დავით გამცემლიძე: „რუსეთს აღარ დარჩა ბერკეტი, ხელი შეუშალოს აშშ-ის სამხედრო „შემოსვლას“ საქართველოში“

სირიაში მიმდინარე მოვლენები, შესაძლოა, საქართველოს ისტორიულ შანსად იქცეს. ამის შესახებ ღიად სულ რამდენიმე ანალიტიკოსი საუბრობს, ხოლო პოლიტიკოსები, როგორც ყოველთვის, დუმან. საზოგადოებას კი ამ _ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე _ საფიქრალად დრო არ აქვს, უფრო სწორად, სხვა პრიორიტეტებით ცხოვრობს.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ანალიტიკოსს _ დავით გამცემლიძეს ესაუბრა:

_ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მცირერიცხოვან ქართველ ანალიტიკოსებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში, მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, საქართველოსთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. რადგან პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები ამ თემის გარეშემო არც კი საუბრობენ, ხოლო საზოგადოებას საერთოდ სხვა წუხილები აქვს, იქნებ, გასაგებად და ვრცლად ვისაუბროთ ამ თემაზე. ანუ რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს თურქეთის ანტიქურთულმა კამპანიამ?
_ ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ ამა თუ იმ ერისა და ქვეყნის ბედი მისგან დამოუკიდებელ ფაქტორებს გადაუწყვეტია დადებითად ან უარყოფითად _ საბედნიეროდ თუ საბედისწეროდ.
საქართველო პატარა ქვეყანაა. ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავი მარცხი ვიწვნიეთ. მათი დიდი ნაწილი ჩვენივე საბედისწერო შეცდომების შედეგია, მაგრამ იყო ჩვენგან დამოუკიდებელ ფაქტორთა თანხვედრაც, რომელთა შეცვლა, ან, თუნდაც, მნიშვნელოვნად ნიველირება ქართულ პოლიტიკას აპრიორი არ შეეძლო. აბა, მაგალითად, საქართველოს რა უნდა ეღონა იმ უძლიერესი ტრენდის პასუხად ან შესაჩერებლად, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი 2008 წლისთვის დაიღალა ჯორჯ-ბუში უმცროსის რადიკალური და უკომპრომისო პოლიტიკით ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ერაყის ომით და იმის გაგონებაც არ სურდა, ამერიკა საქართველოს გამო კიდევ რუსეთს დაპირისპირებოდა. ამ მომენტით მოსკოვმა ბრწყინვალედ ისარგებლა.
დღეს საქართველოს მეზობლად ასევე მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც პირდაპირ ეხება ამერიკის, ე. ი. ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფოსა და მისი სტრატეგიული მოკავშირის, ისრაელის ინტერესებს: თურქეთი ცდილობს, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს „ქურთული პრობლემა“ ისე, როგორც 1970-იან წლებში კვიპროსის პრობლემა გადაწყვიტა, ანუ სამხედრო ძალის გამოყენებით. ოღონდ იმ დიფერენცირებით, რომ კვიპროსზე ინტერვენციის დროსაც კი თურქეთის ლიდერები ასე ღიად არ აკრიტიკებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი პირდაპირ ემუქრება ამერიკას სამხედრო შეტაკებით, თუ პენტაგონი შეეცდება, ხელი შეუშალოს „სირიული ქურთისტანის“ პრობლემის გადაწყვეტას. მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ბრძოლები სირიის ჩრდილოეთით. თურქული არმია ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში, მაგრამ უჭირს წინსვლა.
ეს ომი პირდაპირ ეხება ერდოღანის პრესტიჟს და მის „სახელმწიფოებრივ პროექტს“, რომელიც თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის პარადიგმის რევიზიას ისახავს მიზნად: პირველად თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში! შესაბამისად, ამ ომში დამარცხება ერდოღანისთვის უსასტიკესი დარტყმა იქნება და შემდგომი წარუმატებლობის კვალობაზე იგი აუცილებლად შეეცდება იპოვოს „გარეშე მტერი“, რომელსაც დააბრალებს წარუმატებლობას. ამდენად, სწორედ ამერიკისგან შექმნის „მტრის ხატს“, რაკი ვაშინგტონი როგორც ჰუმანიტარულად, ასევე იარაღის მიწოდებით ეხმარება ქურთულ რაზმებს, ჯერჯერობით, მეტ-ნაკლები წარმატებით მოიგერიონ თურქეთის უძლიერესი არმია.
