ვინ ზის „ლაფატკაზე“?

სხვაგან არ ვიცი და ქართლში ნამდვილადაა ასეთი გამოთქმა: „ლაფატკაზეა“, ანუ სადაცაა, მოასრიალებენ, მოისვრიან. უკრაინის პრეზიდენტი თავისი ნებით დაჯდა „ლაფატკაზე“.

მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ატანილ-აცახცახებულის ტვინში თუ იშვებოდა მსგავსი სიბრძნე, რომ ასე ხელოვნურად ჩამოეშორებინა გზიდან ოპონენტი _ მოქალაქეობა წაერთმია სააკაშვილისთვის.

ცალ ხელზე იმაზე მეტი თითი რომ გაქვს, რამდენპროცენტიანი მხარდაჭერაც შეგრჩა, კი უნდა გეყოს ჭკუა იმის მისახვედრად, რომ ასეთი მანიპულაციებით ვერც ძალაუფლებას შეინარჩუნებ და ვეღარც _ სახეს. გაინაღდებ მაიდანს და საბოლოდ იქცევი პუტინის ლუკმად, რადგან ასეთი ქმედებების შემდეგ დასავლეთი გიგანებს და აღარც შენს ქვეყანაში დაგედგომება და აღარც ვინმე შემოგთავაზებს მოქალაქეობას, თავშესაფარს. თორემ თუ საააკაშვილს მოქალაქეობას წაართმევ ივანიშვილთან შეხმატკბილებული, ამით მას ნამდვილად ვერ გახდი პუტინის ლუკმად. მსოფლიო დიდია და მას ბევრგან წაესვლება. შეთავაზებებსაც იღებს მოქალაქეობაზე.

უყურებ სააკაშვილის ხვედრს და შენდაუნებურად ფიქრობ, _ მართლა რა რჯის? რა ძალა ადგას, ან რა ძალა აქვს, ამხელა უმადურობას რომ უძლებს? ჯერ აქ, საქართველოში და მერე იქ, უკრაინაში? მართლაცდა, იდეალიზმია, თორემ სხვა რა ძალამ უნდა გაგაჩეროს? გაგაძლებინოს უყურო ამხელა უმადურობას? როცა შეგიძლია წახვიდე და მშვიდად იცხოვრო განცხრომაში, საინტერესოდ და ის უმადური ქვეყნები და ხალხები კი იყვნენ იმ კორუფციის ჭაობში, სადაც ახლა არიან! სადაც მერი დღეში 600 კაცს ასაქმებს და სადაც მერიის „უშტატო“ მაღალჩინოსანი 3 ათას მწვანეს იჯიბავს, პირამიდებთან რომ გაინავარდოს! სადაც ვიცე-პრემიერის კალენდარში წელიწადში 17 თვეა და 17-ჯერ იპრემიებს თავს, ამის გარდა, ბიუჯეტის ხარჯზე დარესტორნობს და ასიათასებს ღეჭავს, მტერთან სელფაობს და ბღუჯა-ნოინობს.

პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა წაართვა. ცხადია, ახლა, მას აქ არავინ დაუთვლის საპონს, დაუთვლიან კი არა, ისე არიან აღტკინებულნი მისი ქმედებით, თავად დაბანენ ფეხებს, მექისედაც დაუდგებიან. პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა წაართვა და იხუვლა ნიშნის მოგების, ბოღმის ახალმა ლავამ. ატყდა ჟრიამული და ხვანცალი. ზოგს პირდაპირ ღიად უხარია, დაუფარავად, სხვა _ ვითომ შეწუხებული, იმ თავის წუხილს ღვარძლის საფანელს უკიდებს და ბოღმას ახეთქებს: „აი, ამიტომ დაამთავრა ასე…“

რა უნდა უთხრა ბოღმის თაიგულებს? გარდა იმისა, რომ ნაადრევია მათი ჟრიამული? და გარდა იმისა, რომ დამთავრებულნი თავად არიან _ ზიზღში, ბოღმაში ჩახარშულები, ღვარძლში ათქვეფილები.

და რაც მთავარია, სულმოკლე ბრიყვები, რომ ჰგონიათ, მიშა გათავდა. რა უნდა უთხრა მათ, გარდა იმისა, რომ მათ თავად მიშა თუ არა, მის მიმართ ბოღმა მოინელებს ისევ?

