ირაკლი მაჭარაშვილი: „გამხმარი ხეები მომავალშიც ხანძარსაშიშ ვითარებას ქმნის“

თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გოგა წერეთლის განცხადებით: „მეწყრის საშიშროება არ არის, მაგრამ მომავალ კვირაში, ალბათ, სპეციალისტების რეკომენდაციებს მივიღებთ, შევისწავლით და შესაბამისად გადავწყვეტთ, თუ რა შეიძლება განხორციელდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. მთაწმინდის ფერდობზე ა. წ. 8 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, პირველადი დათვალიერებით, 200-მდე ხე არის დამწვარი, ბალახი და ბუჩქები. ხეებს შორის რამდენიმე გამხმარიც იყო. გამწვანების კუთხით ღონისძიებებს მას შემდეგ დავგეგმავთ, რაც რეკომენდაციებს მივიღებთ. მომავალ კვირაში სპეციალისტებთან ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება“.

„ქრონიკა+“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელს, ირაკლი მაჭარაშვილს ესაუბრება:

_ მთაწმინდაზე მომხდარი ხანძრის შედეგების შეფასება გამიჭირდება, რადგან ზუსტად არ ვიცი, რა ფართობი, მცენარეები და ა. შ. დაიწვა. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხე არის დამწვარი, რა ზომის, რა სახეობის, რა დაქანებაზეა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ამ წუთში ამაზე პასუხი არ მაქვს.

_ საერთოდ, დედაქალაქის გამწვანებულ ფერდობებზე რა მდგომარეობა და გამოწვევებია?

_ ეს ფერდობები საბჭოთა პერიოდში გაშენდა. მანამდე, XIX საუკუნეში (განსაკუთრებით XX-ის დასაწყისში) ფერდობები ბუნებრივი მცენარეულობებისგან მთლიანად გაიჩეხა. ეს იმიტომ, რომ თბილისში მცირე მრეწველობა არსებობდა: მჭედლებს, ოქრომჭედლებს ნახშირი სჭირდებოდათ. ასევე, გარკვეულწილად, მოსახლეობაც იყენებდა.

ასე რომ, ფაქტობრივად, ბუნებრივი მცენარეულობა მთლიანად გაიჩეხა. ამან ის შედეგები გამოიწვია, რომ თბილისში ფერდობებიდან წვიმა ნიაღვრად მოდიოდა და სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. პირველ რიგში, ამ ღვარცოფების, ნიაღვრების შესაჩერებლად, საბჭოთა პერიოდში, ხეების გაშენება დაიწყეს.

ფერდობებზე ხეების გაჩეხის გამო ნიაღვრები იქ არსებულ ნიადაგის ფენას საერთოდ რეცხს და მერე იქ მცენარეების გახარება ძნელია, ამიტომ იქ ნიადაგი შეჰქონდათ, კლდეებს აფეთქებდნენ კიდეც და ასე რგავდნენ ხეებს.

ძირითადად, დარგულია შავი ფიჭვი, რომელიც ადგილობრივი სახეობა არ არის. როგორც წესი, ასეთი არაადგილობრივი სახეობების დარგვა მიუღებელია, რადგან მას დიდი დრო არ უწერია. ამ შავ ფიჭვს თავისი დრო გაუვიდა და ხმობის პერიოდი დაიწყო.

პრობლემა ისიც არის, რომ თავიდან ეს ხეები ძალიან ახლო-ახლოს დაირგო და მერე ყოველწლიურად გამოხშირვა და შესაბამისი მოვლა სჭირდებოდა, რაც ჩვენს პირობებში არ განხორციელებულა. ამას საბჭოთა პერიოდშიც არ აკეთებდნენ და ახლა, _ მით უმეტეს.

ამიტომ ეს ხეები, უმეტესწილად, გადამხმარია, დიდი რაოდენობა დაზიანებულია, მოჭრას და გატანას საჭიროებს. კი ბატონო, გამხმარი ხეების რაღაც რაოდენობა გამწვანების სამსახურმა გაიტანა, მაგრამ ეს არასაკმარისი მოცულობის სამუშაოა.

ამ დროს გამხმარი ხეები ადგილზე ძალიან ხანძარსაშიშ ვითარებას ქმნის და მომავალშიც შეიძლება ეს ხანძრები გაჩნდეს. ამიტომ დაუყოვნებლივ საჭიროა (და ამას ხშირად ვეუბნებით მერიის გამწვანების სამსახურს), რომ მერიამ მიიღოს საგანგებო ღონისძიებები, _ რაც შეიძლება მოკლე დროში მოიჭრას ეს ფიჭვები და გაიტანონ ტერიტორიიდან.

