მამუკა სალუქვაძე: „თუ ვინმე შემოგვედავება, რომ დედაქალაქი კარგად გამწვანებულია, ეს მის სინდისზე იყოს“

დედაქალაქის დღევანდელ განვითარებაში ქაოსური პროცესები რომ სასწრაფოდ მოწესრიგებას მოითხოვს, ამაზე, მგონი, არავინ დაობს. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი, მამუკა სალუქვაძე, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ძირითად საკითხებზე საუბრისას აცხადებს, რომ სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული იერარქია უნდა შეიცვალოს და უპირატესობა ფეხით მოსიარულეს მიეცეს.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მერიისადმი შეთავაზებულ წინადადებებზე უფრო კონკრეტულად „ქრონიკა+“ ორგანიზაციის დირექტორს, მამუკა სალუქვაძეს ესაუბრება:

_ ბატონო მამუკა, რა ნაბიჯებს ითვალისწინებს თქვენი წინადადებები?

_ ჩვენ მოვიძიეთ მასალები, ამ მიმართულებებით ანალიზი გავაკეთეთ, რომელშიც არა მხოლოდ ქალაქგეგმარებითი, არამედ სხვადასხვა მომიჯნავე დარგის სპეციალობაც ჩართულია. ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა გეგმა, რაც ქალაქს ბევრი წლის განმავლობაში არ ჰქონია. მიწათსარგებლობის კუთხით ქალაქს დავუსახეთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს, რა მიმართულებებია პრიორიტეტული, რადგან, მოგეხსენებათ, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ვაკეთებთ და არა სტრატეგიებს და ა. შ.

კონცეფციაში სამი ძირითადი მიმართულება გამოვყავით, რომელშიც მერე შეიძლება სხვა საკითხებიც ჩავრთოთ. პირველი არის კომპაქტური ქალაქი. ინტენსიური განვითარება სწრაფად განვითარებასა და რაღაცების ჩაშენებას არ ნიშნავს. ქალაქში არსებობს განაშენიანებული ტერიტორიის კონტური და ასევე გაუნაშენიანებელი, სადაც სასოფლო მიწები, ლანდშაფტური ტერიტორიები, სატყეო მიწებია. ჩვენ ვამბობთ, რომ იმ გათვლების, დემოგრაფიული კვლევისა და იმ რესურსების საფუძველზე, რომელიც ქალაქს აქვს (და რომელიც ჩვენთან გაკეთდა), ქალაქი უკვე განაშენიანებული კონტურის შიგნით უნდა განვითარდეს და არ დავიწყოთ ახალი ტერიტორიების საცხოვრებელ კვარტლებად და ა. შ. გამოყენება.

რა თქმა უნდა, თუ საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, რომ იქ რაღაც სპორტული ობიექტი მოეწყოს, მაგრამ ქალაქგარეთ საცხოვრებლად ახალი ტერიტორიების გამოყოფა სწორად არ მიგვაჩნია. ბევრი რამ არსებობს ამის საწინააღმდეგოდ:

უკვე გაცემული ნებართვების ძალიან დიდი რაოდენობაა, ეს ათწლეულების განავლობაში გაცემული დოკუმენტებია. დაახლოებით, 6,5 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე ნებართვებია გაცემული, რომლიდანაც ბევრი ჯერ არ აშენებულა. აქედან სულ შეიძლება 20-30% იყოს აშენებული. დანარჩენი, როგორც ჩანს, აშენდება, რადგან არსებული ნებართვების რეალობის წინაშე დავდექით;

ამავე დროს, ქალაქში არის ტერიტორიები, რომელიც გასაღებითაა ჩაკეტილი და მას არავინ იყენებს. ეს ე. წ. ყოფილი საწარმოო ტერიტორიებია, რომელიც ქალაქისთვის ასევე გარკვეულ რესურსს წარმოადგენს. ასეთი კი, დაახლოებით, 800 ჰა ტერიტორიაა!

