ვლადიმირ პუტინისა და რუსი გენერლების აღიარებები 2008 წლის ომზე

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. რასაკვირველია, წერა, კვლევა და ახალი ფაქტების გამომზეურება ჯერაც არაა დასრულებული, თუმცა, ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია, რას წერენ თავად რუსული წყაროები, ან ის პირები, რომლებსაც უფრო მეტი გავლენა და რესურსი აქვთ იმისთვის, რომ უშუალო პირვეწყრაოებისგან მოიპოვონ ინფორმაცია.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ცნობილი რუსი ბლოგერის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის მოსაზრებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ ანალიზს, სადაც თვალნათლივ ჩანს, რა აღიარეს 2008 წლის ომის შესახებ ჯერ რუსმა გენერლებმა, მერე კი თავად ვლადიმირ პუტინმა.

ბლოგი თარგმნა მანანა თოფურიძემ.

დავიწყოთ იმით, თუ რა აღიარეს რუსმა გენერლებმა და რა ფორმით: აღიარებების მთელი რიგი აგრესიის მომზადებასა და განხორციელებაზე რუსმა გენერლებმა გულდასმით ჩამოაყალიბეს ფილმში „ომის დაკარგული დღე“.
გენერლების აღიარებებს შორის მათი ორი ძირითადი ჯგუფი უნდა გამოვყოთ: აგრესიის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული აღიარებები და აგრესიის გეგმის ფაქტობრივ განხორციელებასთან დაკავშირებული აღიარებები.

აღიარებები აგრესიის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით (დასახელებულ ფილმზე დაყრდნობით მითითებულია ქრონომეტრაჟი).
1. აგრესიის განხორციელებამდე დიდი ხნით ადრე ი. ბალუევსკის (გენშტაბის უფროსი 2004-08 წწ-ში) ხელმძღვანელობით გენერალური შტაბის მიერ შემუშავდა საქართველოზე თავდასხმის გეგმა, თავად ბალუევსკის ტერმინოლოგიით _ „აგრესიის მოგერიების სისტემა“, „ადეკვატური ზომები…“ (5:40-5:50), აგრეთვე, „შემუშავებული მექანიზმი“, შემდგომში _ „აგრესიის გეგმა“, ან მოკლედ _ „გეგმა“.
2. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გეგმის პოლიტიკური თანაავტორი და პირი, რომელმაც ეს გეგმა დაამტკიცა, იყო ვ. პუტინი, რომელსაც იმ წლებში რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
ი. ბალუევსკის თქმით, პუტინი „არკვევდა დეტალებს, პირადად მონაწილეობდა, მხოლოდ კითხვების დასმითა და მოხსენებების მოსმენით კი არ იფარგლებოდა, არამედ, სვამდა ამოცანებს, ზოგჯერ, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად“.
„გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო გამოყენების შესახებ“, ჯერ კიდევ, პუტინმა მიიღო.
„დოკუმენტს „ადეკვატური ზომები“… პუტინმა წააწერა „თანახმა ვარ“. აგრესიის გეგმა ასევე დაამტკიცა (ხელახლა დაამტკიცა) დ. მედვედევმა. ბალუევსკის თქმით, მედვედევისთვის „საკმარისი იყო ერთი სიტყვა: „იმოქმედე ჩემ მიერ დამტკიცებული გეგმით“.
3. გეგმის რეალიზაციის ფარგლებში „შეიქმნა“ აგრესიის „მატერიალური ბაზა“ (რომელიც, როგორც ჩანს, შეიცავდა რუსეთის სამხედრო სპეციალისტების მივლინებას ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის „ბოევიკების“ მომზადებას, სამხრეთ ოსეთის გაჯერებას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, საქართველოს ტერიტორიის სამხრეთოსურ ნაწილში სამხედრო ბაზების მშენებლობას, „სამხედრო ქვედანაყოფები განლაგდა როკის გვირაბის სიახლოვეს“, იქ „დიდი შრომა ჩაიდო, ჯარი იყო სრულ მზადყოფნაში დასმული ამოცანის შესასრულებლად“;
„2008 წლამდე გაწეული დიდი შრომა, წინა დღეებში ჩატარებული სწავლებები, მთელი ძალისხმევა სამხედროებისა, რომლებიც ამ ოპერაციისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ“.
4. აგრესიის გეგმის განსახორციელებლად ჯარის „აბსოლუტური“ მზადყოფნის ვადა 2007 წლისთვის დაინიშნა (7:10-7:20). ჯერ კიდევ 2008-09 წლებში გამოირკვა, რომ აგრესიის თავდაპირველი გეგმით, ჯარის მზადყოფნის ვადა იყო 2007 წლის 1-ლი დეკემბერი.
5. აგრესიის გეგმა ითვალისწინებდა „ელვისებური ძლევამოსილი ომის“ განხორციელებას. 2008 წლის ზაფხულისთვის ცხადი გახდა, რომ ეს ომი „ცხრა მთას იქით აღარ იყო“. გარკვეულ დრომდე ბოლომდე არ იყო განსაზღვრული, საომარი მოქმედება რომელი მიმართულებით უნდა დაგვეწყო _ აფხაზეთში თუ სამხრეთ ოსეთში? 2008 წლის ზაფხულში გენერალური შტაბის არჩევანი სამხრეთ ოსეთის სასარგებლოდ გადაწყდა.
ოპერაციის დაწყების ვადა „ივლისიდან სექტემბრამდე განისაზღვრა“. ოპერაციის დაწყების ვადის განსაზღვრაში საკვანძო როლს „პეკინის ოლიმპიადა“ ასრულებდა.