_ ერდოღანის პრეტენზიები აშშ-ის მიმართ ახლა არ გაჟღერებულა, იყო კონკრეტული ქმედებებიც…
_ დიახ, გავიხსენოთ შარშანწინდელი მოვლენები, როდესაც ერდოღანი პირდაპირ ადანაშაულებდა ვაშინგტონს ქემალისტი მეამბოხე სამხედროების მხარდაჭერაში. ეს წინააღმდეგობები გროვდება და საფრთხეც ექმნება ამერიკის სამხედრო ყოფნას თურქეთში. კერძოდ, ინჯირლიყის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც ანალოგი არ მოეძევება მთელ რეგიონში ინფრასტრუქტურით და შესაძლებლობებით.
შესაბამისად, რაკი ბოლო 70 წლის განმავლობაში ქემალისტური თურქეთი ამერიკის მთავარი დასაყრდენი იყო „დიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის“ ჩრდილოეთ ნაწილში, ვაშინგტონს აუცილებლად დასჭირდება ლოიალური დასაყრდენი, სადაც გამოირიცხება ანტიამერიკანიზმისა და ისლამიზმის რისკები. ასეთი დასაყრდენი ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველო შეიძლება იყოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი სტარატეგოსები ასეთ შესაძლებლობას ჰიპოთეტურად უკვე განიხილავენ. ამაზე მეტყველებს უპრეცედენტოდ მასშტაბურ სამხედრო წვრთნათა გახშირება. ეს არის „ამერიკული ძალის“ დემონსტრირება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკვე თურქეთის მიმართაც!
_ ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც თურქეთში განთავსებული ნატოს, რეალურად კი აშშ-ის სამხედრო ბაზა თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს, მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ჩვენ ამ მიმართულებით ვერავითარი სიმპტომი ვერ ვნახეთ. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობაზე, დაშვებასა და სურვილზე თუ, შანსზე, რომელიც სწორი ნაბიჯების შემთხვევაში შესაძლოა, რეალობად იქცეს?
_ პოლიტიკა „შესაძლებლის ხელოვნებაა“. ეს დებულება იმას ნიშნავს, რომ „შესაძლებლობათა სივრცე“, ანუ როგორც დიპლომატები ამბობენ ხოლმე, „შესაძლებლობათა ფანჯარა“ უკვე თავისთავად იძენს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას. ამიტომაც იმეორებენ ხშირად განსაკუთრებით არადიპლომატები, არამედ სამხედრო სტრატეგოსები ბისმარკის სიტყვებს: „მთავარია არა განზრახვა, არამედ პოტენციალი“.
სხვაგვარად თუ ვიტყვით: ის, რომ ამერიკას, პოტენციურად, ძალუძს მოიპოვოს საქართველოს სახით თურქეთის „საპირწონე“, თანაც ბევრად ლოიალური, სტაბილური, ისეთი „შესაძლებლობაა“, რომ დროთა განმავლობაში სტანისლავსკის თოფივით გაისვრის აუცილებლად. როდის და რა ვითარებაში, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ქართული დიპლომატია და პოლიტიკა, ჩვენი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მუდამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროცესთა დაჩქარება არ ძალგვიძს, მაგრამ დიდი მიღწევა და წარამტება იქნება, თუ მოვახერხებთ და ხელს მაინც არ შევუშლით, როგორც არაერთგზის მომხდარა ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენი პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ელიტების უპასუხისმგებლობით, უმწიფრობითა და პათოლოგიური შიდა დაპირისპირებებით.