მის ადგილზე უნდა დაირგოს სხვა ფოთლოვანი სახეობები, ასევე ბუნებრივ აღდგენა-განახლებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი.

რეალურად, ეს არ კეთდება. თვითონაც აღიარებენ, რომ ამ საქმისთვის შეიძლება ჯარის ნაწილების გამოყენება იყოს საჭირო, იმდენად მასშტაბური საქმიანობა არის ჩასტარებელი. თბილისის მერია ჯარს ვერ გამოიყენებს, ამ გადაწყვეტილებას უმაღლესი მთავარსარდალი სჭირდება.

მოკლედ, ასეთი ვითარებისთვის კანონმდებლობა ამბობს, რომ უნდა გამოცხადდეს საგანგებო ვითარება. ამის გამოცხადება, რატომღაც, არ უნდათ. აგერ ცეცხლის ჩაქრობის დროსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა არ სურთ. ვერც ასაბუთებენ, თუ რატომ არ აკეთებენ ამას. გვეუბნებიან, _ ფული არ გვაქვს და ხალხიც არ გვყოფნისო.

_ მაშინ, ამ შემთხვევაში, გამოაცხადეთ საგანგებო ვითარება და სამხედრო ძალები გამოიყენეთ-მეთქი. ამაზეც პასუხი არ აქვთ.

_ ანუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარის გამოყენება გამხმარი ხეების გამოხშირვისთვის აუცილებელია?

_ რა თქმა უნდა, ეს ხეები უნდა მოიჭრას და ეგრევე გამოიტანონ, თორემ ადგილზე ძალიან ხანძარსაშიში ვითარებაა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

_ კუსტბის ფერდობზე ამისთვის გარკვეული სამუშაოები ჩატარდა…

_ რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის და ამას თვითონვე აღიარებენ. როგორც ვიცი, აღნიშნულ პროცესში, დაახლოებით, 70 ათასამდე ხე გამოიტანეს, მაგრამ ეს მცირე პროცენტია იმისა, რაც რეალურად დაზიანებულია. თქვენ რომ კოჯრისკენ, წყნეთისკენ წახვიდეთ, სულ ასეთი ვითარება შეგხვდებათ.

ზოგადად, ყველგან ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებები ტარდება. ამ გზაზე ერთ-ერთი ღონისძიება ის არის, რომ ხელოვნური წიწვოვანები ნელ-ნელა ფოთლოვანი ტყით უნდა ჩაანაცვლონ, რადგან ფოთლოვანი ტყე, ჯერ ერთი, ხანძრისადმი გამძლეა და, მეორეც, ფოთლოვანი ხე უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს და მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს.

_ კონკრეტულად, მთაწმინდაზე 200-მდე ხის განადგურება ადგილზე რამე მეწყრულ საშიშროებას ხომ არ გამოიწვევს?

_ ადგილზე უნახავად ასეთი დასკვნის კეთება შეუძლებელია. გააჩნია, როგორ იყო ეს ხეები ერთმანეთთან განლაგებული, რამდენად დაქანებული ფერდობია, იმ ადგილზე წარმოიშობა თუ არა წყლის ნაკადები წვიმის დროს და ა.შ.

_ ქალაქის მერია ასეთი ტიპის გამოწვევებზე რამდენად ადეკვატურ რეაგირებას ახდენს, თქვენი დაკვირვება როგორია?

_ ადეკვატური რეაგირება რომ მომხდარიყო, იმას გააკეთებდნენ, რაზეც უკვე მოგახსენეთ. ანუ საგანგებო ვითარებას გამოაცხადებდნენ, ან საჭირო თანხები გამოიძებნებოდა პრობლემების გადასაწყვეტად. ამის მაგივრად თბილისის მერია თანხებს რაღაც სისულელეში ხარჯავს.

მაგალითად, გამწვანების ეგიდით თანხა იხარჯება ისეთი სკვერების თავიდან გაკეთებაში, რომლებიც ისედაც კარგი სკვერებია. დაახლოებით, 150 ათასი ლარი დაიხარჯა ვაჟა-ფშაველაზე, ოვალურ სკვერზე, რომელიც ისედაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სკვერი იყო თბილისში. იქ ძალიან ბევრი ვარდის ბუჩქი იყო. ადგნენ, მოთხარეს ეს ვარდის ბუჩქები და რაღაც ძვირფასი ზეთისხილის ხეები დარგეს, ისიც მცირე რაოდენობით. ეს 150 ათასი ლარი დაჯდა და ახლა იქურობა, ლამის, სასაფლაოს დაემსგავსა.

