ისტორიის ლაბირინთი

1919 წელს ტფილისში გამოიცა პატარა წიგნი, რომელშიც დიდი ქართველი მეცნიერისა და ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიაა დაბეჭდილი. ეს ნაშრომი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ეხება და 1783 წელს გეორგიევსკში გაფორმებულ ტრაქტატს მიმოიხილავს. მას შინაარსის შესაბამისი სახელიც აქვს: „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVII საუკუნეში“. წიგნი სულ 64 გვერდს მოიცავს, მაგრამ ის იმით არის საინტერესო, რომ ივანე ჯავახიშვილი დეტალურად აღწერს ამ ტრაქტატით გამოწვეულ შედეგებსა და რუსეთის მხრიდან მისი გაფორმების ნამდვილ მიზნებს.

„ქრონიკა+“ შეეცდება, ამ ნაშრომის მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი გაგაცნოთ, რადგან დღევანდელ საინფორმაციო ომში გეორგიევსკის ტრაქტატის თემას რუსეთი საკმაოდ აქტიურად იყენებს. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ისტორიულ მიმართულებას უკავია. პროპაგანდის მეშვეობით, რუსეთი ქართულ საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის საქართველოს მოკავშირე და უანგარო მფარველია, რადგან ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები, კულტურა, ისტორია და ტრადიციები აქვს.
ნებისმიერ ისტორიულ ფაქტს კრემლი მისთვის სასურველ ელფერს აძლევს და ქართულ საზოგადოებას რუსეთის შეუცვლელობის განცდას უქმნის. მათ მიერ დახატული ისტორიის მიხედვით, რუსეთის ძალისხმევის გარეშე საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა: რუსეთმა გადაარჩინა საქართველო გაქრობას, შეუნარჩუნა მართლმადიდებლობა, შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში განათლება და ტექნიკური პროგრესი.
სწორედ ამ კუთხით იყენებს კრემლი გეორგიევსკის ტრაქტატსაც. მის საფუძველზე აგებს რუსული პროპაგანდა მითს, რომ საქართველომ თავად ითხოვა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიჩინა ჩრდილოელმა მეზობელმა კეთილი ნება ერთმორწმუნე ქვეყნის გადასარჩენად.
გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ რუსეთის რიტორიკა 100 წლის წინათაც იგივე იყო, რადგან ჯავახიშვილმა ეს მონოგრაფია რუსეთის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპის დასანგრევად დაწერა. ამის შესახებ იგი მკითხველს წიგნის შესავალ ნაწილშივე ამცნობს: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთშორისი დამოკიდებულებისა და საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ გამოკვლევანი და წერილები წინათაც საკმაოდ მოიპოვებოდა… ამისდა მიუხედავად ამ მონოგრაფიის გამოქვეყნება განსაკუთრებით იმიტომ გადავსწყვიტე, რომ ყველა აქამდის გამოცემულს თხზულებებში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ და საცენზურო პირობების სიმკაცრის წყალობით ავტორებს ისტორიული სამართლის სრული სინამდვილითა და გულახდილობით გამოთქმა არ შეეძლოთ. ეს ნაკლი უნდა შევსებულიყო და ჩემი მონოგრაფიის უმთავრეს მიზანსაც სწორედ ეს შეადგენს. ამის გარდა, ვითარცა ისტორიკოსს, მე იმდროინდელი ამბების ფარული ამამოძრავებელი ძალისა და მისწრაფების სიცხადად გამოაშკარავება მაინტერესებდა“.
მონოგრაფიის დასაწყისში ჯავახიშვილი იმ საფუძვლებს მიმოიხილავს, რომელიც წინ უძღოდა ტრაქტატის გაფორმებას. საქართველო გარეშე მტრებისგან ძლიერ შევიწროებას განიცდიდა და საკუთარი ძალებით ირან-ოსმალეთის შემოტევებს ვერ უმკლავდებოდა. ამის გამო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II აქტიურად ეძებდა ძლიერ მოკავშირეს და ასეთ მოკავშირედ მას ერთმორწმუნე მეზობელი რუსეთი მიაჩნდა.
