ნიკა რურუა: „უნდა ველოდოთ ბრძოლებს, შერკინებებს, სირთულეებს, თუ გვსურს გამარჯვება და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა“

მიხეილ სააკაშვილზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ახალ კონსტიტუციასა და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა რურუას ესაუბრება:

 

_ ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მრავალმხრივი პოლიტიკური პროცესები კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს, ჩვენი ინტერვიუც ვერ იქნება ერთ კონკრეტულ თემაზე კონცენტრირებული. საუბარი მაინც საქართველოს მესამე პრეზიდენტით დავიწყოთ. მართალია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააკაშვილი წარსულია, თუმცა ნათლად ვხედავთ, რომ ის უზარმაზარ გეოპოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ხმაურიანი, ექსცენტრიკული და თუ ტექნოლოგიურ ტერმინსაც გამოვიყენებთ, პოლიტიკური ნოუ-ჰაუს შემქმნელი მოღვაწეა. როგორ ფიქრობთ, რატომ გაეხვია საქართველო „ექსტრადირების შარში“, რომელიც არ მოხდება და რეალურად რა ინტერესი ამოძრავებდა უკრაინის პრეზიდენტის უგუნური გადაწყვეტილების გაკეთილშობილებაში საქართველოს ხელისუფლებას?

_ ბოღმით და უვიცობით დაბრმავებული დილეტანტები საქართველოს დაეპატრონენ. გარდა იმისა, რომ ძალიან დაბალკვალიფიციურები არიან, არ გააჩნიათ პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის ელემენტარული ცოდნა. მათ ფატალური შეცდომა დაუშვეს, როდესაც მესამე პრეზიდენტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. ამით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა „ჩაჭრეს“ ის პრეცედენტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა; კერძოდ ის, რომ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას აღარ მოჰყვებოდა რეპრესიები. ჩვენ ასე მოვექეცით შევარდნაძესაც და ეს სწორი იყო, დემოკრატიის შენებისა და განვითარების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სურდა მისი გასამართლება. და საერთოდაც, ნებისმიერ ქვეყანაში მოიძებნება ხალხი, ვისაც ყოფილი ხელისუფლების დაპატიმრება მოესურვება, მაგრამ ყველა მთავრობა რომ ასე მოიქცეს, მაშინ დემოკრატია _ ანუ ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება _ დასამარდება და ყველა ცვლილება მორევაზე, სისხლისღვრასა და ძალადობაზე იქნება ორიენტირებული. ეს, ცხადია, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. ამის მიუხედავად, „ოცნებამ“ ეს ფატალური შეცდომა დაუშვა და ერთხელ დამყარებული პრეცედენტი _ შევარდნაძისთვის არანაირი დევნის არდაწყება _ განმტკიცების მაგიერ დაასამარა. ამ უვიცობისა და ბოღმით დაბრმავებულობის შედეგს იმკის ახლა ქვეყანა და ეს „ოცნების“ კისერზეა. ვიმეორებ: ხელისუფლებებს ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლება რაიმე მიზეზის მოფიქრება, რომ ის გაასამართლოს და დააპატიმროს, მაგრამ ამას კეთილგონიერი მთავრობა არ აკეთებს; კანონის უზენაესობა ასე ვერ აშენდება. ის უნდა აშენდეს, მაგრამ დისკრეციის, ანუ მიზანშეწონილობის პრინციპზე დაყრდნობით და სამართლებრივი დევნის წამოწყების ძალიან ფრთხილი გამოყენებით. უკრაინელი ოლიგარქიც პოლიტიკურად უვიცია და ფულის კეთების გარდა ბევრი არაფერი გაეგება, ამიტომაც უშვებს ის ამდენ შეცდომას პოლიტიკურად ძალიან გამოცდილ სააკაშვილთან.

