რატომ არის „ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის“ ხელშეკრულება სრულიად კონფიდენციალური?

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოში დაგეგმილი 280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრა ჰესისა“ და ყაზბეგის რაიონში მიმდინარე 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქსანი _ სტეფანწმინდის“ პროექტების თაობაზე შეხვედრა გამართა.

„ქრონიკა+“ ა/ო „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს, დათო ჭიპაშვილს ესაუბრება:

_ შეხვედრა ორ მნიშვნელოვან და პრობლემურ პროექტს ეხებოდა, ეს არის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური და ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ჩვენი ორგანიზაციის შენიშვნები, კომენტარები და პოზიციები წარმოვადგინეთ. კერძოდ, ყურადღება გავამახვილეთ ამ პროექტების საჭიროებაზე (ეს რამდენად საბუთდება), არის თუ არა სარგებლის მომტანი.

რასაკვირველია, ყურადღება გამახვილდა სოციალურ ზემოქმედებაზე, რაც ამ პროექტებს თან სდევს. მათ შორის რისკები, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამაზე სხვადასხვა მედიასაშუალებაშიც არაერთხელ გახმოვანებულა. მაგალითად, გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით ამ პროექტის საჭიროება, უსაფრთხოების ზონების არარსებობა და ა. შ.

გარდა ამისა, ყურადღება იყო გამახვილებული ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებაზე და შეფასება გავაკეთეთ, თუ რამდენად არის პროექტებში, თუნდაც, გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფილი. რასაც სხვა ჰიდროელექტროსადგურებში ვხედავთ, ამ კუთხით საერთოდ არ შესწავლილა.

_ დავიწყოთ პირველით, ანუ სახელმწიფო რამდენად ადასტურებს აღნიშნული პროექტების საჭიროებას?

_ „ნენსკრაჰესის“ დოკუმენტაციაში თუ ჩავიხედავთ და ისედაც, ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის, მინისტრი, მოადგილეებიც აცხადებენ ხოლმე, რომ „ნენსკრაჰესი“ იმიტომ არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომ საქართველოს დეფიციტი აქვს ზამთრის პერიოდში და რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გაიზრდება. ეს ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია, როგორც პროექტის სარგებელი, რაც ყველა ზიანს გადაწონის.

სინამდვილეში, მთლად მასე არ არის და აგიხსნით, რატომაც: ამ პროექტზე კორეის სახელმწიფო კომპანიასთან სრულიად კონფიდენციალური ხელშეკრულება გაფორმდა. არც ერთი დეტალი, ერთი სიტყვაც კი ამ ხელშეკრულებიდან ცნობილი არ არის.

მართალია, ეს ობიექტი გენერაციას გაზრდის, მაგრამ იქ საუბარი იმაზეა, რომ სახელმწიფომ ამ კომპანიისგან გამომუშავებული ელექტროენერგია გარანტირებულად უნდა შეისყიდოს. თუმცა არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა ფასად უნდა შეისყიდოს ეს ელექტროენერგია.

ფიზიკურად ელექტროენერგიის გენერაციის გაზრდა ბევრი არაფერია, თუ არ გვეცოდნება ის პირობები, ის ფასი, რის გადახდაც ჩვენ მოგვიწევს. ახლა რატომ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემურია:

მაგალითად, თუ ქვედა დინებაში დაგეგმილ „ხუდონჰესის“ პროექტს ავიღებთ, ეს ხელშეკრულება ღიაა და იქ პირდაპირ წერია, რომ ერთი კილოვატსაათის შესასყიდად სახელმწიფო ათნახევარ ამერიკულ ცენტს გარანტირებულად ადგილზე იხდის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი უფრო ძლიერი გამოდის, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროექტიდანაც ერთი კილოვატსაათის ღირებულება ათნახევარ ცენტზე ნაკლები არ იქნება. ხუდონჰესისგან განსხვავებით ეს მხოლოდ 280 მეგავატის სიმძლავრისაა, როცა საინვესტიციო ღირებულება თითქმის იგივეა, რაც ხუდონჰესთან მიმართებით. ანუ მილიარდ ასი მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება.

თუ ამ პროექტის წლიური გამომუშავება გარანტირებულად მილიარდ ორასი მილიონი კილოვატსაათი იქნება (ვაპირებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა იხადოს), ასეთ შემთხვევაში, ეს პროექტი რამდენად სარგებლობის მომტანია, აქ უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება.

როდესაც საბითუმო ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულება 4,7 მეათედ ცენტს შეადგენს, ათნახევარ ცენტად ადგილზე ნაყიდი ელექტროენერგია მისი საფასურის მნიშვნელოვნად გაზრდას გამოიწვევს, რასაც ავტომატურად მოჰყვება სერიოზული ზემოქმედება როგორც მოსახლეობაზე, ასევე საქართველოში მოქმედ ბიზნესებზე, რადგან ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება.

