მიჩურინის ვაშლი, კომბლე და ახირებული განათლების მინისტრი

ჯეჯელავას ფენომენია გამოსაკვლევი, თუ იმ საზოგადოების, რომელიც მას განათლების მინისტრად ითმენს?

სიახლე სულაც არ გახლავთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი (თუ მთელი საზოგადოება არა), განათლების მინისტრ ჯეჯელავას არ აღიქვამს სერიოზულად, მაგრამ სერიოზული პრობლემა სულ სხვა გახლავთ _ მინისტრი ჯეჯელავაა გამოსაკვლევ-შესასწავლი, თუ ის საზოგადოება, რომელიც მას ასე ლაითად _ არასერიოზულად აღიქვამს და ამით წყვეტს ამ რეალურ და მართლაც მნიშვნელოვან პრობლემას?

 

არა, სრულებითაც არ ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებას ერთი კონკრეტული პირის, თუნდაც მინისტრის მდგომარეობა უნდა აღელვებდეს და აღიქვამდეს მნიშვნელოვან პრობლემად. პრობლემა ვინმე ჯეჯელავას მდგომარეობა კი არ არის, პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ პრობლემური, ახირებული კაცის ხელშია ამ ქვეყნის მომავლის განათლება. მას უპყრია განათლების სისტემის სადავეები და მის გადაწყვეტილებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენ კი მას და მის გადაწყვეტილებებს ისე აღვიქვამთ, გეგონება, ერთი რიგითი პოლიტიკოსი იყოს, ვის ბოდიალზეც არაფერია დამოკიდებული. რეალურად, ჩვენი საზოგადოება ერთ კონკრეტულ პირს კი არ უყურებს არასერიოზულად, არამედ მთელ მის მიღებულ გადაწყვეტილებებს იკიდებს ცალ „ნასკზე“ და ამით რას ამტკიცებს? თავად საზოგადოებაც ბატონ ჯეჯელავაზე არანაკლებ არასერიოზულია. მივდივართ სამწუხარო დასკვნამდე _ ფერი ფერსა. ასე რომ, მართლაც საკითხავია, ჯეჯელავაა გამოსაკვლევი, თუ საზოგადოება?

თან არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ეს სწორედ ის საზოგადოებაა, რომელიც ხმალამოღებული უპირისპირდებოდა რეალურად რეფორმატორ მინისტრ კახა ლომაიას, მის ყოველ სიტყვას იხვევდნენ და ათასგვარი ვარიაციით ატრიალებდნენ. ერთი წამით წარმოიდგინეთ, კახა ლომაიას რომ ჯეჯელავას პირიდან გადმოსული სისულელის თუნდაც 5% ეთქვა საჯაროდ, რა ამბავი ატყდებოდა ამ ქვეყანაში? ვგონებ, სულაც არაა რთული წარმოსადგენი. გასახსენებლად, ვგონებ, ისიც კმარა, რა ამბავი მოჰყვა „ბავშვის“ დაწერას. წლობით არ ჩამოდიოდა საჯარო ისტერიკების პოდიუმიდან! და ახლა რა ხდება? ჯეჯელავა ყოველდღე შხეფებად ისვრის ასმაგ „სიბრძნეებს“, თანაც ისეთს, რომელზედაც პირდაპირ მიბმულია მისი გადაწყვეტილებები, შესაბამისად, მომავალი თაობების განათლების დონე, ბედი და რას უპირისპირებს საზოგადოება? _ მარტოოდენ ღლიცინს.

ჯეჯელავამ პოპულარობა კომბლეს ლანძღვით მოიპოვა _ ქართული ფოლკლორის გმირი ცუდ მეცხვარედ და მოძალადედ გამოაცხადა. მის ამ განცხადებას საყოველთაო ღლიცინი მოჰყვა. არადა, მისი ეს განცხადება ცალსახად მიუთითებდა რამდენიმე გარემოებაზე, მე მხოლოდ ორზე შევჩერდები:

  1. განათლების მინისტრს ელემენტარულად შინაარსიც ვერ გამოაქვს წაკითხულიდან _ კომბლეს არც ერთ ვერსიაში კომბლე მეცხვარე არაა, მისი ხელობა კომბლების თლაა და არა მეცხვარეობა;
  2. მინისტრი ჯეჯელავა ელემენტარულად მოცლილია და მოშლილი აქვს კონტროლი, რაზე ილაპარაკოს და რაზე _ არა; რაა მისი საქმე და გასარკვევი და რა _ არა. „კომბლე“ არასოდეს ყოფილა სასწავლო პროგრამაში და მისი საქმე სულაც არ გახლავთ, მშობლები შვილებს შინ რას მოუყვებიან და რას _ არა.

