და მაინც… ის მხოლოდ თავისუფლებაზე ოცნებობს

 

სახელი _ თაზო. გარეგნობა _ დასამახსოვრებელი. ნიჭი _ მრავალმხრივი. ოცნება _ თავისუფლება. ეს ის ადამიანია, რომელიც შესაძლოა, ბევრჯერ გინახავთ ქუჩაში. ადრე, ალბათ, რომელიმე შენობის სახურავზე მორბენალს ნახავდით, ესეც იმიტომ, რომ ბევრ შესაშურ უნარს ფლობს, რაც ფიზიკურ სიძლიერეს მოითხოვს, მაგრამ ახლა მისი ძირითადი საქმიანობა მუსიკა, ბარმენობა, გაყიდვების სფერო, კასკადიორობა და აკრობატობაა. საოცარია და ის ამ ყველაფრის შეთავსებას შესანიშნავად ახერხებს.

ჯერ 24 წლისაა, ყველაფრისთვის თავის გართმევას, როგორღაც, ახერხებს და მაინც, მის ერთადერთ ოცნებად და მიზნად თავისუფლება რჩება, ოღონდ ეს სულ სხვანაირი, მისეული გაგებით, თუ როგორ აღიქვამს თავისუფლებას და რა არის მისთვის კარგი ადამიანის ინდიკატორი, ინტერვიუს კითხვისას გაიგებთ.

 

_ მომიყევი შენზე, რომ მკითხველმა უკეთ გაგიცნოს.

_ თაზო ბალაშვილი, 24 წლის, წარმოშობით ქართლიდან, თუმცა თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვარ მუსიკოსი, ბარმენი, კასკადიორი და ზოგჯერ აკრობატულ შოუებს ვდგამ. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, საზღვარგარეთ როცა მიწევს გასვლა, მაშინ ვაწყობ ხოლმე, ან საერთოდაც, ამ პროფილით გავდივარ საზღვარგარეთ, გუდნთან ერთად (წარსულში გავსულვარ). კასკადიორი საქართველოში ვარ და, ძირითადად, რეკლამებში ვმონაწილეობ. ბარმენი და ბარმენეჯერი სასტუმროში ვიყავი.

ცხოვრებას რაც შეეხება, ახლა ვცხოვრობ მშობლებთან, ბებიასთან, პატარა ძმასა და მამასთან ერთად. დედა საზღვარგარეთაა, ადრე მარტო ვცხოვრობდი, მაგრამ ფინანსური კრიზისი შემეხო და გადმოვედი.

მუსიკით მთელი ცხოვრებაა, დაინტერესებული ვარ, ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა, თუმცა 3-4 წელია, რაც თვითონ დავიწყე დაკვრა და სიმღერა. თვითნასწავლი და თან მელომანი ვარ, ერთსა და იმავე ჟანრს არ ვუსმენ, ჩემით დავიწყე სიმღერაც, დაკვრაც, სულ თავიდან მეგობარი დამეხმარა. ამ პროფილითაც გავსულვარ საზღვარგარეთ. ვიყავი ლატვიაში, ერთ-ერთი ორგანიზაციის დახმარებით, გაცვლითი პროგრამა იყო, როგორც ჩვენ გვაქვს თბილისობა, ისე იყო ქალაქის დღე იქაც, 10-დღიანი პროექტი იყო და ჩვენ მეტხანს დავრჩით, ძალიან ბევრი უცხოელი გავიცანი, დიდი გამოცდილება მივიღე, მუსიკის მხრივ არა, უბრალოდ, მათ კულტურასა და გემოვნებას გავეცანი. აკრობატული ნომრებით ადრე სეზონზე მივდიოდით ხოლმე დუბაისა და თურქეთში გუნდებთან Fრეე ჟუმპერს და Aკრო შტყლე-თან ერთად.