რაც მთავარია, ამით არც ერთი კვადრატული მეტრი გამწვანებას არ შემატებია. თან ტერიტორია ისეთ ადგილასაა, სადაც ადამიანი ფეხით ვერ მიდის. ანუ მას რეკრეაციული დანიშნულება არ გააჩნია, გარშემო ძალიან დიდი მოძრაობაა, გადასავლელიც არ აქვს.

იგივე სისულელეში დაიხარჯა ფული სააკაძის ძეგლის გარშემო რომ სკვერია. ანუ იქ ადამიანი არ დადის, ადგილს რეკრეაციული ღირებულება არ გააჩნია… მერე იტყვიან, რომ ფული აღარ გვყოფნისო. თუ ასეთ რაღაცებში დახარჯავ, ბუნებრივია, არ გეყოფა.

გამწვანებაზე არადეკვატურ ღონისძიებებს ატარებენ.

_ რა სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ ფონზე, როცა ვიცით, რომ დედაქალაქში გამწვანების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს?

_ უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მშენებლობა ან მსგავსი ქმედება, რომელიც მწვანე ნარგავებს შეამცირებს. შეწყდეს ყოველგვარი ასეთი ფართობის პრივატიზება (ნებისმიერი პირობით) გამწვანებულ ტერიტორიაზე, რადგან ამას მოყვება მხოლოდ ერთადერთი შედეგი _ გაჩეხვა და იქ რაღაცების გაშენება.

დაწესდეს ლიმიტები, თუ კერძო ტერიტორიაზეც რამდენის შენება შეეძლება ადამიანს. მაგალითად, კერძო ტერიტორიაზე ადამიანს არ უნდა შეეძლოს, რომ ეს სივრცე მთლიანად ნაგებობებად გადააქციოს. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს პარკების მშენებლობის დროს მიწის დაფარვა მოპირკეთებით (მარმარილო და ა. შ). ეს ფულის კეთების მეტი არაფერია და არავის სჭირდება მარმარილოთი და გრანიტით დაფარული პარკები.

ეს თანხები უნდა მოხმარდეს არსებული დაზიანებული ხეების გაჯანსაღებას, მათ ახლებით ჩანაცვლებას და სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, ახალი სარეკრეაციო ზონები უნდა შეიქმნას.

_ კუსტბის ფერდობს ვაკის პარკს უერთებენ…

_ ესეც ხალხის მოტყუებაა, რადგან არაფერი შეუერთდება. მარტივად შეგიძლიათ შეხედოთ ტერიტორიას, რომელზეც საუბარია, რამდენი იყო ვაკის პარკი, ახლა რამდენი არის დარჩენილი და ა. შ.

ეს, უბრალოდ, ხალხის მოტყუება და სინამდვილეში არაფერი მნიშვნელოვანი გამწვანებული ტერიტორია არ ემატება. ამას ის ხალხი აცხადებს, ვისაც თავისივე მიერ გაკეთებულ რუკაში არც ჩაუხედავს.

_ გულისხმობთ, რომ ეს ფერდობი ისედაც ეკუთვნოდა აღიშნულ ტერიტორიას?

_ ოდესღაც ეკუთვნოდა და დღეს იმის ძალიან მცირე ნაწილზე მიდის საუბარი. თან კუსტბამდე კი არა, ამ სივრცეში ძალიან მცირე ტერიტორია ხვდება, ამიტომ არის ეს განცხადება სიცრუე.

როგორც ჩანს, რაღაც ტერიტორიის კიდევ ვიღაც კერძო მესაკუთრეებზე გაცემას აპირებენ და ახლა პიარისთვის ამბობენ, რომ ვითომ მცირე ნაწილს სარეკრეაციო ზონას ვაძლევთო. რეალობა ასეთია და აჯობებს, ამ მხრივ ტყუილებს თავი დაანებონ.

_ ადგილობრივ არჩევნებზე ვინმეს ხომ არ უჭერთ მხარს?

_ ჯერჯერობით, არანაირი პრიორიტეტი არ გვაქვს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშრებით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვისაც აქამდე არაფერი გაუკეთებია, ის ამის შემდეგაც სასიკეთოს არაფერს გააკეთებს. მაგალითად, კალაძე, _ კაცი ვიცე-პრემიერი იყო და არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით და ახალ დაპირებებს გვაძლევს, რასაც, ბუნებრივია, არ გააკეთებს.

ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თავი იმით ისახელეს, რომ ტყე და გამწვანება არ დატოვეს, ახლა კი პროგრამაში აქვთ ეს გამწვანება. ამიტომ მათი იმედიც არ მაქვს.

 

გელა მამულაშვილი