თავის მხრივ, საქართველოსთან კავშირი აწყობდა რუსეთსაც, რადგან იგი კავკასიაში დამკვიდრებას ცდილობდა და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მას მშვენიერ შესაძლებლობას სთავაზობდა.
საბოლოოდ, ქართლ-კახეთის სამეფომ და რუსეთის იმპერიამ შეთანხმებას მიაღწიეს და 1783 წელს გეორგიევსკში ხელი მოეწერა ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობას ცნობდა. ვინაიდან ივანე ჯავახიშვილი თავის მონოგრაფიაში ტრაქტატს დეტალურად აანალიზებს, ურიგო არ იქნება, ამ შეთანხმების მუხლებს გავეცნოთ:
ტრაქტატი 13 ძირითად და 4 დამატებითი საიდუმლო მუხლს მოიცავდა და ის ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის შემდგომი ურთიერთობის ფორმას განსაზღვრავდა:
I მუხლით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას უარყოფდა, რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას აღუთქვამდა და მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას ცნობდა;
II მუხლით იმპერატორი ეკატერინე II პირობას დებდა, მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისთვის. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს დაცვას კისრულობდა. გარდა ამისა, ეს მფარველობა გავრცელდებოდა იმ ქვეყნებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეუერთდებოდნენ;
III მუხლით ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე რუსეთის იმპერატორს სათანადო სიგელით უნდა დაემტკიცებინა და რუსეთის წარმომადგენლის წინაშე ერთგულების საზეიმოდ ფიცს დებდა;
IV მუხლით ქართლ-კახეთის მეფეს ეზღუდებოდა საგარეო კავშირები. უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის დროს იგი ვალდებულიყო იყო, ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის საიმპერატორო კართან შეეთანხმებინა;
V მუხლით მხარეების დიპლომატიური ურთიერთობა განისაზღვრა. ტრაქტატში აღნიშნული იყო, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე თავისი წარმომადგენელი – რეზიდენტი, იგივე მინისტრი უნდა დაენიშნა. დღევანდელი განმარტებით, ეს ელჩების გაცვლას ნიშნავდა;
VI მუხლით რუსეთის იმპერატორი საქართველოს მეფეს აღუთქვამდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ, ხოლო მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრეები ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ.
გარდა ამისა, ამავე მუხლით განისაზღვრა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ქართლ-კახეთის საშინაო საქმეების მოწყობას ეხებოდა. კერძოდ: ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა და რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა ეკრძალებოდათ;
VII მუხლით ქართლ-კახეთის მეფე პირობას დებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი მზად იყო, რუსეთის იმპერიას დახმარებოდა საკუთარი ჯარით და რუსეთის ქვეშევრდომებს ყოველგვარი შევიწროებისაგან დაიცავდა. მეშვიდე მუხლი კიდევ ერთ გარემოებას განსაზღვრავდა, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად იზღუდებოდა ქართველი მეფის სუვერენიტეტი. იგი ვალდებული იყო, სახელმწიფო მოხელეები რუსეთის მიმართ მათი ლოიალობის გათვალისწინებით შეერჩია;
VIII მუხლი უკვე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ეხებოდა და აქაც მნიშვნელოვანი შეზღუდვა წესდებოდა. მართალია, კათალიკოს-პატრიარქი კვლავ რჩებოდა ქართული ეკლესიის მეთაურად, მაგრამ იგი რუსეთის საეკლესიო იერარქიაში გადადიოდა და მინიჭებული ჰქონდა სრულიად რუსეთის უწმინდესი სინოდის წევრის სტატუსი. ქართველ პატრიარქს რუსეთის სინოდში პოდოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ მერვე ადგილი მიაკუთვნეს;
IX მუხლით ქართველი თავად-აზნაურები პრივილეგიების მიხედვით რუს დიდგვაროვნებს უთანაბრდებოდნენ და იგივე უფლებით სარგებლობდნენ. ტრაქტატით ირკვევა, რომ ერეკლეს ქართველ თავად-აზნაურთა სია რუსეთის იმპერატორისთვის უნდა ეცნობებინა;
X მუხლით ორ ქვეყანას შორის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება განისაზღვრა. ამავე მუხლით, რუსეთის მთავრობა ვალდებულებას იღებდა, თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, მზად იყო, ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან განთავისუფლებულ რუსებს;
XI მუხლით ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი ვაჭრობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თავად რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისთვისაც;
XII მუხლით გამოცხადდა, რომ ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო;
XIII მუხლით სარატიფიკაციო ვადად 6 თვე განისაზღვრა.
