თამაზ დოლაბერიძე: „სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა სტატისტიკაში მშენებლობის სექტორი ლიდერობს“
უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკის მქონე 20 ობიექტის შემოწმების შედეგად ყველა მათგანში დარღვევები დაფიქსირდა. ობიექტებში შემოწმება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილმა ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ინფორმაციაშია ნათქვამი, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებში დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა, მოსაწესრიგებელია ელექტრო და სახანძრო სიტემა. ზოგიერთ ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე. გარკვეულ ობიექტებზე არ არის ამკრძალავი, მაფრთხილებელი და სარეკომენდაციო სავალდებულო ხასიათის ნიშნები. მაღალი რისკის საწარმოებში არასაკმარისია განათება, ზოგან კი სანიტარიული სისტემაც მოუწესრიგებელია.
აღსანიშნავია, რომ 20 ობიექტიდან ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება შპს „რუსთავის-ფოლადის“ მეტალურგიის ობიექტზე, ასევე ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით დეპარტამენტს არ გააჩნია სანქციების მექანიზმი, მაღალი რისკის 20-ვე ობიექტზე დაფიქსირებული პრობლემების გამოსწორებისთვის მხოლოდ რეკომენდაციები გაიცა.
უფრო კონკრეტულად, შპს „საქნახშირში“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) _ ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტებში, რომლის საქმიანობის სფერო სასარგებლო წიაღისეულის, ქვანახშირის მოპოვება და გადამუშავებაა, 76-მდე დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ვაგონების სამუხრუჭედ ბუნიკების ნაცვლად გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც, სპეციალისტების დასკვნით, საფრთხეს უქმნის დასაქმებულს; ასევე შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; შახტებში გამოიყენება არაქარხნული წესით დამზადებული ხის კიბეები; როგორც მინდელის, ასევე ძიძიგურის სახელობის შახტების მედპუნქტში არ არის სასმელი წყალი; სიმაღლეზე მუშაობისას დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი სიმაღლიდან ვარდნის დამცავი ღვედებით; ამწე მოწყობილობა მუშაობს სპეციალური სიგნალის გარეშე; ელექტროსადგურებში გამოიყენება კუსტარულად დამზადებული ღია სპირალიანი გამათბობელი; შენობა-ნაგებობა საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს და სხვ.
შპს „რუსთავის ფოლადში“, რომლის საქმიანობის სფერო მეტალურგიაა, 90-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: დარღვეულია ელექტროუსაფრთხოების წესები; დარღვეულია საწვავისა და ადვილადაალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესები;
სს „არემჯი კუპერის“ კარიერი: მისი საქმიანობის სფეროა სამთამადნო მრეწველობა. შემოწმების შედეგად 9 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ინსპექტირების დროს დაფიქსირდა საბურღი დაზგის დომკრატების ქვეშ მადნისა და ქანის ნატეხების ამოდება; წყალქცევის უბანზე დასაქმებულების ოთახში მოსაწესრიგებელია ელექტროობა; კარიერზე დასაქმებულები ნაწილობრივ არიან აღჭურვილი სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის რკინის მაღარო: საქმიანობის სფეროა მარგანეცის მოპოვება. იქ 16 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ადმინისტრაციის შენობაში არსებული საევაკუაციო გეგმა არ არის სრულყოფილი; მაღაროში დასაქმებული პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალური თვითმაშველებით; დასაქმებულების ტანსაცმელი არ ირეცხება ცენტრალიზებული წესით და ა. შ.;
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ითხვისის სახელობის მაღარო: საქმიანობის სფერო მანგანუმის მოპოვებაა. დაფიქსირდა 20 დარღვევა, მათ შორის: მაღაროებში დასაქმებული პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალური თვითმაშველებით; მაღაროში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოება, არსებული ცეცხლმაქრები გადასამუხტია; დეპოს სამუშაო სივრცეში არადამაკმაყოფილებელი განათებაა;
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღარო: საქმიანობის სფეროა მარგანეცის მოპოვება. დაფიქსირდა 30 დარღვევა, მათ შორის: სახელოსნოში დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; დარღვეულია მაღაროში დასაქმებულთა საკვების, ე. წ. პაიკას შენახვის წესები, რომელშიც შედის მალფუჭებადი პროდუქტები. ასევე დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოება და ა. შ.;
შპს „ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურა სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ შუქრუთის მაღარო. საქმიანობის სფერო _ სამთო-მომპოვებელი საწარმო: დაფიქსირდა 20 დარღვევა, მათ შორის: საწარმოში არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა; მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების სისტემა; პერსონალი არ არის სრულად უზრუნველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებით;
