დასაქმებულთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები სუპერმარკეტების ქსელში

როგორია სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა მდგომარეობა და რამდენად ხშირია მათი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის ფაქტები? ამ პრობლემაზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კვლევის პრეზენტაცია გამართა. ძირითად მიგნებებს შორის მოხვდა დასაქმებულთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები სუპერმარკეტების ქსელში.

„მათ შორისაა აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი სამუშაო, შესვენებების გამოყენების უფლების შეზღუდვა, მონურთან მიახლოებული შრომა და ა. შ.“, _ ნათქვამია კვლევაში.
„კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება: რესპონდენტების 75,8% არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას;.
რესპონდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათს შეადგენს;
რესპონდენტთა 68,8% იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას;
რესპონდენტების 24%-ს მუდმივად უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება;
რესპონდენტების 39.5%-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება“, _ ნათქვამია კვლევაში.
„მიწოდების ქსელი ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა. საცალო ვაჭრობის ქსელებში, თითქოს, სხვა საკანონმდებლო სამყაროა და შრომის კოდექსი იქ დასაქმებულებზე არ ვრცელდება. ჩვენ მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა 75%-ს არ უნაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა, 35%-ს ყოველდღიურად უწევს კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებზე მეტი საქმის შესრულება, მათი დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს შესვენებით და სხვადასხვა მიზეზით ბევრ მათგანს მაღაზიებში არსებული დანაკლისების გამო უკავდება ხელფასი.
სამწუხაროდ, მიწოდების ქსელში არსებული მდგომარეობა ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტებისგან. არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ქმედითი შრომის ინსპექცია იქნება, რომლის შექმნასაც უკვე წლებია, მოვითხოვთ. სწორედ შრომის ინსპექციამ უნდა გააკონტროლოს მშრომელთა როგორც უსაფრთხოება, ასევე უფლებრივი მდგომარეობა დასაქმების ადგილებზე“, _ აცხადებს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი.
„საქართველომ შრომითი სტანდარტები ევროკავშირის შრომით სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. ეს განსაკუთრებით ეხება საცალო გაყიდვების სექტორს, სადაც მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელია ამ მიმართულებით, რათა ქვეყანაში განვითარდეს ბიზნესი და, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად _ მასში დასაქმებულთა უფლებები“, _ ამბობს „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ფელიქს ჰეტი.
ცნობისთვის: გამოკვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს გზით, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით. გამოკვლევის საწყის ეტაპზე განისაზღვრა სამიზნე სუპერმარკეტები. სავარაუდო რესპონდენტები გადანაწილდა სუპერმარკეტებში პროპორციულად. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითობის პრინციპით. გამოკვლევის სანდოობამ შეადგინა 95%.
პრეზენტაცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სოციოლოგმა ნინო ესართიამ წარმოადგინა. გაიმართა დისკუსიაც.

„ქრონიკა+“ ესაუბრება პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელს, სოციოლოგს, კვლევის თანაავტორ ნინო ესართიას:
_ ქალბატონო ნინო, კვლევაში, კონკრეტულად, რომელ სუპერმარკეტებზე ამახვილებთ ყურადღებას?
_ სულ შვიდ სუპერმარკეტზეა საუბარი, ესენია: „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ფრესკო“, „კარფური“, „სპარი“, „ვეჯინი“ და „ევროპროდუქტი“. სუპერმარკეტებში, სამწუხაროდ, მსგავსი სიტუაციაა. კვლევის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ვერ დავყოფთ, რომელში უფრო მძიმე მდგომარეობა იყო. კვლევის ეს შედეგები ყველა ამ სუპერმარკეტზე განზოგადებულია.
