„ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ“

ციხის დღიური

14.05.17
ახლახან გავიღვიძე, ვჭამე, ყავა დავლიე და მეხუთე რვეულის წერას შევუდექი. 62-ე დღე დაიწყო, რაც უკანონო პოლიტპატიმარი ვარ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკვე მეცინება. რომ ვინერვიულო, რა ვინერვიულო, _ ის, რაც არ ჩამიდენია? ინერვიულოს იმან, ვისაც სანერვიულო აქვს და უკანონობა და უსამართლობა ჩაიდინა, ჩემი სამართალი მოფრინავს და მალე დაეწევა ნაძირალებს…
იმედია, აჩიკო ან ნათია მოვლენ და დეტალებს დავაზუსტებ. როგორ ცუდად დაემთხვა პარასკევი დასვენება და 3 დღე ვერ შემოვლენ. ორშაბათს ველოდები, ორშაბათი ხომ სიახლეების დღეა.
წავედი, ფილმს ვუყურებ, ძილს არ ვაპირებ, მთელი დღეა, მძინავს. დღეს როინა და გოჩა მორიგეობენ და ახლაც მესმის როინას ხმა, რაღაცას ბუზღუნებს გარეთ, ხმაურიანი მეგრელია. გოჩამ შემოიხედა, დამხედა, მომიკითხა, მეც მოვიკითხე, გავისაუბრეთ და წავიდა. დავრჩი მარტო, ძიას სძინავს. გამოიძინოს, ძაან ცოტა სძინავს და ძილში დრო გადის. სულ რაღაც, 74 დღე დარჩა ნანატრ თავისუფლებამდე, 4 წელი პირობითი მიყვება, მაგრამ აქ დაბრუნებას ნამდვილად არ აპირებს. 48 წლის ადამიანს, რომელსაც სახლში 3 წლის შვილიშვილი ელოდება, ნამდვილად აღარაფერი ესაქმება აქ. ახლა, ამ წამს დავფიქრდი და არც 13 მშორდება და არც _ 6. ეს ორი საკრალური რიცხვი ერთმანეთზე გავამრავლე და 78 მივიღე. 78 ჩემი საკნის ნომერია, _ იქ, სადაც ვსხედვართ. კიდევ რა? _ არც არაფერი არ ხდება ახალი და საინტერესო.
ტელევიზორს ვუყურებ, ხვალ, ალბათ, იმ სულგანათლებულ 4 მეშახტეს დაკრძალავენ და იმედია, სულგაყიდულ მთავრობას ეყოფა კეთილგონიერება და საკადრის პატივს მიაგებს დაღუპულებს. ახლა თვალი შევავლე აზერბაიჯანის სახელმწიფო არხს და 24 საათი ქვეყნის, არმიის, რწმენის პროპაგანდა მიდის. ლოგო რომ ლოგოა, ისიც კი სახელმწიფო დროშაა. როგორ უღვივებენ საკუთარი ქვეყნის რწმენას რიგით მოქალაქეებს, რომელებსაც, ცხადად და ხილულად, ჩვენზე დაბალი კულტურა აქვთ, ბოლო 25 წელიწადი ჩვენზე მეტი ისწავლეს და ახლა ჩვენ გვაქვს უკვე ბევრი რამ სასწავლი, უშუალო მეზობლებისგანაც კი, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ იმპერიაში, თავისი პრაგმატულობით კი ახლა ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ. წავედი, ფილმს ჩავუჯექი, საინტერესო ფილმია და მერე, იქნებ, საინფორმაციოს მოვკრა თვალი, გავიგოთ, დღეს რა მოხდა ქვეყანაში. ინფორმაცია, თუნდაც ტენდენციური და დამახინჯებული, მარტივი და გასაგებია ჩემთვის. ვიცი, რომელ ტელევიზიაში როგორ იწყობა ინფორმაცია და დგება დღის წესრიგი. ასე რომ, მთავარია, ინფორმაცია იყოს. დასკვნა მარტივი და იოლი გასაკეთებელია. ღამის 4 საათია, ციხე თვლემს. როგორც აქაურები იტყვიან, ციხეს არასოდეს სძინავს, პატიმრები თვლემენ, ცალი ყური და თვალი სულ ფხიზელია, აქ ერთფეროვნება აგიჟებს და ჩასაფრებულს ხდის ბევრს. სამწუხაროდ, ბევრი ქურდულს შირმად და ფარად იყენებს თავისი ბოროტი ზრახვებისთვის. აქ ყველას სახეზე აწერია, ვინ რით და როგორ სუნთქავს. 