ვის და რატომ ემალება ბიძინა ივანიშვილი?

იურისტებს კარგად მოეხსენებათ და საკითხში გათვითცნობიერებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც ცნობილია გარემოება, რომლის მიხედვითაც მკვლელობაზე, გარდაცვალებაზე საქმე არ აღიძვრება, თუ გვამი არ არსებობს. რაოდენ დარწმუნებულიც არ უნდა იყოს ჭირისუფალი, რომ მისი ოჯახის წევრი მოსისხლე მტერმა მოკლა, ვერაფერს დაამტკიცებ, თუ გვამს არ იპოვი და საქმე მხოლოდ ადამიანის გაუჩინარების მუხლით შეიძლება აღიძრას. მხოლოდ გვამის პოვნის შემდეგ არის შესაძლებელი კვალიფიკაციის შეცვლა. ამ შემთხვევაში იურისპრუნდენცია სრულიად მართალია, _ ხომ შეიძლება, ოჯახი ტყუოდეს, ცრუობდეს, სცდებოდეს და ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდეს?

საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარება იმაზე უფრო მეტად დამაფიქრებელია, ვიდრე, ერთი შეხედვით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საფუძველზე ლოგიკური დასკვნების გაკეთებაც არ არის ძალიან რთული, თუმცა ფრიად საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავალი განვითარებისთვის. ის, რომ „ოცნებამ“, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა, არაერთგზის მოატყუა ქართველი ამომრჩეველი, ამას უკვე თავად მმართველი გუნდის ლიდერებიც აღიარებენ, თუმცა ტყუილს ხან პრობლემებს არქმევენ, ხან ამბობენ, რომ დაპირებები შესრულებულია და ქართული „ეკონომიკა გუგუნებს“, ხალხს „ბღუჯა-ბღუჯად“ აქვს ფული, დანაშაული კარგ მდგომარეობაშია, ქვეყანა ვითარდება და უფრო წინ ვიქნებოდით, რომ არა „ის 9 წელიწადი“… ამ ფონზე ის პოლიტიკური ბლეფი, რომელიც ივანიშვილის გაუჩინარებას უკავშირდება, უფრო უცხოელი მტერ-მოყვრისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე ქართველი ობივატელისთვის, რადგან, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ივანიშვილს ქართველი ამომრჩეველი ამჟამად სულაც არ ანაღვლებს.

ლოგიკურად დავალაგოთ ყველაფერი: საზოგადოებაში გაჟონვას იწყებს ინფორმაცია ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ. პირველად ამ ამბავს „ოპოზიციური“ მედიასაშუალებების წარმომადგენლები ახმოვანებენ. პარალელურად, სრული დაბნეულობაა მმართველ გუნდში, რომლის წარმომადგენლები ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ივანიშვილის ავად ყოფნას, ან მის საღსალამათობას. შემდგომ ბერა „დასცინის“ „ჭორიკნებს“ და ამის შემდგ სოციალურ მედიაში ვრცელდება „ბიძინასთან ყავის სმისა და ქეიფის გუშინდელი“ ფოტოები. რეალურად კი არც „ჯანმრთელი კაცი“ ჩანს და არც _ დავრდომილი.  ინფორმაცია ავადმყოფობის შესახებ კი ჟონავს და ჟონავს. მმართველი გუნდის წევრები პრივატულ საუბრებში ამბობენ, რომ „კი, ვერ იყო კარგად, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი და ახლა ბრწყინვალედ არის“, ბიძინა კი არსად ჩანს.

პარალელურად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თუ დავაკვირდებით და განსაკუთრებით _ დედაქალაქის მერობის კანდიდატ კახი კალაძის წარდგენას, სადაც ივანიშვილის ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩნდა (და ეს მნიშვნელოვანია დასკვნების გასაკეთებლად), ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.