შპს „ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ მღვიმევის მაღარო. საქმიანობის სფერო _ სამთო-მომპოვებელი: დაფიქსირდა 16 დარღვევა, მათ შორის: დასაქმებულების განცხადებით, წყლისა და დღიური საკვების ულუფა არასაკმარისია; ადამიანების გასასვლელები არ არის დადგენილი წესის შესაბამისად მოწყობილი; მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროსისტემა და სხვ.;
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „რუსთაველი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის: არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა, მოსაწესრიგებელია სახანძრო და ელექტროუსაფრთხოება; ბაქანზე სამორიგეო პუნქტს ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები;
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „თავისუფლების მოედანი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის: სამუშაო სივრცეში ადგილი აქვს თამბაქოს მოხმარებას, სამანქანო განყოფილება საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, დატბორილია;
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენი „წერეთელი“: დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათ შორის: არასრულყოფილადაა დანერგილი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა;
შპს „იტავაზა მშენებელში“, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 18 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიექტზე არ არის დანერგილი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა; დასაქმებულები არ არიან ინფორმირებულნი სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების შესახებ; ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე;
სს „დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატში“, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს, 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა. უბანზე არ არის სანიტარიული წერტილები;
შპს „კარიერი“. აწარმოებს სამშენებლო მასალებს: აქ 18 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე; მოსაწესრიგებელია ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა;
შპს „თბილისის პარკში“ (დასასვენებელი/გასართობი პარკი, რომელიც ფუნიკულიორის ზემო პლატოზე მდებარეობს), 3 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ადმინისტრაციულ შენობაში არსებული კიბის მუაჯირი არასრულყოფილია, არსებობს ვარდნის რეალური საფრთხე;
შეკვეთილში მდებარე შპს „სერვისი – 7“-ის ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“: დაფიქსირდა 7 დარღვევა, მათ შორის: მექანიკურ საამქროში და წყალსადენის ტერიტორიაზე ელექტროუსაფრთხოების წესები; დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; პარკის ტერიტორიაზე არსებული ქვესადგური ღია მდგომარეობაშია და დაუცველია უცხო პირთა შეღწევისგან; ქვესადგურზე ასასვლელ კიბესა და ბაქანს არ აქვს მუაჯირი; წყალსადენის ტერიტორიაზე არსებული ჭის დამცავი ჯიხურები ღია მდგომარეობაშია; მექანიკოსებისა და ელექტრიკოსების მოსასვენებელ ოთახში დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; დასაქმებულების მოსასვენებელ ოთახში დაფიქსირდა კუსტარულად დამზადებული გამათბობელი;
შპს „ბარვილ ჯორჯია“, რომლის საქმიანობის სფეროა ე _ ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა: სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის ექსპედირება, ტვირთის სასაწყობე ოპერირება, 11 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ბაქნებზე არსებობს ადამიანის ვარდნის საფრთხე, ელექტრიკოსები არ არიან აღჭურვილნი დიელექტრიკული საშუალებებით;
შპს „კავტრექსფოთი“, მისი საქიანობის სფეროა ე _ ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა _ სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის ექსპედირება, ტვირთის სასაწყობე ოპერირება. აქ 8 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიექტზე არსებული საევაკუაციო გეგმა არ არის სრულყოფილი; საზეინკლო საამქროში დარღვეულია ელექტროუსაფრთხოების წესები;
შპს „ზემო იმერეთი“, რომლის საქმიანობის სფერო სამშენებლო მასალების წარმოებაა, 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: სამშენებლო უბანზე მოსაწესრიგებელია ელექტროუსაფრთხოება, დანერგილი არ არის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა. დასაქმებულები არ არიან ინფორმირებული სამუშაო ადგილებზე არსებული საფრთხის შესახებ;
შპს „ჯეოკვარცი“ აწარმოებს სამშენებლო მასალებს, აქ 17 დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ობიექტზე დანერგილი არ არის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა; ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე; დანადგარზე არსებული მბრუნავი მექანიზმები დამცავი ხუფების გარეშეა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, ჯანდაცისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შეიქმნა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობებისა და სამუშაო ადგილების შეფასება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ამ პრობლემაზე „ქრონიკა+“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება:
_ ბატონო თამაზ, საწარმოო ობიექტებზე აღნიშნული დარღვევების მიზეზები რა არის?