6. გეგმის განხორციელების ბრძანება დალუქული იყო პაკეტებში, რომლებიც იმ ნაწილებისა და შენაერთების „ოპერატიულ მორიგეებს ეწყოთ მაგიდებზე“, რომლებსაც აგრესიაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ. პაკეტები უნდა გაეხსნათ სიგნალის _ „ომი!“ მიღებისთანავე.
7. გეგმის მიხედვით, ბრძანების გაცემის სიგნალი საქართველოს მხრიდან პირველი გასროლილი ჭურვი, ბომბი ან სროლა უნდა გამხდარიყო: „აგრესიის მოგერიების პუტინის მიერ დამტკიცებული სისტემის შესაბამისად, ჭურვის ან ბომბის პირველივე გასროლისთანავე უნდა გაგვეცა იარაღის გამოყენების ბრძანება, ჯარის გამოყენების თვალსაზრისით“.
8. გენშტაბის მიერ მომზადებული და პუტინის მიერ დამტკიცებული გეგმა საქართველოსთვის „გადამწყვეტი პრევენციული დარტყმის“ მიყენებას გულისხმობდა. ვ. ბოლდირევმა (სახმელეთო ჯარის ყოფილი მეთაური) და ი. ბალუევსკიმ გულახდილი სინანული გამოთქვეს, რომ ვერ მოხერხდა „პრევენციული დარტყმის“ თავდაპირველი გეგმის განხორციელება.
9. პუტინის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, მისი განხორციელება ავიაციის გამოყენებით უნდა დაწყებულიყო. სიგნალის მიღებიდან 1-1,5 საათის მანძილზე რუსეთის საჰაერო ძალებს უნდა დაებომბათ „წინასწარ განსაზღვრული ობიექტები“ საქართველოს ტერიტორიაზე: „ჩვენს „ადეკვატურ ზომებში“ საწყის ფაზაში… შედიოდა საავიაციო საშუალებების გამოყენება… საათი-საათნახევრის განმავლობაში აეროდრომების, დისლოკაციის პუნქტების, საარტილერიო პოზიციების, გადაადგილების მარშრუტების, ხიდების მიმართულებით. ამ დოკუმენტს პუტინმა წააწერა – „თანახმა ვარ“.
10. გეგმის თანახმად, ბრძანების მიღებიდან 6 საათში რუსეთის ჯარი ცხინვალში უნდა ყოფილიყო.

აღიარებები აგრესიის გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით:
1. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე განკარგულების გასაცემ სიგნალად ქართული ქვედანაყოფების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მებრძოლთა პოზიციების მიმართულებით პირველივე გასროლა უნდა გამხდარიყო, ამ ბრძანების გაცემა არ მოჰყოლია 2008 წლის 14 ივნისისა და 1, 2, 4, 5 და 6 აგვისტოს ორმხრივ სროლებს.
გეგმით გათვალისწინებული განკარგულების არგაცემის მიზეზი, ცხადია, იყო ის, რომ ამ დროისთვის რუსეთის ყველა სამხედრო ნაწილს, რომლებსაც აგრესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მათთვის განკუთვნილი საწყისი პოზიციები ჯერ არ ჰქონდათ დაკავებული.
გეგმით გათვალისწინებულ საწყის პოზიციებზე სამხედრო ნაწილების წამოწევამ და 6-დან 7 აგვისტოს ღამით 58-ე არმიის ორი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის მიერ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამ და ჯავის ჩრდილოეთით, „სამხრეთ ოსეთის მთებში“ დაბანაკებამ უზრუნველყო უკანასკნელი აუცილებელი საწყისი პირობების შესრულება სიგნალის _ „ომი!“ გასაცემად;
2. დაძაბულობის ესკალაციის ყოველ ნაბიჯს, სრულმასშტაბიანი ომის გაშლისაკენ მიმართულს, შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური მ. კულახმეტოვი გულმოდგინედ აფიქსირებდა და რუსეთის ხელისუფლებას გადასცემდა.
7 აგვისტოს 14.00 და 15.00-ს შორის კულახმეტოვმა დააფიქსირა ქართველი ოფიცრების მიერ შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის დატოვებისა და ქართველი სამშვიდობოების წარმომადგენლის, ურუშაძის მხრიდან კონტაქტების შეწყვეტის ფაქტები.
ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაახლოებით ამ დროს დაიღუპა ოსი „ბოევიკების“ მიერ დაწყებული სროლების შედეგად. იმის მაგივრად, რომ ეს ფაქტები გამოეყენებინათ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დასაწყებად საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც ამ დროს კარს მომდგარი ომის შესაჩერებლად ამაოდ ცდილობდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებას, კულახმეტოვიცა და რუსეთის ხელისუფლებაც ამ მცდელობების იგნორირებასა და სრულმასშტაბიანი აგრესიისთვის მომზადებას განაგრძობდნენ.
მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ი. პოპოვმა თავი აარიდა ცხინვალში მოსალაპარაკებლად ჩასულ მ. სააკაშვილის პირად წარმომადგენელ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრას და მისი გამოუცხადებლობა ავტომობილის „დაშვებულ საბურავს“ დააბრალა, კულახმეტოვმა კი განაცხადა, რომ „ოსები გამოვიდნენ მისი კონტროლიდან“.
19.00-ზე რუსეთის საგუშაგოებმა ქართული სამხედრო კოლონების მოძრაობა დააფიქსირეს, 21.00-ზე კი „უკვე აშკარად ჩანდა ასეულობით მანქანა). მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკურ თუ სამხედრო ხელმძღვანელობას თავისუფლად შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი, მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების დაღუპვა _ საკმარისი იყო სააკაშვილის ზარებისთვის ეპასუხათ, ან თბილისში თავად დაერეკათ.