62 დღე აქ ვარ და 2-3 ბოროტი სახე შემხვდა სულ, ისიც გაკვრით და გავლით. სხვა მხრივ კი ჩვენს ფლიგელში სულ სიმშვიდეა. ყველაზე შეკამერებული ეს კორპუსია და აქ ჩხუბი, ან რამე ინციდენტი რომ მოხდეს, უბრალოდ, უაზრობა და სისულელე იქნება. ერთიც არის, კიდევ, _ ყველაზე გამოცდილი და დალაგებული ჩვენი ოფიცრობა და ზედამხედველები არიან. ძირითადად, 10-დან 7 ახალგაზრდაა, რასაც „პრავერკის“ დროს ვხედავ. დილის „პრაგულკის“ დროს ისეთი სახეები და ფიზიკა შემხვდა, რომ საერთოდ არაფერი აქვს საერთო კრიმინალთან. ზოგი 100 დანაშაულს სჩადის და აქ არ ხვდება, ბევრი კი აქ შეკერილი საქმეებით, ან, თუნდაც, ადამიანური შეცდომის გამოა.
ჩემ წინ „დ“ კორპუსი ჩანს. ახლა არც ერთ საკანში შუქი არაა, ისვენებენ ბიჭები, ახალი დღე იწყება 2-3 საათში. აქ ყველა დღე ახალია, ახალი იმედია, _ იმედი, რომელიც ყოველდღე ეხვევა ერთფეროვნებას. ამ წამს როინამ შემოიხედა, _ რას შვრებიო? _ მეთქი, ვწერ, ბიძი და გამოსაცემად მზად რომ იქნება და გამოვა, ხო იცი, გამოგიგზავნი-მეთქი. _ მოსულაო, _ და ხელი ჩამირტყა. _ დილას მეძინებოდა, დღეს ვერ წავედი და მეთქი, როინ, „პრაგულკა“ რო დაიწყება, ეცადე, პირველზე ამიყვანო-მეთქი. _ კაიო, _ წავიდა როინჩიკა. ისე კი აქ დღე 7-ზე იწყება, „პრაგულკამდე“ პურს ჩამოატარებენ ხოლმე, მერე 10-მდე დილის ბალანდა ჩამოტარდება, სადილი 2-ზეა ხოლმე, 6-7-ზე ვახშამია, თვეში ერთხელ 5-6-კაციანი ჯგუფი, ე. წ. ოპერატიული შემოვა, საკანს დაათვალიერებს და გავა. დღეში ერთხელ ოფიცერი შემოდის და საკანს ამოწმებს. პაემანი ჩვენნაირი პატიმრებისთვის თვეში ერთხელაა, თვეში 3-ჯერ 15 წუთით რეკავ, თუ გინდა, რამდენიმე ნომერზე, ჯამში _ 45 წუთი გამოგდის. მგონი, ეს უკვე გითხარით. სახლში ყოფნა მაგრად მენატრება, გემრიელად ვისადილებდი სიამოვნებით. კვირა დღე მოსაკლავი გვაქვს, ორშაბათი აქ „სვაბოდას“ უდრის: ახალი ამბები, ადვოკატები, „ლარიოკი“, გაზეთები… ასე თუ ისე, სიახლეებია და სიამოვნებით ელოდები ორშაბათს. ახლა ციხეში ჩიტების ჭიკჭიკის დროა, დიახ, ნუ გაიოცებთ, ისინი ვენტილაციიდან ხვდებიან კორპუსის შიგნით და ჟივილ-ხივილით გვამცნობენ განთიადის შემობრძანებას. ზუსტად 6 საათია, ისევ ჩიტების ზეობის ხანაა, ჟღურტულს მიაქვს აქაურობა, ყველა ფანჯრის გარეთ ბეღურის 2 ბუდე მაინცაა, მეტი თუ არა. ეს ეგოისტი არასწორები დილით ბუნებასთან ერთად იღვიძებენ, ხო, არასწორები, აბა, რომელი სწორი გაიკეთებს ბუდეს ციხის ფანჯარასთან. ეს 