„მშვიდობა ომზე მეტია“ ანუ რა შეგვძლებია…

…და ქართველები იდგნენ მოედანზე, რომლის ცენტრშიც წმინდა გიორგის ქანდაკება გველეშაპს ებრძვის.

„მშვიდობა ომზე მეტია“, _ ასე ერქვა იმ მშვიდობიან აქციას, რომელიც კვირას, 4 მარტს 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. აქ ის ქართველები მოვიდნენ, რომლებიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის _ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ. იყო დუმილი, სანთლები, ერთად დგომა და არა ლოზუნგები!
22 თებერვალს ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უკანონო ფორმირებებმა ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, მათგან ერთ-ერთი _ არჩილ ტატუნაშვილი კი მოკლეს. ეს შემთხვევა არ არის პირველი და ერთადერთი. სწორედ ეს ფაქტი ედო საფუძვლად აღნიშნულ აქციას, რომლის მთავარი იდეითაც თანამედროვე საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, რომ საქართველო არის ერთიანი და თავს არ უხრის რუსეთის მხრიდან ოკუპაციას!

აქციის ორგანიზატორი ზუკა მახარაშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი, პირველ რიგში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება იყო:
„მინდოდა, რომ ოჯახის ტკივილი გაგვეზიარებინა. მგონია, სწორედ მის ოჯახს სჭირდებოდა ჩვენი გვერდში დგომა. უნდა შეგვემსუბუქებინა ეს ტკივილი ან უნდა ეგრძნოთ, რომ ჩვენც მათთან ვართ. ამ აქციის გამართვის მეორე მიზეზი იყო ძალიან დიდი უსუსურობის განცდა, ოკუპაციას რომ ვერაფრით ვპასუხობთ. ერთადერთი გზა იყო ის, რომ გაგვეერთიანებინა მთელი საზოგადოება და ერთად დავმდგარიყავით. სამწუხაროდ, ბევრი ხალხი არ მოვიდა, მაგრამ ის სოლიდარობის აქტი, რაც კერძო ბიზნესმა გამოიჩინა, ნამდვილად მისასალმებელი იყო. მათ ვთხოვე, რომ ჩვენთან ერთად მდგარიყვნენ და ყველა დამთანხმდა, ბოლო ორი დღის მანძილზე კი უკვე თვითონ გვიერთდებოდნენ ბარები, რესტორნები. ამ მხრივ რაღაც ახალი ვთქვით, მგონი, და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი მომავალში კიდევ მეტ შედეგს გამოიღებს.
აქციაში ბარებისა და რესტორნების ჩართვის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც სექტემბერში ბარსელონაში ვიყავი და იქ ყოფნის პერიოდი ადგილობრივ რეფერენდუმს დაემთხვა. ყველგან 2 საათით დაიხურა ბარები და კარზე ეწერათ: რეფერენდუმზე ვართ, თქვენც წამოდით ან გადით აქციაზე. ძალიან მინდოდა, ეს საქართველოშიც გაგვეკეთებინა და მგონი, შევძელით.
საბოლოოდ, ჩვენი მიზანი იყო, რომ დაგვეცვა მშვიდობა და თავისუფლება! ყველას უნდა ენახა, რომ ამისთვის ვიბრძვით, თავს არ ვუხრით ოკუპაციას და რომ მშვიდობა ომზე მეტია!“

ნიკოლოზ გურინი _ აქციის მონაწილე, 21 წლის:
„ჩემთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრებები. ამ თემებზე და, ზოგადად, პროტესტს, ძირითადად, სოციალურ ქსელში გამოვხატავთ ხოლმე. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია და საჭიროცაა, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ქუჩაში დგომა აუცილებელია და ახლა სწორედ ეს დღეა.
ყველა ჩვენგანს საკუთარი წილი მორალური ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაქვს, გავაპროტესტოთ ოკუპაცია. ბოროტების იმპერიას (როგორც საბჭოთა კავშირს, თავის დროზე, აშშ-ს პრეზიდენტმა რეიგანმა უწოდა) ჩვენი განადგურება სურს და ამას არავინ უნდა შევეგუოთ!
ხშირად გვხვდება ხოლმე სკეპტიკოსების კომენტარები, რომ, თითქოს, აზრი არ აქვს ოკუპაციის გაპროტესტებას და ეს არანაირ შედეგს არ მოიტანს. არც ერთი წამით არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ გავჩუმდით და თავი დავხარეთ ჩვენი ტერიტორიების მოპარვაზე, ჩვენი თანამემამულეების ხოცვაზე, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ცხოვრება დასრულებულა. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ჩემი თაობის, ჩემი თანატოლების მიერ იყო ეს აქცია ორგანიზებული. ადამიანების, რომლებიც სრულიად შორს დგანან ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან. დღეს განსაკუთრებულად ამაყი ვარ იმით, რომ ამდენი ადამიანი დადგა წვიმაში სამშობლოს სადარაჯოზე. განსაკუთრებული მადლობა იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდნენ და სოლოდარობა გამოუცხადეს. ჩემთვის ეს იყო პასუხი იმაზე, რომ რუსულ გავლენებსა და მიზნებს საქართველოში პერსპექტივა არასდროს ექნება! საქართველო არ გადაუხვევს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან და ამას ვერანაირი მოღალატე ვერ შეცვლის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ეს მოღალატე _ სახალხლო არტისტი, აკადემიკოს-მეცნიერი თუ პოლიტიკოსი. ეს ქვეყანა ამ ახალგაზრდობისაა და ეს ახალგაზრდობა აუცილბლად გაიმარჯვებს ყველანაირი ბოროტების წინააღმდეგ!“