კომბლეს ამბავი უკვე არახალია, ძველია. ახალი ამბავი არც ისაა, რომ სკოლებში ვაშლებს დაარიგებენ, მაგრამ ვაშლების თემა მეტად საინტერესოდ განივრცო გასულ კვირაში. სწავლის დაწყების წინ განათლების მინისტრმა ქვეყანას ახარა, _ ბავშვებს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვათ სტუმრადო. ეშმაკი წყლისფერია და მე რომ მისი სიბრძნის დამახინჯებაში არ დამდოთ ბრალი, სიტყვა-სიტყვით მოგახსენებთ, რაც მისმა აღმატებულება ჯეჯელავამ ბრძანა: „…ყველა სკოლაში მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტული აქტივობები, მარტო ფიზკულტურის გაკვეთილებს არ ვგულისხმობ. ამ გაკვეთილების გარეშეც ბევრი საინტერესო ინიციატივაა, ერთ-ერთი არის _ თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად. მოეწყობა კამპანია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ ვუბიძგოთ ჩვენს მოსწავლეებს“.

ანუ სპორტული აქტივობები იზრდება და აქ არ გულისხმობს მარტო ფიზკულტურის გაკვეთილებს, მეტიც, ამ გაკვეთილების (ფიზკულტურის გაკვეთილების) გარეშეც ბევრი საინტერესო ინიციატივა ყოფილა, ერთ-ერთი _ ვაშლების ჩამორიგებაა. ვერ გავიგე, ვისთვისაა ეს სპორტული აქტივობა? _ ვაშლისთვის, რომელიც სტუმრად „მიდის“? მისთვის, ვინც ამ ვაშლებს სკოლაში მოზიდავს, ჩამოტვირთავს და დაარიგებს, თუ ბავშვებისთვის, რომლებიც ყბას მოიქნევენ და შეჭამენ ამ ვაშლს? ჭამა როდის აქეთ გახდა სპორტული აქტივობა? თუ ჭამა სპორტია, იქით, წარსულში _ ლუარსაბ თათქარიძე (ლიტერატურულ წარსულში) და ქართლ-კახეთის ბოლო, ზაქიჭამია მეფე (ისტორიულ წარსულში) ყოფილან ოლიმპიური ჩემპიონები და აქეთ, პოლიტიკურ აწმყოში _ მინისტრი ხადური. სპორტულ აქტივობად ისევ იმათ თუ ჩაეთვლებათ, ვისაც ამ ვაშლების თრევა და დარიგება მოუწევთ.

მინისტრმა მხოლოდ ეს არ იკმარა და ვაშლის ჭამა, თანაც კვირაში ერთხელ, ცხოვრების ჯანსაღ წესად გამოაცხადა. აფერუმ, რა ჯანსაღი ცხოვრების წესით გვისწავლია გორში? მე და ჩემი კლასელები კვირაში ერთხელ კი არა, ყოველდღე, ყველა შესვენებაზე ვაშლებს ვათოხლავებდით. და მაინც, რა ლიტერატურულ ჟანრში „მუშაობს“ ბატონი მინისტრი, როდესაც აცხადებს: „ვაშლი მიუვა სტუმრად“? ვაშლს ასულიერებს? თავშიც ვაშლი მოხვედრია ისააკ ნიუტონივით, მაგრამ ბავშვებს, რომელსაც აქამდე ცალკე იმას ვასწავლიდით, რომ სტუმარი ღვთისაა და ცალკე კიდევ: „დღეს სტუმარია ის ჩემი“, ახლა რისკენ უბიძგებს მინისტრი? _ ჯანსაღი ცხოვრებისკენ, თუ სტუმრების ჭამისკენ?

რა უნდა ელაპარაკო მინისტრს, რომელიც მთელი მონდომებით გიმტკიცებს, რომ „აკადემიურ სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას მიირთმევენ ბავშვები და როგორ იკვებებიან ისინი“?

