თელავის მიწათმოწყობისა და განაშენიანების გენერალური გეგმა თელაველების გარეშე…

ჩემს მეზობლად ერთი ლამაზი პატარა სახლი იდგა. იმ სახლში მოუხცი ქალი ცხოვრობდა. როცა ბებო გარდაიცვალა, მისი შვილიშვილები ჩამოვიდნენ და ეს პატარა სახლი, პატარა ლამაზი ეზოთი, გაყიდეს. ვინც იყიდა, იმას არ ვიცნობდით…. სახლში მყიდველის ნაცვლად ახალი მეპატრონის ნათესავი ჩასახლდა ოჯახით საცხოვრებლად. მეპატრონე საქართველოში არ ცხოვრობდა. ერთ ზაფხულსაც ჩამოვიდა, დაისვენა და წასვლისას ნათესავს დაუბარა, თანხას მე გამოგიგზავნი და პატარა, მყუდრო, კომფორტული ფინური სახლი ჩამიდგიო…

დაიწყო ნათესავმა შენება. აშენა და რა აშენა. მთელი ორი წელი ეზოში გაგანია მუშაობა მიდიოდა. მეპატრონეს რასაც ეუბნებოდა, ის თანხას უგზავნიდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა კაცი და რას ხედავს _ ეზოში იმხელა სახლი აუშენებია, ცათამბჯენი! ეზო აღარ დაუტოვებია, ერთი სამანქანე გზაღა იყო შემორჩენილი. გადაირია პატრონი, იჩხუბა, ნათესავიც მოიმდურა, მაგრამ ბოლოს საკუთარ თავს დააბრალა: შენობის გეგმა რომ დამეტოვებინა, რამხელა მინდოდა და როგორი, არც ამდენ ფულს დავხარჯავდი ტყუილად და არც ეზოს გარეშე დავრჩებოდი ვეებერთელა უაზროდ დაპროექტებულ-გარემონტებულ-არაკომფორტულ სახლშიო…
ეს ამბავი კი პრემიერის იმ ინიციატივამ გამახსენა, რომელიც რამდენიმე თვის წინათ მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა.
საქართველოს მთავრობა თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში არაერთ ქალაქსა თუ ძალიან მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დავიწყეთ სივრცითი დაგეგმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად იზრდება მშენებლობები. თელავი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერაა და ასევე ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში მომზადდეს პროფესიონალურად სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა, იერსახე, მეორე მხრივ კი შევქმნათ გეგმაზომიერი განვითარების მიმართულება, რომელიც უკვე მომავალში იქნება დაცული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
თუმცა მანამდე, სანამ ამას პრემიერი მოიფიქრება, ამ გეგმაზე ადგილობრივი ხელისუფლება უკვე მუშაობდა…
ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დამუშავება და დაწერა, ერთი მხრივ, მეტ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანას და აღნიშნულ პროცესში ჩართვას.
უკვე ყოფილი ქალაქ თელავის მერია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობდა, სამუშაო ჯგუფი ექსპერტებთან და კომპეტენტურ პირებთან ერთად იმ მნიშვნელოვან საკითხებს იკვლევდა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმის შედგენას უძღოდა წინ.
თელავის ყოფილი მერის, პლატონ კალმახელიძის თქმით, გეგმის გაწერა დიდ დროს მოითხოვდა:
კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციები გავიარეთ იმ საკითხებზე, თუ საიდან უნდა დაიწყოს ქალაქის განვითარების გეგმაზე მუშაობა და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ამ კუთხით გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ის ტექნიკა კი, რომელიც გეგმის ძირეულად დამუშავებაში დაგვჭირდება, მოვითხოვეთ დამეგობრებულ ქალაქ ბიბერახიდან, რითაც ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა დაიზოგება“.
ქალაქის ყოფილი ვიცე-მერი, თენგიზ მთვარელიშვილი, მაშინ აცხადებდა, რომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დამუშავება და დაწერა, ერთი მხრივ, მოითხოვდა მეტ ადამიანურ რესურსს, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანას და აღნიშნულ პროცესში ჩართვას:
„სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია ქალაქის აღწერა. გაგზავნილი გვაქვს წერილი დამეგობრებულ ქალაქ ბიბერახთანაც, სადაც ასახულია ის მიმართულებები და კონცეფცია, რასაც ჩვენ ვფიქრობთ ქალაქის განვითარებისთვის, ასევე ვთხოვეთ, რომ გადმოგვცენ შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნულ პროცესში, კერძოდ, აღწერის, ელექტრონული ბაზის შესაქმნელად და სხვ.“.
ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავებაში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და რიგითი თელაველები იყვნენ ჩართული.
მაგალითად, მაშინ თელაველი მაია წიგნაძე მედიასთან ამბობდა, რომ ქალაქის დაგეგმვა საკმაოდ რთული ტექნიკური და პოლიტიკური პროცესია. მისი აზრით, იდეალური მოდელები არ არსებობდა და საუკეთესო გადაწყვეტილება ქალაქის ინდივიდუალურობის შენარჩუნება გახლდათ:
„ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური და ქაოსურია, თუმცა გამიზნულად დაგეგმილი ქალაქებისა და დასახლებების მაგალითები ანტიკურ ხანამდეც არსებობდა, სადაც სახლები დაცული იყო ხმაურის, სუნისა და ქურდებისგან, ჰქონდა საკუთარი ჭები და სანიტარიული კვანძები. ამგვარ ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია, დრენაჟი, ვრცელი სასაწყობო მეურნეობა, წყლის რეზერვუარები და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა. ჩემი აზრით, ქალაქის დაგეგმარებისას ყურადღება გამახვილდება ქალაქის ინდივიდუალურობაზე, გეოგრაფიულ და ფიზიკურ მახასიათებლებზე, ქალაქის ყოფასა და ძირითად საქმიანობებზე, ასევე ბუნებრივი, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე. რაც შეეხება დაგეგმარებაში მონაწილეობას, სასურველია, რომელიმე დამეგობრებული ქალაქის მაგალითის აღება, თუნდაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინება (ბიბერახი, საფლე) და სპეციალური საბჭოს შექმნა, სადაც შევლენ პროფესიონალები, შეიქმნება გეგმა, შემდეგ საზოგადოებას გააცნობენ და რეკომენდაციების მიიღებენ“.
თელავის მკვიდრ სოსო მიქელაძის თქმით კი აუცილებელია, ქალაქის განვითარების გეგმაში თელავის ეკონომიკური პოტენციალი გამოიკვეთოს მიგრაციის შენელებითა და ეფექტიანი ლიბერალურ-ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებით.
„გეგმის შემუშავების პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა აქტიური მოთამაშე, მით უმეტეს, პატარა ქალაქებთან მუშაობის გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტები და არა ის პირები, რომლებზედაც მხოლოდ ფულია გასაწერი. მანამდე კი კარგი იქნება, ქალაქის პრობლემების იდენტიფიკაციის პროცესის დაწყება“.
გარემოს დაცვის ექსპერტის, თელაველ კახა სუხიტაშვილის თქმით, თელავის განვითარების გეგმაში დაწვრილებით უნდა აღიწეროს ინფრასტრუქტურული განვითარების, გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების, ტურიზმისა და სხვა პრობლემების შესახებ:
„ამ პროცესში ყველა დაინტერესებულმა მხარემ, თვითმმართველობამ, სამინისტროებმა, სამოქალაქო სექტორმა და სპეციალისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“.
ასე იყო ეს მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქ თელავის მიწათმოწყობისა და განაშენიანების გეგმაზე თელაველებთან ერთად მუშაობდა.
თუმცა მას მერე, რაც უკვე მთავრობა ჩაერთო ამ სფეროში, ჩვენი გერმანელი ბიბერახელი მეგობრებიც წავიდნენ და გენგეგმის დაწერა-დამუშავებაშიც არავის დაუძახია თელაველებისთვის.
ეს ამბავი, დაახლოებით, იმ ამბავსა ჰგავს, რაც ჩემს მეზობელს დაემართა, _ პატრონს არ ეკითხებიან, ეზოში რამხელა სახლი უნდა, ეზო რა ყვავილით სურს, რომ გააფორმოს, ხეივანი რომელი ჯიშის ყურძნით, ვერანდა რომელ მხარეს გააკეთოს, ხედი რომელი უფრო მოსწონს, ინფრასტრუქტურა და სანტექნიკა როგორ შემოიყვანოს, ეზოში წყლის ონკანი სად ჰქონდეს, ავტოფარეხი რომელ მხარეს გააკეთოს და ა. შ.
უბრალოდ, მთავრობამ მოისურვა და ვიღაც 30-კაციანმა ჯგუფმა, რომელსაც თელავში, ალბათ, მხოლოდ სასტუმროში გაუთენებია, თელავის გენერალური გეგმის მიწათმოწყობაზე დაიწყო მუშაობა. განაშენიანებაზე რომ მივიდნენ, მანამდე მიწათმოწყობა უნდა დაასრულონ.