2 დღეა, რაღაცნაირად, სული გავიკლდეკარე, თითქოს, დანა რომ დამარტყა, სისხლი არ წამომივა. ჩემები როგორ არ მენატრება, მაგრამ არაფერს ვნერვიულობ, რატომღაც. ძალიანაც მინდა, ფიქრი გამოვიწვიო, მაგრამ არაფერი ეკარება თავს და გულს. აი, რა შედეგი მოაქვს საკითხისადმი სწორად მიდგომას, 2-3 დღის წინ ვწერდი, ზენიტისკენ მივდივარ-მეთქი და უკვე იქ ვარ, ალბათ. აბა, რას მივაწერო ის, რომ მთელი ღამეა, „ხოდზე“ ვარ და ჩემებზე ფიქრები ისე მოდის და მიდის, რომ ნაღველი არ მომწოლია. იდეალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ნერვიულობას აზრი არ აქვს და ეს ზედმიწევნით კარგად გაათვითცნობიერა როგორც ჩემმა გულმა, ისე გონებამ. ყავას ვსვამ და გოჩას ველოდები, როდის დაიძახებს, „პრაგულკაო“. „პრაგულკის“ ოთახი იგივე საკანია: ბეტონის კედლებიანი, დაახლოებით, 30 კვ.მ. ყავისფერი ოთახი, შიგნით 2 კამერაა, ასევე ბეტონის იატაკი. სქემას შემდეგ დავხატავ, არმატურის გისოსია, არმატურებს შორის კვადრატებია, ერთი კვადრატი, დაახლოებით, 4 ნომერი ფეხბურთის ბურთის ტოლია, ამას ზემოდან რკინის ბადე აკრავს და აქედან ჩანს ლურჯი ცა.
ვზივარ. არ მინდა, რამე ახალი თემა დავიწყო იმიტომ, რომ მალე ავალ სასეირნოდ და არ მიყვარს აზრის გაწყვეტა და მიტოვება, შეფერხება. თემას რომ დაიწყებ, ბოლომდე უნდა გახვიდე, მუზის გაწყვეტა და შეყოვნება აქ ითხოვება: ეს ხო საქართველოა, პროფესორების კამერაა, მე და ძია ვხუმრობთ ხოლმე, _ მოვა დრო და ამ საკანს მუზეუმად გადააკეთებენ-მეთქი, 2-3 ექსპონატს უკვე ვარჩევთ, რა უნდა დავტოვოთ. დილა ჩვენთან მუსიკით იწყება. მართალია, დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ შანსონი ჩვენთან არის.

***
7 საათია, უკვე სრულად და ნათლად გათენდა, 1 საათში ქვეყანა ახმაურდება, ქალაქი გაიღვიძებს, მიუხედავად იმისა, რომ კვირაა. აქ კი ისევ ის კვირა იქნება, რა კვირაც 7 დღის წინ იყო. შაბათ-კვირა „რაბოჩები“ „გულაობენ“, მაგათი პაემნებისა და „სვიდანიების“ დღეებია, ადმინისტრაციას პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავს ეს კასტა მაგ მხრივ. ხო, მგონი, მოგიყევით, რომ ახალი კამერა დააყენეს და ძველი მოხსნეს, ახალი ისეთ „ვიდზეა“, უეჭველად მიკროფონითაა და ხმაც ისმის, დიდი ალბათობით.
მალე ავალ სასეირნოდ, თან გავივარჯიშებ, სხეულს დავმუხტავ. კვირაში 3-4 დღე როცა მეღვიძება, მაგ დროს აუცილებელია. დღეს ბანაობის დღეც გვაქვს, ერთი სიამოვნება და ნეტარებაა ცხელი წყალი ამ გარემოში, მტვერს ჩამოირეცხავ, ცხელი წყალი ხო თან ბაქტერიებს კლავს, რომელიც, გინდა, არ გინდა, დახურულ სივრცეში ჩნდება. ყველა სიკეთესთან ერთად, ბანაობის დროს, საკნის კარი ღია რჩება და საკანი მაქსიმალურად ნიავდება, რაც ძალიან კარგია, სუფთა ჰაერს არაფერი სჯობს.
