ნენსკრაჰესის მშენებლობა იწყება!

უკვე კარგა ხანია, ენერგო დამოუკიდებლობასა და ამ მიზნით ჰესების მშენებლობაზე საუბრობენ. თემის განხილვისას კი დიდ იმედებს ნენსკრაჰესზე ამყარებენ, რომელიც კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში უნდა აშენდეს.
როგორც ცნობილია, უკვე 6 თებერვალს, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით ნენსკრაჰესის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა. პროექტის ხელმძღვანელთა თქმით, ნენსკრაჰესი 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური იქნება და საქართველოს, ყოველწლიურად, 1,219 გიგავატ/სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

ვიცით, რომ საქართველოში, ზამთრის პერიოდში, როდესაც მდინარეებში წყლის დონე იკლებს, ელექტროენერგიით უწყვეტად უზრუნველსაყოფად, როგორც ელექტროენერგიის, აგრეთვე თბოელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის იმპორტი ხორციელდება.
მოლოდინია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტი და, შესაბამისად, იმპორტიც საგრძნობლად შემცირდება, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას განამტკიცებს.
„ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე. წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს“, _ ნათქვამია „ნენსკრაჰიდროს“ ოფიციალურ გვერდზე.
ამ ყველაფრის ფონზე კი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ხელმძღვანელების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენჯერმე მოეწყო შეხვედრა, ისინი კვლავაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული ჰესის მშენებლობას.

„ქრონიკა+“-მა „ნენსკრაჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორ თეიმურაზ კოპაძეს მიმართა, რომელიც კითხვებს პასუხობს, თუ რა მნიშვნელობის იქნება ნენსკრაჰესი და რა ეტაპზეა იგი ახლა, რამ გამოიწვია მისი მშენებლობის აუცილებლობა და რა მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ამ პროექტის მშენებლობას EIB-იც კი უჭერს მხარს?

_ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ იყო ინიცირებული და სახელმწიფო ენერგოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჰესის მთავარი დანიშნულებაა ელექტროენერგიის იმპორტის საგრძნობლად შემცირება. 280 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე ნენსკრაჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაინტერესებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ პროექტის დაფინანსების განხილვა. მოგეხსენებათ, 2018 წლის მარტის მდგომარეობით პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცეს კორეის განვითარების ბანკმა (KDB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB).
EIB – 150 მილიონი აშშ დოლარი, KDB _ 87,6 მილიონი აშშ დოლარი, EBRD _ 214 მილიონ დოლარამდე ოდენობის სესხი, ასევე სს „ნენსკრაჰიდროს“ სააქციო კაპიტალში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციაა.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) და აზიის საინვესტიციო ბანკისგან დადებით (ADB) პასუხს უახლოეს მომავალში ველოდებით.
ნენსკრაჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრას ხეობაში, ასევე სამუშაოები „თემის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარებისთვის ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტირების, ასევე თემის წევრთა უნარების განვითარებისა და სხვა საშუალებებით.
გარდა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისა:
1) შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები _ პროექტის მშენებლობის პერიოდში 1000-ზე მეტი მუშახელი დასაქმდება, უმეტესწილად, საქართველოს მოქალაქეები;
2) რეგიონის განვითარება _ ქონებისა და მიწის გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში მიდის (მესტიის მუნიციპალიტეტი). მაგ.: უკვე 2017 წელს კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა გადასახადების სახით;
3) „თემის განვითარების პროგრამა“ _ ნენსკრაჰესის პროექტის თანხმლები საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სხვ.
შესაძლებელია, რომ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელენერგია საექსპორტოდ გავიდეს, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი საკითხია.