მაგრამ მოვლენათა განვითარების ეს ვარიანტი მას (რუსეთის ხელმძღვანელობას) სწორედაც რომ არ აწყობდა. 7 აგვისტოს 14.00-დან „მოვლენათა მთავარ არსს რუსეთის ჯარის მოსალოდნელი ღია შემოსვლა წარმოადგენდა“ საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ოსეთის ნაწილში.
„პირველივე წუთებიდან იყო მოსალოდნელი რუსეთის არმიის შემოჭრა“ საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის ხელისუფლება საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას გეგმავდა და არა დიპლომატიური საშუალებებით მათ შეჩერებას;
3. რუსეთის არმიის ძირითადი ძალების მიერ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად ბრძანების გაცემის მაუწყებელი სიგნალის _ „ომი!“ გაცემა განახორციელა არა იმხანად რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა (მისი თქმით, მას ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული თავდაცვის მინისტრის რაპორტი), არც პრემიერ-მინისტრმა პუტინმა (მაშინ ის პეკინში იყო და რეალური დროის რეჟიმში კავკასიაში მოვლენათა მართვას ვერ შესძლებდა).
რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სიგნალი „ომი!“ შერეული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურმა მ. კულახმეტოვმა გადასცა. ეს სიგნალი კულახმეტოვმა გასცა არა უგვიანეს 7 აგვისტოს 23.50-ისა ცხინვალში, „შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის წინ პლაცზე ჩამწკრივებული“ რუსი ჟურნალისტების თანდასწრებით.
როგორც ჩანს, ომის დაწყების თაობაზე ეს საჯარო განცხადება კულახმეტოვმა მიზანმიმართულად გააკეთა, რათა კავშირის სხვა არხებთან ერთად ჟურნალისტური არხებიც გამოეყენებინა რუსეთის ხელმძღვანელობისა და 58-ე არმიის სარდლობისთვის შეთანხმებული სიგნალის გადასაცემად, არმიისათვის, რომელიც ამ დროისთვის უკვე სრულად იყო მომზადებული საქართველოზე თავდასხმის განსახორციელებლად.
რამდენიმე წუთის შემდეგ _ 00.00-ზე კულახმეტოვმა სიგნალი „ომი!“ 58-ე არმიის მეთაურს, გენერალ ა. ხრულოვს გადასცა;
4. სიგნალი იმ პაკეტების გახსნაზე, რომლებიც სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანებას შეიცავდა, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო მართვის ცენტს 7 აგვისტოს 23.58-ზე გადაეცა;
5. განკარგულება რუსეთის არმიისთვის სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე 8 აგვისტოს 00.03-ზე ხრულოვმა გასცა და საბრძოლო მართვის ცენტრში გამოცხადებული ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდლმა, ს. მაკაროვმა დაადასტურა;
6. როგორც ჩანს, 7-დან 8 აგვისტოს ღამით ჯარისთვის ბრძანების გაცემაში უშუალოდ არც პუტინი და არც მედვედევი მონაწილეობდნენ, რამდენადმე მნიშვნელოვან ხასიათს არც მათი იმღამინდელი დავალებები და განკარგულებები ატარებდა.
მაგრამ სამხედროების მოქმედებები როგორც პუტინის, ისე მედვედევის მიერ წინასწარ დამტკიცებულ აგრესიის გეგმას ეყრდნობოდა. რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს 23.58-ზე დაიწყო, მედვედევისა და პუტინის ინფორმირებამდე და იმ ღამით მათ მიერ გაცემული ყოველგვარი განკარგულებებისა და მითითებების გარეშე.
მედვედევის მონაწილეობა ჯარის მართვაში, როგორც ჩანს, მის მიერ 8 აგვისტოს დილის, დაახლოებით, 4 საათზე გაცემული საქართველოს წინააღმდეგ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების _ „ისკანდერების“ გამოყენების ბრძანებით შემოიფარგლება. ჯარის უშუალო მართვაში პუტინი მხოლოდ 9 აგვისტოს საღამოს ჩაერთო;
7. კულახმეტოვის განცხადებითაც კი პირველი რუსი მშვიდობისმყოფელები (კულახმეტოვის მიერ „გამყოფ ზოლზე“ გაგზავნილი БМП-ის ეკიპაჟი) მხოლოდ 8 აგვისტოს „დილის 5.50-ზე“ დაიღუპნენ.
სხვა სიტყვებით, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, მინიმუმ, 6 საათით ადრე რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვამდე, ანუ მოვლენამდე, რომელსაც ოფიციალური პროპაგანდა რუსეთის ჯარის საქართველოში შეჭრის გამამართლებელ ლეგენდად იყენებდა;
8. აგრესიის გეგმის თანახმად, რუსული ჯარი ცხინვალში უნდა ყოფილიყო სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებაზე ბრძანების მიღებიდან 6 საათში, ანუ 8 აგვისტოს დილის 6 საათზე, კულახმეტოვის თქმით, _ ყოველ შემთხვევაში, არაუგვიანეს დილის 7-8 საათისა.
სინამდვილეში, „რუსეთის ჯარი ცხინვალში მხოლოდ 10 აგვისტოს დილაადრიან შევიდა“, ანუ გეგმით დამტკიცებულზე ორი დღე-ღამით გვიან. თავდაპირველი გეგმის განხორციელებაში ამგვარი ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ჯარის მოქმედება გახლდათ, კერძოდ, ქართული არტილერიის მოქმედების მაღალი ეფექტიანობა: „8 აგვისტოს ქართული არტილერია ბატონობდა“;
9. თავდაპირველი გეგმის განხორციელებაში ჩავარდნამ, ცხადია, სამხედრო ძალებისა და საბრძოლო საშუალებების გეგმით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი რაოდენობის მოზიდვა მოითხოვა. როგორც ჩანს, სამხედროებმა მედვედევს ოპერაციაში ჩართული ჯარის მნიშვნელოვანი გაზრდა და განსახორციელებელ საბრძოლო ოპერაციათა მასშტაბების გაფართოება მოსთხოვეს.
არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დროის მანძილზე მედვედევი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებელ თავდაპირველ გეგმას მიჰყვებოდა _ ძირითადად, მხოლოდ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ჩართულობით: „ოლქის მთავარსარდალს ეუბნებიან: მთავარსარდალი შენ ხარ და გადაწყვეტილებებიც შენ მიიღეო“;
10. საქართველოს წინააღმდეგ დიდი ხნის მანძილზე და საგულდაგულოდ დაგეგმილი აგრესიის სრული ჩავარდნის საფრთხემ პუტინი აიძულა, შეეცვალა თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრი _ სამხედრო ოპერაციის მთელი დრო პეკინში გაეტარებინა და 9 აგვისტოს საღამოს ვლადიკავკაზში დაბრუნებულიყო.
საბრძოლო მოქმედებათა მართვის ცენტრში პუტინმა ძალებისა და საშუალებების რიცხოვნობის მრავალგზის გაზრდის, მათ შორის, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის გარედანაც და სამხედრო მოქმედებების ინტენსივობისა და მასშტაბების მნიშვნელოვანი ესკალაციის გადაწყვეტილება მიიღო.
„პუტინი… უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციის მსვლელობას“, მაგრამ „თავდაპირველი ბრძანება დიდი დაგვიანებით გაიცა“. „9 აგვისტოს ყველაფერი დალაგდა და, უპირველეს ყოვლისა, რუსულმა არმიამ საკუთარი ადგილი იპოვა. რეალური გარდატეხა 9 აგვისტოს მოხდა“. საგრძნობლად გაიზარდა ჯარის რაოდენობა, რომელმაც როკის გვირაბი 9-დან 10 აგვისტოს ღამით გაიარა.
პუტინმა ჯარს ასევე „ახალი მიზნები და ამოცანები“ დაუსახა, საქართველოს „სამხედრო ძალების სრული განადგურებისა“ და თბილისის აღების ჩათვლით. თავად მან, ასევე, რამდენჯერმე აღიარა ისეთი დეტალები, რაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველაფერს ნათელს ჰფენს:
რუსეთ-საქართველოს ომის მომზადებასა და წარმოებაში საკუთარ მონაწილეობაზე 2012 წლის აგვისტოში პუტინმა ორჯერ ისაუბრა. პირველად _ 7 აგვისტოს, ლენინგრადის ოლქში სტუმრობისას:
„…კითხვა: და სად იყო მაშინ დაზვერვა, სამხედრო დაზვერვა?
ვ. პუტინი: მუშაობდა. ვფიქრობ, რომ დაზვერვა თავის საქმეს აკეთებდა.
კითხვა: ანუ თქვენ არ ეთანხმებით ფილმის ავტორებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთმა ომის პირველი დღე დაკარგა?
ვ. პუტინი: იცით, შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ხომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანებაა. იქ კი ისვრიან, ხალხი იღუპება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა დაფიქრდე. ეს რთული და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.
კითხვა: და დიდხანს ფიქრობდით?
ვ. პუტინი: თავადაც შეგიძლიათ დაითვალოთ.
კითხვა: სულ მცირე, ღამე მაინც გქონდათ?
ვ. პუტინი: ასე, სამი დღე.
კითხვა: სამი დღე?
ვ. პუტინი: რა თქმა უნდა. ჯარის შემოსვლა, სროლები, რეალურად, სადღაც, 4-5 რიცხვში დაიწყო. ახლა ზუსტად არც მახსოვს, მგონი, 5-ში.
რეპლიკა: მაგრამ ამ დროს ხომ ქართული არმია მოქმედებდა?
ვ. პუტინი: სწორედ მასზე ვსაუბრობ, ის შემოვიდა, დაახლოებით, 4-5 რიცხვში, 6-ში უკვე მასირებული სროლები დაიწყო არტილერიის, ტანკებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
კითხვა: მაპატიეთ, მაგრამ სამი დღე ისინი ფიქრობდნენ, თუ ჩვენ?
ვ. პუტინი: ისინი იერიშზე მოდიოდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები? მაგრამ კიდევ გიმეორებთ: შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ აქ ნამდვილად უნდა კარგად დაფიქრება. დაფიქრება ყოველთვის საჭიროა“.
მეორედ პუტინმა ისაუბრა 8 აგვისტოს, ს. სარქსიანის ვიზიტის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე:
ვ. პუტინი: გეგმა არსებობდა და, ჩემი აზრით, ეს საიდუმლო როდია, რუსეთის მხარე სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა. ამაზე საჯაროდ ადრეც მითქვამს. ვიმეორებ, ეს საიდუმლო არ არის.
გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა, სადღაც, 2006-ის ბოლოს, თუ 2007-ის დასაწყისში. ის მე დავამტკიცე, შევათანხმე. მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში ტარდებოდა სამხრეთოსური რაზმების მომზადებაც. მართალია, გულახდილად გეტყვით, ჩვენი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს, მეტ-ნაკლებად, უსარგებლო საქმეა, რადგან გულისხმობდნენ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი, თუნდაც, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის რეგულარულ არმიასთან დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი ძალიანაც გამოსადეგი აღმოჩნდა, დიდი სიმამაცით იცავდნენ სამშობლოს.
