ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მეხუთე წელია, ასამართლებენ.
მართალია, „ქართული ოცნება“ აანონსებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნიდან 19 მილიარდი გაიტანა, რომელიც საიდუმლო ანგარიშებზე აქვს დაბანდებული, მაგრამ ამ დრომდე არც ფულის კვალი ჩანს და არც _ ანგარიშების.

პრეზიდენტისა და სდსს-ის მაშინდელი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესები კომედიას დაემსგავსა. შვიდი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს ხარჯებს „ვენოკების“ ხარჯებიც დაემატა. ბოლო პროცესები მხატვრული კითხვის რეჟიმში მიმდინარეობს, პროკურორები დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტისთვის დახარჯულ თანხებზე გვიყვებიან.
მეორე საქმე, რაშიც მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ეხება. პრეზიდენტმა მისი დისკრეციული უფლება გამოიყენა და 100 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის მოხვდნენ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებიც.
აღნიშნული საქმე, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა და ამიერიდან მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს: პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და „კუდის“ ყოფილმა თანამშრომელმა ოლეგ მელნიკოვმა.

„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების სრულ ვერსიას.

ირაკლი ოქრუაშვილი
დაბადების თარიღი _ 06.11.1973

დასმულ შეკითხვაზე გიპასუხებთ შემდეგს:
2005 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ნოებრამდე ვმუშაობდი საქართველოს თავდაცვის მინისტრად. დაახლოებით 2006 წლის 28-29 იანვარს ნიუ-იორკიდან დამიკავშირდა ჩემი და, მაია ოქრუაშვილი და შემატყობინა, რომ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იყო მისი მეგობარი სანდრო გირგვლიანი და მთხოვა საქმის ვითარებაში გარკვევა. მე ჩემს დას ვუთხარი, რომ დაკავებული ვიყავი სხვადასხვა პრობლემით და ვერ მოვიცლიდი აღნიშნული საქმისათვის. მეორე დღეს ამავე საკითხზე კვლავ დამიკავშირდა ჩემი და, რომელმაც ხელახლა მთხოვა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოების გარკვევა. მე თანხმობა განვუცხადე და სიტუაციის გარკვევას შევპირდი.
მეორე დღეს შუადღისას ლესელიძის ქუჩაზე რესტორანში შევხვდი გიგა ბოკერიას, ნიკა რურუას, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას, სუფრაზე ასევე იყო სხვა რამდენიმე პირი. მათ ამჟამად ვერ ვიხსენებ. სუფრაზე წამოვჭერი საკითხი, რომ მქონდა ინფორმაცია: სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან კავშირი ჰქონდათ ივანე მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიას და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსან დათა ახალაიას. კერძოდ, ჩემი ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული პიროვნების დავალებით მოხდა სანდრო გირგვლიანის გატაცება და შემდგომში მისი წამება. აღნიშნულზე აღშფოთება გამოთქვა გიგა ბოკერიამ და მითხრა, რომ მე აყოლილი ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის დადგმულ სპექტაკლს და დათო სალაყაიას ადა დათა ახალაიას არაფერი აკავშირებდათ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან. სუფრის სხვა წევრებს საკუთარი მოსაზრებები არ დაუფიქსირებიათ. ამის შემდეგ შევწყვიტე ამ თემაზე საუბარი.
რამდენიმე დღეში აღნიშნული, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საკითხი, წამოვჭერი იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, კერძოდ, მას ვუთხარი, რომ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ სანდრო გირგვლიანის გატაცება და შემდგომში მისი წამება განხორციელდა თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას დავალებით. მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ მისთვის ამის შესახებ ყველაფერი ცნობილი იყო, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სათანადო რეაგირების მოხდენა არ გამოდიოდა. დახლოებით, 2006 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ივანე მერაბიშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლამდე აღნიშნულ საკითხზე საუბარი მქონდა ამ უკანასკნელთანაც. ივანე მერაბიშვილმა მითხრა, რომ მის მეუღლე თაკო სალაყაიას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან. ამასთან, მითხრა, რომ მის შვილს სასწავლებელში ეუბნებოდნენ, რომ მისი მშობლები არიან მკვლელები და მისი ოჯახის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებას არ აპატიებდა ბადრი პატარკაციშვილს. ამ დროს ივანე მერაბიშვილი საუბრობდა ემოციურად, ტიროდა და მოსდიოდა ცრემლები. რამდენიმე დღეში სახელმწიფო კანცელარიაში სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. მასთან საუბრის დასრულების შემდეგ მისაღებში შემხვდნენ დათა ახალაია და ვასილ სანოძე. ამის გამო მე კვლავ შევბრუნდი მიხეილ სააკაშვილთან და ვუთხარი, რომ ვასილ სანოძესთან და დათა ახალაიასთან საუბარს მეც დავესწრებოდი. მიხეილ სააკაშვილმა უკვე შეცვლილი ტონით მიპასუხა, რომ აღნიშნულ პირებს თავად დაელაპარაკებოდა, თვითონ მოახდენდა მათ დასჯას და ჩემი ჩარევა და შეხვედრაზე დასწრება არ იყო საჭირო. რაღაც პერიოდის შემდგომ ტელევიზიით შევიტყვე, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის, გერონტი ალანია. მივხვდი, რომ თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას გამოძიება ოფიციალური ვერსიით არაფერს ედავებოდა, ვინაიდან დაკავების სიუჟეტში მათი სახელები არ გაჟღერებულა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების დაკავებიდან რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ, ივანე მერაბიშვილისგან გაჟღერდა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით თანამდებობიდან იყო გადაყენებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და სხვა პირები. ყოველივე აღნიშნულმა ჩემში გამოიწვია გარკვეული ეჭვი და შევეცადე გადამოწმებას. ამის გამო დავუკავშირდი ბიძაჩემს, ზურაბ გიგუაშვილს, რომელიც იმ დროს მუშაობდა „მოდულის“ შენობაში ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ კოტარიას მოადგილედ და ვკითხე, დადიოდა თუ არა დათა ახალაია სამსახურში თანამდებობიდან გადაყენების შემდგომ? დადებით შემთხვევაში ვთხოვე ვიდეოკამერით ჩაეწერა დათა ახალაიას სამსახურში ყოფნის ფაქტი და ჩემთვის მოეწოდებინა. ბიძაჩემმა მითხრა, რომ თანამდებობიდან გადაყენების შემდგომ დათა ახალაია სისტემატურად დადიოდა სამსახურში და ასრულებდა გარკვეულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, იგი ამ ფაქტის ვიდეოკამერით ჩაწერასაც შემპირდა, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია, აღარ ჩაუწერია.
დაახლოებით 2006 წლის აპრილში მივედი მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო კანცელარიაში. მასთან დამხვდნენ გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და ივანე მერაბიშვილი. ვინაიდან ამ დროისთვის გარკვეული სახის უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, რაც იყო დაპირისპირების დასაწყისი, ვთხოვე მას, რომ ჩვენს საუბარს ზემოხსენებული პირები დასწრებოდნენ. აღნიშნულზე მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა და გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და ივანე მერაბიშვილი ოთახიდან დაითხოვა. ჩვენ პირისპირ დავიწყეთ საუბარი. ამ საუბარზე მე პრეზიდენტთან ღიად წამოვჭერი სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას მონაწილეობის საკითხი, ამავე დროს, პრეტენზია განვუცხადე, რომ ის ხელს აფარებდა ივანე მერაბიშვილის მეუღლეს და დათა ახალაიას. აღნიშნულზე მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდან ვერ მოიშორებდა ივანე მერაბიშვილს და დათა ახალაიას, ვინაიდან ბადრი პატარკაციშვილი სერიოზულ შეტევებს ახორციელებდა მასზე და მერაბიშვილისა და ახალაიას მოცილების შემთხვევაში დაიშლებოდა მისი გუნდი და ვერ გაუმკლავდებოდა ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ შემოტევებს.
2006 წლის აგვისტოში კოდორში განხორციელდა ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა შეიარაღებული ამბოხის აღკვეთას, რა დროსაც ერთი თვის განმავლობაში დათა ახალაია სულ თან ახლდა ივანე მერაბიშვილს და მონაწილეობდა ოპერაციაში. კოდორის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდგომ მე დავბრუნდი თბილისში და იმავე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ კოდორის სპეცოპერაციის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში ის იძულებული გახდებოდა, თანამდებობიდან გადაეყენებინა ივანე მერაბიშვილი, ვინაიდან სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება საფრთხეს შეუქმნიდა ოქტომბრის თვეში მოახლოებულ არჩევნებს. ამავე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ივანე მერაბიშვილი ხშირად აწუხებდა თხოვნით გირგვლიანის საქმეზე დაკავებული სმჯავრდებულების შეწყალებაზე, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მას წინასწარ ჰქონდა მიცემული ასეთი პირობა, მაინც თავს იკავებდა შეწყალებაზე მოახლოებული არჩევნების გამო. მისივე თქმით, შეწყალების საკითხზე ის შეხვედრილი იყო დათა ახალაიასთან, რომლისთვისაც ასევე მიცემული ჰქონდა მსჯავრდებულების შეწყალების პირობა. გირგვლიანის საკითხი ისევ წამოვჭერი 2006 წლის ოქტომბერში, ქ. ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, როდესაც სუფრაზე ვიმყოფებოდით მე, მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, ალექსანდრე ლომაია და სხვა პირები. აღნიშნულ სუფრაზე მე მთხოვდნენ, საღამოს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში პირდაპირი ჩართვა გამეკეთებინა რუსი ჯაშუშების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. მე აღნიშნულზე უარი განვაცხადე და სხვადასხვა საკითხის განხილვა დავიწყე, მათ შორის, გირგვლიანის თემის, კერძოდ, განვაცხადე, _ მსგავსი რამ მე რომ შემმთხვეოდა, გაცილებით უარესად მომექცეოდნენ, ვიდრე მოექცნენ ივანე მერაბიშვილსა და მის მეუღლეს. აღნიშნულზე ბოკერიას მწვავე რეაქცია ჰქონდა და მითხრა, რომ მერაბიშვილის პატარა და გამოუცდელი მეუღლის შეცდომა როდემდე უნდა მეყვედრებინა მათთვის? აღნიშნულ შეხვედრაზე მე საბოლოოდ მაინც დავთანხმდი სატელევიზიო გადაცემაში ჩართვას, თუმცა სუფრაზე შეკრებილებს განვუცხადე, რომ მალე დავტოვებდი მათ გუნდს. 2006 წლის ნოემბერში მე ხელისუფლებიდან წავედი და გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. მოგვიანებით, საფრანგეთში ჩემი ყოფნის პერიოდში, სატელევიზიო საშუალებით შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილს მაინც შეუწყალებია სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე გამართლებული მსჯავრდებულები.

ელისო კილაძე