იმაზეც ვიფიქროთ, თუ ვიღაცის ახირებაა, რომ მაინცდამაინც ქალაქგარეთ რაღაც თავისუფალ ტერიტორიაზე უნდა ავაშენოო, ეს შემდეგ ქალაქისთვის დამატებით ხარჯების გაღებას გამოიწვევს. ეს იქნება საინჟინრო კომუნიკაციების, გზების მიყვანა, რაღაც სერვისის ობიექტები უნდა შეიქმნას და ა. შ. როგორც წესი, ეს წლებზეა გათვლილი, მანამდე იმ დასახლებებს, რეალურად, არაფერი ექნებათ და ყველაფრისთვის ისევ ქალაქში ირბენენ, რაც ისევ ქალაქს გადატვირთავს და მის შესაძლებლობებს არაეფექტიანად გამოიყენებს.

ამიტომ ინტენსიური განვითარება ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრთან ერთად მისი გარეუბნებიც განვითარდეს. არ შეიძლება, ვარკეთილში მცხოვრებ ადამიანს არანაირი სერვისი არ გააჩნდეს, მხოლოდ ვაკისა და რუსთაველის მცხოვრები იყოს კარგ მდგომარეობაში, რადგან ყველაფერი აქვე, გვერდზე აქვს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ე. წ. პოლიცენტრული არეალები მოვნიშნეთ, ანუ ვამბობთ, რომ ქალაქს ერთი ცენტრი კი არ უნდა ჰქონდეს, პირიქით, ეს ცენტრი მაქსიმალურად უნდა გამოვათავისუფლოთ, შევზღუდოთ იქ გარკვეული მშენებლობები, სერვისების განთავსება და ეს ყველაფერი გადავიტანოთ იქ, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს, ანუ გარეუბნებში. მე ისევ ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიაზე ვსაუბრობ, ეს არის ვაზისუბანი, დიდი დიღომი, გლდანი…

იქ, გარკვეულწილად, ჩამოყალიბებულია ცენტრის ფუნქციები, მაგრამ ჩვენ გაძლიერებაზე, სერვისების დამატებაზე ვსაუბრობთ. გვაქვს ასეთი გათვლები, რეკომენდაციები, თუ რა სახის ობიექტები შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, მათ შორის, გაძლიერდეს საინჟინრო, საგზაო ინფრასტრუქტურა და ა. შ. მიმოსვლა შესაძლებელი იყოს. ვთქვათ, დიდი დიღმიდან ადამიანი მარტო ერთ ავტობუსს არ ელოდებოდეს, არსებობდეს სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დანარჩენ ქალაქს ძალიან კარგად დააკავშირებს და ასეთი დერეფნები მოვნიშნეთ კიდეც ჩვენს ნამუშევარში.

_ მეორე მიმართულებაზე გადავიდეთ…

_ მეორე დიდი მიმართულება: თბილისი მწვანე ქალაქია. თუ ვინმე შემოგვედავება, რომ დედაქალაქი კარგად გამწვანებულია, ეს მის სინდისზე იყოს, ალბათ, მან უკეთესად იცის. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისის განაშენიანებულ ნაწილში ძალიან მწირია გამწვანებისა და რეკრეაციის წილი. დაახლოებით, ეს შეიძლება იყოს სამნახევარი, ოთხი კვადრატული მეტრი ერთ ადამიანზე. თან კიდევ ერთი ფაქტორია, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულია, თბილისში ახალი საპარკო მშენებლობა არ ყოფილა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამას მივაქციოთ მნიშვნელოვანი ყურადღება და გარკვეული გზებიც დავსახეთ. მოვნიშნეთ ტერიტორიები, სადაც შეიძლება გამწვანებისა და რეკრეაციის განვითარება.

მაგალითად, პირდაპირ ვითხოვთ, რომ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე (ის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია, განაშენიანებისგან დავიცვათ, იქაც წლების წინათ განაშენიანების პროცესი წავიდა) საპარკე ზონა გაკეთდეს. ამისთვის მოვნიშნოთ საზღვრები, რომ იქ უკვე შენობები აღარ ჩაიდგას. ეს იმიტომაც გვინდა, რომ იქ მტკვრის ბუნებრივი სანაპიროა. ასეთი სანაპიროები ბევრი აღარ დარჩა. ჩრდილოეთ ნაწილში ეს დიღმის ჭალების ტერიტორიაა და ქვემოთა ნაწილში ფონიჭალისკენაა, დანარჩენი შემოსაზღვრულია.