და სამი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიის მოსვლამდე, არსებითად ისინი და ჩვენი სამშვიდობოები უწევდნენ წინააღმდეგობას ქართული ფორმირებების შემოტევას. ამიტომ მათ თავისი როლი შეასრულეს. ამ გეგმის ფარგლებში იყო მობილიზებული ტექნიკა, და ა. შ. და ა. შ. ასე რომ, აქ არაფერია საიდუმლო. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ზარებს, მე ორჯერ დავურეკე დიმიტრი ანატოლის ძეს, 7-შიც და 8-შიც, და თავდაცვის მინისტრსაც. ჩვენ ვიხილავდით ამ პრობლემას“.
ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, ვ. პუტინის შემდეგ გამონათქვამებზე კონცენტრირდა: 1) მან დაურეკა დ. მედვედევს 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს;
2) რუსეთს ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებათა გეგმა, მომზადებული გენერალური შტაბის მიერ 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცებული ვ. პუტინის მიერ, რომელიც იმხანად რუსეთის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო;
3) ამ გეგმის ფარგლებში მიმდინარეობდა „სამხრეთოსური რაზმების“ მომზადება, „ტექნიკის მობილიზება“ და, ასევე, „და ა. შ. და ა. შ.“. ეს განცხადებები დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს, რადგან 2012 წლის აგვისტოსთვის უკვე ცნობილი იყო რუსულ-ქართული ომის მომზადებისა და წარმოების შესახებ.
1. დაურეკა თუ არა პუტინმა მედვედევს მითითებულ დღეებში? ზემოქმედებდა თუ არა იგი რაიმე სახით მედვედევზე? დამოუკიდებლად იღებდა თუ არა გადაწყვეტილებებს მედვედევი? _ ამ კითხვების მნიშვნელობა არ სცდება ორი ზემოხსენებული მოქალაქის პირადი ურთიერთობების ფარგლებს. ამ ინფორმაციას არანაირი არსებითი კორექტივი არ შეაქვს რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიაში. როგორც ადრეც ვიცოდით, ომისთვის მრავალწლიანი მასშტაბური მზადება, ასე თუ ისე, ძირითადად, ვ. პუტინის მითითებებითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რუსეთის ხელისუფლების 2008 წლის 7-8 აგვისტოს გადაწყვეტილებებზე უშუალო პასუხისმგებლობა კი მაინც დ. მედვედევს დააწვა;
2. ის, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოზე თავდასხმის გეგმა ჰქონდა, რომელიც წლების მანძილზე მზადდებოდა და ხორციელდებოდა, ცნობილი იყო 2012 წლის 8 აგვისტომდეც. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშე სასარგებლოა პუტინის მიერ ამ გეგმის არსებობისა და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ მისი დამტკიცების ფაქტის დადასტურებაც.
მაგრამ ეს ადრეც იცოდა და თუ არ იცოდა, ხვდებოდა მაინც ყველა, ვინც, მეტ-ნაკლებად, სერიოზულად დაინტერესებულა რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიით;
3. არც ის იყო დიდი საიდუმლო, რომ რუსეთის ხელისუფლება, მის მიერ ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულების უხეში დარღვევით, მინიმუმ, 2004 წლიდან წვრთნიდა სამხრეთ ოსეთის მებრძოლებს (სწორედ მებრძოლებს, რადგან რუსეთის მიერ ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ეკრძალებოდა, ჰქონოდა თავდაცვის სამინისტრო და ჰყოლოდა რეგულარული შეიარაღებული ძალები), ყველაზე გვიან _ 2003 წლიდან აწვდიდა სამხრეთ ოსეთს მძიმე სამხედრო ტექნიკას (ტანკების ჩათვლით) და ეწეოდა იმას, რაც პუტინმა აღწერა, როგორც „და ა. შ. და ა. შ.“ (როგორც ჩანს, მათ შორის, საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აკრძალული სამხედრო ბაზების მშენებლობას). თუმცა, 2012 წლის 8 აგვისტოს განცხადების საპირისპიროდ, ადრე პუტინს ამაზე არასოდეს უსაუბრია. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ.
მაგრამ გარდა ამ სამი პუნქტისა პუტინმა კიდევ თქვა რაღაც, რისთვისაც საზოგადოებას ყურადღება აქამდე არ მიუქცევია. ჯერ ერთი, პუტინმა გვამცნო, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სამხრეთ ოსეთის „ბოევიკების“ მომზადება „მეტ-ნაკლებად, უსარგებლო“ საქმე ყოფილა.
სხვა სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ „2006-07 წწ-ის ყაიდის“ გენშტაბის გეგმის ფარგლებში ხორციელდებოდა მათი მომზადება, რუსეთის გენშტაბში ამ რესურსზე სერიოზულ იმედს არავინ ამყარებდა.
ანუ საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვისას რუსეთის არმიის გენშტაბი მის განხორციელებას თავიდანვე საკუთარი ძალებით, ანუ რუსეთის არმიის მუდმივი ქვედანაყოფების მეშვეობით აპირებდა.
შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში რა ჰიპოთეზებიც არ უნდა წამოწეულიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ოსები, თითქოს, დამოუკიდებლად აპირებდნენ გორის (ბორჯომის, თბილისის და სხვ.) აღებას, „საქართველოში რევოლუციის“ მოხდენას, თბილისის მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდებას, მთელი ეს ბლეფი გათვლილი იყო, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ საზოგადოებაზე მაშინ, როცა თავად გენშტაბი ამას სერიოზულად არც კი უყურებდა. რეალობა კი ისაა, რომ გენშტაბი, მინიმუმ, 2006-07 წწ-დან გეგმავდა საჯარისო ოპერაციას, რომელიც რუსული არმიის რეგულარულ ქვედანაყოფებს უნდა განეხორციელებინათ.