_ სირიაში ხომ მოვლენები საკმაოდ რთული კონფიგურაციით განვითარდა? რატომ აღმოჩნდა სირია ასეთი განსაკუთრებული და დაპირისპირებაში საქართველო რა შუაშია?
_ შეგახსენებთ ჯორჯ-ბუში უმცროსის ისტორიულ სიტყვას 2005 წლის 10 მაისს თავისუფლების მოედანზე. ყველას ვურჩევ, მოიძიოს ეს „სფიჩი“, საკმაოდ იოლია და ყურადღებით წაიკითხოს: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და რუსეთი იმ სიტყვაში, ფაქტობრივად, არ არის ნახსენები. მხოლოდ „გაკვრით“ და ძალიან ბუნდოვნად. ასევე მთელი პოსტსაბჭოური სივრცეც.
სამაგიეროდ, პრეზიდენტ ბუშის „სფიჩში“ ძალიან ხშირადაა ნახსენები ახლო აღმოსავლეთი და ამ რეგიონის წევრი ქვეყნები. „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ კონცეფცია ბუშის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მანვე შეამზადა საფუძველი „არაბული გაზაფხულისთვის“. სირია ამ კონცეპტის ყველაზე რთულ გამოცდად იქცა. შეიძლება ითქვას, სირიაში მიმდინარეობს მთელი რეგიონის „პოსტმოდერნიზების“, თუ „გადაფორმატირების“ პროცესი: რუსეთი ბრუნდება ხმელთაშუა ზღვაზე, ხოლო თურქეთი, როგორც მოგახსენეთ, სირიის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას ცდილობს, რათა არ დაუშვას ქურთული სახელმწიფოს დაფუძნება.
ეს პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ამერიკისთვისაც, რომ გარწმუნებთ, „მცირე სიდიდეები“ აქ აღარ იარსებებს, ხოლო მოვლენათა რადიკალური განვითარების შემთხვევაში, საქართველოს გაუჩნდება ისტორიული შანსი, იქცეს გლობალური ზესახელმწიფოს საყრდენად. ამასთან შედარებით ნატოს „საგზაო რუკაც“ კი წვრილმანად მოგვეჩვენება: ბოლოს და ბოლოს, ნატოს წევრობა ჩვენთვის თვითმიზანი კი არ არის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმია.
პენტაგონი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. უბრალოდ, ჩვენთვის სასარგებლო ალბათობის საწინააღმდეგოდ მუშაობს სრული გაურკვევლობა, რაც ამერიკულ ისტებლიშმენტში სუფევს ტრამპის ფენომენთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკა დიდი სახელმწიფოა და ასეთ გადაწყვეტილებებს „ელიტური კონსენსუსის“ საფუძველზე იღებს.
_ უკვე ცხადი ხდება, რატომ დაუტკბნენ ერთმანეთს ერდოღანი და პუტინი. შეიკრა ერთგვარი ანტიქურთული კოალიციაც: თურქეთი, რუსეთი, ირანი, სირია და მეორე მხარეს აშშ-ისრაელი და შესაძლოა, საუდის არაბეთიც მოვიაზროთ. საით არის უპირატესობა?
_ სირიაში მყარდება რთული ბალანსი, რომელიც ძალთა რეალურ შეფარდებას ეფუძნება. ზოგი რამ უკვე დაბეჯითებითაც შეიძლება ითქვას: სწორედ ასე, დარწმუნებით ვიტყვი, რომ „ერთიანი სირიული სახელმწიფო“ ისტორიულად აღარ არსებობს და აღარც იარსებებს იმ საზღვრებში, რაც აღიარებულია გაეროს მიერ. სირია ძალიან დიდი ხნით იყოფა სხვადასხვა გლობალურ ძალთა გავლენის სფეროებად. რუსეთის მიზანი ზღვისპირეთის დაკავება იყო და არა სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტარტუსისა და ხმენინის ბაზებით პუტინმა მიაღწია მთავარ მიზანს: გამორიცხა ყატარიდან თურქეთის გავლით ევროპაში დიდი გაზსადენის გაყვანა, რომელიც გაანადგურებდა „გაზპრომის“ შესაძლებლობებს ევროპის ბაზრებზე.