ჯერ ერთი, რა მისი მისახედია, ბავშვი როგორ იკვებება და მეორეც, კვირაში ერთხელ ერთი ვაშლის მიცემით წყვეტს ბავშვების კვების საკითხს? ან ამ კვირაში ერთხელ ვაშლების დარიგება-ჭამის ამბავი მარტივი დასარეგულირებელია? ვაშლებს არიგებენ იმ სკოლებში, სადაც ათასზე მეტი მოსწავლეა. რამდენმა ადამიანმა უნდა დაურიგოს ამ ათასზე მეტ ბავშვს ვაშლები, რომ სკოლებში უსაშველო რიგები არ დადგეს? ამიტომაც ხომ არ აბრუნებს დიდ შესვენებებს ბატონი მინისტრი? აკი გვიბრძანა: „ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ, რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებს, ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე“.

ფაქტია, რომ ერთი ვაშლის შეჭმას დიდი დასვენება არ სჭირდება და ეს დიდი დასვენება გაილევა იმ ზედახორაში, რომელიც ვაშლის დარიგებას მოჰყვება. ამ 260 ათასი ვაშლის შესაძენად უკვე გამოაცხადა 78-ათასლარიანი ტენდერი. პროგრამა ჯერ საპილოტეაო და ათ სკოლაში დაარიგებენ. ანუ ვაშლებს კილოგრამობით კი არა, ცალობით ყიდულობენ, ახლა, წარმოიდგინეთ, ამ ვაშლის მიღება-ჩაბარება… დგანან და 260 ათას ვაშლს გამყიდველი მყიდველს უთვლის, თან, ყველა სათითაოდ უნდა აიწონოს _ ტენდერის მოთხოვნებით, ცალი ვაშლის წონა 150 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს და როგორ გაიგებენ, თუ არ აწონიან? თვალის ზომით? მარტო წონაშიც არაა საქმე, ვაშლები სათითაოდ უნდა დათვალიერდეს, არის თუ არა უმაღლესი ხარისხის, აქვს თუ არა ჯიშისთვის შესაბამისი ფორმა და ფერი, ანუ მიმღები დეტალურად უნდა ერკვეოდეს ვაშლის ჯიშებში. ამის გარდა, სათითაოდ უნდა შემოწმდეს, აქვს თუ არა პრიალა ზედაპირი, ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე, ანუ ვაშლი გლობუსივით უნდა დააბზრიალოს, თორემ ერთ მხარეს თუ შეხედა, ეგება და, მეორე მხარესაა გამომპალი? უნდა შეამოწმოს ისიც, გარეცხილია ვაშლი თუ არა? და ეს როგორ უნდა შეამოწმოს? ვაშლი ჯერაც სველი, შეუმშრალი უნდა იყოს? რა, ვაშლის გამყიდველი თუ მიწადასაყრელია, ვერ ადგება და ჩაბარების წინ ვედრით წყალს ვერ მიასხამს? და კიდევ: მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხილის განაწილება შესაბამის ჭურჭელში. იმედია, კონტეინერებს გულისხმობენ და არა კალათებს ან ქოთნებს.

ჯეჯელავას არ აქვს წარმოდგენილი და თქვენ მაინც წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რამხელა პრობლემებთანაა დაკავშირებული. მოუგვარებელ-შეუსრულებელი არაფერია, მაგრამ ღირს ჩიტი ბდღვნად? მაინც, რა სარგებელი უნდა მოუტანოს ბავშვს კვირაში ერთხელ ერთი ვაშლის ჭამამ, რომ ამხელა ენერგია, დრო და ფინანსები უნდა დაიხარჯოს ამაზე? თან ეს 78 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ათ სკოლაზე, ისიც დროებით და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რა დაჯდება, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება?

წარმოგიდგენიათ მაინც, რამხელა სიგიჟეს ვხვდებით ლაითი ღლიცინით? ჯეჯელავა კი დგას და სერიოზული სახით გვიმტკიცებს, რომ ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა ვაშლი შეჭამოს, რომ ვაშლი, თურმე, ძალიან ჯანსაღი პროდუქტია! ვაშლი ჯანსაღია, თუკი მისი შეწამვლის ნორმები დაცულია! და საქვეყნოდაა ცნობილი ისიც, რომ იშვიათად თუ ვინმე იცავს ამ ნორმებს და ვაშლი, უმეტესწილად, ჯანსაღი პროდუქტი კი არა, შხამებით გაჯერებული პროდუქტია! სატენდერო მოთხოვნებში კი ყველაფერია მოთხოვნილი, გარდა ამ ნორმების დაცვისა!