კვლევის ფარგლებში, დაახლოებით, ხუთასამდე დასაქმებული გამოვკითხეთ (რესპონდენტების შერჩევა შემთხვევითი პრიციპით განხორციელდა), სანდოობამ 95% შეადგინა. ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნულ გამოკვლევაში ადმინისტრაციის თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ. საწყის ეტაპზე პილოტაჟი განვახორციელეთ, შემდეგ საველე სამუშაოები დავიწყეთ და ჯამში კვლევა 4 თვე გრძელდებოდა.
რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს, ყველაზე მტკივნეულ საკითხებს შორისაა ხელფასიდან თანხის ჩამოჭრა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოფიციალური მიმართვისას აცხადებენ, რომ თანამშრომელთა ხელფასიდან თანხის ჩამოჭრა პროდუქციის დანაკლისებს უკავშირდება. დასაქმებულებს ხელფასებიდან ჩამოჭრის პროცენტული მაჩვენებელი 60%-მდე იყო.
დაახლოებით 19%-მდე იყო, როდესაც დასაქმებულები აღნიშნავდნენ, რომ დანამდვილებით არც კი იცოდნენ, თუ რის გამო დააკლდათ თვის ბოლოს ხელფასი. დანარჩენი უკვე წვრილ-წვრილი პროცენტული მაჩვენებლები იყო (ანუ სხვა მიზეზები), რის გამოც ხელფასები აკლდებოდათ.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ დასაქმებულებს მუდმივად დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევდათ. კერძოდ, ისეთი სამუშაოსი, რომელიც მათ ფუნქციებში არ შედიოდა. ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაც მძიმე ტვირთები, ყუთებით გადაზიდვა, თაროების დალაგება, გადმოლაგება, რაც სიმძიმეებთან, მის აწევასთან იყო დაკავშირებული.
ასევე შვებულების საკითხი მკაცრად რეგულირებული არ ყოფილა. 15% საერთოდ ვერ სარგებლობდა შვებულებით, ან ბიულეტენით, სამედიცინო მომსახურების უფლებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესვენებაზე გასავლის საკითხი, როდესაც დასაქმებულების 86% აცხადებს, რომ შესვენებაზე ბევრი საქმის გამო ვერ გადიოდნენ. ეს ნიშნავს, რომ მიზეზი სუპერმარკეტებში არასაკმარისი მუშახელი იყო და დასაქმებულები შესვენებებზე გასვლას სწორედ ამის გამო ვერ ახერხებდნენ.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბიზნესსა და დამსაქმებელს ყოველთვის სურს, ნაკლები დანახარჯით მაქსიმალური მოგება მიიღოს.
ამ სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დენადობის მაჩვენებელიც ძალიან დიდია. ანუ დასაქმებულები ადგილზე ძალიან ხშირად იცვლებიან. როდესაც უკვე ადგილზე წააწყდებიან აღნიშნულ პრობლემებს, ისინი სამსახურს ტოვებენ. ასევე თუ რაიმე პრეტენზია გამოხატეს, სამსახურიდან ათავისუფლებენ.
თანამშრომლების გამოსაცდელი ვადით აყვანისას (ხშირად ამას სტაჟირებასაც უძახიან), სანამ ისინი გაიგებენ, რეალურად რა პირობებში უწევთ მუშაობა, ამასობაში რამდენიმე თვე გადის, როცა მათ უხელფასოდ ამუშავებენ. ე. ი. იაფად კი არა, საერთოდ, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე ამუშავებენ ამ ხალხს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოგებას თვითონ იღებენ.
_ ბრძანეთ, რომ ზოგან რამდენიმე თვის განმავლობაში უწევთ თანამშრომლებს უხელფასოდ მუშაობა, აქ თუ შეგვიძლია კონკრეტული სუპერმარკეტების დასახელება? საზოგადობა ხომ უნდა იცნობდეს თავისი დროის „გმირებს“?..
_ არა, აქ მეტ კონკრეტიკაში ვერ შევალთ. ისევ და ისევ, კვლევის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ამაზე მეტად ვერ დავაზუსტებთ.