 

***

საქართველოს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკლ რიჩარდ „მაიკ“ პენსი ეწვევა. პენსი აშშ-ის ჭიპმოჭრილი პოლიტიკოსია. იგი კონგრესში ინდიანის შტატს წარმოადგენდა და შემდგომ ამ შტატის გუბერნატორი იყო. კონგრესმენობისა და გუბერნატორობის პარალელურად პენსი აქტიურად იყო დაკავებული ლობიზმით და ამ საქმიანობიდან 1989-2014 წლებში 25 მილიონი აშშ დოლარიც იშოვა. 2017 წლის 20 იანვარს იგი ოფიციალურად გახდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

და რა საჭირო იყო ივანიშვილზე საუბრისას პენსის მოსალოდნელი ვიზიტის გახსენება? ამაზე ოდნავ ქვემოთ. თუმცა ამ ისტორიულ ვიზიტს მხოლოდ სტრატეგიული მოკავშირის მხარდაჭერის გამოვლინებად ნუ განვიხილავთ და ნურც ამ პერსონის „ვიცე“ ნიველირებას მოვახდენთ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ში მიმდინარე კამპანიის გათვალისწინებით, თუ საქმე რეალურად მივიდა იმპიჩმენტამდე, სწორედ პენსი გახდება აშშ-ის პრეზიდენტი. მაგრამ ტრამპის ყოფნა-არყოფნა ჯერაც შორეული მომავლის საკითხია _ ამჟამად კი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, სწორედ რომ, ტრამპის დავალებით ჩამოდის. ვინც აშშ-ის ადმინისტრაციის საქმიანობის წესებში გარკვეულია, კარგად იცის, რომ ვიცე-პრეზიდენტს დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის დღის წესრიგი არ გააჩნია და მისი ყოველი ნაბიჯი პრეზიდენტთან არის შეთანხმებული.

 

***

პოლიტიკურად ყრუ და ბრმა საზოგადოებისთვის ახსნას აზრი არ აქვს, ხოლო თვალხილულთათვის კარგად ჩანს საქართველოში მიმდინარე ჰიბრიდული ომი. რუსეთმა მაქსიმალურად გაააქტიურა გავლენის აგენტები, „ნორმალიზებას“ ამოფარებული ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყანას რუსეთს აბარებს. ამის დამადასტურებელი უამრავი დეტალი და ფაქტი არსებობს ჩვენ ირგვლივ და საკმარისია სირაქლემის პოზის დაძლევა, რომ სურვილის შემთხვევაში ყველაფრის დანახვა შეიძლება. დავუშვათ, რომ ეს არ ხდება მიზანმიმართულად და რუსეთი სარგებლობს მმართველი გუნდის უნიათობით, მძიმე სოციალური ფონით და გეოპოლიტიკური ვითარებით. ამ შემთხვევაშიც კი ნებისმიერი ჭკუათმყოფელისა და მით უფრო, სტრატეგიული პარტნიორისთვის აშკარაა, რომ „ოცნება“ და ქვეყნის ფორმალური მმართველი სახელმწიფოს ანგრევენ. შპს „საქართველო“, რომელსაც ივანიშვილი კულუარებიდან თავისი მენეჯერების მეშვეობით მართავს, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, რუსეთს მიჰყიდოს. მავანი დასვამს კითხვას, _ და რატომ არა აშშ-ს? აქ პასუხი ძალიან მარტივია, _  რუსეთი უფრო მეტს იხდის. ასევე, ბიზნესმენისთვის უმნიშვნელოვანესია მისი აქტივები და ივანიშვილს არც „გაზპრომში“ სურს საკუთარი წილის დაკარგვა და არც რუსეთში არსებული სხვა აქტივების, რომლებიც ვითომ გაყიდა, მაგრამ რეალურად ისევ თავად განაგებს. იავანიშვილს არც ოფშორებში არსებული კაპიტალის დაკარგვა უნდა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება რუსეთში არსებულ აქტივებს. და სწორედ ეს გარემოება არის ივანიშვილის ავადმყოფობის განმაპირობებელი. მან იცის, რომ საქართველოს რუსეთისთვის გადაფორმების შემთხვევაში დასავლეთში არსებულ კაპიტალს დაკარგავს. როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, ამის შესახებ შეტყობინებაც კი მიიღო კვირიკაშვილის მეშვეობით „მატყუარა ტრამპისგან“. პარალელურად კი „კეისარი“ კეისრისას ითხოვს და რუსეთისთვის ბოლომდეა კოჭი გასაგორებელი. სწორედ ამიტომ შფოთდებიან საზოგადოებრივ აქტივობებზე და „ნორმალიზების“ პროცესის ხელის შეშლაზე „ოცნების“ ლიდერები, თორემ კვირიკაშვილისა თუ სხვათა ტექსტები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ იქამდეა ცნობილი „ეფესბესთვის“ და რეზოლუცია დადებული, ვიდრე ამ ტექსტების კორექტირებულ ვარიანტს პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა თუ სხვა ქართველ ჩინოვნიკებს დაუდებენ მაგიდაზე.

