, ამ ქვეყანაში პრობლემურია, არც ერთ სფეროში არ აანალიზებენ მუდმივად. ფრაგმენტული კვლევებია, რომელიც, საერთო ჯამში, ერთიან სურათს ვერ ქმნის და სისტემურადაც არ არის აწყობილი შეფასება-დაგეგმვის ეს ციკლი.
როდესაც ბავშვის პრობლემებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითავისოთ, რომ ბავშვი, ძირითადად, არის სამ გარემოში: ოჯახში, სკოლასა და სოციუმში/საზოგადოებაში/თემში. ყველაფერ იმის მიზეზი, რაც კანონთან კონფლიქტამდე მიდის, ამ სამ სფეროში უნდა ვეძებოთ, ამიტომ ბავშვთა კეთილდღეობის სფერო თუ არ გაძლიერდება, პრევენციაზე საუბარი გაგვიჭირდება. აქედან გამომდინარე, ხანგრძლივ პერსპექტივაში ბევრად იაფი ჯდება (ხარჯთეფექტიანი) პრევენცია და შედეგების კუთხითაც მეტად ეფექტიანია და შესაძლოა, საერთოდაც აღარ მივიდეთ ტრაგიკულ შედეგებამდე. ვფიქრობ, რომ სკოლის, ოჯახის დონეზეც მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირება. ხშირად, როცა ბავშვი კანონთან კონფლიქტშია, მიზეზი არის ხოლმე ოჯახის მხრიდან მისი უგულებელყოფა, ზოგჯერ ის ძალადობის მსხვერპლია, თუმცა საქართველოში ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევა არ გვაქვს და, ძირითადად, ჰიპოთეზებით ვსაუბრობთ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ სოციალური მუშაკების გაძლიერებაც, რომლებიც ოჯახებთან უნდა მუშაობდნენ და ამ პრობლემებს აიდენტიფიცირებდნენ; მნიშვნელოვანია, ასევე, ერთიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის არსებობა. პრევენციული ღონისძიებების გატარება არ არის ერთი რომელიმე უწყების პასუხისმგებლობა, ეს ითხოვს მულტიუწყებრივ მიდგომას და თანამშრომლობას. აქ ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო, შსს, ჯანდაცვის, იუსტიციის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება და აუცილებლად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული და რეკრეაციული აქტივობების როლი, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების ენერგია სწორი მიმართულებით წარიმართოს. როგორც აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, რაც, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად გაუაზრებელი აქვთ ამ უწყებებს, არ არიან აქტიურად ჩართულნი პროცესში, სამუშაო ძალიან ბევრია.
_ ზემოთაც ვახსენეთ სიტყვა განრიდება. რამდენადაც ვიცი, არსებობს განრიდება მედიაციის თანხლებითაც და მის გარეშეც. უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, აგვიხსენით, რას გულისხმობს ეს ცნება და რა მნიშვნელობა აქვს მას ბავშვისთვის?
_ თავდაპირველად ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესი და კარგია, რომ განრიდების შესაძლებლობა არსებობს. ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ამავდროულად, ბავშვი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება და არც ნასამართლეობა რჩება. განრიდება შეიძლება მოხდეს როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, ისე მის დაწყებამდეც, მის შეთავაზებას კი პროკურორი ახორციელებს (თუმცა სასამართლოც არის უფლებამოსილი, პროკურორს საქმე დაუბრუნოს განრიდებისთვის). არის რამდენიმე გარემოება, რაც განრიდების შესათავაზებლად უნდა იკვეთებოდეს, ესენი შემდეგია: უნდა არსებობდეს მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არასრუწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, არ უნდა იყოს ნასამართლევი, უნდა აღიარებდეს დანაშაულს, არ უნდა არსებობდეს დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი დევნის მიმართ და ა. შ. თუ ბავშვიც და მისი კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენელიც თანახმაა, განრიდების ხელშეკრულება ფორმდება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ვადით გარკვეული ვალდებულებების დაკისრებას ბავშვებისთვის; არის მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებაც, მაგრამ პრაქტიკაში იგი ნაკლებად გამოიყენება, ძირითადად ორი თვიდან ერთ წლამდე ხელშეკრულებაა. ამ პერიოდში ბავშვი ჩართულია სხვადასხვა სერვისში, ასრულებს განრიდების ღონისძიებებს.