მეორე: პუტინმა გვამცნო, რომ ოსი „ბოევიკები“ და რუსი სამშვიდობოები ერთობლივად მოქმედებდნენ: „…სამი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიის მოსვლამდე, არსებითად ისინი („სამხრეთოსური რაზმები“) და ჩვენი სამშვიდობოები უწევდნენ წინააღმდეგობას ქართული ფორმირებების შემოტევას.
ამიტომ მათ თავისი როლი შეასრულეს. ამ გეგმის ფარგლებში იყო მობილიზებული ტექნიკა და ა. შ. და ა. შ. ასე რომ, აქ არაფერია საიდუმლო. ამაზე უკვე ვისაუბრეთ“. ამით პუტინმა პირადად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელთა სახელწოდებით მყოფ რუსულ საჯარისო ქვედანაყოფებს კონფლიქტში მონაწილე მხარეების დაშორიშორებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის განხორციელებული ქმედებების (სამშვიდობოთა ოფიციალური მანდატი) ნაცვლად, სულ სხვა ამოცანა ჰქონდათ დასახული _ „სამხრეთ ოსეთის“ „ბოევიკებთან“ ერთობლივი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.
მესამე: პუტინმა დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების (როგორც ჩანს, მისი და მედვედევის) მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების თაობაზე უმნიშვნელოვანესი განკარგულებების გაცემის დრო და თარიღი. პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენების („საბრძოლო მოქმედებების დაწყების“) თაობაზე განკარგულების გაცემაზე ფიქრისთვის მას (რუსეთის ხელისუფლებას) სამი დღე დასჭირდა.
ეს რას ნიშნავს? 58-ე არმიის მეთაურის, ხრულიოვის თქმით, მან საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრანება 8 აგვისტოს 00.03-ზე გასცა, 00.07-ზე ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქიდან (СКВО) დამადასტურებელი სიგნალი მიიღო და ამის შემდეგ „საბრძოლო სამუშაო დაიწყო“, 00.15 ხრულიოვი და СКВО-ს მეთაური ს. მაკაროვი უკვე საბრძოლო მართვის ცენტრში (ЦБУ – центр боевого управления) იყვნენ, იქ „განაგრძეს საბრძოლო სამუშაო“, ხოლო 8 აგვისტოს 00.22-ზე, 693-ე პოლკის სარდალ კაზაჩენკოს თქმით, მან უკვე გენერალური შტაბის ბრძანება მიიღო ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების დასაწყებად.
ამრიგად, საქართველოს წინააღმდეგ რუსული ჯარის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების (რუსი სამხედროების აღქმით) ბრძანების გაცემის დრო საკმაოდ ზუსტადაა იდენტიფიცირებული _ 8 აგვისტოს 00.03. _ პუტინმა გვაუწყა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ განკარგულების გაცემაზე ის (და, შესაძლოა, მის მიერ დაუსახელებელი ადამიანები) სამი დღე „ფიქრობდნენ“. ეს ბრძანება თუ 8 აგვისტოს ნაშუაღამევს გაიცა, ე. ი. სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე „ფიქრების“ დასაწყისი 4-დან 5 აგვისტოს ღამეზე უნდა მოდიოდეს.
რაიმე გაურკვევლობის გამოსარიცხად პუტინმა დამატებით თავადვე მიუთითა ზუსტი თარიღი, საიდანაც ათვლას იწყებდა _ 4-5 აგვისტო. აქედან გამომდინარე, 2008 წლის 4-5 აგვისტოს მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი, შესამჩნევი, დასამახსოვრებელი, რამაც საშუალება მისცა პუტინს, ამის შესახებ ოთხი წლის შემდეგაც ხსომებოდა. მართალია, ამ განცხადების გაკეთებისას პუტინი აშკარად მსმენელების (მკითხველების) შეცდომაში შეყვანას ცდილობდა, ამტკიცებდა რა, თითქოს ამ დროს „შემოვიდა ქართული არმია“:
ვ. პუტინი: რა თქმა უნდა, ჯარის შემოსვლა, სროლები, რეალურად, სადღაც, 4-5 რიცხვში დაიწყო. ახლა ზუსტად არც მახსოვს, მგონი, 5-ში.
რეპლიკა: მაგრამ ამ დროს ხომ ქართული არმია მოქმედებდა?
ვ. პუტინი: სწორედ მასზე ვსაუბრობ, ის შემოვიდა, დაახლოებით, 4-5 რიცხვში _ 6-ში უკვე მასირებული სროლები დაიწყო არტილერიის, ტანკებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით“.
კარგადაა ცნობილი, რომ ეს დებულება სინამდვილეს არ შეესაბამება. ქართული ჯარისთვის განკარგულების გაცემისა და საბრძოლო მოქმედებების დაწყების დრო, ჯერ კიდევ, 2008 წლის შემოდგომაზე იყო იდენტიფიცირებული.
ეს მოხდა საქართველოს უშიშროების საბჭოს დასრულებისთანავე, 7 აგვისტოს, დაახლოებით, 14.30-ზე. შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში საკუთარი პოზიციების დატოვება ქართველმა ოფიცრებმა, თავად პუტინისავე თქმით, მხოლოდ 7 აგვისტოს 14.42-ზე დაიწყეს, ხოლო მძიმე არტილერიის მოქმედება, პუტინის მიხედვითაც კი (მისი 4 წლის წინანდელი ინტერვიუ CNN-თან) ამის შემდეგ დაიწყო.