რა გინდა უთხრა აღ-მერებულ მდაბიოს, როდესაც ამღერდება, რომ მიშა გაკოტრებული პოლიტიკოსია? ან ნებისმიერს, ვინც აქ, „იმედისა“ თუ „რუსთავი 2“-ის ეთერში მოსახვედრად ბოქვენს სამართებლის გარეშე იქნის, იპუტავს და „სიენენზე“, „ბიბისიზე“ მობიბინე მიშას გაკოტრებულად იხსენიებს? კაცს პასპორტი წაართვეს და მთელი მსოფლიოს მედია წერს და აშუქებს, _ „სიენენი“ თუ „ბიბისი“, „ვაშინგტონ პოსტი“ თუ „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ფოქსნიუსი“ თუ „ევრონიუსი“, „ბლუმბერგი“ თუ „ეკონომისტი“… და რომელი აღარ… და ახლა თქვენ გგონიათ, რომ ეს ყველა მედიასაშუალება ჯართის ჩამბარებელი პუნქტია, ან გაკოტრებულთა ნავსაყუდელი?

მაგრამ რა გინდა, რომ უთხრა მის მტრებს, ოპონენტებსა თუ მოწინააღმდეგეებს, როდესაც თავად სააკაშვილის მიერ აღზევებულნი დღეს, ამ მომენტსა და ამ ვითარებაში, დგანან და მისი ლანძღვით, კრიტიკით თუ კბენით არიან დაკავებულნი? 9 წელი ერბოში ლივლივებდნენ, დღეს მოქანავე გავა სათუთად ედოთ იმ სავარძლებზე, რომლებზედაც სააკაშვილმა დასვა და წიხლს არ აყვედრიან, მათი ჭკუით, ბოლო წაქცევის ჟამს _ გამომდგარან, პირი აუქაფებიათ და რაღაც უმსგავსობებს ღნავიან. მნიშვნელობა არც აქვს, განზრახ აკეთებენ ამას, ცდებიან თუ შეგნებულად ასხამენ წყალს ვინმეს წისქვილზე, ერთი რამ ფაქტია _ ასეთი კაცი ღრძოა და ბოღმაა. ბოღმის აშენებული კი ტუალეტიც არ მინდა, არათუ სახელმწიფო. მართლაც და მაგარი რამაა ბოღმა _ თვითონ ბოღმა გვათავისუფლებს ბოღმებისგან _ კლავს და ანადგურებს მათ, ვინც ასე იბოღმება.

ეს ისაა, რაც შეიძლება მათ უთხრა, ბოღმისგან გასიებულთ, მაგრამ რა გინდა რომ უთხრა თავად სააკაშვილს? ის, რომ ვინც მან გააძღო და გახეთქა კაი ცხოვრებით, ახლა განა აკრიტიკებს, უბრალოდ, სიმაძღრისგან აბოყინებს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით,  სერიოზულად კი მხოლოდ ის, რომ…

შენი მტერი შეიძლება აქციო შენს ერთგულ თანამებრძოლად, მაგრამ მოღალატეს, გინდა შენსას და გინდაც სხვისას, ვერასოდეს აქცევ ერთგულ თანამებრძოლად.

ჩემი აზრით, ესაა სწორედ ის შეცდომა, რასაც უშვებენ საქართველოში. და ესაა ის შეცდომა, რაც დაუშვა სააკაშვილმაც.

არც ერთი დიდი მონარქი, ლიდერი, რომელმაც რეზულტატი დადო მსოფლიო ისტორიაში, მოღალატეებზე არ დებდნენ ფსონს. მათ ჰქონდათ უნარი, მტერი (დიახ, მტერი და არა მოღალატე) ექციათ ერთგულ თანამებრძოლად. ისინი პატიობდნენ მის მიმართ მტრობას და არ პატიობდნენ _ სხვის ღალატს.

აქ, როგორც ყველაფერი, ესეც უკუღმაა _ პატიებაც არ სჭირდებათ, ისე იკიდებენ, ვინ ვის უღალატა, იყენებენ გვერდით და მათაც რომ უღალატებს, მერეღა იწყება თითზე კბენანი.