განრიდების მიზანი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაა, რომ ბავშვმა გააცნობიეროს თავისი დანაშაული და აღარ გაიმეოროს იგი. როგორც პროკურატურამ დაითვალა, დანაშაულის განმეორების მაჩვენებელი 9%-ს არ აღემატება. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში (რომელიც ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას ისახავს მიზნად) უკვე განისაზღვრა, რომ განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი უნდა დაითვალოს განრიდებიდან 2 წლის განმავლობაში. მიუხედავად პროკურატურის მონაცემებისა, გვგონია, რომ განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან ჯერ 2016 წლიდან 2 წელი არ გასულა და, შესაბამისად, 2016-2017 წლების სტატისტიკა ბოლომდე დათვლილი ვერ იქნება. თუმცა 20-25%-მდეც რომ იყოს მაჩვენებელი, მაინც კარგი შედეგია და ნიშნავს, რომ განრიდებამ კარგად იმუშავა, რომ ეს მიდგომა ამართლებს!
რაც შეეხება მედიაციას, განრიდება შიძლება იყოს მედიაციის თანხლებით, ან მის გარეშე. 2016 წელს მედიაციით ჩატარებული განრიდების წილი ნახევარზე მეტი იყო, ვიდრე მის გარეშე. მედიაცია დიალოგის პროცესია, ამ დროს ორივე მხარე ერთად არის წარმოდგენილი, დაზარალებულიც და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანიც. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე დაზარალებულიც უნდა იყოს თანახმა, მედიაცია ისე ვერ შედგება. მედიატორები კი არიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ამ პროცედურას უძღვებიან. როგორც მედიატორები ამბობენ, ხანდახან ჭირს დაზარალებულების მოტივირება, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ისინი ყოველთვის თანახმანი არ არიან, მიზეზი კი სხვადასხვაა. დაზარალებული ხშირად არის როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. მაგალითისთვის, როცა მაღაზიიდან რაიმეს მოპარვაზე ვსაუბრობთ, იურიდიული პირი ზარალდება, თუმცა იმის გამო, რომ ბავშვმა დანაშაული გაიაზროს და უფრო მეტი მგრძნობელობით მოეკიდოს საქმეს, უმჯობესია, მედიაციაზე არა კონკრეტული ფირმის დირექტორი მივიდეს, არამედ ის კონსულტანტი თუ მოლარე, რომლის ხელფასიდანაც ანაზღაურდა ზარალი არასრუწლოვნის მიერ ჩადენილი ქმედების გამო.
_ რა სერვისებში უწევთ ჩართვა ბავშვებს განრიდების შემდეგ?
_ განრიდების კვლევა ცალკე ჩავატარეთ, რომელმაც წვრილმანი პრობლემები და გამოწვევებიც დააიდენტიფიცირა, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა სერვისების ნაკლებობა. სამწუხაროდ, განრიდებული არასრულწლოვნის ყველა საჭიროებაზე მორგებული სერვისი არ გაგვაჩნია. ფაქტობრივად, ამ სერვისებს უნდა მოვარგოთ ბავშვები. რა სერვისებიც არსებობს, საკითხავია, რამდენად ეფექტიანია, თუმცა ეფექტიანობის გაზომვისა და შეფასების ინსტრუმენტზე მუშაობა, რამდენადაც ვიცი, დაწყებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (ევროკავშირის მხარდაჭერით).
_ თუ არ ან ვერ მოხდება ბავშვის განრიდება, ამ შემთხვევაში მას რა ელის?
_ კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, განრიდება უნდა განიხილონ, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მერე უკვე სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება ან გრძელდება, თუმცა პატიმრობა (როგორც აღკვეთის ღონისძიება) და თავისუფლების აღკვეთა (როგორც სასჯელის სახე) არის უკიდურესი ფორმა, რაც შეიძლება გამოიყენონ. ძალიან მიხარია, რომ ცოტა ბავშვია არასრუწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, მათი რიცხვი 20-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრა არ არის მთელი ამ პროცესის სასურველი განვითარება და ვერ ვიტყვი, რომ იქ მოხვედრა ერთადერთი გზაა ბავშვის გამოსწორებისა. იქიდან გამოსვლის შემდეგ რომც აღარ ჰქონდეს კრიმინალური საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეს სტიგმა ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მაინც დაჰყვებათ ბავშვებს. ეს ცალკე თემაა და მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ არსებული განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად დაცული იყოს და არასრუწლოვნის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია უსასრულოდ არ ინახებოდეს. წესით, არასრუწლოვანთა პირადი საქმეები და სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები უნდა განადგურდეს, არაუგვიანეს, 10 წლისა მისი განთავისუფლებიდან, მაგრამ ნამდვილად ასე ხდება თუ არა, ესეც მონიტორინგის საკითხია.
_ რა ვითარებაა ინფორმირებულობის კუთხით რეგიონებში?
_ როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც, პირველ რიგში, თბილისშია ხელმისაწვდომი ინფორმაციაც და სერვისებიც. მერე რეგიონებში, თუმცა უწყებები, მეტ-ნაკლებად, ხაზზე არიან თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლებთან და მათთან კომუნიკაცია არ უჭირთ. არასამთავრობო ორგანიზაციებს რაც შეეხება, ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ რამდენიმე რეგიონი მაინც დავფაროთ, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. უმეტესად არის ხოლმე აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი. რეგიონების უფრო ფართოდ დაფარვის გეგმები ახალი პროექტების ფარგლებში გვაქვს.
_ საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, რა არის კიდევ მთავარი და დამატებითი ასპექტები, რაც აქამდე არ აღგვინიშნავს, თუმცა მნიშვნელოვანია და უნდა განხორციელდეს?
_ ჩვენი საერთო ინტერესი არის ის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით უკეთესი მდგომარეობა იყოს. მნიშვნელოვანია გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ჩვენც ღია ვართ ხოლმე ჩვენი კვლვევების კრიტიკის მიმართ, უკვე უწყებებიც უფრო გახსნილები არიან. მაგალითად, შსს-ს ადამინის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს მომავალ კვლევებში და ახლა მთავარია, ეს ყველაფერი საქმით აისახოს.
აუცილებელია პრევენციული ღონისძიებები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომ ჩვენ ჰიპოთეტურად არ ვისაუბროთ.
ასევე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვენლოვანია კვლევა, თუ რა იწვევს პასუხისმგებლობამიუღწეველ ბავშვებში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს. აქ საჭირო იქნება არა მხოლოდ თვისობრივი, არამედ რაოდენობრივი კვლევის ჩატარებაც, რომ ამ ქმედების გამომწვევი მიზეზები გავიგოთ. ეს ინფორმაცია უწყებებისთვისაც ყურადსაღები იქნება, რადგან თუ დევიაციური ქცევის მიზეზები ეცოდინებათ, სერვისებს მიზანმიმართულად მიმართავენ.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე არასრულწლოვანთა დახურული სასამართლო სხდომების მონიტორინგის შესაძლებლობა რომ არსებობდეს. მოგეხსენებათ, არასრულწოვნების სასამართლო პროცესები დახურულია და გარეშე პირი მას ვერ დაესწრება, ეს ძალიან სწორი მიდგომაა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ასევე აუცილებელი მგონია, რომ მკაცრად განსაზღვრული პირობით, პირთა შეზღუდული წრისთვის (მონიტორებისთვის) შესაძლებელი უნდა იყოს სხდომებზე დასწრება. ეს არ გულისხმობს პროცესის საჯაროობას. მონიტორები უნდა იყვნენ მაღალი პროფესიული და მორალური სტანდარტის ადამიანები, უნდა მოქმედებდნენ ზუსტად გაწერილი პროცედურებისა და ეთიკის ნორმების ფარგლებში. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემოწმდეს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის კუთხით გადამზადებული პირების საქმიანობის ხარისხი და, ამავდროულად, დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. მთავარი ამოცანა იქნება იმ პრობლემის განზოგადება, რასაც დაინახავენ. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია და კანონი ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

ნინო ტაბაღუა