ამდენად, საქართველოს მხრიდან არანაირ მოქმედებებს, რომელთა ინტერპრეტირება შესაძლებელი იქნებოდა, როგორც სამხედრო მოქმედებების, ან თუნდაც, მათთვის მომზადება, 7 აგვისტოს 14.42-მდე ნამდვილად არ ყოფილა. ისმის კითხვა, _ და მაინც, რა მოხდა 4-5 აგვისტოს, როცა პუტინმა დაიწყო „ფიქრი“ ბრძანების გაცემაზე სამხედრო მოქმედებების დასაწყებად? სახელდობრ, ვისი „შემოსული არმია“ ჰყავდა მას მხედველობაში?
4-5 აგვისტოდან მოყოლებული ვისი მხრიდან „დაწყებულ მასირებულ სროლებზე“ საუბრობდა ის „არტილერიის, ტანკებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით“?
რადგან ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განკარგულება საკუთარი ბაზების დატოვების თაობაზე მხოლოდ 7 აგვისტოს 14.30-ზე, ხოლო ცხინვალში სამხრეთოსური საბრძოლო პოზიციებისათვის ცეცხლის გახსნის შესახებ, მხოლოდ, 7 აგვისტოს 23.35-ზე მიიღეს, პუტინის მიერ დასახელებული თარიღი 4-დან 5 აგვისტოს ღამე _ სამხედრო მოქმედებების მკვეთრი გააქტიურების დასაწყისია არა ქართული, არამედ სამხრეთოსურ-რუსული მხარისა. პუტინის მიერ დასახელებული თარიღი _ 4-დან 5 აგვისტოს ღამე _ არის დრო მის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამხრეთოსურ ნაწილში რუსული რეგულარული ჯარის შეყვანის განკარგულების გაცემისა.
როგორც დაადასტურა ხრულიოვმა, სწორედ 5 აგვისტოს „დაამტკიცა“ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურმა მაკაროვმა „გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების შესახებ“. მე-6 საჰაუბიცო თვითმავალი-საარტილერიო ბატარეის 37271-ე ს/ნ-ის (292-ე პოლკი) რიგითმა ა. მარკუსმა თავის ქვედანაყოფთან ერთად სწორედ 5 აგვისტოს დილას ადრე დატოვა მუდმივი დისლოკაციის პუნქტი და „საქართველოსთან ომში“ გაემგზავრა:
„5 აგვისტოს დილას ადრე მივიღეთ მუდმივი დისლოკაციის ადგილის დატოვებისა დასახლებულ პუნქტ ტარსკოეს მახლობლად პოზიციების დაკავების ბრძანება. ექვს საათზე სამხედრო ტექნიკამ უკვე დატოვა საბრძოლო მანქანების პარკი ქ. ვლადიკავკაზში. ყველაფერი სამუშაო რეჟიმით მიმდინარეობდა, ფაციფუცისა და „მანდრაჟის“ გარეშე. საბრძოლო მანქანაში რომ ვიჯექი, ჩემი „მოგზაურობის“ შესახებ სამშობლოში შეტყობინება გადავწყვიტე… კიტელის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოვიღე და მას შეტყობინება გავუგზავნე, სადაც საქართველოს მიმართულებით ჯარების გადაადგილებაზე ვუამბე და ვთხოვე, ჩემი ნათესავებისთვის არაფერი ეთქვა. დიდხანს ვფიქრობდი: სწორად მოვიქეცი, ახლობლებს რომ არაფერი ვუთხარი?.. ალბათ, სწორად მოვიქეცი. ხუთში რომ მათთვის ჯარის გადასროლაზე მეთქვა, რვაში კი ტელევიზიით ომის დაწყება გამოცხადდა, არ ვიცი, რა დაემართებოდათ…
დაღამდა, როცა დანიშნულების ადგილზე მივედით. დასვენება ვერ მოვასწარით, რომ ახალ საქმეს შევუდექით… ვლადიკავკაზიდან დაუსრულებელ ნაკადად მოდიოდნენ საბრძოლო მასალით დატვირთული „КАМАЗ“-ები. შუაღამემდე, ფარების შუქზე მოგვიხდა ჭურვების გადმოტვირთვა, შემდეგ კი მათ 2C3M-ში ვალაგებდით. ახლაღა გახდა თვალსაჩინო აღქმა ომის დაწყების გარდაუვლობისა… დაძინების უფლება ღამის სამი საათისთვის მოგვცეს…“.
სწორედ 5 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში სამშვიდობოების სახელწოდებით გადაისროლეს სპეცრაზმის მე-10 ბრიგადის 107-ე რაზმი (ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების ყოველგვარი თანხმობისა და, თუნდაც, ინფორმირების გარეშე და, შესაბამისად, რუსეთის მიერ ხელმოწერილი დაგომისის შეთანხმების უხეში დარღვევით):
„შვილი როსტოვის ოლქში მსახურობდა, 5 აგვისტოს დამირეკა და მითხრა, რომ ოსეთში მიდიან, _ ტირილით ყვება დაღუპული გმირის დედა“.
ამრიგად, თავისი კომენტარით ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ, უკვე თავის დონეზე, დაადასტურა ადრე დადგენილი დრო და რიცხვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად რუსეთის ხელისუფლების საკვანძო განკარგულების გაცემისა, განკარგულების რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ იმ დროისთვის რუსეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად აღიარებული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე.
ეს არის 2008 წლის ღამე 4-დან 5 აგვისტომდე. პუტინმა მშვენივრად იცოდა, რომ ასეთი განკარგულების გაცემა ომს ნიშნავდა, ამიტომაც კარგად დაიხსომა თარიღი და დრო, როცა (კოლეგებთან ერთად) გასცა ასეთი განკარგულება.