_ სააკაშვილის უკრაინულ გეგმებზე არაფერს გკითხავთ, რადგან პროცესები საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. თუმცა მის განცხადებებში ხშირად ისმის საქართველო, ქართველი ხალხი, ივანიშვილი, რომელსაც მან 10 სექტემბერს საქართველოს მტერი უწოდა და ა. შ. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი, სააკაშვილი აქტიურ ქართულ პოლიტიკას დაუბრუნდეს?

_ სააკაშვილის უკრაინაში ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციისა და ევროპეიზაციისთვის ბრძოლის ნაწილია. უკრაინა, საქართველო, მოლდოვა _ ერთი პოლიტიკური კონტექსტია და თუ რომელიმე ამ სახელმწიფოთაგანში რაიმე პოზიტიური მოხდება, ის დანარჩენზეც იქონიებს გავლენას. მაგალითად, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მიიღო ჯერ მოლდოვამ, რასაც საქართველოსთვისაც იგივე მოჰყვა და ბოლოს ეს უფლება უკრაინამაც მიიღო ევროპისგან. სამწუხაროდ, ცუდიც ასეთივე გადამდებია ამ ქვეყნებიდან ერთი მეორეზე. ოლიგარქიული მმართველობა, თუ ის ამ სამივე სახელმწიფოში არ დამარცხდა, მათ, საბოლოო ჯამში, რუსეთის სატელიტებად აქცევს და ჩვენს, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტს, ფიქციად გარდაქმნის. ამიტომ სააკაშვილის მოქმედებები უკრაინაში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც და პირიქით _ ჩვენი ქმედებები მნიშვნელოვანი იქნება როგორც უკრაინისთვის, ისე მოლდოვისთვის. კარგს ვიზამთ, თუ ოლიგარქიას ჯერ ჩვენ დავამარცხებთ საქართველოში და მაგალითს მივცემთ მოკავშირეებს ხსენებულ ქვეყნებში.

_ საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილი საქართველოში რომ დაბრუნდეს, ივანიშვილის ხელისუფლებას სამ თვეში სახლში გაუშვებსო. რადგან საარჩვენო პერიოდში არ გაკეთდა ეს განცხადება, სავარაუდოდ, მორიგი რევოლუციური სცენარი იგულისხმებოდა. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ სააკაშვილს შეუძლია სახლში გაუშვას არსებული ხელისუფლება და ეს აუცილებლად რევოლუციური სცენარით უნდა მოხდეს?

_ არ ვიცი, ვინ რა განაცხადა ინტერვიუში, მაგრამ ივანიშვილის სახლში გაშვება, თუ ეს ხალხმა არ მოინდომა, იოლი არ იქნება. საჭიროა მუშაობა, რომ არსებული რეჟიმის დამღუპველობა კარგად გავაგებინოთ ადამიანებს, მაგრამ ძალიან ზედაპირულია შეხედულება, ვითომ მოვლენებს ობიექტური საფუძველი არ აქვს და სუბიექტებს შეუძლიათ, ცარიელ ადგილზე რევოლუციური ცვლილებები მოახდინონ. ბუნებაში ყველაფერი უნდა დამწიფდეს, მათ შორის, ცვლილებაც, რა პროცესის მოწმეებიც ჩვენ ახლა რეალურად ვხდებით. რომ არა გასული დრო და ამ დროში „ოცნების“ მიერ სრულიად ჩავარდნილი პოლიტიკა ყველა მიმართულებით, ხალხი ვერ დაინახავდა ოლიგარქიის ჭეშმარიტ სახეს, რომელიც ყველა მეთოდით, ტყუილით, პროპაგანდით საკმაოდ ოსტატურად ინიღბება და საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან გამოგონილ საფრთხობელებზე გადააქვს. ამის მაგალითია ე. წ. ქართული მარში, რომელიც ვითომცდა უცხოელთა თავნებობის წინააღმდეგ იყო გამართული. სინამდვილეში კი ეს ყურადღების მნიშვნელოვანიდან ქიმერულ საფრთხეებზე გადატანის ოპერაცია იყო. ამიტომ ყველა პროცესს საკუთარი დიალექტიკა აქვს. ცვლილება გარდაუვალი ხდება, მაგრამ ამას დრო სჭირდებოდა.

