დავით ჭიპაშვილი: „დარიალი ჰესის“ მდგრადი მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!

8 აპრილს ყაზბეგის ხეობაში „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. „დარიალი ჰესის“ სიმძლავრე 108 მგვტ-ია და წლიურად 510 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. მთავრობის წევრები პროექტს დადებითად აფასებენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი იმ რისკებზე საუბრობენ, რომელიც  ჰესის აშენებას მოჰყვება. მათი განცხადებით, ჰესის მდგრადი მუშაობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„დარიალი ჰესზე“ მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დაიწყო, რომელიც 2017 წელს მთავრობის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „დარიალი ჰესი“ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრით, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზეც მოქმედებს: „დარიალი ჰესი“ არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით, მართლაცდა, განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან არაერთი ჰიდროელექტროსადგური ამ მოდელით შენდება“.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დევდორაკი-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა. ის მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის დონეს აკონტროლებს და ამით მოსალოდნელი სტიქია პროგნოზირებადი ხდება. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ამ ჰესის მეშვეობით რეგიონი 2 მილიონ-ნახევარი ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს. ამასთან, დასაქმდება 80 ადამიანიც.

პროექტი განახორციელა კომპანია „დარიალი ენერჯიმ“. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ: „დაახლოებით, 123 მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით“.

„დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

„ქრონიკა+“ „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს, დავით ჭიპაშვილს ესაუბრა:

 

_ „დარიალი ჰესის“ პროექტს ძალიან უარყოფითად ვაფასებთ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პროექტის განხორციელებას ბევრი პრობლემა უკავშირდება. სწორედ ამის თაობაზე, დარიალთან მიმართებით, სასამართლო პროცესებიც გვქონდა, საქმე პროკურატურაშიც შევიტანეთ, ვინაიდან მშენებლობა დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო. გარდა ამისა, საჩივარი შევიტანეთ ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკში, რომლის საბოლოო შედეგები ამ დღეებში გამოქვეყნდება. ვინაიდან ეს პროექტი ამ ბანკმა დააფინანსა, თვითონ პროექტი არღვევს ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკას და, აქედან გამომდინარე შევიტანეთ საჩივარი. ჩვენი საჩივრით, პრაქტიკულად, მთელი რიგი საკითხები დაკმაყოფილდა და მათაც აღიარეს, რომ ბანკმა თავისი პოლიტიკა დაარღვია, როდესაც „დარიალი ჰესს“ სესხი მისცა.

_ „დარიალი ჰესი“ უკვე ოფიციალურად გახსნილია. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ საჩივრის დაკმაყოფილებას და ბანკის აღიარებას? რა შეიცვლება?

_ პირველი: საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ მენეჯმენტი შემუშავდება, როგორ უნდა გამოსწორდეს დარღვევები. მეორე და უფრო საინტერესო საკითხია ის, რომ ეს პროექტი გამოყენებული იქნება, როგორც ცუდი პროექტის პრეცედენტი, _ თუ შემდგომში ბანკი სხვა პროექტების დაფინანსებას გადაწყვეტს, წინასწარ გაითვალისწინოს ეს დარღვევები. ზოგადად, პროექტი სრულიად გაუგებარია და არ არის დასაბუთებული მისი საჭიროება ქვეყნისთვის _ სარგებელი უფრო მეტი მოაქვს თუ ზიანი? გარდა იმისა, რომ ეს პროექტი ხორციელდებოდა დაცულ ტერიტორიაზე მთელი რიგი კანონდარღვევებით, მშენებლობა დაიწყო ყოველგვარი ნებართვის გარეშე, შემდგომ კი პროცესი „გააპრავეს“, სადაც საქართველოს პარლამენტი ჩაერთო. პროექტის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და 2012 წლის მარტში დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ფართობები ამოიღს, რათა პროექტი განხორციელებულიყო. გარდა ამისა, პრობლემებია ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაც.

_ რისკფაქტორებზე რას იტყვით?

_ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი უკავშირდება იმ მდებარეობას, რომელზედაც ეს პროექტი ხორციელდება. ამ საპროექტო არეალში მოქცეულია, მინიმუმ, სამი ღვარცოფული მდინარე, რომელიც ცნობილია 100 წელიწადში ერთხელ განმეორებადობით, რამეთუ რეგულარულად ხდება ნაშალის ჩამოტანა, როგორც ეს მოხდა დევდორაკის შემთხვევაში. ჰესის მდგრადი მუშაობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც დევდორაკის მოვლენებმა დაადასტურა როგორც 2014 წელს, ასევე 2016 წელს. „ლარსი ჰესი“, რომელიც „დარიალი ჰესის“ ქვედა დინებაში მდებარეობს, დღემდე დანგრეულია. დევდორაკი არ არის ისეთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც ერთხელ ჩამოვა და მერე ათასი წელი _ აღარ. ეს არის ღვარცოფი, რომელიც მყინვარიდან იღებს სათავეს და მუდმივად ჩამოიშლება. თვითონ პროექტი და, საერთოდ, ის ტერიტორია ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას ამ გაზაფხულსაც. 2014 წელს გვახოვს, როდესაც მდინარემ მშენებლობის არეალი დაანგრია და ხალხიც დახოცა _ „დარიალი ჰესის“ მშენებელი მუშები და ტრაილერის მძღოლები. ასევე კიდევ ორი ღვარცოფული მდინარეა წყალაღების ადგილთან, სტეფანწმინდასთან, ეს არის ხურო და მდინარე ჩერე. პრაქტიკულად, აქ დასაქმებული ადამიანები მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან. საერთოდ, ამ პროექტის მუშაობა და ექსპლუატაცია ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს კიდევაც გამოჩნდება ყოველი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, როდესაც ღვარცოფული მდინარეებიდან ნაშალის ჩამოტანა დასტურდება. ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა და შეუქმნის ინფრასტრუქტურას. აქ უკვე პირდაპირი პრობლემა შეექმნება თვითონ ამ ობიექტსაც, საფრთხეს ზრდის სტეფანწმინდისთვისაც, იმიტომ, რომ თუ ადრე ჩამოტანილი ნაშალი ღვარცოფული მდინარეებიდან მდინარე თერგს ქვედა დინებაში გაჰქონდა და გარკვეული წონასწორობა იყო შექმნილი, დღეის მდგომარეობით მდინარე თერგში მხოლოდ 10% რჩება. პრაქტიკულად, წყალი აღარაა და თერგი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. ნაშალის ჩატანის პრობლემა შეიქმნება, რაც მომავალში საფრთხეს შეუქმნის თავად დასახლება სტეფანწმინდას, იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, მის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული „დარიალი ჰესის“ სათავე ნაგებობა.

 

თამარ ბატიაშვილი