ექსპერტები: სოფლის მეურნეობა გარემოს დაცვის მიმართულებას, უბრალოდ, გადაფარავს

უკვე ყველამ იცის, რომ საქართველოში, ამიერიდან, 18-ის ნაცვლად, 14 სამინისტრო გვექნება. უქმდება გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების სამინისტრო. გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობას, ბუნებრივი რესურსები კი ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.

მართალია, თანხების ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლება მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის ეკონომიკური და მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ცალსახად რთული სათქმელია, სტრუქტურულად რამდენად სწორად გადაანაწილეს და დაუქვემდებარეს სამინისტროები ერთმანეთს?
განსაკუთრებული განხილვის თემა გახდა გარემოს დაცვის საკითხების დაქვემდებარება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, გარემოს დაცვა არის გლობალური თემა და მისი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირება არაადეკვატური საქციელი იქნება.

ხათუნა გოგალაძე _ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი:
_ გარემოს დაცვისა და სხვა სამინისტროს ფუნქციების გაერთიანება ამ სფეროს კიდევ უფრო დააკნინებს, მაშინ როცა გარემოს დაცვის მიმართულება პირიქით, გაძლიერებას საჭიროებს. აუცილებელია, რომ გარემოს დაცვამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც კი.
როდესაც საუბარია ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელმაც შეიძლება გარემოზე იმოქმედოს, გარემოსდაცვითი ასპექტების წონა კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღესაა.
ბუნებრივი რესურსებიდან წიაღისეულზე ლიცენზიების გაცემა შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ფუნქცია იყოს, რადგან ეს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურაა, ანუ თუ მყარი წიაღისეულის ლიცენზირების საკითხი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ეს პრობლემა არ არის, პირიქით, შეიძლება, უკეთესიც იყოს, მაგრამ რა რაოდენობის რესურსი შეიძლება იქნეს მოპოვებული რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების შესაბამისად, საიდან შეიძლება მისი მოპოვება, რა სტანდარტებით, რომ ნიადაგი არ დეგრადირდეს, კვლავ გარემოს დაცვას უნდა ეკუთვნოდეს.
რაც შეეხება სხვა ფუნქციების გაერთიანებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, როგორ კარგადაც უნდა დალაგდეს ეს სტრუქტურა, ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია (და ასეც უნდა იყოს), გარემოს დაცვის მიმართულება ვერ იქნება ამ სამინისტროს პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა და ძალიან დიდია რისკი, რომ (ინტერესთა კონფლიქტზე აღარაფერს ვამბობ) გარემოს დაცვის მიმართულებას სოფლის მეურნეობა ჩაყლაპავს.
საოცარია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისთანავე უქმდება, მაშინ როცა მერობის ყველა კანდიდატი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებდა. დიახ, ამ ცვლილებას, სწორედაც რომ, გაუქმება ჰქვია, რადგან გარემოს დაცვის ფუნქციების გადანაწილებით ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში წარმოუდგენელია ამ სამინისტროების მიერ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ეს განსაკუთრებით წარმოუდგენელია დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, როცა გარემოს დაცვას, სამწუხაროდ, კვლავ ეკონომიკური განვითარების მუხრუჭად მიიჩნევენ მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები პირები. ნუგეშის მომცემი არც ის არის, რომ ახალ სტრუქტურას „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ერქმევა, რადგან გარემოს დაცვა ვერანაირად გახდება პოლიტიკის წარმმართველი ამ სამინისტროს ქვეშ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.
მაშინაც კი, როცა გარემოს დაცვის სამინისტრო ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების თანასწორუფლებიანი იყო, ეკონომიკური ბლოკი მუდმივად დომინირებდა. ის არგუმენტი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გარემოს დაცვის ფუნქციები სხვა სამინისტროს ქვეშაა მოქცეული, არ არის ძლიერი. კი ბატონო, არის ზოგიერთ ქვეყანაში ასეც, მაგრამ იმ ქვეყნებში ასეთი გადაწყვეტილებები ღრმა შესწავლას ეფუძნებოდა. მე რომ ნიდერლანდების, ბულგარეთის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებს ვხვდებოდი და სამინისტროების საქმიანობებს ვეცნობოდი, აშკარა იყო გარემოს დაცვის მიმართულების დომინირება. და საერთოდაც, ავსტრიაში გარემოს დაცვის სამინისტროს „სიცოცხლის სამინისტროს“ უწოდებენ. გარდა ამისა, ევროკავშირის რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ როგორი მოწყობაც არ უნდა იყოს, დირექტივების შესრულების ვალდებულებას ვერ გაექცევიან. ამასთანავე, ამ ქვეყნებში ადამიანების ცნობიერება, დაწყებული მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღები პირებიდან და დასრულებული მოსახლეობით, გაჯერებულია გარემოსდაცვითი ხედვებით. მივიდეთ ჯერ მათ მდგომარეობამდე და მერე, იქნებ, არც აქ იყოს პრობლემა.
ახლა კი პრობლემაა, რადგან არ შეიძლება, გარემოსდაცვით ნებართვას კონკრეტულ საქმიანობაზე გასცემდეს სტრუქტურა, რომელიც თვითონ არის ამ საქმიანობის ინიციატორი. პრობლემაა, რადგან არ შეიძლება, ტყეების ბედს ეკონომიკური ბლოკის სამინისტრო განაგებდეს, რადგან ჩვენი ტყეების 98% მთიანია და, ძირითადად, დამცველობითი ფუნქციები აქვს და არა კომერციული. პრობლემაა, რადგან დაცული ტერიტორიები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ტურიზმის სფერო. ეს დაცული ტერიტორიების მხოლოდ დამატებითი ღირებულებაა, მთავარი კი ბიომრავალფეროვნების დაცვაა. პრობლემაა, რადგან ამ ყველაფრით მხოლოდ დასუსტდება და განადგურდება ეს სფერო. და განადგურებული გარემო ისევ ქვეყნის ეკონომიკას და, ზოგადად, განვითარებას უშლის ხელს.
მაინც არ მესმის, რატომ უნდა გაუქმდეს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი და ერთ-ერთი ყველაზე ინტერსექტორული ფუნქციების მქონე სამინისტრო?!

