ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრდება?!

„პოლიტიკური პლატფორმა _ ახალი საქართველო“ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, საპენსიო ასაკი, ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, 60 წელი უნდა იყოს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მიიჩნევს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკში განსხვავება სრულიად დისკრიმინაციული მიდგომაა: „ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ პროცედურას და მოვითხოვთ ასაკის გათანაბრებას. მიმაჩნია, რომ ეს ასაკი უნდა იყოს 60 წელი. ამისთვის, პირველ რიგში, ჩვენ შევაგროვებთ 30 000 ხელმოწერას, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ეს არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. განვითარებულ ქვეყნებში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრებულია. ის ნორმა, რომელიც დღეს ჩვენს კანონშია, დისკრიმინაცულია“, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინიციატივა, საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციას ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით, ისინი იმუშავებენ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც ეხება: „ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის დისკრიმინაციული როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქალთა ორგანიზაცია, ვმუშაობთ არაერთ პრობლემურ საკითხზე. ქალთა ორგანიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ქალებისთვის პრობლემურ თემებზე მუშაობას. ეს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის დისკრიმინაციული. ჩვენ ვითხოვთ რეალურ თანასწორობას. ორივე შემთხვევაში საპენსიო ასაკი უნდა იყოს 60 წელი და ამისთვის ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს. ხელმოწერებს შევაგროვებთ მთელი საქართველოს მასშტაბით“, _ განაცხადა თეონა ჭალიძემ.

 

„ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაზე სასამართლოში წარსადგენ საკონსტიტუციო სარჩელს იურისტი მარიკა არევაძე ამზადებს. ამ საქმესთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს მარიკა არევაძე ესაუბრება:

 

_ მარიკა, როგორც საზოგადოებისთვის 9 აგვისტოს გახდა ცნობილი, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრები აპირებენ, საპენსიო ასაკის გათანაბრების კუთხით მიმართონ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით და პარალელურად მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ ნაწილში კი ადვოკატირებას სწორედ თქვენ გაუწევთ. რის მოთხოვნას აპირებთ საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში?

_ ჩემი ინფორმაციით მათ უკვე მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს და შესაბამისი ბლანკების მიღებას ელოდებიან, რომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყონ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს და მის ფარგლებს, „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, მათი შეხედულება გამაცნეს ამ საკითხთან მიმართებით და მათთვის წარმომადგენლობის გაწევა მთხოვეს სწორედ საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში.

_ შესაბამისად, თქვენ აღნიშნულ საქმეში ჩართული იქნებით, როგორც ადვოკატი, თუ „ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის წევრი ხართ?

_ მე ვარ ადვოკატი და პოლიტიკურად ნეიტრალური მოქალაქე, შესაბამისად, არ ვარ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი და ამ დავის ფარგლებშიც „ახალ საქართველოს“ და მათ ქალთა ორგანიზაციას გავუწევ სასამართლო წარმომადგენლობას.

_ დავუბრუნდეთ სარჩელს და მის ფარგლებში თქვენს მოთხოვნას…

_ საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში ჩვენ დავაყენებთ სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხს, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ავხსნათ ეს რას ნიშნავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულია ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე. აღნიშნული მუხლი გამორიცხავს რაიმე სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი კი ამბობს, რომ „პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის _ 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან“; ანუ უშვებს ქალებისა და კაცების არათანაბარ, უთანასწორო მდგომარეობას ასაკთან მიმართებით, სხვაობა კი განპირობებულია გენდერული ნიშნით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას და სწორედ აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი უკვე მზად მაქვს და უახლოეს დღეებში მოვახდენთ მის დარეგისტრირებას.

_ ამ ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენი აზრით, ეს რამ განაპირობა?

_ გამოხმაურებებს მეც მივადევნე თვალი და საზოგადოების მხრიდან, ძირითადად, დადებითი შეფასებებია, თუმცა არის საწინააღმდეგო აზრიც, რაც ქალთა უფლებების დამცველებისგან მოდის. მათი პოზიცია, როგორც ვნახე, არის ის, რომ ჯერ მოსაგვარებელია მთელი რიგი სხვა საკითხები და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება. ბუნებრივია, ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია შეფასებების მოსმენა. მნიშვნელოვანი და პატივსაცემია ქალთა უფლებების დამცველების პოზიციაც, ამიტომ ვფიქრობ, თუკი მათ ექნებათ სურვილი და მზაობა, შევხვდები კიდეც ამ საკითხის გასავლელად, მაგრამ ერთია პრობლემური საკითხების მოგვარების რიგითობაზე მსჯელობა და მეორე _ კონკრეტული მოვლენის სამართლებრივი შეფასება. სამართლებრივი თვალსაზრისით კი სადავო ნორმა (განსხვავებული საპენსიო ასაკი) ნამდვილად დისკრიმინაციული ნიშნების მატარებელია. ამავდროულად, მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა არ ადგენს ამ ნიშნით დისკრიმინაციას, მაგრამ სხვადასხვა ევროპულ შეფასებაში ღიად არის საუბარი ამ ნიშნის მიხედვით უთანასწორობაზე. გარდა ამისა, საქართველოში ყველაზე მთავარი კანონი არის კონსტიტუცია და კონსტიტუციის დათქმებს უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა კანონი/ნორმატიული აქტი, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებიც.

_ საერთაშორისო ხელშეკრულებების ჩანაწერი, ამ მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან?

_ არავითარ შემთხვევაში. მაგალითად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ კონვენცია (იგივე ევროკონვეცია), მისი დამატებითი ოქმი, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და რიგი სხვა დოკუმენტები _ კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი. შესაბამისად, ამ დოკუმენტებითაც აღიარებულია ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადამიანს იცავს უკანონო დისკრიმინაციისგან. შესაბამისად, სადავო ნორმის შინაარსის დადგენისა და მისი კონსტიტუციის მეორე თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ ერთ-ერთი, რაც უნდა იყოს გამოკვლეული, არის დისკრიმინაციის დაშვების ლეგიტიმურობა, მისი მიზანი და დაადგინოს ის სიკეთე, თუ რის გადარჩენას ემსახურება მსგავსი უთანასწორობა. სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომით, რამდენად დიდია დაცული სიკეთის მნიშვნელობა, შელახული სიკეთის მნიშვნელობასთან მიმართებით. რაც შეეხება ამ უთანასწორობის გამართლებას, ეს საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს და ასეთი ჩანაწერის გასამართლებლად უნდა წამოაყენოს მყარი არგუმენტები. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს არგუმენტირებული პოზიციის მოსმენა მნიშვნელოვანი იქნება ამ სარჩელის შედეგისთვის.

_ ზოგიერთ შემთხვევაში ეს უთანასწორობა არ მიიჩნევა დისკრიმინაციად, მაგალითად, სამხედრო სამსახურის დროს…

_ დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს სქესის ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციაზე აქვს ნამსჯელი და იმ სარჩელის ფარგლებში არ მიიჩნია განსხვავება დისკრიმინაციად. მაგრამ ეს ორი საქმე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვინაიდან იმ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო სამსახური და ქვეყნის თავდაცვის საკითხები მიზნად არ ისახავს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენს ამგვარი მიზნების მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას. ჩვენ მიერ წარსადგენი სარჩელის შინაარსი კი არსებითად განსხვავებულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქალისა და მამაკაცის მიმართ განსხვავებული მოპყრობის დროს ადგილი არ აქვს სახელმწიფო თავდაცვისა და ქვეყნის უსაფრთხოების მაღალ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც უთანასწორობისა და უფლებაში ჩარევის პროპორციულად და თანაზომიერ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ.

თამარ ბატიაშვილი