კარგად დაიხსომა სამი შემდგომი დღეც, როცა ის და მისი კოლეგები გამალებულად „ფიქრობდნენ“, ახლა კონკრეტულად როდის გაეცათ ბრძანება ცეცხლის გახსნის (მათი გაგებით _ საბრძოლო მოქმედებების დაწყების) შესახებ ჯარისთვის, რომელიც უკვე იყო განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე და ჯარისთვის, რომელიც იქ ჯერ არ იყო.
იმის შიშით, რომ სამხრეთ ოსეთის „მთებში“ განლაგებული რეგულარული რუსული ჯარი ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა აღმოეჩინათ, რაც, თავისთავად, რუსეთის საერთაშორისო აგრესიაში სრულიად საფუძვლიანი დადანაშაულების საგნად იქცეოდა, რუსეთის ხელისუფლებამ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასაწყებად ქართველების მიერ სამხრეთოსური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნა გამოიყენა.
შესაბამისი განკარგულება ხრულიოვმა 8 აგვისტოს 00.03-ზე გასცა _ ქართული ცეცხლის გახსნიდან 28 წუთის შემდეგ და ორნახევარი საათით ადრე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარის შემოსვლამდე.
უნდა აღვნიშნოთ, რომ პუტინიცა და მედვედევიც და რუსი გენერლებიც ცდილობენ გააცალკევონ 2008 წლის 8 აგვისტოს შუაღამიდან 3 წუთში გაცემული ბრძანება საბრძოლო მოქმედებების დაწყების (ცეცხლის გახსნის) თაობაზე და 4-დან 5 აგვისტომდე ღამით გაცემული ბრძანება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის განლაგების შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, მათი აზრით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არ უნდა ნიშნავდეს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის აზრი განსხვავდება მათი აზრისაგან:
აგრესიის განსაზღვრება დამტკიცებულია გაერო-ს ასამბლეის 3314-ე (XXIX) რეზოლუციით 1974 წლის 14 დეკემბერს…
მუხლი 2. ქარტიის მიხედვით, ვინც პირველი იყენებს შეიარაღებულ ძალებს, აგრესიის აქტის prima facie დადასტურებას წარმოადგენს…
მუხლი 3. ნებისმიერი შემდგომი ქმედება, მიუხედავად ომის გამოცხადებისა, მე-2 მუხლის დებულებების გათვალისწინებითა და შესაბამისად, დაკვალიფიცირდება, როგორც აგრესიის აქტი:
ა) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ან თავდასხმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან ამგვარი შეჭრისა თუ თავდასხმის შედეგად ნებისმიერი ოკუპაცია, რაგინდ დროებით ხასიათსაც არ უნდა ატარებდეს, ან ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს, ან მისი ნაწილის ნებისმიერი ანექსია; …
ბ) მიმღებ სახელმწიფოსთან შეთანხმებით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, ან შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მათი ყოფნის ნებისმიერი გახანგრძლივება; …
გ) სახელმწიფოს მიერ, ან სახელმწიფოს სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, არარეგულარული ძალების, ან დაქირავებულთა შეგზავნა, რომლებიც ახორციელებენ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენების ზემოჩამოთვლილი აქტების თანაზომად, სერიოზული ხასიათის მქონე აქტებს, ან მისი მონაწილეობა ამ აქტებში“.
საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების (რუსული რეგულარული ჯარის მონაწილეობით) დროის იდენტიფიცირება საშუალებას გვაძლევს, ასევე, დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 7 აგვისტოს 23.35-ზე სამხრეთოსური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება სულაც არ არის არსებითი (ომის დაწყების ფაქტის თვალსაზრისით).
იქნებოდა თუ არ იქნებოდა გაცემული ეს განკარგულება, გაუხსნიდნენ ცეცხლს ცხინვალს, თუ არ გაუხსნიდნენ, ამ დროს დაიღუპებოდნენ (ცალკე საკითხია: როგორ და რატომ) სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოსახლეობა, თუ არ დაიღუპებოდნენ _ რეალურად, სულაც არ ყოფილა არსებითი.
საქართველოს გასანადგურებლად გამიზნული რუსეთის სამხედრო მანქანა უკვე მოქოქილი იყო, ყველაზე გვიან, 5 აგვისტოდან. ამ დროიდან რუსეთის ჯარი უკვე იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოსთან არანაირ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლება არც აწარმოებდა და არც აპირებდა, ეწარმოებინა, 2006-07 წწ-ის დროინდელი გენშტაბის გეგმა კი ითვალისწინებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების განადგურებას, მიუხედავად მათი მოქმედებისა თუ უმოქმედობისა.
ახლა არა მარტო ვიცით, არამედ მნიშვნელოვანი დადასტურებაც მივიღეთ (მადლობა ვლადიმირ პუტინს ამ ცოდნის დამადასტურებელი ფასდაუდებელი ჩვენებებისთვის), რომ რუსეთ-საქართველოს ომის ყველაზე ცხელი ფაზა დაიწყო რუსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წლის 5 აგვისტოს.
არ გასულა რუსეთ-საქართველოს ომის ცხელი ფაზის (2008 წლის 5-22 აგვისტო) არც ერთი წლისთავი ისე, რომ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ავტორებს არ გაეზიარებინათ ახალი დეტალები, თუ რა, როდის და როგორ გააკეთეს. გამონაკლისი არც მე-4 წლისთავი აღმოჩნდა, რომელიც, როგორც მაღალჩინოსანი რუსი გენერლების, ისე ორივე პოლიტიკური ლიდერის თვითმხილებათა ტალღით აღინიშნა“.

ლაშა ბერულავა