მაგრამ რა ნორმების დაცვაზე უნდა ელაპარაკო კაცს, რომელიც დგას და რიხით აცხადებს „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება, წელს ვაშლი იყოს, მომავალ წელს _ ატამი, მერე რეზინობანა, მერე _ სახტუნაო. ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ვაშლში არ არის, მთავარი მიზანი არის ჯანსაღ კვებაში“. მთავარი მიზანი ვაშლში არაა, ჯანსაღ კვებაშიაო და მანამდე ვაშლსა და ატამს რეზინობანა და სახტუნაო მიუწყვილა. გეკითხებით, რეზინობანასა და სახტუნაოს რა კავშირი აქვს ჯანსაღ კვებასთან? ერთ-ერთ გადაცემაში მინისტრს წამყვანებმა მაყურებლის აზრი მოახსენეს, _ ვაშლების დარიგებას სჯობს, ახალი წიგნები დაარიგოთო და რა დააბრახუნა? თურმე, ნუ იტყვით და მშობელი, რომელიც იტყვის, რომ მისი შვილის ჯანმრთელობას წიგნის ფურცლის ჯანმრთელობა ურჩევნია, მშობელი არაა. თურმე, ბავშვის ჯანმრთელობას კვირაში ერთი ვაშლის მიცემა წყვეტს! აი, თურმე, ჯეჯელავას შვილისთვის გაწიკწიკებული წიგნები მიუტანიათ და იმ გაწიკწიკებული წიგნების წონისგან სქოლიოზი დამართვია. ესეც ახალი აღმოჩენაა, თურმე, ძველი წიგნები, ან თვითონ მშობლის მიერ მამასისხლად შეძენილი წიგნები ბუმბულივით მსუბუქია და სკოლების მიერ დარიგებული, ახალი წიგნები, ტყვიასავით მძიმე.

გესმით, ვის ხელშია განათლება? იმის ხელში, ვინც საჯაროდ აბიტურიენტები მაიმუნებად გამოაცხადა. 3 წლის წინათ ეროვნული გამოცდების ბარიერი 21 ქულა იყო, რაც იმას ნიშნავდა, სამი მაიმუნი რომ შეგვეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა, ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებსო და იქვე მიზანიც გვამცნო: „ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები“.

თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა, 2 კონკრეტული მსახიობის მენტალიტეტზე, კერძოდ იმაზე, რომ რომც დაენახათ, ვინ ჩაიდინა მკვლელობა, არ ჩაუშვებდნენ, განაცხადა, რომ ჩასარეცხი მენტალიტეტია და მთელმა „ნაღებმა საზოგადოებამ“ საკუთარ თავზე მიიღო, ჩაიხვია და დღემდე ჩახვეული აქვს და აგერ კაცმა, ყველას შვილებს საჯაროდ მაიმუნი ეძახა და თუ არ ჩავთვლით ალაგ-ალაგ აღშფოთებას, რეაქცია _ ნული! მერე გამოვიდა და ითამაშა ჰოკეი _ ხან ტესტების შემოხაზვისას ალბათობა ახსენა, ხან შემთხვევითობა და ხანაც ის, რომ მაიმუნში პრიმატი იგულისხმა. საზოგადოებამ რა ჰქმნა? ჯეჯელავასგან ნასროლი ტალახი შეირგო და გაიღიმა, _ ცის ნამიაო… გეკითხებით, ვინაა გამოსაკვლევი? ვინც ტალახი ისროლა, თუ ვინც ეს ტალახი ცის ნამად შეირგო?

გასკდა სკანდალი რომ მინისტრ ჯეჯელავას დაფუძნებულმა კომპანიამ, რომლის დირექტორიც მისი ცოლია, ტენდერებით და გამარტივებული შესყიდვებით ბიუჯეტიდან 419 ათასი ლარი მიიღო. საზოგადოებამ რა ჰქმნა? არც რა.

დასკვნები დასმულ კითხვაზე, ვინაა საკვლევი ფენომენი, _ ჯეჯელავა თუ საზოგადოება, რომელიც მას მინისტრად ითმენს? _ თქვენთვის მომინდვია. მხოლოდ იმას დავძენ, რომ მე მისი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები შეგახსენეთ და წინა განცხადებებით თუ ქმედებებით თავი აღარ შეგაწყინეთ…