გარდა ამისა, ტრაქტატი მოიცავდა ოთხ საიდუმლო მუხლს, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ამ მუხლების მიხედვით, რუსეთი საქართველოში ორ ქვეით ბატალიონს გზავნიდა, რომლის შეიარაღებაშიც 4 ქვემეხი იქნებოდა. ომის შემთხვევაში რუსული სამხედრო ძალა საქართველოში დამატებითი სამხედრო ნაწილებით გაიზრდებოდა. რუსეთის იმპერიის კავკასიის მიმართულების უფროსს უფლება ჰქონდა, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ. რუსული მხარე ქართლ-კახეთის მეფეს მტრების მიერ მიტაცებული ქართული მიწების დასაბრუნებლად ძალას არ დაიშურებდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო სამცხე-საათაბაგოზე და ყარსზე, ასევე _ საინგილოზე.
ტრაქტატის მიხედვით, საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ გეორგიევსკის შეთანხმება არ ნიშნავდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებას. ეს იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს კავშირი, სადაც საქართველო რუსეთთან ვასალურ ურთიერთობას თანხმდებოდა. ორ ქვეყანას შორის მსგავსი ურთიერთობა იმ პერიოდში საკმაოდ გავრცელებული იყო. საქართველოს ასეთი ურთიერთობა, მაგალითად, სპარსეთთან და ოსმალეთთანაც ჰქონდა. ქართველი მეფეები ატარებდნენ მათ საგარეო პოლიტიკას, უხდიდნენ ხარკს, იბრძოდნენ მათი ჯარის შემადგენლობაში, იღებდნენ თანხმობას ტახტის დაკავების დროს და იფიცებდნენ მათ ერთგულებაზე. ანუ გეორგიევსკის ტრაქტატი რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა. განსხვავება ის იყო, სპარსეთთან და ოსმალეთთან ქართველი მეფეები ასეთ ხელშეკრულებას იძულებით დებდნენ, ხოლო რუსეთის შემთხვევაში ეს ნაბიჯი ნებაყოფლობით და საკუთარი სურვილით იყო გადადგმული.
თუმცა დავუბრუნდეთ ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიას.
იმის დასამტკიცებლად, რომ ქათლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ქართული სამეფოს გაუქმებას, ჯავახიშვილს ისტორიული წყარო მოჰყავს და რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებას იმოწმებს: „…დიდმნიშვნელოვანია ის საბუთი, რომელიც 1783 წლის ხელშეკრულების შედგენის დროს ოფიციალურად თვით რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ის ბრძანებით სახელმძღვანელოდ იყო დაწერილი. იქ სრულებით გარკვევით ნათქვამია, თუ რა თვისების ხელშეკრულება უნდა დადებულიყო და რაგვარი უფლებრივი დამოკიდებულება უნდა დამყარებულიყო ამ ხელშეკრულებით რუსეთის მთავრობის სურვილისამებრ საქართველოსა და რუსეთს შორის: მის უდიდებულესობის აზრი იყო „რომ ქართველ მეფეებთან (ე. ი. ერეკლესთან და სოლომონთან) დადებულიყო მოკავშირეობის ხელშეკრულება ისე, რომ ისინი ქვეშევრდომებად კი არა, არამედ სრულიად რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშე მყოფ მოკავშირეებად ყოფილიყვნენ წოდებულნი. არსად მართლაც საქართველოს მეფის და ქართველ მოქალაქეთა შესახებ რუსეთის ქვეშევდომობის ხსენებაც არ არის“.
შემდეგ ჯავახიშვილი ტრაქტატის დადების შედეგად ქართლ-კახეთის საგარეო მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთთან კავშირმა საქართველოს მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა. ამიერკავკასიაში რუსეთის გამოჩენამ ის ადგილობრივი მუსლიმი მმართველებიც კი დააფრთხო, რომლებსაც ქართლ-კახეთის სამეფოსთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონდათ. რუსების შიშით მეფე ერეკლეს უერთგულესი ყმადნაფიცი და მეგობარი, შუშელი ხანიც კი განუდგა.
