მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და საქართველოს გამოწვევები

გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს პრემერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მინდია ჯანელიძე ესწრებოდნენ. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, საქართველო სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. ზოგადად კი ეს კონფერენცია ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს და სფეროს ექსპერტებს, რათა მათ საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელონ.

რა მნიშვნელობისაა ეს კონფერენცია და გერმანიასთან ურთიერთობის გაღრმავება? როგორი პოტენციალი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად? რა როლი ენიჭება ამ ყველაფერში აშშ-სა და ევროინტეგრაციას? ამჟამად როგორი მდგომარეობა გვაქვს ვმო-ს შეთანხმების ფარგლებში?

„ქრონიკა+“-ს ამ საკითხებზე პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე ესაუბრება:

_ პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გერმანიასთან ურთიერთობას! ის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა მსოფლიოში. ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებითაც, მისი მშპ-ს მოცულობა 2 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება, გერმანია გახლავთ დიდი შვიდეულის წევრი და #1 ეკონომიკა ევროკავშირის ფარგლებში და რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით #1-ია დასავლეთ ევროპაში, მისი მოსახლეობა შეადგენს 82 მლნ ადამიანს, ამიტომაც, რა თქმა უნდა, გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით და საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როცა იგი კვლავ თავს იკავებს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიენიჭოს. ამიტომაც აუცილებელია ურთიერთობების გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც, ჯერ კიდევ, სკეპტიკურად არიან განწყობილნი ნატოს გაფართოების მიმართ. მეორე მხრივ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ გერმანია რამდენიმე წლის წინათ უფრო მეტ ანგარიშს უწევდა რუსეთის ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რომ ის, დაახლოებით, 30%-ით არის დამოკიდებული რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე, თუმცა 2014 წლის მოვლენების შემდეგ ვითარება შეიცვალა და გერმანიის ხელისუფლება უკვე პირდაპირ მიუთითებს რუსეთს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფაში. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეიცვალა, არსებობს ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გაააქტიუროს მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ეს კი უნდა მოხდეს როგორც გერმანიასთან, ისე საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავს იკავებენ საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის, მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მე მგონია, რომ გერმანიისა და მთლიანად ევროკავშირის ინტერესში აუცილებლად უნდა შედიოდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინება. ჩვენ ვიცით, რომ უკვე დღის წესრიგში დგას რიგი პროექტების ამოქმედება, მაგალითად, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 და მეორე ეტაპზე შესაძლებელია, 17 მლნ ტვირთი გაატაროს ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით. ამიტომ, რა თქმა უნდა, გერმანიისთვის საქართველოს ეკონომიკური, გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინება ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ბოლოს დროს მომხდარი ფაქტი, რომ გერმანიის ერთ-ერთმა „ფედერალურმა მიწამ“ თავისი პოზიცია გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით(!). ამ კუთხითაც აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ დაარწმუნოს გერმანიის ხელისუფლება, რომ, პირველ რიგში, ჩვენ მნიშვნელოვანი სატრანზიტო სატრანსპორტო პოტენციალი და გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს. ამასთანავე, დაარწმუნოს, რომ გადახევდას არ ექვემდებარებოდეს უვიზო რეჟიმის კვლავ შეჩერება. მართალია, იქ ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევენ კანონმდებლობას, მაგრამ გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველების უმრავლესობა პატიოსანი ადამიანები არიან, რომლებიც სწავლობენ ან მუშაობენ გერმანიაში, გონებრივ ან ფიზიკურ შრომაში არიან ჩართულები. ყველა ამ საკითხზე აუცილებელია აქტიურობა როგორც საქართველო-გერმანიის, ისე საქართველო-ევროკავშირი და საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობის ფარგლებში და აქ გერმანიის წონა გასათვალისწინებელია! გარდა ამისა, საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს სხვადასხვა გერმანული ფონდი, რომლებიც ძალიან საინტერესო პროექტებს ახორციელებენ, მაგალითად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
_ რაც შეეხება ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობას, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით რა სამუშაოები მიმდინარეობს?
_ ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგა აშშ-ში. გარდა ამისა, დაახლოებით ერთი თვის წინათ შედგა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ბუნებრივია, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ისევ და ისევ, საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა ამერიკისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როცა საქართველო უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას (ანუ ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და ვიცით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით ხისტ პოლიტიკას ატარებს რუსეთის მიმართ, ვიდრე ობამას ადმინისტრაცია), ასევე, საქართველო ძალიან ახლოს მდებარეობს ირანთან, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ამერიკასთან ურთიერთობის განვითარება მნიშვნელოვანია. თანაც, ბოლო პერიოდში, გაუარესდა ურთიერთობა ოფიციალურ ანკარასა და ვაშინგტონს შორის, ამის გამო კი ამერიკას საიმედო მოკავშირე სჭირდება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. ამ შემთხვევაში, საქართველო საიმედო პარტნიორი შეიძლება იყოს.
რაც შეეხება თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, რაზედაც უკვე მოგახსენეთ. შესაძლებელია, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში და ევროპა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამერიკის მთავარი მოკავშირეა, ამერიკა, თავის მხრივ, დაინტერესებულია სხვადასხვა სატრანსპორტო პროექტის განხორციელებით საქართველოს ტერიტორიის გავლით, ეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ამ ყველაფერთან ერთად, ცნობილია, რომ მიმდინარეობს თანამშრომლობა ერთობლივი სამხედრო ცენტრის შესაქმნელად. საქართველოს მთავრობა, დაახლოებით, 10 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის.
იმ ფონზე, როცა, გარკვეულწილად, ფერხდება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი (ჯერ კიდევ ბევრი ევროპული სახელმწიფო არ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში მიღებას, მაპის მინიჭებას), მგონია, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს საქართველოსთვის ამერიკასთან ორმხრივი შეთანხმება კოლექტიური უსაფრთხოების საქმეში, ანუ ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსება. ეს ნატოში გაწვერიანების პრობლემებს, ასე თუ ისე, მოსპობს.
ცნობილია, რომ ნატოს ფარგლებში სამხედრო ხარჯების 70%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის, 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო შეიარაღების 36%-იც აშშ-ზე მოდის და გარდა ამისა, 2018 წელს სწორედ ამერიკის მხრიდან მოსალოდნელია 716 მლრდ დოლარის გამოყოფა სამხედრო მიმართულებით. ამიტომაც მგონია, რომ თუ საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი შეთანხმება დაიდო, ჩვენს ქვეყანაში უფრო სტაბილური პოლიტიკური გარემო შეიქმნება და აქ ამერიკული ბაზების განთავსებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდება, რადგან რუსეთიდან მომავალი საფრთხე განეიტრალდება და უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნება, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების შემოდინების კუთხითაც. ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მგონია, რომ ამ მხრივ ქართულმა მხარემ ლობირება უნდა გაწიოს!
_ რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ამ კუთხით თუ ველოდებით აშშ-სგან რაიმე სახის მხარდაჭერას?
_ იმ ფონზე, როცა რუსეთმა ე. წ. ხელშეკრულება (აბსოლუტურად უკანონოდ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის წესების უგულებელყოფით) გააფორმა აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო დახმარების შესახებ, ის იქცა მათ ე. წ. დამოუკიდებლობის გარანტად. ამ ფონზე, სამართლებრივი და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, პრიორიტეტული იქნება, რომ ორ სუბიექტს, საქართველოსა და აშშ-ს შორისაც დაიდოს ორმხრივი ხელშეკრულება და თუ, ვთქვათ, რუსეთი არის აფხაზეთის ე. წ დამოუკიდებლობის გარანტი, რატომ არ უნდა იყოს აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი?! სწორედ აქედან გამომდინარე, თუ, ვთქვათ, ამერიკული სამხედრო ბაზები საქართველოში განთავსდება, გაცილებით უფრო სტაბილური გარემო შეიქმნება ინვესტიციების მოსაზიდად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას. ვიცით, რომ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, თუმცა ამ პოტენციალს ბოლომდე ვერ ვითვისებთ, არადა, ექსპერტთა გათვლებით, მისი ბოლომდე ათვისება საქართველოს მშპ-ს 4,3%-ით გაზრდის.