_ სამთო მრეწველობაში არსებული სამუშაო ადგილები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სტატუსის მატარებელია. შესაბამისად, კარიერებზე, შახტებსა და მაღაროებზე მომეტებული რისკები და საფრთხეებია. ამას მოწმობს ტყიბულსა და ჭიათურაში მომხდარი საწარმო შემთხვევების მკვეთრად ნეგატიური სტატისტიკა, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევებით.
არანაკლებ პრობლემურია იმ სექტორის საწარმოები, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა კატეგორიას არ განეკუთვნებიან და არ შეიცავენ მომეტებულ საფრთხეებს. მაგალითად, მშენებლობის სექტორი, სადაც რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა სტატისტიკაში სწორედ მშენებლობის სექტორი ლიდერობს.
ყოველივე ზემოთქმულის გამომწვევი მიზეზები მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვეძებოთ. საწარმო შემთხვევების გამომწვევი პირდაპირი და ირიბი მიზეზების ძიებას მივყავართ სისტემურ პრობლემებამდე და მას წარმოშობს ოპერატორი კომპანიების მიერ გამოვლენილი ნაკლებპასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომით-სამართლებრივი საკითხების მიმართ. ყოველივე ამის საფუძველი კი კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და შრომით სფეროში მოქმედი სახელმწიფო მექანიზმების ნაკლებეფექტიანობაა.
ამას ემატება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილის უმოქმედობით და, ზოგ შემთხვევაში, მხარდამჭერი განცხადებებით წახალისებული კომპანიების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი და დისკრიმინაციული ქმედებები.
უდიდესი შეცდომაა შრომის უსაფრთხოებისა და შრომით-სამართლებრივი მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პრობლემებზე, რადგან შრომით-სამართლებრივი პრობლემების დარეგულირების გარეშე, შრომის უსაფრთხოების არც ერთი საკითხი არ მოგვარდება. და სწორედ ამიტომაა, რომ ბიზნესი განსაკუთრებულად აქტიურობს ამ კუთხით და ეძებს ლობისტებს მთავრობაში.
შრომის ისნპექციის შექმნასა და მის თანამდევ საკითხებთან დაკავშირებული ყველა დისკუსია, რომელიც ხელისუფლებასთან აქვს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, სწორედ იმ ადგილას „იჭედება“, როდესაც საკითხი შეეხება შრომის ინსპექციის საქმიანობის დატვირთვას შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის კონტროლის ფუნქციით.
შრომის უსაფრთხოების კონტროლთან დაკავშირებით ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ, ერთი მხრივ, ამ სფეროს სახელმწიფო სტრუქტურა უნდა აკონტროლებდეს შრომის ინსპექციის სახით და, მეორე მხრივ, უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოებრივი კონტროლი, რომლისთვისაც კაცობრიობას პროფესიულ კავშირზე უკეთესი ჯერ ვერაფერი მოუფიქრებია.
სწორედ ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ეფექტიან მართვას, რადგან ამ სისტემაში სამმხრივობაა გათვალისწინებული და შრომითი ურთიერთობების სამივე მხარე: დამსაქმებელი, სახელმწიფო და პროფკავშირია ჩართული. ეს კი სრულიად პასუხობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „ტრიპარტიზმის“ სტანდარტს.
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და საქართველოზე უკვე ვრცელდება გარკვეული ევროდირექტივები, მათ შორის, შრომით სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს შრომითი სფეროს კონტროლისთვის რაიმე დამატებითი მექანიზმი არ გააჩნია და მთლიანად ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს, რეკომენდაციებს, კონვენციებსა და ა. შ. შესაბამისად, მიუთითებს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მისი სტანდარტები თუ, რასაკვირველია, საქართველოს ევროკავშირთან სრული ინტეგრაცია სურს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, საერთო ჯამში, 189 კონვენცია აქვს შემუშავებული, მათ შორის, არის 8 ფუძემდებლური, 4 პრიორიტეტული და 177 ტექნიკური კონვენცია. საქართველოს 189-დან რატიფიცირებული აქვს მხოლოდ 17 კონვენცია, მათ შორის, 8 ფუძემდებლური, 1 პრიორიტეტული და 8 ტექნიკური კონვენცია.