მზე ამოიწვერა, ამ წამს სწორედ ჩვენი ფანჯრის წინ არის და სხივები პირდაპირ ნარებს ეცემა. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ჯერ კიდევ გვიბღვერს, სიცივით აღარ ცივა. რაც მთავარია, ნელ-ნელა კი არა, მალე მაგრად ჩამოცხება და ზაფხულში გადავხტებით, ძალიან ცხელი იქნება, გაზაფხული არ გვქონია, ფაქტობრივად. ბუნება მაგარი არეულია, საქართველოში _ განსაკუთრებით. მარტო დედაქალაქში 600 000 მანქანაა რეგისტრირებული. შეუძლებელია ქალაქში მოძრაობა, სამწუხაროდ. მოძრაობას ვინ დარდობს, ვეღარ ვსუნთქავთ. ღმერთმა იცის, აქ, გლდანში, დაკეტილ საკანში უფრო სუფთა ჰაერია, თუ გმირთა მოედანზე. მხარი ვიცვალე და მზეს მივეფიცხე, სიამოვნებით ვიფენ სახეზე მათბობელ სხივებს, ძალიან მაგარია, მაგრად არ მინდა, სახეზე ციხის ფერი დამედოს. აუცილებელია, მზეს სახე მივუშვირო, აუცილებელი! ამ წამს ღრუბლებს მოეფარა და დამტოვა ასე უღმერთოდ და დაუმშვიდობებლად. დღესაც ღრუბელი იმეფებს, როგორც ეტყობა, ჩიტებიც დაბლა ფრენენ. თუ ქართველ გლეხს ვენდობით, საერთოდ, უნდა იწვიმოს, ვნახოთ, აბა, რა ამინდი იქნება.
ორშაბათია. ადვოკატებს ველოდები, მანამდე კი უმძიმესი უქმეები მიმოვიხილოთ: ქვეყანა ქაოსისკენ მიემართება, ძალიან იძაბება მდგომარეობა, ასე იცის არაფორმალურმა მმართველობამ, ზუსტად არავის მოეხსენება, რა ხდება, მაგრამ თავი-ბოლო, ის, რაც ხდება, ჩვენი, ხალხის ბრალია, ჩვენ მოგვყავს ეს ადამიანები ხელისუფლებაში და მერე გადაცდომებზე პასუხს არ ვთხოვთ. ყოჩაღ, პროფკავშირებს და 115-ს, ჩაშალეს თბილისში ფილარმონიაში ამ ფარსის განხილვა, დააფარეს კობახიძეს და მდინარაძეს თავზე… ეს ზღვაში წვეთია, მართალია, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, ლოკალური აფეთქებები დაიწყო, რამდენიმე ნაძირალაც შევნიშნე, ძაგნიძე არაკაციც ეგდო ფილარმონიაში, სუს-ის ფსევდოოპოზიცია. ეგ არაფერი, ქართველი ერი გააქრობს ამ ნაძირალებს. ლაშა მესხი კარგი ბავშვია, მაგრად და ბევრს იბრძვის, თბილისმა არ მიიღო კობახიძის ჰაი-ჰუი. ყოჩაღ, თბილისი, კარგია! ნელ-ნელა იღვიძებს ხალხი. მეორე ამბავი ის არის, რა თქმა უნდა, ცუდი, რომ მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი დაჭრეს. ხალხი გაგიჟებული და აჭრილია, (((: ალაგ-ალაგ რადიკალურ აგრესიას გამოხატავს და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სად წავიდეს ადამიანი? კი ხედავთ, თუნდაც, ჩემს მაგალითზე _ პოლიცია ჩამდებია, პროკურატურა მკვლელებით და ნაძირალებითაა სავსე, სასამართლო _ ურთმელიძეებით, ქურდები დისკრედიტებულები და გაქცეულები. სად გინდა ეძებო სამართალი?!! ხალხი ისეა გამწარებული, ალაგ-ალაგ თვითონ იწყებს სამართლის დაყენებას. სამის ნახევარია. მოვლენები საკმაოდ ორაზროვნად ფასდება, სამწუხაროდ. „იმედი“ შსს-ს ფილიალად არის ქცეული, ბადრი საფლავში ბრუნავს, დარწმუნებული ვარ, ხალხი მაინც „ხოდზეა“, ეს კონტროლირებად მედიაშიც კი ჩანს. სხვა რა ხდება? ჩემებისგან არაფერი ისმის ახალი, რაც ცოტა მაშფოთებს, მაგრამ წინ 3 დღე დასვენება იყო. დაველოდოთ დღეს საღამომდე, 6-მდე გამოჩნდებიან, წესით. რა თქმა უნდა, მშვიდობაა. ასე რომ არ იყოს, ციხის დაუწერელი კანონია, ცუდ ამბავს ეგრევე იგებ აქ. მოკლედ, ადვოკატებს ველოდები.