_ მიმართავენ თუ არა ეს თანამშრომლები პროტესტით სუპერმარკეტების ხელმძღვანელობას, ან გარე სტრუქტურებს?
_ ჩვენთან, პროფკავშირებში მომართვისას, ესენი უკვე განთავისუფლებული, უკანონოდ გაშვებული, ან საკუთარი ნებით წამოსული (ანუ დაპირისპირების შედეგად) თანამშრომლები იყვნენ. ძალიან დიდი დენადობის გამო დასაქმებულთა კონსოლიდირება, გაერთიანება და პრობლემების გადაჭრისთვის კოლექტიური მოქმედებები ვერ ხერხდება. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ გაერთინებებს ადგილებზე უფრთხიან და ავიწროებენ.
_ როგორ ეხმარება მათ პროფკავშირები და შედეგები როგორია?
_ პროფკავშირების აქტიურობის შედეგი იყო, თუნდაც, „ფრესკოს“ ცნობილი ფაქტი, როდესაც გოგონების გასახდელში სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული. არსებული დარღვევა სწორედ პროფკავშირმა აღმოაჩინა და სერიოზული ნაბიჯები გადადგა არსებული უკანონობის აღმოსაფხვრელად. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მაშინ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და პროკურატურას მიმართა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ადგილზე შრომის ინსპექცია იყო შესული და შეამოწმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. მხოლოდ პროფკავშირების მწვავე რეაქციის შედეგად, საკითხში პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ჩართვით, გამოვლინდა სერიოზული დარღვევის ფაქტი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.
ჩვენ ასევე დაუზუსტებელ ინფორმაციასაც ვფლობთ: ერთ-ერთმა დასაქმებულმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი თბილისში მდებარე კიდევ ერთ სუპერმარკეტში დაფიქსირდა, მაგრამ „ფრესკოს“ ამბის გახმაურების შემდეგ დამსაქმებელმა საკუთარი ნებით მოხსნა კამერები.
ასევე ჩვენ მიერ ჩატარებული კონფერენციისას ერთ-ერთი ქსელური მარკეტის თანამშრომელმა იმაზე ისაუბრა, რომ ხელშეკრულებით 250 ლარის ოდენობის ხელფასი ეკუთვნოდა და თვის ბოლოს თითქმის ვერც ერთი თანამშრომელი ამ ხელფასს სრულად ვერ იღებს. მათ ეს ხელფასი დაგვიანების, დანაკლისების, ასევე სხვადასხვა, ხშირად, მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ეჭრებათ.
_ „ფრესკოში“ ვიდეოთვალის არსებობის დადასტურებას რა რეაგირება მოყვა?
_ „ფრესკოს“ ადმინისტრაცია ფულადი თანხით დაჯარიმდა და, რასაკვირველია, გასახდელებიდან სათვალთვალო კამერებიც მოახსნევინეს.
_ სამსახურიდან გაშვებული ან სხვა გზით წასული თანამშრომლები უკან თუ ბრუნდებიან, ამის ტენდენცია როგორია?
_ ძირითადად, ამ სამსახურში დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ. მოგეხსენებათ, ამ სფეროში ძალიან დაბალი ხელფასებია, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ამ ხალხს ძველ სამსახურში დაბრუნების განსაკუთრებული სურვილი ჰქონდეს. წამოსული თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურს ნახულობენ.
მოკლედ, უხელფასო თანამშრომლებით სარგებლობის, მათი ე. წ. სტაჟირებაში გატარების პრაქტიკა ამ სფეროში მიღებულია, როდესაც ამ ხალხს ორი-სამი თვით უხელფასოდ ამუშავებენ.
_ ასეთ ფაქტებზე სასამართლოს მიერ საჩივრების დაკმაყოფილება რამდენად ხშირია?
_ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რაც კი სამართლებრივი დავა გვიწარმოებია, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა საქმე მოგებული გვაქვს. ამისთვის შემიძლია პროფკავშირების იურიდიული სამსახურიდანაც მონაცემები დეტალურად წარმოგიდგინოთ. ცალსახად, 99% შრომითი დავებისა მოგებული გვაქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სფეროში მართლაც სერიოზული პრობლემებია.
_ არსებული მდგომარეობა როგორ უნდა გამოსწორდეს?
_ უპირველესად, სახელმწიფოს ნება, ჩართულობა უნდა იყოს და ქმედითი შრომის ინსპექცია შეიქმნას; მარტო შრომითი პირობების, განსაკუთრებული დარღვევების აღმოჩენა კი არა, ყოველდღიური, ერთი შეხედვით, მცირე დარღვევების აღმოჩენაც უნდა ევალებოდეს. დასაქმების ადგილებზე არსებულ მდგომარეობას შრომის ინსპექცია მკაცრად უნდა აკონტროლებდეს და დარღვევების შემთხვევაში სანქციებსაც აწესებდეს. დასაქმებულების შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს, ამ ყველაფერს ყოველდღიურ მონიტორინგს სწორედ ქმედითი შრომის ინსპექცია უნდა უწევდეს.
_ იგივე ევროდირექტივების გათვალისწინებით, ამ ყველაფერს რა უშლის ხელს?
_ სწორედ ევროპული დირექტივების გათვალისწინებით ეს სამსახური, ქმედითი შრომის ინსპექცია, უნდა შეიქმნას. ამისთვის კი, უპირველესად, მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ნებაა.
_ დღეს ამ სფეროში მთავრობის ნება სათანადოდ გამოხატული არ არის?
_ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რატომღაც, დაგვიანებულ რეაქციას ვხედავთ. ერთი შეხედვით, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნებაც არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, პროცესი ჭიანურდება.
წლის ბოლომდე რაღაც განსხვავებულ შედეგებს გვპირდებიან, ამბობენ, რომ ქმედით შრომის ინსპექციას დაამტკიცებენ და იმედია, რეალობაც სხვანაირი იქნება.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ 362-ლარიანი საშუალო ხელფასის პირობებში დასაქმებულს შეიძლება, ყოველთვიური ხელფასის სახით სახლში მხოლოდ 150 ლარი მიჰქონდეს. ხშირ შეთხვევაში, ნახევარზე მეტსაც კი აღემატება ჩამოჭრილი თანხების ოდენობა, რაც ამ სფეროში დასაქმებულთათვის ყველაზე მტკივნეულია. რადგან, მოგეხსენებათ, ეს არის სფერო, სადაც, ძირითადად, სტუდენტები საქმდებიან, რომ ამ ხელფასით ან სწავლის ქირა უზრუნველყონ, ან საცხოვრებლის გადასახადი. ამიტომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ეს საკითხი იქნება.
_ და მაინც, ამხელა თანხების ე. წ. მოჭრას სუპარმარკეტების ადმინისტრაცია რით ხსნის?
_ ჩვენს კვლევაში სწორედ ხელფასის დაკავების ამ ძირითად მიზეზებზეა საუბარი. მოკლედ, ძირითადი მიზეზი ე. წ. დანაკლისების გამო დაკისრებული ჯარიმაა, რის გამოც მათ ჩამოეჭრათ და დააკლდათ ეს ხელფასი. მაგრამ ამ შემთხვევაში დასაქმებულების ბრალეულობა შეიძლება არც იყოს, არ ფიქსირდებოდეს. სავსებით შეიძლება, ეს დაცვის სამსახურის უყურადღებობის გამო, ან, თუნდაც, მენეჯერის მიერ არასწორად მითვლილი საქონლის გამო მოხდეს.
ამიტომ მიზეზებზე საუბარი ძალიან რთულია. მაგრამ, დაახლოებით, 17,8% ამბობს, რომ დანამდვილებით არც კი იცოდა, თუ რატომ დააკლეს ხელფასი. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

გელა მამულაშვილი