მაინც, მუსიკა ისაა, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გიტარაზე დაკვრა რომ ვისწავლე, ჯერ სახლში ვუკრავდი, მერე მიწისქვეშა გადასასვლელში გადავედი, სადაც მეტად განვვითარდი, თავიდან სიმღერისა და დაკვრის კომპლექსი გაქვს, მაგრამ მერე ხალხის რეაქციაზე ატყობ ყველაფერს, ყველაზე დიდი გამოცდილება მაინც ქუჩაა, მერე როცა ხალხის რაოდენობა იზრდება, რომელსაც შენი მუსიკა მოსწონს, ხვდები, რომ სწორ გზაზე მიდიხარ. ისე მომწონდა ეს ყველაფერი, რომ სამსახურის მერეც მივდიოდი, გასართობად ვუკრავდი. კონკურსებშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ დიდად არ მიყვარს ხოლმე კონკურსები.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ სკოლის დამთავრების მერე ჯარში წავედი, როცა მოვრჩი, 19 წლის ვიყავი, ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა: როცა დაკვრა დავიწყე, სახლში ძველი რუსული გიტარა ვიპოვე, რომელზე დაკვრაც შეუძლებელი იყო, მერე კლასიკური გიტარა ვიყიდე, რომელიც შედარებით იაფი ღირდა, ახლა რა გიტარაც მაქვს და წარმატებას რითაც მივაღწიე მუსიკალურ სამყაროში, ამის დამსახურებაა. კომპიუტერი გავყიდე და ეს ვიყიდე. ახლა ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

აკრობატიკას რაც შეეხება, 13 წლის ვიყავი, როცა პირველად შევეხე მას, წარმატებით მივყვებოდი 10 წლის მანძილზე. სანაცნობო დამცინოდა ხოლმე და სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ახალი ხილი იყო მაინც, თუმცა  ბევრ რამეს მივაღწიე და ბევრი ვისწავლე. ეგ რომ არა, ბევრს ვერაფერს მივაღწევდი, შესაძლოა, უცხოეთშიც ვერ მემოგზაურა. მეგობრებისგან და სანაცნობოსგან მაინც ცოტა ცინიკური დამოკიდებულება იყო ხოლმე.

_ გადაწყვეტილება თუ გაქვს, რომელიც გინანია?

_ არც ერთი. რახან მაშინ ისე ჩავთვალე, რომ ისე უნდა გამეკეთებინა, ე. ი. ასე იყო საჭირო, არ ვამბობ, რომ სწორი იყო, მაგრამ ასე გამოვიდა და ასე იყო საჭირო.

_ ახლა რას აკეთებ?

_ ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ დამოუკიდებელ აგენტად, კონკრეტულ საქონელს ვთავაზობ იმ მომხმარებელს, რომელიც მას საჭიროებს. ვსაუბრობ ინგლისურად და რუსულად. თვითონ სამუშაო გრაფიკიც მიწყობს ხელს სიმღერაში.

_ რაზე ფიქრობ ყველაზე ხშირად?

_ სულიერ დასვენებაზე. ვეძებ, როგორ უნდა დავისვენო, ბევრი რამეა, რაც მამშვიდებს, თუ ფიზიკურად გადაღლილი ვარ საღამოს, შეიძლება, მეგობრებთან დავლიო და მოვდუნდე, მაგრამ ეს დროებითია. მინდა, ცოტა ხანგრძლივი, 3-თვიანი დასვენება მაინც, ბევრი ვარიანტია და ახლა ნელ-ნელა სხვადასხვას ვცდი.

_ რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?

_ მოტოციკლეტით სიარული. მთავარია, დავჯდე და წავიდე, არ აქვს მნიშვნელობა, სად. მთავარია, წავიდე. ეს რაღაც სხვა გრძნობაა, თავისუფლების შეგრძნებას ტოვებს.

_ შენი მოტოციკლეტი გყავს?

_ აღარ. ადრე მყავდა, მაგრამ მერე პრობლემა შემექმნა და, შესაბამისად, გავყიდე.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ ბევრი რამ, პირველ რიგში, უპატივცემულობა, ცინიკური დამოკიდებულება სხვის მიმართ, როცა ვინმეს არ აფასებ. წიგნის შინაარსს, უბრალოდ, ყდით ნუ შეაფასებთ! როცა ქუჩაში მიდიხარ და ვიღაც ჩაგივლის, როგრც უნდა გამოიყურებოდეს, შენ არ იცი, მას რა გაუკეთებია და რას წარმოადგენს, რა შეუძლია, რისი გამკეთებელია, ამიტომ არ უნდა გააკეთო, არ თქვა მისი მისამართით ისეთი რამ, რომ სანანებელი გაგიხდეს.