რა ფორმით არ ეცადნენ სააკაშვილის განეიტრალებას: ჯერ მისი „ნაცმოძრაობიდან“ დისტანცირება ნებავდა უჩინმაჩინ ოლიგარქს, გეგმა საჩინო გახდა და ჩაუვარდა; ახლა ახალი ტალღაა, ყველანაირად ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასუსტონ, საყრდენი ძალა გამოაცალონ სააკაშვილს და ამ გზით მიაღწიონ საწადელს. და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ამ პროცესში ბევრი თუ შეგნებულად, ბევრიც შეუგნებლად მონაწილეობს. შეგნებულად ის მონაწილეობს, ვინც ყოველდღე თესავს უიმედობას, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაიმარჯვებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რეცეპტებსაც კი გვთავაზობენ კალაძის დასამარცხებლად. რა ფორმულებს აღარ იგონებენ, ხალხს რომ ტვინი აურიონ. ჯერ იყო და ინკოგნიტოდ საუბრობდნენ, რომ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატურა უნდა იყოს, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია დაუჭერს მხარს. სარფიანად იყენებდნენ ვირეშმაკობას _ ძალიან ძნელია ებრძოლო ერთიანობის იდეას. მაშინაც კი, როცა გაუგებარია, ვის უნდა გაუერთიანდე ვის წინააღმდეგ? გასაგებია, „ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ თუკი მათი ღირებულებანი, ვისთანაც უნდა გაერთიანდე, იდენტურია და არსში დიდად არც განსხვავდება იმ ოცნების ღირებულებებისგან?

შემდეგ ელისაშვილი დასახეს ასეთ კანდიდატურად და „ნაციონალურ მოძრაობას“, რბილად რომ ვთქვათ, აიძულებდნენ მის აღიარებას. გადასარევად იცოდნენ, ენმ-ს რომც დაეშვა ეს, ენმ-ის ამომრჩევლის დიდი ნაწილი არც მისცემდა ხმას ელისაშვილს. ენმ-ის ამომრჩეველი არაა ის ფარა, რომელსაც საითაც გინდა, გარეკავ და ეს რომ ასეა, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინანდელმა მოვლენებმაც ცხადყო. არ გაუვიდათ ეს, მაინც ჯიუტად „ერთიანობის“ იდეას  აფრქვევენ, უკვე სხვა სურნელით. მაგალითად, თუ ელისაშვილი მეორე ტურში გავიდა, დაუჭერს თუ არა მხარს ენმ? და ეს იმ დროს, როდესაც თავად ელისაშვილი ცოცხალი თავით არ ამბობს, დაუჭერს თუ არა მხარს უდუმაშვილს მეორე ტურში. ვუსმენ ამ სოლომონ ბრძნებს და ვფიქრობ, საერთოდ ვინ ჰგონიათ ამათ ამომრჩეველი? ვთქვათ, გამოვიდა ნიკა მელია, დადო ხელი ბიბლიაზე და ღიად გამოაცხადა, რომ თუ ელისაშვილი მეორე ტურში გავა, ენმ აუცილებლად დაუჭერს მხარს მას. რას ნიშნავს რეალურად ეს? რას და მხოლოდ იმას, რომ ხმას მისცემს პარტიული აქტივი. რიგითი მხარდამჭერი პარტიას არ უთანხმებს, ვის მისცემს ხმას. მე თუ ვინმეს მხარს ვუჭერ, მას ვუჭერ მხარს და არა იმას, ვისაც ის მეტყვის. ეს ქოცობაშია, ხმა მისცე იმას, ვისზეც ბიძინა გეტყვის, მიეციო… ქოცურ სტანდარტში ძნელად ჯდება ნაცმხარდამჭერი. და არის კიდევ ერთი რამ, რაც ამ ელექტორატის დიდ ნაწილს განასხვავებს სხვათაგან, _ ისინი მხოლოდ ვინმეს დამარცხების ეშხით და ჟინით არ მოქმედებენ. ესეც ელექტორატის სხვა ნაწილისთვისაა დამახასიათებელი _ მხოლოდ პირადი ზიზღით რომ მოქმედებენ და ნებისმიერს, თუნდაც ეშმაკებს, შეეკვრიან, რომ ვინც სძულთ, ის მოიშორონ და უარესში რომ აღმოჩნდებიან, იძახონ, _ მერე რა, მიშა ხომ მაინც მოვიშორეთ.