ამერიკის მიზანია, არ მისცეს საშუალება სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადს, გაანადგუროს ოპოზიცია და მოსპოს ოპოზიციურ ძალთა კონტროლირებადი არეალი, მათ შორის, ქურთებით დასახლებული რეგიონი. გარდა ამისა, არ დაუშვას ირანის გასვლა, შიიტური ორგანიზაცია „ჰესბოლას“ მეშვეობით, სირია-ისრაელის საზღვარზე.
ამ ბალანსის საბოლოო ჩამოყალიბების პროცესმა შესაძლოა, საქართველოც ჩაითრიოს და ამჯერად ვერაფერს უარყოფითს ამაში ვერ ვხედავ _ მხოლოდ დადებითი და პოზიტიური შანსები იქმნება ჩვენი ქვეყნისთვის, რათა იგი მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმებოდეს, პირველ რიგში, ამერიკისგან.
_ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში, რომელიც ტრამპი-ერდოღანის სატელეფონო საუბარს შეეხებოდა, აღნიშნულია, რომ ტრამპა ერთდოღანს მოუწოდა, საქმე არ მივიდეს სამხედრო დაპირისპირებამდე. საუბარია აშშ-ისა და თურქეთის სამხედრო დაპირისპირებაზე. ერდოღანი ვერ გრნობს ამ საფრთხეს, თუ მესამე მსოფლიოს პროვოცირებს?
_ ერდოღანი, როგორც მოგახსენეთ, ქემალ ათათურქის სახელმწიფოებრივი პარადიგმის შეცვლას ლამობს. მისი პროექტი „ისლამიზებული თურქული ნაციონალიზმია“. ეს პროექტი კი სულ უფრო ეწინააღმდეგება ამერიკის სტრატეგიას რეგიონში; თუმცა ბევრი რამ „ქურთისტანის ბრძოლის ველზე“ გადაწყდება. ისიც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მოახერხებს ამერიკა ერდოღანის შეკავებას „პროქსი“ ზემოქმედებით, ანუ არა პირდაპირ, არამედ საკუთარი „კლიენტების“ მეშვეობით. მხედველობაში მაქვს ქურთების მოძრაობა.
აქვე ვიტყვი, რომ უდიდესი ყურადღება გვმართებს აჭარის მიმართ! უდიდესი! სწორედ ამ რეგიონში უნდა დისლოცირდებოდნენ დღეს ჩვენი არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები. ერდოღანისა და სხვა თურქი ლიდერების განცხადებები აჭარის მიმართ ასევე „ფანქრით ხელში“ უნდა წავიკითხოთ.
_ ვითარების გამწვავებისას სად იქნება ნატო, რომელსაც, რეალურად, კოალიციის შიგნით ექნება დაპირისპირება?
_ ალბათ, მოვიდა დრო, არაპოლიტკორექტულად ვთქვათ, რომ NAთO-ს სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი _ თურქეთის გამოკლებით _ 80%-ით ამერიკაა! სწორედ ამერიკა ასრულებს ამ ორგანიზაციაში „პირველი ვიოლინოს“ პარტიას. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, როგორც ორგანიზაციას, მაშინაც კი გაუჭირდა კონსოლიდირებული პოზიციის დაკავება, როცა თურქმა მებრძოლებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსი მფრინავი მოკლეს და ანკარა ბრიუსელს მხარდაჭერის დემონსტრირებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. პოლიტიკურად, ამ ალიანსის პოზიცია ამერიკისთვის უმნიშვნელო ფაქტორი სულაც არ არის, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალის პროექცირების არათუ 80%, არამედ დღეს უკვე 100% ამერიკის შეიარაღებული ძალებით ხორციელდება! ეს უდავო ფაქტია.