 

***

დიახ, ივანიშვილი ორცეცხლშუაა. მას ფულის, კაპიტალის დაკარგვა არ სურს და ამ პოლიტიკური აფერიდან, რომელშიც ქვეყანა გახვია, მშრალად უნდა გასვლა. სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ის „უტყუარი“ ინფორმაციები მისი ავადმყოფობის შესახებ თავად ივანიშვილის გავრცელებული და მიწოდებულია ცალკეული პერსონებისთვის და საზოგადოებისთვის. იმიტაციებიც: ვერტმფრენები, ექიმები, გადაყვან-გადმოყვანა კი ამ ბლეფის შემადგენელი ნაწილია. მთავარია, დასავლეთმა დაიჯეროს, რომ ქვეყნის ბატონი ცუდად არის და იგი პოლიტიკურ პროცესებში არ და ვერ ერევა _ თორემ საქმე ასე ცუდად არ იქნებოდა. შესაბამისად, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ თვითგანრიდებით იგი გადაარჩენს როგორც რუსულ, ასევე ოფშორულ კაპიტალს და მის წინააღმდეგ არავინ დააწესებს სანქციებს.

ივანიშვილის გაუჩინარება საკმაოდ მზაკვრული გეგმაა, რომელსაც თან ახლავს შემდეგი ხილული ფაქტები: საქართველოში პუტინთან დაახლოებული პირების ვიზიტები და მათ მიმართ ოკუპაციის კანონის „ხანდაზმულობა“; მცოცავი ოკუპაციის პროცესის განახლება; ქართველი პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების ვიზიტი მოსკოვში; ქსენოფობიური გამოხტომების გახშირება _ „ქართველთა მარში“; ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვის მოთხოვნა მისი გაკეთილშობილებისთვის; ხელისუფლების გარეგნული დაბნეულობა, რომელსაც მიზანმიმართული ქაოსის შექმნის „სურნელი“ ასდის.

ამ ყველაფრის ფონზე, ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებს არყოფნა ოჯახის ნათლიმამის, კახა კალაძის წარდგენაზე იმ ბლეფის გამყარების საფუძველია, რომ „ბატონი ავად გამხდარა“ და არაფერში ერევა.

 

***

დიახ, ივანიშვილი, ამჯერად, დასავლეთს ემალება, იმიტომ რომ საკუთარი ფული გადაარჩინოს, თორემ კრემლთან ყველაფერი გარკვეულია. თუ შეძლო მაიკლ პენსმა და საკუთარი ბუდუარებიდან გამოათრია „ბატონი“, ცხადია, რასაც ეტყვის, მაგრამ თუ ივანიშვილი ავადმყოფობას „მიაწვა“ და შეხვედრა „ვერ შეძლო“, რასაც პენსი დაიბარებს, უფრო „მწარე“ და მძიმე შედეგის მომტანი იქნება. გამოსავალი მხოლოდ ერთია: ან რუსეთმა უნდა გადადოს ცოტა ხნით თავისი გეგმები საქართველოში და ამის ტვირთი საკუთარ თავზე აშშ-მ აიღოს, ან ივანიშვილმა დაკარგოს საკუთარი აქტივების არც თუ მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი ავადმყოფობის უკვე არავის სჯერა და არა მგონია, თეთრ სახლში იდიოტები ისხდნენ, რომლებიც გვამის გარეშე მიცვალებულის არსებობას დაიჯერებენ. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა დაიმალოს ივანიშვილი, ახლა ის ცუნცვანგშია. ამ, ერთი შეხედვით, გამოუვალი ვითარებიდან გამოსავალი მაინც არსებობს, თუმცა ამაზე სხვა დროს…

 

კოკა წერეთელი