მაგალითისთვის, არის ადამიანი, რომლის დამსახურებაცაა ის, რომ შენ ტკბილად გძინავს, თუმცა არ გამოიყურება კარგად, რადგან იბრძოდა, ან რაიმე მსგავსი; შესაძლოა, სახლი გაქვს მყუდრო, რომელიც მან ააშენა, მუშა იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მან ხომ აგიშენა?! შენ კი ჩაივლი და ამრეზით შეხედავ. ეს არ იქნება ღირსეული საქციელი.

მოკლედ, უცხო ადამიანის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიყვარს, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ქუჩაში მოძრაობს, უნდა დააფასოს ერთმანეთი.

_ საქმეში რას აფასებ ყველაზე მეტად? რა არის შენთვის პრიორიტეტი?

_ პრიორიტეტი ყოველთვის არის პატივისცემა. მაგალითად, როცა უკრავ, შეიძლება, ვინმესთვის კარგად არ მღერი, ვიღაცისთვის პირიქით _ ეს ინდივიდუალურია, ყველა თავისებურად აღიქვამს, მაგრამ მაინც, ვაფასებ, როცა პატივს გცემენ. ვიღაც რომ მღერის, შეიძლება საერთოდ არ მომწონდეს, არც ის მომეწონოს, რასაც ის მღერის, გემოვნებიდან გამომდინარე; შეიძლება რაღაც მაწუხებდეს, მაგრამ ის ადამიანი ხომ მუშაობს იმ მომენტში, ზრუნავს იმაზე, რომ კარგი, კომფორტული გარემო შემიქმნას, რომც არ მომეწონოს, ტაში მაინც უნდა დავუკრა და დამცინავი რეპლიკა არ გამოვხატო, შეიძლება ჩემთვის ვიფიქრო, მაგრამ გამოხატვა არ არის საჭირო. ვაფასებ ადამიანს, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას პატივის ცემის გამო არ გამოხატავს.

_ პიროვნულად რას აფასებ?

_ თანადგომას, არა მატერიალურად, არამედ სულიერად. ხანდახან ვფიქრობ, რომ ლხინში უფრო ძნელია ადამიანს გვერით დაუდგე, ვიდრე ჭირში. გასაჭირში მარტივია, მეგობარი მხარზე ხელს დაგადებს და გეტყვის, დაივიწყე, ყველაფერი მალე ჩაივლის, ცოტა დრო გინდაო და გვერდით დგომაში ჩაეთვლება, რაც იმ დროს შეიძლება, გესიამოვნოს კიდეც…

_ რაზე ოცნებობ?

_ თავისუფლებაზე.

_ რა არის თავისუფლება?

_ ბევრი რამ, მაგალითად, ჩემთვის არის დიდი ჩანთა, სადაც ყველაფერი მიდევს, რაც შეიძლება დამჭირდეს (ჰიგიენური ნივთები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ა. შ.), მოტოციკლეტი და წავიდე სადმე, ისე, რომ უკან მოხედვა არ მინდოდეს, რამეზე არ ვდარდობდე აქეთ, არ უნდა მრჩებოდეს ისეთი გრძნობა, რომ ვინმე დამრჩება, ვიღაცას მოვენატრები და ა. შ.

_ ანუ პასუხისმგებლობა გინდა აიცილო?

_ არა, მაგის ქონა აუცილებელია, მაგას იღებ მაშინ, როცა ოჯახს უჭირს და ეხმარები. მაშინაც, როცა რაღაცას აკეთებ და იცი, რომ შენ თუ ეს არ გააკეთე, რაღაც გაფუჭდება, მაგრამ როცა ყველაფერს მოაგვარებ, ისინიც უსაფრთხოდ და კარგად გეგულება, აღარ ფიქრობ არაფერზე, თავისუფალი ხარ მაშინ.

_ ანუ არ ხარ თავისუფალი?