აშკარაა, შუა რგოლს და მმართველ ხელმძღვანელებს შორის მოშლილია კანონის სუბორდინაცია, ხელქვეითებს არ სთხოვენ სუბორდინაციასა და კანონის მიხედვით ქცევას, მათ მხოლოდ რიგ შემთხვევაში აწუხებენ და ისიც იმ დროს, როცა რამე უკანონობაა ჩასადენი და თვითონ არ უნდათ, გაისვარონ. ახალი არაფერი მოუგონებიათ, იგივე „ნაცმოს“ მეთოდია მცირე განსხვავებით, _ ისინი მუშაობასაც ითხოვდნენ, ესენი _ არა. თუ თბილისი მაინც ყვირის, რეგიონებში სრული ბაკქანალიაა და ქვეყანა ჭაობში იძირება. მესიამოვნა, ფილარმონია რომ თავზე ჩამოემხოთ ამ იდიოტებს, მდინარაძისა და კობახიძის ჯერ შედგენილი, მერე განხილული და მერე მიღებული კანონის რა ვთქვი, არაფერს ვამბობ კონსტიტუციაზე!!! მოღამული და მოღუშული დღეა, არც მზეა და არც წვიმა, არ მიყვარს ასეთი უემოციო დღეები, თითქოს ყველაფერი გაყინული, ჩამქრალი და უმოძრაოა. ძალიან მინდა, რამე ახალი მოგიყვეთ, მაგრამ არაფერი ხდება. გრძელი თემის მიხედვის და დამუშავების თავი ნამდვილად არ მაქვს, ახლა სრულიად უემოციო მდგომარეობაში ვარ. აუდიტორიის მოადგილე ჩაერთო ტვ-ში. სქემა, რასაც ყვება, იდენტურია, უბრალოდ, თუ თბილისში მერიას იყენებენ, იქ დალაგება „ჩერეზ“ პროკურატურით, სასამართლოს გავლით ხდება. სქემა ძველი და კარგად აპრობირებულია ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნებისთვის. ორივე ძირითადი პოლიტმიმდინარეობის მანკიერი მხარე აქვთ აღებული და ქართულ რეალობას მისადაგებული. ეს არის მარტივად აღქმული და გაშიფრული ქართული რეალობა. ამასობაში „ლარიოშნიკი“ დაგვეკარგა, 5 სრულდება და ჯერ არ ჩანს. აღარც ჩაი გვაქვს, აღარც ყავა. სამწუხაროდ, აქამდე უნდა მოსულიყო, მაგრამ პარასკევიც დასვენების დღე იყო და ბევრი დაგროვდა, ალბათ, საყიდელი. ადვოკატები ისევ არ ჩანან.