ნატალია ცაგარელი _ აქციის მონაწილე:
„აქციაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ სამოქალაქო სოლიდარობას დიდი ძალა აქვს. მსურდა, სოლიდარობა გამომეცხადებინა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის, რათა ეგრძნოთ, რომ ამ ტრაგედიის წინაშე მარტო არ არიან და მათი ტკივილი ყველა ჩვენგანის ტკივლია. ამავდროულად, აქციაზე ყოფნით ვაპროტესტებდი რუსულ ოკუპაციას. მინდოდა, ჩემი იქ დგომით ოკუპანტისთვის გზავნილი მიმეწოდებინა, რომ ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, არასოდეს შევეგუებით ტერიტორიების დაკარგვას და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს თითოეული მოქალაქის დასაცავად. მე ასევე მინდოდა სახელმწიფოსთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად, რადგან ის ფაქტი, რომ ოჯახს გარდაცვლილის გლოვის საშუალებაც არ ეძლევა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ისედაც ტრაგიკულ ფაქტს“.

სოფო აბაშიძე _ აქციის მონაწილე:
„ეს არის ჩვენი ერთიანობა, აუცილებელია, რომ ყველამ გამოხატოს სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახის მიმართ. უნდა გავერთიანდეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ვაჩვენოთ, რომ ერთად ვდგავართ. უნდა იცოდნენ, რომ საქართველო და ახალგაზრდობა არასდროს შეეგუება ოკუპაციას, ქართველების მოტაცებას, მათ მკვლელობას. სწორედ ესაა ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი. ერთად დგომით აუცილებლად დავანახვებთ ცივილიზებულ საზოგადოებას, რომ მშვიდობა ყოველთვის ომზე მეტია და ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც ვერაფერი დაუდგება წინ!“

თავის მხრივ, ანტიოკუპაციურ აქციას შეუერთდნენ ქართველი სტუდენტები ესტონეთშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც:
ეს კი იმ ბარების არასრული სიაა, რომელთაც 2 საათით დახურეს დაწესებულება და აქციას შეუერთდნენ:

1. „კანუდოსი“;
2. „კამორა“;
3. „ამოდი“;
4. „ვოდკასტი“;
5. „ფუნდუკი“;
6. „პლენტ შოფი“;
7. „საქსესი“;
8. „ბურგერ ჰაუსი“;
9. „ბია +“;
10. Wizchiz;
11. Pipes Burger joint;
12. „ქეთის ბისტრო“;
13. „პოლიფონია თბილისი“;
14. „თონე“;
15. Drunk Owl;
16. „აზერფეშა“;
17. „სკოლა სკოლა“;
18. „ლეილა“;
19. „შავი ლომი“;
20. „ემბერ ბარი“;
21. რესტორანი „ბლუმი“;
22. რესტორანი „ზალა“;
23. „ბენდუქიძის კულინარიული აკადემია“;
24. „ღვინო ანდერგრაუნდი“;
25. „ლიტერა“;
26. „კულინარიუმი“;
27. „ამბავი“;
28. „დრამა ბარი“;
29. „ლიტერატურული“;
30. „ლიტკაფე“;
31. kyoto სუში ბარ;
32. G.vino;
33. art cafe home;
34. კაფე „ლაღიძის წყალი“;
35. „ტატუ ბარი“;
36. Monkey’s Bar.

4 მარტს თავისუფლების მოედანზე ახალგაზრდები იდგნენ. ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, ფერადი ჰქონდათ თმაც, ხელში ეჭირათ პატარა ტრაფარეტები წარწერით: „მშვიდობა ომზე მეტია!“
ამინდი იყო წვიმიანი. ხალხი მაინც იქ იდგა. მივხვდი, რომ ეს თაობა სოლიდარობის ძალას გრძნობდა. იქიდან კარგა ხანს არავინ წასულა. მედია უწყვეტად მუშაობდა, ზოგი სანთელს ანთებდა, ზოგი საუბრობდა, ზოგიც, უბრალოდ, ერთ ადგილას იდგა და საკუთარ პოზიციას მდუმარედ გამოხატავდა. რუსულად ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებდით! მობილურიდან ფარნებს ანათებდნენ. სიყვარულისა და ერთად დგომის სურნელი იდგა.
ბევრი სანთელი ბევრჯერ ჩააქრო ქარმა. ყველას ხელახლა უკიდებდნენ…

ნინო ტაბაღუა