_ არა, სულ არა, გააჩნია ხასიათს. ეგ ადვილი არაა, ძალიან რთულია. მარტივად ჟღერს, მაგრამ მაინც.

_ გყავს გმირი, რომელსაც ჰგავხარ?

_ არა, არც მიყვარს, რომ მამსგავსებენ, ვინმეს. შანსი არაა, რომ ორი პიროვნება ერთმანეთს ჰგავდეს. ყველა განსხვავებულია! ერთსა და იმავე ანეკდოტზე თუ ეცინებათ, არ ნიშნავს, რომ ერთნაირები არიან.

_ რა გეამაყება?

_ ჩემი მეგობრები, ძალიან ვამაყობ მათით. ჩემი გაკეთებული საქმეებით _ არა.

_ შენი ძმისთვის მაგალითი ხარ?

_ არა, შეგნებულად არა. მე ჩემით ავირჩიე ჩემი ცხოვრების გზა, იყო პერიოდები, როცა კონკრეტულ მომენტში თავად უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, მარტო ვიყავი.

_ მაქსიმალისტი ხარ?

_ კი, მაგრამ შემიძლია, მოცემულ სიტუაციაში მცირედითაც დავკმაყოფილდე.

ვიცი, უცნაურად ჟღერს და ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ აი, მაგალითად, მე რომ წავიდე სადმე საზღვარგარეთ და მთავაზობენ კარგ პირობებს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ა. შ. არის კიდევ მეორე ვარიანტი, კარავში ცხოვრება _ ამ დროს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიცხოვრებ, კომფორტი კარგია, მაგრამ თუ მინდა სადმე წასვლა, წავალ. მინიმალურითაც შემიძლია დავკმაყოფილდე.

_ ვინმესთვის ხარ მაგალითი, როგორ გგონია?

_ არ ვიცი. იმედია, არა. მაგალითი, შეიძლება, რაღაც საქციელიდან გამომდინარე აიღო, მაგ.: კონკრეტული აკორდების აღება უკეთესია, მაგრამ სხვა არა, ინდივიდუალიზმს კარგავს.

_ რა პრობლემაა სფეროში, სადაც მოღვაწეობ?

_ საქართველოში კასკადიორობას და აკრობატიკას ისე არ აფასებენ, როგორც სხვაგან, ეს მთელი რიგი მიზეზებითაა გამოწვეული. მუსიკას რაც შეეხება, როგორც ცნობილია, ქართველები მუსიკალური ხალხი ვართ, თუმცა არც ამას აფასებენ.

_ როგორ შეიძლება მუსიკის პრობლემის მოგვარება?

_ ფულით. ხშირად ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას, პრობლემებს ვერ მოაგვარებ, როცა საქმე სულიერებას ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინც ჯანსაღი მუსიკოსია, იმაში უნდა ჩადო. რა თქმა უნდა, ყველა სიამოვნებისთვის არ უკრავს. როცა სცენაზე ვინმე გამოდის, ვხვდები, რისთვის მღერის, ერთი სული აქვს, მალე დაამთავროს სიმღერა, თუ სიამოვნებას იღებს.

_ რისთვის და როგორ უკრავ?

_ ძირითადად, გრძნობით, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა მდომებია, ოღონდაც მალე მოვრჩე სიმღერას და არაფერი მინდოდა. ოფიციალური სამსახურის ამბავია, ჩემი პირადი პრობლემების გამო სხვისთვის რატომ უნდა გამეცრუებინა იმედი, თორემ არ მემღერებოდა საერთოდ.

_ შენი მიზანი?..

_ თავისუფლებას მივაღწიო და წარმატებული ადამიანი გავხდე, იმ სფეროში, რომელსაც მივდევ. იმიტომ არა, რომ ცნობადი სახე გავხდე და ბევრი ფული მქონდეს, მინდა მივაღწიო იმიტომ, რომ ვიცი, როცა ცნობილი და წარმატებული ხარ, უფრო გისმენენ.

_ გინდა, რომ მოგისმინონ?

_ კი.

_ რატომ? რას ამბობ ახალს და განსხვავებულს?