ამასთანავე, საუბარი იმაზეა, რომ თითქოს იმპორტი უნდა ჩაენაცვლოს, მაგრამ ვიცით, რომ სადღეისოდ იმპორტი გაცილებით იაფია, ვიდრე ამ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ეღირება. საუბარი რაღაც ეკონომიკურ მომგებიანობაზე იგივეა, რომ, სიტყვაზე, ლიმონათის ქარხანა ავიღოთ, რომელიც საქართველოში ამუშავდება. ერთი ბოთლი აქ ოთხი ლარი რომ გვიჯდებოდეს და იმპორტირებულის ფასი ლარი იყოს და სახელმწიფომ, რატომღაც, საქართველოში აშენებულ ქარხანას დაუდოს გარანტირებული ხელშეკრულება, რომ მთლიანად გამომუშავებულ ლიმონათს შეისყიდის, _

დაახლოებით, ანალოგიური ვითარებაა შექმნილი აღნიშნულ ჰესთან დაკავშირებით. მეტიც: ეს ჰიდროელექტროსადგური გაფორმებული ხელშეკრულებით უპირატეს და პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ჩაყენებული არა მარტო სხვა ბიზნესებთან შედარებით, არამედ სხვა ჰიდროლექტროსადგურებთან მიმართებითაც კი. შესაბამისად, ეს არსებული ბაზრის მოდელს ამახინჯებს.

რაც მთავარია, ეს ასევე ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საქართველომ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებით აიღო; ასევე ენერგოთანამეგობრობის იმ ძირითად პრინციპებს, რომლის წევრიც გახდა საქართველო; რომლის რატიფიცირებაც მიმდინარე წლის აპრილში უკვე მოხდა.

შესაბამისად, ამ კუთხით „ნენსკრაჰესის“ პროექტის საჭიროება, პრაქტიკულად, არ საბუთდება.

თუ საუბარი იმაზეა, რომ ამ ელექტროენერგიის ექსპორტი უნდა მოხდეს, აქ საყურადღებოა ერთი ფაქტი, რომ თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ახლა ის უკვე გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ასეთი ძვირიანი ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება, ამ ეტაპზე, უბრალოდ, არარეალურია.

რაც შეეხება გადამცემ ხაზს, აქაც ანალოგიური პრობლემაა: ვაშენებთ 500-ვოლტიან, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს ისე, რომ რეალურად არც ვიცით, ამას რატომ ვაკეთებთ. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ ხაზს რუსეთი-საქართველო-სომხეთი უნდა დაეკავშირებინა, თუმცა რუსეთი საქართველოს მიმართულებით 2021 წლამდე არანაირი გადამცემი ხაზის მშენებლობას არ გეგმავს და ჩვენთვის გაუგებარია, ასე წინსწრებად გადამცემ ხაზს რატომ ვაშენებთ?

დღეს არავინ საუბრობს, რომ ვინმე აპირებს ამ ხაზზე შეერთებას, ჩვენს სამეზობლოს ვგულისხმობთ, მაგრამ პერსპექტივაში გადამცემი ხაზის რუსეთის ენერგოსისტემასთან შეერთება გარკვეულ რისკებს დამატებით გაზრდის, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ევროპულ ორიენტაციას, რადგან სასწაული რომ მოხდეს და ეს ხაზი რუსეთს დაუკავშირდეს, ჩვენი ენერგოსისტემა მნიშვნელოვნად დამოკიდებული და ინტეგრირებული იქნება რუსულ ენერგოსისტემასთან.

_ პროექტების სოციალურ რისკებზე გადავიდეთ…

_ მართალია, „ნენსკრაჰესის“ პროექტი ადამიანების ფიზიკურ განსახლებას არ გულისხმობს (ისე, როგორც ამას „ხუდონჰესი“ გულისხმობდა), თუმცა სადაც რეზერვუარი უნდა აშენდეს, ეს ადგილობრივი მოსახლეობის, ანუ ჭუბერლების ტრადიციული საკუთრებაა. რადგანაც საქართველოს კანონმდებლობა ტრადიციულ საკუთრებას არ ცნობს, ამიტომ ეს ქონება სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველგვარი კონსულტაციებისა თუ მოლაპარაკების გარეშე, ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ დოლარად უკვე გადაეცა კომპანის. ასევე ტერიტორიების ნაწილი ერთ დოლარად გაიყიდა, ინვესტორს მიეყიდა, ხოლო ნაწილი აღნაგობით გადაეცა ინვესტორს ისე, რომ არავის არაფერი უკითხავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი საკითხი, რომ ამ შემთხვევაში სვანები მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ და მათზე კომპენსაცია უნდა ვრცელდებოდეს, რადგან ამ პროექტის დაფინანსებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაინტერესებული არიან. ამ ინსტიტუტების პოლიტიკით მკვიდრი მოსახლეობა უფრო მკაცრი რეგულირების ქვეშ ექცევა. ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის წინასწარი თანხმობის გარეშე არაფერი უნდა გაკეთდეს და, მეორე მხრივ, ტრადიციული საკუთრება უნდა აღიარონ მისი კომპენსაციით. ეს ისევე უნდა მოხდეს, როგორც, მაგალითად, ქონება ოფიციალურად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული რომ ყოფილიყო, რაც ამ შემთხვევაში არ კეთდება.