ნახევარი მაისი გავიდა, ამ ციხეს დავანგრევთ, მოვა მაგის დროც, აღიგავება პირისაგან მიწისა აქაურობა. ყველა და ყველაფერი მენატრება, მაგრამ არ ვიტყობ და ბევრს არ ვფიქრობ. აზრი არ აქვს ნერვიულობას, 100-ჯერ ვთქვი უკვე და სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება, 200-ჯერ მომიწევს გამეორება. ვნახოთ, ვნახოთ, ჯერ კიდევ წინაა ბატალიები, არაფერია ჯერ გარკვეული. მეგონა, ბრძოლის ველი დალაგდა და არმიები ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. სწორედ ამ დროს არმიები ბრძოლის ველს გაერიდნენ და ახალი გადაჯგუფებები დაიწყო. მაისის ბოლომდე არაფერი ნათელი არ იქნება, ყველაფერს გავიგებთ. მთავარია, ლოდინმა არ დაგვღალოს. ამიტომ არიან წინ ნაძირალები. რაღა დაგიმალოთ და იქ ამიტომაც არიან, რომ ლოდინის შექმნა შეუძლიათ და ამას ხშირად იყენებენ განსაკუთებით ჩვენნაირი პატიმრების მიმართ, რომლებსაც არაფერი ჩაუდენიათ და ეს „შეგუების“ მომენტი ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთგვარი ფორმაა.
8-ს 10 აკლია, 8-ზე სანაიას გადაცემა იწყება. გავიგებთ, ფარცხალაძის საქმეზე რა სიახლეა და რა გვაქვს კიდევ ისეთი, რაც უნდა ვიპოვოთ და ვიცოდეთ… მაგარი არასწორების ხელში ვართ დამოუკიდებლობის მერე პირველი 7 თვის გამოკლებით. თითქოს ძარცვაში არ ეყოფოდათ და რბევაშიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ნაირ-ნაირ მეთოდებს იგონებენ. ვაი, დედასა! ჩვენ, ერის მომავალი, ციხეებში ვართ და მეორე ნახევარი ან გაქცეულია, ან დაპირობითებული, ნაბიჭვარი ვირთხები კი „გულაობენ“ და ხალხს ძარცვავენ, მალე დავამთავრებთ ამ ბაკქანალიას, ძალიან მალე! მთავარია, აქედან დავსხლტეთ ის რამდენიმე ადამიანი, ვინც აზრზეა, ნებაც აქვს და მზადაა, ბოროტების წინააღმდეგ იბრძოლოს და დაამარცხოს კიდეც!
ტვ პირველზე ელისო გამოჩნდა, გლდანის პატიმრები მოგვიკითხა, _ ყველაფერი კარგად იქნება მალეო. სერიოზული კულუარული და არაკულუარული ბრძოლებია გაჩაღებულიო. ვნახოთ, რა იქნება. მალე გავიგებთ ბევრ რამეს. სერიოზული ბრძოლებია შუშის სასახლის კარზე, ქაოსის ხანა დგება ქვეყანაში, კი არა დადგა უკვე, პრობლემების, ქაოსისა და ბრძოლის. სერიოზული „დვიჟენიებია“ დაწყებული. მთავარია, მშვიდობაა და ყველაფერი კარგად არისო, ხვალ ადვოკატები გამოჩნდებიან, უეჭველი, თან. მგონი, ბიძინამ გაიღვიძა და უკვე დაიწყო შავი ღრუბლების თავმოყრა კორუმპირებულების თავზე. ვნახოთ, ვნახოთ, მთავარი ბრძოლები და ქაოსი წინ გველის. დავიღალეთ ფრაზებით: დაველოდოთ გამოძიებას! დავიღალეთ ლოდინით, მაგრად, თან! რამდენი რამ არ ვიცით კიდევ, რასაც ბინძურები და ნაძირალები ხლართავენ. მოკლედ, ყველაფერი წინ არის. ელისოს გამოჩენამ მაგრად გაასწორა, სხვა თუ არაფერი, გავიგეთ, რომ ყველაფერი ნორმალურად არის, ჯანმრთელად და კარგად არიან. ხო, მართლა, ხატიაშვილმა იხუმრა, _ მგონი, ეს ჩხუბიც ელისოს შვილის პროვოცირებულიაო. ხო, მე ვცემე გლდანიდან თორდია.