თავისთავად ცხადია, რომ რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულებამ მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია რეგიონის დომინანტ სახელმწიფოებში. ოსმალეთმა და სპარსეთმა ერეკლეს რუსეთთან კავშირის დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოსთხოვეს, მაგრამ ქართველმა მეფემ ამაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, ოსმალებმა საქართველოს წინააღმდეგ დაღესტანი აამხედრეს და ქართლ-კახეთს მიუქსიეს.
გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით საქართველოში უკვე შემოსული იყო რუსეთის ორი ბატალიონი, რომელსაც მინისტრ-რეზიდენტი ბურნაშევი მეთაურობდა. დაღესტნელთა მარბიელი ლაშქრის წინააღმდეგ ერეკლემ შესაბამისი სამხედრო ოპერაცია დაგეგმა და ლეკთა თარეშის აღსაკვეთად გაერთიანებულმა ქართულ-რუსულმა ჯარმა განჯის მიმართულებით გაილაშქრა.
ივანე ჯავახიშვილი: „სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს მინისტრ-რეზინდენტს ბურნაშევს პოტიომკინისაგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ დღესვე უნდა გავბრუნდეო და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდის მაინც მოეცადა, არ დარჩა – საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისაკენ. ხოლო იქითგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით… 1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდენ, რომ ამ პოლიტიკურ ნაბიჯის გამოისობით, საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსი შაჰ-აბაზის შემდგომ არ ყოფილა“.
საქართველოდან ორი რუსული ბატალიონის გაყვანის მიზეზი 1787 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაწყებული ომი გახდა. ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის სამეფოსთან პროტექტორატის გაფორმებამდე, რუსეთმა ოსმალეთის გავლენის სფეროში მყოფი ყირიმის სახანო დაისაკუთრა. ამას შემდეგ გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ამიერკავკასიაში რუსების დამკვიდრებაც მოჰყვა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ოსმალთა ინტერესებს. ოსმალებმა რუსებს ყირიმის სახანოს დატოვება და ქართლ-კახეთთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვეს, მაგრამ პეტერბურგიდან უარი მიიღეს.
ომის პირობებში, როდესაც საქართველოში ოსმალთა ჯარის შემოსვლა სავსებით რეალური იყო, რუსეთმა ტრაქტატის პირობების შესაბამისად არათუ გააძლიერა ქართლ-კახეთის უსაფრთხოება, არამედ ის ორი ბატალიონიც გაიყვანა და თურქთა მოსალოდნელი აგრესიის პირობებში საქართველო დაუცველი დატოვა.
ივანე ჯავახიშვილი: „რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფეს ერეკლე II-ეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა და წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისათვის ყური ეთხოვებინა“.
სულ მალე საქართველოს აღა-მაჰმად ხანის სახით ახალი საფრთხე დაემუქრა. 1791 წელს სპარსეთმა კავკასიაში შერყეული პოზიციების გამყარება და რეგიონიდან რუსეთის გაძევების ოპერაცია დაიწყო. სპარსულმა არმიამ ჯერ აზერბაიჯანში ილაშქრა და ადგილობრივი ურჩი ხანები დაიმორჩილა, შემდეგ კი საქართველოს ჯერიც დადგა.