რევაზ არველაძე _ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი:
_ ცხადია, ნენსკრაჰესით სრულიად საქართველოს ელენერგიით უზრუნველყოფა ისე ვერ მოხდება, რომ მისი იმპორტი საერთოდ არ დაგვჭირდეს, თუმცა როცა მოლოდინია, რომ წლის მანძილზე იმპორტით უნდა შემოვიტანოთ, დაახლოებით, 2 მლრდ გიგავატ/სთ ელენერგია, ხოლო ნენსკრაჰესი 1, 200 მლნ გიგავატ/სთ-ით მოამარაგებს ქვეყანას, მაშინ, თავისთავად ცხადია, რომ იგი იმპორტს საგრძნობლად შეამცირებს და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სერიოზულად შეუწყობს ხელს.
აქ სხვა პრობლემა შეიძლება იყოს: ნენსკრაჰესი ძალიან ძვირი ჰესია, მისი საინვესტიციო ღირებულება მილიარდი დოლარია, რაც, დაახლოებით, $3700-ს შეადგენს 1 კვტ.ზე _ ასეთი ძვირი ენერგოსადგური საქართველოს ტერიტორიაზე არ აშენებულა, აქედან გამომდინარე, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება იგი ეკონომიკურად და რა გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენ წელიწადზე იქნება გაწერილი ინვესტიციების დაბრუნება. მართალია, მემორანდუმში ჩაწერილია, რომ იგი 36 წლის განმავლობაში იქნება კორეელების საკუთრება და შემდეგ გადმოსცემენ საქართველოს. თუ ასეა, ცხადია, რომ, თავისთავად, ის დიდ გავლენას ვერ მოახდენს ეკონომიკაზე, მაგრამ თუ 10 წელიწადზე ან ნაკლებზეა გაწერილი ეს ვადები, ამ ჰესის გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე საკმაოდ დადებითად აისახება.
როცა ჩვენ (დაახლოებით) 3 წლის წინათ განხილვა გვქონდა გარემოს დაცვის სამინისტროში, მაშინ საკითხები დადგა, რომ ამ ჰესის მშენებლობის პირობებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ტყის იშვიათი ჯიშები უნდა გაჩეხილიყო და ეს სერიოზულ გავლენას მოახდენდა გარემოზე. მე ამის სპეციალისტი არ ვარ და ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ნამდვილად ასეა, ან პირიქით, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკითხი დაისვა.
ზოგადად, ენერგეტიკაში ინვესტიციების 2 ფორმულა არსებობს. პირველი: მშენებლობა, ოპერირება და საკუთრება (ე. ი. ვიღაც აშენებს, ოპერირებას უწევს და მასვე ეკუთვნის) და მეორე: მშენებლობა, ოპერირება და გადაცემა (ანუ აშენებს, ოპერირებას უწევს გარკვეული დროის განმავლობაში და მოლაპარაკების თანახმად, კონკრეტული თანხის გადახდის შემდეგ, სხვა სახელმწიფოს საკუთერება გახდება, რადგან რომელმა ქვეყანამაც ააშენა, მან უკან დაიბრუნა ის ინვესტიცია და გარკვეული მოგებაც ნახა). როგორც წესი, ჩვენთან პირველი ფორმულით შენდება ჰესები, რაც, ჩემი აზრით, კარგი არ არის. მაგალითად, თურქეთმა მთელი თავისი ენერგეტიკა ამ სისტემით მოაწყო, თუმცა იქ ინვესტორებისთვის სადგურების საკუთრების დრო 10-15 წელი იყო. ჩვენს შემთხვევაში ეს 36 წელი ძალიან მებევრება, ამდენი წლის შემდეგ ნენსკრას ენერგოსადგური თვითონაც სარემონტო იქნება.
ქართველი ხალხი ამ ყველაფრიდან იმ სარგებელს მიიღებს, რომ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან აღარ იყიდის ელენერგიას, საკუთარი ექნება, თუმცა შეთანხმებული ტარიფით, რაც უფრო ნაკლები უნდა იყოს (ჩემი აზრით), ვიდრე იმპორტთ ნაყიდი ენერგია (ვნახოთ, რა იქნება მოლაპარაკება საქართველოსა და ინვესტორს შორის, ტარიფების ნაწილში მოლაპარაკება არ დასრულებულა).
რაც შეეხება ეკოლოგიურ ზიანს, იმ ფორმულას გეტყვით, რითაც ენერგეტიკოსები ვსარგებლობთ:
1. მშენებლობა ტექნიკურად შესაძლებელი უნდა იყოს;
2. მალიმიტირებელი (ეკონომიკურად აუცილებლად ეფექტიანი უნდა იყოს);
3. (და ძალიან მნიშვნელოვანი) ეკოლოგიურად მისაღები;
ანუ გარემოს სარგებელზე უფრო მეტ ზიანს არ უნდა აყენებდეს. ეს უნდა აწონ-დაწონო და თუ ეფექტი ბევრად გადააჭარბებს მის მიერ მიყენებულ ზიანს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, იგი შეიძლება აშენდეს. თუ ეს ზიანი იმდენად დიდია, რომ მის ეკონომიკურ ეფექტიანობას ვერ აწონის, რა თქმა უნდა, ასეთი ობიექტი არ უნდა აშენდეს! აქედან გამომდინარე, პირველ პუნქტზე დანამდვილებით გეუბნებით, რომ იქ შესაძლებელია ჰესის აშენება, მეორეზე _ ეკონომიკურად ეს ეფექტიანი ვერ იქნება და მესამეზე, გარემოსდამცველებმა უნდა თქვან, აჭარბებს თუ არა ზიანი იმ ეფექტს, რაც შეიძლება მან მოიტანოს?