ამ წამს გავიგეთ კიდევ, რომ პრეზიდენტის შვილის მეგობარი იმავე ხელწერით დააკავეს… ვის მოსდის თავში შვილებით, მეგობრებით და 1000 უზნეობით ადამიანების დაშინება, გაჩერების მცდელობა?!! გამაგრდი, ძმაო, ნუ ინერვიულებ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ ნაბოზრებს ხო მხოლოდ დაჭერა, ჩადება და უზნეობა შეუძლიათ! მალე დამთავრდება ამათი ბოგინი და უზნეობა, მალე! ნეტა, როდის მორჩება ეს უმსგავსობა! ახლა სწორი ორგანიზებაა საჭირო, სწორი პროცესის და ყველაფერს ეშველება. სერიოზული აღმაფრენა მოვიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის მიხარია, მგონი, რომ ცოცხალი ვარ, ეს კარგია! ამ დროს ვგრძნობ, რომ სიცოცხლით სავსე ვარ! არა, რა, ვერა! შანსი არაა ჩემი გატეხვა, შეშინება! დაჭერით შეუძლებელია. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვიათ, მაგრამ ეს შეცდომები მაგათ გადაიყოლებს და ამას არაფერი ეშველება, ეს გარდაუვალია!
ქარი ბობოქრობს, ზღაპარს მიამბობს ჭადარი, დღეები მარად მიჰქრინ, არ არის ჩვენი ჭადარი? არა, კეთილო ადამიანებო, ჩვენი ჭადარი აქ არ არის! ჩვენ არ ვართ „იდეინნი“ „დამნაშავეები“, ღამის ორი საათია, მაგარი ქარია, კარგ ფილმს ვუყურე პატიმრებზე, მგონი, ესპანეთის ქალთა ციხე იყო. აქ, საერთოდ, არანაირი „პალაჟენია“ არ არის. მართალია, კონკრეტულად, აქ, გლდანში. აი, იქ კი, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ციხეებს ფული მართავს. რაღა დაგიმალოთ და დღეს აქ მეტი ადამიანობაა, ვიდრე გარეთ, აქ გარეწრების გარდა ყველა ერთმანეთს ვუვლით. გარეთ ზუზუნია, რასაც ჰქვია, ქარი მიმოდის, მიჰქრის და მოჰქრის და დიდი იმედი მოაქვს და მიაქვს, ჩვენი სურვილები, მონატრებები და განცდები ასობით ჩვენიანთან. ღმერთი მაღალი და მოწყალეა, ქარს მაინც დაგვიტოვებდა მოკავშირედ.
როგორც იქნა, აჩიკოც გამოჩნდა და მანამდე „დაჩკა“ და გაზეთი შემოვიდა. ახალი რა არის? ძალიან ბევრი რამ. ყველაფერს ერთად ვერ მიმოვიხილავთ, მიზეზი ერთია, ზოგადად კი გაგაცნობთ ბევრ რამეს. დავიწყოთ არჩილ ოქრუაშვილით: ეს „პოლიციელი“ უკვე იცით, რა ფორმით გამოჩნდა ჩვენ ირგვლივ, ის გასცემდა მითითებებს ოპერაციის დროს, ასევე მან შემიზღუდა სრულად მხედველობის არე, იღებდა ფოტოებს და ვიდეოებს. მოკლედ, ეს ნაძირალა, არც მეტი არც ნაკლები, 2001-2002 წლებში ვენაში, ძირითადად, ტანსაცმლის ქურდობით ირჩენდა თავს. ის 4-ჯერ იყო დაპატიმრებული და ბოლო-ბოლო დაადეპორტეს კიდეც! ასეც ვიცოდი, წესიერი და ნორმალური ადამიანი როგორც შეიძლება, სინდისთან კომპრომისზე წავიდეს და უკადრებელი იკადროს! ქურდი პოლიციელი! _ ვერაფერს იტყვი, სამართლიანობის ზეიმია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. კიდევ რა, აჩიკომ ყველაფერი კარგად არისო, ყველა შრომობს და მუშაობსო, ზოგადად კი თვის ბოლომდე ვიზიტი იგეგმება, სერიოზული გზავნილები მოდის და სერიოზული მოლაპარაკებებიაო. მოკლედ, ყველაფერი წინ არის…
ძალიან მყიფე რკინის კარი როდის გაიღება, არავინ იცის თვინიერ უფლისა. ღამის 2 საათია, აქა-იქ ანთია გაღმა კორპუსის საკნებში შუქი, ბიჭებს სძინავთ, ნერვებს ასვენებენ, თვალს ატყუებენ. იმედია, მალე მოვა თვის დასაწყისი, ბევრი რამ გაირკვევა საგარეო ფრონტზე და ბოლო-ბოლო, რას აპირებს ქართული პოლიტიკისა და „ოცნების“ ჯანსაღი ნაწილი. არადა, აშშ ცალკე ბობოქრობს, როგორც მეუბნებიან და სერიოზული ინიციატივები აქვთ. ერთი თვე თავი ბოლო და ბევრი რამ დალაგდება. აჩიკომ, _ თოკა დადის აჭრილი, დედას აგინებს დამპალ ჩამდებთა ბრიგადას! ცოტა მოვქაჩეთ, თორე ძაან აიჭრაო. თოკაზე და ჩემებზე ცალკე მოგიყვებით. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ჩემ გვერდით დგომას, რამეთუ ერთნაირი ღირებულებები გვაქვს. ჩემო თოკა, შენი აქ მოყვანა არაფერს მოიტანს ხეირს, პირიქით, დაამძიმებს, გარეთ უფრო საჭირო ხარ, ჩემების გვერდით, რა თქმა უნდა. ეს შევუთვალე, თავს მიხედეთ ყველამ, ახლა პროვოკაციებზე აყოლის დრო არ არის, არანაირად, პირიქით, 100 თვალი და 100 ყურია საჭირო.