ივანე ჯავახიშვილი: „ასეთ გარემოებაში სრულებით ბუნებრივი იყო, რომ ერეკლე მეფეს აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევის მოლოდინი ჰქონოდა. რუსეთის მთავრობამ ყველა ეს ამბები მშვენივრად იცოდა, მაგრამ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმ საფრთხეს, რომელიც მის ერთგულს მოკავშირეს, პატარა საქართველოს სპარსეთისაგან მოელოდა. მაშინ, 1792 წელს, თვით ერეკლე მეფემ რუსეთის მთავრობას 1783 წლის ხელშეკრულების არსებობა მოაგონა და ამის ძალით საქართველოში მეშველი ჯარის გამოგზავნა მოითხოვა. რუსეთის ხელმწიფემ ეკატერინემ 8 მაისს იმავე წელს საქართველოს მეფეს მოკლედ და ცივად, შემოუთვალა, რომ „საქართველოში ჯარის გამოგზავნა ეხლა საჭიროდ არ არის ცნობილი და სანამ საამისოდ ხელსაყრელი შემთხვევა და ხელშემწყობი პირობები არ შეიქმნება, ჩვენი ჯარების მანდ ყოფნის საკითხი გადადებულიაო“. ისე გამოდიოდა, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ ჰქონდა ძალა, როდესაც ამას რუსეთი საჭიროდ დაინახავდა და არა მაშინ, როცა საქართველოს უჭირდა“.
1795 წლის მაისში ერეკლემ კიდევ ერთხელ ითხოვა დახმარება, მაგრამ რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსმა პეტერბურგის თანხმობის გარეშე საქართველოში სამხედრო ნაწილების გაგზავნისგან თავი შეიკავა. იმავე წლის 10 სექტემბერს აღა-მაჰმად ხანის არმია თბილისს მოადგა. მცირერიცხოვანი ქართული არმიის თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად სპარსებმა საქართველოს დედაქალაქი აიღეს და თბილისი საშინლად ააოხრეს.
ივანე ჯავახიშვილი: „ტფილისის აღებისა და განადგურების მხოლოდ 18 დღის შემდგომ 1 ოქტომბერს, მოუვიდა რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსს თავის მთავრობისაგან ბრძანება, რომ ხელშეკრულების ძალით და ჩვენი ღირსებისა და ინტერესების თანახმად საქართველოს მეფეს ორი სრული ბატალიონი ჯარით მიეშველეთო… ეს მაშველი ორი ბატალიონი აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ 1795 წლის დეკემბრის დამდეგს მოვიდა“.
1796 წელს რუსეთმა სპარსეთს ომი გამოუცხადა. ეკატერინეს მანიფესტში, რომელიც ომის დაწყებისთანავე გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ სპარსეთი რუს ვაჭრებს ავიწროებდა, რუსეთის დაცვის ქვეშ მყოფი ქართლ-კახეთი დალაშქრა, რითაც რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები შელახა. რუსეთმა ეს მანიფესტი სპარსულად, ქართულად და სომხურად გაავრცელა და ერეკლე მეფეს, შუშის ხანს, ყარაბაღის მელიქებსა და დაღესტან-შირვანის მფლობელებს სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.
ივანე ჯავახიშვილი: „მაშასადამე რუსეთის მთავრობას საქმე ისე ჰქონდა საქვეყნოდ მოჩვენებული, ვითომც ის საქართველოს აოხრების გამო შურის მაძიებლად გამოდიოდა და შუშისა, შირვანისა და დაღესტნის ხანებისა და ყარაბაღის მელიქების მყუდროებას იცავდა. მაგრამ ეს მხოლოდ თვალების ასახვევად და შესაცდენად იყო გამოცხადებული. ომის ნამდვილი მიზეზი და მიზანი კი სულ სხვა ყოფილა. 1795-1796 წლების ზამთარში აღა-მაჰმედ-ხანის ბრძანებით ენზელში რუსთა ყველა ხომალდები და ვაჭრები დაიჭირეს. რუსეთის მაშინდელი მთავრობა მეტად ფხიზლად ადევნებდა თვალყურს თავის ქვეშევრდომების სავაჭრო ინტერესებს, მეტადრე სპარსეთში ცდილობდა ამ მხრივ მტკიცედ ფეხის მოკიდებას.
რუსეთის დედოფლის მანიფესტში მოხსენებული ცნობა, ვითომც რუსეთს სპარსეთისათვის ომი იმიტომ გამოეცხადებინოს, რომ აღა-მაჰმედ-შაჰმა საქართველო ააოხრა და საქართველომ მის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა, მხოლოდ თვალთმაქცობა და ლამაზი, მაგრამ ყალბი სიტყვები იყო. თვით ამ სპარსეთის ლაშქრობის მონაწილე და რუსთა ჯარის სარდლის შტაბის ადიუტანტი ბუტკოვი პირდაპირ ამბობს: ეკატერინე დიდის სურვილი იყო, რომ რუსეთს საქართველოს აოხრებისთვის აღა-მაჰმად-ხანის დასჯის მომიზეზებით ესარგებლა და სპარსეთთან რუსეთის ვაჭრობა განსაკუთრებით განემტკიცებინაო, რათგან ამ ომის უმთავრესი მიზანი ვაჭრობის გავრცელება იყოო“.