ასევე თბილისის მერიას შევთავაზეთ, რომ თემქაზე, ხევძმრის ხეობაში საპარკო ზონა გაკეთდეს. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, იქ ასევე შეიძლება სპორტული ზონაც იყოს. სხვა ტერიტორიებზეც არის საუბარი, როგორც გითხარით, ფონიჭალისკენაც შეიძლება საპარკო ზონის მოწყობა. ბუნებრივია, ქალაქის შიგნით ამგვარი ტერიტორიების გამოძებნა ჭირს, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვზღუდავთ ყველანაირი მშენებლობის საშუალებას, სადაც უკვე ჩამოყალიბებული რეკრეაციული ტერიტორიებია. მაგალითად, იპოდრომის ტერიტორია, ლანდშაფტურ ტერიტორიებად მივიჩნიეთ კუსტბა, ლისის ტბა და ა. შ. ანუ ეს ტერიტორიები ყველანაირი ჩარევისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, რადგან ამის პრეცედენტები არსებობს.

დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ იქნებ, მცირე მდინარეების გახსნის საშუალება მოგვეცეს. ამისთვის ჩვენ გარკვეული არეალები შევარჩიეთ. ბევრი მცირე მდინარე კოლექტორშია მოთავსებული, ან საცხოვრებლების შუა წელში გადის, ან პირდაპირ მასზე ზემოთ განაშენიანებაა, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტია და ამის შედეგი უკვე ვიწვნიეთ, როდესაც ვერის ხეობაში სტიქიური მოვლენები განვითარდა. ამიტომ გვინდა, რომ სადაც შესაძლებელია, მდინარის ნაპირები გაიხსნას და ამ ხეობებსა და სანაპიროებს (რომლებიც თბილისში მრავლადაა) რეკრეაციული ფუნქცია მიენიჭოს. დღეს ეს ადგილები ნაგავსაყრელებადაა ქცეული და ასევე იქ დაუმთავრებელი მშენებლობებია. ამის შემდეგაც შეიძლება ვიღაცებმა იქ მშენებლობა დააპირონ. ესეც არაა პატარა ტერიტორია, დაახლოებით, 400 ჰექტარია, მცირე მდინარეების ხეობები რომ გამოთავისუფლდეს და რეკრეაციული ზონები მოეწყოს.

_ სატრანსპორტო პრობლემას რაც შეეხება?

_ ჩვენი კანცეფციის ნაწილი _ კარგად შეკავშირებული ქალაქი _ იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო პრობლემა იმ დონეზე უნდა იყოს, რასაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და, საერთოდ, გენერალური გეგმა საზღვრავს. ჩვენ ათი ათასიანი მასშტაბით ვმუშაობთ, ყველა კვანძისა და მოძრაობის ორგანიზებას არ ვაკეთებთ, რადგან ეს დეტალურ დაგეგმარებას ითხოვს, რაც შემდეგი ეტაპის დოკუმენტებია და ამაზე მერიამ კონკურსი ან ტენდერი უნდა გამოაცხადოს, ეს მისი გასაკეთებელია. ეს არის სატრანსპორტო მოდელირება იმისთვის, რომ ჩვენ თითოეული კვანძის დონეზე მივიღოთ გადაწყვეტები.

ასევე შიდამეურნეობების კვლევაა გაკეთებული სატრანსპორტო კუთხით, ანუ ვინ როგორ იყენებს მანქანას, ახლა სატრანსპორტო მოდელირებაა გასაკეთებელი.

ჩვენ რაც დავსახეთ, ეს სატრანსპორტო დერეფნებია, მათ შორის, ერთ-ერთი გამჭოლი დერეფანია, რომელიც დღეს ქალაქში არ არსებობს. ვიცით, რომ არის ორი სანაპირო ზოლი, სანაპირო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მაგრამ კიდევ ერთი მძლავრი ზოლი, ქალაქის ერთი კუთხიდან მეორემდე უწყვეტად რომ შეძლოს მანქანების გატარება, სწორედ ასეთი მოვნიშნეთ ერთ-ერთ სატრანსპორტო დერეფნად.