_ არსებობს ასეთი მოსაზრება, უმჯობესია ვთქვათ, _ მითი ან რეალობა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი ლაგოდეხს მოადგა, თუმცა მას თანაგუნდელებმა უკან დაბრუნება ურჩიეს. ფლობთ ინფორმაციას ამის შესახებ? შეგიძლიათ დაადასტუროთ, ან უარყოთ იგი?

_ ამის შესახებ პირველად თქვენგან მესმის. რას ჰქვია, „მოადგა“?! როდესაც პარტიამ და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ არაფერი ქნა ტოტალური გაყალბების დამტკიცების მიმართულებით, იკმარა სიით მიღებული ხმები, რომელიც ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა, შევიდა ამ ხმებით პარლამენტში და შემდეგ იქ ახალი პარტია დააფუძნა, რომელ პროტესტზე შეიძლება იყოს საუბარი, ან რომელი „მოდგომა“ უშველიდა ასეთი სცენარის არსებობის პირობებში საქმეს?! პასუხი მარტივია _ ვერანაირი, რადგან მაშინდელმა ენმ-მ, უფრო სწორად, მისმა მმართველმა რგოლმა, უსამართლო შედეგები სამართლიანად აღიარა და იკმარა ის, რაც მას ოლიგარქმა არგუნა. ეს, ახლანდელი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი შეცდომა აღმოჩნდა. თუმცა ყველა ნეგატივს უნებლიე პოზიტივიც ახლავს _ ენმ ამის შედეგად გაიხსნა, განახლდა, გაიწმინდა, გაჯანსაღდა და, ფაქტობრივად, ახალ პარტიად იქცა. ამიტომაც სანანებელი არაფერია.

_ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, თვეებია, გაუჩინარებულია. გარკვეული დაბნეულობა შეიმჩნევა „ოცნების“ რიგით მომხრეებსა და საჯარო მომსახურებაში. მათ ლიდერის _ თუნდაც არაფორმალურის _ მოთხოვნილება აქვთ. ლიდერის მოთხოვნილება არის საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ხელისუფლებას არ უჭერს მხარს. თუ რეალობას შევხედავთ, ამჟამად ბევრი ლიდერის პირობებშიც კი რეალურად მასშტაბური ლიდერი, რომელსაც პროცესების ცვლა და მართვა შეუძლია ქართულ პოლიტიკაში, არ არის. ამის გამო ხომ არ ჩნდება მოთხოვნილება უკრაინელ პოლიტიკოს, მაგრამ, ამავდროულად, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე?

_ ლიდერის მოთხოვნა და მის არარსებობაზე ყველაფრის დაბრალება, ჩემი აზრით, დაბალი პოლიტიკური კულტურის ნიშანია. ლიდერი საჭიროა, ცხადია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა ახალი იდეები, ხედვები, მიდგომები. ამ ყველაფერს ერთი ლიდერი, რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის, ვერ მოიფიქრებს. პოლიტიკა ჯგუფური თამაშია, რომელიც თავისუფალი შეჯიბრის პირობებში ლიდერსაც გამოაჩენს. ის ფაქტი, რომ სააკაშვილი დევნილია, ძალიან ცუდია სწორედ პოლიტიკაში თავისუფალი კონკურენციისთვის. ეს კი ქმნის პოლიტიკის მითოლოგიზაციას, რასაც რაც შეიძლება მალე უნდა დავაღწიოთ თავი. ჩვენი მთავარი ლიდერი სწორი იდეა უნდა იყოს, ესაა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებული, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საქართველო. ამიტომაც ამ ლიდერს უნდა გავყვეთ ყველა და ამ გზაზე საქმე ყველასთვის თავსაყრელია. არ შეიძლება ყოველთვის სხვისი ხელით გვინდოდეს მთავარი საქმის კეთება: ყოველი ჩვენგანი უნდა გაისარჯოს და საქმეში მაქსიმუმი დახარჯოს. მიზანი ასე მიიღწევა. პოლიტიკური „გოდოს მოლოდინში“ ძალიან დიდ დროს დავკარგავთ. ის ჩვენ თვითონ უნდა მოვიყვანოთ.