საღამოს 11 საათია, შუადღემდე მძინავს, გუშინ ჩემი პატარა მარიამის წერილი მოვიდა. საოცარი, თბილი, სიყვარულით სავსე ნაწერი, მკითხულობენ ბიჭები, აინტერესებთ ჩემმი ამბები და ყველა ჩემკენ არის, ყველა მგულშემატკივრობს. ელისოზე ცალკე ამბებია, _ მაგრად იბრძვის და ყველა წინაღობას ლეწავსო! მოკლედ, თქვენ ხართ ჩემი სიმდიდრე და ბედნიერება… საპასუხო ეპისტოლე დავწერე. მოვიკითხე ჩემები, ყველას მივეფერე…
მაისი მთავრდება და ამინდი ჯერ კიდევ არ არის, სახეიროს არ გვპირდება. გადავალთ ნელ-ნელა პირდაპირ ზაფხულში. „დალშე“ ყველა ფრონტზე ქარიშხლისწინა სიმშვიდე და სიწყნარეა. დავიღალე ცოტა უმოძრაობით, მაგრამ მალე დაიწყება ბობოქარი და შფოთიანი დღეები! დროებით, მეგობრებო…

დავითის ფსალმუნი 34/35
2. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.
3. მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
4. იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს, უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.
5. შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.
6. 5. შეიქნენ, ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
7. 6. იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
8. 7. რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.
9. 8. და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
10. 9. ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.
11. 10. ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს _ მისი მძარცველისაგან.
12. 11. აღდგებიან ჩემ მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
13. 12. სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
14. 13. ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
15. 14. როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
16. 15. ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემ წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი _ რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
17. 16. პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემ წინააღმდეგ.
18. 17. უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვრებისგან _ მხოლოდშობილი ჩემი.
19. 18. მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
20. 19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
21. 20. რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
22. 21. ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
23. 22. შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე.
24. 23. გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
25. 24. გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
26. 25. ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
27. 26. შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.
28. 27. იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.
29. 28. და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.
აი, ეს ფსალმუნი მაქსიმალურად ზუსტად გამოხატავს იმ ემოციებს, განცდებს, ფიქრებს და საქმის ვითარებას, რაც ჩემ გარშემო და ჩემ ირგვლივაა შექმნილი. ღმერთო, დაგვიფარე და გაგვაძლიერე ბოროტებასთან და საკუთარ თავთან ბრძოლაში.

დავით ხარშილაძე