ამერიკული სამხედრო ბაზები, ეკონომიკის სფეროში ურთიერთობის განმტკიცება გააძლიერებს ჩვენს სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას და ამ შემთხვევაში, საქართველო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, უფრო მეტად საინტერესო იქნება, მეტ ინტერესს გამოიჩენენ, რომ ჩვენს სახელმწიფოს მიეერთონ. დღეს ჩვენი რეალობა ასეთია _ „სამხრეთ ოსეთის“ მშპ ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 3-ჯერ მაღალია საქართველოს მშპ-ზე ერთ სულ მოსახლეზე(!) _ ბუნებრივია, ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები უფრო რუსეთთან ინტეგრაციით არიან დაინტერესებულები, ვიდრე საქართველოსთან(!), თუმცა თუ ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო გაძლიერდა, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციას. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ქვეყნის დეოკუპაცია და გარეთიანება. სამხედრო გზით ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ.
ზოგადად, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა სცენარი არსებობს, შეგვიძლია ფინური სცენარი განვიხილოთ: ფინლანდიზაციას ეძახიან მოვლენას, როდესაც საბჭოთა კავშირმა ფინეთის ტერიტორიის 10% დაიპყრო, მაგრამ ის შეეგუა ამ ფაქტს, სამაგიეროდ, დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.
ხორვატიული სცენარი იყო, როდესაც მან სამხედრო გზით აღადგინა ერთიანობა (რაც საქართველოს არ შეუძლია ამ შემთხვევაში(!) და მესამე, კვიპროსის სცენარი: ყველამ ვიცით, რომ კვიპროსი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ბერძნულ და თურქულ მხარედ, მაგრამ ევროინტეგრაციის შედეგად, ბერძნული ნაწილი იმდენად განვითარდა, რომ როდესაც 2004 წელს რეფერენდუმი ჩატარდა, კვიპროსის სეპარატისტული რეგიონის 65%-მა მხარი დაუჭირა კვლავ გაერთიანებას, თუმცა უკვე ბერძნულმა ნაწილმა თქვა უარი და გაერთიანება არ მოხდა, მაგრამ ბუნებრივია, რომ თურქულმა ნაწილმა დაინტერესება გამოხატა, რადგან დღის წესრიგში ერთიანი კვიპროსის ევროკავშირში შესვლის საკითხი დადგა. ამიტომ თუ საქართველო გააგრძელებს ევროინტეგრაციას და სტაბილური გარემო შეიქმნება ეკონომიკური განვითარებისთვის, ბუნებრივია, გაჩნდება და გაიზრება დაინტერესება აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მხრიდან (მით უფრო, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დადგა, თუმცა ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ ამ გზით უნდა ვიაროთ და ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტები დავაკმაყოფილოთ).
_ რაც შეეხება ვმო-ს (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც მხოლოდ ქართულმა მხარემ მოაწერა ხელი და რუსეთმა _ არა, რა მოლოდინები გვაქვს ამ შემთხვევაში?
_ ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პირობების დარღვევას ნიშნავს. რუსეთი ამ ორგანიზაციაში შესვლით, ჯერ კიდევ, 1994 წლიდან იყო დაინტერესებული და 2008 წლის ომის შემდეგაც თვითონ რუსეთი დაუკავშირდა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შვეიცარიის შუამავლობით, რომ საქართველოს ვეტოს უფლება მოეხსნა, არ გამოეყენებინა. აქედან გამომდინარე, საქართევლოც დათმობაზე წავიდა, რათა რუსეთმა ვალდებულება აიღოს, რომ იმ ტვირთების შესახებ, რომელიც როკის გვირაბსა და ფსოუს გაივლის, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებულები იქნებიან. მათ ეცოდინებათ, თუ რა საქონელმა გადაკვეთა აფხაზეთის ან ცხინვალის საზღვარი.