_ ზემოთ კითხვაში ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური სცენარის შესაძლებლობა ვახსენე. პოლიტიკის კანონია, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების უზურპირებას ახდენს და ხალხს ყოველგვარი შანსი ეკარგება, დემოკრატიულად შეცვალოს მთავრობა, ის რევოლუციაზე მიდის. თქვენ არაერთი განცხადება გააკეთეთ საქართველოს ერთპარტიულ კონსტიტუციაზე, რომელსაც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა დაამტკიცებს. კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში მართლა არ რჩება შანსი, ხილულ მომავალში, საქართველოში დემოკრატიული გზით შეიცვალოს ხელისუფლება და, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, რომ ხალხი ხვალ თუ ზეგ ჯოხით გარეკავს მთავრობას და პარლამენტს?

_ ერთპარტიული კონსტიტუცია დამღუპველია ქვეყნის დემოკრატიული წყობილებისთვის, რაც, ხაზს ვუსვამ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთ და უმთავრეს გარანტიას: თუ თავისუფალი სამყარო საქართველოს აღარ მიიჩნევს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და გადაგვაგდებს მესამეხარისხოვანი ქვეყნების კალათაში, მაშინ საქართველო არა მარტო სამაჩაბლოსა და აფხაზეთს, არამედ დამოუკიდებლობას და მთლიან ქვეყანას დაკარგავს. ეს რომ სრულიად დაუშვებელია, ამას ყველა ვხვდებით, გარდა ძალაუფლებით მთვრალი „ოცნების“ ხელისუფლებისა. ამიტომაც თუ ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიას სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის, რისი შანსიც არის ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება, მაშინ ხელისუფლება ხელს აღმართავს წმიდათაწმიდაზე _ ქვეყნის სუვერენიტეტზე. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ანუ დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება კი არც ერთ ხელისუფლებას არ გაუვა, ივანიშვილის „ოცნების“ ჩათვლით. მათ ამის არანაირი უფლება არ გააჩნიათ, რასაც ქართველი ხალხი მათ ძალიან ნათლად დაანახვებს. თუ რა ფორმით, ამას მომავალი გვიჩვენებს.

_ ხომ არ ფიქრობთ, რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხდება, ოპოზიციური ძალების ბრალიც არის, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით კაბინეტური გაერთიანების გარდა ვერ მოახდინა კონსოლიდირება და მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა, მისივე უფლებების დასაცავად?

_ ხალხის ქუჩაში გამოყვანა თვითმიზანი არ არის, ისევე როგორც ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ინსტრუმენტებია უფრო დიდი მიზნის, მართებული ხედვის განსახორციელებლად. ოპოზიციამ გარკვეული გამოცდილება შეიძინა და დღეს საკმაოდ ჯანსაღი პროცესების მოწმეები ვართ, როდესაც კონსტიტუციის დასაცავად სრულიად განსხვავებული შეხედულებების, წარსულში დაპირისპირებული ძალები ახერხებენ თემატურ გაერთიანებას და ამ ერთიანობის შენარჩუნებას. ეს პოლიტიკური კულტურის განვითარებას ნიშნავს. ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი აბსოლუტურად არ გაჭირდება, როდესაც ხალხი დაინახავს, რომ ხელისუფლება მას მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი თავისუფლებას აკარგვინებს. ამის მე მტკიცედ მჯერა.

_ კონსტიტუციის მიიღების შემდეგ რა რეალობაში აღმოვჩნდებით?