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი _ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილი მინისტრი:
_ გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა მხოლოდ ინსტინქტების დონეზე შეაერთეს. გარემოს დაცვა არის გლობალური, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და სოფლის მეურნეობა არის სულ სხვა მიმართულება. რახან არაურბანულ სივრცეზე გვაქვს ლაპარაკი, მარტო მაგიტომ ხომ არ უნდა გააერთიანო? ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ეფექტიანი. დღეს ეს ძალიან ხელოვნური და არასწორი გადაწყვეტილებაა.
გარემოსა და ძეგლთა დაცვის ერთმანეთთან გაერთიანება კიდევ შეიძლებოდა. ძეგლები გარემოში არსებობს და გარემო უნიკალურია, ამიტომ კარგად უნდა იყოს დაცული _ ეს იქნებოდა ძალიან ცივილიზებული. ძეგლები საკუთარ თავს იცავენ გარემოში და გარემოც დასუსტებულია. გარემოს დაცვა ისედაც დაბალბიუჯეტიანი სამინისტროა და უკვე გაუქმდა კიდევაც.
მგონია, რომ ეს პიარია, რომელიც ცვლილებების იმიტაციას გულისხმობს, რადგან ამით ბიუროკრატიაზე გამოყოფილი თანხები არ შემცირდება, პირიქით, მათთვის სასარგებლოა საკადრო ცვლილებისთვის.

ირაკლი მაჭარაშვილი _ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“:
_ ფაქტია, რომ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, მის შესახებ არაფერია ნათქვამი არც ერთ სამთავრობო დოკუმენტსა და სტრატეგიაში. მეტიც, პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაც, პრაქტიკულად, დასრულებულია და ისიც შედგენილია ისე, რომ სამინისტროების პირვანდელი მდგომარეობა ხელშეუხებელია. ზუსტად ვიცი, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს უმაღლესი პირებისთვისაც კი ეს გადაწყვეტილება უცნობი და მოულოდნელი იყო. სხვა რა ხდება, ამის იქით რა დევს, რა უქმდება, რა უფლებამოსილებები იკვეცება, ამის დასაბუთებები უნდა მოვისმინოთ და მხოლოდ ამის მერეა შესაძლებელი ვთქვათ, კარგია ეს ინიციატივა, ცუდი თუ ნეიტრალური. რაც ვიცით, ისაა, რომ ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხები ეკონომიკის სამინისტროში გადადის. რა იგულისხმება ბუნებრივი რესურსების მართვაში, ამასაც განმარტება სჭირდება. თუ იგულისხმება ბუნებრივ რესურსებზე მხოლოდ ლიცენზიების გაცემა, მაშინ ადეკვატურია, მაგრამ თუ მართვის გადაცემა იგულისხმება, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. სწორი იქნება, თუკი ლიცენზიების გაყიდვაზე პასუხისმგებლობას სხვა უწყება აიღებს და სალიცენზიო პირობების შემოწმების თავლსაზრისით გარემოს დაცვის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას.

როგორც ვხედავთ, სფეროს ექსპერტები გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობისთვის დაქვემდებარებას შეუსაბამოს უწოდებენ, თუმცა, მთვარობა სხვა ქვეყნების გამოცდილებას იმოწმებს და ამბობს, რომ ეს სტრუქტურული ცვლილება გაამართლებს. რა მოხდება რეალურად, ალბათ, ცოტა ხანში გამოჩნდება.

ნინო ტაბაღუა