სპეცდანიშნულების რაზმი მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად ემზადება?

კიევში მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველოში კი მისი ექსტრადირებისთვის ემზადებიან. საქართველოს ხელისუფლებაში არც მალავენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადმოსაცემად უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შავნაბადაზე ბოლო ათი დღეა, თვითმფრინავის მაკეტი გამოჩნდა, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმი ინტენსიურ წვრთნებს გადის. ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ ეს წვრთნები სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკავშირდება. ამოცანა ბორტზე მყოფი მგზავრების იზოლირება და დაკავებული ობიექტის უსაფრთხოდ გამოყვანაა.

„ქრონიკა+“-მა საკუთარი წყაროს სკანდალური ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე სცადა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მობილური ტელეფონი 24-საათიან რეჟიმში ისმინება, გოგაშვილის უწყებისთვის სატელეფონო „უტკად“ მცხეთა და ძეგლის გადაღება მოვიფიქრეთ. WhatsApp-ში წინა ღამეს გაგზავნილ მესიჯსა და სატელეფონო საუბარს მეორე დილით სუს-ის პოსტი მოჰყვა ჩემს საცხოვრებელ სახლთან. როგორც წესი, ბოლო წლების გამოცდილებისა და სუს-ის ოპერების არაპროფესიონალიზმის წყალობით, მათი არსებობა მარტივად გასაშიფრია. ქალაქში რამდენიმე მანევრის შემდეგ, მცხეთის ნაცვლად, თელეთისკენ ავიღეთ გეზი.

ყოფილი კომკავშირული ქალაქის, ბორის ძნელაძის ტერიტორიაზე ახლა შავნაბადას საწვრთნელი ბაზაა. ბუნებრივია, დაცული და კარგად შენიღბული.

დიდი თვითმფრინავის მაკეტი გზიდან არც ისე კარგად ჩანს. ერთი, რომ უცხო თვალს ვერიდებით და მეორეც, შესაძლებლობის ფარგლებში, ვინიღბებით და ჩუმად რამდენიმე კადრს ვიღებთ.

გზას სოფელში ვაგრძელებთ.

რაც უფრო ახლოს მივდივართ სამხედრო ბაზამდე, შეუიარაღებელი თვალით მით უფრო მკაფიოდ ჩანს თვითმფრინავის ქათქათა მაკეტი. დასახლებული პუნქტი მთავრდება, მარჯვნივ მხოლოდ შემოღობილი ტერიტორია და გზის პირას გაჩერებული მანქანა გვხვდება. აღმოჩნდა, რომ შემოღობილი ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნება). ვცდილობთ, გამოველაპარაკოთ:

_ ტერიტორია სამხედრო ნაწილია, ახლოს ჩვენც ვერიდებით მისვლას, შეიძლება, გაუფრთხილებლად გვესროლონ. კურდღელი იცის აქ ბევრი და მონადირე ძაღლი სუნს რომ აიღებს, სიღრმეში ვეღარ მივყვებით. თქვენს მოსვლამდეც სროლის ხმა ისმოდა. ბოლო კვირაა, ინტენსიური წვრთნები მიდის, _ გვეუბნება უცნობი და ყველასთვის მოულოდნელად ჩემს თანმხლებ პირს კეპითაც კი სცნობს.

_ რამდენი ხანია, თვითმფრინავის მაკეტი აქ დგას? _ ვეკითხები მე.

უცნობი მამაკაცი პასუხებში ფრთხილი და მოზომილი ხდება:

_ მგონი, წელიწადზე მეტია, აქ დგასო, _ გვპასუხობს დაბნეული და საუბარს წყვეტს.

თანმხლებ პირებთან ერთად გზას ფერდობისკენ ვაგრძელებ, ტერიტორია მწვანე საფარით და ხეებითაა შენიღბული, უსაფრთხოების ზღუდეები ბაზასთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მაკეტი ქათქათა თეთრია. თუ ერთი წელია, აქ დგას, წარმოუდგენელია, ან წვიმას, ან მტვერს, ან ტალახს მისთვის ასეთი ფერი შეენარჩუნებია.

შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, უფრო ახლოს მივიდეთ. ტერიტორიაზე სამხედრო პიკაპები გადაადგილდებიან, ალაგ-ალაგ სროლის ხმაც ისმის, სავარაუდოდ, ჩვენი მოძრაობა უკვე ბაზის მხრიდან შეამჩნიეს, რადგან ჩვენივე მიმართულებით სამხედრო პიკაპი იწყებს გადაადგილებას, გვზვერავენ, მაგრამ ახლოს არ მოდიან.

თუ იმ ლეგენდას დავუჯერებთ, რომ შავნაბადას სამხედრო ბაზასთან შემოღობილი ტერიტორია კერძო პირს ეკუთვნის (რაც ნაკლებ სავარაუდოა), ხოლო კერძო პირმა გვიცნო და ჩვენი ვინაობა უკვე იცის, ძნელი გამოსაცნობი არაა, _ თავად ბაზის შიგნით უკვე იციან, რომ ჟურნალისტები ვართ და, კონკრეტულად, თვითმფრინავის მაკეტის ამბავი გვაინტერესებს.

გზას ისევ ზემოთ ვაგრძელებთ და სრულიად არაორდინალურ სიტუაციაში ვახერხებთ თვითმფრინავის მაკეტის გადაღებას. სამხედრო პიკაპიდან ყურადღებით გვაკვირდებიან, მაგრამ ახლოს მოსვლას არ აპირებენ. ათიოდე წუთში ფერდობიდან ვეშვებით და გზაზე, ამჯერად, სამხედრო „ბუშლატით“ ჯოხზე დაყრდნობილი ახალგაზრდა კაცი ადგილობრივ მცხოვრებად გვეცნობა.

მასაც იგივე კითხვას ვუსვამთ:

_ რა ბაზაა აქ და როდის ააწყვეს თვითმფრინავის მაკეტი?

_ ეს „კგბ“-ს ბაზაა, სულ ვარჯიშობენ და ისვრიან. თვითმფრინავის მაკეტი სააკაშვილის დროს მოიტანეს ნაწილ-ნაწილ და ჯერ ფრთები ააწყვეს, მერე კი სხვა ნაწილებიო.

ბუნებრივია, დაზუსტება მოვთხოვეთ, რას გულისხმობდა მიშას დროში?

_ სამი წლის წინ იყო ეგ ამბავიო, _ არ დაიზარა და დაგვიზუსტა ადგილობრივმა.

_ სამი წლის წინ მიშა რომ არ იყო პრეზიდენტი-მეთქი? _ ჩავეძიე.

_ მაგდენი აღარ ვიციო, _ გვიპასუხა და საუბარი შეწყვიტა.

ადგილზე მოსმენილი ორი განსხვავებული პოზიცია თვითმფრინავის მაკეტის აწყობის დროის შესახებ კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის „ქრონიკა+“-ის წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

„ათ დღეზე მეტია, შავნაბადას ბაზაზე სპეცდანიშნულების რაზმი ინტენსიურად გადის წვრთნას, სპეციალურად ამ წვრთნისთვის აიგო თვითმფრინავის მაკეტი. ვირტუალური სპეცოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმს ამოცანა აქვს, მოახდინოს ბორტიდან მგზავრების იზოლირება, კონკრეტული დაკავებული პირის უსაფრთხოდ გადმოყვანა და ასაფრენი ზოლიდან ასევე უსაფრთხოდ გაყვანა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავადაც ვარაუდობენ, რომ სრულიად მოულოდნელად მსგავსი წვრთნების დაწყება უკრაინიდან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკავშირდება“, _ ეუბნება „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო.

„ქრონიკა+“ დღის განმავლობაში ცდილობდა ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას შავნაბადას ბაზაზე მიმდინარე წვრთნებზე, მაგრამ არც ერთი უწყების ოფიციალურ გვერდზე მსგავსი სახის ინფორმაცია არ მოიპოვება.

თუ მასალის გამოქვეყნების შემდეგ რომელიმე ოფიციალურ უწყებას კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდება, „ქრონიკა+“ მზად არის, მათი პოზიცია მომდევნო ნომერში დააფიქსიროს.

ელისო კილაძე