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ნენსკრაჰესთან დაკავშირებით ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციაში ბერნში სარჩელი შეიტანა.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრა ასოციაციის თავმჯდომარე _ მანანა ქოჩლაძე:
_ ნენსკრაჰესი საკმაოდ რთული პროექტია და იგი ორ ხეობას მოიცავს.
ერთი: წყალი ნენსკრას ხეობიდან გვირაბით იქნება გადასროლილი ნაკრას ხეობაში და იქ დიდი რეზერვუარი შენდება. ეს, თავისთავად, აბსოლუტურად ხელუხლებელი ტერიტორიაა, რომელიც 2016 წლამდე საქართველოს მთავრობის მიერ ზურმუხტოვანი გზების ტერიტორიების ნაწილად აღიარეს და მხოლოდ მას შემდეგ ამოიღეს ამ სიიდან, რაც გადაწყვიტეს, რომ აქ ჰესი აშენდებოდა. ეს მიდამოები საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, გარდა ამისა, ორივე, _ ნაკრას და ნენსკრას ხეობები, _ ძალიან ვიწროა, აქ მოსახლეობა, ძირითადად, მდინარის ნაპირების გასწვრივ ცხოვრობს, შესაბამისად, ნებისმიერი დიდი მშენებლობა ამ ხეობაში საკმაო ზეგავლენას იქონებს მოსახლეობაზე, როგორც მათ ტრადიციულ ცხოვრებაზე (საუბარია იმაზე, რომ ის საძოვრები, რომელსაც სვანები ზაფხულში იყენებენ ან რეზერვუარის ქვეშ მოექცევა, ან ხელმიუწვდომელი იქნება სამშენებლო პროცესების განმავლობაში, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი იქნება ზემოქმედება მშენებლობის მხრივ როგორც ტრანსპორტის თვალსაზრისით, ხმაურისა და წვის შედეგად), ისე, ზოგადად.
რომ წარმოიდგინოთ, ეს არის 2 ძალიან მცირე ზომის სოფელი, ორივე ხეობაში მოსახლეობის რაოდენობა 1500-ს არ აღემატება, ეს სადგურის მშენებლობა კი, დაახლოებით, 1000-მდე სამუშაო ადგილს საჭიროებს, შესაბამისად, ამდენი ადამიანის ამ ხეობაში „ჩასახლებით“ და იქ ყოფნით სოციალური ზემოქმედება დიდი იქნება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კვლევა ისე არ არის გაკეთებული, როგორც საჭიროა, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების. სწორედ ამ მიზეზების, ნენსკრას ბიომრავალფეროვნების დაცვის გამო, ჩვენ ბერნის კონვენციაში სარჩელი შევიტანეთ.
ეკონომიკური გათვლებითაც აღმოჩნდა, რომ ეს ჰესი არ არის მაინცდამაინც ისეთი მომგებიანი, როგორსაც მთავრობა ელოდა. მართალია, კომპანია ამბობდა, რომ მას სრულად აქვს შესწავლილი გეოლოგიური რისკები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში თითქმის ყველა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯერ კიდევ (რაც ბოლო 10 წლის მანძილზე განხორციელდა), საბოლოო ჯამში, დაკავშირებული იყო განუხორციელებელ ან კარგად ვერჩატარებულ გეოლოგიურ კვლევებთან, შედეგად მივიღეთ დარიალჰესისა და ლარსიჰესის პრობლემები. პრობლემებია შუახევჰესშიც, რომელსაც ამ წუთებშიც გვირაბები ჩამონგრეული აქვს.
მიგვაჩნია, რომ ასეთ მოწყვლად ადგილებში არ შეიძლება მშენებლობა, რადგან რამდენადაც კარგად უნდა იყოს ჩატარებული გეოლოგიური კვლევები, ფაქტია, რომ ამ ადგილებში ძალიან ბევრი ღვარცოფული მდინარეა, რომელმაც შეიძლება გარკვეული ტიპის ზემოქმედება გამოიწვიოს მოსახლეობაზე. მდ. ნაკრა ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილ ნატანს რეცხავს. თუ მასში შესაბამისი ოდენობის წყალი არ იქნება, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას სოფელს, რომელიც ამ „გადასროლის“ წერტილს ქვემოთ არის გაფენილი. მართალია, კომპანია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ის ინტენსიურ მონიტორინგს ჩაატარებს და თუ საჭიროა, ნენსკრაში წყალს არ გადაისვრის, მაგრამ მაინც რჩება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, ვთქვათ, მონიტორინგის მიერ ვერგათვლა, მისი არჩატარება, რადგან ღვარცოფულ მდინარეებს ძალიან სწრაფი და მყისიერი მოვარდნა ახასიათებთ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ასეთი რისკია და ის არ ეთანადება იმ სარგებელს, რომელსაც საქართველო მიიღებს ხელშეკრულების განხორციელებით. ჩვენი თვალთახედვით, პროექტი არ არის სასარგებლო.