_ განსხვავებულს არაფერს, უბრალოდ, იგივეს ვიტყვი, რაც ხალხმა იცის, თუმცა განსხვავებულად, ხალხმა რომ დაიჯეროს, ისე…

პრიმიტიულ მაგალითს ვიტყვი: ნაგავი რომ არ უნდა დავყაროთ ძირს, ყველამ ვიცით, თუმცა ინსტინქტურად მაინც ვყრით. მე, მაგალითად, სიგარეტი დამიგდია ინსტინქტურად, როცა ნაგვის ურნა არ შემხვედრია მაშინ… ადამიანი როცა რაღაცას პრობლემას ეძახის, ე. ი. მისი მოგვარება შეიძლება, ამიტომ ყველაზე კარგი გზაა, როცა ცნობადი ხარ, ადამიანებს კარგი საქმისკენ მოუწოდო. ბევრი მოგისმენს.

აი, მე და ვინმე ცნობადი სახე რომ დაგვსვა მაგიდასთან და ორივემ რომ ერთსა და იმავე თემაზე ვისაუბროთ სიტყვა-სიტყვით, იმას უფრო მოუსმენენ, ვიდრე _ მე.

_ რამე შეიცვლება, როცა რამისკენ მოუწოდებ ხალხს, ან როცა რამეს იტყვი?

_ კი, ხალხს ის უნდა მოასმენინო, რაც უნდა, ისე უნდა მიაწოდო, რომ აინტერესებდეს, თავიდან უნდა მოერგო, რომ ის გააკეთონ, რაც სწორია, ან სჭირდება. ბევრჯერ, როცა ცუდი პერიოდი მქონია, ვიცოდი, რომ რაღაც მინდოდა, რაღაც მჭირდებოდა და კონკრეტული ვარიანტი მქონდა, მაგრამ მეგობარმა როცა მითხრა, ეს გჭირდებაო (თან იმაზე, რაც მე თვითონაც გადაწყვეტილი მქონდა), მივხვდი, რომ ასე იყო.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რამე?

_ საერთოდ, არავისთვის არაფერი მენანება, ძირითადად, უფრო მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ოჯახი არც უნდა ჩავთვალო, ალბათ, ის პირველია, უცხოსთვისაც კი არ მენანება არაფერი.

_ რა მუსიკას უსმენ?

_ ყველანაირს, ერთი ჟანრი არ მაქვს, შეიძლება, ერთი ალბომი მომწონდეს, ან ალბომიდან ორი მუსიკა და ა. შ.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება დრო?

_ მეგობრებისთვის ან ოჯახისთვის, თუმცა მე თუ იმ დროს მათთვისვე ვიყენებ, შეიძლება, მათთან არ ვიყო, თუ მეგობარს აქვს პრობლემა და მთხოვს, რომ მასთან ვიყო, ამ დროს შეიძლება მას ამ პრობლემას ვუგვარებდე და არ ვიყო მასთან.

_ რომ არა თაზო ბალაშვილი, ვინ იქნებოდი?

_ ალბათ, იგივე, მაგრამ სხვა სახელითა და გვარით.

_ რას დატოვებ, როცა წახვალ?

_ რამე კარგს, ალბათ: მეგობრებში _ სახელს, მთავარია, ვიღაცას ახსოვდე.

_ ყოველი დღე რისთვის თენდება შენთვის?

_ იმისთვის, რომ რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც ჩემს მეგობრებსა და ოჯახს, რაღაცნაირად, წაადგება, მეც კარგად თუ არ ვარ, ვერავის ვამყოფებ კარგად, თავისებური ეგოიზმიც დევს ამაში, ვცდილობ, წარმატებას მივაღწიო, რომ სხვებს დავეხმარო.

_ ვისი ან რისი იმედი გაქვს?

_ საკუთარი თავის.

_ რა არის შენი მიზანი?

_ თავისუფლება, წარმატება და ოჯახი.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ ერთმანეთი დააფასეთ და პატივი ეცით! არ იცით, შეიძლება, სრულიად უცხო იყოს თქვენ გვერდით, როცა ვინმე გჭირდებათ.

წიგნს ყდით ნუ შეაფასებთ!

 

ნინო ტაბაღუა