_ ამერიკას ყატარშიც აქვს სამხედრო ბაზები და ქუვეითშიც; ხმელთაშუა ზღვაზე მეექვსე ფლოტი. და მაინც, თუ საქართველოში გადაწყვეტს სამხედრო ბაზის განთავსებას, როგორი იქნება თურქეთის რეაქცია და არის თუ არა მოსალოდნელი ვითარების გამწვავება ანკარასთან? ამიტომ ხომ არ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება რეალური მოქმედებებისგან?
_ ღრმად ვარ დაწრმუნებული, რომ როდესაც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტისას ამერიკის არმიამ საქართველოში „დემონსტრაციული მარში“ მოაწყო ფოთიდან-თბილისისკენ, ეს იყო „გზავნილი“ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თურქეთის მიმართაც. და თუ ამერიკის სამხედრო ისტებლიშმენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება ტექნოლოგიურად ისე განხორციელდება, რომ ვერც რუსეთი და ვერც თურქეთი „მკვეთრი მოძრაობის“ გაკეთებას ვერ შეძლებს.
ერთადერთი, ისევ და ისევ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს აჭარის მიმართ. შეგახსენებთ: 2008 წლის ომის დროს, როდესაც რუსული არმია ფოთიდან ჩოლოქისკენ დაიძრა, რუსი „საზღვაო ქვეითები“ უკვე მზად იყვნენ აჭარაში დესანტირებისთვის იმ საბაბით, რომ მოსახლეობა „დაეცვათ“.
_ დღეის მდგომარეობით, თურქეთის მოკავშირე მოსკოვი არ გაბრაზდება? და როგორ აისახება ეს პროცესი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით?
_ რუსეთს აღარ დარჩა ბერკეტი, რათა ხელი შეუშალოს ამერიკის სამხედრო „შემოსვლას“ საქართველოში, თუ ჩვენ არ დავისახავთ არარეალურ მიზანს და ამ რესურსით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაუყოვნებლივ აღდგენას არ მოვინდომებთ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, როგორც პოეტურად იტყვიან, „ვარსკვლავნი დალაგდნენ საბედნიეროდ ჩვენდა“.
_ თქვენ ხშირად იმეორებთ ხოლმე კონრად ადენაუერის სიტყვებს: „სჯობს ნახევარი გერმანია მთლიანად, ვიდრე მთელი გერმანია სანახევროდ!“ ეს სიტყვები კანცლერმა გერმანიის გაერთიანებამდე 36 წლით ადრე თქვა. ანუ ფიქრობთ, რომ უმჯობესია, ვიმოქმედოთ რეალურად და გავძლიერდეთ ყოველმხრივ, ხოლო ტერიტორიული აღდგენის პერსპექტივა ისტორიულ შანსს მივანდოთ?
_ სხვა შესაძლებლობა არც არსებობს: საკმარისია, გადავხედოთ, თუნდაც, „საქართველოს მიმართულების კურატორის“, გრიგორი კარასინის ბოლო ინვექტივებს საქართველოს წინააღმდეგ. მოსკოვს მიაჩნია, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა.
ერთადერთი, რაც ამ მიმართულებით დღეს ძალუძს საქართველოს, ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვცნოთ ამ სეპარატისტული „აპენდიქსების“ დამოუკიდებლობა და ყველგან, ყოველთვის, ყველანაირად ხელი უნდა შევუშალოთ მათ საერთაშორისო ლეგიტიმაციას.
არც ამერიკა და არც ის სამყარო, რომლის ლიდერიც ამერიკაა, არ აპირებენ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სრულიად პრაგმატული მიზეზებით, _ რათა არ წაახალისონ რუსეთის შემდგომი აგრესია და პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოსკოვური „დერჟავის“ აღდგენა. ამ ვითარებაში „ისტორიული მოთმინება“ საუკეთესო გრძელვადიანი სტრატეგიაა. ზუსტად ეს სტრატეგია აირჩია, თავის დროზე, გერმანიამ და ისტორიულად გაიმარჯვა კიდეც 1989 წელს.