მეორე სატრანსპორტო დერეფანი დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე და მესამე _ მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალაში, გულუას მოედნამდე იქნება. ჩვენ ხშირად ტრამვაისთან და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, რომელიც შეიძლება უფრო შემდგომ ეტაპზე გაკეთდეს, როცა ამისთვის გარკვეული ფინანსებიც გაჩნდება. მანამდე ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოკვეთილი პრიორიტეტი უნდა არსებობდეს.

დღევანდელი იერარქია უნდა ამოვატრიალოთ (ყველა ევროპულ ქალაქში რეალურად ასეა). ჩვენთან რა არის პრიორიტეტული? დამეთანხმებით, რომ ეს კერძო ტრანსპორტია, აქ ხომ ყველაფერი მას ექვემდებარება და ემორჩილება, ტროტუარიც კი დღეს მის საკუთრებაშია. სწორედ ამას უნდა ვეცადოთ, რომ ეს ქალაქი, უპირველესად, ფეხით მოსიარულისთვის იყოს, შემდეგ ველოსიპედისტებისთვისაც სათანადოდ კომფორტული უნდა გახდეს. ველოქსელის განვითარების კონცეფციის, პროექტის შემუშავება აუცილებელია. ასე იქცევიან უცხოეთის ქალაქები, სადაც ჩვენ მოგვწონს ყოფნა.

საჯარო ტრანსპორტი ცალსახად პრიორიტეტი უნდა იყოს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვიზრუნოთ კერძო მანქანებზე, რომელთა მოძრაობა, რეალურად, შეიზღუდება. არ შეიძლება, რომ მათ ბოლომდე შეიწირონ ამ ქალაქში ყველაფერი, მათ შორის, ეკოლოგიური მდგომარეობა.

ამისთვის აუცილებელია, პარკირების ძალიან კარგი და მოქნილი სისტემა ჩამოყალიბდეს და არა ისეთი, როგორიც დღეს ქალაქში მოქმედებს.

ასევე, დაახლოებით, 8-10 განივი კავშირი გვაქვს მონიშნული კონკრეტულ ტერიტორიებზე, რომელმაც მარცხენა სანაპირო მარჯვენასთან უნდა დააკავშიროს. იცით, რომ რკინიგზის გადატანის საკითხი ისევ ამოვწიეთ და ვთქვით, ეს სწორი წინადადება იყო. სწორედ მის ადგილას გაივლის დედაქალაქის უწყვეტი საავტომობილო გზა.

ხშირად იმაზე საუბრობენ, რომ რკინიგზის გადატანა იმისთვის უნდათ, იქ საცხოვრებლები ააშენონო. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი მიდგომა გვაქვს. ვცდილობთ, რომ გადაჭარბებული მშენებლობა შევზღუდოთ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, 6,5 მილიონ კვადრატულ მეტრზე ნებართვები უკვე გაცემულია. ასე რომ, ეს ძალიან დიდი რესურსია, მოთხოვნა ნამდვილად არ არის და ამიტომ კიდევ საცხოვრებლების ნებისმიერ ტერიტორიაზე დაშვება გამორიცხულია.

პირიქით, გამოთავისუფლებული ტერიტორიები მაქსიმალურად გამწვანებისა და რეკრეაციისთვის უნდა გამოვიყენოთ. აგერ ზაფხულია და გრძნობთ თბილისში რა მდგომარეობაა, ეს რეალობა კიდევ უფრო გართულდება, თუ მსგავსი რადიკალური ნაბიჯები არ გადავდგით.

_ ამ წინადადებების კონკრეტული ადრესატები ვინ არიან და რა რეაგირებას იღებთ მათგან?

_ საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა და დამკვეთი დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურია. ჩავთვალოთ, რომ დამკვეთი თბილისის მერიაა. ჩვენ ასეთი დავალება გვქონდა და მათ ყოველ სამ თვეში ერთხელ გარკვეული დოკუმენტაციის ჩამონათვალს ვაძლევდით. ისინი მიღება-ჩაბარების ფორმით ამ ყველაფერს იბარებდნენ, იქ შენიშვნებიც იყო, გასწორებაც და ა. შ. მოკლედ, სამუშაო პროცესია.