მეტიც, არც კომპანია, არც სახელმწიფო ტრადიციულ საკუთრებას არ ცნობს. მოგეხსენებათ, მთელი ტერიტორია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურისთვისაა განკუთვნილი (და, რეალურად, ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულ  საკუთრებას წარმოადგენდა), უკვე ამ კომპანიას გადასცეს.

იგივე საკითხები შეგვიძლია გადამცემ ხაზთან მიმართებითაც წამოვჭრათ. გარემოზე ზემოქმედების ანგარიში რაც დაიწერა და ნებართვა გაიცა ქსანი-სტეფანწმინდის 500-ვოლტიან გადამცემ ხაზზე, ეს დოკუმენტი, პრაქტიკულად, ნახევრფაბრიკატს წარმოადგენს და მასში არანაირი რისკები არ შეფასებულა. ნებართვა ისე გაიცა, რომ თვითონ მარშრუტიც კი დეტალურად არ დადგენილა. ეს არათუ საერთაშორისო, არამედ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში შევიტანეთ საქმე. ეს ორგანიზაციამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გავაკეთეთ და პროცესი მიმდინარეობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა გენდერული საკითხი: ამ პროექტების ფარგლებში თითქოს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე საუბრობენ. ეს, რეალურად, განმარტებული არ არის. მაგალითად, საუბარია, რომ ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობის ტრენინგი და შემდგომ მათ დაასაქმებენ. თუმცა ტრენინგცენტრები არავის მოუწყვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მშენებლობა სექტემბერში იწყება. როდისღა უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის გადაკვალიფიცირება, დატრენინგება და დასაქმება, ეს სრულიად გაუგებარია.

ამასთანავე, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, დასაქმებული იქნება არა მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე, არამედ ეს არის დაბალკვალიფიციური, ნაკლებანაზღაურებადი ადგილები რიგითი მუშებისთვის. დეტალურად არავის შეუსწავლია, რამდენი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება რამდენი ხნით და მომავალში რა უნდა ქნან.

მოგეხსენებათ, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჰიდროელექტროსადგური ბევრი ადამიანის დასაქმებას აღარ მოითხოვს და დიდი ალბათობით დასაქმება მარტო ამ ობიექტის დაცვით შემოიფარგლება. როდესაც გენდერულ ზემოქმედებაზე ვსაუბრობთ, იმ პერიოდში, როდესაც ამ არაკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ოჯახში მთელი დატვირთვა სწორედ ქალებზე მოვა. ამ პროექტში ეს ზემოქმედებაც საერთოდ არ არის შესწავლილი და შეფასებული.

სხვა პროექტებშიც ასე მოხდა: მაგალითად, შუახევში პროექტი შეუსწავლელად განხორციელდა და სოფლებში წყაროები დაშრა. როდესაც მამაკაცები მუშაობდნენ, ამ დროს წყლის მოტანა კილომეტრებიდან სწორედ ქალებს უწევდათ. ეს საკითხი არც შუახევის შემთხვევაში შესწავლილა.

ვფიქრობთ, ანალოგიური რისკები ნენსკრას შემთხვევაშიც იქნება.

_ რაც შეეხება ბიომრავალფეროვნებას?

_ ეს ადგილი, სადაც ახლა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა იგეგმება, 2016 წლის თებერვლამდე გეგმარებით დაცულ ტერიტორიაში შედიოდა. ეს ე. წ. ზურმუხტოვანი ქსელის ნაწილი უნდა გამხდარიყო. სწორედ ამ პროექტის გამო გეგმარებითი დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან „ნენსკრაჰესისთვის“ განკუთვნილი დასატბორი ტერიტორია მოიჭრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ უკვე 2016 წლის ოქტომბერში მივმართეთ ბერნის კონვენციას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეს დაცული ტერიტორიების ზურმუხტოვანი ქსელი უნდა შეიქმნას. საინტერესოა, რომ ეს საჩივარი მიღებულია და მეტიც, ბერნის კონვენციამ ოფიციალურად გამოუგზავნა მოთხოვნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა მიმდინარე წლის 31 ივლისამდე წარმოადგინოს ამ ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვის, კონსერვაციის გეგმები.