ამ ხელშეკრულების დარღვევა ან მასზე ხელის არმოწერა კიდევ ერთხელ იქნება რუსეთის მხილება, ჩვენება, რომ იგი არ ასრულებს ამ ვალდებულებას. ამიტომაც მგონია, შესაძლებელია, რომ ვმო-ს ფარგლებში დაისვას რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვის საკითხი. ის იმ პირობით მიიღეს, რომ თავის ვალდებულებას შეასრულებს. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალში არსებობს ხელშეკრულების კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპები (10 პრინციპს შორის ყველაზე მთავარია), რომელსაც რუსეთი ამ შემთხვევაშიც არ ასრულებს, ამის შესახებ კი საერთაშორისო საზოგადოებას აუცილებლად უნდა ეცნობოს. სანქციები ისედაც შემოღებულია რუსეთის მიმართ და მათ გამკაცრებაზეც უნდა იყოს საუბარი (ეკონომიკურ სანქციებს ვგულისხმობ, პირველ რიგში).
ამ შეთანხმებაში კიდევ ერთი რამეა მნიშვნელოვანი, მიმაჩნია, რომ როკის გვირაბის გავლით არ უნდა მოხდეს ტვირთების ტრანსპორტირება მესამე სახელმწიფოში.
არ მგონია, როკის გვირაბი დამატებით ფუნქციას ასრულებდეს ზემო ლარსთან ერთად, რათა რუსეთიდან სომხეთის, ან აზერბაიჯანის, ან თურქეთის მიმართულებით საქართველოს ტერიტორიის გავლით გავიდეს ტვირთები. ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან იმ საქონელს ქართული სასაქონლე ნიშნები არ ექნებათ! ერთადერთი ლეგიტიმური საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ეს არის ზემო ლარსი. ტვირთების გადაადგილება რუსეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით სწორედ აქედან უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ვმო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებას, საქართველო უნდა იყოს ინფორმირებული იმ ტვირთებზე, რომელთაც გადაკვეთეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი. მეორე მხრივ, მგონია, რომ თუ რუსეთი არღვევს ვმო-ს პრინციპებს, სანქციები უნდა გამკაცრდეს რუსულ საექსპორტო საქონელზე. ვმო-ს წევრებმა უნდა მოიხსნან ყველა ვალდებულება რუსეთის წინაშე.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში კიდევ ერთი საკითხია _ ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი 2017 წლის მონაცემებით საქართველოსთვის #2 სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია და ჩვენ შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ამიტომაც ეს ზრდის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც _ ეს გარემოებაც გასათვალისწინებელია).
ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ მაინც დაარღვევდა რუსეთი შეთანხმების პირობებს, მაშინ რატომ „ესწრაფოდა“ ვმო-ში გაწევრიანებას ჯერ კიდევ 1994 წლიდან? პასუხი კი ერთია, როგორც სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ამ დროს რუსეთი სულაც არ აპირებდა ამის შესრულებას, იგივე იყო ვმო-ს შემთხვევაშიც. ეს კონკრეტული შეთანხმება მას კონკრეტულ პერიოდში „აწყობდა“, მაგრამ იმ გათვლით, რომ მერე არ შეესრულებინა(!). შესაძლოა იმიტომ, რომ იცის, დიდი ქვეყანაა და ფიქრობს, რომ მის ინტერესებს აუცილებლად გაითვალისწინებენ, თუმცა ყველამ ერთად უნდა დავანახოთ, რომ ეს ასე არ არის!

ნინო ტაბაღუა