როგორც ჯავახიშვილი ასკვნის, რუსეთს საქართველოს ბედი სრულებით არ ადარდებდა და გეორგიევსკის ტრაქტატს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. რუსეთის ამოცანას არა ერთმორწმუნე საქართველოს დაცვა, არამედ ამიერკავკასიაში დამკვიდრება წარმოადგენდა. რუსეთი მართლმადიდებლობას ხაფანგის მსგავსად იყენებდა, სადაც სატყუარა ერთმორწმუნეობის საფრით იყო შეფუთული. ქართველებს ბოლომდე ვერც კი წარმოედგინათ, რომ ქრისტიანი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ბუნებრივ მოკავშირედ ესახებოდათ, მათ რწმენას სათავისოდ გამოიყენებდა.
რუსული პოლიტიკის ნამდვილი სახის საჩვენებლად ჯავახიშვილს თავის მონოგრაფიაში გრაფ პანინის საიდუმლო წერილი მოჰყავს, რომელიც მან საქართველოში რუსეთის წარმომადგენელ გენერალ ტოტლებენს სახელმძღვანელოს სახით, ჯერ კიდევ, ტრაქტატის გაფორმებამდე გაუგზავნა: „უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი ხელმძღვანელობით ხდებოდეს, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმ ნაირად კი, რომ „სული აქაური (ე.ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართული“. მაშასადამე რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავის პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების მისაღწევად“.
რუსეთს ქართველთა ბედი, მათი განვითარება და ძლიერება საერთოდ არ ანაღვლებდა. ამიერკავკასიაში დასამკვიდრებლად მას დასუსტებული საქართველო სჭირდებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში გაცილებით მარტივი იქნებოდა იმპერიული მიზნების განხორციელება. საქართველო ისეთ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთის დაუხმარებლად თავის დაცვა არ შეძლებოდა. სწორედ ამით აიხსნება რუსეთის ინერტული პოზიცია აღა-მაჰმად ხანის დამანგრეველი შემოსევის დროს. როდესაც ქართლ-კახეთს საგარეო საფრთხე ემუქრებოდა, პეტერბურგი ყოველთვის დროს წელავდა და მოკავშირის უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებდა. თავის მონოგრაფიაში ჯავახიშვილს ზარბაზნებთან დაკავშირებული ისტორია მოჰყავს, რომელიც მეცნიერის ამ მოსაზრებას მთლიანად ადასტურებს.
მეფე ერეკლე მუდამ ცდილობდა საკუთარი შეიარაღების გაძლიერებას და იმ პერიოდის უახლესი სამხედრო ტექნიკით ჯარის აღჭურვას. ამ მხრივ, ქართულ არმია ქვემეხების დეფიციტს განიცდიდა, რომლის სპეციალისტებიც ქვეყანაში თითქმის არ მოიძებნებოდა. როდესაც საქართველოში გენერალ ტოტლებენის სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ აღმოჩნდა, რომ რუსულ ჯარში არტილერისტებად ქართველები მსახურობდნენ – პოდპოლკოვნიკი ჩოლაყაშვილი და თავადი თარხან-მოურავი. ერეკლემ მათ ქართული საარტილერიო საქმის მოწყობა სთხოვა, რაზედაც არტილერისტებმა თანხმობა განაცხადეს. ჩოლაყაშვილი და თარხან-მოურავი ერეკლე მეფის ჯარს ზარბაზნების, მორტირებისა და ჰაუბიცების გაკეთებასა და მართვას ასწავლიდნენ. როცა ტოტლებენმა ამის შესახებ შეიტყო, რუსეთის მთავრობას საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა, სადაც ახსნილი იყო, რომ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიაჩნდა ქართველებისთვის ასეთი იარაღის ხელში ჩაგდება. ამის გამო ქართველი ოფიცრები სასტიკად დაისაჯნენ. ისინი დააპატიმრეს, რუსეთში გადაიყვანეს და ციხეში გამოკეტეს.