ეს საყურადღებო გზავნილი და საკითხია, რომელიც გაცილებით დეტალურ შესწავლას მოითხოვს, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია.

აქ ქსანი-სტეფანწმინდაზე საუბარი რთულია, რადგან რეალურად ზუსტი მარშრუტიც კი არ არის განსაზღვრული, არ არის შეფასებული უსაფრთხოების ზონები, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას გარანტიას მისცემენ, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო იქნებოდა. მეტიც, ფასანაურის მონაკვეთში მშენებლობა გაჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ მეწყრები დაძრულია. რადგან მეწყერსაშიშ ზონაში მთის გარკვეული ნაწილი ჩამოიჭრა, ამიტომ ეს პრობლემური საკითხია და აუცილებლად საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს დეტალურ შეფასებას.

ეს ყველაფერი, პირველ რიგში, დასასაბუთებელია. საერთოდ, რად გვინდა ეს პროექტი, რატომ ვაშენებთ, რადგან არც ალტერნატივები განხილულა ამ პროექტის, არც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არავის გაუვლია. პოსტფაქტუმ ფასანაურში კახა კალაძის ჩაბრძანება, თითქოს ადგილზე სიტუაციის გაცნობის მიზნით, მხოლოდ, პიარაქცია იყო.

ადგილობრივი მოსახლეობა გადამცემი ხაზის მშენებლობას ღიად აპროტესტებს. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ელექტრომაგნიტური გამოსხივების დეტალური შეფასება, იმ უსაფრთხო ზონის დადგენა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხაზის მშენებლობა ისედაც დაცლილ მთის სოფლებს კიდევ უფრო დააცარიელებს. არავინ გაჩერდება 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის ქვეშ.

_ გამოსავალი სად არის, რომ ქვეყანას ენერგეტიკული პრობლემებიც ნაკლებად ჰქონდეს?

_ აქ ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე საუბარი არ არის. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დღეს არსებობს ევროკავშირსა და, ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში. უპირველესად, ქვეყანას საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებები შეფასებული უნდა ჰქონდეს. ეს როგორც დღეს, ასევე გრძელვადიან, თუნდაც, ათწლიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს, რათა ვიცოდეთ, რა ენერგია გვჭირდება დღეს, რა ენერგია დაგვჭირდება ხვალ, ათი წლის შემდეგ.

უნდა დაიწეროს ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა. შემდგომ ამ გეგმის სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება უნდა განხორციელდეს, რათა ვიცოდეთ, რომელია ყველაზე ოპტიმალური გარემოს დაცვის თვალსაზრისით და რა რეალური გარემოს დაცვითი ალტერნატივები არსებობს ამ საკითხში.

მხოლოდ ამის შემდეგ დავინახავთ, 500-ვოლტიანი გადამცემით აუცილებელია თუ არა რუსეთთან დაკავშირება, ან ეს დიდი ჰიდროლელექტროსადგური გვჭირდება თუ არა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსნების ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, პირად მოსაზრებებზე დაფუძნებით. არ მსურს სხვა სიტყვები გამოვიყენო, რადგან კორუფციის დასამტკიცებლად სამხილები უნდა გეჭიროს. თუმცა ამ კუთხით ეჭვების გამოთქმის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. თუნდაც ნენსკრას ჰიდროლექტროსადგური რომ ავიღოთ, რომლის მოწილეც სახელმწიფო საპარტნიორო ფონდია, _ არ შეიძლება ამხელა სიდიდის ინფრასტრუქტურული პროექტი კონფიდენციალური ხელშეკრულებების საშუალებით ხორციელდებოდეს, სადაც მოსახლეობისთვის არც ერთი დეტალი ცნობილი არ იქნება. არ იყოს გათვლილი პროექტის ფისკალური რისკები და ა. შ.

სწორედ ამ სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპიდან გამომდინარეობს ის გამოსავალი, რაც გამოჩნდება და გვაქვს. მაგალითად, შევეკითხეთ, _ ჩვენ ვიცით, რომ ამ გადამცემ ხაზთან არავინ შეერთებას არ აპირებს არც რუსეთში და არც სომხეთში…

ამაზე ასეთი რაღაც გვიპასუხეს, რომ თითქოს ამ დიდ გადამცემ ხაზს 35-40-წლიანი პერსპექტივით ვაშენებთ. უკაცრავად, მაგრამ 35-40-წლიანი პერსპექტივით დღეს გადამცემი ხაზის მშენებლობა საკმაოდ გაუგებარია, რადგან საჭიროების შემთხვევაში ამ ხაზის აგება ოცი წლის შემდეგაც შეიძლებოდა, მაინცდამაინც, დღეს რომ არ აგვეშენებინა.

 

გელა მამულაშვილი