ის 30 კაცი გადაწყვეტს, აგრარული ბაზარი სად უნდა იყოს და როგორი, ის 30 კაცი მოიფიქრებს, მოსულმა ტურისტმა როგორ დაათვალიეროს ქალაქი, ის 30 კაცი არქივში წაიკითხავს გორის ჯვრის ისტორიას და ასე დადებს დასკვანს, რომ თელავის 7 ბორცვიდან ის ბორცვი გასაცოცხლებელია!
ის 30 კაცი იტყვის, რომ უნივერსიტეტი კარგია, მაგრამ სტუდქალაქი სად იქნება, ალბათ, ის 30 კაცი განსაზღავრავს, ის 30 კაცი იმსჯელებს ბატონის ციხისა და იაშვილის გალერეის მომავალზე, ის 30 კაცი იტყვის, სამშენებლო ნებართვები სად უნდა გაიცეს მომავალში და სად _ არა…
და სადაც გაცემულია, ის 30 კაცი იტყვის, რომ ეს უნდა გამოსწორდეს.
ის 30 კაცი ამბობს, რომ თელავში წყალი გრაფიკითაა. ამ დროს, ყოფილი გუბერნატორი ამბობდა, რომ 24-სააათიანი წყალი 2014 წლის 1-ლი იანვრიდან იქნებოდა.
ის 30 კაცი იტყვის, რომ თელავი მშვენიერია და გზის საფარი შესაცვლელია…
ის 30 კაცი იტყვის, რა სტკივა თელავს, როგორ სტკივა, რა უჭირს, რით უნდა გამოსწორდეს და ის 30 კაცი იქნება ჯერ ძილი, შემდეგ სიზმარი თელავისთვის.
და ის 30 კაცი თელაველთა უკითხავად დაუდებს უსტარს მთავრობას და 30 ვერცხლსაც აიღებს ჯამაგირისთვის…
ამ დროს თელავი ინტელიგენციით გაორჩეული ერთ-ერთი ქალაქია, თავისი ისტორიული მნიშვნელობით ამაყი და შეუვალი და როცა ამხელა ქალაქში ერთ კაცს ვერ მოიფიქრებს მთავრობა, რომ სამუშაო ჯგუფში სახელად მაინც დასვას, თელაველებთან სათქმელი რომ ჰქონდეს, ერთად ვაკეთებთ მათი განვითარების გენერალურ გეგმასო… ამას ჰქვია, თქვენი აზრი გვკიდია, დანაჩენი მე ვიცი და ჩემმა ხურჯინმაო…
20 იანვარს 14:00 საათზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა.
ქალაქის მუნიციპალიტეტმა განცხადება გაავრცელა და თხოვნით მიმართა მოსახლოებას: გთხოვთ, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას და თქვენი წვლილი შეიტანოთ ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის პროცესში.
შესაბამისად, მოსახლეობა შეიკრიბა, მაგრამ პროექტის პირველი ეტაპის შუალედური დასკვნის მოსმენის დასრულების დროს ფინალში 6 კითხვა დაისვა. 6 კითხვიდან ნახევარი კითხვების რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, გიორგი ბოტკოველს ჰქონდა. მთავარი კითხვა იმ ექსპერტთა გამოცდილება გახლდათ, ვინც აღნიშნულ პროექტში იყო ჩართული, რაზედაც საზოგადოებამ პასუხი ვერ მიიღო. ასევე მოქალაქის კითხვაზე, _ მოხდებოდა თუ არა სამხედრო ქალაქის ქალაქიდან გარეთ გატანა, არც ამაზე იყო პასუხი; როგორ დაიგეგმებოდა თელავის გამწვანების თემა, არც ამაზე იყო პასუხი; მე-11 საუკუნის კვირიკეს ციხე-გალავანთან მიდგმულ შენობებს რა ელოდა მომავალში, არც ამაზე იყო პასუხი!
სამაგიეროდ, მეუფემ ითხოვა დახმარება, რომ სახელმწიფოსგან ნაჩუქარი გორის ჯვრის კვირიკეს ციხე-გალავნის აშენება-განახლება-რეაბილიტაციისთვის სახელმწფოს სახსრები მოეძებნა.
რეალურად, ყველამ ყველაფერზე ილაპარაკა თელავის ინტერესების გარდა. თელავის გენგეგმა, რომელსაც არათელაველები წერენ, ნოემბერში დასრულდება და შემდეგ რა ბედი ელის თელავის განაშენიანებას, მოწყობასა და კეთილგანწყობას, ამაზე, ალბათ, ისევ კვირიკაშვილი გვეტყვის რამეს მთავრობის სხდომიდან.

მაკა მოსიაშვილი