საგულისხმოა, რომ არც ერთი კონვენცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების მიმართულებას ეხება, საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია უზბეკეთის და თურქმენეთის მაჩვენებლებთან ერთად.
პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა ცოდნის დაბალი ხარისხი შრომით-სამართლებრივი და შრომის უსაფრთხოების საკითხებში. დასაქმებულთა ცოდნის ამაღლებისთვის პროფესიული კავშირების გაერთიანება არცთუ ისე ცოტა რესურსს ხარჯავს, თუმცა ეს რესურსები ზოგ შემთხვევებში წყალში გადაყრილი აღმოჩნდება ხოლმე, რადგან დამსაქმებელი გადამზადებულ პროფკავშირულ აქტივისტებს დევნის, უთვალთვალებს, უსაფრდება და ბოლოს სამსახურიდან ათავისუფლებს.
ამის ნათელი მაგალითი იყო სს „არემჯი კუპერის“ და შპს „არემჯი გოლდის“ მიერ 2015 წელს განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებები, რომლის შედეგადაც კომპანიამ შეძლო პროფკავშირული ორგანიზაციის განადგურება.
ასევე საყურადღებოა რუსთავის „აზოტის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესები, სადაც კომპანიამ საქართველოში მოქმედი ყველა კანონი დაარღვია და მიუხედავად ჩვენი მხრიდან მთავრობის წერილობითი არაერთგზის ინფორმირებისა, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებას პოზიცია არ დაუფიქსირებია. შედეგად, სამუშაოდან უკანონოდ განთავისუფლებული 350 ადამიანი სასამართლოს იმედად დარჩა და იძულებულია, რამდენიმეწლიანი პროცესის მიმდინარეობას დაელოდოს. ხოლო ის თანამშრომლები კი, რომლებსაც კაბალური და უკანონო შრომის კონტრაქტები გაუფორმეს, ვერ ბედავენ სამართლებრივ ბრძოლას სამუშაოს დაკარგვის შიშით.
გარდა ამისა, კომპანიის ადმინისტრაციამ აქაც გააჩაღა ანტიპროფკავშირული „მოღვაწეობა“ და პროფკავშირული საქმიანობის თითქმის სრული პარალიზება მოახდინა. შესაბამისად, ეს საწარმოც, კაზრეთის საწარმოების მსგავსად, დარჩენილია შრომის უსაფრთხოებისა და შრომით-სამართლებრივი მიმართულებების საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე.
_ რეალური გამოსავალი სად არის?
_ ზოგადად მიჩნეულია, რომ სისტემური პრობლემების გადაჭრა იგივე სახელმწიფო სისტემაში შეუძლებელია, რომელ სისტემაშიც წარმოიშვა ეს პრობლემები. თუმცა ჩვენ, პროფესიული კავშირები, ვამტკიცებთ, რომ სწორედ ამ სახელმწიფო სისტემაში, თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პრინციპების დაცვის პირობებშიც არის შესაძლებელი ხარისხიანი, სამმხრივ ფორმატზე დამყარებული სოციალური დიალოგის დამკვიდრება, რასაც აუცილებლად სჭირდება სოციალური პარტნიორების მიერ პრობლემების სწორად იდენტიფიცირება, ამ პრობლემების აღიარება და ამ პრობლემების მოგვარებისთვის თანმიმდევრული ქმედებების განხორციელება.
ყოველივე ამით სახელმწიფო შეძლებს შრომითი პროცესების დარეგულირებას ისე, რომ ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ამ შემთხვევაში, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობები მაქსიმალურად დაბალანსდეს. მაგრამ ამ ყველაფრისთვის, პირველ რიგში, საჭირო იქნება პოლიტიკური ნების გამოვლენა და გარკვეული მატერიალური და არამატერიალური ხარჯის გაღება შრომითი პროცესების მხარეებისგან.