რუსეთმა თავის სტრატეგიულ მიზანს 1801 წელს მიაღწია. 1798 წელს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე. ტახტი მისმა მემკვიდრე გიორგი XII-მ დაიკავა, მაგრამ მისი მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ავადმყოფობის გამო იგი 1800 წელს ისე გარდაიცვალა, რომ რუსეთის სამეფო კარიდან გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული ტახტზე ასვლის დადასტურებაც კი არ მიუღია. ამ გარემოებით კარგად ისარგებლა რუსეთმა. 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და მის რუსეთთან შეერთებას გულისხმობდა. 1802 წლის 12 აპრილს რუსული ჯარით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ თავად-აზნაურობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ძალის გამოყენებით დააფიცეს. ქართლ-კახეთი რუსეთის რიგით გუბერნიად გადაიქცა. ცოტა ხანში იგივე ბედი გაიზიარა იმერეთის სამეფომ და დანარჩენმა ქართულმა სამთავროებმაც.
ივანე ჯავახიშვილი ამ ფაქტს თავის მონოგრაფიაში ასე აღწერს: „12 ენკენისთვეს 1801 წელს პეტერბურგში საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ ალექსანდრე I-ის მანიფესტი იყო გამოცხადებული, რომელშიაც ფარისევლურად ნათქვამი იყო, ვითომც ეს აქტი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობის ძლიერი სურვილით ყოფილიყოს ნაკარნახევი. ლამაზ სიტყვებს რასაკვირველია არ შეეძლოთ მაინც გაექარწყლებინათ ის შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მთავრობის საქციელი შემაძრწუნებელი უპირობო, ფიცისა და აღთქმის დარღვევა და ძალმომრეობა იყო და სხვა არაფერი. რაკი რუსეთის მთავრობამ იცოდა, რომ საქართველო ამის გამო აღშფოთებული იქნებოდა, შვიდი თვის განმავლობაში ამ მანიფესტს საქართველოში არ აცხადებდა. ხოლო როდესაც მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა და მისი გამოქვეყნება და ხალხის დაფიცება აუცილებელი შეიქმნა, მაშინაც გენერალმა კნორინგმა გადასწყვიტა, ეს საქმე მოტყუებით და მუქარით მოეხერხებინა. მან დაჰპატიჟა გავლენიანი წრეები, თავადაზნაურობა და ქ. ტფილისის მოქალაქენი და როდესაც ყველამ თავი მოიყარა, ბრძანება გასცა, რომ მათთვის საიერიშოდ გამზადებული რუსის ჯარი შემოერტყათ. მოწინავე წრითგან მრავალმა იმოდენი გამბედაობა გამოიჩინა, რომ შემორტყმულ ჯარს არ შეუშინდა, ძალით ფიცი არ მიიღო და ეკლესიითგან გავიდა. მაშინვე კნორინგმა ბრძანება გასცა, რომ უკმაყოფილონი დაეჭირათ და ციხეში ჩაესვათ“.
დასასრულ, ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიიდან ერთ ამონარიდს მოვიყვანთ, რომელიც იმ მიზეზს ეხება, რომელიც რუსების მიმართ ქართველთა უსაზღვრო ნდობას განაპირობებდა: „რუსებისადმი ნდობა იმაზე იყო დამყარებული, რომ საქართველოს იმდროინდელი მტრები: სპარსეთ-ოსმალეთი, მაჰმადიანები იყვნენ, რუსეთი კი, ვითარცა ქართველთა ერთმორწმუნე სახელმწიფო, თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ. ქართველებს შორითგან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულის კვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულს ბრძოლაში სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერს დახმარებას გაუწევდა. რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. „ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინეობა სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუს ხალხისადმიო“. ასე ამბობდენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი და ამ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდენ და ახერხებდენ კიდეც ქართველების იმდენად მოჯადოვებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ“.

მიხეილ ბასილაძე