ლენინი სტრიქონებს შორის რძით წერდა და ნადეჟდა კრუპსკაიას უგზავნიდა, ნადია წერილს ლამპის ალზე ატარებდა, რძე ყავისფრდებოდა და ილიჩის საიდუმლო ნაწერს კითხულობდა. ახლა არც რძეა და არც ლამპაა საჭირო, ისედაც ცხადზე ცხადია, რასაც წერენ სტრიქონებს შუა… სტრიქონებში იმას წერენ, რომ ვითომცდა ეს ყველაფერი იმისთვის უნდათ, რომ კალაძე დამარცხდეს, სტრიქონებს შუა კი ის იკითხება, ეს ყველაფერი იმისთვის უნდათ, რომ ენმ-ის კანდიდატი დამარცხდეს, უიმედობამ დაისადგუროს, მრავალი კანდიდატით ხმები დაიქსაქსოს და სააკაშვილის პარტიამ მარცხი იგემოს. ზემოთ უკვე ვთქვი, ამ პროცესში ბევრი უნებლიეთაც მონაწილეობს-მეთქი. ეს უფრო პარტიის იმ მხარდამჭერებს ეხებათ, რომელთაც ენერგია მოსჭარბებიათ და პარტიის ყველა ნაბიჯს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. ერთი მხრივ, ეს გასაგებიცაა, ძველი შეცდომებისგან დაშინებულნი, თითქოს, ცდილობენ, თავი დაიძვრინონ, თავისი მცდელობით პარტია ახალი შეცდომებისგან იხსნან, როგორც იმ გამოთქმაშია, _ რძეზე შეშინებული რომ დოს უბერავდა. მაგრამ მათაც ავიწყდებათ ერთი რამ: ამ კრიტიკით, გაუთავებელი კირკიტით, უნებლიეთ ისევ მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს და მოწინააღმდეგეს უიმედობისა და ნიჰილიზმის თესვაში ეხმარებიან. ცხადია, ეს არ ეხება იგივე მხარდამჭერების იმ კატეგორიას, ვინც, უბრალოდ, მხარდამჭერის ნიღაბსაა ამოფარებული, ნებივრად სარგებლობს მხარდამჭერის იმუნიტეტით და შეგნებულად სწორედ მისი მოწინააღმდეგის სამსახურში დგას და, მაგალითად, ენმ-ისგან ჯიქურ ითხოვს პარტიის ბიუჯეტის გასაჯაროებას. გეგონება, ხელისუფლების ქმედებები სულ პწკარ-პწკარ გამოააშკარავა, გაამჭვირვალა და ახლა მისგან მხარდაჭერილი პარტიის ფინანსებიღა დარჩა გაუმჭვირვალე და ამჭვირვალებს. მათ ქმედებებში ღიად იკითხება _ ჰონორი: აბა, მიდი და აზრის გამოთქმა ამიკრძალე! აბა, მიდი და გამემიჯნე! აბა, მიდი და დამბლოკე! ავდგები და ეგრევე ახალ „ჩერგოლეიშვილად“ გამოგაცხადებ! ეს ჰონორი ბევრ სხვასაც აქვს. ისე აყვედრიან თავის მხარდაჭერას, რომელიც რეალურად მხოლოდ ერთ ხმაში გამოიხატება, რომ განზე მყოფ ადამიანსაც კი გიჩნდება განცდა, რას დგახარ და იყვედრები, არ გინდა და ნუ მისცემ ხმას. მით უმეტეს, თუ შენი გულისწამღები და ტვინისმჭმელი ისტერიკები იგივე ძალას ასობით ხმას აკარგვინებს. ვის რად უნდა შენი ერთი ხმა, თუ მაგ ერთ ყიყინა ხმაში ათასი ხმა უნდა იხადოს?

არავინ ამბობს, რომ მხარდამჭერმა ან კრიტიკაზე უნდა აიღოს ხელი, ან აზრის საჯაროდ გამოხატვაზე, მაგრამ  წამიერად მაინც უნდა დაფიქრდეს, თავისი მოჭარბებული ენერგიით ვის ეხმარება, _ ვისაც მხარს უჭერს, თუ ვისაც ებრძვის? და ერთიცაა:  გასაგებია, როდესაც პოლიტიკური ძალა ძირითადად მისაღებია, არ მოგწონს რიგი ნაკლოვანებები და უთითებ მის გამოსასწორებლად, მაგრამ… თუ არც ამ პარტიის ქმედებები მოგწონს, არც სტრატეგია, არც კანდიდატი, არც მის პოლიტსაბჭოში გეგულება სამი კაციც კი, ვისაც ენდობი, რაღას უჭერ მხარს? რაღატომ ხარ მისი მხარდამჭერი? აა, აღარ იცი, ვის მისცე ხმა? რჩები ოტელო უდეზდემონოდ და აღარ იცი, ვიღას ემონო? მაშინ, მოდი, თქვი უარი მხარდამჭერის სტატუსზე და გინდა, აკრიტიკე და გინდა, დღეში შვიდჯერ ქოქოლა აყარე. ალბათ, ასეთი იტყვის, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს და არ მოსწონს მისი პარტიის დღევანდელი აქტიურობა. შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ შენი ქმედებებით რომ კიდევ უფრო უსუსტებ იმ სააკაშვილს საყრდენ ძალას? რა გსურს, ეულად დარჩეს? კი მაგრამ, სააკაშვილი პაემანზედ გინდათ თუ ლიდერად?

 

რეზო შატაკიშვილი