_ ამ კონფიგურაციის განხილვისას აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, აწყობს კი ეს საქართველოს ხელისუფლებას? ანუ პირდაპირ ვიკითხავ: რადგან აქ ხელისუფლება, რეალურად, ერთი ადამიანი _ ბიძინა ივანიშვილია, რამდენად აწყობს მას ეს ყველაფერი და დაეთანხმება თუ არა აშშ-ის წინადადებას, თუკი ვაშინგტონში მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას? და რაც მთავარია, _ რის ფასად?
_ სამწუხაროდ, ჩვენში დამკვიდრებული სტერეოტიპები მოვლენათა და პროცესთა, ასევე მათ ფიგურანტთა რეალური პოზიციის „აღქმით დეფორმაციას“ იწვევს ხშირად. ბიძინა ივანიშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ამერიკაზე შეუდარებლად მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე რუსეთზე. რუსეთში აქტივები მას, ფაქტობრივად, აღარ დარჩა, თუ არ ჩავთვლით და ესეც სათუოა, „გაზპრომის“ ყბადაღებულ 1%-ს, რომელიც მსოფლო ბაზარზე ანონიმურადაც კი შეიძლება გაყიდოს ნებისმიერ მომენტში. ამიტომ თუ ივანიშვილს იმის გარანტია ექნება, რომ ამერიკული წინადადების მიღება რუსული სამხედრო აგრესიის ახალ საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს, მისი თანხმობა არ დააყოვნებს.
მთავარია, ამერიკამ მიიღოს გადაწყვეტილება, თორემ თუ გადაწყვიტა, ყველა წინაღობას გადალახავს.
_ დავიჯერო, რომ ქართველი დიპლომატები ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამენ?
_ დიპლომატიური რიტორიკა ქართული დიპლომატიის ძლიერი მხარე არ არის. ერთ-ერთმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 2008 წლის 10 აგვისტოს ჩNN-ის კითხვაზე: „ცხინვალში რომელ ლეგიტიმურ სამიზნეებს ბომბავდითო“? ამაყად უპასუხა: „სამხრეთ ოსეთის პარლამენტს!“
თუმცა იმედი ვიქონიოთ, კულუარული მუშაობის დროს მაინც (რაც დიპლომატიის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია), „ღვინის ჭიქითა“ თუ „ფინჯანი ყავით“ ხელში მოახერხებენ სასურველი გადაწყვეტილებების, თუნდაც, ნაწილობრივ ხელშეწყობას. მინიმუმ, შესაძლო ტენდენციათა აღქმას მაინც და ინფორმაციის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისთვის.
_ და მაინც, რისი გარანტია შეიძლება გახდეს აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში?
_ პირველ რიგში, იმის, რომ საქართველო აღარ დაკარგავს სხვა ტერიტორიებს! რატომღაც, ბევრს ჰგონია, თითქოს 2008 წელს რაც მოხდა, „იმაზე უარესი აღარ შეიძლება მოხდეს“. არადა, მოსკოვში უამრავი სხვადასხვა სცენარი მუშავდება. „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი ლიდერი კოკოითი არც მალავს, რომ მისი „მოძრაობის“ მიზანი თრუსოს ხეობისა და ყაზბეგის „დედასამშობლოსთვის“, ანუ „ერთიანი ოსეთისთვის“ დაბრუნებაა.
მოსკოვმა რომ ერთ საშინელ დღეს „ევრაზიულ კავშირში“ შემოსვლა მოგვთხოვოს და წინააღმდეგ შემთხვევაში კოკოითის ამ გეგმის ამოქმედებით დაგვემუქროს, როგორ ვიქცევით და რას ვაკეთებთ?
რიტორიკული კითხვაა მანამ, სანამ უსაფრთხოების მყარი გარანტიები არ გვექნება. ამგვარი გარანტია ვერ იქნება NATO _ ევროპელები, ჯერჯერობით, ვერ გადალახავენ შიდა წინააღმდეგობებსა და ისტორიულ კომპლექსებს. მხოლოდ ამერიკას აქვს იმის ძალა და უნარი, მიიღოს გაბედული ისტორიული გადაწყვეტილებები ყველა რისკისა და წინააღმდეგობის მიუხედავად.

კოკა წერეთელი