შედეგად, სქელტანიანი დოკუმენტი დავდეთ, იქ უამრავი რუკაა, რომელიც სხვა დროს არ გაკეთებულა. მარტო 70-მდე თემატური რუკაა, აღარაფერს ვამბობ იმ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც შეზღუდვების, სტრუქტურული ფუნქციებისა და ზონირების რუკაა.

საერთოდ, ეს არ არის ყველას დოკუმენტი, ეს, ძირითადად, არქიტექტურის სამსახურისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია. თუმცა არ შეიძლება, არქიტექტურის სამსახურმა ამით ნებართვები გასცეს. ამიტომ ჩვენ თავიდანვე მოვნიშნეთ ტრიტორიები, სადაც, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს შემდეგი ეტაპის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეს განაშენიანების რეგულირების გეგმებია, ხოლო პარამეტრები, მოცულობები, კონკრეტული ზონირება სწორედ ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა მოხდეს და უკვე ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა შეიძლება გასცეს შესაბამისი ნებართვა.

საბოლოოდ, ეს დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ ნორმატიული დოკუმენტი გახდება.

_ ელოდებით მერიის მხრიდან თქვენი წინადადებების სათანადოდ გათვალისწინებას?

_ რთული საკითხია და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ჩვენ ხელშეკრულება ნოემბერში გვიწყდება, მანამდე ვცდილობთ, ეს დოკუმენტი მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს. თუ რაღაც დასჭირდებათ, ბუნებრივია, მათ ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მივეხმარებით. ეს იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის მიმართ, უბრალოდ, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. შემდეგ ჩვენი ჩარევა უკვე, პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება, რადგან ვართ ორგანიზაცია, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და ხელშეკრულება დაიდო. ამის შემდეგ მერიის ორგანო არ ვართ, რომ ადგილზე ვისხდეთ, რაღაცები ვასწოროთ და ვაკეთოთ.

ამავე დროს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ თვითონ მერიის წიაღში სტრუქტურა ჩამოყალიბდეს (ზუსტად როგორი იქნება, ვერ გეტყვით), რადგან, ვფიქრობთ, რომ არქიტექტურის სამსახური თავს ვერ გაართმევს იმას, რომ მართოს და ამ პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს, რაც მიწათსარგებლობის გენგეგმას შეეხება. ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა შეიძლება ნებართვები გასცეს, მაგრამ აუცილებელი იქნება გარკვეული ორგანო. როდესაც ინსტიტუცია ინსტიტუციისთვის არ უნდა იყოს, იქ არ უნდა იყვნენ ისეთი არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დასხდებიან და ამაში ხელფასს აიღებენ.

ეს უნდა იყოს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს ტექნიკურ დავალებებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმებისთვის კონკურსების მოწყობაზე, ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რეალურ შედეგს დავუცადოთ.

ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს თაროზე შემოსადები დოკუმენტი იყოს, რადგან ამ ყველაფერში ძალიან დიდი ენერგია დიდი სიყვარული ჩავდეთ ჩვენი ქალაქის მიმართ. ეს უბრალო სიტყვები არ არის, მახსოვს რამდენად რთული გზა გამოვიარეთ. ძალიან ძნელია ისეთ ქალაქზე მუშაობა, როგორიც თბილისია, ამაში ჩვენი გერმანელი, ფრანგი პარტნიორები ძალიან დაგვეხმარნენ. ახალი ევროპული მიდგომები მათთან ერთად გავიარეთ და ქალაქს შევთავაზეთ.

ამიტომ თუ ეს პროექტი განხორციელდა, ძალიან კარგი შედეგები მიიღება.

სხვათა შორის, გარკვეული ღონისძიებები ასე გავწერეთ, ყველაფერი სწრაფად, საშუალო ვადაში და უკვე ხანგრძლივ ვადაში უნდა განხორციელდეს.

 

გელა მამულაშვილი