ჰესებსა და განახლებადი ენერგიების სარგებლობასა და აუცილებლობაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოს გივი ადეიშვილს:
_ ჩვენისთანა მცირე ზომის ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ენერგომატარებლები. ამ შემთხვევაში, განახლებადი ენერგია პრიორიტეტულია, რომ მეზობელ ქვეყნებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, რომელთაც შეიძლება გარკვეულ პერიოდში აღნიშნული სტატუსი თავის საკეთილდღეოდ გამოიყენონ.
გარკვეულწილად, გვქონდა კიდევაც ისეთი შემთხვევები წარსულიდან, როცა აღნიშნული ენერგორესურსები შეიზღუდა, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა და ელექტროენერგიას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ განავითაროს განახლებადი ენერგია, როგორიც არის ჰიდრორესურსები, ქარის ენერგია, მზის ენერგია და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს!
ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, როცა დროდადრო განვითარებული ქვეყნები უფრო მეტი განახლებადი ენერგიის გამომუშავებაზე გადადიან, რაც, რა თქმა უნდა, ამცირებს გლობალური დათბობისგან მიღებულ უარყოფით ეფექტებს. ამიტომ, ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში უნდა იყოს ჰესებისა და მცირე ჰესების მნიშვნელობა. სწორედ ამისთვისაა საჭირო, რომ სახელმწიფომ ოქროს შუალედი დაიჭიროს ტარიფის გენერირებისას, ვინაიდან თუ ინვესტორებისთვის იგი მიმზიდველი არ იქნება, არ მოხდება ჰესების მშენებლობა, ეს კი სრულად გაგვხდის იმპორტზე დამოკიდებულს, რაც, საბოლოო ჯამში, მაინც ტარიფის ზრდას გამოიწვევს.
რაც შეეხება ჩვენი ელენერგიის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობას, არცთუ ისე შორეული წარსულიდან გვახსოვს, რომ ჩვენი წლიური გენერაცია წლიურ მოთხოვნას აკმაყოფილებდა და გარკვეულ წლებში გადააჭარბა კიდეც მას. ეს ნიშნავს, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შედარებით მეტ ენერგიას გამოვიმუშავებთ, ვიდრე მოვიხმართ, ხოლო ზამთრის პერიოდში (ვინაიდან წყლის დონე იკლებს), იმპორტის სახით მეტი ენერგორესურსები შემოდის, ვიდრე გამოვიმუშავებთ, ბუნებრივი აირის იმპორტი ხორციელდება და აღნიშნული გამომუშავების დეფიციტს თბოსადგურების მეშვეობით ვაბალანსებთ. იმის პოტენცია გვაქვს, რომ მომავალში ჩვენს მოხმარებას მივდიოთ. მოხმარება მკვეთრად იზრდება ბოლო წლებში და ჩვენს წარმოებას გადააჭარბა. ამ კუთხითაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ეკონომიკური ზრდა მეტ ენერგიას მოითხოვს.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად გარემოზე მოსალოდნელი ზიანისა და მოსახლეობის აქტიური წინააღმდეგობისა, ნენსკრა ჰესის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. მისი ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
რამდენად მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს ქვეყანა, რას მოგვცემს ის, რომ მხოლოდ 36 წლის შემდეგ გადმოვა იგი ჩვენი ქვეყნის საკუთრებაში და რამდენად იმოქმედებს იგი ქვეყნისთვის დაბალი ტარიფებისა და ელენერგიის იმპორტის შემცირებაში, ამას რამდენიმე წელიწადში საკუთარ თავზე გამოვცდით და შედეგსაც ვიხილავთ.

ნინო ტაბაღუა