თუ საქართველო უარს არ ამბობს ქვანახშირის, მარგანეცის, ოქროსა და სპილენძის მადნების მოპოვებაზე, ამავე დროს, სახელმწიფო ვერ ახერხებს სამთო მრეწველობის სექტორის თავად ოპერირებას და იძულებულია, ეს საქმე კერძო ბიზნესკომპანიებს გადასცეს, მაშინ მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ამ კომპანიებს აქვთ მკაცრად კომერციული ინტერესები და ისინი ყოველთვის ეცდებიან შეამცირონ დანახარჯები დასაქმებულთა ხელფასის, შრომის უსაფრთხოების ნორმების, შრომით-სამართლებრივი სტანდარტების დაწევის ხარჯზე და, ამავე დროს, შეამცირონ გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციის ხარჯები, რათა ფინანსური მოგების შესაძლებლობა გაზარდონ. დამსაქმებლების ნებისმიერი ასეთი ქმედება იწვევს დასაქმებულთა ეტაპობრივ, დაგროვებით აგრესიას და შემდეგ დგება „ორთქლის გამოშვების“ დრო. ეს კი გარკვეულ პერიოდულ რეაქციად ყალიბდება და 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება მასშტაბური საპროტესტო მოვლენები, რაც, თავის მხრივ, პრობლემებს ვერ აგვარებს და დიდი ზიანი კი მოაქვს სახელმწიფოსთვის.
გაფიცვებით მიყენებული ზიანი არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ფინანსურ ჭრილში, რადგან ეს ყოველივე, პირველ რიგში, იწვევს საზოგადოებრივი პროცესების დაზიანებას _ მოქალაქეებში ჩნდება იმედგაცრუების განცდა. ისინი ფიქრობენ, რომ მათ არ ჰყავთ გულშემატკივარი, სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს და ყალიბდება სრული ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესების მიმართაც.
ბოლო 15 წელიწადია, საქართველოში მძლავრობს ულტრალიბერალური დისკურსი, რომელიც შრომის პროცესებში ახალისებს დარეგულირებულ ურთიერთობებს. შედეგად ვღებულობთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც:
„თუ ესა თუ ის ბიზნესი, რომლის ფუნქციონირებაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და აუცილებელია მისი რენტაბელობის შესანარჩუნებლად, მაშინ არც არაფერი დაშავდება, თუ ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს წავიყვანთ გარკვეულ რისკებზე და ვამუშავებთ მაღალი საფრთხეებისა და რისკების ქვეშ“;
„შრომა ჩვეულებრივი პროდუქტია და მისმა გამყიდველმა ის იმ ფასად უნდა გაყიდოს, რა ფასსაც სთავაზობს შრომის ბაზარი, ან რომელიმე კონკრეტული დამსაქმებელი“;
„ბიზნესსაქმიანობა უნდა წარიმართოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის პრინციპების შესაბამისად და დანარჩენი ყველაფერი მე-100 ხარისხოვანია“;
„საერთოდ, რა საჭიროა შრომის კოდექსი, ან წერილობით გაფორმებული შრომის კონტრაქტი, მთავარია, ორმა პირმა ერთმანეთში მოილაპარაკოს, ერთ-ერთი მათგანი რა ფასად შეასრულებს სამუშაოს მეორის სასარგებლოდ“.
ჩვენ, პროფესიული კავშირები, ვამტკიცებთ, რომ ბიზნესი, წესით, არ უნდა გაურბოდეს რეგულირებულ შრომით ბაზარს, პირიქით, ბიზნესს უნდა ეშინოდეს მოუწესრიგებელი პროცესების. შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო კონფლიქტური ბიზნესის რენტაბელობასთან მიმართებით.
ასევე ვამტკიცებთ იმას, რომ სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმით, სწორი ტექნიკური, ტექნოლოგიური და კანონშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო შეძლებს, სამუშაო ადგილებზე შექმნას ნაკლები რისკებისა და საფრთხეების შემცველი გარემო, თუმცა ეს ყოველივე შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება განთავისუფლდება ბიზნესმენებისგან, მთავრობაში არ იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლები და მთავრობა გაუმკლავდება ბიზნესის მხრიდან ზეწოლას.
გელა მამულაშვილი