_ თუ ერთპარტიული კონსტიტუცია ივანიშვილის „ოცნებამ“ მესამე მოსმენითაც მიიღო, მაშინ ქვეყანას პირველად ექნება კონსტიტუცია, რომელსაც არ ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია; კონსტიტუცია, რომელსაც არ ეთანხმება არც პოლიტიკური ოპოზიცია, არც სამოქალაქო საზოგადოება, უსაფრთხოების თემი და საერთაშორისო თანამეგობრობა, ეს კარგს არაფერს უქადის ასეთ იზოლაციაში დარჩენილ უგუნურ ხელისუფლებას.

_ გვერდს ვერ ავუვლი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებსაც. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ერთიანი სტრატეგიის გარეშე მოქმედებს. პროცესიც ძალიან მდორედ მიმდინარეობს. რა არის ამის მიზეზი, მწირი ფინანსები, წინა არჩევნებით გადაღლილი აქტივისტები, თუ ჩვენი თანამოქალაქეების ინდიფერენტიზმი, ან იქნებ სხვა რამ?

_ მე არ ვიტყოდი, რომ ოპოზიციას არ აქვს კოორდინაცია ერთმანეთთან საერთო თამაშის წესებზე. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა გაყალბების საწინააღმდეგო ერთიანი შტაბი და მასში ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია ან მონაწილეობს, ან ამ იდეას იწონებს. ამიტომ, ამ ეტაპზე, სტრატეგია ესაა, რაც ცოტა არ არის. საარჩევნო პროცესი ახლა ხურდება. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ ის მდორედ მიდის. სექტემბრის შუა რიცხვებია და წინ მთელი თვეა. დაღლით კი არავინ დაღლილა _ ამისთვის არავის სცალია.

_ „ოცნებამ“ თქვენი ყოფილი თანაპარტიელებით გაძეძგა საკრებულოს წევრობის კანდიდატების სიები. ეს არის „ოცნების“ სურვილი, მეტ-ნაკლებად გამოცდილი კადრები მოიყვანონ ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუ ეს ადამიანები დაიღალნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წაგებული არჩევნების კასკადით და სხვა ნავსაყუდელს ეძებენ? ან, იქნებ, საქმე გვაქვს კლასიკურ კონფორმიზმთან და ეს ადამიანები არასოდეს იყვნენ იმ იდეების მსახურნი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პირობებში დეკლარირებდნენ?

_ კონფორმიზმზე უფრო, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ მოსყიდვასთან და დაშინებასთან, ანუ პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე. როდესაც ოპოზიციას რესურსების სერიოზული დეფიციტი აქვს, მაშინ სულმოკლე და უიდეო ხალხი ეტანება ხელისუფლების მხარდამჭერთა ბანაკს, სადაც მას იტყუებენ დაპირებებითა თუ კონკრეტული მოქრთამვით. ჩემი აზრით, ეს განწმენდის პროცესია _ რაც მეტი უიდეო და მედროვე დაგვტოვებს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და მათთვისაც. პოლიტიკაში ფულის გულისთვის მოსული ხალხი დროა, ლუსტრირდეს და კინწისკვრით გაძევებულ იქნეს. მათ კი, ვინც არ ცდუნდა მიუხედავად გასაჭირისა, დევნისა და გაურკვეველი მომავლისა, პატივისცემის მეტი არაფერი ეკუთვნით. მათზე მართლა შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერის საუკეთესო, ხშირად შეუმჩნეველი, შვილები არიან.

_ დაბოლოს, უახლოესი მომავლის პროგნოზი: უკრაინაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოში რას უნდა ველოდოთ (ვგულისხმობ არჩევნებსაც, კონსტიტუციის მიღებასაც და მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობასაც, რომელიც ყოველდღიურად უარესდება)?

_ მარჩიელობა არ მიყვარს. უნდა ველოდოთ ბრძოლებს, შერკინებებს, პრინციპულობას, სირთულეებს, თუ გვსურს გამარჯვება და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა.

არმაზ მეტრეველი